Tuesday, September 18, 2012

დემიენ ჰერსტი – მორგის გვამებიდან ფერად წერტილებამდე






გუშინ გაგოსიანის მსოფლიოში მიმოფანტულ 11 გალერეაში რამდენიმე თვით ადრე საყოველთაოდ ანონსირებული ფერადი წერტილების გამოფენა დიდის პომპით გაიხსნა. ფერადი წერტილები კი დემიენ ჰერსტისაა და მათ დაბადებიდან 25 წელი შეუსრულდათ. ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, რომში, ჟენევაში, ლონდონში, პარიზში, ჰონგ–კონგსა და ათენში განლაგებულ გაგოსიანის გალერეებში ჰერსტის 331 ტილო სერიიდან „დემიან ჰერსტის წერტილების დასრულებული ნახატები 1986–2011“ აჩვენეს. ლონდონი უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც ჩათვალეს, რომ ცნობილ ბრიტანელ მხატვარს, ეპატაჟისტს, კოლექციონერსა და მილიონერს, წესით, ეს ერთ–ერთი ყველაზე კომერციული, ინტერნაციონალურ - გლობალიზაციური საგამოფენო პროექტისთვის სწორედაც რომ სამშობლოში უნდა ემასპინძლა. სხვათა შორის, ხელოვნების ისტორიაში ეს პირველი ამგვარი მასშტაბური გამოფენაა, როცა ერთი მხატვარი ერთი და იგივე დროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გამოიფინება. თანაც … წერტილებით. ჰერსტმა ლონდონზე უარი განაცხადა და ამბობენ, სწორედ გასხნის დღეს სამშობლოდან შორს, ოკეანგადაღმა გამოცხადდაო. გამოფენისთვის ჰერსტის წერტილები გაგოსიანის გალერეებში მსოფლიოს 20 ქვეყნის კერძო კოლექციებიდან თუ საგამოფენო დარბაზებიდან ჩაფრინდნენ.


ჰერსტის ტილოებზე წერტილები სხვადასხვა რაოდენობის, ფორმისა და ზომისაა. აი, მაგალითად, 2011 წელს დახატული ტილო 25 781 ცალი ერთმილიმატრიანი დიამეტრის წერტილებისაგან შედგება და ... ყველა წერტილი განსხვავებული ფერისაა. ჰერსტი ამბობს, რომ მას ფერი ძალიან უყვარს, ფერის ფანატიკოსია; რომ ახალი ფერის შექმნის ექსპერიმენტები ფერის სიხარულს აგრძნობინებს. „თითოეული ფერადი წერტილი ჩემი თვალისგან, ჩემი ხელისგან და ჩემი გულისგან შედგებაო“... მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თითოეული მისი ნახატი ავთენტურია, რომ ამ 331 ტილოს წვრილ–მსხვილ წერტილებში მისი ხელი ყველგან „ურევია“. ნახატების უმეტესობა ჰერსტის მითითებით მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, იგივე ასისტენტებს დაუხატავთ, მაესტროს კი მითითება ტელეფონით მიუცია... გამოდის, რომ ამგვარ „ნაბრძანებ“ წერტილებშიც ჰერსტის თვალი და ხელია ურევია, ოღონდ კავშირგაბმულობაგამოვლილი. გულზე კი, რა მოგახსენოთ... თუმცა მხატვარი ამბობს, რომ პირადად მისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია საკუთარი ხელით შექმნილი, მაგრამ კონვეირულ–ასისტენტური წესით გამოყვანილ წერტილებსაც „პირადი ნახატების“ თანასწორად თვლის და საერთოდაც, დამხმარის ყოლა არასოდეს ყოფილა ჩემთვის პრობლემაო... აკი, თავად ამბობს კიდეც რომ „ჰერსტი ბრენდის სახელწოდებააო“. რადგანაც გაირკვა, რომ მის მაგივრად ასისტენტები ხატავენ, სამარჩიელოდ ერთი რამ რჩება: ერთ ტილოზე დატანილ უამრავ წერტილებს შორის რომელია სწორედ ჰერსტის ხელის? ამბობენ, ერთ–ერთ ტილოზე 1400 ფერადი წერტილიდან მისი მხოლოდ ხუთიაო... ამ ნახატზეც ხანგრძლივი დაკვირვებითაც ვერ გაიგებ რომელი წერტილია მისი ან არამისი ან რომელი ფერია მისი და არამისი? წერტილი, მითუმეტეს ამდენი, თანაც მწყობრად, ხალიჩად „ერთად შეყრილი“ იმდენად ორდინალურია და ერთი მთლიანი სიბრტყისა თუ სივრცის შთაბეჭდიელბას ქმნის, რომ საავტორო თუ არასაავტორო ხელწერა არსად ჩანს. ყოველ შემთხვევაში, შეუიარაღებლი თვალით... დემიანს დღემდე აღიზიანებს კითხვა იმის თაობაზე, რომ თუ იგი ამ წერტილების შექმნაში მინიმალურად მონაწილეობს, ტილოს რატომღა აწერს თავის სახელსა და გვარს? რაზეც მხატვარს დიდი არქიტექტორების მაგალითი მოჰყავს, რომლებიც შენობის მშენებლობაში მონაწილეობას არ ღებულობენ, მაგრამ გეგმავენ; ნაგებობას კი სხვები აშენებენ, მაგრამ უკვე დასრულებული მშენებლობა ხომ სწორედ მხოლოდ არქიტექტორის სახელთან ასოცირდება.



46 წლის დემიან ჰერსტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული მხატვარი – კოცეპტუალისტია, რომელიც იმითაცაა ცნობილი, რომ დიდი ხნის განმავლობაში მას არც ერთი სამხატვრო სასწავლო დაწესებულება არ ღებულობდა. 1986 წელს ბოლოს და ბოლოს იგი გოლდსმითის კოლეჯში ჩაირიცხა და სწორედ იმ წელს დაიწყო თავისი წერტილების „პროდუცირება“. შემდგომ კი ერთ–ერთ გამოფენაზე თავისი ნამუშევარი „ათასი წელი“ გამოფინა, რომელიც მინის კონტეინერში მოთავსებულ ძროხის თავსა და ბუზებს შეიცავდა. მას შემგომშიც არა ერთხელ გამოუყენებია მკვდარი ცხოველის მთლიანი თუ დანაწევრებული სხეული, რითაც ცხოველთა უფლებების დამცველების რისხვა დაუმსახურებია. მისი ყველაზე ცნობილი „ნეკროფილური“ შედევრი გახლავთ მინის „აკვარიუმში“, ფორმალდეჰიდში მცურავი გიგანტური ზვიგენის სხეული. ინსტალაციის სახელწოდებაა „ცოცხალის ცნობიერებაში სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა“. ეს ზვიგენი 1990 – იანებში ბრიტანული და არა მარტო ბრიტანული ხელოვნების ერთგვარი სიმბოლოც გახდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოველის გვამმა სუნი გაუშვა, საჭირო გახდა ძველის ახალი ზვიგენით შეცვლა, რაც კრიტიკოსებმა ინსტალაციის ავთენტურობის დარღვევად მიიჩნიეს.

ჰერსტი თავისი სამხატვრო კარიერის დასაწყისში მორგებში დადიოდა და ჩანახატებს იქ აკეთებდა. მისი სკანდალურად ცნობილი „სასიკვდილო“ თემაც გვამს, უფრო სწორედ, ჩონჩხს, უფრო სწორედ, თავის ქალს ეხება. ჰერსტმა წინა სამი საუკუნის განმავლობაში მცხოვრები ევროპელის თავის ქალას ასლი გააკეთა, რომელსაც ნადვილი კბილები ჩაუსვა, კბილების გარდა კი 8 601 ცალი „ძვირფასი წერტილიც“ ანუ ბრილიანტი (1 100 კარატი). ქალას ღირებულება 50 მილიონი ევროა და მას „ღვთის სიყვარულისთვის“ ჰქვია.

თავისი სკანდალური ცხოვრების წესით, ნარკოტიკებით, ალკოჰოლითა და მინის "აკვარიუმებში" მოთავსებული აყროლებული ცხოველების ნაკუწების საშუალებით დემიან ჰერსტმა გლამურული ცხოვრების ექსცენტრიკის სახელი დაიმკვიდრა. ერთხელ საჯაროდ იძულებული იყო ბოდიშიც მოეხადა, რადგან 11 სექტემბრის ტერაქტი, რომლის დროს 3000 – ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხელოვნების შედევრს შეადარა. არაერთხელ პლაგიატშიც დაუდანაშაულებიათ, მაგრამ პირიქით, ეს ყველაფერი მის ბიზნესს მხოლოდ და მხოლოდ გამამდიდრებელ წყალს ასხამს.

shokoladi.ge
იანვარი 17, 2012

No comments:

Post a Comment