Tuesday, September 25, 2018

ნიკოლოზ ნამორაძე “ჰონენსის” კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებულია




კანადური “ჰონენსი” (1991) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსია, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ კალგარიში ტარდება და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული და განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული მუსიკალური ასპარეზობაა, რომელსაც არა აქვს მეორე და მესამე ადგილები, მხოლოდ – პირველი. მისი საპრიზო ფონდიც გამორჩეულია. 1990 – იანების დასაწყისში მოყვარულმა პიანისტმა ესთერ ჰონენსმა ხუთი მილიონი დოლარი მუსიკოსების მხარდამჭერი საერთაშორისო კონკურსის დაფუძნებისთვის გამოჰყო და მას მერე “ჰონენსის” საკონკურსო ფონდი საფერტეპიანო–საშემსრულებლო სფეროში სიდიდითაც გამორჩეულია. მაგალითად, 2018 წლის კონკურსის პირველმა ქართველმა გამარჯვებულმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ ნამორაძემ ასი ათასი კანადური დოლარის გარდა, “არტისტული განვითარებისთვის” ნახევარი მილიონი კანადური დოლარი მიიღო. იგი მესამე პრიზიორია მას მერე, რაც საორგანიზაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გამარჯვებული ყველაფერს იღებს. კონკურსის დევიზია “XXI საუკუნის პიანისტები XXI საუკუნის მსმენელებს“.



როდის მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება და რატომ?



– ვიდრე “ჰონენსის” კონკურსში მონაწილეობას გადავწყვეტდი, რამდენიმე წელი კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია. ვთვლი, რომ ეს კონკურსი სხვადასხვა მიზეზის გამო მართლაც უნიკალურია. პირველ რიგში, ის სოლო და საფორტეპიანო კონცერტის ტურში რეპერტუარის არჩევისას სრულ თავისუფლებას გაძლევს. ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კამერულ მუსიკას, მოიცავს პიანისტებთან ინტერვიუს, რომლის მიზანია პოდიუმის მიღმა კონკურსანტების გაცნობა. ზოგადად კი, კონკურსის ფილოსოფია სრულყოფილი არტისტის ეთოსს ეფუძნება.
რომელი ნაწარმოებები შეასრულეთ და როგორი იყო მათი შერჩევის პრინციპი?

კონკურსანტებს პროგრამა სამი და ოთხი წინასწარ განსაზღვრული რეპერტუარიდან კამერული მუსიკის ორი ტურისთვის უნდა შეერჩიათ. თითოეული მათგანი განსაკუთრებული იყო, მაგრამ მე არჩევანი შევაჩერე იმ პროგრამაზე, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემ მუსიკალურ შესაძლებლობებს ყველაზე უკეთესად წარმოაჩენდა. სოლო ტურისთვის მე შევარჩიე კონკურსისთვის საკმაოდ უჩვეულო პროგრამა: ბახისა და შუმანის ფართომასშტაბიანი ნაწარმოებები და ჩემი საკუთარი სამი ეტიუდი. ჩავთვალე, რომ ეს პროგრამა ჩემ არტისტულ პროფილს ყველაზე მკაფიოდ ასახავდა და, რაც მთავარია, “ჰონენსი” იყო ის ადგილი, სადაც ასეთი პროგრამით წარდგენა შესაძლებელი იქნებოდა. ჩემი არჩევანი ფინალური ტურისთვის – ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი – კონკურსისთვის ასევე არაორდინალური იყო, მისი ზომისა და სიძნელის გათვალისწინებით. ამ ნაწარმოებს თან ახლავს ორკესტრთან მომზადების პროცესიც, თან ამისთვის გამოყოფილ მცირე სარეპეტიციო დროში. მაგრამ მე ეს ნაწარმოები ისე მიყვარს, რომ ამ ჯერზე ჩემს გულისთქმას ვენდე.



ვინ იყვნენ თქვენი კონკურენტები და როგორია ამ კონკურსის ასაკობრივი ზღვარი?



ოფიციალური ასაკობრივი ზღვარი არის 18– დან 30 წლამდე. ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი იყო 21-ის, ხოლო ყველაზე უფროსი – 29 წლის. კანადაში ნახევარფინალისთვის ათი კონკურსანტი ცხრა ქვეყნიდან იქნა შერჩეული (50 პიანისტი იქნა შერჩეული საერთაშორისო მეოთხედფინალური ტურიდან, რომლებიც თავის მხრივ შეირჩა კონკურსში მონაწილეთა ასობით მსურველთაგან). საინტერესო დამთხვევაა, რომ სამივე ფინალისტი “ჯულიარდში” ერთი და იგივე დროს, ერთსა და იმავე პედაგოგთან, იოჰევედ კაპლინსკისთან ვსწავლობდით. ერთი მათგანი ჩემი ჯგუფელიც კი იყო! ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და კიდეც ვხუმრობდით, რომ ფინალური ტური სტუდია – კლასს გვაგონებდა. განსაკუთრებული გრძნობა იყო სცენაზე ყოფნა ამხანაგების გვერდით, რამაც დაძაბულობა ცოტათი შეგვიმსუბუქა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთის წარმატება გაგვიხარდებოდა.



რა იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ კონკურსში და რატომ?



ჩემთვის სრულყოფილი არტისტის იდეა, რომელსაც ეს კონკურსი ეფუძნება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კონცეფცია ისეთი მუსიკოსისა, რომელიც შთაგონებას იღებს სხვადასხვა სფეროდან, ფორტეპიანოს მიღმა; მისი დაკვრის მანერა კი მრავალფეროვნებას ასახავს. “ჰონენსის” მისიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსმენელთან მუსიკის სხვადასხვა გზით მიტანა და ახალი მსმენელის მოზიდვა. სწორედ ეს არის ის, რისიც მე მტკიცედ მჯერა.
რას ნიშნავს “არტისტის განვითარების” პროგრამა და რას გეგმავთ ამასთან დაკავშირებით?

“არტისტის განვითარების” პროგრამა, რომელიც შეფასებული ნახევარ მილიონ კანადურ დოლარად, არის “ჰონენსის” ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილი. მე მეყოლება ნიუ იორკის წამყვანი აგენტი; ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში მომეცემა საშუალება სადებიუტო კონცერტებით გამოვიდე მსოფლიოს ისეთ წამყვან დარბაზებში, როგორიცაა “კარნეგი ჰოლი” ნიუ იორკში (კონცერტი მომავალი წლის10 თებერვალს გაიმართება), “ვიგმორ ჰოლში” – ლონდონში და “კონცერტჰაუსში” – ბერლინში; ჩანაწერების გაკეთებისა “ჰონენსის“, “ჰაიპერონისა” და “სტეინვეის” ჩამწერ სტუდიებთან; კონცერტების გამართვისა ისეთ ორკესტრებთან, როგორიცაა ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი და მონაწილეობის მიღებისა მსოფლიოს წამყვან ფესტივალებში. ეს არის სრულიად გამორჩეული შესაძლებლობა და ამ ყველაფრის დაწყებას მოუთმენლად ველი!

არის თუ არა თქვენთვის საკონკურსო ფორმატი კვლავ აქტუალური?

კონკურსებს მოვრჩი! “ჰონენსის” ჯილდო მსოფლიოში ყველაზე დიდი პრიზია საფორტეპიანო შემსრულებლისთვის და მისი არტისტის განვითარების პროგრამის დახმარებით ჩემი, როგორც საკონცერტო პიანისტის კარიერა დაიწყო. უკან მოხედვა აღარასდროს დამჭირდება. კონკურსებში მარტო იმისთვის ვიღებთ მონაწილეობას, რომ კონცერტების დაკვრის შესაძლებლობა მოგვეცეს. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიმართლა.



თქვენ რომ იყოთ კონკურსის დამფუძნებელი, როგორი მოდუსის მატარებელი იქნებოდა იგი?



ეს ძალიან კარგი და საინტერესო კითხვაა. ალბათ, სწორედ “ჰონენსის” მსგავსი! ერთი, რასაც სავარაუდოდ დავამატებდი – ეს არის მოთხოვნა ბოლო ათწლეულში შექმნილი მუსიკის დაკვრისა, რადგან მტკიცედ მჯერა რომ შემსრულებლებს უნდა ჰქოდეთ, ასე ვთქვათ, იმის მოვალეობა, გნებავთ, პასუხისმგებლობა, რომ თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულონ.

16.09.2018
netgazeti,ge

No comments:

Post a Comment