Saturday, June 6, 2015

ქართული წიგნები ნიუ იორკის ბიბლიოთეკაში




26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუინსში, „ფორესტ ჰილში" განთავსებულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამიერიდან აქაური სამკითხველო დარბაზებისა და საცავების თაროებზე ასამდე ქართული წიგნი და ოცდაათზე მეტი DVD და CD დისკი განთავსდება, მათ შორის "დედა ენა", "ქართული მწერლობის" ტომები, კონსტანტინე განსახურდიას ნაწარმოებები, თამაზ ბიბილურის "შვიდი ხმისა და ტოროლასთვის", ქართული სასკოლო წიგნები "ხელოვნება" და "ბუნება", მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი" ქართულად და ქართულად ნათარგმნი სხვა უცხოური ლიტერატურა, ასევე, ჟურნალის National Geographic -ის ქართული გამოცემები






დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ არა მარტო ძველი, მიხეილ ჭიაურელის დროინდელი ქართული კინო ნახონ, არამედ თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძისა და ელდარ შენგელაიას ფილმებიც. ბიბლიოთეკას ასევე საჩუქრად გადაეცა ქართული საეკლესიო გალობები, ქართული სიმღერების კოლექციები, მათ შორის, ჰამლეტ გონაშვილის ნამღერი და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების რჩეული – 15 გუნდის 221 სიმღერა.





ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დაახლოებით ორი წლის წინათ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა მანანა ხერგიანმა იმის შესახებ შეიტყო, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა პროექტს "ქართული წიგნის კუთხეები საზღვარგარეთ” ახორციელებს. იგი თბილისში მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზის კურატორს, მაია სიმონიშვილს დაუკავშირდა. თბილისში წიგნები და ვიდეოდისკები შეგროვდა და ამერიკაში ქუინსის (მისამართი: # 10819 71st Ave, Forest Hills, NY 11375) ბიბლიოთეკას გაეგზავნა. ადგილზე კი ბიბლიოთეკის თანამშომელმა, ქართულის არმოცოდნე ელიზაბეთ არკენსენმა კატალოგი შეადგინა, პროექტის კურირება თავის თავზე ქუინსის ბიბლიოთეკის პროგრამების მენეჯერმა ქეთი ჩენმა აიღო.




26 მაისს ქართული წიგნის კუთხის დაარსებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოს ვიცე–კონსულმა ნინო გაჩეჩილაძემ გახსნა.








"ერთ წელზე მეტია, რაც ფორესტ ჰილში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად "ქართული წიგნის კუთხის" გახსნაზე მუშაობა ინტენსიურად დავიწყეთ“ – ამბობს ქუინსის ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ახალი ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი ფრედ გიტნერი - „მთელს ქუინსში ბიბლიოთეკების ქსელს ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, ნიუ იორკის ამ უბანში კი ყველაზე მრავალფეროვანი დიასპორა ცხოვრობს. ეს ქალაქის მდიდარი, მულტიკულტურალი ნაწილია, სადაც ადამიანები 160 ენა/დიალექტზე საუბრობენ და 170 ქვეყნის კულტურას წარმოადგენენ, ამიტომაც სრულიად ლოგიკური იყო სწორედ აქ გახსნილიყო ქართული წიგნის კუთხე. ქართული არ ვიცოდით, მაგრამ დაგვეხმარა მანანა ხერგიანი და ასევე დავიწყეთ ინგლისურ–ქართული ლექსიკონების შეძლებისდაგვარად გამოყენება. მიხარია, რომ ისეთ მდიდარ ბიბლიოთეკაში ჩინურ და ჰიბრუს ენებზე დაწერილ წიგნებს შორის ქართული ლიტერატურაც დაიდებს ბინას".




ქართული წიგნის კუთხის გახსნაზე თავისი ინგლისურენოვანი ნაშრომის, თითქმის ოთხასგვერდიანი "საქართველოს დღიურის" ქართული თარგმანი (მთარგმნელი გიორგი ქოიავა) წარადგინა წიგნის ავტორმა, მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის პორფესორმა, ჟურნალისტმა, ომის კორესპონდენტმა და დოკუმენტალისტმა თომას გოლცმა. იგი ასევე "აზერბაიჯანის დღიურისა" და "ჩეჩნეთის დღიურის" ავტორია, რომელშიც კავკასიური ომების ეპიცენტრში ამერიკელი ჟურნალისტის მოგზაურობაა აღწერილი.





თომას გოლცმა წიგნის პრეზენტაციისას მსმენელებს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ–ერთი პერიოდის, სამოქალაქო ომის ხანის აღმწერი ტექსტი წაუკითხა და ის დრო გაიხსენა, თუ როგორ დასდევდა დევნილობაში მყოფ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუს ასაღებად და როგორ მოხვდა ჩეჩნეთში მის დასაფლავებაზე. თავის წიგნში, რომლის ქართულ თარგმანსაც ჰქვია: "საქართველო – ომისა და პოლიტიკური ქაოსის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში" წაიკითხავთ თავებს: "თეთრი მელა", "შავი ღრუბელი სოხუმის თავზე", "ზუგდიდის დაცემა", "ენგურის ხიდს იქით", "ცარცის წრის კვადრატურა"




2006 წლის გამოცემაში ვერ მოხვდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები. "საქართველოს დღიურის" მეორე გამოცემაში კი ნარატივს დაემატა უახლესი ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი. წიგნი არის ერთგვარი ქრონოლოგია იმისა, თუ რა ხდებოდა საქართველოში 1992 –დან 2008 წლამდე , ანუ ომიდან ომამდე. გოლცმა ასევე წარადგინა საქათველოს მოკლე ისტორია ფოტოებზე – გიორგი ცაგარელის ფოტოების სლაიდშოუ – საქართველოს ისტორია სტალინის კერპთაყვანისმეცმლობიდან, ფილმ "მონანიებიდან" აფხაზეთის ომამდე და "ვარდების რევოლუციამდე".





"საქართველოს დღიური" ორივე ენაზე წიგნის ავტორმაც და მთარგმნელმაც ბიბლიოთეკას უსახსოვრეს




შეხვედრის ბოლოს კი აშშ–ში უკვე თხუთმეტი წელია მოქმედი ქართული კულტურის ცენტრის "ფესვები" (სამხატვრო ხელმძღვანელი შორენა ბარბაქაძე) პატარა თუ თინეიჯერმა არტისტებმა წარადგინეს ცეკვები: "აჭარული", "დავლურ–ქართლური", "სამაია" და "ქალ–ვაჟთა ყაზბეგური", ხოლო ამერიკაში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა "სუფრული" (ხელმძღვანელი კარლ ლინიხი), რომელიც არაქართველებისგან შედგება, რომელთაც ქართული ენა არ იციან, იმღერეს ლეჩხუმური „სუფრული“, მეგრული "მუხვაში გვარი", აჭარული "მერისული" და იმერული "მრავალჟამიერი".





სტუმრებს ასევე მიეცათ საშუალება მანჰეტენზე არსებული ქართული რესტორნის Old Tbilisi Garden-ის ხაჭაპურები დაეგემოვნებინათ, ხოლო პროექტის ამერიკელმა კურატორებმა ქართული ღვინო საჩუქრად მიიღეს. როგორც ფრედ გიტნერმა თქვა, დიდი ხანია ამ ბიბლიოთეკაში მუშაობს, თუმცა არ ახსოვს, რომ წიგნის პატარა კუთხის გახსნას ასეთი კულტურული ღინისძიება მოჰყოლოდეს. "დღეს მე ქართული ისტორიისა და კულტურის გაკვეთილი ჩამიტარეს და ძალიან მიხარია, რომ ქართველებთან ერთად დამოუკიდებლობის დღე ჩვენც აღვნიშნეთ" – განაცხადა მან

















01.06.2015

netgazeti.ge

No comments:

Post a Comment