Monday, December 10, 2018

ქალები ცვლილებებისთვის და რეზოლუცია 1325 – ინტერვიუ ელენე რუსეცკისთან




იმ მცირერიცხოვან, კერძოდ კი ოთხ გამოფენათაგან, რომელიც ნიუ იორკში გაეროს შტაბ–ბინაში საქართველოს მისიის არსებობის განმავლობაში გამართულა, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” (2000) მიერ 2016 წლის მარტში გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მე–60 სესიის ფარგლებში წარმოდგენილი ექსპოზიცია – “პირველი ქალი პარლამენტარები საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში 1919-1921 წლებში” გახლდათ.

საუკუნის წინათ ქართულ პარლამენტში ანა სოლოღაშვილის, ელეონორა ტერ–ფარსიგოვა მახვილაძის, ელისაბედ ბოლქვაძე–ნაკაშიძის, მინადორა ორჯონიკიძე – ტოროშელიძის, ქრისტინე შარაშიძის მოღვაწეობა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს წარმოადგენს. პირდაპირი არჩევის გზით ეს ხუთი ქალი პირველი ქართული პარლამენტის წევრი გახდა, მაშინ როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალები ჯერ კიდევ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ. გაეროში გამართული გამოფენა ხაზს უსვამდა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ტრადიციას. ექსპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის შეხსენება, ერთგვარი “ნიშნის მოგება” იყო მთავრობისთვის, პოლიტიკური პარტიებსა და ამ პროცესებთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის. USAID-ის მხარდაჭერით მისალოც ბარათებად დაბეჭდილი და აკინძული საქართველოს პირველი დამფუძნებელი კრების ისტორიის ეს პატარა ნაკრები, რომელიც “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ გადმომცა და პერიოდულად საქართველოდან მიგზავნის, უკვე თითქმის მესამე წელია სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონცერტზე არაერთხელ დამხმარებია უცნობებისთვის უფრო მეტი მეთქვა, ვიდრე მხოლოდ ის, რომ ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკიდან ვარ, რომელსაც რუსეთი გამუდმებით თავს ესხმის. ელენე და მისი თანამშრომლები წლებია ქალთა თემას მიძღვნილ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში იღებენ მონაწილეობას და თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნის აქტივისტებს უზიარებენ.




ამა წლის ოქტომბრის დასასრულს გაეროში გამართულ GPPAC – 1325 (“ქალთა რეზოლუცია”) კვირეულის ფარგლებში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელიც მონაწილეობდა. ამ დღეებში ქსელის „გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის“ (Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (GPPAC) ორგანიზებით გაიმართა ქსელის წევრ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ფორუმი. ელენე რუსეცკი სამხრეთ კავკასიაში ამ ქსელის წარმომადგენელია. იგი ნიუ იორკში მაღალ დონეზე ჩატარებულ შეხვედრებში ადვოკატირებას უწევდა “სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელს”, რომელიც 2017 წლის ნოემბერში თბილისში “კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ინიციატივით” დაარსდა.

უფრო ადრე კი ანტალიაში კავკასიის რეგიონიდან წარგზავნილი მშვიდობის მშენებელი ქალები სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მათ სამშვიდობო მედიაციასა და ქსელურ მუშაობაში ტრენინგი ჩაუტარდათ. გარდა ამისა ელენე 2017 წელს ხუთი წლით არჩეულია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI)-ის წევრად. კომისია, რომელიც 47 ადამიანისგან შედგება, ევროსაბჭოს რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხების მონიტორინგის კოლეგიური ორგანოა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.




ია მერკვილაძის ფოტო

რატომაა აუცილებელი კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქალთა ჩართულობა? ომს ქალები არ იწყებენ, ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი, თუმცა ომის უარყოფითი შედეგები ყველაზე მეტად ქალებზე აისახება. გაერომ 2017 წელს კონფლიქტურ ზონებში სექსუალური ძალადობის 800–ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა დოკუმენტურად. ესაა 56 პროცენტით მეტი, ვიდრე 2016 წელს; დღევანდელ დღეს გაეროს სამშვიდობო მისიების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალია; ქალები სამხედრო მშვიდობისმყოფელების მხოლოდ ოთხ პროცენტს შეადგენენ და პოლიციელების – ათ პროცენტს. გარდა ამისა, 2018 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი გახდა ორი ადამიანი, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში სექსუალურ ძალადობას ებრძვიან – ერაყელი იეზიდი ქალი ნადია მურადი და კონგოელი კაცი დენის მუკუაგე. ისინი ომის დროს სექსუალურ ძალადობას ამხელდნენ და მსხვერპლთა გამოვლენასა და მათთვის დახმარების ორგანიზებისთვის მუშაობდნენ.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, რომლის სლოგანია „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!“ თანამშრომლობას და დახმარებას სთავაზობს ყველა ქალს, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა ან ბიზნესის წამოწყება დაუსახავს მიზნად; ვინც ძალადობის მსხვერპლია; ან სურს ძალადობასა და გენდერულ უთანასწორობას შეებრძოლოს; ვინც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ახალ გზებს ეძებს; ვისაც უნდა, რომ სხვა ქალები გააძლიეროს და საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოს”. – ამბობს ელენე რუსეცკი.



როგორ გესახებათ ქალთა პოლიტიკით დაინტერესების სტიმულირება?





ელენე რუსეცკი

“ქალთა საინფორმაციო ცენტრი” ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე მუშაობს და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობა; ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ქალების მობილიზება და ეკონომიკური გაძლიერება: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალების უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ჩვენი მოღვაწეობის 18 წლის განმავლობაში “ქალთა საინფორმაციო ცენტრში” მუშაობდნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ქალთა მოძრაობაში საგრძნობი წვლილი შეიტანეს, შეიძინეს დიდი გამოცდილება და დღეს საქმიანობას აგრძელებენ გენდერისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით ყველა დონეზე, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში (სახალხო დამცველი, იუსტიციის სამინისტრო, გაეროს სტრუქტურები და ა.შ.).

ორგანიზაციის სლოგანი იმაზე მეტყველებს, რომ სამშვიდობო ინიციატივებში ქალების ეფექტიანი მონაწილეობა მნიშვნელოვანი შედეგების მომტანია. ნობელის პრემიის ლაურიატი ბერტა ვან ზუტნერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, იმ ქალაქში, ზუგდიდში, რომელშიც ომმა თავისი უარყოფითი კვალი დატოვა; ქალაქში რომელშიც დღეს უამრავი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამიტომ “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ბოლო ინიციატივა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭირა, იყო ქუჩისთვის ნობელის პრემიის ლაურიატის ბერტა ვან ზუტნერის სახელის დარქმევა.



ია მერკვილაძის ფოტო

2014 წელს “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ღონისძიებაზე, რომელიც თვითმმართველობის დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის აუცილებლობას ეხებოდა, მეტი კოორდინაციისა და ძალისხმევისათვის ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვის საქართველოში“ და მას შემდეგ ჯგუფი აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის საკითხებზე მუშაობის მანდატი, გამოცდილება და რესურსები გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებისა და ადვოკატირების კუთხით. ამ ჩვენმა Task Force-მა საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს. ის გულისხმობს ორ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანასა და დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად, კერძოდ კი კვოტირებას.თუმცა 2018 წელსაც პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და ამჯერად ეს უკვე მეექვსე მცდელობა იყო. კანონპროექტის მიღებას კი მხოლოდ ცხრა ხმა დააკლდა.


რა პრობლემებს აწყდებიან ქალები, რომლებსაც პოლიტიკაში ან ბიზნესში წასვლა უნდათ?

სამწუხაროა, რომ ქალებისთვის გარემო შესაბამისი არ არის და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალს სურს მიიღოს აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ უამრავი დაბრკოლება ხვდებათ. რეალურად კი ამდენი ქალის რესურსი ქვეყნის განვითარებისთვის გამოუყენებელია. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მივხვდებით, რომ პრობლემა ქალების განათლებაში არ არის. სტატისტიკურად ქალები უფრო მეტნი ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს, ვიდრე – კაცები. თუმცა შემდგომ ბევრი თავის ცხოვრებას მხოლოდ ოჯახში აგრძელებს და ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება შეუთავსო საზოგადოებრივ – პოლიტიკური ცხოვრება ოჯახს. ქალების უმრავლესობა არსებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე ეგუება ამ ფაქტს და დაგროვილი გამოცდილებისა და განათლების მიუხედავად არარეალიზებული რჩება. არადა ის ოჯახები, სადაც თანასწორობა დაცულია, ბედნიერი ოჯახებია, როცა ოჯახის ყველა წევრს ესმის, რომ არ შეიძლება შეზღუდო ადამიანის თავისუფლება და არ მისცე მას რეალიზების საშუალება. ასეთი ოჯახებიდან ქალები უფრო წარმატებულები არიან და თავს იმკვიდრებენ ყველგან, სახლშიც, საზოგადოებაშიც და პოლიტიკაშიც.
სოფლად, ალბათ, უფრო რთულია ქალთა მობილიზება…

თემთან მუშაობა, ცხადია, ქალების მობილიზებასაც გულისხმობს. ეს საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით სოფლად, სადაც ქალები ურთულეს შრომას ეწევიან, მაგრამ ეკონომიკური ძალიან სუსტები არიან. ხშირ შემთხვევაში მათ საკუთრება არ აქვთ, მათ შორის, არც მიწა. ამდენი პრობლემის, სტერეოტიპებით გაჯერებული საზოგადოების ზეწოლის ფონზე ქალებს უჭირთ არსებული წინააღმდეგობების გადალახვა. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიური გაძლიერება, რაც მათ თავისუფლებას აძლევთ და ოჯახში – უფრო მეტ დაფასებასაც.



არსებობს თქვენი მუშაობის ეფექტიანობის სტატისტიკა?

რაც შეეხება ჩვენს მიერ გაძლიერებული ქალების რაოდენობას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ყველაზე კარგი მაგალითი შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა. ერთი ქალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკრებულოშია, ერთი – გორის მუნიციპალიტეტში. თუმცა არიან ქალები, რომლებიც არ არიან საკრებულოს დეპუტატები, მაგრამ დღეს უკვე დასაქმებულები არიან მუნიციპალიტეტებში. მთავარია ქალებს მივცეთ შანსი, მოტივაცია, ცოდნა და მერე ისინი თავად იპოვიან გზას, თუ სად უნდათ მოღვაწეობა. მთავარია, რომ ქალი რეალიზებული იყოს. ქალს შეიძლება არ უნდოდეს პოლიტიკაში ჩართულობა, სამაგიეროდ ბიზნესში მოსინჯოს თავისი ძალები.

ამას წინათ ვესაუბრე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან ქალს, რომელმაც უამრავი ჩვენი ტრენინგი გაიარა, თავისი თემის ლიდერი გახდა და უკვე დღეს ჩვენ გარეშე, სხვა საშუალებების გამოყენებით ფერმერულ საქმიანობაში გამოცდილების მისაღებად იტალიაში მიემგზავრება. ეს ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ამბავია. არც მე, არც ჩვენი ორგანიზაციის წევრებს, არც მას არასოდეს დაგვავიწყდება მისი პირველი ნაბიჯები. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში სწორედ ამ ახალგაზრდა ქალმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი იყაროს და, ცხადია, თემიც სწორედ მას დაუჭერს მხარს.




ია მერკვილაძის ფოტო






2016 წელს საქართველოში “გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში” თქვენსა და სამუშაო ჯგუფის ინიციატივით ცვლილებები შევიდა. რატომ გახდამათი 

ინიცირება საჭირო და რა შედეგი მიიღეთ?



ჩვენს მიერ შემუშავებული ცვლილებების პროექტი ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობდა. მაგალითად, მუნიციპალიტეტების საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოებს, ხოლო მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნას. და დაიწყო კიდეც მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

ჩვენ შევახსენეთ ადგილობრივ თვითმართველობას, რომ საქართველოს კანონი და საერთაშორისო კონვენცია მათ ავალდებულებს ქალთა ხელშეწყობას და ამ პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების შტო ჩავრთეთ, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტში, აღმასრულებელ დონეზე – გენდერული თანასწორობის უწყებათშორისი საბჭო და ერთიანი ძალებით შევახსენეთ, რომ ეს ვალდებულება აუცილებლად უნდა განხორციელდეს. თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგანაც მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის კუთხით ცოდნის დიდი დეფიციტია. ამიტომ დიდი ძალისხმევა გვჭირდება სწორედ სწავლებაზე, გენდერული მგრძნობელობის გაზრდაზე ადგილობრივი თვითმმართველობებში.

გადაწყვეტილების მიმღებთა დარწმუნება არ არის მარტივი საქმე, მაგრამ შემდგომ, როცა უკვე ამის ნება ჩნდება, იწყება დაკომპლექტების კიდევ უფრო რთული პროცესი. გათვალისწინებული უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპები, გენდერული თანასწორობა, მრავალფეროვნება, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, მოწყვლადი ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სათემო ლიდერები. აი, აქ ხშირად ერთვებიან ჩვენ მიერ მობილიზებული ქალები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ადგილობრივი ქალების პრობლემები. სწორედ მათი რეკომენდაციების საფუძველზე იქმნება სამოქმედო გეგმები. მაგრამ ეს ყველგან ვერ ხერხდება იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ყველა მუნიციპალიტეტში არ არაა არასამთავრობო ორგანიზაცია, არ არიან გამოკვეთილი ლიდერი ქალები. განა იმის გამო, რომ ზოგადად არ არიან, არამედ იმიტომ, რომ მათთვის ლიდერობის შანსი არავის მიუცია. ამ სოფლებში არცერთი პროგრამა განხორციელებულა და შესაბამისად ქალები, როგორც ლიდერები, არ გამოკვეთილან.





რეგიონებში ლიდერი ქალების აღმოჩენა გენდერული პოლიტიკის დეცენტრალიზაციაზეცაა დამოკიდებული… როგორაა ეს შესაძლებელი?

2017-2018 წლებში “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ექსპერტები, დონორების დახმარებით (UNDP და GIZ) აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის პრობლემებიდან/საჭიროებებიდან გამომდინარე ორგანიზაცია კონსულტაციას უწევდა მუნიციპალიტეტებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და ხედვის ჩამოყალიბებაში, თუ რა ღონისძიებები უნდა განახორციელონ მათ პირველ ეტაპზე, რათა დაიწყოს გენდერული პოლიტიკის დეცენტრალიზაცია საქართველოში.

დღეს სამოქმედო გეგმები საქართველოს 65 მუნიციპალიტეტშია შემუშავებული, ხოლო აქედან დოკუმენტი მხოლოდ 40-მა დაამტკიცა. აღნიშნული პროცესი გრძელდება. დოკუმენტები სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების შექმნა; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, პროგრამების და პროექტების დაგეგმა და განხორციელება ქალების და კაცების, ბიჭების და გოგონების საჭიროებების გათვალისწინებით; გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა. გეგმებში გათვალისწინებულია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს.



რა ევალება მუნიციპალიტეტს და რას ვერ ასრულებს?

მუნიციპალიტეტმა თავად უნდა აწარმოოს გენდერული სტატისტიკა და იცოდეს რამდენი ქალი და კაცი ცხოვრობს ასაკობრივ ჭრილში სტატუსის მიხედვით, რამდენი – შშმპ, სოციალურად დაუცველი და ა.შ. რომ პროგრამა და ბიუჯეტი სწორედ მათზე იყოს მორგებული; რომ თითოეულმა ადამიანმა, ოჯახმა, თემმა იგრძნოს, რომ ბიუჯეტი მისია.

პრობლემა კი ისაა, რომ ხშირად ადამიანებმა არც კი იციან, რომ რეალურად არსებობს მათთვის გამოყოფილი რაიმე სახელმწიფო სერვისი. მაგალითად, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს, რა მექანიზმებია მის დასაცავად, სად დარეკოს, ვის მიმართოს. მუნიციპალიტეტმა უნდა იცოდეს და მიაწოდოს თავის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელს ყველა ინფორმაცია სერვისების შესახებ და ამ ინფორმაციის მიწოდების სტრატეგიაც უნდა გააჩნდეს. ეს კი დღეს სერიოზული პრობლემაა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეოება ცხოვრობს, სამოქმედო გეგმები ითვალისწინებს ღონისძიებებს, რომლებიც „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული. სულ რეზოლუცია 1325 საქართველოს 32 მუნიციპალურ გენდერულ თანასწორობის სამოქმედო გეგმაში მოხვდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც კონკრეტული აქტივობები იყოს სამოქმედო გეგმაში, ამიტომ გენდერული თანასწორობის საბჭომ პირველ რიგში უნდა შეისწავლოს ამ ადამიანების საჭიროებები. ეს შესწავლილი არ არის სათანადოდ და ამიტომ, როდესაც საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში, სადაც უსაფრთხო არ არის ცხოვრება, ემატება ყოფითი პრობლემებიც.

მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს აქ მცხოვრებ ადამიანებს და კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს მათ დასაცავად. მაგალითად, უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი თემი მოწესრიგებული საბავშო ბაღით, სკოლით. ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, რომ განვითარდნენ და სოფლები დაცლისგან ვიხსნათ. ეს რესურსი ხომ ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის კუთხითაც. სიძულვილის ენა, მტრის ხატი, რომელიც დღეს ასე მწვავედ დგას, აბრკოლებს სამშვიდობო პროცესებს…

მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს შეეძლოს ასეთი აქტივობების დაფინანსება. საჭიროა ქალთა პოტენციალი კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობაში რეგიონში გამოყენებულ იქნას, თუმცა საკომუნიკაციო პლატფორმები, რესურსები არის ძალიან მწირი. სწორედ ამიტომ შეიქმნა “მედიატორ ქალთა ქსელი”, რომელშიც რეგიონის ქალები არიან გაერთიანებული: ქართველი, აფხაზი, ოსი, აზერბაიჯანელი, სომეხი ქალები. მათი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ცალ-ცალკე ვერ შევცვლით ვერაფერს. ამიტომაა, რომ დღეს, როდესაც უფლებადამცველი თამარ მეარაყიშვილი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება, პროცესებზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ვახდენთ.

ჩვენ, ქალები უნდა ვიყოთ აღიარებული, ჩართულები, ინფორმირებულები, რომ სამშვიდობო პროცესზე, მოლაპარაკებებზე ზეგავლენის მოხდენა შევძლოთ. ეს ცალმხრივად ვერ მოხდება. ამიტომ 19 ნოემბერს ჩატარებულ შეხვედრაში – “ღია კარის დღე” მაღალ დონეზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯიჰან სულტანოღლუმ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეობდნენ ქალები თემებიდან, ქალთა ორგანიზაციები, “მედიატორ ქალთა ქსელის” წარმომადგენლები… ძალიან მნიშვნელოვანი გავლენიანი ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ქალები წლების განმავლობაში მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენენ კონფლიქტის პრევენციასა და მოგვარებაში, განსაკუთრებით, ჩვენ რეგიონში არსებული კონფლიქტების გამო.



როგორაა შესაძლებელი, რომ ქალები უფრო მეტად გააქტიურდნენ ამ პროცესში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ?
ქალები უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკურად, მივაწოდოთ მათ მაქსიმალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე და არაფორმალური განათლებით შევძლოთ მათი ინფორმირებული ჩართულობა არა სტატისტიკისათვის, არამედ – რეალურად, რათა მათ თავის თავზე, თავის თემზე ნახონ როგორ შეიძლება აისახოს მათი კანონიერი უფლებების ადამიანების კეთილდღეობაზე. UN Women-ის ოფისში, ფორუმზე – „ქალები, მშვიდობასა და უსაფრთხოების“ საკითხებზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა განაცხადა: “ქალები მედიატორების მხოლოდ ორ პროცენტს და მომლაპარაკებლების ათ პროცენტს წარმოადგენენ” და ამიტომაც მნიშვნელოვანია “სამხრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელის” წარმოჩენა და ხელშეწყობა.



უკრაინაში აგერ უკვე ოთხი წელია ომი მიმდინარეობს. როგორ ეხმარება “ქალთა საინფორმაციო ცენტრი” უკრაინელ კოლეგებს?

“ქალთა საინფორმაციო ცენტრი” მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველებთან, ქალთა ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს. ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო უკრაინის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებიდან ტყვეების მეუღლეებისთვის გამოხატული მხარდაჭერა მათი ქმრების განთავისუფლებისთვის ბრძოლაში. 2016 წელს, ლოზუნგებით – „მშვიდობა ყველა ოჯახში“ უკრაინის საელჩოს წინ ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით სამშვიდობო აქცია გაიმართა და უკრაინული სიმღერაც შესრულდა. აქცია არ ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს და მისი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ხმის მიწოდება ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვება. ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთი ტყვეს მეუღლემ, ელენე ჟემჩუგოვამ, რომელსაც ორგანიზაცია დაეხმარა, როგორც უკრაინის საელჩოსთან დაკავშირებაში, ასევე აქციის მოწყობაში.

2016 წელს, როდესაც უკრაინაში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მთავრობამ და პარლამენტმა თვითმმართველობებს უფლებები გაუფართოვა, მოუწოდა ტერიტორიულ თემებს (გრომადებს) გაერთიანებისკენ და ადგილებზე სოციალური და ეკონომიკური პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად ფინანსების განკარგვა მიანიჭა, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” სამუშაო ჯგუფი ვიზიტით დონეცკის და ლუგანსკის ოლქებს ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან შეხვედრა, მათი მობილიზაციის და დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართვის ხელშეწყობა, რაც ამ პროცესის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო. გამოცდილების გაზიარების მიზნით, “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგების ციკლი, ყურადღება გაამახვილეს გაეროს რეზოლუცია 1325-ის პუნქტზე, რომელიც ეხება “ქალებს, მშვიდობასა და უსაფრთოებას”. უკრაინელი სტუმრები “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” გამოცდილებით დაინტერესდნენ, ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის შესახებ და განიხილეს ის საერთო ინიციატივები, რისი განხორციელებაც ერთობლივადაა შესაძლებელი სწორედ რეზოლუცია 1325-ის ფარგლებში.

შემდეგ ეტაპპპზე უკრაინელები სამუშაო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდნენ. დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები იყვნენ, ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი მოიარა, ეწვია ქალთა სათემო ცენტრებს, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შეხვდა, მოინახულა სოფლები, რომელიც კონფლიქტის ზონის მახლობლადაა განლაგებული. ამ შეხვედრებმა უკრაინელებს საშუალება მისცა გაეგოთ, როგორ ხდება ქალთა მობილიზაცია რეალურად და დეცენტრალიზაციის პროცესში რა შედეგებია მოსალოდნელი.

26.11.2018
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment