ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი ეკატერინე ფირცხალავა დიდი ხანია მუსლიმი მესხების პრობლემატიკაზე მუშაობს. იგი ამ საკითხის საკვლევად აშშ–ში მცხოვრებ მუსლიმ მესხებთან შესახვედრად რამდენჯერმე ჩამოვიდა და სამეცნიერო სტატიაც მოამზადა. ეკატერინე ფირცხალავას მეცნიერული ინტერესის სფერო ინტერდისციპლინარულია და ძირითადად მიგრაციას, მის გენდერულ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და კულტურულ ასპექტებს უკავშირდება.
ევროსაბჭოში ჩვენი მიღების ერთ–ერთი პირობა გახლდათ სწორედ მუსლიმი მესხების რეპატრიაცია, რასაც საქართველოში არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
მესხთა დეპორტირების ფაქტი საქართველოს ისტორიის ნაწილია, მუსლიმი მესხების საკითხი პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალურია საქართველოსთვის, რამდენადაც საქართველომ 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე ვალდებულება აიღო, რომ სამშობლოდან უსამართლოდ გასახლებულ მუსლიმ მესხებს უკან დააბრუნებდა. ამ ვალდებულების ასახვაა 2007 წელს მიღებული კანონი დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ, რომელიც ძალაში მხოლოდ 2012 წელს შევიდა და გულისხმობს საქართველოში სამშობლოში დაბრუნების მსურველი დეპორტირებული მუსლიმი მესხების რეპატრიაციას.
რაა აუცილებელი, რომ ვიცოდეთ მუსლიმი მესხების შესახებ?
XX საუკუნის 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინის პოლიტიკის გავლენით, რომელიც გულისხმობდა “არასანდო ადამიანებისგან” საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრების გაწმენდას, მესხეთის მოსახლეობა, უმრავლესად თურქულად მოლაპარაკე მუსლიმები გაასახლეს შუა აზიის ქვეყნებში: ყირგიზეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.
მუსლიმი მესხების უმრავლესობა (არაქართულ სამეცნიერო წყაროებში ხშირად მოიხსენიება, როგორც „თურქი მესხები“), ქართული ისტორიული წყაროების თანახმად ეთნიკური ქართველია. მესხები თითქმის სამი (VI-VIII) საუკუნის განმავლობაში ოტომანთა იმპერიის ბატონობის ქვეშ ცხოვრობდნენ, რაც აისახა კიდეც მათ ყოფაზე, რელიგიასა და ენაზე.
დეპორტაციაში ხანგრძლივად მცხოვრებ მუსლიმ მესხებს სხვადასხვა დროს ჰქონდათ რეპატრიაციის მცდელობები. პირველი ტალღა XX საუკუნის 70-იან წლებს მიეკუთვნება, მაშინ მათი რეპატრიაცია დასავლეთ საქართველოში – სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში მოხდა. გასული საუკუნის 80-იან წლებში მათი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა და უკვე 30 წელზე მეტია, ცხოვრობს სამტრედიასა და ოზურგეთში. ამას გარდა თვითდინებით ჩამოსული მუსლიმი მესხები ასევე ცხოვრობენ ახალციხის რაიონში, ხოლო მცირე ნაწილი თბილისში, რომელიც უფრო მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა.
დღეის მონაცემებით, მუსლიმი მესხები ცხოვრობენ ძალიან გაფანტულად: ნაწილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე – ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. უზბეკეთში, ფერგანის 1989 წლის კონფლიქტის შემდეგ ისინი იძულებული იყვნენ იქაურობა დაეტოვებინათ. მუსლიმი მესხების ჯგუფი ორ ნაწილად დაიყო: ერთი წავიდა აზერბაიჯანში, სადაც დღემდე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი უზბეკეთიდან გადავიდა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, საიდანაც ისინი საბჭოთა კაშირის დაშლის შემდეგ ოცი წელი რუსეთის პასპორტისა და მოქალაქეობის გარეშე ცხოვრობდნენ.
როგორ აღმოჩნდნენ ისინი აშშ–ში?
რეპატრიაციის კანონის არარსებობის გამო 2005 წელს მუსლიმი მესხების ქართული ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ლტოლვილის სტატუსით საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
დეპორტაციის შედეგად მუსლიმი მესხები აღმოჩნდნენ განსხვავებულ სოციო–კულტურულ პირობებში, ასე ვთქვათ, იძულებით არსებობის წინაშე. მიგრანტების ცხოვრების ნორმალიზებისთვის ინტეგრაციის გზა საუკეთესო საშუალებაა. ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებს კი მიეკუთვნება: ინდივიდის უნარები ახალი ენისა და კულტურის შესასწავლად, დომინანტური და პირველადი კულტურების ღირებულებათა მეტ-ნაკლები არაწინააღმდეგობრიობა, საზოგადოების გახსნილობა ახალ წევრთა მიმღებლობისადმი, ტოლერანტობა და სხვა.
აშშ–ში რამდენი მუსლიმი მესხი ცხოვრობს?
2006 წლის ივნისის მონაცემებით აშშ–ის 33 შტატსა და კოლუმბიის ოლქში დაახლოებით ცხრა ათასი მუსლიმი მესხი ცხოვრობს. მაგალითად, პენსილვანიაში – 785, ჯორჯიაში – 623, ილინოისში – 508 , არიზონაში – 497, კოლორადოში– 365, ნიუ იორკში – 334.
რატომ დაინტერესდით მუსლიმი მესხებით და როგორ მიმდინარეობდა მათი კვლევა აშშ–ში?
1999 წლიდან მუსლიმი მესხების საკითხთან დაკავშირებულ კვლევებში ვარ ჩართული. “საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ განხორციელებულ ერთ–ერთ კვლევაში როგორც ინტერვიუერმა მონაწილეობა მივიღე და ინტერესი სწორედ ამ პერიოდში გამიჩნდა. 2004 წელს ვმონაწილეობდი “ევროპის მცირე ერების შესწავლის ცენტრის” (ECMI) მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან კვლევაში, სადაც ვმუშაობდი, როგორც ჩართული დამკვირვებელი (“საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის” თანამშრომელი). კვლევა განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერების: ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ანთროპოლოგებისა და ეთნოგრაფების მონაწილეობით. მე ორი თვე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ვცხოვრობდი და ჩართულ დაკვირვებას ვაწარმოებდი. გამოკვლეულ იქნა ასევე სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში ე.წ. IX უბანში მცხოვრები მესხებიც. ამ დიდი კვლევის საფუძველზე, რომელიც ცხრა ქვეყანაში (მათ შორის, ევროპის ქვეყნებში; ასევე ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში) ჩატარდა, 2007–ში ინგლისურად და რუსულად ანთროპოლოგ ტომ ტრიერისა და სოციოლოგ ანდრეი ხანჟინის რედაქტორობით დაიბეჭდა წიგნი “თურქი მესხების ინტეგრაცია, რეპატრიაცია და ემიგრაცია”. მისი ერთ–ერთი ქვეთავია საქართველოში მესხების მთავარი მკვლევარის, ნანა სუმბაძის ავტორობით დაწერილი „მუსლიმი მესხები” და იგი საქართველოდან განდევნილ მესხებზე მოგვითხრობს.
2005 წელს “ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს” მხარდაჭერით ისტორიკოს კოლეგებთან ერთად ჩავატარეთ კვლევა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ქალების ისტორიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად მუსლიმი მესხების საკითხების კვლევას ისახავდა. 2012 წელს ვიყავი რადგერსის უნივერსიტეტში (ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი) “კარნეგის ფონდის” სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც აშშ-სა და საქართველოში მუსლიმი მესხების ადაპტაცია – ინტეგრაციის პროცესის შესწავლას ეხებოდა, ვიყავი იმ დროისთვის ყველაზე მეტი მუსლიმი მესხებით დასახლებული პენსილვანიის შტატის ქალაქებში – ლანკასტერსა და ფილადელფიაში. ვცხოვრობდი კვლევის ერთ–ერთი მონაწილის ოჯახში, რათა მათი ამერიკული ცხოვრება უფრო ახლოდან გამეცნო. მოგვიანებით 2014 წელს კვლევა განვაგრძე “ღია საზოგადოების” ნიუ იორკის ოფისის მხარდაჭერით ფაკულტეტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ურბანა შემპეინის უნივერსიტეტში (ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ამ ჯერზე ილიონისის შტატში, ჩიკაგოსა და ავრორაში მცხოვრებ მუსლიმ მესხებს შევხვდი.
რა იყო კვლევის მიზანი?
კვლევის მიზანი იყო შემესწავლა თუ რამდენად არიან მუსლიმი მესხები ადაპტირებული იმ გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ; რა გავლენას ახდენს ახალი გარემო მათ ცხოვრებაზე, მათ ყოველდღიურობაზე, მათ წეს–ჩვეულებებზე, რელიგიურობაზე, ოჯახის სტრუქტურაზე; ოჯახში ფუნქციების გადანაწილებაზე, ოჯახის შექმნის ტრადიციაზე. გარდა ამისა ვცადე დეპორტირებული მოსახლეობის იდენტობის სტრატეგიების კვლევა, თუ როგორ ინარჩუნებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმი მესხები თავიანთ იდენტობას და როგორ ინტეგრირდებიან აშშ–ში; იქონია თუ არა გავლენა კულტურული გარემოს შეცვლამ მათ ოჯახურ ცხოვრებაზე, დამოკიდებულებებზე.
გქონდათ თუ არა ურთიერთობა იმათთან, ვინც მუსლიმ მესხთა პრობლემებზე მუშაობს?
რასაკვირველია, თითქმის ყველას, ვინ ECMI –ის კვლევაში მონაწილეობდა, ვიცნობ. ცხადია, აშშ–ში მცხოვრებ მუსლიმი მესხების მკვლევარებსაც ვიცნობ. კოლუმბიის უნივერსიტეტის ASN –ის („ეროვნებათა კვლევის ასოციაცია”) ყოველწლიურ კონფერენციაზე ნიუ იორკის უნივერსიტეტის დოქტორს, ანთროპოლოგ ლიზა კორიუჩკინას ვხვდები; ვიცნობ თურქეთში მცხოვრები მუსლიმი მესხების მკვლევარს, ანკარის უნივერსიტეტის პროფესორს, აიშეგულ აიდეგუნს და სხვებს. სტატიის წერის დროს გავეცანი ამ თემაზე ამერიკაში განხორციელებულ სამეცნიერო კვლევებს, დისერტაციებსა და თეზისებს.
რა აღმოაჩინეთ კვლევის შედეგად?
აშშ-ში ყოფნისას მუსლიმი მესხების ოჯახის შექმნის ტრადიციამ ცვლილება განიცადა და ამაში დიდი როლი ინტერნეტმა ითამაშა. შეიცვალა გენდერული როლები, ნუკლეარულ ოჯახებში შრომა განაწილებულია ცოლსა და ქმარს შორის. შესაძლებლობის მიხედვით ზოგს ორი მანქანა აქვს, ცოლს ცალკე და ქმარს ცალკე; ოჯახებში, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობს, ოჯახის რძალი ცდილობს პატივისცემის გამოსახატავად თავსაბურავი ატაროს, ხოლო როცა სამსახურში მიდის – თავსაბურავს იხსნის. ქალებმა ინგლისური ენა უფრო კარგად იციან, ვიდრე მამაკაცებმა, რადგან ახალჩასულმა მუსლიმმა მესხებმა სამუშაო მოძებნეს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასულ მოქალაქეებთან; შემდეგ კი სატვირთო მანქანების მძღოლები გახდნენ, სადაც შემოსავალი მეტია, მარგამ კომუნიკაცია – მწირი. ქალებს კი უწევდათ სუპერმარკეტებში, ბოსტნეულის დასახარისხებელ განყოფილებებში, კაფეებში მუშაობა, სადაც კომუნიკაციის საშუალება უფრო მეტია.
აშშ-ში დიდი ყურადღება ეთმობა ქალების განათლებას. ადრე მუსლიმი მესხების ოჯახში ასე არ იყო. მაგალითად, 2004 წლის გამოკითხვით, საქართველოში მცხოვრები მუსლიმ მესხ მამაკაცთა უმრავლესობა თვლიდა, რომ ქალისთვის საკმარისია გამრავლების ტაბულის ცოდნა, წერა – კითხვა კი რა საჭიროა ან რვა კლასის განათლებაც სავსებით საკმარისია. ამერიკაში მცხოვრები მუსლიმი მესხებისთვის ასე არ არის, რაც ჩემი აზრით, არსებულმა გარემომ განაპირობა. ხშირად ქალი მუსლიმი მესხები ექთნის პროფესიას ეუფლებიან, რომელიც კარგ სამედიცინო დაზღვევასაც მოიცავს. მშობლები ცდილობენ, რომ ქალიშვილს სპეციალობა ჰქონდეს, უმაღლესი განათლება მიიღოს და ამისთვის ყველაფერს ეკეთებენ, კერძოდ კი, მთელი ოჯახი სწავლის გადასახადს ერთად იხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ–ში მათ განათლებაში ინვესტირების მნიშვნელობა გაითავისეს.
მუსლიმი მესხების ოჯახი აშშ–ში
ცხადია, მათი იდენტობის აღქმამაც ცვლილება განიცადა…
რაც შეეხება მესხების იდენტობას: როგორც მეცნიერები ამბობენ, სახეზეა “ადგილის იდენტობა”. მესხები ამბობენ, რომ არც ქართველები არიან და არც “თურქი მესები” და არც თურქები. მათ უკვე ახალი იდენტობა აქვთ. “აჰიცხა” “თურქად” მოხსენიებას ნიშნავს და “ახალციხელ თურქებს” ნიშნავს. თუმცა ამ სახელების განმარტება მათთვის სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მესხების განათლებაზე. ნაწილმა არ იცის, რომ ახალციხე თურქეთი არაა, რომ შესაძლებელია ადიგენიდან, ვალედან, აბასთუმნიდან იყვნენ მათი წინაპრები, მაგრამ რატომ ჰქვია ქალაქს ახალციხე, ამაზე არ უფიქრიათ და არ იციან.
აშშ–ში კვლევა, ალბათ, რაოდენობივ მაჩვენებლზე არ იყო ორიენტირებული.
აშშ–ში კვლევა თვისობრივი იყო. რთულია იყო ასეთ პირობებში რაოდენობრივი კვლევის ჩატარება. კვლევის მეთოდოლოგია გახლდათ სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდი, ისე, როგორც ეს ამერიკულ უნივერსიტეტებში ხდება. კვლევის ჩატარების უფლება ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ეთიკურმა კომიტეტმა (Institutional Review Board) მომცა, რომელიც თავისთავად მონაცემების ანონიმურობას აკონტროლებს. კვლევისას მიღებული მონაცემების საფუძველზე რამდენიმე სტატია დაიბეჭდა სხვადასხვა დროს სხვადასხვა აკადემიურ ჟურნალში, როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ. გარდა ამისა მუსლიმი მესხების კვლევასთან დაკავშირებით არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაშიც მივიღე მონაწილეობა.
მუსლიმმა მესხებმა რა იციან საკუთარი წარმომავლობის შესახებ?
მუსლიმი მესხების უმრავლესობამ ისტორია მათი თემის „უფროსების“ მიერ მოყოლილით იცის. მათ საკუთარი გვარების შესახებაც ცოტა რამ იციან. თუნდაც ის, თუ რა გვარებისა იყვნენ დეპორტაციამდე. როგორც ცნობილია, მათი დეპორტაციის შემდეგ ადგილზე რეგისტრაციის დროს მესხებს სხვადასხვა გვარებს აძლევდნენ იმისდა მიხედვით თუ მამას რა ერქვა. თუ მამას ასლანი ერქვა, შვილი ასლანოვად იწერებოდა და ამის გამო ბაბუას, შვილსა და შვილიშვილს შესაძლებელია სხვადასხვა გვარი ჰქონოდათ. ამიტომაც დღეს მათი უმრავლესობა სწორედ ამ გვარებს ატარებს. მხოლოდ ძალიან ცოტას აქვს ქართული გვარი. ახალგაზრდობამ იცის მხოლოდ ის, რასაც მათი მშობლები უყვებიან. ზოგიერთს კი წარსული არც აინტერესებს. მაგალითად, 18 წლის ახალგაზრდა ბიჭს რომ ვკითხე რომელი სოფლიდან იყო, სოფელი ზუსტად იცოდა, მაგრამ როცა ვკითხე ქართული გვარი ჰქონდათ თუ არა, მან თქვა, რომ მათ ქართული გვარი არ ჰქონდათ, არადა დღის ბოლოს ბებიამ მითხრა, რომ გვარად მგელაძეები იყვნენ.
კიდევ ერთი ისტორია მახსოვს: ილინოისში მითხრეს, რომ ერთი ბაბუის შვილებს, რომლებსაც არაქართული გვარი ჰქონდათ, მამიდა გვარად “კავკაზი” იყო , ხოლო ბიძა – “ჯაყელი” და პირველი კითხვა, რომელიც ამ ოჯახში დამისვეს ასეთი იყო: იყო თუ არა საქართველოში სოფელი ჯაყეთი. როცა ვიკითხე, თუ რატომ მეკითხებოდნენ, მითხრეს რომ ერთ–ერთ ძმას ეს გვარი აქვს და, როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ სოფელს ჯაყეთი ერქვა.
კვლევაში რა გიშლიდათ ხელს და რა გეხმარებოდათ?
მკვლევარები ამას „კვლევის შეზღუდვას“ ვუწოდებთ. ხელს მიწყობდა და ამავდროულად, მიშლიდა კიდეც ის, რომ საქართველოს მოქალაქე ქართველი ვიყავი. ამიტომაც ადვილად მთანხმდებოდნენ შეხვედრაზე და თან უფრო ის აინტერესებდათ, როგორია საქართველოში მცხოვრები ადამიანების, მათ შორის, მათ ნასახლარზე მცხოვრებთა დამოკიდებულება მესხების მიმართ; როდის შეძლებენ დაბრუნებას. ამავე დროს ხელს მიშლიდა სწორედაც რომ ქართველობა… მგონი, ბოლომდე გულწრფელები სწორედ ამიტომაც არ იყვნენ.
ეკატერინე ფირცხალავა
კვლევის შედეგად მიღებულ ზოგად სურათს როგორ დაახასიათებდით ?
წამყვანი მკვლევრის მიერ მომზადებული ანგარიშის (Sumbadze, 2007) მიხედვით, 2004 წელს მუსლიმი მესხების კომპაქტურად ჩასახლების გამო მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის პროცესი პრობლემური საკითხი იყო. მათი დასახლება ორივეგან წარმოადგენდა ნახევრად დახურულ საზოგადოებას, რომელიც გარემოსთან კონტაქტს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში ამყარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მესხები როგორც ოზურგეთში, ასევე სამტრედიაში უკვე კარგა ხანია ცხოვრობდნენ, ახალგაზრდობის ინტეგრაციის პროცესიც არ იყო სახარბიელო. ისინი უკვე ადგილობრივ მაცხოვრებელებად თვლიდნენ საკუთარ თავს, რადგანაც მათი უმრავლესობა საქართველოში დაიბადა და სწავლობდა ქართულ სკოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იყო გარკვეული პრობლემები ადგილობრივ თემთან ინტეგრაციის პროცესში. რაც შეეხება “სხვებს” ანუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მათ მიერ მესხების შეფასებები არაერთგვაროვანი იყო.
მესხების განათლების დონე პრობლემას წარმოადგენდა იმდენად, რამდენადაც მესხების დასახლებაში ერთი ან ორი ქართულის ენის მცოდნე ადგენდა საჭირო დოკუმენტებს, წერდა განცხადებებს ან წერილებს. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელებმაც უმაღლესი განათლება უკვე საქართველოში მიიღეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია იყო შვილებს შორის განათლების მიღების გენდერული ასპექტი. კერძოდ, ძალზე ცოტა მოიძებნებოდა საშუალო განათლება მიღებული გოგონა, რადგანაც ამ საზოგადოებაში ითვლებოდა, რომ ქალისათვის საკმარისია წერა – კითხვის და ანგარიშის ცოდნა, რადგანაც მისი მთავარი საქმე ოჯახში შრომაა.
netgazeti,.ge
No comments:
Post a Comment