Saturday, January 27, 2018

ოცნებებად მოყოლილი ამბები – რა სურთ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს




დღეს ნიუ-იორკში -17 გრადუსი ყინვაა, საქართველოში კი შობას აღნიშნავენ. წაიკითხეთ რაზე ოცნებობენ ქართველები, რომლებიც წლებია საქართველოდან შორის ცხოვრობენ. 26 ბლიც–გამოკითხვა ჩემს რესპონდენტებსა და მეგობრებ–ნაცნობებს შორის ჩავატარე.

მაია ქვარცხავა: ბავშვობაში მომღერლობაზე და მასწავლებლობაზე ვოცნებობდი. ოცნება ნაწილობრივ ამისრულდა. ამერიკაში თითქმის რვა წელი ლექციებს ვკითხულობდი; სიმღერით კი სულ ვმღერი, მოურიდებლად, ყველგან, როცა კი მომენტი ჩამივარდება. ახალგაზრდობაში მოგზაურობაზე ვოცნებობდი და ესეც ნაწილობრივ შემისრულდა – ოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. თუმცა ჯერ კიდევ ვოცნებობ, მინიმუმ, იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნახვაზე. ახლა ჩემი შვილები უკვე მუშაობენ და მათ დაოჯახებაზე, შვილიშვილებზე ვოცნებობ. ყველაზე მთავარი და დიდი ნატვრაა საქართველო ეკონომიკურად ისე მოძლიერდეს, რომ სიღარიბე დამარცხდეს და ჯანდაცვაზე ყველას მიუწვდებოდეს ხელი.

იური შუბლაძე: შობა – ახალი წელი წლის განსაკუთრებული დროა. ჩვენ რაღაც სასწაულს ველოდებით და მას ჩვენი სანუკვარი სურვილებით ვეგებებით. აი, მე კი რატომღაც ბავშვობის ოცნებები ზუსტად არ მახსოვს… სურვილები ასაკთან, ყოველ ახალ წელთან ერთად იცვლება. დამოკიდებულია იმაზე, თუ ცხოვრების რა სტადიაზე ხარ. თუმცა ადამიანებს ზოგადად ერთნაირი ოცნებები გვაქვს – ვიყოთ ჯანმრთელნი და სკოლაში თუ ცხოვრებაში წარმატებულნი, გყავდეს კარგი მეგობრები, მსოფლიოში კი მშვიდობა იყოს. მინდა აქ, ამერიკაში დიდი სახლი მქონდეს, სადაც მეგობრებს შევკრებ და ისეთ მყუდრო გარემოს შევუქმნი, რომ არასოდეს დაავიწყდეთ ჩემ სახლში გატარებული დრო.

ნინი დვალი: ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების მიხედვით ოცნებებიც მეცვლებოდა. ბანალური, მაგრამ მაინც ძირითადი იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა. ბავშვობაში მომღერლობაზე და მსახიობობაზე ვოცნებობდი, თუმცა ფართო აუდიტორია მაკომპლექსებდა.

ირმა ცუკილაშვილი: მგონი, მარადიულ ბავშვად დავრჩი, რადგან ჩემი საახალწლო ნატვრები, თითქმის ისეთივეა, როგორიც მაშინ, ბავშვობაში. ახლაც მინდა, დავინახო, როგორ მოვა თოვლში თოვლის პაპა თავისი ჯადოსნური მფრინავი მარხილით. მას ჩემი ოცნება ეცოდინება, ამიტომ ისევ გამიმეორებს, რომ ვინც მიყვარს, ყველას დიიიდი ხნის სიცოცხლე ექნება. ბავშვობაში მინდოდა თოვლის პაპასთვის მეთხოვა, რომ დედაჩემისთვის უკვდავება მიეცა. მხოლოდ დედის სიკვდილის მეშინოდა… ვერ ამისრულა.

შვილების კარგად ყოფნის გარდა, ჩემი ოცნებაა ერთხელ კიდევ ვიყო ოცი წლის და თოვლში, გაჩაღებულ ბუხართან, კაშკაშა ნაძვის ხესთან მეგობრები ვისხდეთ და მათ შორის ისიც იყოს, ვინც ოცნებით მიყვარდა. მაგრამ იგი ვერსად ვნახე, არადა მთელი ცხოვრება როგორ ვეძებდი. ალბათ, არც არსებობდა? ამბობენ, ახალ წელს ცა იხსნებაო და მეც მგონია, რომ ყველაფერი დედამიწაზე ნათქვამი ზემოთ ისმის…. მხოლოდ ჩემების სიცოცხლე და გადარჩენილი სამშობლო მინდა. აღარ დავეძებ, მდიდარი იქნება თუ ღარიბი, ოღონდ გადარჩეს, ოღონდ, გამთლიანებული.

გიზო ვაშაკიძე: ვოცნებობ, რომ ჩემი ოცნებები რეალობად იქცეს. მინდა რომ ოცნებად არ მექცეს მოხუცი დედის ნახვა, საბუთები მალე ავიღო და ვნახო. კიდევ ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ, მგონი ოცნებებზე ხმამაღლა ლაპარაკობს ჯობს ისინი ჯერ ასრულდეს.

ნანა ნიქაბაძე: რაზე ვოცნებობდი ადრე, წლების წინ? აღარც კი მახსოვს…ალბათ, როგორც ყველას, მეც მინდოდა ბედნიერი, წარმატებული, ხვავიანი, ჯადოსნური ახალი წელი. ბევრჯერ უბრალოდ მინატრია დამდეგ ახალ წელს ვალის გარეშე შევხვედროდი. ახლა? ახლა, მგონი, სიტყვა “ოცნება” “ქართულმა ოცნებამ” შემაძულა. “რა პატარაა, რაც მსურდა. რაც მსურს დღეს რა დიდია” დამემართა. ახლა, ამ წუთში არაფერი ისე არ მინდა, როგორც იმ პანკისელი ბიჭის გადარჩენა. მამამისის უბედურება არ მინდა ვნახო, რაღაცნაირად, უპირობოდ მჯერა, რომ ეს ოჯახი მართალია. თან, მრცხვენია, მგონია, მეც ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში. მინდა, დედამიწაზე უსამართლობა არ ხდებოდეს. ნუთუ ძალიან ბევრს ვითხოვ?

მარი გიგაშვილი – ვოცნებობდი დროის მანქანაზე, რომლითაც წარსულსა და მომავალში ვიმოგაზაურებდი. ხუმრობის გარეშე, ახლაც ამაზე ვოცნებობ. სასწაულების ისევ მჯერა.

თამარ ღოღობერიძე – ვოცნებობ, რომ თბილისში მალე ჩავიდე, ვნახო ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემს შვილიშვილებს მოვეფერო. ჩავიდე ბათუმში, სადაც ოთხი წელი ვიმუშავე, სადაც ძალიან დიდი სითბო და სიყვარული დამხვდა. და კიდევ: ნიუ-იორკში 2018–ში დაგეგმილი ორი პროექტი მინდა წარმატებით დავასრულო.

ქეთი ბიბილაშვილი – მინდა ჯანმრთელად ვიყო, მინდა ნორმალური ადამიანივით გავიღვიძო დილით, ყოველგვარი შინაგანი ტკივილების გარეშე, სულიერი სიმშვიდით, ენერგიულად და კარგ ხასიათზე. უბრალოდ მინდა ვიცხოვრო ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით, ჯერ ხომ არც ისე ბებერი ვარ. ძალიან დამღალა (როგორც სულიერად ასევე ფიზიკურად) ასეთმა ყოველდღიურობამ. მე მეტს არაფერს შევთხოვ უფალს. ვიშრომებ და არაფერს დავიზარებ. რა თქმა უნდა, უფალს ჩემების ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შევთხოვ. ის კი რაც მე მჭირდება, ჯანმრთელობისა და ენერგიის ხარჯზე უნდა მოვიპოვო.

ია გაბაშვილი – ერთი ოცნება მაქვს. მინდა ჩემი გალერეა მქონდეს და ჩემი ნამუშევრები “სოთბის” აუქციონზე გავიტანო. აჰა, ორი ოცნება გამომივიდა.

კობა სუბელიანი – ახალ წელს რას ჩავიფიქრებდი? საქართველო რუსეთის გავლენისაგან გათავისუფლებული მენახოს და არა მარტო საქართველო, არამედ უკრაინაც, კავკასიის ქვეყნები და მთელი მსოფლიო. მსოფლიოში არსებული პრობლემების ერთადერთი წყარო რუსეთია. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. უბრალოდ მეც მინდა მოვესწრო ამ დროს. გულდასაწყვეტია, რადგანაც ნაცვლად იმისა, რომ პროცესების დაჩქარებას ხელი შევუწყოთ, პირიქით გადამწყვეტ მომენტებში განვითარებას ვაფერხებთ და ესეც რუსეთის მიერ არის ხოლმე ინსპირირებული. საქართველომ რუსულ პროპაგანდას თავი უნდა დააღწიოს და ამისთვის დიდმაც და პატარამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თავისუფლება ხომ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლასა და მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ჩემს ქვეყანას, ხალხს თავისუფლებას ვუსურვებ. ამისთვის კი შრომაა საჭირო.

ია გამრეკელი – მართალი გითხრათ დიდი ოცნებები აღარ მაქვს. ყველაზე დიდი ოცნება ბავშვობაში მქონდა – მომღერალი მინდოდა გამოვსულიყავი, მაგრამ ღიღინს მხოლოდ ვიწრო მეგობრების წრეში ვბედავდი. ოცნება ოცნებად დარჩა… აღარც ვცდილობ ვიოცნებო. ოცნება უფრო ბავშვური აზროვნების ნაყოფი მგონია. ახლა, უბრალოდ, რაღაც მიზანს ვისახავ, ვშრომობ ამ მიზნის მისაღწევად და ასეა თუ ისე შედეგს ვიღებ. ალბათ, ჩემი მთავარი და ყველაზე დიდი სურვილი ჩემი შვილების წარმატებული მომავალია. პირადად ჩემს თავზე თუ ვიტყვი, ოცნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ახალი გატაცება მაქვს. მინდა, ინტერიერის დიზაინი შევისწავლო და ჩემი პატარა ბიზნესიც მქონდეს. ვნახოთ, რა გამოვა, რადგანაც მიზნის მიღწევა არასოდესაა გვიან. როგორც ყველა ქართველის, ისე ჩემი ოცნებაც არის ის, რომ საქართველოშიც დადგეს ის დრო, როცა ყველა ემიგრანტი შეძლებს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. არ მინდა, რომ ესეც მხოლოდ “ოცნებად” დარჩეს!

ნუცი ნებიერიძე – ვოცნებობ ჯანმრთელები ვიყოთ და ყოველთვის გვქონდეს „შესაძლებლობა“ რომ მიზნებისთვის მიგვეღწიოს.მუდამ გვქონოდეს ძალა, “დრაივი” და ენთუზიაზმი, რომ ეს შესაძლებლობები მოვიპოვოთ, იდეები განვახორციელოთ და, რაც მთავარია, მუდმივად გვქონოდეს პროგრესი. ამ მუდმივი თვითგანვითარებით კი უფრო მეტი სიკეთე და სიყვარული გვეკეთებინოს. ვისურვებდი, რომ სამყაროს მიმართ უფრო მეტად დაკვირვებულები, თავისუფლები და გახსნილები ვიყოთ, სიკეთის გაცემა კი ჩვენთვის მუდმივი და სასიხარულო პროცესი იყოს. მშვიდობაზე ვოცნებობ.

მაია ელიოზაშვილი – შორეულ წარსულში აუხდენელ და წარმოუდგენელ რამეზე ვოცნებობდი, რაც უკვე დღევანდელ ბანალურ რეალობად გადაიქცა. ამერიკაში ყოფნა, ოჯახი და შვილი სრულიად წარმოუდგენელ ფანტასმაგორიული კატეგორიის ოცნებები იყო. დღეს რაღა უნდა ვისურვო ისეთი. სახლის ყიდვას ვნატრობ და მეორე შვილს. ნელნელა რაღაცას მოვახერხებ.

ვასილ რუხაძე – ბავშვობაში ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იყო ჩემი მშობლები ყოფილიყვნენ კარგად, ჯანმრთელად. ასეც არის და ეს ოცნებაც ამისრულდა. ბავშვობაში ძალიან ბევრ ისტორიული და სათავგადასავლო ჟანრის წიგნებს ვკითხულობდი და მინდოდა ამ გმირების მაგივრად მთელს მსოფლიოში მე მემოგზაურა; ახალი, აქამდე უცნობი კუნძულები აღმომეჩინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ გვიანი შუა საუკუნეებისა და ინდუსტრიული ეპოქის მოგზაურებმა ბევრი აღმოსაჩენი არც არაფერი დაგვიტოვეს. ზრდასრულ ასაკში შორეულ ქვეყანაში მოგზაურობამ მართლაც მომიწია და აჰა, ერთ-ერთში უკვე ცხოვრების თითქმის ნახევარი გავატარე.

ჩემი ახალი წლის ოცნება ჩემი ოჯახისა და მეგობრების ჯანმრთელად და ბედნიერად ყოფნაა. შარშან საქართველოში ქართულ ენაზე წიგნად გამოვეცი პოლიტიკური ესეების ნაკრები “წერილები ამერიკიდან”. წელს აქ მინდა კიდევ ორი, პოლიტიკური თემატიკის ინგლისურენოვანი წიგნის გამოცემა. მინდა საქართველომ მოიშოროს ფუნდამენტალურად კორუმპირებული, არაკომპეტენტური, საკუთარი ქვეყნის ინტერესების მუდმივად გამყიდველი ფსევდო ლიდერები, როგორც მთავრობაში, ასევე ე.წ. ოპოზიციაში, რომლებმაც აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა სხვადასხვა დროშისა და ლიდერობის ქვეშ საქართველო გადაჩეხეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ უფსკრულში, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ჩვენი ხალხი ვერაფრით აღწევს თავს.

ნენე შარია – შარშან შორეულ თუ მეზობელ ქვეყნებში მოგზაურობა მინდოდა. არ ამიხდა. შარშან მინდოდა ორმოცდაათი წლის იუბილე შინ, სამშობლოში მეზეიმა. არც ეს ამიხდა. შარშან მონასტერში მინდოდა განმარტოება, არც ეს ამიხდა. შარშან დიდ გაფრენებს ვგეგმავდი – არ ამიხდა. შარშან არაფერი ამიხდა და იყო ცუდი წელი. გაწბილებისა და შოკის. ამ ახალ წელს კი მხოლოდ ერთი ადამიანის კარგად ყოფნა და თავისუფლება მინდა. ესაა ჩემი ოცნება.

ნინო ივაჩიძე – ბავშვობაში პიანინოზე ვოცნებობდი. არ მქონდა და მერე ბებიამ მიყიდა. დავჯდებოდი, დავიწყებდი დაკვრას ვითომ კონცერტი მქონდა, დარბაზი კი გაფაციცებით მისმენდა. თინეიჯერი რომ გავხდი, ამერიკაზე ვოცნებობდი. ამიხდა. მერე ჩემი ალბომის ჩაწერაზე ვოცნებობდი და ახლა ვწერ კიდეც. თუმცა ამ ახალ წელს სულ სხვა რამეზე ვიოცნებე. ბოლო ორი წლის განმავლობაში იმდენი ადამიანი დავკარგე, რომ მინდა ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მეგობრები, ახლობლები ჯანმრთელად იყვნენ და იმავეს ჩემს თავს ვუსურვებდი. ჩემთვის ყველაზე მაგარი ოცნებაა იყო შეყვარებული და ვუყვარდე; მქონდეს ნამდვილი სიყვარული, შევქმნა ოჯახი და ცხადია, იყოს მშვიდობა მთელს მსოფლიოში.

მედეა ასათიანი – უპირველესად ჩემი შვილის კარგად ყოფნა მინდა. ვოცნებობ რეჟისორის კარიერაზე. მინდოდა ჩემი ფილმის “მედეას ერის” პრეზენტაცია ნიუ-იორკში გამართულიყო და ფილმი “კედელი” გადამეღო. ორივე ოცნება ოჯახის მეგობრებისა და სხვა ბევრი ადამიანის საშუალებით ამიხდა. ამ ახალი წლის ღამეს ვიოცნებე, რომ ეს წელი კიდევ უფრო წარმატებული იყოს და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩემი ფილმები; ასევე მინდა სრულმეტრაჟიანი ფილმის დაფინანსება მოვიპოვო. ვოცნებობ, რომ ქალებისთვის ეს წელი უკეთესი იყოს და ამ პოლიტიკურად არასტაბილურ დროს გაერთიანება შევძლოთ.

ნიკოლოზ ნამორაძე – ყოველთვის მინდოდა ჩემი მუსიკა მიმეტანა რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის. ჰოდა, 2018 წელს იმის შესაძლებლობა მექნება, რომ ჩემი მუსიკა ახალი აუდიტორიების წინაშე შევასრულო. დამდეგ წელს ასევე მინდა გავიცნო და ვითანამშრომლო საინტერესო მუსიკოსებსა და ხელოვანებთან. ასეთ კოლეგებთან მუშაობის შესაძლებლობა ჩემთვის შთაგონების მომცემია. მოუთმენლად ველი თუ რას მომიტანს ამ მხრივ ახალი წელი.

თამუნა კაჭარავა – ყოველ წელს საქართელოში დაბრუნებაზე ვოცნებობ. ახლა კი ორმაგად მინდა. მინდა ჩემი პატარა საქართველოში გაიზარდოს, იქაური სიყვარული და მეგობრობა ისწავლოს. მაინც მგონია, რომ იმ სიდუხჭირეში სულიერად უფრო მდიდარი ბავშვები იზრდებიან. შეიძლება პესიმისტურად ჟღერდეს, მაგრამ ეს არის ის, რაც მინდა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ვსწავლობ და ჩემი აქაური ცხოვრების გასაუმჯობესებლად რაღაც გეგმებიც მაქვს.

ნინო ფანჩულიძე – ეჰ, მგონი, ოცნებას გადავეჩვიე. ახალ წელს ვმუშაობ, არადა მინდოდა სახლში შევხვედროდი. თუ ჩემს ოცნებას გავყვები, ძალიან შორს წამიყვანს, სევდა მომაწვება და ცრემლსაც ვერ შევიკავებ… ამიტომ, გავჩერდები. გაისად იმედია, უკეთესი განწყობით ვიქნები.

თამუნა მახარაძე – 31 დეკემბერს მამის დაბადების დღე იყო. ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, უფრო მეტად, ვიდრე ჩემს დაბადების დღეზე. ორი დღესასწაული ერთად მიხაროდა. ბოლო ახალი წელი, როცა დედასა და მამასთან ერთად შევხვდი, 1999 წლის პირველი რიცხვი იყო… ჩაი მივირთვით, შაქრის ნატეხებით. სახლში დიდი სიყვარული და სითბო სუფევდა. 8 იანვარს კი აშშ–ში ჩამოვედი. რამდენიმე ახალ წელს სამსახურში შევხვდი. მას მერე ვოცნებობდი, რომ ახალ წელს ჩემებთან ერთად ვყოფილიყავი. მეტი არაფერი მინდოდა. შარშან იყო პირველი ახალი წელი, რომელიც ჩემს ოჯახთან ერთად აღვნიშნე და მართლაც უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მაგრამ, მამის გარეშე. წელსაც არ გამომდის დამდეგს ჩემს ოჯახთან ერთად შევხვდე. მინდა, რომ ჩემები კარგად იყვნენ და ამისთვის ყევლაფერს გავაკეთებ. ის, რაც ჩემი თავისთვის მაქვს ჩაფიქრებული, ჯერ საიდუმლოა და იმედია, 2018– ში ახდება.

ბესო ჯიქია – მინდა ტიბეტში გავემგზავრო. მანამდე კი – ათონის მთაზე. ამ ახალ წელს ჩავიფიქრე, რომ “რეალის” თამაშს ცოცხლად აუცილებლად უნდა ვუყურო.

მიმოზა ახალაია – ჩემი ოცნება და ცხოვრება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ ჩემ პირადულს გამოვყოფ, მაშინ ვიტყვი, რომ არ გამიმართლა. ვოცნებობ ისეთ დროზე, როცა სიყვარული და სიკეთე გაიმარჯვებს და ბოროტი ადამიანი არ იარსებებს. ეს უფრო ზოგადსაკაცობრიო სურვილია. ჩემს ქვეყანას სიმშვიდეს ვუსურვებ. ადამიანებს არ მინდა უკანონობის ეშინოდეს; არ მინდა იმათი თარეში, ვინც 1990-იანებში ჩემი შვილის სიცოცხლე შეიწირა. მინდა ყველას სახეზე ღიმილი დასთამაშებდეს და საკუთარი დარდი არავის მოახვიოს.

ელზა ნახუცრიშვილი – ვერ ვიტყვი, რომ ოცნება ამიხდა. თუმცა ამერიკამ უფრო დამოუკიდებელი, უფრო ძლიერი ( ფიზიკურ სიძლიერეს არ ვგულისხმობ) გამხადა, უფრო შემწყნარებელი. პირველად აქ ვეზიარე იმ უდიდეს გრძნობას, რასაც სიყვარული ჰქვია. აქ გავხდი უფრო თავისუფალი აზროვნებასა და ქცევაში. ვოცნებობ, რომ ყველამ შეიგნოს თუ რა ლამაზია დედამიწა და გაუფრთხილდნენ. მინდა რომ საქართველო ძლიერი გახდეს.

ანა კალანდაძე – ოცნებებით მუდამ თავს ვიქცევ. ბევრს ვოცნებობ, მაგრამ როგორც ახლა მეჩვენება, ყველაზე მთავარს დავაკელი ფიქრი, განცდა, ემოცია, ოცნება, ან შეიძლება ამაზე ქვეშეცნეულად და გულის სიღრმეში ვფიქრობდი. ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი მოსალოდნელზე უფრო მეტი – მინდოდა დამეწერა და მესაუბრა სხვადასხვა ენაზე; ვყოფილიყავი პროცესების აქტიური თანამონაწილე; შემომეკრიბა საინტერესო მეგობრები; უფრო ხშირად მეფიქრა მამის დარიგებებზე (ეს მე ყოველთვის მეხმარება), მაგრამ არასოდეს მიფიქრია როგორი იქნებოდა სამყარო ან როგორი ვიქნებოდი მე, როცა შვილი მეყოლებოდა.

მესამე კვირაა ის აქ არის და მე ახლა ვიცი, რომ ყოველთვის, ყოველთვის ეს პატარა ჩემს გულში და გონებაში ცხოვრობდა. ახლა ჩემი ოცნება უფრო ცხადია – მინდა ყველა პატარა ბავშვი იყოს კარგად, ჯანმრთელად, სიყვარულით სავსე გულებსა და სახლებში. და მაშინაც კი, როცა დედად ჯერ ბოლომდე ვერ ვგრძნობ თავს, მთავარი ოცნებაა ვიფიქრო და ვიშრომო პატარა იას ბედნიერებისთვის. მე ბედნიერი ვარ და მიხარია ისე, როგორც არასდროს!


07.01.2018
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment