Monday, September 3, 2018

პუტინის მეგობრები და არაღიარების პოლიტიკა




ბაშარ ალ–ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამდედაახლოებით ერთი კვირით ადრე აშშ–ის სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოსკოვს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ამ ორ რეგიონს კვლავ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს სტრატეგიულ მხარდაჭერას. ვაშინგტონის მხარდაჭერის ასევე რეალური მაგალითია შარშან სენატის მიერ მიღებული ბიუჯეტის კანონი (ამ კანონში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება), რომლის მიხედვითაც აშშ არა მარტო არ დაეხმარება იმ ქვეყნების ცენტრალურ ხელისუფლებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ სცნობენ; არამედ არც იმ ორგანიზაციების საშუალებით, რომელშიც აშშ –ის ხმა აქვს (მაგალითად, “მსოფლიო ბანკში”). ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარი სახელმწიფოები ფინანსურ მხარდაჭერას არ მიიღებენ.

2015 წლიდან სირიაში განლაგებულია რუსული კონტიგენტი, რომელიც ასადს შეიარაღებული ოპოზიციასთან ბრძოლაში მხარს უჭერს. ასადის მიერ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის აღიარებით სირია შეუერთდა იმ სამ ქვეყანას (ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ), რომლებმაც რუსეთის ზეწოლის შედეგად საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს. თავიდან ეს სია ხუთი ქვეყნისგან შედგებოდა, თუმცა მოგვიანებით ტუვალუმ და ვანუატუმ თავიანთი გადაწყვეტილება უკან წაიღეს, ამ უკანასკნელმა – 2013 წელს.

ორი თვის წინათ სირიის ერთ–ერთი დასახლების დაბომბვისას საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებით 70 (სხვადასხვა წყაროებით – 150) სირიელის დაღუპვის გამო დამასკოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. მოკლულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობა – ქალები და ბავშვები იყვნენ. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ სირიაში დაღუპულთა გამო “ატეხილი ისტერიკა” და სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლა დასავლეთის ანტირუსულ პროპაგანდას დააბრალა და თან სირიის პრობლემასთან დაკავშირებით მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შექსპირის “ჰენრი VI” -ის ციტირების ხასიათზე დადგა. მან, ფაქტობრივად, მსხვერპლებს რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციაში დასდო ბრალი. ჩვეულებრივ ენაზე კი ეს ასე ითარგმნება – ადამიანებმა თავად მოიწამლეს თავი, რათა რუსეთის რენომესთვის ევნოთ. კრემლი მუდმივად ბლოკავს გაეროს მიერ სირიასთან დაკავშირებით შემუშავებულ ყველა რეზოლუციას, რაც ასადს პუტინზე დამოკიდებულს კიდევ უფრო მეტად ხდის და, როგორც შედეგი, რუსეთს დაქვემდებარებულ მარიონეტთა სიაში სირია მეწინავე რიგებში აღმოჩნდა.



კრემლის მიერ მარგინალი რეჟიმების მხარდაჭერის პოლიტიკის მოტივაცია მარტივად ასახსნელია იმ პირობებში, როცა რუსეთის XXI საუკუნის მმართველების საკანონმდებლო ინიციატივები სულ უფრო მეტად შუასაუკუნოებრივს ემსგავსება. არც სირია ჩამორჩება მის პარტნიორ ქვეყანას და როგორც ცნობილი ხდება, დამასკოში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ის სირიელები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში სირიის ოფიციალურ სტრუქტურაში არ წარადგენენ საკუთრების დამადასტურებელ საბუთს, სამშობლოში საკუთრებას ავტომატურად კარგავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი სირიიდან გაქცეული დევნილების ქონების ექსპროპრიაციას “ლეგიტიმურად” იწყებს ანდა… ისინი ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ახლავე უნდა დაბრუნდნენ, რაც მათ ავტომატურად რეპრესიების სამიზნედ გადააქცევთ.




ზუსტად ამ დროს რუსეთი, ფაქტობრივად, ფაშისტურ, არალეგიტიმურ, მაგრამ მის ნათესაურ რეჟიმს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ეს კი ასადს კიდევ უფრო მარგინალურს ხდის სწორედაც რომ “კაგებეს” მხარდაჭერით, რომელსაც გლობალური როლის თამაში კვლავ უნდა, ოღონდ, ცხადია, მისთვის ჩვეული ბრუტალური ხერხებით; მათ შორის “ბუკით” მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებით, რომლის შედეგადაც 2014 წელს 239 ადამიანი დაიღუპა. ამას წინათ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ კრემლი ამ ადამიანების მკვლელად ოფიციალურად გამოაცხადა.

არაერთი დასავლელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთი სირიის უკრაინაზე “გაცვლის” ბანქოს გათამაშებას ცდილობდა, ანუ სირიის პრობლემის დალაგების სანაცვლოდ დასავლეთი უკრაინას დათმობდა, მაგრამ დასავლეთი ამგვარი “ბარტერულ გაცვლაზე” არ წავიდა.

“– გაეროში საქართველოს მისია არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს” – განაცხადა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, ” – ესაა არა მარტო გაეროში გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან მუშაობა, არამედ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერის გზავნილები, რომლის ძირითად შინაარსი გახლდათ ის, რომ “სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ისეთის აღიარებით, ასადის რეჟიმმა, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ”, ასევე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ეთნიკურ წმენდას, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ფაქტია, რომ ასადის რეჟიმს ცივილიზირებული სამყარო არ სცნობს.

– შესაძლებელია, რომ ასადის ამ ნაბიჯმა აღიარებათა კასკადი გამოიწვიოს?

– ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ასადის რეჟიმთან ასოცირება, წესით, არცერთ ქვეყანას არ უნდა უნდოდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაღიარების კუთხით საფრთხეები არ არსებობს. რუსეთი იყენებს ხოლმე ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების თუ უშუალოდ ლიდერის მოწყვლადობას. სირიის შემთხვევაშიც ასეა. საზღვრების გადახედვის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისა და სუვერენიტეტის ხელყოფის პრეცედენტი თავად სირიისთვისაც არ იყო სასარგებლო. ასადის რეჟიმის რუსეთზე დამოკიდებულება ახალი არაა, მაგრამ ვითარება ხუთი წლის წინ და ვითარება ამჟამად საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. ასადმა რუსეთის სამხედრო ჩარევითა და დახმარებით ადგილზე კი გაიმყარა პოზიცია – საკუთარი მმართველობა გაიხანგძლივა, მაგრამ კიდევ უფრო დაკარგა ლეგიტიმიცია სამეზობლოში და ზოგადად მსოფლიოში. აქ ვგულისხმობ, როგორც არაბული სამყაროს დამოკიდებულებას, ასევე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს, ე.წ. საერთაშორისო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის (IIIM) მიერ მოპოვებულ მასალებს, რომლის შემდგომი საქმიანობაც უშიშროების საბჭოში სწორედ რუსეთმა დაბლოკა. ამდენად იგი სრულიად დამოკიდებული გახდა რუსეთზე.

ზოგადად, დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში გამორიცხული არაა, რომ განვითარებადი სამყაროს რომელიმე მოწყვლად ქვეყანაში ვითარება ისე აირიოს და იმდენად დაკარგოს ლეგიტიმაცია იქ არსებულმა ხელისუფლებამ, რომ ასადის მსგავს გადაწყვეტილებაზე წავიდეს, როგორც იტყვიან საკუთარი ტყავის გადასარჩენად. თუმცა, მათი ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითია და იგი იცვლება, როდესაც ქვეყანაში მოდის ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს. აქედან გამომდინარე, თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, არაღიარების კუთხით შესაძლო საფრთხეების გასანეიტრალებლად მუშაობა მიმდინარეობს და იგი გაგრძელდება. კონკრეტულად რა, სად და როგორ ხდება – ეს ცხადია საჯარო საუბრის და ინტერვიუს თემა ვერ იქნება.

– წელს 12 ივნისს გაეროში კვლავ განიხილება “დევნილთა რეზოლუცია”, ასადის ამ ნაბიჯის შემდეგ შეიცვლება თუ არა ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა?

– წელს მეთერთმეტეჯერ გადის საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”, რომელიც გენასამბელეაზე განიხილება. ათი წლის წინათ ჩვენს მხარდამჭერთა რიგებში სულ 14 ქვეყანა იყო და მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2013-ში 64-მა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი, 2014-ში – 69-მ, 2015-ში – 75-მა, 2016-ში – 76-მა, ხოლო 2017-ში 80 მხარდამჭერი გვყავდა. მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი საშუალოდ 15-16-ის ფარგლებში მერყეობს. მცირე ამპლიტუდით ცვლილებები დადებითი ან უარყოფითი დინამიკისკენ ყოველთვის მოსალოდნელია, რადგან ეს ასევე დამოკიდებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ამა თუ იმ რეგიონში თუ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დინამიკაზე. მაგალითად, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში შექმნილი სახელისუფლო კრიზისის გამო ან კურსის მკვეთრი ცვლილების გამო რეზოლუციისადმი მხარდამჭერი ან ნეიტრალური ქვეყანა, უცებ მოწინააღმდეგეთა რიგებში გადაბარგდა; თუმცა მოგვიანებით პოზიცია კვლავ შეიცვალა, ოღონდ უკვე რეზოლუციის სასარგებლოდ.

ასევე, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ცალსახად მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასაც, მაგრამ რეზოლუციასთან მიმართებაში მხარდაჭერისგან თავს იკავებენ საკუთარი შიდა პოლიტიკური სპეციფიკიდან გამომდინარე. ამიტომ, გარკვეული „რყევები“ შეიძლება იყოს, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი დეტონაციები მოსალოდნელი არაა. რეზოლუციისადმი სოლიდური მხარდაჭერა არსებობს და იგი არსებობს საერთაშორისო ასპარეზზე, კარძოდ, გაეროს ფორმატში. ვგულისხმობ ე.წ. „დიდი სურათის“ პოზიტიური დინამიკას. ჩვენ დღეს უკვე ორი რეზოლუცია გვაქვს, როგორც ნიუ იორკში, გენერალური ასამბლეის ფორმატში, ასევე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. საერთო კონტექსტში ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ციფრები, რომლებზეც ზემოთ გესაუბრეთ. ვფიქრობთ ახალ რეზოლუციებზეც. არის გარკვეული მოსაზრებები, თუცა ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია.

– იხილება თუ არა გაეროს ფორმატში გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის “ქეისი”?

– რაც შეეხება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას. ეს თემა ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, კერძოდ კი იმაზე აქცენტით, რომ მკვლელები არ დასჯილან. ამ თემაზე ვისაუბრეთ უშიშროების საბჭოზე გამოსვლებისას, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დონეებზე. დასავლეთიც, სამხრეთიცა და აღმოსავლეთიც ყველაფერს მშვენივრად აცნობიერებს. მათი მხრიდან მხარდაჭერა ყველა პროცესში ჩანს. განსაკუთრებით დასავლეთის მხრიდან, რაც ბუნებრივიცაა, რადგან ჩვენ სწორედ ამ ჯგუფის, გნებავთ, ცივილიზაციის ნაწილი ვართ. რაც შეეხება რუსეთს, იქ იმპერიული აზროვნების ინერცია ძლიერია, მაგრამ თაობათა ცვლილების პარალელურად, იმედია, ცვლილება იქაც იქნება. მანამდე კი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდეს სწორი და პრაგმატული პოლიტიკის გატარება ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

03.06.2018
netgzeti.ge

No comments:

Post a Comment