XXI-ე საუკუნის დასაწყისში, ცნობილი აფრო–ამერიკელი ქალი მწერლის, ბელ ჰუქსის მორიგი წიგნი „ფემინიზმი ყველასთვისაა: პასიონარული პოლიტიკა’’ გამოიცა. ეს ნაშრომი ლაკონურად, პოპულარული ენით მიმოიხილავს ფემინიზმის ისტორიას, მის მიზნებს, მიმართულებებს, გამარჯვებებს, მიღწევებსა და შეცდომებს. ბელ ჰუქსი ფემინიზმის თეორეტიკოსი და კულტურის კრიტიკოსია. ასევე, ცნობილია, როგორც თანამედროვე, მემარცხენე, რადიკალი ფემინისტი და ე.წ. „შავი ფემინიზმის“ (აფრო–ამერიკული ფემინიზმის) ერთ – ერთი გამოჩენილი აქტივისტი, რომლის წიგნებშიც დიდი ადგილი უჭირავს რასის, გენდერის, კლასის, ლოკალური და გლობალური ფემინიზმის ურთიერთგადაკვეთას, საზოგადოებაში დამკვიდრებული იერარქიების, ასაკზე, შეზღუდულ შესაძლებლობებსა და სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ცნობლია ბელ ჰუქსის გამოთქმაც: ,,სიყვარული სამართლიანობის გარეშე არ არსებობს’’. აშშ–ში შავი ფემინიზმის ჩასახვამ აკადემიურ წრეებში წარმოშვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც, შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც არსებობს გენდერული უთანასწორობა, არსებობს მემარცხენე მამაკაცებისა და მემარცხენე ქალების უთანხმოებაც თავად ლიბერალიზმის, სოციალიზმისა და მემარცხენეობის რაობაზეც. ბელ ჰუქსი კლასის მარქსისეულ განმარტებას არ სჯერდება. მისი აზრით, ის უფრო მრავლისმომცველია. კლასი არის ქცევის, ყოფისა და იმ ძირითადი დაშვებების ერთობლიობაც, ქცევის წესის ათვისებას რომ განსაზღვრავს; იმას, თუ რას ელი საკუთარი თავისა და სხვებისაგან; როგორია მომავლის შენეული კონცეპტი; როგორ აცნობიერებ და წყვეტ პრობლემას; როგორ ფიქრობ, როგორ გრძნობ და ა.შ.
ავტორი ზემოხსენებული წიგნის შესავალშივე გვამცნობს: როგორც კი გაიგებენ, რომ ის ფემინიზმის თეორეტიკოსია, აღარაფერს ეკითხებიან, რადგან ჰგონიათ, რომ „მათ“ (ფემინისტებს) მამაკაცები სძულთ; რომ „ისინი“ ბუნებისა და ღმერთის წინააღმდეგნი არიან; რომ „ისინი“ ყველანი ლესბოსელები არიან; რომ „ისინი“ თეთრ მამაკაცებს სამსახურს ართმევენ და წარმატების შანსს არ უტოვებენ. როცა ბელ ჰუქსი ამ ადამიანებს ეკითხება, თუ რომელი ფემინისტი მწერლების წიგნები წაუკითხავთ, ან რა იციან ფემინისტი აქტივისტების შესახებ, ისინი პასუხობენ, რომ ფემინიზმის შესახებ მხოლოდ ,,მესამე პირისგან“ სმენიათ. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ მათ არაფერიც არ იციან. ძირითადად, ,,ყური მოუკრავთ’’, რომ ფემინისტები არიან განრისხებული ქალები, რომლებსაც უნდათ, მამაკაცებს დაემსგავსონ. მათ არასდროს უფიქრიათ, რომ ფემინიზმი უფლებებია; რომ ის ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობისათვის მებრძოლთა მოძრაობაა. “როცა ფემინიზმის შესახებ ვსაუბრობ, – წერს ბელ ჰუქსი –, ისინი ცნობისმოყვარეობით მისმენენ და მეუბნებიან, რომ მე განვსხვავდები ნამდვილი ფემინისტებისგან, რომლებსაც მამაკაცები სძულთ. მე კი მინდა მათ ისევ და ისევ განვუმარტო, რომ „ფემინიზმი არის მოძრაობა სექსიზმის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ’’. მიყვარს ეს განმარტება, რომელიც მე პირველად 10 წლის წინ, ჩემს წიგნში, „ფემინისტური თეორია: მარგინალებიდან ცენტრისკენ“ გამოვიყენე. მიყვარს ეს განმარტება, რადგან იგი ნათლად აჩვენებს, რომ ეს მოძრაობა ანტიმამაკაცური სულაც არაა. იგი ცხადად გვეუბნება, რომ პრობლემა სწორედ სექსიზმია და რომ ყოველს ჩვენგანს, (ქალს, თუ მამაკაცს) თავს დაბადებიდანვე სექსისტური აზრებით გვიჭედავენ. ჩვენ ვიჟღინთებით პატრიარქალური იდეოლოგიით; მისით ვცხოვრობთ და მისი გავლენით ვმოქმედებთ. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ შეიძლება, ქალებიც ისეთივე სექსისტები იყვნენ, როგორიც – მამაკაცები. თუმცა, ეს მამაკაცების დომინირებას სულაც არ ამართლებს. პატრიარქატის (სხვაგვარად მას ინსტიტუციონალიზებული სექსიზმი ჰქვია) დასასრულისას კი უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ყველანი, მუდმივი თანამონაწილენი ვიყავით იმ პროცესისა, რომელმაც სექსიზმი ფენომენად აქცია. მარტოოდენ ფემინისტურ რევოლუციას არ შეუძლია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც ჩვენ ვიქნებით ის, რაც ვართ; სადაც მშვიდობა დაისადგურებს და ყველას უამრავი შესაძლებლობა მიეცემა. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, ბოლო უნდა მოვუღოთ რასიზმს, კლასობრივ ელიტარიზმს, იმპერიალიზმს. ფემინიზმი იმისთვის გვჭირდება, რომ შეიქმნას ნიადაგი ადამიანთა თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. თქვენ ფემინიზმის შესახებ პირველი პირისაგან უნდა გაიგოთ. მოგვიახლოვდით და დაინახავთ, რომ ფემინიზმი ყველასთვისაა’’.
გთავაზობთ ბელ ჰუქსის წიგნის „ფემინიზმი ყველასთვისაა: პასიონარული პოლიტიკა’’ მოკლე მიმოხილვას.
ფემინისტური პოლიტიკა
ჩვენი საზოგადოება კვლავ სამაგალითო „ქრისტიანული“ კულტურით საზრდოობს. ამიტომაც, ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, - ღმერთმა დააწესა, რომ საშინაო საქმეებში ქალი კაცს უნდა დაემორჩილოსო. მაშინაც კი, როცა უამრავი ქალი მუშაობს და ოჯახს არჩენს, არსებობს შეხედულება, რომ მამაკაცის დომინირება ხელუხლებელი ცნებაა. თანამედროვე ფემინიზმის განვითარებასთან ერთად, ქალებმა გააცნობიერეს, რომ მხოლოდ მამაკაცებს არა აქვთ სექსისტური აზროვნება და ქცევა. ფოკუსმა გენდერული თანასწორობის დამყარებისაკენ გადაინაცვლა, მაგრამ სამომავლოდ, ქალები ფემინისტურ მოძრაობაში გაერთიანებას ვერ შესძლებენ, თუ ჩვენს სექსისტურ აზროვნებას არ შევებრძოლებით. ქალთა თემი მანამ არ იქნება ძლიერი, სანამ ქალები ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ ულმობელი ომი ექნებათ გაჩაღებული. ფემინისტურმა პოლიტიკამ თავისი მომაძრავებელი იმპულსი იმიტომ ვერ შეინარჩუნა, რომ ამ მოძრაობამ თავისი კონკრეტული განმარტება დაკარგა. მოდით, კიდევ ერთხელ დავიწყოთ ფემინისტური მოძრაობა.
ცნობიერების ამაღლება
ფემინიზმი კი არ იბადება, არამედ – იქმნება. ქალი ფემინიზმის დამცველი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ როდია, რომ ქალად დაიბადა. ადამიანები ფემინისტური პოლიტიკის მომხრენი და გამტარებელნი მხოლოდ საკუთარი არჩევანისა და ქმედების შედეგად ხდებიან. რევოლუციონერული ფემინისტური ცნობიერების ამაღლება გულისხმობს, რომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პატრიარქალურ წყობაზე, როგორც დომინაციის სისტემაზე. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს, ქალთა კვლევები აკადემიურ დისციპლინად ჩამოყალიბდა. ამ კვლევებმა ცხადყო, რომ ქალების უმეტესობა, რომელმაც ქალთა კვლევების ინსტიტუციონალიზება გადაწყვიტა, იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა სამსახური, რადგან მაგისტრის (და არა – დოქტორის) ხარისხი ჰქონდა. ძალიან დიდი დრო გავიდა, სანამ ქალთა კვლევების საკლასო ოთახები ცნობიერების ამაღლების თავისუფალ ჯგუფებად გადაიქცეოდა. სხვადასხვაგვარი განათლების მქონე ქალები, დიასახლისები, მშრომელები, თუ დიდი პროფესიონალები, ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა ჯგუფებში ერთიანდებოდნენ, თუმცა, კვლევების აკადემიურობა კვლავ და კვლავ კლასობრივი პრივილეგიის ნიშნად ითვლებოდა. მაგრამ მოულოდნელად, უფრო მეტმა და მეტმა ქალმა, რომელმაც საკუთარ თავს ფემინისტი უწოდა, გენდერული დისკრიმინაციის თეორია საკუთარი ეკონომიკური სტატუსის შესაცვლელად გამოიყენა.
ფემინისტური ცნობიერების ამაღლება მამაკაცებისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც – ქალთა ჯგუფებისთვის. თუკი ამგვარ ჯგუფებში ბიჭებსა და მამაკაცებს აუხსნიან, რა არის სექსიზმი და როგორაა შესაძლებელი მისი ტრანსფორმირება, მასმედია ვეღარ შეძლებს, ქალთა მოძრაობა ანტიმამაკაცურ ამბოხებად შერაცხოს.
ქალთა თემი ისევ ძლიერია
როცა პირველად გამოიყენეს სლოგანი: „ქალთა თემი ძლიერია“, იგი შიშის მომგვრელად ჟღერდა. პირადად მე, ფემინისტურ მოძრაობაში მაშინ ჩავერთე, როცა კოლეჯის მეორე კურსზე ვსწავლობდი. ამავე დროს, საკუთარი თვალით ვხედავდი, რომ იმ გოგონებს, რომლებიც სწავლობდნენ გოგონათა კლასში, სრულიად განსხვავებული თავმოყვარეობა და თავდაჯერება ჰქონდათ, ვიდრე იმათ, ვინც ბიჭებთან ერთად სწავლობდნენ. ფემინისტური აზროვნება კი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ქალებს საკუთარი თავის სიძულვილი დაავიწყოს. იგი ჩვენი ცნობიერებიდან პატრიარქალური აზროვნების განდევნის შესაძლებლობას გვაძლევს. საზოგადოებაში მამაკაცების ერთობა მიღებულ იქნა და პატრიარქალური კულტურის ასპექტად დამკვიდრდა. სავსებით მისაღებია, რომ მამაკაცები ჯგუფებად ერთიანდებიან, ერთმანეთს მხარს უჭერენ და ერთი გუნდის მოთამაშენი არიან; მათთვის ერთ გუნდად შეკვრა უფრო მაღლა დგას, ვიდრე - ინდივიდუალური მოგება და განსხვავება და ამას კარგად იყენებენ. სამაგიეროდ, ქალთა ერთიანობა პატრიარქატის საზღვრებში წარმოუდგენელი იყო, რადგან ეს ღალატად აღიქმებოდა. ფემინისტურმა მოძრაობამ კი ქალთა გაერთიანება შესძლო. ჩვენ მამაკაცების წინააღმდეგ კი არა, ქალთა ინეტერსების დასაცავად ვერთიანდებით. როცა ვცვლიდით იმ პროფესორებს, რომლებიც გვასწავლიდნენ, ქალი ავტორების წიგნები არ წაიკითხოთო. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდით, რომ ეს პროფესორები არ გვიყვარდა (პირიქით: გვიყვარდა), უბრალოდ, გვინდოდა, ჩვენს საკლასო ოთახებსა და კურიკულუმებში გენდერული უთანასწორობა აღმოგვეფხვრა.
ფემინისტ ქალთა თემი პატრიარქალური უსამართლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მოვალეობას საკუთარ თავზე იღებს და იზიარებს. არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმას მიიღებს ეს დისკრიმინაცია. მთავარია ის, რომ ქალთა შორის არსებული პოლიტიკური სოლიდარობა სექსიზმს ძირს უთხრის და პატრიარქატს ანგრევს.
ფემინისტური განათლება კრიტიკული ცნობიერებისთვის
ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, სათავეს თეორიიდან იღებს. საწყის ეტაპზე, ფემინისტური თეორიის მიზანი სექსიზმის გავლენისა და მისი შეცვლის მექანიზმის ახსნა იყო. ადამიანების უმეტესობა მშობლებისა და საზოგადოების სექსისტური აზროვნებით სოციალიზდება. ჩვენ არ გვქონდა იმის დრო, რომ გაგვეცნობიერებინა ჩვენი წარმოდგენების საფუძვლები. ფემინისტური აზროვნება და ფემინისტური თეორია ამის გაცნობიერებისკენ გვიბიძგებს. მე ფემინისტი მაშინ გავხდი, როცა ჩემს პატრიარქალურ ოჯახში მამაკაცების დომინაციას შევებრძოლე. მაგრამ შეიძლება, ვიყოთ ექსპლუატაციური სისტემის მსხვერპლნი და ვებრძოდეთ მას, თუმცა, მაინც ვერ მივხვდეთ, თუ როგორ ,,მუშაობს’’ სექსიზმი, რა გავლენას ახდენს ჩვენზე, ან როგორ უნდა შევცვალოთ იგი. ქალები და მამაკაცები აკადემიური სფეროს მიღმა მნიშვნელოვან აუდიტორიად არ განიხილებიან. ფემინისტური აზროვნება და თეორია აღარაა მიჯაჭვული ფემინისტურ მოძრაობას. ფემინისტური თეორია გადასახლდა იმ აკადემიურ გეტოში, რომელსაც გარესამყაროსთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონდა. აკადემიურ წრეებში შესრულებული სამუშაო, ხშირად, ხილულიც იყო, მაგრამ ამგვარი „გამონათებები“ ბევრ ადამიანს სულაც არ ეხებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ფემინისტური აზროვნების გააკადემიურებამ და მისმა დეპოლიტიზირებამ ფემინისტურ მოძრაობას ძირი გამოუთხარა. დერადიკალიზებული ფემინისტური მოძრაობა ემსგავსება სხვა აკადემიურ დისციპლინებს და მათგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ გენდერის საკითხებზეა ფოკუსირებული. საჭიროა დაიწეროს სხვადასხვა რანგისა და ფორმის ლიტერატურა, რომელიც ადამიანებს მასობრივად მიაწვდის ინფორმაციას და ინდივიდებამდე ფემინისტურ აზროვნებასა და ფემინისტურ პოლიტიკას მიიტანს. ამგვარი სამუშაო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვისაა აუცილებელი, მაგრამ ამას აკადემიურ წრეებში არავინ აკეთებს. ბევრ ადამიანს არ ესმის, რომ ფემინიზმი ცხოვრების ჩვენდა სასიკეთოდ შეცვლის ათასგვარ გზას გვთავაზობს. ფემინისტური ცოდნა ყველასთვისაა.
ჩვენი სხეული, ჩვენ თვითონ (რესპროდუქციული უფლებები)
როცა ე.წ. ,,სექსუალურმა რევოლუციამ’’ პიკს მიაღწია, თავისუფალმა სიყვარულმა ქალები არასასურველი ფეხმძიმობის მწარე რეალობას შეაჯახა. სანამ ამ საკითხში გენდერული თანასწორობა დამყარდება, ქალებს სჭირდებათ უსაფრთხო და ეფექტური კონტრაცეპტივები და აბორტები. ეფექტურმა, თუმცა არცთუ სრულიად უსაფრთხო ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა (რომელთა შემქმნელებიც იყვნენ მამაკაცი მეცნიერები, რომელთა უმრავლესობა ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ არ გამოდიოდა), რომლებიც მასობრივად გამოიყენებოდა, ქალებს მართლაც მისცა აბორტზე უფრო დიდი უფლება – სექსუალური თავისუფლება. ჩემისთანა ქალები სწორედ კონტრაცეპტივებმა იხსნა არასასურველი ფეხმძიმობის შიშისა და სირცხვილისგან. მამაკაცებს კი მიაჩნდათ, რომ ის ქალები, რომლებიც შვილოსნობას ასე აკონტროლებდნენ, სექსუალურად უფრო ,,თავისუფლები’’ იყვნენ. ჩვენ ახლა ვიცით, რომ განმეორებადი აბორტები, ან ესტროგენის მაღალი დოზის შემცველი კონტაცეპტივის გამოყენება დაფეხმძიმების რისკს მაინც არ აქრობს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალები მზად არიან, გარისკონ, რათა ჰქონდეთ სექსუალური თავისუფლება და არჩევანის უფლება.
აბორტის პრობლემამ მასმედიის ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ ეს საკითხი ნამდვილად ცვლის ქრისტიანობის ფუნდამენტურ აღქმას. აბორტის ლეგალიზების მოთხოვნა პირდაპირი გამოწვევა იყო; ეს იყო იმ დებულების უარყოფა, რომლის მიხედვითაც, ქალის არსებობის მიზეზი და მიზანი შვილის გაჩენაა. ასეთი აურზაური არც ერთ სხვა საკითხს არ გამოუწვევია. ქალის სხეულმა მთელი ქვეყნის ყურადღება მიიპყრო. ეს იყო ეკლესიის პირდაპირი, თამამი გამოწვევა. შემდგომში, ფემინისტები ცდილობდნენ, მასმედიის ყურადღება სხვა რეპროდუქციულ პრობლემებზეც გადაეტანათ, მაგრამ ამაოდ. ეს საკითხები იგნორირებულ იქნა. ქალის ჯანმრთელობის, საკეისრო კვეთისა და ჰისტერექტომიის პრობლემა მასმედიის ყურადღების ღირსად არ ჩაითვალა; ფაქტობრივად, ყურადღება მიაქციეს მამაკაცების მიერ დომინირებული, იმ კაპიტალისტური, პატრიარქალური სისტემის არსებობას, რომელიც ქალის სხეულს აკონტროლებს და ისე ეპყრობა, როგორც სურს; თავისი სურვილისამებრ ,,ძერწავს’’, ,,ფორმას უცვლის’’ და ,,აკეთებს’’ მას. თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ სამყაროს, სადაც აბორტები მხოლოდ იმ ქალებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებსაც ბევრი ფული ჰქონდათ, შედეგად მივიღებთ
სახელმწიფოს ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეეცდება, აბორტი არაკანონიერ ქმედებად გამოაცხადოს. ეს უკვე ხდება ბევრ კონსერვატიულ სახელმწიფოში. აბორტი, ყველა კლასის წარმომადგენელი ქალისთვის, უსაფრთხო, ლეგალური და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
სილამაზითა და სილამაზის გარეშე
ქალის სხეულისადმი სექსისტური დამოკიდებულების შეცვლა იყო ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ინტერვენცია, რომელიც თანამედროვე ფემინისტურმა მოძრაობამ განახორციელა. ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობამდე, ყველა ქალი (ახალგაზრდა, თუ ასაკოვანი) სოციალიზდებოდა იმ სექსისტური აზროვნებითა და რწმენით, რომ ჩვენი ,,ღირებულება’’ მხოლოდ გარეგნობაა და ისე ლამაზები უნდა ვიყოთ, როგორც მამაკაცებს სურთ. აუცილებელია იმის გაგება, რომ ქალები ვერასოდეს გათავისუფლდებიან, თუკი ჩვენსავე თავში არ გავაღვიძებთ საკუთარი თავისადმი პატივისცემისა და სიყვარულის ჯანსაღ გრძნობას. ფემინისტი მოაზროვნეები მთავარ დასკვნამდე მივიდნენ: კრიტიკულად უნდა შეაფასონ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი სხეულისადმი; კრიტიკულად უნდა შეაფასონ ის, თუ როგორ ვგრძნობთ და აღვიქვამთ ჩვენს სხეულს. წლების წინ ქალები ირჩევდნენ, ჩაეცვათ თუ არა ლიფები. გაიხადეს ის, რაც მათთვის არაჯანსაღი და არაკომფორტული იყო, ანუ მოიშორეს შემბოჭავი ტანსაცმელი: ლიფი, ქამრები, კორსეტები და სხვა. ეს იყო ქალის სხეულის სიჯანსაღისა და დიდებულების რიტუალური, რადიკალური განცხადება. თანამედროვე ქალებს, რომლებსაც არასოდეს შეჰხებიათ ამგვარი შეზღუდვები, შეუძლიათ, უბრალოდ, გვენდონ; შეუძლიათ, თავისუფლად დაგვიჯერონ, როცა ვამბობთ, რომ ამგვარი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქალებმა მოითხოვეს, რომ მოდის ინდუსტრიას, რომელშიც მამაკაცები დომინირებდნენ, ტანსაცმლის სხვადასხვაგვარი სტილი შეექმნა.
სექსისტური მოდის ინდუსტრიის ცვლილებამ გაათავისუფლა ქალები, რათა მათ ცხოვრებაში პირველად გაეცნობიერებინათ, რომ გარეგნობაზე გამუდმებული, ისტერიკული ზრუნვა პათოლოგიური შეპყრობილობა და სიცოცხლისათვის მეტად საშიში ობსესია იყო. პირველ პლანზე აკვიატებული შიმშილობის საკითხი დადგა. სწორედ ფემინისტურმა მოძრაობამ აიძულა სექსისტურად განწყობილი სამედიცინო ,,ისტებლიშმენტი’’, ამ საკითხისთვის ყურადღება მიექცია. ფემინისტებმა ჩამოაყალიბეს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრები და ყურადღებას ამახვილებდნენ ქალებზე ორიენტირებულ ჯანდაცვაზე. შედეგად, სამედიცინო ,,ისტებლიშმენტში’’ იძულებული გახდა, ქალის სხეულისადმი დამოკიდებულება პოზიტიურად შეეცვალა: ქალების ფული უნდა დახარჯულიყო იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მომსახურებოდნენ და მათი სხეულისადმი კორექტული დამოკიდებულება გამოეჩინათ. სამედიცინო ,,ისტებლიშმენტის’’ ამ დამოკიდებელების ცვლილება ფემინისტთა მუხლჩაუხრელი ბრძოლის მონაპოვარია. თეთრკანიანთა კაპიტალისტური, პატრიარქალური მოდის დომინირების მომხრეების მიზანი იყო სილამაზის აღქმის სექსისტური რეგლამურიზაცია. ამ პროცესს მხარი მედიამაც აუბა. ფილმებში, ტელევიზიასა და საჯარო რეკლამებში ,,გაჩნდნენ’’ ლერწამივით წვრილი, ქერად თმაშეღებილი ქალები, რომლებსაც სახეზე ეტყობათ, რომ მზად არიან, კარგი საკვების გამო ვინმე მოკლან. ეს ნორმა გახდა. ქალის სილამაზის მიზოგინურ ხატებს, რომელთაც გაორმაგებული ძალა აქვთ, ფემინისტური მოძრაობის პროგრესის განადგურება შეუძლიათ. ქალებმა უკვე იციან, რომ კვების რეჟიმის დარღვევა სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ უამრავი ქალი (ახალგაზრდაც და ასაკოვანიც) კვლავ თავს იკლავს შიმშილით, რათა როგორმე გახდეს. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. წიგნებსა, თუ ფილმებში კი ანორექსია ბანალური თემა გახდა, მაგრამ არავითარ მკაცრ გაფრთხილებას არ შეუძლია, შეაჩეროს ის ქალები, რომელებსაც სჯერათ, რომ სიგამხდრე მათ ღირებულებას, სილამაზესა და ჭეშმარიტ ,,ფასს’’ განსაზღვრავს. დღეს, როცა გოგონები თავიანთ სხეულზე იწყებენ ფიქრს, საკუთარი თავი სძულდებათ. სანამ ფემინისტები არ დაუბრუნდებიან სილამაზისა და მოდის ინდუსტრიის კრიტიკას და საფუძველს არ ჩაუყრიან განგრძობით და მდგრად რევოლუციას, ჩვენ თავისუფლებას ვერ მოვიპოვებთ; სანამ ეს ნანატრი გადატრიალება არ მოხდება, არ გვეცოდინება, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სხეული.
ქალი სამსახურში
ვიცით, რომ სამსახური ქალს მამაკაცების დომონაციისაგან არ ათავისუფლებს. რეალურად არსებობს ბევრი მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი და მდიდარი ქალი, რომელიც დომინანტ მამაკაცთან ცხოვრობს და ეს ნორმად ითვლება. ცნობილია ისიც, რომ რაც უფრო ეკონომიკურად დამოუკიდებელია ქალი, მით უფრო ადვილად იღებს დომინანტი მამაკაცისგან წასვლის გადაწყვეტილებას. ის მიდის, რადგან ეს შეუძლია. ბევრი ქალი იზიარებს ფემინისტურ შეხედულებებს, ირჩევს თავისუფლებას, მაგრამ ეკონომიკურად მაინც მიჯაჭვულია პატრიარქალური მენტალობის მამაკაცზე. ეს კი ქალის მისგან წასვლასა და გათავისუფლებას არა მხოლოდ რთულს, არამედ შეუძლებელსაც კი ხდის. მაგრამ როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე, როგორც ქალის ემანსიპაციის საშუალებაზე, უნდა დავძინოთ, თუ რა სახის სამუშაო ათავისუფლებს. რასაკვირველია, ესაა უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური (დროის ხელსაყრელი გრაფიკით), რომელიც მშრომელს უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს. ქალთა საკითხის ცენტრალურ თემად კვლავ სიღარიბე რჩება. მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის (და ბუნებრივია, ქალებისთვისაც) ცხოვრება ასე გაჭირდა და ყველაფერი ასე გაძვირდა, სამუშაო ადგილი რჩენის საშუალებად აღარ აღიქმება. იმისთვის, რომ ქალებმა თვითაქტუალიზება შეძლონ და თუ ისინი მამაკაცების დომონირებისგან გათავსუფლების გზას ირჩევენ, თითოეულ მათგანს სათანადო შემოსავალი სჭირდება. ფემინიზმის დასაწყისში, ქალთა მოძრაობამ საკუთარი შემოსავლის ქონა ფემინიზმის ძირითად მიზნად ვერ წარმოაჩინა. მძიმე ვალდებულებებით შებოჭილი ქალების სიდუხჭირეზე ყურადღების გამახვილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, იყოს ის ფემინისტური პლატფორმა, რომელიც კოლექტიურ პასუხიმგებლობას გამოხატავს. ეს კი, შესაძლებელია, მაორგანიზებელ, ქალთა ერთ ნიადაგზე გამაერთიანებელ საკითხად გადაიქცეს.
ძალადობის დასასრული
უდავოა, რომ თანამედროვე ფემინიზმის ყველაზე თვალსაჩინო და ყველასათვის საგრძნობი მონაპოვარი ისაა, რომ მან ადამიანები აიძულა, ოჯახში ძალადობის სავალალო რეალობა გაეცნობიერებინათ და მწარე სიმართლისათვის თვალი გაესწორებინათ. ხოლო თუ ჩვენ გვინდა ძალადობის აღმოფხვრა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია აზროვნებისა და ქცევის შეცვლა. დღეისათვის, ოჯახში ძალადობის პრობლემაზე (მასმედიასა, თუ დაწყებით კლასებშიც კი) იმდენს საუბრობენ, რომ ძალიან ხშირად ავიწყდებათ შემდეგი: სწორედ თანამედროვე ფემინისტურმა მოძრაობამ გამოააშკარავა ძალადობის მწვავე რეალობა და იდუმალების საბურველი ჩამოჰგლიჯა მას. თავდაპირველად, ფემინისტურმა მოძრაობამ პირველ პლანზე დააყენა ოჯახში მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობა. მაგრამ რადგანაც ეს მოძრაობა პროგრესირებდა, გაჩნდა იმის მტკიცებულებებიც, რომ ძალადობა ერთსქესიან ურთიერთობებშიც არსებობს.
ოჯახში პატრიარქალური ძალადობა ემყარება რწმენას, რომ იგი მისაღებია მეტწილად ძლიერი ინდივიდებისთვის, რომელთაც აქვთ უფლება, სხვები იძულებითი წესით გააკონტროლონ. ტერმინი ,,პატრიარქალური ძალადობა’’ გაჩნდა, რათა მიღებული ფორმის, - „ოჯახში ძალადობისაგან“ განსხვავებით, მსმენელისთვის შეეხსენებინა, რომ საქმე გვქონდა სექსიზმთან, სექსისტურ აზროვნებასა და მამაკაცის დომონირებასთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში „ოჯახში ძალადობა’’ გამოიყენებოდა, როგორც „რბილი“ ტერმინი, რომელიც მოიაზრებდა პრივატულ კონტექსტს და შესაბამისად, უფრო ნაკლებად საშიშსა და ნაკლებად ბრუტალურ ძალადობას, ვიდრე იმ ძალადობას, რომელიც ოჯახს მიღმა ხდებოდა. ეს ასე არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახში უფრო მეტი ქალია დასახიჩრებული და დახოცილი, ვიდრე მის გარეთ. ასევე, ადამიანთა უმრავლესობა ერთმანეთისაგან განასხვავებს ზრდასრულებს შორის ოჯახში ძალადობასა და ბავშვებზე ძალადობას. ხშირად, ბავშვები ძალადობის მსხვერპლნი მაშინ ხდებიან, როცა ცდილობენ, გააპროტესტონ ის, რომ დედას მეგობარი მამაკაცი, თუ ქმარი სცემს. ისინი ემოციურ ზიანს მაშინ იღებენ, როცა ძალადობისა და შეურაცხყოფის მომსწრენი ხდებიან. ცხადია ისიც, რომ სექსისტი მამაკაცებისა და ქალების პატრიარქალური ძალადობა სწორედ ბავშვების წინააღმდეგაა მიმართული. ადამიანები ამბობენ, რომ ოჯახში ძალადობა სექსიზმის შედეგია და იგი არ დასრულდება მანამ, სანამ სექსიზმს ბოლო არ მოეღება, თუმცა, ზოგს მაინც არ შეუძლია ამ ლოგიკური კავშირის დანახვა. ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია გენდერის შესახებ არსებული შეხედულებების ფუნდამენტალური ცვლილება. ფემინისტური მოძრაობისთვის უპირველესი ამოცანა კი ქალებზე ძალადობის აღმოფხვრა უნდა გახდეს.
სიმართლე ისიცაა, რომ ბავშვებს არა აქვთ ორგანიზებული, კოლექტიური ხმა, რომ სინამდვილეზე ისაუბრონ და თამამად თქვან, თუ რა ხშირად არიან ისინი ქალთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი. აქამდე, ფემინისტური მოძრაობა მამაკაცთა მხრიდან ძალადობაზე ამახვილებდა ყურადღებას და ამის შედეგი იყო ის, რომ არსებობდა სექსისტური სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, მამაკაცი იყო მოძალადე, ქალი კი – არა; მამაკაცი ბოროტმოქმედი იყო, ქალი – მსხვერპლი. ფაქტია, რომ ქალები არ სჩადიან ძალადობას ისე ხშირად, როგორც მამაკაცები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მოძალადეები საერთოდ არ არიან. ჩვენ მამაკაცებიცა და ქალებიც საზოგადოების იმ წევრებად უნდა მივიჩნიოთ, რომელთაც შეუძლიათ ძალადობის მხარდაჭერა მანამ, სანამ ვიდრე ძალადობა არ აღმოივფხვრება.
დედა, რომელიც არასოდეს ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ თავის შვილებს (განსაკუთრებით, ყმაწვილებს), ასწავლის, რომ ძალადობა საზოგადოებრივი კონტროლის მისაღები საშუალებაა, მაინც იმყოფება შეთქმულებაში პატრიარქატთან; ის მისი თანამზრახველი ხდება; ამიტომაც, შეხედულებები უნდა შეიცვალოს. ცხადია, ქალთა უმრავლესობა არ გამოიყენებს ძალას, რათა მამაკაცზე დომინირებდეს (ძალიან მცირეა იმ ქალთა რაოდენობა, ვინც მამაკაცს სცემს). ბევრი ქალი თვლის, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანს აქვს ძალის გამოყენების უფლება, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. მშობლების დიდი უმრავლესობა შვილებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. დომინაციის კულტურაში ყველა ადამიანი სოციალიზდება იმგვარად, რომ მან ძალადობა საზოგადოებრივი კონტროლის მისაღებ საშუალებად ჩათვალოს. მედიამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ მამაკაცები ქალებზე ძალადობენ, მაგრამ ძალადობის არსის გაგებამ მაინც ვერ გამოიწვია პატრიარქატთან ბრძოლა სწორედ ძალადობის მიზეზთა ხაზგასმით.
რაც უფრო მეტი მამაკაცი იკავებს მაღალ სამსახურეობრივ პოზიციას, ანდა ქალის ანაზღაურებაზე ნაკლებს იღებს; რაც მეტი ქალი მუშაობს, მით მეტი მამაკაცი ფიქრობს, რომ მას სქესის სექსისტურ-როლურ იერარქიაში თავისუფლებისა და ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის წყალობით შეუძლა. ეს ასე იქნება მანამ, სანამ ისინი არ გადაეჩვევიან სექსისტურ აზროვნებას, რომელიც მათ კარნახობს, რომ ქალის ნებისმიერი ხერხით მართვის უფლება აქვთ. ამას ბოლო არ მოეღება მანამ, სანამ მამაკაცების ქალებზე ძალადობა ნორმად ჩაითვლება. ფემინისტური აზროვნება ძალადობის პრობლემის გადაკვეთაა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ამ მწვავე პრობლემასთან ბრძოლის გადაწყვეტილება ყველამ მიიღოს.
ფემინისტური მასკულინობა
როცა ფემინისტური მოძრაობა პირველ ნაბიჯებს დგამდა, მასში ანტინმამაკაცური ფრაქცია გაჩნდა. ამ მოძრაობაში გაწევრიანდნენ ის ჰეტეროსექსუალი ქალები, რომელთა მამაკაცებიც სასტიკები, ბოროტები, მოძალადეები და მოღალატეები იყვნენ. ბევრმა ქალმა ამგვარ პარტნიორს, თუ ქმარს თავი დააღწია და რადიკალურად მოზროვნე გახდა. ისინი იყვნენ ის კაცები, რომლებიც მონაწილეობდნენ სოციალური სამართლიანობის მოძრაობაში, გამოხატავდნენ მუშათა და ღარიბთა აზრს, საუბრობდნენ არსებულ სამართალზე, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა გენდერს, ისინი სექსისტები და კონსერვატორები ხდებოდნენ. ზოგიერთი ქალი ფემინისტურ მოძრაობაში სწორედ ამგვარ მამაკაცთან ურთიერთობის შემდეგ გაწევრიანდა და ეს სიბრაზე ქალთა გათავისუფლების კატალიოზატორად მიაჩნდა. პროგრესული ფემინისტები კი ფიქრობენ, რომ პრობლემას ქმნიან არა კონკრეტული კაცები, არამედ პატრიარქატი, სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია და მასკულინური დომინაცია. სულ უფრო მეტი ქალი გათავისუფლდა ასეთი მამაკაცისა და ამგვარი დესტრუქციული ურთიერთობისაგან და ამიტომაც, სრული სურათის დანახვა უფრო მეტად გახდა შესაძლებელი. ანტიფემინისტ მამაკაცებს კი ყოველთვის ჰქონდათ ძლიერი საჯარო ხმა; ხოლო იმათ, ვისაც ფემინისტები სძულდათ, მათ წინააღმდეგ იერიშების ორგანიზება სწრაფად შეეძლოთ. კონსერვატიული მასმედია ფემინისტებს კვლავ სიძულვილით სავსე ადამიანებად წარმოაჩენს და ამგვარმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, ფემინიზმის დისკრედიტაცია გამოიწვიოს.
ფემინისტები, რომლებიც მამაკაცებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, მედიის ყურადღებას არ იმსახურებენ. ჩვენი კრიტიკული თეორიული ნაშრომები, რომელიც მამაკაცების დემონიზაციას, მის მტრად წარმოსახვას ეხება, არ ცვლის ანტიმამაკაცური ქალების პერსპექტივას. ეს კი იყო მამაკაცურობის უარყოფით წარმოდგენებზე რეაქცია, რომელმაც ასევე ანტიქალურ მამაკაცთა მოძრაობის წარმოქმნა განაპირობა. სხვადასხვა საშუალებებით, მამაკაცურმა მოძრაობამ ასახა ქალთა მოძრაობის უარყოფითი ასპექტებიც. ქვეყანაში, მამაკაცების უმრავლესობას იდენტობის პრობლემა აწუხებს. მაშინაც კი, როცა ისინი პატრიარქატს ებღაუჭებიან, ინტუიცია კარნახობთ, რომ ეს (მასკულინობა) პრობლემის ნაწილია. უმუშევრობა, არასაკმარისი ანაზღაურება და ქალთა კლასის სიძლიერე იმ მამაკაცებს უქმნის სირთულეებს, რომლებიც არ არიან მდიდრები, არა აქვთ ძალაუფლება და საკუთარი ადგილი ვერ უპოვიათ. ფემინისტური იდეოლოგია მოიცავს ფემინისტური მასკულინობის საკითხსაც; მას უყვარს მამაკაცები და ყმაწვილები და მათი სახელით, მათთვისაც იმავე უფლებებს ითხოვს, რომელთაც - გოგონებისა და ქალებისათვის. ფემინისტური იდეოლოგია ყველას გვასწავლის, თუ როგორ უნდა ვუჭერდეთ მხარს და განვადიდებდეთ, ვეთაყვანებოდეთ სიცოცხლეს და როგორ გვიყვარდეს სამართლიანობა და თავისუფლება. ცხადია, ახალი სტრატეგიები, ახალი თეორიები და გზამკვლევები გვჭირდება, რათა ვიცოდეთ, როგორ შევქმნათ ახალი სამყარო, სადაც ფემინისტური მასკულინობაც იარსებებს.
ფემინისტური აღზრდა
რადიკალური ფემინისტური მოძრაობის მთავარი სამიზნე ბავშვებია. ამაში იგულისხმება შემდეგი: თუკი მშობლები ბავშვებს მავნე სექსისტური იდეოლოგიის გარეშე აღზრდიან, სამყარო რადიკალურად შეიცვლება და ანტისექსისტური მოძრაობის საჭიროება აღარ დადგება. ფემინისტური მოძრაობა, ძირითადად, გოგონებზე ამახვილებდა ყურადღებას, რადგან ისინი, როგორც წესი, სექსისტური იდეოლოგიისა და აზროვნების მთავარი სამიზნე არიან. ახლა და მომავალში კი ფემინისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბიჭების არასექსისტური მეთოდით აღზრდას. მოცემულობა იმის შესახებ, რომ ბიჭებს უფრო მეტი პრივილეგია და ძალაუფლება აქვთ, ვიდრე გოგონებს, ფემინისტურ პრიორიტეტებს მაინც გოგონაზე ფოკუსირებს. დომინაციის კულტურაში, სადაც ბავშვებს სამოქალაქო უფლებები არ გააჩნიათ, უფრო მეტი ძალაუფლების მქონეთ (ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებს), შეუძლიათ, ბავშვები ავტოკრატიულად მართონ. სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებაში, ბავშვები მსხვერპლნი არიან იმ ძალადობისა, რომლის უმეტესი ნაწილიც სიცოცხლისთვის საშიშია. ბევრი ბავშვი იღუპება. ქალები ბავშვებზე ისევე ხშირად ძალადობენ, როგორც მამაკაცები (ზოგჯერ უფრო მეტადაც კი). ისინი სწორედ იმავე საშუალებებით ძალადობენ მათზე, როგორებითაც, მამაკაცები, რადგან ჩვენ ვსოციალიზდით პატრიარქალური აზროვნებისა და დომინირების ეთიკის მიმღებლობით, რომელიც გვკარნახობს, რომ ძალაუფლების მქონეს აქვს უფლება, ძალაუფლების არმქონე მართოს და მის დასამორჩილებლად ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს.
ბიჭები უფრო ხშირად არიან ძალადობის სამიზნეები, თუკი მათი ქცევა მასკულინობის სექსისტურ წარმოდგენას არ ემთხვევა. მათ უფრო ხშირად არცხვენენ სექსისტი უფროსები (პატრიარქალური სტერეოტიპებით სავსე დედა) და სხვა ბავშვები. ფემინისტური მოძრაობის ყველაზე პოზიტიური ჩარევა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით ის იყო, რომ მან დაამკვიდრა ახალი კულტურა და ახალი ცნობიერება, რომლის მიხედვითაც, ბავშვის აღზრდაში მამაკაცმა უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს არა მხოლოდ მეუღლესთან გენდერული თანასწორობის მისაღწევად, არამედ ბავშვთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლადაც.
ქორწინებისა და პარტნიორობის ლიბერალიზაცია
როცა თანამედროვე ფემინისტურმა მოძრობამ პიკს მიაღწია, ქორწინების ინსტიტუტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. უამრავი ქალის ფემინისტურ მოძრაობაში ჩაბმა იმან განაპირობა, რომ მათ ინტიმურ ურთიერთობებში მამაკაცები დომინირებდნენ. განსაკუთრებით ისეთ მრავალწლიან ქორწინებებში, სადაც გენდერული უთანასწორობა ნორმად ითვლებოდა. ფემინისტური მოძრობა თავიდანვე შეებრძოლა სექსუალობის საკითხში არსებულ ორმაგ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, ქალს უბიწოება მოეთხოვება და ვალდებულია, ქალწულობა ქორწინებამდე შეინარჩუნოს; ის ქალები, რომლებიც ერთგული საყვარლები, ან ერთგული და მორჩილი ცოლები არ არიან, გაკიცხვასა და შერცხვენას იმსახურებენ; მამაკაცებს კი საზოგადოება სრულ თავისუფლებას ანიჭებს. მათ შეუძლიათ, სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. ცოლები კი ვალდებულნი არიან, მათ ასეთ საქციელს შეურიგდნენ.
ადრე ბევრი ფემინისტი ქალი ფიქრობდა, რომ მამაკაცის შეცვლა შეუძლებელი იყო. ისინი მეტად პესიმისტურად იყვნენ განწყობილნი. ზოგმა ჰეტეროსექსუალმა ქალმა (რომელიც სექსისტ მამაკაცთან ურთიერთობის გამო თავს დამცირებულად და ღირსებაშელახულად გრძნობდა) გადაწყვიტა, მარტოხელობა აერჩია, ან ლესბოსელი გამხდარიყო. ზოგი ქალის აზრით, მამაკაცთან მონოგომიური ურთიერთობა კიდევ უფრო ამყარებდა იმ მოსაზრებას, რომ ქალის სხეული იყო იმ მამაკაცის საკუთრება, რომელსაც ის ქორწინების ბორკილით იყო მიჯაჭვული. ჩვენ ავირჩიეთ არამონოგამიური ურთიერთობა და ქორწინებაზე უარს ვამბობდით. გვწამდა, რომ თუკი პარტნიორთან ერთად ვიცხოვრებდით სახელმწიფოს მიერ გაცემული სანქციისა და ქორწინების მოწმობის გარეშე, პატრიარქალურ საზოგადოებაში მცხოვრებ მამაკაცს, ქალის ავტონომიისადმი ჯანსაღი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდებოდა. ფემინისტები თავგამოდებით იცავდნენ იმ აზრს, რომ სექსუალური მონობა, ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულებულიყო. ყურადღებას ამახვილებდნენ, რომ ქმრები ცოლებს აუპატიურებდნენ და ასეთი შემთხვევები მეტად გავრცელებული იყო. ამ დროს კი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ მათი სექსუალური სურვილების გამოხატვისთვისაც მიმდინარეობდა, იქნებოდა ეს ინიციაცია სექსუალური აქტით, თუ იმის უფლება, რომ სექსულურად რეალიზირებულნი ყოფილიყვნენ.
ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალი მამაკაცისთვის მისაღებია ფემინისტური აზროვნება სწორედ იმიტომ, რომ ისინი სექსუალურად ვერ რეალიზდებიან იმ პარტნიორთან, რომელსაც არ აინტერესებს სექსი; ქალები ინტიმისადმი იმიტომ არიან გულგრილნი და იმიტომ არ არიან სექსუალურად აქტიურები, რომ მათ უბიწობა ასწავლეს. ეს მამაკაცები მადლობელნი არიან ფემინისტური მოძრაობისა, რადგან მათი საყვარელი ქალები სექსუალური პარადიგმების ტყვეობიდან სწორედ ფემინისტებმა იხსნეს. ქალების ამ პარადიგმებისაგან გათავისუფლება მათი სექსუალური ცხოვრებით დაკმაყოფილების საწინდარი იქნება. ფემინისტებმა შეცვალეს ის წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ქალის კეთილშობილება განპირობებული იყო მისი სექსუალური პრაქტიკით. ფემინისტურად მოაზროვნეებმა ამით არა მარტო მოაშორეს ,,არაქალწულობასთან’’ დაკავშირებული სტიგმა, არამედ - მამაკაცის სექსუალობის ,,გვერდით’’ ქალის სექსუალობა დააყენეს; ქალები დარწმუდნენ, რომ შეეძლოთ აღარ მოეკატუნებიათ თავი, თითქოს, სექსუალურად დაკმაყოფილებულნი იყვნენ; მიხვდნენ, რომ კმაყოფილების გათამაშება აღარ იყო საჭირო. ასევე ფემინისტურმა მოძრაობამ ისიც შესძლო, რომ მამაკაცების სექსუალური არასრულყოფილება ხილული გაეხადა.
ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცების პატრიარქალური დომინირება ქორწინებასა და პარტნირობაში განშორებისა და განქორწინების უპირველესი მიზეზი გახდა. ყველა თანამედროვე კვლევამ აჩვენა, რომ წარმატებული ქორწინება სწორედ გენდერულ თანასწორობაზეა დამყარებული; სწორედ ეს თანასწორობა ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ოჯახის თითოეული წევრი ბედნიერია. თუნდაც ეს ქორწინება არ იყოს სამუდამო; ის მაინც თანასწორობაზე დაფუძნებული მეგობრობაა, რომელიც ურთიერთობას ახანგრძლივებს. აღსანიშნავია, რომ მომავალ ფემინისტურ მოძრაობაში ჩვენ უფრო ნაკლებ დროს დავუთმობთ პატრიარქალური ქორწინების კრიტიკას და უფრო მეტ ძალისხმევას მოვახმართ იმ ალტერნატივების, თანაბარუფლებიანი ურთიერთობებისა და ახალი ღირებულებების დამკვიდრებას, რომელთა საფუძველიც თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ორმხრივი თვითრეალიზების მზარდი საჭიროება იქნება.
ფემინისტური სექსუალური პოლიტიკა (ორმხრივი თავისუფლების ეთიკა)
სექსისტური იდეოლოგია ქალებს დაბადებიდან ასწავლიდა, რომ ვნება და სექსუალური სიამოვნება მხოლოდ და მხოლოდ და ყოველთვის მამაკაცის უფლება იყო და ქალს, შეიძლებოდა, მხოლოდ ,,ოდნავ’’ ჰქონოდა სექსის მოთხოვნილება, ლტოლვა და სურვილი. სექსისტურად მოზროვნეებმა ქალები შემდეგ კატეგორიებად დაჰყვეს: მადონებად და მეძავებად. ეს კი მათთვის სექსუალურად ჯანსაღ გარემოს არ ქმნიდა. საბედნიეროდ, ქალთა მოძრაობამ სწრაფადვე შეცვალა სექსისტების სექსუალური სტერეოტიპები. ეს ცვლილებაც მაშინ ხდებოდა, როცა ქვეყნის ისტორიაში პირველად, შობადობის კონტროლის საშუალება ყველას მიეცა. სანამ ამის საშუალება გაჩნდებოდა, სექსუალურ თვითდამკვიდრებას მივყავდით არასასურველ ფახმძიმობამდე და არალეგალურ აბორტებამდე. ჩვენ არ შეგვიგროვებია საკმარისი მტკიცებულებები, რათა სამყარო გაგვეფრთხილებინა, რომ სანამ არ გაჩნდებოდა საიმედო კონტაცეფციული საშუალებები, ქალებს მოუწევდათ სქესობრივი პათოლოგიებისა და სხვა საშინელებების ატანა. ამაზე ფიქრიც კი საზარელ შიშს მგვრის; თავზარი მეცემა, როცა წარმოვიდგენ, რომ იარსებებს ისეთი სამყარო, სადაც ყოველთვის, როცა ქალს თავისი სექსუალობის გამომჟღავნება მოუნდება, უეცრად მოაგონდება, რომ ეს ის სამყაროა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცს სურს სექსი, ქალს კი ინტიმის უნდა ეშინოდეს და რცხვენოდეს. ამგვარ სამყაროში, ქალს, რომელსაც სექსი სურს, გრძნობს, როგორ მტკივნეულად ეჯახება და უპირისპირდება ერთმანეთს მისი სურვილი და შიში; ვნებასა და ლტოლვას ეს შიში გადაულახავ კედლად აღემართება წინ და ლაგამს ამოსდებს. ქალთა სექსუალური თავისუფლების საწინდარი საიმედო და უსაფრთხო კონტრაცეფციაა. ამის გარეშე ქალები სექსის შედეგების კონტროლს ვერ შეძლებენ. მაგრამ ქალის სექსუალური თავისუფლება საკუთარი სხეულის ცოდნასა და სექსუალური თავისთავადობის გაცნობიერებასაც მოითხოვს. სექსუალურ რევოლუციასა და ქალთა მოძრაობაზე მსჯელობისას ვიცით, რომ ბევრ ჰეტეროსექსუალ ქალს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აქვს სექსი, რომ ეს მამაკაცს უნდა. ხოლო ბევრ ახალგაზრდა ჰომოსექსუალ კაცსა და და ქალს ისევ და ისევ არა აქვთ კერძო და საჯარო მხარდამჭერი გარემო, რომელიც მათ სექსუალურ პრეფერენციას აღიარებს და პატივს სცემს. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა, მადონასა და მეძავის სექსისტური იკონოგრაფია ისევ ამკვიდრებს ქალებისა და კაცების ეროტიკულ ხატებს. მასმედიის ყველა ასპექტი პატრიარქალური პორნოგრაფიითაა გამსჭვალული; გვიმტკიცებენ, რომ არასასურველი ფეხმძიმობის მაჩვენებელი იზრდება; თინეიჯერებს ხშირად აქვთ არაუსაფრთხო სექსი და სურვილს ვერ იკმაყოფილებენ; მრავალი წლის წინ გათხოვილ, თუ თავისუფალ ურთიერთობაში მყოფ უამრავ ქალს (მნიშვნელობა არა აქვს, ეს კავშირი ჰეტეროსექსუალურია, თუ ჰომოსექსუალური), სექსი არა აქვს. ამიტომ, ჩვენ დღესაც გვჭირდება, ვიცოდეთ, როგორია ეს სექსუალური თავისუფლება. ჰეტეროსექსუალი ქალების უმრავლეოსობა კი ვერ თავისუფლდება იმ სექსისტური წარმოდგენისაგან, რომლის თანახმადაც, ქალის სექსუალობა ყოველთვის მამაკაცმა უნდა აღმოაჩინოს და მნიშვნელობა და ,,ღირებულება’’ შესძინოს მას. სექსუალობის ფემინისტური დისკურსის ხარვეზებზე მსჯელობისას აღმოვაჩენთ, რომ ფემინისტური პოლიტიკა კვლავ და კვლავ რჩება ერთადერთ მოძრაობად სოციალური სამართლიანობისთვის, რომელიც წინ წამოსწევს ორმხრივ (ქალისა და მამაკაცის) ხილულ სიჯანსაღეს, როგორც ფემინისტური თეორიისა და პრაქტიკის შედეგს.
სრული ბედნიერება (ლესბოსელობა და ფემინიზმი)
ხანდახან რთულია, გაიგო, რომელი დაიწყო უფრო ადრე: ქალთა მოძრაობა თავისუფლებისთვის, თუ სექსუალური თავისუფლების მოთხოვნა. სხვადასხვა აქტივობების გამო, ეს ორი მოძრაობა ერთდროულად მიმდინარეობდა და ერთმანეთში გადაიკვანძა. იყო ლესბოსელი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იყო ფემინისტი; შეიძლება, ადამიანი იყოს ექსპლუატირებული ჯგუფის წევრი, თუმცა, მისი ჩაგვრა და დისკრიმინაცია არ არის იმის საწინდარი, რომ ის ბრძოლისათვის უფრო მეტადაა განწყობილი; მე ფემინიზმში ,,მოვედი’’ მანამ, სანამ პირველ სექსუალურ გამოცდილებას შევიძენდი; თინეიჯერი ვიყავი და ვიდრე ქალთა უფლებებზე გავიგებდი რაიმეს, ჰომოსექსუალობაზე ბევრი რამ ვიცოდი. მე ვცხოვრობდი ცრურწმენებით, სამხრეთის რელიგიური ფუნდამენტალიზმით, რასისტული აპარტეიდით გაჟღენთილ სამყაროში. ჩვენს შავ თემში გეებს კარგად იცნობდნენ და ხშირად, მათ სპეციალური სტატუსიც ჰქონდათ. ისინი კლასობრივი ძალაუფების მქონე ადამიანებიც იყვნენ. ჰომოსექსუალი მამაკაცები უფრო მისაღებნი იყვნენ საზოგადოებისათვის, ვიდრე - ქალები. ჩვენს პატარა, სეგრეგირებულ შავ თემში, ლესბოსელები, როგორც წესი, დაქორწინებულნი იყვნენ, თუმცაღა, მშვენივრად იცოდნენ, ვინ იყვნენ და სინამდვილეში რა სურდათ.
ლებოსელებისგან ვისწავლე, რომ ქალებს საკუთარი კეთილდღეობისთვის, ბედნიერებისა და სექსუალური სიამოვნებისთვის მამაკაცები არ სჭირდებათ; ისინი არ არიან ვალდებულნი, მათზე დამოკიდებულები იყვნენ. ამის ცოდნა ძალის მომცემი და გამამხნევებელია. ამაზე ფიქრი ქალს უხსნის იმ სამყაროს კარს, სადაც მას მეტის საშუალება მიეცემა; იგი სთავაზობს არჩევანსა და ალტერნატივას. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი მილიონი ქალი რჩება დომინანტი, სექსისტი მამაკაცის გვერდით, რადგან მათ ვერც კი წარმოუდგენიათ სხვაგვარი ცხოვრება; ფიქრადაც არ მოსდით, რომ შეუძლიათ, მამაკაცების გარეშე ბედნიერები და სექსუალურად და ემოციურად დაკმაყოფილებულნი იყვნენ. თუკი ნებისმიერი ქალი თვლის, რომ თავისი არსებობის ,,ლეგიტიმაციისათვის’’ სჭირდება რაღაც ,,სხვა’’, რაღაც საკუთარი თავის გარდა, მან უნდა იცოდეს, რომ უკვე დაკარგა თავისი ძალა და საკუთარი თავის მართვის უნარი; მას უკვე აღარ ძალუძს თავის დაცვა. ეს არის განსაკუთრებული სიბრძნე, რომელიც რადიკალურმა ლებოსელებმა ფემინისტურ მოძრაობაში შემოიტანეს. ფემინიზმის საწყის სტადიაზე, ჩვენ ვიყენებდით ფრაზას: „ქალი ქალს სცნობს“ ან „მამაკაცი მამაკაცს სცნობს“ რათა განგვესხვავებინა იმათი აქტივობები, ვინც ირჩევდა ლესბოსელობას. თუმცა ამავე დროს, იყვნენ ისეთებიც, ვინც ირჩევდა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ონტოლოგიური არსებობა მამაკაცზე არ იყო დამოკიდებული. მამაკაცად იდენტიფიცირებული ქალები კი არიან ისინი, ვინც ფემინისტურ პრინციპებს თავი დაანება და იმწამსვე შეეჯახა რომანტიკული ჰეტეროსექსუალობის საკითხს. გარდა ამისა, ეს ქალები მხარს კაცებს უფრო უჭერენ, ვიდრე - ქალებს და ყველაფერს მამაკაცის პერსპექტივიდან უყურებენ.
ჩვენი, როგორც ქალების თავისუფლების საწინდარი კი ის იქნება, რომ ჩვენ თვითონ ავირჩიოთ, ვინ შეგვიყვარდება, ვისთან გავიზიარებთ სარეცელს, ჩვენს სხეულსა და სიყვარულს. ეს არჩევანი კი მეტად გაფართოვდა სწორედ რადიკალური ფემინისტური მოძრაობისა და როგორც გეების, ასევე - ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის წყალობით. ზოგადად, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა, ყოველთვის იქნება ფემინისტური მოძრაობის საზომი.
კვლავ შეყვარება (ფემინიზმის ბირთვი)
თუ ქალსა და მამაკაცს სურთ, იცოდნენ, რაა სიყვარული, ისინი ფემინიზმს უნდა გულშემატკივრობდნენ. ფემინისტური აზროვნებისა და პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია სასიყვარულო კავშირების გაბმა. ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში განცდილმა უდიდესმა გაწბილებამ ბევრი ქალი ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩააბა. ბევრი მამაკაცი, რომელიც ქალს სიყვარულს, სამუდამო ერთგულებასა და უსაზღვრო ბედნიერებას ჰპირდებოდა, სულმდაბალი მოღალატე აღმოჩნდა; ეს მომხიბლავი უფლისწულები, ქორწინების შემდეგ, პატრიარქალური იდეოლოგიით სავსე ფეოდალებად იქცნენ. ამ ჰეტეროსექსუალმა ქალებმა ჩვენს მოძრაობაში სიმწარე და რისხვა მოიტანეს. მათ თავიანთი ტკივილი იმ ლესბოსელ ქალებს გაუზიარეს, რომლებმაც ასევე, მიატოვეს მოღალატე ადამიანები; გაწყვიტეს მათთან ურთიერთობა, რომელიც პატრიარქალურ ღირებულებებს ეყრდნობოდა. პატრიარქალურ კულტურაში მცხოვრებ ზოგ ადამიანს, რომანტიკული სიყვარული, ერთ უვიც, ძალაუფლების მომხვეჭავ და მაკონტროლებელ დესპოტად გადააქცევს. ფემინისტები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ სიყვარულის ამგვარი გაგება პატრიარქალური იდეოლოგიით გაჟღენთილი ქალისა და მამაკაცის ინტერესებს ემსახურება; იგი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ მამაკაცს შეუძლია სიყვარულის სახელით ყველაფრის გაკეთება, ქალის ცემა, მისი გადაადგილების შეზღუდვა, მოკვლა. ისინი ამას ,,ეჭვიანობის გამო ჩადენილ დანაშაულს“ უწოდებენ, რაც შემდეგს ნიშნავს: „მე ის ისე ძლიერ მიყვარდა, რომ უნდა მომეკლა“. პატრიარქალურ კულტურაში სიყვარული ნიშნავს ფლობას, დომონირებას, დამორჩილებასა და იმ პარადიგმას, სადაც სავარაუდოდ, ბატონობს ერთი ადამიანი, რომელმაც სიყვარული უნდა გასცეს, მეორემ კი – მიიღოს. პატრიარქალური, ჰეტეროსექსუალური კავშირები ჩამოყალიბდა იმ რწმენით, რომ ქალის გენდერული იდენტობა მის მზრუნველობასა და ემოციურობასთან იყო დაკავშირებეული; ამ მაჩოისტური იდეოლოგიის თანახმად, ქალმა მამაკაცისთვის სიყვარული უნდა გასცეს, მამაკაცი კი პირიქით – ძალაუფლებითა და აგრესიით უნდა იყოს გაჟღენთილი, ქალი უნდა დაიცვას და უზრუნველყოს. ხშირად (ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ჰეტეროსექუალთა ოჯახებში), მამაკაცები ქალების მზრუნველობას არ აფასებენ და იქცევიან საზარელ, ძალაუფლებით სავსე ტირანებად, რომლებიც ქალს აიძულებენ იმის გაკეთებას, რაც არ სურს და აკონტროლებენ მას. სიყვარული ვერასოდეს გაიდგამს ფესვს იქ, სადაც დომინირება და ძალადობა ბატონობს. იძულებითა და აკრძალვებით სავსე ურთიერთობა ქალს სიყვარულითა და ბედნიერებით ვერ აღავსებს.
მამაკაცებსა და ქალებს სჭირდებათ უფრო მეტი, ვიდრე კრიტიკა იმისა, თუ რა იყო არასწორი მათ სასიყვარულო ურთიერთობებში. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების ალტერნატიული ფემინისტური ხედვა. ფემინსიტთა თეორია და პრაქტიკა ყურადღებას ამახვილებს ორმხრივ განვითარებაზე, თვითრეალიზაციაზე, პარტნიორებისა და მშობლების პასუხისმგებლობის თანაბარ გადანაწილებაზე. ამგვარი ხედვა გულისხმობს, რომ ყველას სჭირდება პატივისცემა; ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისუფალი ურთიერთობა და არჩევანის უფლება; არაა საჭირო სუბორდინაცია და ძალადობა. ამგვარი ხედვა ძირეულად ეწინააღმდეგება ყოველივე იმას, რასაც პატრიარქატი ურთიერთობის სტრუქტურაში ამართლებს. როცა დადგება ის ნანატრი დღე, როდესაც ნამდვილი სიყვარული დაეფუძნება თავისუფალ ნებასა და გაცნობიერებულად გაკეთებულ არჩევანს; როცა ყველა გაითავისებს და მიიღებს იმ აზრს, რომ სიყვარული გულისხმობს აღიარებას, ზრუნვას, პასუხისმგებლობას, მოვალეობებსა და ცოდნას, მაშინ, ჩვენ მივხვდებით, რომ სიყვარული სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. თუკი ეს გვეცოდინება, იმასაც გავიგებთ, რომ სიყვარულს ადამიანის ძირეულად შეცვლა ძალუძს; იგი გვაძლევს ძალას, რომ შევეწინააღმდეგოთ დომინაციას. ფემინისტური პოლიტიკის არჩევანი სიყვარულის არჩევანია.
ფემინისტური სულიერება
სანამ გავეცნობოდი ფემინისტურ თეორიასა და პრაქტიკას (რომელმაც ძალიან ჩამითრია და მასწავლა, რომ საკუთარი თავი უნდა მიმეღო ისეთად, როგორიც ვიყავი და თვითაქტუალობა აუცილებელი იყო), მე წავედი ისეთი სულიერი გზით, რომელიც ზუსტად ზემოხსენებულ ღირებულებებს მკარნახობდა. სექსიზმსა და დომინანტურ, მამაკაცურ რელიგიებზე კამათისას, ქალებმა სასულიერო პრაქტიკაში ჰპოვეს იმედი და თავშესაფარი. ეკლესიის ისტორიას თუ გადავხედავთ, დასავლურ ყაიდაზე მცხოვრები ქალები შემობრუნდნენ სამოსანტრო, ტრადიციული ცხოვრებისაკენ და საკუთარი ადგილი იპოვეს იქ, სადაც შეძლებდნენ ღმერთის მსახურებას ისე, რომ მათზე მამაკაცს არ ებატონა. თანამედროვე ფემინიზმის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე, მისტიკოსი ჯულიანა ნორიჯელი წერდა: „ჩვენი მხსნელია (ქალი) ჩვენი ჭეშმარიტი დედა, რომლის წიაღშიც ჩვენ დაუსრულებლად ვიბადებით და რომლისგანაც არასოდეს გამოვდივართ“. ჯულიანა ნორიჯელმა გაბედა, შეწინააღმდეგებოდა ჩვენი მხსნელის (მამაკაცის) ცნებას და მიმართა წმინდა ქალურობას, რომლითაც ქალებს პატრიარქალური მონობისგან გათავისუფლებაში დაეხმარა. ადრეულმა ფემინისტურმა მოძრაობამ დაიწყო პატრიარქალური რელიგიის კრიტიკა, რომელმაც მთელ ქვეყანაში დიდი გავლენა იქონია. მეტაფიზიკური დუალიზმის დასავლური გზის დემონსტრირება ემყარება აზრს, რომ სამყარო ყოველთვის შეიძლება შევიმეცნოთ ორი კატეგორიის შეპირისპირებით: დაქვემდებარებული VS ზემდგომი, კარგი VS ცუდი. ამა თუ იმ ჯგუფის ჩაგვრის ყველა ფორმის იდეოლოგიური საფუძველი კი იყო: სექსიზმი, რასიზმი და ა.შ. სწორედ ასეთმა შეხედულებებმა ჩამოაყალიბა იუდეურ – ქრისტიანული რწმენის სისტემა. იმის გასააზრებლად და შესაცვლელად, თუ როგორ გვწამს, საჭირო გახდა სულიერების ხელახალი წარმოსახვა. პატრიარქალური რელიგიის ფემინისტური კრიტიკული ანალიზი დაემთხვა ახალი საუკუნის სულიერების კულტურულ ცვლილებას. ახალ ეპოქაში სპირიტუალური წრეების მოღვაწეებმა ზურგი შეაქციეს ფუნდამენტალისტურ ქრისტიანულ აზროვნებას, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა და ბატონობდა დასავლელ სულებზე; რომელიც აღმოსავლეთს შეჰყურებდა სხვადასხვა სულიერი ტრადიციების შესახებ პასუხების მისაღებად. ამგვარი სულიერების შექმნამ (დაცემისა და მონანიების საკითხში) პატრიარქალური სულიერება ჩაანაცვლა. იუდაიზმში, ბუდზიმში, ვუდუსა და სხვა სპირიტუალურ ტრადიციებში ქალებმა ქალ ღვთაებათა გამოსახულება ნახეს. ამან დაგვაბრუნა ქალ ღვთაებაზე ცენტრირებულ სულიერებაში. ფემინიზმის დასაწყისში კონფლიქტებს ის აქტივისტები აწყდებოდნენ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ პოლიტიკისთვის უნდა მიექციათ ყურადღება და არა – რელიგიისთვის. ძალიან ბევრი ქალი, რომელიც ტრადიციულად, სოციალისტური პოლიტიკიდან შეუერთდა რადიკალურ ფემინიზმს, ათეისტი იყო. ისინი წმინდა ქალღმერთობისკენ დაბრუნების მცდელობებს აპოლიტიკურ და სენტიმენტალურ ნაბიჯად აღიქვამდნენ. ფემინისტურ მოძრაობაში ამგვარი დაყოფა და აზრთა სხვადასხვაობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან უფრო და უფრო მეტი ქალი მიხვდა, რომ პატრიარქალური რელიგიის კრიტიკა და განმათავისუფლებელი სულიერება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. სინამდვილეში, თუკი არ შევიცვლით ჩვენს რწმენას და სხვა თვალით არ შევხედავთ მას, პატრიარქალური კულტურის ფემინისტურად შეცვლას ვერ შევძლებთ. ქრისტიანული სულიერი აღორძინება თავად არის დაკავშირებული ფემინისტურ მოძრაობასთან. ფემინისტური სულიერება ქმნის სივრცეს ყველასათვის, რათა გამოიკვლიოს ძველმოდური სარწმუნოებრივი სისტემები და რწმენის ახალი, სულ სხვაგვარი გზები გაგვიხსნას. თუკი ჩვენს რწმენას გავათავისუფლებთ დომინაციის, ძალადობისა და ჩაგვრის ნებისმიერი ფორმისგან, არსით იმ სულიერებასთან დავბრუნდებით, რომელიც სულიერ პრაქტიკას სამართლიანობასა და თავისუფლებისთვის ბრძოლასთან აიგივებს. სულიერი თვითრეალიზაციის ფემინისტური ხედვა აუთენტური სულიერი ცხოვრების ბუნებრივი საფუძველია.
ვიზიონარული ფემინიზმი
იმისთვის, რომ ვიყოთ შორსმჭვრეტელნი, ჩვენი წარმოდგენები და მოსაზრებები კონკრეტულ მოქმედებებში უნდა გამოვავლინოთ. თანამედროვე ფემინიზმის მთავარი ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი იცვლიდა თავისი მოძრაობის ფორმასა და ხელმძღვანელობას. უნდა გვახსოვდეს, რომ სამართლიანობისთვის მებრძოლნი, რომლებიც ძველებურად აზროვნებენ, მარცხდებიან. ვიზიონარული ფემინიზმის ჩანასახი მეოცე საუკუნის სამოციან წლებში გაჩნდა. ფემინიზმმა მიზნად დაისახა, უამრავი ქალის ცხოვრების შეცვლის სტრატეგიები შეექმნა და მათი ფარული ძალა აღმოეჩინა. ამ მიზნის მისაღწევად, ფემინისტურ მოძრაობას (თანასწორი უფლებებისათვის ბრძოლის გარდა) უნდა დაეწყო ისეთი საბაზისო საკითხების სათანადოდ წარმოჩენა, როგორიცაა, მაგალითად, წერა – კითხვის უცოდინრობა. უნდა წამოეწყოთ კამპანიები, რომლებიც განურჩევლად ყველა ქალს შეეხებოდა, განსაკუთრებით კი, ყველაზე ღარიბებს. სამწუხაროდ, არ არსებობს არავითარი ფემინისტური სკოლა და ფემინისტური კოლეჯი. არ ყოფილა გრძელვადიანი მცდელობა იმისა, რომ ამგვარი დაწესებულება შექმნილიყო. შედარებით მდიდარმა ფემინისტმა აქტივისტებმა კი თავიანთი ფული არ გაიღეს საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად და იმ ქალებისა და გოგონების დასახმარებლად, რომელთაც საბაზისო უნარ–ჩვევების მხრივ მეტად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდათ. ჩვენს საზოგადოებაში ბევრ ადამიანს ფემინიზმის საბაზისო ცოდნა არ გააჩნია; მათ არ შეუძლიათ, უამრავი სკოლის სხვადასხვა კლასისათვის გასაგები მასალით შეადგინონ სახელმძღვანელოები, იმიტომ რომ ამგვარი მასალა არ არსებობს. ჩვენ უნდა შევქმნათ იგი, თუკი გვინდა, რომ ხელახლა დავაარსოთ ფემინისტური მოძრაობა, რომელიც მართლაც საყოველთაო იქნება.
იმ შემთხვევაშიც კი, როცა მედია ოჯახში ძალადობას აშუქებს და ამ საკითხზე ყველა ფრონტზე ცხარე დისკუსია მიდის, იშვიათად თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც თამამად, საჯაროდ იტყვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრება იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო მოეღება მამაკაცთა ძალადობას, მათ დომინირებასა და პატრიარქატს. კრიტიკული ცნობიერების გასავითარებლად მასობრივი ფემინისტური განათლების გავრცელებაა საჭირო. სამწუხაროდ, კლასობრივმა ელიტარიზმმა ფემინისტური აზრი შეზღუდა და შებოჭა. თეორეტიკოსი ფემინისტების უმრავლესობა თავის სამუშაოს უნივერსიტეტის ელიტარულ ქსელში ატარებს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ არ ვწერთ საბავშვო წიგნებს; არ ვასწავლით დაწყებით სკოლაში; მხარს არ ვუჭერთ ძლიერ ლობის, რომელსაც აქვს კონსტრუქციული გავლენა იმაზე, თუ რა უნდა ისწავლებოდეს საჯარო სკოლაში. მე საბავშვო წიგნის წერა პედანტურად დავიწყე, რადგან მინდა, ვიყო იმ ფემინისტური მოძრაობის ნაწილი, რომელიც ფემინისტურ აზროვნებასა და იდეოლოგიას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის.
ვიზიონერ ფემინისტებს ასევე, ყოველთვის ესმოდათ, რომ მამაკაცების შეცვლა აუცილებელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოში ყველა ქალს შეუძლია გახდეს ფემინისტი, მაგრამ თუ მამაკაცები კვლავ სექსისტებად დარჩებიან, ჩვენი ცხოვრება მინიმალიზდება და გენდერული ომი კვლავ ნორმა იქნება. ფემინიზმმა ყველას თვალნათლივ აჩვენა, თუ რა საშიშროებას შეიცავს პატრიარქალური აზროვნება. თუკი ფემინისტური მოძრაობა სექსიზმის შენარჩუნებისა და მამაკაცების დომინირების რეალურ საშიშროებას სათანადოდ არ წარმოაჩენს, მაშინ ის დამარცხდება. ჩვენი პატრიარქალური მასმედია, სექსისტი ლიდერები ისევ და ისევ გვეუბნებიან, რომ ფემინიზმი მოკვდა; რომ ის მნიშვნელოვანი აღარაა. სინამდვილეში კი ქალები და კაცები გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას ყველგან აგრძელებენ. ეძებენ როლებს, რომლებიც მათ გაათავისუფლებს, არ შეზღუდავს, არ ჩაკეტავს და სწორედ ამიტომ, ისინი პასუხების მისაღებად კვლავ ფემინიზმს უბრუნდებიან. სამყაროში, სადაც ორმხრივობა ნორმაა, არაა გამორიცხული, ვინმე მართლაც იყოს არათანასწორი, მაგრამ ამ არათანასწორობის შედეგი არ უნდა იყოს დაქვემდებარება, კოლონიზაცია და დეჰუმანიზაცია.
ფემინიზმი, როგორც სექსიზმის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ჩაგვრის საწინააღმდეგო მოძრაობა ცოცხალია და თავს შესანიშნავად გრძნობს. ჩვენ მასობრივი მოძრაობა არა გვაქვს და მისი აღორძინება ჩვენი მთავარი მიზანია. ფემინისტური პოლიტიკის მიზანი მამაკაცთა დომინაციისათვის ბოლოს მოღებაა. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ, რათა ვიყოთ ის, ვინც ვართ. ვიცხოვროთ ჩვენი სურვილისამებრ; ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც გვეყვარება სამართლიანობა და სიმშვიდე დაისადგურებს. ფემინიზმი ყველასთვისაა.
azrebi.ge
12.07.2013
No comments:
Post a Comment