Monday, December 10, 2018

„დედე“ – სვანური ბალადა ამერიკის კინოთეატრებში




ამა წლის ნოემბერში ვაშინგტონისა და ნიუ იორკის, კალიფორნიისა და ჩიკაგოს კინოთეატრებში ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის, “დედეს” (2017) ჩვენება დაიწყო. უშგულში დაბადებული რეჟისორის სვანურ ენაზე გადაღებული ფილმის ჩვენება ამჟამად მიზურის შტატის ქალაქ სანტ ლუისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიმდინარეობას და იგი ინტრეკონფესიონალურ ჯილდოზეცაა წარდგენილი. 17 საერთაშორისო პრიზის მფლობელი “დედე” უკვე ოთხმოც საერთაშორისო კინოფესტივლზე აჩვენეს და დღემდე ჩვენებები ლამის ყველა კონტინენტზე მიმდინარეობს. თბილისში, სამი თვის განმავლობაში, ფილმის წარდგენის პარალელურად მან ევროპის კინოეკრანებიც მოიარა. იგი ერთი თვე უწყვეტად გადიოდა ესპანეთსა და საბერძნეთში. ამჟამად „დედეს“ პრემიერა ჰოლანდიასა და სლოვენიაშია დაგეგმილი.



კადრი ფილმიდან „დედე“

„დედემ“ ვაჟას „სტუმარ–მასპინძლის“ ძირითადი ფაბულა გამახსენა, როცა ერთი ადამიანი თემის ძალასა და გავლენას უპირისპირდება. თუმცა მარიამ ხაჭვანი არ თვლის, რომ „დედე“ ფემინისტური სურათია, არადა ის წინააღმდეგობის გზა, რომელსაც მთავარი გმირი, ახალგაზრდა ქალი დინა [ნათია ვიბლიანი] საკუთარ ოჯახთან, პატრიარქალურ კულტურასთან დაპირისპირებით გადის, მისი პირადი ისტორიის განზოგადების უფლებას გვაძლევს და დრამის არა მხოლოდ ორი ადამიანის სიყვარულის რეალურ თუ რეალურს მიმსგავსებულ ისტორიად აღქმის, რომელიც თოვლიან მთებში არქაული ადათ–წესებისა და ცივილიზაციას მოწყვეტილობის ეგზოტიზაციის ფონზე თამაშდება. იგი უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობისა და ომგამოვლილთა სიმბოლიზმი.



კადრი ფილმიდან „დედე“

დინას ბაბუა მის თანასოფლელ დავითს შვილიშვილს „შეჰპირდება“ – რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ოჯახები უნდა დამოყვრდნენ და დავითმა დინა ცოლად უნდა შეირთოს. ომიდან დაბრუნებული დავითი მშობლიურ სოფელში მეგობართან, გეგისთან [გიორგი ბაბლუანი] ერთად ბრუნდება. დინას საქმროს მეგობარი შეუყვარდება. სვანური ბალადა ერთი ქალის, სამი კაცისა და საუკუნოვანი ტრადიციის თანაარსებობის სევდიანი ამბავია და ის, რომ „დედე” ვაშინგტონში ფესტივალზე სექციის – „ფილმები საზღვრების გარეშე – ქალების ისტორიები“ აჩვენეს, ჩემი აზრით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ რეჟისორი ქალია; არამედ იმიტომაც, რომ მთავარი გმირი – ერთგვარი ჯოყოლაა და არა მხოლოდ საფლავზე მომტირალი, სასოწარკვეთისგან თვითმკვლელი აღაზა. ფილმის თეთრი, შავი და მორუხო ფერები, თოვლის უსასრულო ველები აქა–იქ ამოსული რუხი კოშკებით მიტოვებულობის და ჩაკარგულობის განცდას ბადებს, სადაც თითქოს ყველაფერი საუკუნოებრივი წეს–წყობილებით განგებით უნდა ხდებოდეს. რეჟისორი ამბობს, რომ გადაღების პროცესში არც დაფიქრებულა თუ როგორი იქნებოდა ფილმის ფერები.

„დედე“, რომელშიც მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობი თამაშობს, ასევე წარდგენილია „აზიის ოსკარზე“, კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა. ფილმის არსენალშია: კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის პრიზი, ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრი, ბუდაპეშტის კინოფონდიდან რეჟისორის შემდეგი პროექტის მხარდაჭერა, ბათუმის საავტორო ფილმების კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებლის პრიზი, ტოფიფესტის კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის პრიზი, ხოლო როცა სან-პაულოს კინოფესტივალისთვის შერჩეული 135 ფილმიდან ჟიურიმ მაყურებელს 14 ფილმის შერჩევა სთხოვა, საუკეთესოთა რიცხვში „დედეც“ აღმოჩნდა.



მარიამ ხაჭვანი

ფილმის რეჟისორი მარიამ ხაჭვანი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-კინო სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მან ტრენინგები გაიარა და მონაწილეობდა „ბერლინალეს“ კინოფესტივალის ტალანტებში, ასევე სანდენსის კინოინსტიტუტის სცენარისტების ლაბორატორიაში, კანის კინოფესტივალის Cinefondation-ში, ლოკარნოს კინოფესტივალის აკადემიის კინოოსტატობის ღონისძიებებში.

„ძალინ მინდოდა ერთი სინტერესო ფილმი ჩემი კუთხის, სვანეთის შესახებ გადამეღო. „დედეს“ წელიწადის სხვადასხვა დროს, დაახლოებით ერთი წელი ვიღებდი. თითქმის ყველა მსახიობი ჩემმა დამ, თამუნა ხაჭვანმა შეარჩია“,– მიყვება რეჟისორი.



რა გიშლიდათ ხელს გადაღებებისას და რა – გეხმარებოდათ?

არაპროფესიონალებთან მუშაობას ჰქონდა ერთი დიდი დადებითი მხარე – ბუნებრივები იყვნენ და მე ვიცოდი თუ როგორ მემუშავა მათთან. ურყოფითი კი ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში მიწევდა მათი გამოცვლა, ვინაიდან მათ ხანდახან გადაღებაზე მობრუნება ეზარებოდათ.

ასე ვთქვათ, თემთან დაპირისპირება, ინდივიდუალური უფლებები არაა ახალი თემა ქართული რეალობისთვის. რატომ გადაწყვიტეთ ამ თემის „გაღვიძება“?

როდესაც ამ ფილმის გადაღება გადავწყვიტე, არც კი მიფიქრია თემთან დაპირისპირება ამჟამად აქტუალური საკითხი თუ იქნებოდა და იყო თუ არა მსგავსი ფილმები. თუმცა ვთვლი რომ „დედე“ მართლაც განსხვავებულია.



სვანეთზე ზოგადად არსებობს სტერეოტიპული შეხედულებები [მხოლოდ ანეკდოტებს არ ვგულისხმობ]. „დედე“ რამდენად ანგრევს ან ამყარებს ამ სტერეოტიპებს და ზოგადად, ვალდებულია მხატვრული ჟანრი სტერეოტიპებზე ფიქრობდეს?

არა, არ უნდა ფიქრობდეს. მე ვარ სვანეთზე და სვანებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, შესამისად არც კი მივფიქრია, რომ ჩემს ნამუშევარს ამ კუთხით უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი დადებითი ტრადიციები უარყოფითთან ერთად ობიექტურად მეჩვენებინა. და თუ ვაჩვენებ უარყოფითს, იმასაც ვხსნი, თუ რამ გამოიწვია ეს. ანუ ჩემთვის გმირი და ანტიგმირი არ არსებობს. ვფიქრობ, ვისაც ცხოვრებაზე ჩამოყალიბებული ხედვა აქვს, მან სწორად დაინახა ფილმი და მოეწონა. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც ვისაც არ მოეწონა, მაგრამ, მე როგორც ვიცი, 98 პროცენტს „დედე“ მოეწონა, რაც სასიხარულოა. ჩემი აზრით, „დედე“ არცერთ ფილმს არ ჰგავს და მაყურებელმა ამიტომაც შეიყვარა იგი.

08.11.2018
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment