Saturday, September 22, 2012

Pussy Riot კაიზერ სოზესთვის და ტელმასა და ლუიზას დასასრული







ახალგაზრდა ქალთა ჯგუფი Pussy Riot, რომელიც ფემინიზმის მესამე თაობის წარმომადგენელ ამერიკული პანკ– ჯგუფის Riot Grrrl -ის შორეულ ნათესავად შეიძლება ჩაითვალოს, მოკრძალებულ „კანკანს“ იქ ცეკვავს, სადაც, წესით, რუსეთის სულიერი მამა – პატრიაქრი უნდა იდგეს, ანუ იქ, სადაც მამა – მეფის ტახტია, პოლიტიკურად დეტერმინირებულ გამონაკლისს წარმოადგენს

მაშინ, როცა მსოფლიოს მედია პარალელურ რეჟიმში პუტინის გამეფებასა და მისი „ანტისამწყსოს“ საპროტესტო აქციებს აშუქებდა, ხოლო „მეგობარი ქვეყნების“ ლიდერები ამ კაცისთვის მესამე ვადით გაპრეზიდენტების მილოცვას დიდად არ ჩქარობდნენ, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა არ დაახანა და ისევ გადადგა მისთვის ჩვეული სახელმწიფოებრივ – „მრავალვექტორული“ ნაბიჯი და ვლადიმირს „ღვთით კურთხეული“ პოსტის დაკავება მიულოცა. რასაკვირველია, ისე პომპეზურ–რიტუალურად არა, როგორც რუსეთის პატრიარქმა კირილემ. მაგრამ – მაინც. 2008 წლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოსა და რუსეთის სახელმწიფოს/საპატრიარქოს შორის დადებულმა ვერბალურ–„ფრენდული“ ურთიერთობის კონტრაქტმა გასული საუკუნის მიწურულს რეჟისორ ბრაიან სინგერის მიერ გადაღებული ერთ–ერთი ძალიან პოპულარული ნეო–ნოირ ჟანრის (კრიმინალური დრამისა და ფსიქოლოგიური ტრილერის შერწყმა) სურათის „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ ეპიზოდები და ფრაზები გამახსენა. ფილმის სცენარით, სადაც მხოლოდ მამაკაცები თამაშობენ, ყველას კონსპირაციულ–მითიური კაიზერ სოზესი (მსახიობი კევინ სპეისი) ეშინია, მაგრამ არავინ იცის, ვინაა ეს ვაჟბატონი, რასაკვირველია, თავად კაიზერ სოზესა და მისი ერთგული ასისტენტის გარდა. ფილმში ბევრი სისხლი და ორდინალური იდეა ტრიალებს. მაგალითად: „თუ კრიმინალი არსებობს, ე.ი მოტივიც არსებობს“, ანდა „რეალური ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთია“ და ა.შ. იქ კიდევ ერთი, დღევანდელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო პოლიტიკის კონცეპტის გამომხატველი ფრაზაცაა, რომელსაც თავად კაიზერ სოზე შიშნარევი, იდუმალი, ფლეგმატური გამომეტყველებით ამბობს: „მე მწამს ღმერთის, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რისიც მეშინია. ეს არის კაიზერ სოზე“. ფილმი აგებულია იმ უხილავი ადამიანი – არმაგედონის ძებნის პროცესზე, რომელიც პოლიციის ოფისში დროდადრო მოწმის სტატუსით კი დაბრძანდება და ჩვენებას იძლევა, მაგრამ გამოძიების წიაღსვლების მიუხედავად, ამ კაცის ვინაობას სპეცსამსახურები ვერა და ვერ შიფრავენ. ფილმის ბოლო ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით.ჩვენი ერთმორწმუნე კაიზერ სოზეს ვინაობა და ადგილმდებარეობა, რუსი ძმადნაფიცი პატრიარქებითურთ, არა მარტო ათეისტებისთვის, არამედ ქართული მართლმადიდებელი ეკლისიისთვისაც კარგა ხანია ცნობილია. თანაც არა მხოლოდ კაიზერი, არამედ მისი მრავალრიცხოვანი ამალაც, მისი წარსულიც, აწმყოც, ბესლანის „გმირობაცა“ და „ჩეჩნების უნიტაზში დასველების“ მსგავსი უნიკალური „მარგალიტებიც“... მაგრამ ამ კაცს ქართველები სტუმრობენ, ხატებს ჩუქნიან და ლოცავენ. მერე რა, რომ რუსული მრევლის „მამაოები“ ჩეჩნების გენოციდსა და ქართველების ამოხოცვისკენ მიმართულ მცირე და დიდკალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს აკურთხებენ; მერე რა, რომ ქართველთა „სულიერმა მამამ“ დიპლომატ – კონფლიქტოლოგის პროფესია და ზევსის მითიური ძალის ფლობა შეითავსა, თუმცა მისი ღვთიური მისია კვლავ შეუსრულებელი რჩება და, მგონი, ღმერთმაც არ უწყის მისი შესრულების თარიღი. მთავარია, მტერს შვიდჯერ სამოცდაჩვიდმეტჯერ „ეპატიოს“ და შესრულდეს აბსოლუტური და „შესაშური“ სწორხაზოვნებით ლუკას სახარებისეული „გიყვარდეს კაიზერ სოზე შენი“, თან ისე, რომ ქადაგების დროს ახალგაზრდებს „უცხო ენისა და რაღაცების სწავლა“, მათ შორის საზღვარგარეთ (რუსული ენა, როგორც ვატყობ, უცხო ენად არც ახლა მოიაზრება), ლამის ცოდვაში ჩაეთვალოთ. თითქოს ავტოკეფალიის დაკარგვა აპაჩების ბრალი იყოს და, რაც მთვარია, საქართველოსა და სხვა „მოძმე“ კავკასიური რესპბულიკების მიწასა და ცაში არც ერთი უკურთხებელი კალაშნიკოვი არ უნდა გავარდეს. აი, ნაკურთხი – სრულიადაც დასაშვებია. დასაშვებია, კაიზერ სოზეს სერვილური სადღეგრძელოების პათეტიკაში, ტერიტორიის გამთლიანების თხოვნის „შეპარვით“, აფხაზეთში რუსების მიერ ქართული ეკლესიების ავთენტიკურობის წაშლის გეგმაზომიერი პოლიტიკა არ შეახსენო; ისეთივე დაჟინებით არ „სთხოვო“ ამ ვანდალიზმის სასწრაფოდ შეწყვეტა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითად, საპატრიარქოს „ბალანსზე“ დაურიცხავი ქონების, მათ შორის განსხვავებული დემომინაციისთვის კუთვნილი ტაძრების გადაცემას ითხოვ. როგორც ჩანს, მოსკოვში, ქრისტე მხსნელის ეკლესიაში რუსულმა პანკ –ჯგუფმა Pussy Riot – მა ღვთისმშობელს პანკ–ლოცვით სულ ტყუილად სთხოვა, რომ „პუტინი გაეძევებინა“. დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფის წევრებთან, პუტინის ლიბერალურ თუ არც ისე ლიბერალურ ოპოზიციასთან ერთად მთელს მსოფლიოში უცხო ენაზე მოსაუბრე მილიონობით სხვა ადამიანიც „ლოცულობდა“, მაგრამ – ამაოდ. უფრო გაძევებული ის სამი ქალი (ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვა, მარია ალიოხინა, ეკატერინე სამუცევიჩი) აღმოჩნდა, რომლებსაც იქ, სადაც ქალი „მართლმადიდებლურ წარმოსახვაშიც“ კი დაუშვებულია, რამდენიმეწუთიანი პერფორმანსის გამართვის გამო ორიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუმცა სპეციალურმა ფსიქო–ლინგვისტურმა საექსპერტო კომისიამ რელიგიური შუღლის გაღვივებაში მათი ბრალეულობა არ სცნო და დიდი – დიდი ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის სასჯელის შეფარდების უფლებამოსილება დაადასტურა. ჯგუფის წევრები მარხვის დროს სწორედ რუსული ეკლესიის მთავარი მენეჯერების მოთხოვნით დააპატიმრეს. „კაგებეშნიკმა“ კირილმა განაცხადა, რომ ამ სამმა ადამიანმა უპატიებელი, სატანური ცოდვა ჩაიდინა. ევროკავშირმა Pussy Riot -ის წევრების დაკავების გამო შეშფოთება გამოხატა; საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty international – მა – სინდისის პატიმრებად, Union of Solidarity with Political Prisoners –მა კი პოლიტიკურ ტუსაღებად გამოაცხადა და რუსეთის ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა. აპრილსა და მაისში კი მთელს მსოფლიოში Pussy Riot – ის სოლიდარობის აქციები გაიმართა. მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყნის კაიზერ სოზეს ალტერეგოდ გადაიქცა, კვლავ აგრძელებს „ხულიგნურ მკრეხელობაში“ „ჩვეულებრივი ეჭვიმიტანილების“ დასჯას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მოძმე რეპუბლიკების“ ფემინისტები და, არა მარტო ფემისნიტები, პოსტსაბჭოთა სივრცეში ქალთა პროტესტის სამი ფორმის მოწმენი გავხდით. პირველი, როცა საქართველოში, გუდიაშვილის მოედანზე საქველმოქმედო–საპროტესტო აქციაზე მეძუძურმა ნატალია ნებიერიძემ საკუთარი რძის გამოწველა – ჭიქებში ჩასხმა – 1 ლარად გაყიდვა დაიწყო; მეორე, როცა უკრაინული ორგანიზაციის Femen წევრებმა საქართველოში ფოტოგრაფების დაპატიმრება კიევში, საქართველოს საელჩოსთან მკერდის გაშიშვლებით გააპროტესტეს და მესამე, როცა რუსეთში პოლიტიკური პროტესტი ყველაზე პატრიარქალურ ალაგს, ეკლესიის გუმბათქვეშ გათამაშდა. სიტყვას Pussy თარგმნისას არაერთი მნიშვნელობა აქვს: კურდღელი, ჩირქი, საყურე, ქალი, საყვარელი, გეი, საშო, სექსი და ა.შ. Riot კი ამბოხსაც ნიშნავს და ველურსაც. იგი ერთგვარი ქარაგმაა იმაზე, რომ მამაკაცების „ველურობა“ თუ „მაგრობა“ გენდერულად უალტერნატივო სულაც არაა. მაგრამ საქმე იმდენად სახელწოდებაში არაა, რამდენადაც ტოტალიტარული პატრიარქალური კონტექსტის გათავლისწინებით ამ ქალების გამბედაობასა და რადიკალიზმში, რომლის ექსკლუზიურობა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია და, მართალი გითხრათ, ჩემს წარმოსახვაში უფრო შორსაც წავედი და სამი პოსტკოლონიური პერფორმანსი ასეთნაირად გავაერთიანე: მაცხოვრის ტაძარში პროტესტანტები უკრაინელებივით მკერდს იშიშვლებენ, ქართველივით რძეს გამოიწველიან და ერთ რუბლად ჰყიდიან. ადვილი წარმოსადგენია, რაგვარი რეაქცია მოჰყვებოდა ანტიფალოცენტრული პროტესტის ამგვარ სხეულებრივ ექსპრესიას.

ზემოხსენებული სამი პროტესტი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო პოსტკოლონიური ფემინიზმისთვის, არამედ, ზოგადად – სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიისთვის. მათ ბევრი განმასხვავებელი და რამდენიმე საერთო ნიშანი აქვს. პირველი ორი ინსტიტუციის გარეთ, ასე ვთქვათ, სუფთა ჰაერზე თამაშდება, ამავე დროს უკრაინელები მხოლოდ ლოკალური პრობლემებით არ შემოიფარგლებიან და გასაპროტესტებელს ქვეყნის გარეთაც აპროტესტებენ (კიევის სოფიის სამრეკლოსა და მოსკოვში, ქრისტე მხსნელის ტაძრის წინ „ბოჟე ცარია გონი“–ს პლაკატებით); მესამემ კი სახულიგნოდ „შეუფერებელი“ ალაგი შეარჩია, რამაც ამბოხს კარგად გამოხატული მწვავე პოლიტიკური, ანტიმონოპოლური, ანტიპატრიარქალური, ანტიპუტინურ–ანტიკირილური, ანტიკლერიკალური, ანტიკაიზერსოზური სახე გამოუკვეთა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Pussy Rios –ის ქალების მიერ გამოხატულ საპროტესტო აქციას ლამის მთელი რუსეთის მართლმადიდებლობის დასაცავად მრევლის მუხლად დავარდნა, მსვლელობა–ლოცვა მოჰყვა და ქრისტიანები ერთმანეთს „სუსტი სქესის“ სამი წარმომადგენლის დასჯის მეთოდების ვერსიების შეთავაზებაშიც კი გაეჯიბრნენ. ერთმა „მამაომ“, „ბწკენით“ დავამუნათოთო, რუსული ესტრადის „კარალევა“ ალა პუგაჩოვა კი „ბაწიუშკაზე“ შორს წავიდა და დაპატიმრებულების ერთი წლით მონასტერში გაშვება (ეტყობა, თავადაც ფიქრობს, რომ მონასტერი შრომა–გასწორებითი კოლონიის ნაირსახეობაა) და „რემნიომ პო ჟოპე“ დასჯაც კი მოითხოვა. თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამგვარად „სატანის განდევნა“ ბროლის დიდი ჭაღით გაჩახჩახებულ ან ხატთან დანთებული მბჟუტავი სანთლით განათებული კელიის კუთხეში სახალხოდ უნდა გაპერფორმირდეს თუ მხოლოდ საეკლესიო ელიტისთვის.



ალბათ, გახსოვთ, რომ „ჩვენთან (სსრკ–ში) სექსი არ იყო“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში გენდერიც არ იყო. ქალთა პრობლემების თავმოყრა ხდებოდა ისეთ „კლასობრივ“ ჟურნალებში, როგორიც იყო „კრესწიანკა“, „რაბოტნიცა“, ანდა „საქართველოს ქალი“, „პირიმზე“, სადაც პარტიის დადგენილებების, მოწინავე სტახანოველი ქალების წითელორდენოსანი ცხოვრების აღწერის გარდა, უხვად იყო ჭრა–კერვის, ქსოვისა და კერძების მომზადების სასწავლო კურსები, ერთგვარი საბჭოური „ბურდა“. საბჭოთა იდეოლოგია უგენდერობას თავისი იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა, როცა ქალის პრობლემები მხოლოდ დეკრეტული შვებულებისა და კლიმაქსის პერიოდის ჰორმონალური დისბალანსით აღიწერებოდა. XX საუკუნის მიწურულისკენ მოხდა „რევოლუციონერი ქალის“ იდენტობის ცვლილება: ვიდრე 1930 – იანების უსქესო არსებიდან ბიოლოგიური სქესისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებებიან, ყვითელ– გლამურული მედიის მიერ შექმნილ ხატებამდე. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღნიშნოს, რომ ამ ჟურნალებში ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც იწერებოდა ქალის განათლების პრობლემებზე. არსებობდა ინტელიგენციისთვის განკუთვნილი ჟურნალი კლასობრივად „შერბილებული“ სახელწოდებით „რაბოტნიცა ი კრესწიანკა“, რომელიც ნაკლები ტირაჟით გამოდიოდა, სამაგიეროდ იქ სამზარეულოს კედლებსა და საკერავი მანქანის ხმაურს გარეშე თემებზეც იწერებოდა, მათ შორის ხელოვნებაზე, მაგრამ დროის კონტექსტის გათვალისწინებით, ქალთა პოლიტიკური პროტესტი წარმოუდგენელი იყო. იმ პერიოდში, ისევე როგორც ახლა, ქალის სხეულებრიობის ტიპოლოგიის აუდიოვიზუალურ გამოხატვაში უდიდესი როლი კინოს ეკუთვნოდა.



საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საბჭოთა ქალის, მათ შორის კომპარტიული მუშაკის სხეულებრიობის ისტორიას გაეკლესიებული, თავდაბურული, მორჩილის პოზაში მდგომი ქალის კონტურიც შეემატა. მუხინას „რაბოჩი ი კრესწიანკას“ სტილის ქალების რიგებში შიგადაშიგ არტისტული გარეგნობისა და მოდუსის, „ფლეიბოის“ თუ ტელესერიალის „სექსი ქალაქში“ ქალებიც გამოჩდნენ, მაგრამ ქალის აღქმის მატრიცაში ერთადერთ და უცვლელ მახასიათებლად ერთი რამ დარჩა. ის იყო, არის და რჩება დედად, რომელიც შვილსა და ზრდასრულასაკშივერაფრითგადასულ ქვეყანას ძუძუს აწოვებს. მედია ამ იმიჯს სიშიშვლის სახელოვნებო თუ პორნოხატებით მანიპულირებისას ძალიან კარგად იყენებს, მათ შორის 1990 – იანების დასაწყისში შიშველი ფეხმძიმე დემი მურიდან ვიდრე ამ მარადმწვანე თემას მიბრუნებული ჯესიკა სიმფსონამდე. დედობის „ნატურალისტურ“ კონცეპტს მედიისთვის ახალდაბადებული ჩვილების ფოტოების მრავალმილიონიან თანხად მიყიდვის ბიზნესიც შეეხიდა.


გენდერული თანასწორობის თემის ღერძული შემადგენელია ქალთა სხულებრიობის ტიპოლოგიათა ნაკრები, რომელიც ისევე ასახავს სექსიზმის ისტორიას, როგორც ქვაზე ქვის ხახუნით ცეცხლის გაჩენა და კომპიუტერი – ტექნიკის განვითარებას. ქალის, ისევე როგორც მამაკაცის, სხეულის სიშიშვლეს ყოველთვის ჰყავდა თავისი ავტორი, დამკვეთი და ადრესატი (მითოსი, ხელოვნება, პურიტანიზმი, ვულგარიზმი, მოდა, რეკლამის მომხმარებელი, გლამური, პორნო, ნუდისტურ–ნატურალისტური მოძრაობა და ა.შ.). დიდი ხნის წინათ სპარტაში, ქრისტიანულ სექტებში თუ ახლანდელ პოლინეზიაში სიშიშვლე არ აღიქმებოდა როგორც არაორდინალური მოვლენა და, მით უმეტეს, იგი პოლიტიკური პროტესტის ფორმად არ განიხილებოდა. შიშველი სხეული, როგორც საჯარო პროტესტის ხერხი, დაახლოებით 150 წლის უნდა იყოს. მაგალითად, გასული საუკუნის ათიან წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები დუხობორების პროტესტი, 1960–იანებსა და მოგვიანებით ჰიპების მოძრაობა, ომის საწინააღმდეგო („ძუძუები ყუმბარების მაგივრად“), გენდერული თანასწორობისათვის მებრძოლთა, ეკოლოგთა (ველოსიპედისტების მოძრაობა) და ცხოველთა დამცველთა აქციები; სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც არაძალადობრივი მოძრაობა და ა.შ. რეალურად დედიშობილა ადამიანის პროტესტი, რომელსაც მხოლოდ ტრანსპარანტი უჭირავს, ყველაზე ხილული მშვიდობიანი საპროტესტო აქციაა, რადგანაც მხოლოდ შემოსილი არის საფრთხის შემქმნელი, რადგან ტანსაცმელში იარაღი ანდა ასაფეთქებელი ნივთიერება წარმატებით შეიძლება დაიმალოს. თუმცა დღეს ადამიანთა გამანადგურებელი სუბსტანციის ჩამონტაჟება თვითმკვლელის სხეულშიცაა შესაძლებელი. იმის გამო, რომ ტერორისტი – თვითმკვლელები „შაჰიდის ქამრების“ კანისა თუ კუნთებქვეშ ტარებაზეც არიან თანახმა, ზამთარ–ზაფხულ შავი ჰიჯაბით მოსიარულე მუსლიმი ქალების რისკ–ფაქტორად განხილვაზეც დაიწყო საუბარი.


1989 წლის 9 აპრილიდან საქართველოში, ფაქტობრივად, შავი ფერის ტანსაცმლის „მოდა“ დამკვიდრდა. შავი თავსაკრავების, შავი ჩანთებისა და შავი ცელოფნების. ის კი არა, მაჯის საათის ყიდვისას პრიორიტეტი მუქ ფერს ეძლეოდა. ქართველი მართლმადიდებელი თუ ათეისტი ქალები შავ ჰიჯაბში „გამოწყობილ“ მუსლიმ ქალებს დაემსგავსნენ... სამოქალაქო ომებისა და საპროტესტო აქციების დახვრეტის შემდეგ დღის წესრიგში არ იყო სამოქალაქო აქტივიზმი, ქუჩის პოლიტიკური თუ სოციალური აქციები, მით უმეტეს – არაშავ, ხორცისფერ, უტანსაცმლო პროტესტზე; თუნდაც იმის ოდნავ მიმსგავსებულზეც კი, რომელსაც მარინა აბრამოვიჩი „ტკივილის ტოლერანტობის“ საშუალებით ბალკანეთის ომით „შთაგონებული“ პერფორმირებდა. ისრაელსა და სერბეთში „შავოსანი ქალების“ მოძრაობა გაჩნდა, რომლის წარმომადგენლები საქართველშიც გახლდნენ. 20 წლის წინათ აფხაზეთის ომის გაჩაღებისას სოხუმისკენ 200 – მდე ქალი დაიძრა, რომელთა მიზანი ძმათამკვლელი დაპირისპირების შეჩერება იყო, მაგრამ – ამაოდ. ქალის მანდილის „ჩაგდების“ რიტუალმა თავისი სამშვიდობო ძალა დიდი ხნის წინათ ისედაც დაკარგა. მანდილი იქით იყოს და თანამედროვე ისტორიკოსები „ჩვენი ომების“ დროს ქალის გაუპატიურების შემთხვევებზე კრინტს არ ძრავენ. ალბათ, „პოლიტკორექტულობის“ გამო...

ქართული „ტრანზიციის“ პერიოდის დასაწყისის გენდერი ნამდვილი ქართველი ქალისგან ჩუმად საფლავთან ან საკურთხის კეთებით კაცის გამოგლოვებით ტრანსლირდებოდა. ეს ქალი შემდგომში თურქეთის, საბერძნეთისა და აშშ–ის ვიზებზე „მოჩალიჩე“ არსებად გადაიქცა. თუმცა ზოგადად დედის, ქალის „პროტესტი“ მოკლული კაცისა და ქვეყნის დატირების რიტუალის ჩარჩოს არ სცდებოდა მანამ, სანამ სანდრო გირგვლიანის ასევე ძაძებში ჩაცმულმა ჯანმრთელობაშერყეულმა დედამ ირინა ენუქიძემ საკმაოდ ფართომსაშტაბიან პოლიტიკურ პროტესტს არ მისცა ბიძგი და შვილის მკვლელი – კოლექტიური კაიზერ სოზეს დასჯა არ მოითხოვა. რაღაც ეტაპზე ამ აქციას პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. შემთხვევით არაა, რომ გუდიაშვილის აქციაზე, სადაც შუა ზამთარში, ერთი შეხედვით უკონტექსტოდ, სხეულის შიშველი ნაწილი გამოჩნდა, სწორედ დედობით მარკირებული რძის პერფორმანსი გათამაშდა, როგორც სქესობრივი დანიშნულების ნატურალიზმი, რომელიც ბიოლოგიზმ–ფიზიოლოგიზმის საზღვრებს ვერ გასცდა; რადგანაც სხვაგვარად „რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს“ ქართველმა ქალმა, თუ არა ქართვლის დედის ან ოთარაანთ ქვრივის ხატის გამამყარებელი? (http://www.youtube.com/watch?feature=endscreen&NR=1&v=1rHr1odHrhQ) თუმცა ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, რომ ქალს თურმე საკუთარ პროდუქტზე (რიგ ქვეყნებში საჯაროდ ძუძუთი კვების უფლება კანონით რეგულირდება) ფასის დადება და სავაჭრო ურთიერთობაში შესვლაც შეუძლია. ჩემი აზრით, ამგვარი „გადღაბნილი“ ნაკვთების საპროტესტო ქვეტექსტი უფრო მეტად ადეკვატური მაშინ იქნებოდა, როცა პოლიტიკური ელიტა თავისიანებზე და თავის ფავორიტებზე მილიონებით შეფასებულ ქონებას ერთ ლარად ჰყიდდა. თუმცა ქალთა პოლიტიკური, გნებავთ, რადიკალური პროტესტი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ათეიზმიდან „უპროტესტო, მორჩილ მართლმადიდებლობაში“ გადაბარგების შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელია. მით უმეტეს, როცა ერის სულიერი ავტორიტეტი ოჯახში „მეფის“, გარეთ კი ფსევდო თუ ნამდვილი კაიზერ სოზეს მორჩილებას ემხრობა. ამიტომაც „რძის პერფორმანსს“, თავისი კრეატიულობისა და არაორდინალურობის გარდა, სხვა პლასტებიც აქვს, რომელმაც ისედაც ძირმაგარ სტერეოტიპებს კიდევ უფრო მეტად „დამმიწებელ–დასამიწებელი“ განშტოებები შეიძლება შესძინოს. მიზეზი ერთია: ჩვენი ტიპის „ქრისტიანულ კულტურაში“ გაცილებით ადვილია ხალხის, მათ შორის სტუდენტების დარაზმვა საერო ქვეყნისთვის აუცილებელი „რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ კანონის, ვატიკანთან ხელშეკრულების დადების, ანდა არარსებული გეიპარადის წინააღმდეგ, ვიდრე უნივერსიტეტში ობსკურანტი დეკანოზი თეოდორე გიგნაძის „თავისუფლებაზე“ ქადაგების წინააღმდეგ. მაშინ, როცა საეკლესიო დარბაზებში სასწავლებლის ლექტორ–პროფესურას არავინ ეპატიჟება. ამ შემთხვევაში საქმე მრევლისა და გამპროტესტებელთა რიცხოვნულ კონტრასტში სულაც არაა.

არაერთსულოვნების, სოლიდარობის დეფიციტისა და დეზორიენტირების ყველაზე კლასიკურ მაგალითად კი, ალბათ, 10–12 წლის წინათ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ „საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის“ ქმედითად ამუშავების წარუმატებელი მცდელობა გამოდგება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ევროპული ორგანიზაციისა და სხვა დასავლური ფონდების მხარდაჭერით არაერთი საგანმანათლებლო მოვლენის, თუნდაც ერთჯერადი ლექცია–ტრენინგის, რეგიონებში კი „ქალთა ორგანიზაციების“ დაარსება და სხვადასხვა სახის ქსელის შექმნის ინიცირება მოხდა. საქართველოში პოსტკოლონიური ფემინიზმი, რომელიც ქალთა არასამთავრობო სექტორის გაჩენით აღინიშნა, დაიქსაქსა და მძლავრი ტრიგერისა და მეინსტრიმის სახე ვერ მიიღო. იგი კვლავ სპორადული გამოვლინებებით ხასიათდება, როგორიცაა ტელეარხ „იმედის“ სექსისტური გადაცემა „ქალური ლოგიკის“ გამო შედგენილი საჩივარი, ანდა პროტესტი „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სექსისტური რეკლამის წინააღმდეგ, რომელიც, სამწუხადოდ, საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, ბუნებრივია, Pussy Riot ქართველების ყურადღებას ვერ მიიპყრობდა. რამდენიმე ხნის წინათ ფეისბუკზე საკუთარ კედელსა და „ფემინისტურ ჯგუფში“ ჩემ მიერ Pussy Riot – ის სოლიდარობის სტატუსს მხოლოდ 10 ადამიანი გამოეხმაურა. თუმცა სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ ინტერნეტში გიორგი ხასაიას კრეატიული „ლოცვა Pussy Riot-სთვის“ გაჩენა, რომელსაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 500 მნახველი აღმოაჩნდა.


მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ორგანიზაცია Femen პროსტიტუციის ლეგალიზაციის, სექსტურიზმის, საერთაშორისო საქორწინო სააგენტოებისა და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ გამოდის, ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, ქალის გაშიშვლებით პროტესტის გამოხატვის ფორმა წინააღმდეგობრივია, რადგანაც ძუძუებით პროტესტი ყურადღების მიქცევისა და „ნიუსებში“ მოხვედრის უდავოდ ეფექტური საშუალებაა, მაგრამ სხეულით ებრძოლო იმას, რაც ქალის სხეულის ექსპლუატაციის პრაქტიკას წარმოადგენს, საკუთარი ნებით ორმაგ ხაფანგში გაბმის ტოლფასია. ბუნებრივია, ვალერია ნოვოდვორსკაიას „ჩაცმული“ საპროტესტო ხმა თუ სტატია იმდენად თვალშისაცემი და ეპატაჟური არაა, როგორიც ქალის ეროგენული ზონის ჩვენება. თუმცა „მოდა იცვლება“ და გლამურსაც (ქსენია სობჩაკი და მისთანანი) შეუძლია პროტესტი თავისი ბიზნესის წარმატებისთვის გამოიყენოს. მაგრამ თუ ანტისექსისტები იმას არ ითვალისწინებენ, რომ ისედაც ჰიპერსექსუალიზებულ, ლამის პედოფილურ–პატრიარქალურ საჯარო სფეროში მათი მკერდის აღქმა საპროტესტოდან სექსობიექტამდე დაყვანის კონვერტაციით წარიმართება, მაშინ გამოდის, რომ „ფემენიც“ გარემოსთან სასაუბროდ თავის სექსუალობას ისევ და ისევ სექსისტურ „საერთაშორისო ენად“ იყენებს. თანაც რამდენიმე შიშველი გოგონას ერთობლივი „ექსჰიბიციონიზმი“ არა მარტო ვუიარისტების ქვეცნობიერში მათი სხეულისა და სწორედ მკერდის ზომა–ფორმის შედარება მოჰყვება, არამედ ამგვარი „თვალთვალის ვნება“ პროტესტის შინაარსს მესამეხარისხოვანს გახდის.

ახალგაზრდა ქალთა ჯგუფი Pussy Riot, რომელიც ფემინიზმის მესამე თაობის წარმომადგენელ ამერიკული პანკ– ჯგუფის Riot Grrrl -ის შორეულ ნათესავად შეიძლება ჩაითვალოს, მოკრძალებულ „კანკანს“ იქ ცეკვავს, სადაც, წესით, რუსეთის სულიერი მამა – პატრიაქრი უნდა იდგეს, ანუ იქ, სადაც მამა – მეფის ტახტია, პოლიტიკურად დეტერმინირებულ გამონაკლისს წარმოადგენს. თუმცა თავზე ჩამოფხატული ნიღაბი, მართალი გითხრათ, უფრო სახრჩობელაზე ასასვლელად გამზადებული სიკვდილმისჯილის კომუფლიაჟს მაგონებს, ვიდრე მასკარადულ ატრიბუტს. ამგვარ ანონიმურობას ისინი კი ამით ხსნიან: ჯობს თანამემამულეებმა იფიქრონ – „ფუსი რაიოტელი“ ნებისმიერი ჩვენგანი/თქვენგანი შეიძლება იყოსო. ამა წლის იანვარში, როცა ქართველი ქალი გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად ძუძუდან რძეს იწველიდა და თანამოქალაქეების გაკვირვებულ მზერას უძლებდა, მეამბოხე რუსმა ქალებმა, რომლებიც ჩვენი დროის საყოფაცხოვრებო „არტისტ“ გივი სიხარულიძის „ნაშად“ ვერ და არ „გამოდგებიან“, კრემლის კედლებთან პუტინის გაპრეზიდენტების სურვილი პერფორმანსითა და ახალი სიმღერით „პუტინმა ჩაისვარა“ გააპროტესტეს.


Бунт в России - харизма протеста

Бунт в России - путин зассал

Бунт в России - мы существуем

Бунт в России - райот райот.


***




საქართველოს 1990–იანების ჩაბნელებულ, გენერატორით ამუშავებულ–გაფერადებულ სატელევიზიო ეკრანებზე, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დროს ორი ამერიკული „ქალური“ ფილმი – „ლამაზი ქალი“ (1990) და „ტელმა და ლუიზა“ (1991) გამოჩნდა. ერთი – მეძავისა და მისი მილიონერი კლიენტ–შეყვარებულის ურთიერთობის „ჰეპი – ენდზე“ („სიყვარულო ძალსა შენსა“ და ა.შ. სტილში), მეორე – ორი მეგობარი ქალის სიცოცხლესა და სიკვდილზე, რომლებიც, როგორც კი თავისუფლების გემო იგრძნეს, მაშინვე იღუპებიან. თავისი ნებით. თუმცა ისინი მადამ ბოვუარები სულაც არ არიან. პირველი სურათი უთვალავჯერ აჩვენეს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი მომავალშიც, ფაქტობრივად, ჩვენების უწყვეტ რეჟიმზე გადავა; მეორე კი საეკრანო პოპულარობით „ლამაზს“ ვერ შეედარა. და ეს „ლოგიკურიცაა“. რასაკვირველია, “დიდი ფილოსოფია“ არ უნდა იმის წარმოდგენას, რომ სტრიპტიზის ცეკვით „ნიჭიერის“ ჟიურისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მაყურებლის (განსაკუთრებით მამაკაცის) გულს უფრო მეტად მოიგებ; ხოლო თუ მოდელის სტანდარტიზებული პარამეტრები სტანდარტის შესაბამისი გაქვს, სატელვიზიო–საჯარო შეფასებას “ცელულიტიც გქონია!“ არ დაიმსახურებ. ამჯერად ქალის სხეულის ვულგარული მარკეტი (topgogo.ge) კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე განთავსდა. XX საუკუნის დასაწყისში გამოჩენლი ქართველი რეჟისორი თბილისის სცენაზე უილიამ შექსპირის ნაწარმოებებს, გაბოლშევიკებულ პეტროგრადში კი მასობრივ სანახაობებსაც დგამდა. ახლა კი ქალის სხეულის „ყველაზე იდეალურ ფორმას“ პირდაპირი ავიარეისით შინაარსიანი „რომეო და ჯულიეტას“ ავტორის ქვეყანაში გამგზავრება შეუძლია – საკუთარი დუნდულა კუნთების ზომა–წონისა და სამოდელო დიეტის მკაცრად დაცვის გამოისობით. სანდრო ახმეტელთან რობაქიძის „ლამარას“ დადგმის ესთეტიკის მიუღებლობის გამო განშორებული ყვარელელი მარჯანიშვილი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი სახელობის თეატრში სექსისტურ ტელეპროექტს უფრო მეტი მაყურებელი ეყოლებოდა, ვიდრე „ძია ვანიას“, ანდა ქართველის მიერ რუსეთში დადგმულ „მასოვკებს“. სატელევიზიო ეპოქაში ხომ მაყურებლის აუდიოტორია ასიათსჯერ და მეტჯერ იზრდება და მისი ზომბირების მეთოდები უფრო გამარტივებულია. თავი რომ დავანებოთ კლასიკოსებს, დღევანდელ პოლიტიკურ – სოციო–კულტურულ სიტუაციაში, როცა სახელმწიფოს წარმომადგენილი საქართველოში ქალის გასილიკონების მოსალოდნელ სიიაფეს ტურიზმთან ერთად ქვეყნის გამდიდრებისა და უცხოეთიდან ფულის შემოდინების ერთ–ერთ სერიოზულ წყაროდ მიიჩნევს, არაა გასაკვირი ქართველი გოგონების შიდა თუ გარე ბაზარზე „წასხმა“, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ქვეყნის მოდერნიზაციისა და დასავლეთთან დაახლოების საერო გეგმაში ჩაჯდეს.

„კაიზერ სოზეების“ მსხვერპლი ტელმა და ლუიზა, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში, ფაქტობრივად, შეძლებისდაგვარად უპირისპირდებიან მათ, სახლს ტოვებენ, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას გეგმავენ, აფეთქებენ თავხედი მძღოლის საწვავიან ტრაილერს... და მუდმივი დევნილის, გაქცეულის, თავისდამღწევის პოზიციაში იმყოფებიან. პირადად ჩემთვის სავსებით პროგნოზირებად ფინალში ისინი თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. ფინალის ინტერპრეტაცია მრავალგვარად შეიძლება. მათ შორის, როგორც კაპიტულაცია, როგორც პროტესტი, გამოწვევა, როგორც კანონიერი „ციხის“ მიუღებლობა და ა.შ. ფინალური სცენის სიმბოლური ვერსიების მიუხედავად, ცხადი ერთია – ჰოლივუდური ფილმის გმირები „აქ“ აღარ რჩებიან, რადგანაც „აქ“ კონტრტოპგოგონების ადგილი არაა. ამბობენ, რეჟისორმა რიდლი სკოტმა თავდაპირველად მეამბოხეების ფორდი „გრანდ კანიონის“ დაახლოებით ორკილომეტრიანი სიღრმის ფსკერზე მშვიდობიანად „დასვა“ და მერე არიზონის უდაბნოში ისევ „ასეირნა“. მაგრამ სურათის ოფიციალურ ვერსიაში ასეა არაა, რადგანაც რეალურ ცხოვრებაში ამგვარი ფინალი წარმოუდგენელია. თუ, რასაკვირველია, ქალებს „ბეტმენის“ მანქანა არა აქვთ, ანდა Pussy Riot –ის ერთ–ერთი წარმომადგენელივით თავისით არ გამოცხადდებიან პოლიციის განყოფილებაში და პატრიარქალური სამსჯავროს ბიუროკრატიას, კორუფციას როგორმე გაუძლებენ. მაგრამ რეალურად მათ გაქცევა მაინც მოუწევთ. თუნდაც ხსნა გაქცევის იძულებისგან ღვთისმშობელსა თუ უფრო მაღალ ინსტანციას სთხოვონ. მამაკაცების დაწერილ და დადგმულ სცენარებში (კინოსცენარები) ეს ხომ „ტრივიალური ამბავია“. ორივე „ქალური ფილმი“ (ისევე, როგორც „მამაკაცური“ სურათი „ჩვეულებრივი ეჭვიმატანილები“) პატრიარქალურ, ფსევდო თუ რეალურ ჰოლივუდურ სამყაროში გენდერული იდენტობის ერთგვარი ეკლექტური ნიმუშია, რომელიც, ფაქტობრივად, იდეოლოგიური კონფლიქტისა და ჩიხის განცდას უფრო აღრმავებს, ვიდრე თუნდაც ილუზორულ გამოსავალს წარმოაჩენს. ამიტომაც ფილმების ფინალი ასეთია: მანიპულაციის დიდოსტატი კაიზერ სოზე პოლიციის შენობიდან მშვიდობიანად გამოდის, მანქანაში ჯდება და ქალაქში უჩინარდება; „ლამაზ ქალს“ მისი მხსნელი სქელჯიბიანი რაინდი თეთრი ლიმუზინით, ყვავილებითა და La Traviata-ს ჰანგებით აკითხავს; ტელმა და ლუიზა კი დიდი სისწრაფით უკიდეგანო უდაბნოს უზარმაზარი შავი ორმოსკენ „მიფრინავენ“...




2012.05.20

netgazeti.ge








No comments:

Post a Comment