Saturday, June 6, 2015

ზურა კობახიძის თბილისი – ბოსტონი – თბილისი




საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეულ ბოსტონის კონსერვატორიაში, რომელიც 1867 წელს დაარსდა და აშშ-ში ერთ-ერთ უძველესია, ზურა კობახიძე პირველი ქართველი სტუდენტია. ზურამ სამუსიკო განათლება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის „ნიჭიერთა ათწლედში“, მაესტრო ედიშერ რუსიშვილისა და მამუკა სიხარულიძის სტუდიებში მიიღო. 2010 წელს სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა, აშშ-ში სწავლის გასაგრძელებლად მოსმენების ურთულესი ტურები ცნობილ სკოლებში (Juilliard, Boston Conservatory, NEC, MSM & Mannes) გაიარა და ყველა სასწავლებლიდან მოწვევა მიიღო.

– ბაკალავრიატის ხარისხის მოსაპოვებლად არჩევანი ბოსტონის კონსერვატორიაზე გავაკეთე (2011), – მიყვება ზურა, – ამის მიზეზი კი ის გახლდათ. რომ მსოფლიოში აღიარებულმა მაესტრომ, მაიკლ ლევინმა საკუთარ სტუდიაში პირადად მიმიწვია და განსაკუთრებული ხელშეწყობის პირობა მომცა, რაც, ბუნებრივია, სწავლისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო. ბოსტონის კონსერვატორიაში მოვიპოვე ბენჯამინ კასერისის პრესტიჟული სასწავლო გრანტი, რაც ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 140 000 დოლარს შეადგენდა და სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავდა.

– ამჟამად სად სწავლობთ?

– ამჟამად სწავლას ვაგრძელებ პრესტიჟულ ჯულიარდის სკოლაში სამაგისტრო პროგრამაზე მაესტრო ჯერომ ლოუენტალის სტუდიაში, სადაც Arthur Gold and Robert Fizdale –ის გრანტის მფლობელი და „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ (თბილისი) სტიპენდიანტიც ვარ. ჯულიარდის სამაგისტრო პროგრამაში მოხვედრა ძალიან დიდი სიხარული იყო ჩემთვის, რადგანაც ეს სკოლა მხოლოდ 4-7 პროცენტამდე აპლიკანტს იღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამაგისტრო პროგრამაში ჩარიცხვა განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლოცაა.

– ვიცი, რომ არა ერთი ჯილდოს მფლობელიც ხართ...

– აშშ-ში ყოფნისას ჩემს ცხოვრებაში უამრავი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. 2011 წელს, სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს გავიმარჯვე Wilfred Churchill-ის სახელობის კონკურსში, რომელიც ბოსტონის კონსერვატორიის წლის საუკეთესო პიანისტს გამოავლენს. ასევე ზედიზედ ორჯერ Alfred E. Lee-ის სახელობის ჯილდოს მფლობელი გავხდი. ეს ჯილდო წლის საუკეთესო ბაკალავრ პიანისტს ყოველწლიურად გადაეცემა. 2011 წელს იტალიაში სახელგანთქმულ MusicFestPerugia-ს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიმიწვიეს, სადაც St. Paul’s Hall-ში პერუჯას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მენდელსონის პირველი კონცერტი შევასრულე. იქ კი ისეთი ლეგენდები მართავდნენ კონცერტებს, როგორებიც არიან მარია კალასი და ჰერბერტ ვონ კარაიანი. 2012-13 წლებში ჩემ მიერ წარდგენილი პროექტი ორჯერ იქნა შერჩეული უაღრესად პრესტიჟული Davis Projects for Peace პროგრამით და მე და ჩემს ორ კოლეგას 20 000 დოლარის ფარგლებში გრანტიც გადმოგვეცა. დევისის გრანტის საშუალებით შესაძლებელი გახდა დაგეგმილიყო ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი: ერთი – სამხრეთ ამერიკაში, ხოლო მეორე – ევროპაში, რაც ერთი თვის განმავლობაში კონცერტებისა და მასტერკლასების გამართვას მოიაზრებდა.

– როგორია თქვენი საკონცერტო გეოგრაფია?

– ჩემი საშემსრულებლო მოღვაწეობა ყოველთვის აქტიური იყო. კონცერტები მქონდა აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, უკრაინის, ინგლისის, შოტლანდიის, კოლუმბიის, მაკედონიისა და, რასაკვირველია, საქართველოს მნიშვნელოვან სცენებსა და საკონცერტო დარბაზებში.

2014–ის ზაფხულში ამერიკის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებაზე Round Top Music Festival-ზეც გახლდით, სადაც ასობით აპლიკანტიდან მხოლოდ ოთხი პიანისტი შეირჩა. 1979 წლიდან მოყოლებული Round Top–ი საერთაშორისო სტანდარტების მუსიკოსების სრულყოფასა და პროფესიულ ზრდას ემსახურება. ეს კი შესაძლებელია მსოფლიოს გამოჩენილი ხელოვანებისა და საორკესტრო შემსრულებლების ხელშეწყობით. ფესტივალს ასევე ესწრებოდა ლეგენდარული ქართველი პიანისტი ეთერი ანჯაფარიძე. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ამერიკელი პიანისტი ჯეიმს დიკი, რომელთანაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირი დავამყარე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა უახლოეს მომავალში ბევრი საინტერესო პროექტის საწინდარი გახდება. სამომავლოდ მაქვს უამრავი გეგმა: კონკურსები, კონცერტები, ფესტივალები და, რაც მთავარია, დისკის ჩაწერა. სტუმარ არტისტად (Guest Artist) მიწვეული ვარ სამხრეთ ამერიკაში ახლად დაარსებულ ფესტივალზე, სადაც იმის საშუალება მექნება, რომ ჩემი ძალები პროფესორ-მასწავლებლის ამპლუაშიც მოვსინჯო. ვგეგმავ საქართველოში კონცერტის გამართვასაც. ძალიან მიხარია, რადგანაც ყველაზე მეტად სწორედ ქართული სცენა მიყვარს.

30 აპრილი.2015
24 საათი.

No comments:

Post a Comment