Tuesday, September 18, 2012

დამწვარი პატარძლები და შირინ ნეშათის „ალაჰის ქალები“




ნიუ იორკის ფერადოვანი ზაფხულის აუტანელ სიცხესა და ტენიანობაში მოლივლივე ქალაქის ნახევრად შიშველი სხეულების გამოფენად გადაქცევა ქსოვილების შავ–თეთრ კონტრასტს განსაკუთრებულად სადო–მაზოხისტურს ხდის: თეთრ, უმკლავო მაისურში, ტილოს თეთრ შორტებსა და თეთრ ფლოსტებში გამოწყობილი, თეთრი ფერის მობილურ ტელეფონზე გამუდმებით ხმამაღლა მოსაუბრე მამაკაცი და შავ „ციხის უნიფორმა“ – ბურკა–ჩადრში შემოსილი მდუმარე ცოლები. ისინი ჩემს მეზობლად ცხოვრობენ. სადარბაზოს კარი კაცმა გააღო, ფეხით დაიჭირა და ეს ქალები, ისლამური ფანატიზმის შვიდი უტყვი „დოკუმენტი“ რიგ–რიგობით, სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა. არა, უფრო სწორედ – შემოცურდა. მათი ნაბიჯების ხმა არასოდეს ისმის. აი, ისე, როგორც ჩემი კარების ქვეშ სარეკლამო ბუკლეტს რომ შემოაცურებენ ხოლმე. კარზე არც დარეკავენ და არც დააკაკუნებენ... მე ვიდექი და ვითვლიდი. შვიდნი იყვნენ. შავ საფარველს მიღმა მათი სახეების გარჩევას ვცდილობ. რა მუქი შავია ეს „პირბადე“ და რა უღმერთოდ ყრუ. შავსაც რამდენნაირი გრადაცია ჰქონია: ღია, გახუნებული, პრიალა, ძალიან შავი და კუპრივით აბსოლუტურად შავი–შავი. ადამიანთა „ერთნაირი“ სახეების რიგი. ყოველთვის მაინტერესებდა, „პირბადის“ გარეთ როგორ და რას ხედავენ... უკვე დროა, რომ ჩემი თვალი მსოფლიო დედაქალაქის ამ უხმო „კინოს“ მიეჩვიოს, მაგრამ არა.... ყოველ ჯერზე ყელში „გენდერული მულტიკულტურალიზმის“ ბასრი ტურბულენტური ნაკადი მებჯინება და ამიტომ დაკვირვების ობიექტებს თვალს სასწრაფოდ ვარიდებ... ლიფტის კაბინაში მეზობლები ვერ დავეტეოდით. რკინის კარები ხმაურით იკეტება და „ოჯახი“ სახლში ადის. ამბობენ, მრავალცოლიანი მუსლიმი მამაკაცები აშშ–ის კანონს „ოჯახის გაერთიანების“ შესახებ სათავისოდ მარჯვედ იყენებენ და როცა ამერიკის მოქალაქეები ხდებიან, ცოლები სამშობლოდან ამერიკაში „დის“ სტატუსით ჩამოჰყავთო. მიზეზი კი ძალიან მარტივია: ამერიკის საემიგრაციო კანონი ერთბაშად მეორე თუ მეცხრე ცოლისთვის ვიზის გაცემის საკითხს ვერ და არ განიხილავს. კანონიერად მხოლოდ ერთი ცოლის „ყოლა“ ითვლება.


მიკვირს, ჩვენს კორპუსში არც ისე დიდფართობიანი ბინებია, მაქსიმალური – სამოთახიანი, მაღალჭერიან „ხრუშჩოვკაზე“ არც ისე დიდი. "ოჯახის" ამდენი წევრი როგორ ეტევა? ან შვილები სად არიან? ცალკე? ჩემი კოლეგა, ექიმი გინეკოლოგი ქალი მიყვებოდა, რომ განყოფილებისთვის „ქალის ექიმთან“ ამათი ვიზიტი ერთი უზარმაზარი პრობლემააო. შეიძლება ყველა ცოლი ერთად მოვიდეს, არადა სწორედ იმ დღეს კლინიკაში მდედრობითი სქესის გინეკოლოგი (კლინიკას ექიმების ცვალებადი შტატი ჰყავს) სულაც არ მუშაობდეს და ერთ „რეალითი შოუდ“ ღირს, მოსაცდელში როგორ სხედან თმის ძირიდან ტერფამდე ჰერმეტიულად შემოსილები ნახევრადშიშველი ლათინო–ამერიკელი თუ აფრო–ამერიკელი ქალების გვერდით. ტრაგიკომედიის პიკი კი გახლვათ თანხმლები მამაკაცის მიერ ჩატარებული „გამოძიება“ იმის თაობაზე, თუ რომელი სქესის ექიმი შეამოწმებს მისი ცოლის რეპროდუქციულ ჯანმთელობას თუ მენოპაუზის შედეგებს... ისედაც უზარმაზარი რიგია ჩვენს კლინიკაში და თუ ქალი ექიმი იმ დღეს არ მუშაობს, იძულებული ვართ ვიზიტი ლამის 1–2 თვის შემდეგ დავნიშნოთო. თუმცა „ეპოიტმენტის“ დღესაც ვერავინ მისცემთ გარანტიას, რომ კლინიკაში სწორედ იმ დღეს ქალი ექიმი აუცილებლად იმუშავებს. ერთ ჯეელს ქალი ექიმისთვის ინსტრუქტაჟიც კი ჩაუტარებია: რასაც ჩემს ნაბოლარა ცოლში ნახავთ, არსად თქვათო და თან „იქ“ დიდი გინეკოლოგიური საკრე არ ჩაუდგათო. „სანახავი“ კი ის გახლდათ თურმე, რომ უმცროსი, ყველაზე ახალგაზრდა, ასე 20 წლის „ჯერ მხოლოდ“ ოთხჯერ ნამშობიარები ცოლი (ეტყობა ყველაზე „საყვარელი“) ამერიკელ პლასტიკურ ქირურგთან მიუყვანია. ვაგინოპლასტიკისთვის... ჩემს შეკითხვაზე: ნეტა პლასტიკური ოპერაციების კლინიკაშიც ქალი – ქირურგი ხომ არ მოითხოვა –მეთქი, კოლეგამ მიპასუხა: სად გვქონდა მაგდაგვარი კითხვის დასმის თავი, ექიმის კაბინეტში გასასინჯად შესული ქალი გინეკოლოგიური მაგიდიდან ჩამოგვიდგოო... კაბინეტის კარზე ისეთი კაკუნ–ბრახუნი ატეხა, გვეგონა, რომ შეანგრევდაო. რატომღაც უცებ გადაიფიქრა და უმცროსი ცოლის გასინჯვა არ დაგვაცადაო. წესით, პოლიციისთვის უნდა დაგვერეკა, როგორც ეს ადრე გავაკეთეთ, როცა ოჯახის ასეთივე მრავალცოლიანი „თავი“ მამაკაც–გინეკოლოგს უმიზეზოდ წაეჭიმა, მაგრამ ამ ჯერზე თავი შევიკავეთო. პრობლემას ეს მაინც არ გადაწყვეტდაო.

ეს ამერიკაა...


ინდოეთში კი, რომელიც, პროგნოზისტების აზრით, მალე ყველაზე წარმატებული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის პატრონი სახელმწიფო გახდება, ხოლო უახლოეს მომავალში, ალბათ, იაფფასიან სუპერ“სმარტ“კომპიუტერებსა და ელექტრომობილებს გამოუშვებს, არასასურველ, იგივე ღარიბ ცოლებსა და რძლებს სხეული „სამზარეულოში დაცემისგან“ რატომღაც უნახშირდებათ და ამიტომ, საავადმყოფოს მაგივრად პირდაპირ მორგში ხვდებიან. ანდა არასაკმარისი „მზითევის“ გამო ქმრის ოჯახისგან დატერორებულები თავს იკლავენ... მოკვდინების იარაღი კი გახლავთ ჩვეულებრივი ნავთი. მკვლელობის თანამონაწილეები მამრის გულშემატკივარი მდედრები არიან. მამაკაცის დედა ანუ მოსაკლავის დედამთილი... მამაკაცის და ანუ მოსაკლავის მული და ა.შ. პოლიცია კი გამოძიებით დიდად თავს არ იწუხებს, რადგანაც ლამის ყოველ დღე „ფეხდაცურებული“, უგერგილო ქალის სიკვდილის გამოძიება მოსაბეზრებელ–რუტინული საქმიანობაა და თანაც უკვე უსულო სხეულის გამო განა ღირს მეზობლის ან თანაკლასელი მამაკაცის მომდურება? მითუმეტეს – ძმაკაცის? ერთგული ძმაკაცები არც ისე ბევრნი არიან, აი, ქალები... ქალს ხომ ყოველთვის იშოვი... მთავარია საშოვარზე გასვლისთვის მოიცალო.

დედები, დები და ქალიშვილები. დედები, რომლებიც ვიღაცის საწოლის ერთადერთები კი არა, რიგით პირველები ან უკანასკნელები არიან. დები, რომლებიც ვიღაცის საწოლის რიგით მესამეები ან მეოთხეები არიან. ქალიშვილები, რომლებიც ვიღაცის საწოლის რიგით მეხუთეები და მეექვსეები არიან. ქალები, რომლებსაც ძალით ათხოვებენ, სცემენ, აწამებენ, მჟავას ასხამენ, წვავენ, კლავენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან და კიდევ... იმიტომ, რომ მუსიკა უყვართ. ამერიკაშიც კანტი – კუნტად „ოჯახის ღირსების“ მკვლელობების შემთხვევებსაც მოჰკრავთ ყურს.თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც. ამგვარი რამ კავკასიაში, აზიაში, აფრიკასა და სხვაგანაც არც ისე იშვიათად ხდება. საქართველოში ერთ პანკისელ ქალს პირადადაც ვიცნობდი. ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესისგან განადგურებულსა და პარანოიდალურ მდგომარეობამდე მისულს, რომელიც მუდმივ შიშსა და შფოთში ცხოვრობდა. იგი თბილისში იმალებოდა, რათა ოჯახს არ მოეკლა იმის გამო, რომ იგი „ვიღაც ბიძამ“ გააუპატიურა. ადამიანი, ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც მისივე ოჯახის წევრები მოსაკლავად დასდევდნენ... ღირსების აღსადგენად.



1997 წლის სახელმწიფო სტატისტიკის თანახმად ინდოეთში 5000 ქალი მოკლეს... თუმცა სრულ ინფორმაციას „სამზარეულოში მომხდარი უბედური შემთხვევების“ რაოდენობის შესახებ არავინ ფლობს. მკვლელობის მიზეზი კი არასაკმარისად ღირებული მზითევია. ამ „ქეისს“ – Dowry Death–ს (მზითევის სიკვდილი), მოკლულს კი Burning Bride–ს (დამწვარი პატარძალი) უწოდებენ. ნახევარი საუკუნის წინ ინდოეთმა კანონმდებლობით ქალის გათხოვების დროს ქალის ოჯახიდან მზითევის მოთხოვნა აკრძალა, ხოლო სახელმწიფომ ოჯახში ძალადობისა და სელექციური აბორტების წინააღმდეგ კანონიც კი მიიღო, მაგრამ ქაღალდზე არსებული დირექტივა საქმეს დიდად არ შველის. 2008 წლის მონაცემებით მზითევის გამო ქალის მკვლელობის ბრალდებით მხოლოდ 1 948 ადამიანი გაასამართლეს, ხოლო 3 876 –ს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს. გვამი არის, დამნაშავე კი – არა. UNISEF – მა ინდოეთი გოგონებისთვის ყველაზე საშიშ ადგილად გამოაცხადა... სატის (მეუღლის ცხედართან ერთად ცოცხალი ქვრივის დაწვის რიტუალი) ტრადიცია წარულს ჩაბადა, მაგრამ ამ ეკონომიკურად მოდენიზებულ სუპერსახელწიფოს ახალი „ტრადიცია“ შემოეჩვია. ახალდაბადებულ გოგონებს მამები კლავენ. რამდენიმე წლის წინათ მამრობითი სქესის მშობელმა, როცა ცოლს ეძინა, ახალდაბადებული ტყუპი გოგონები მიწაში ცოცხლად ჩამარხა; მერე ისევ გამოჩდნენ ამგვარი „მიუღებელი სქესის“ მქონე ცოცხალი „არასასურველი ხორცის“ მიწას „მიბარების“ მსურველები. ნავთზე გაღებული ხარჯის გარეშე. მამებს „აშინებთ“ გოგონას გათხოვებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამიტომ – კლავენ. ინდოეთი თავის ბოლივუდიანად "წამგებიან ბალასტს" არ სცნობს. სელექციურ აბორტებს „ვინღა ჩივის“, რომლის დროსაც მდედრობითი სქესის ჩანასახს იშორებენ და ამის გამო ქვეყანაში ქალების რაოდენობა პროგრესულად იკლებს. საუბარია უკვე დაბადებული არსების წინასწარდაგეგმილ მკვლელობაზე. ატომური იარაღის მქონე ინდოეთი ხომ დიდი განდის, საოცარი ეგზოტიკის, იმპერატორ შაჰ–ჯაჰანის მიერ მესამე ცოლისადმი (მე–14 შვილზე მშობიარობისას დაიღუპა) მიძღვნილი არქიტექტურული ძეგლის ტაჯ მაჰალის ტერიტორიაა და საერთოდ, ძველი, მდიდარი და საინტერესო კულტურის ქვეყანაა. შეიძლება ჩემი უმეცრების ბრალია, რომ არ ვიცი, მშობიარობის დროს რა ბედი ეწიათ ამ კაცის სხვა ცოლებს. ფაქტია, რომ მბრძანებელს, რომელიც ბოლოს და ბოლოს მისმა შვილმა ტახტიდან ჩამოაგდო, მესამე ცოლი პირველზე, მეორეზე, მეოთხე, მერვეზე და მომდევნოებზე მეტად ჰყვარებია. აბა, სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ამოდენა ხარჯს ხომ არ გაიღებდა? თან ინდოელ „რომეოს“ UNESCO –ს სიის ეს „მარადიული სიყვარულის“ სიმბოლო ორ ათეულ წელზე მეტი უშენებია. ეს ქვეყანა ტურიზმის მექაა და რა საჭიროა მოგზაურობის მოყვარულმა იცოდეს, რომ ორიოდე კვირის წინ ვიღაც ინდოელმა პროვინციელმა ქალმა რეშმა ბანუმ იმშობიარა, მაგრამ როცა მის პალატაში ქმარი შევიდა და აღმოაჩინა, რომ შვილი „არასწორი სქესისაა“, უსაზღვროდ გაწბილდა, გაბრაზდა და ცოლს საქმე იქვე სათანადოდაც გაურჩია (ინდოეთი იქეთ იყოს და „უძველეს ევროპაში“ – საქართველოში დღემდე ვერ გაურკვევიათ, რომ ბავშვის სქესზე პასუხსიმგებელი მამაკაცის ქრომოსომებია) ... სამი თვის შემდეგ კი შვილს კისერი მოუგრიხა და ნეკნები ჩაუმტვრია. ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახლა თვალცრემლიანი მშობელი დედა ინდოეთში აწყობილი მობილური ტელეფონის ვიდეოფუნქციით ჩაწერილი შვილის სახეს აკვირდება, უთვალცრემლო მშობელი მამა კი სასამართლოს მოლოდინში – საკნის კედლებს. კიდევ კარგი, რომ იგი დააპატიმრეს. პროგრესი.


ინდოეთს „დამწვარი პატარძლების“ რაოდენობის ჩემპიონად გადაქცევაში პაკისტანი და ბანგლადეში ღირსეულ მეტოქეობას უწევს. ეს ქვეყნები ავღანეთთან ერთად ქალის სახესა და სხეულზე მჟავას შესხმის სტატისტიკური რეიტინგით მსოფლიოს ლიდერთა სიაშია. მჟავა კუნთს, ძვალს, სისხლძარღვოვან და ნერვულ ქსოვილს სრულად ანადგურებს და ამიტომ აზიის ზოგიერთი ქალაქისა და სოფელში ქუჩებში თავის ქალაზე ცხვირისა და ყურის ალაგს გაჩენილი „შავხვრელიანი“ ქალები დადიან... ავღანეთში კი, ოფიციალური სტატისტიკით, ყოველ წელიწადს 2 300 გოგონა და ქალი თავს იკლავს. ჯანდაცვის სამინისტრო „მეორე სქესის“ სუიციდის მცდელობების აღრიცხვას ვეღარ აუდის. თალიბები ხელისუფლებაში არ არიან, მაგრამ ეს სიტუაციას დიდად არ ცვლის. ავღანელი ქალები „მორალური დანაშაულის“ (სექსი ქორწინების გარეშე, ოჯახში ძალადობის თუ პედოფილი საქმროს გამო ოჯახიდან გაქცევა და სხვა) გამო ციხეში ზიან. ეს „საუკეთესო ვარიანტში“. უარესში – მათ ქვებით ჩაქოლვა, სკოლისკენ მიმავალ გზაზე მოკვლა ან სამუდამოდ გაუჩინარება ემუქრებათ; თან ისე, რომ ადამიანის ასავალ–დასავალს ვერც „ინტერპოლი“, ვერც „ჰიუმან რაითს ვოტჩი“ კოლეგა ორგანიზაციებითურთ და ვერც კოალიციის ჯარები აღმოაჩენენ... ავღანეთში კი უკვე „გოგონა –ნაშიერებს“ კი არა, მათ დედებსაც კლავენ. უბრალოდ იმის გამო, რომ მამას „პირველი სქესი“ არ მოუვლინეს.

***

2012 წელს ამერიკის კინოაკადემიამ დენიელ იუნგის მოკლემეტრაჟანი დოკუმენტური სურათი „სახის გადარჩენა“ ოსკარით დააჯილდოვა. ფილმი პაკისტანური წარმოშობის პლასტიკური ქირურგის ამერიკიდან სამშობლოში ჩასვლასა და იმ ორი ქალის ცხოვრებასა და მკურნალობას აღწერს, რომლებსაც მეუღლეებმა მჟავის სახეში შესხმით არა მარტო სახე და ჯანმრთელობა, არამედ მთელი ცხოვრება წაართვეს. ამ ფილმის გმირი პაკისტანელი ჩინოვნიკის ბილალ ხარის ყოფილი მეუღლე ფახრა იუნუსიც ანდა სხვა ასობით ქალი შეიძლება ყოფილიყო. ფახრა 18 წლის ასაკში გათხოვდა... ერთ „მშვენიერ“ დღეს ოჯახური ძალადობის სცენები ხუთი წლის შვილის თვალწინ ქალისთვის სახეში მჟავის შესხმით დასრულდა. პოლიციას მთელი ორი წლის განმავლობაში მოძალადე არ დაუპატიმრებია. მერე სამართალმა პური დროებით ჭამა, კაცი ციხეში მაინც გაამწესეს, თუმცა მალევე ფული გადაიხადა და საკანს თავი მშვიდობიანად დააღწია. ფახრა თავისი მფარველობის ქვეშ სამოქალაქო აქტივისტმა ტემირა დურანიმ აიყვანა. ბედის ირონიით იგი ოდესღაც ამ მოძალადე კაცის მამის (ასევე სახელმწიფო ჩინოვნიკი) ერთ–ერთი ცოლი გახლდათ... ტემირა ფახრას იტალიაში თავშესაფრის მიღებაში დაეხმარა. მაგრამ ... უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში 38 გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, მწვავე და ქრონიკულ დეპრესიასთან უთანასწორო ბრძოლაში დაღლილმა ხაფრამ ოსკარის ცერემონიიდან ორ კვირაში თავი მოიკლა. იგი რომში საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულიდან გადახტა და ასე დაასრულა თავისი „სახე“, რომელიც ვერ გადაარჩინეს. მისი ექსმეუღლე კი დღემდე საგვარეულო მამულში ცხოვრობს. ალბათ, „ახალ ქალთან“ ერთად...



20 ივნისს სამი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც თეირანში გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანები აჰმადინეჯადის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია. იმ დღეს ნედა აღა–სოლთანი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. ნედა უნივერსიტეტში ისლამურ თეოლოგიასა და სეკულარულ ფილოსოფიას სწავლობდა, მაგრამ იგი გარიცხეს, რადგანაც სასწავლო დაწესებულების მესვეურთ მისი ჩაცმულობა არ მოსწონდათ; ნედას მეუღლისთვის კი ცოლის შეხედულებები მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დასრულდა. იმ საბედისწერო დღეს მთელმა მსოფლიომ ნედას სასიკვდილო ჭრილობა და სიცოცხლესთან გამოსალმება ლამის პირდაპირ ეთერში იხილა... წითელი გუბე, სიკვდილის წინ უკან გადატანილი თვალები და სისხლის ხაზებად „დაყოფილი“ სახე.... ორი წლის შემდეგ კი ირანელი ქალის, ოღონდ ქმრის ღალატსა და მკვლელობაში დადანაშაულებული საკინე მუჰამედ აშთიანის გადასარჩენად მსოფლიოში აგორებულმა მძლავრმა მოძრაობამ, რომლის შედეგად იგი არა მარტო ქვებით ჩაქოლვით სიკვდილს გადაურჩა, არამედ შარშან ციხიდან სულ ცოტა ხნით დედის დასაფლავებაზეც კი გაუშვეს, წელს ნიუ იორკის გალერეა Gladstone-ში ნიუ იორკში მცხოვრები ცნობილი ირანელი ფოტოხელოვანისა და რეჟისორის შირინ ნეშათის ნამუშევრების გამოფენა გამახსენა. მწყობრი „ისლამური გაზაფხულების“, უფრო სწორედ „ანტიხავერდოვანი რევოლუციების“ შემდეგ, როდესაც „ხალხის არჩევანით“ ხელისუფლებაში ულტრაპატრიარქალურ – ტერორისტული ორგანიზაციის „მუსლიმი ძმების“ მსგავსი ფუნდამენტალისტები მოვიდნენ, ამერიკაში, ქვეყანაში რომელიც, ფაქტობრივად, უშედეგოდ ცდილობს ავღანეთის მსგავს ქვეყნებში „დემოკრატიის ექსპორტს“, შირინ ნეშათის ფოტოების ექსპოზიცია სახელწოდებით „წიგნი მეფეთა შესახებ“ (ფირდოუსის „შაჰნამე“) როგორც პოლიტიკური, ასევე – სოციო–კულტურული თვალსაზრისით სწორედ რომ ძალიან დროული და აქტუალური აღმოჩნდა. Gladstone ირანელ ფოტოხელოვანს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. „შაჰნამეს“ ფოტოები და ვიდეოინსტალაციები გაბედული მეტაფორებითა და არაბული სამყაროს წინააღმდეგობრივი ხატებითაა სავსე. ექსპოზიცია სამ ჯგუფადაა დაყოფილი: „დაღუპვა“, „პატრიოტები“ და „ნაძირლები“. ფოტოებზე აღბეჭდილია არაბი, ირანელი ახალგაზრდების სხეულზე „გადმოსული“ ნახატები, ფირდოუსის პოემის, თანამედროვე ირანელი მწერლებისა და პატიმრების ტექსტები, რომელიც შავ–თეთრ „ფონზე“ პედანტურადაა დატანილი. ამ ექსპოზიციით ხელოვანი თითქოს თავის ძველ ფოტოსერიას „ალაჰის ქალები“ (1994–97) უბრუნდება, რომელშიც შავ–თეთრი ფოტოების ჩადრიანი მოდელი თავად იყო, ხოლო სხეულის „შიშველ“ ადგილებზე ანუ სახეზე, ხელებსა და ტერფებზე ქალის მილიტარისტურლი პოეზიისა და ყურანის ტექსტია ციტირებული. „ალაჰის ქალები“ ცეცხლსასროლი იარაღით მანიპულირებენ, რომელსაც მახვილივით სხეულის ორად გაპობა შეუძლია. მაგრამ არა თეთრად და შავად, არამედ – შავ ფერად. „ალაჰის ქალები“ მხოლოდ ირანულ პოეტიკასთან დაკავშირებული სტერეოტიპების ანდა პროტესტის ფორმის შემცველი ნაკადი არაა. ეს ფოტოსერია დასავლეთში მცხოვრები ჩადრიანი ქალის იდენტობის ამბივალენტობის, ნოსტალგიისა და შოკისმომგვრელი რეალობასთან მოპაექრე დაღლილი ადამიანის ვნებაა, რომელიც იდეოლოგიის დეკონსტრუქციას თავისივე სხეულით ცდილობს, მაგრამ მისი მცდელობა უფრო სასოწარკვეთილ ამოკივლებას ჰგავს, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევის „გეგმას“. თუმცა იდეოლოგია კივილის ძალამ, ხმამ, სიმღერამაც შეიძლება დაბზაროს... თუ იგი კათარზისის მუხტის მატარებელია.

შირინ ნეშათი ირანში ვესტერნიზირებულ ოჯახში გაიზარდა, რომელშიც პრიორიტეტი სწავლასა და დასავლურ ღირებულებებს ენიჭებოდა. მშობლებმა შვილები სასწავლებლად დასავლეთში გაამგზავრეს. შირინი ხელოვნებას კალიფორნიის სასწავლებლებში, მათ შორის ბერკლიში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ, როცა უკან დაბრუნება დაგაწყვიტა, ისლამური რევოლუციის გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მან მხოლოდ 33 წლის ასაკში, 1990 წელს შეძლო ირანში ჩასვლა და ის, რაც იქ ნახა, მისთვის არა მარტო მატრამვირებული, არამედ მისი ხელოვნების მასტიმულირებელიც აღმოჩნდა... ჰაერი ისლამიზმით იყო გაჯერებული. შირინმა სწორედ ამ დროს შექმნა კლასიკად ქცეული შავ–თეთრის აქეტიპული ფოტოფირი – „ალაჰის ქალები“. ფოტოგრაფიის გარდა იგი წარმატებული რეჟისორიც აღმოჩნდა. ვიდეოინსტალაციური ტრილოგიის პირველმა ფილმმა „ტურბულენტობა“ (1998) შირინს ვენეციის ბიენალეზე პირველი საერთაშორისო პრიზი და მსოფლიო აღიარება მოუტანა. მომდევნო წლებში იგი იღებს ფილმებს „აღფრთოვანება“, „მონოლოგი“, „ვნება“, „პულსი“, „ქალები მამაკაცების გარეშე“, რომლის მთავარი გმირი კვლავ და კვლავ იდეოლოგიაა. ნეშათის ფილმების უმეტესობაში დიალოგი არაა, არამედ ადამიანის, სივრცის, მარტოობის კონტრასტული ხატები, ალეგორიები და ძალიან ორიგინალური და საინტერესო მუსიკაა (კომპოზიტორი და შემსრულებელი სიუზან დეიჰიმი).


ნეშათის ფილმი „ტურბულენტობა“ შეიქმნა როგორც პასუხი – რეაქცია ირანში ქალის მიერ მუსიკის შესრულებისა და ჩაწერის აკრძალვაზე (თალიბები ინსტრუმენტზე დაკვრასა და სიმღერას პაკისტანელ ქალებსაც უკრძალავენ). ჟურნალისთვის Time მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „თუ მუსიკა მისტიკისა და სულიერების გამოხატულებაა, საინტერესოა, რატომაა ამგვარი გამოცდილების მიღება მამაკაცისთვის ნებადართული, ქალისთვის კი – არა? ამ ფილმში ქალი ყველა წესს არღვევს: ჯერ თეატრში ჩნდება, სადაც მას ყოფნა ეკრძალება, მერე – სიმღერას ასრულებს, სადაც სიტყვები არაა და სრული იმპროვიზაცია თამაშდება. იგი მარტოა, მისი მოქმედებები იმ საზოგადიების მიერ, სადაც ის ცხოვრობს, ნებადართული არაა. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლების განსაკუთრებულ ფორმაზე, რომელსაც ამ ქალმა მიაღწია; იმის შესახებ თუ როგორი ამბოხებული და არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს ქალი იმ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცებმაც გარკვეული ტრადიციისდა მიხედვით უნდა იცხოვრონ...“

2010 – ში ცნობილმა არტ–კრიტიკოსმა და ფილოსოფოსმა არტურ დანტომ შირინ ნეშათის შესახებ წიგნი „შირინ ნეშათი“ გამოსცა. წიგნის წინასიტყვაობის ავტორი გახლავთ ცნობილი ხელოვანი და პერფორმანსის არტისტი მარინა აბრამოვიჩი. შირინი და მარინა – ორი ძალიან განსხვავებული და ამავე დროს ძალიან მსგავსი ადამიანი. ორივე ემიგრანტი და პროტესტანტი. ორივე ამერიკას „შეკედლებული“... შირინს სახლში დაბრუნება უნდა, თუმცა ისიც იცის, რომ თუ საზღვარს გადაკვეთს, თავის ხელოვნებას „დაკარგავს“. ცხადია, რომ ამ ორი ქალის სამშობლოში დაბრუნება სხვადასხვაგვარი პოლიტიკური კონოტაციისაა. მარინას ბელგრადში ელოდებიან, შირინს თეირანში – არა. მარინა ერთ–ერთ თავის პერფორმანსში სახელწოდებით „AAA AAA” (1978) თავის შეყვარებულს ულეის ხმის ჩახლეჩვამდე და კისრის ძარღვების დახეთქვამდე უყვირის; მამაკაცისა და ქალის პირდაღებული პროფილები ერთმანეთს თვალებში შესცქერიან და ხავილის დროს ერთმანეთს უსმენენ, უფრო სწორედ, ერთმანეთის ესმით. შირინის ფილმში შავებში შემოსილი სიუზან დეიჰიმი ცარიელ დარბაზში სცენაზე დგას. დარბაზში უკაცრიელი სკამებია, მუსიკა მელოდიურია, იმპროვიზაციული, სამოსში არც ქალის კისერი და არც ამობურცული ძარღვები ჩანს, მაგრამ ამღერებული „ალაჰის ქალი“ თავის უსიტყვო „სურებს“ მაინც ამოიკვნესს, ამოხეთქავს, ამოთქვამს, ამოიყვირებს; გულს, სულს, ტკივილსა და პროტესტს ამოაყოლებს, ამოატანს, ამოზიდავს და არ ჩაეხრინწება.


2009 წლის 20 ივნისს 26 წლის ირანელი ნედა აღა – სოლთანი საპროტესტო აქციის შემდეგ მუსიკის მასწავლებელთან მიდიოდა. იგი ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა... იმ დღეს კი მის სახლში პიანინო უნდა მიეტანათ.


2012 წლის 18 ივნისს 24 წლის ცნობილი პაკისტანელი მომღერალი გაზალა ჯავედი სილამაზის სალონიდან გამოსვლისას დახვრიტეს. მას თავისსავე კონცერტზე ეჩქარებოდა. მკვლელობას თალიბანსაც და მის ყოფილ მეუღლეს, ცნობილ ბიზნესმენს აბრალებენ. იგი ცოლს სიმღერის უფლებას არ აძლევდა. გაზალამ სიმღერა არ შეწყვიტა და მეტიც – გაბედა და განქორწინება მოინდომა, როგორც კი გაიგო, რომ კაცს მეორე ცოლიც ჰყოლია...




ივნისი 27, 2012


shokoladi.ge

No comments:

Post a Comment