Friday, January 5, 2018

„ნიუ იორკის მარგალიტის“ ქრონიკები




ამას წინათ ნიუ იორკის „კაუფმანის სამუსიკო ცენტრში“ (1952) კორპორაცია „პრაგმა არტ ჯგუფის“ ხელმძღვანელის, თამარ ღოღობერიძის თაოსნობით საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, სახელწოდებით – „ნიუ იორკის მარგალიტი 2017“ (Pearl of New York 2017).

მანჰეტენზე განთავსებული არტსივრცის მისიაა ახალგაზრდებში სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მონაწილეობით, კონკურსებითა და ფესტივალებით მუსიკალური განათლების მიღების სტიმულირება და მუსიკის პოპულარიზაცია. „ნიუ იორკის მარგალიტმა“ ამერიკელი არტისტების ყურადღებაც მიიპყრო, მათ შორის, ცნობილი ჰოლივუდელი კინო და ტელემსახიობის, რონ რიფკინის, რომელიც ამერიკულ სცენაზე ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების ნაბიჯებს ყურადღებით ადევნებს თვალს.

„ნიუ იორკის მარგალიტის„ ფარგლებში „კაუფმანის სამუსიკო ცენტრში“ ქართველი მხატვრის სალომე ჯიბლაძის პერსონალური გამოფენა, მწერალ თინათინ ძნელაძე– ბალანჩივაძის „ზღაპრების წიგნის“ და მარიამ ჯაფარიძის დეკორატიული კერამიკული ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა, სცენა კი ქართული ცეკვის ანსამბლს „ფესვებს“ დაეთმო.



„ნიუ იორკის მარგალიტის“ საკონკურსო სცენაზე ოცდაათი მონაწილისგან ორი საქართველოში და ათი ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი გამოვიდა” – ამბობს თამარ ღოღობერიძე. – „მათთან ერთად ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ამერიკელი და ყაზახი მომღერლები. ახალგაზრდა კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა. მათი გადაწყვეტილებით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიებიდან გრანპრი ქეთი მოდებაძემ დაიმსახურა. მან გია ყანჩელის „იავნანა“ და კონჩიტა უორსტის Rise Like A Phoenix შეასრულა. კონკურსის მეორე გრანპრი XFactory-ს ყოფილ მონაწილეს, ლილიანა ლომინეიშვილს გადაეცა. მან პუჩინის O Mio Babbino Caro და კრიმანჭული წარადგინა. მესამე გრანპრი (აკადემიური ვოკალი) კი დანიელ ნოზაძეს მიენიჭა. რაც შეეხება უცხოელ მონაწილეებს, მათ საპატიო ადგილები ერგოთ და სპეციალური დიპლომები გადაეცათ.





თამარ ღოღობერიძე, რომელიც ნიუ იორკში ორი წელია ცხოვრობს, ამერიკაში საქართველოდან ამდაგვარი ფესტივალის ორგანიზების გამოცდილებით ჩამოვიდა. 2015 წელს მან ბათუმში გამართა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ბათუმის მარგალიტი“, რომელშიც თექვსმეტი ქვეყნის 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მაშინ ჟიურის თავჯდომარე გახლდათ ცნობილი კომპოზიტორი, ფესტივალის „რიგა სიმფონის“ დამფუძნებელი ჟელენა ლორეანა შვილპე. სწორედ მან მიანიჭა თამარ ღოღობერიძეს საერთაშორისო ჟიურის წევრის ტიტული და მას შემდეგ თამარი ლატვიის, ლიტვის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების სამუსიკო ფესტივალების ჟიურის მუშაობაში მონაწილებდა.

პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი და ამავე დროს ბიზნეს-მენეჯმენტის გამოცდილების მქონე თამარ ღოღობერიძე ამბობს, რომ ამერიკაში ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელშიც მან ჟიურის წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა, ლას ვეგასში გამართული ვოკალური კონკურსი „ოქროს ოცნება“ (Golden Dream. 2017) იყო. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნიდან ორმოცდაათამდე კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის: საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან წარდგენილმა თათა ხორგუაშვილმა, რომელმაც ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა, გრანპრი დაიმსახურა; ხოლო ნიო იორკში მცხოვრებ მარიამ გოდერძიშვილს, რომელმაც „იავნანა“ იმღერა, პირველი ადგილი მიენიჭა.




„მიუხედავად იმისა, რომ ლას-ვეგასის ფესტივალზე ჟიურიში მხოლოდ ამერიკელები იყვნენ, მე კი ჟიურის ერთადერთი ქართველი წევრი გახლდით, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შემიძლია ავღნიშნო, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა „ოქროს ოცნების“ მთავარი ჯილდოები მართლაც ღირსეულად დაიმსახურეს და ამაში ჟიურის სხვა წევრებიც ერთსულოვანნი იყვნენ.

ჩემი მთავარი ამოცანა არ გახლავთ მხოლოდ ქართველი ახალგაზრდების წახალისება“ – დასძენს თამარ ღოღობერიძე, „არამედ ახალგაზრდების წახალისება მთელი მსოფლიოდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი თანამემამულეების წარდგენას, რადგან ვიცი, რომ თითოეული ჩვენთაგანი ქვეყნის სახეა. რაც შეეხება თავად ჩემ მიერ ორგანიზებულ „ნიუ იორკის მარგალიტს“, ის ამერიკელ პროდიუსერთან, კატერინა მეიერთან ერთად დავაარსე. გვინდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომღერლებისთვის პერსპექტიული შანსის მიცემა, რაც გულისხმობს მანჰეტენის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სცენაზე საკუთარი ნიჭის გამოვლენას, ფულად წახალისებას, ჩამწერ სტუდიებში უფასოდ ჩაწერას, პრესტიჟულ კონკურსებზე გამგზავრებას.






ჩვენ ვაპირებთ ყოველწლიურად ღონისძიების მასშტაბები გავზარდოთ და მოვიწვიოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა. გამარჯვებულებმა ფულადი ჯილდოები, სამახსოვრო საჩუქრები და ლას – ვეგასის მუსიკალურ ფესტივალის საგზური მიიღეს. მორიგი „ოქროს ოცნების“ გამარჯვებულს კი 2018 წლის 11 თებერვალს ჟიურის შვიდ ამერიკელ წევრთან ერთად მეც გამოვავლენ.

ამერიკა დიდი ნოსტალგიის გარდა, დიდ ბიძგსაც გაძლევს. ემიგრაციაში კი უფრო მწვავედ გრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია საქმეში ოჯახის თანადგომა, რომელიც, ფაქტობრივად, „ნიუ იორკის მარგალიტის“ საორგანიზაციო გუნდს შეადგენდა და ზოგადად თანამოაზრეებისა და გულშემატკივრების ყოლა,” – ამბობს თამარ ღოღობერიძე.
















26.12.2017
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment