Friday, May 16, 2014

283 საქველმოქმედო კვერცხი



სანამ როკფელერის ცენტრში დიდი მოხატული კვერცხების გამოფენება–გაყიდვა მოეწყობოდა, აფრიკაში (ჯერ კიდევ სამოცი ათასი წლის წინ) სტრაუსის კვერცხების მოხატვით იყვნენ დაკავებულნი. ძველი შუმერებისა და ეგვიპტელების სამარხებში სხვადასხვა სახის კვერცხებია ნაპოვნი, მათ შორის, ვერცხლისა და ოქროსაგან დამზადებულიც კი. ქრისტიანობის განვითარებასთან ერთად აღდგომას კვერცხის წითლად (თუ სხვა ფერებად) შეღებვა, მისი მოხატვა ქრისტიანულ ტრადიციას, კერძოდ კი, აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირდა, რადგანაც კვერცხი ერთდროულად მაცხოვრის განსასვენებლისა და მისი აღდგომის სიმბოლიკის მომცველი გახდა, თუმცაღა კვერცხი პრექრისტიანულ ეპოქაშიც ერთგვარი კულტის საგანი იყო, რადგან იგი გაზაფხულის ძალებსა და მაცოცხლებელ ენერგიას "ასხივებდა". ძველცივილიზიაციური ტრადიციების თანახმად კი წითელი კვერცხი არა მარტო ვიტალურ ძალას შეიცავდა, არამედ - დამცავი ამულეტიც გახლდათ. გადმოცემის თანახმად, პირველი სააღდგომო კვერცხი მარიამ მაგდელინელმა რომის იმპერატორს, ტიბერიუსს მიუტანა, რათა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა ეცნობებინა. იმპერატორს კი უთქვამს: ,,მკვდრეთით არდგომა როგორ შეიძლება? ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც იმისა, რომ ეს კვერცხი თავისით შეიღებოს წითლად’’. ჰოდა, ამ სიტყვების შემდეგ კვერცხი, რომელიც მას ხელში ეჭირა, გაწითლდა. კვერცხის შეღებვის ტრადიცია მხოლოდ ქრისტიანულ ადათ–წესებს კი არ ეკუთვნის, არამედ - მუსლიმურსაც. მაგალითად, ირანში ნავრუზის დღესასწაულის დროს კვერცხებს ღებავენ. ასევე სხვადასხვაა კვერცხების განლაგების კულტურა – ზოგი ხეებზე (მათ შორის, საახალწლო ნაძვის ხეზე) ჰკიდებს, ზოგი მინდორში აგორებს, ზოგი სასადილო მაგიდაზე სამარხვო, თუ არასამარხვო კერძებთან ერთად ათავსებს. კვერცხებს ამზადებენ ხისგან, პლასტმასისგან, ქაღალდისგან, მინისგან, ლითონისგან, ყინულისგან, შოკოლადისგან, ნაყინისა და სხვა უამრავი მასალისგან. XIX საუკუნეში გამოჩნდა სანქტპეტერბურგელი პეტრე ფაბერჟეს კვერცხები, რომელმაც, ფაქტობრივად, კვერცხის მოხატვა და მოკაზმვა მაღალი ხელოვნების რანგში აიყვანა. ფაბერჟეს ერთი კვერცხის შექმნისთვის წელიწადი სჭირდებოდა და მას დიზაინერებისა და ხელოსნების რჩეული გუნდი ეხმარებოდა. რუსეთისა და ევროპის შემდეგ ფაბერჟეს ნამუშევრები ოკეანისგადაღმა აღმოჩნდა: რუსეთს გარეთ ფაბერჟეს კვერცხების ყველაზე დიდი კოლექცია ნიუ იორკელმა მაგნატმა, მალკოლმ ფორბსმა შეაგროვა. წელს როკფელერის ცეტრში (შენობის შიგნით და გარეთ) სულ რამდენიმე დღით გამოფენილი 283 დიდი კვერცხი ფებერჟეს კოლექციას არ მიეკუთვნება, თუმცაღა საკმაოდ მაღალი სახელოვნებო კოტირებით გამოირჩევა. ამ კვერცხების რაღაც ნაწილი სოთბის აქუციონზეც გაიტანეს და რამდენიმე მათგანი გამოფენის დასაწყისშივე გაიყიდა კიდეც. თან არა კომერციული, არამედ - საქველმოქმედო მიზნისთვის. დიდი ვაშლის ქალაქში მეხუთე ავენიუსა და 47–ე ქუჩაზე განალაგეს კვერცხები, რომლებიც მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერებმა და მხატვრებმა მოხატეს, მათ შორის, ჯეფ კუნსმა, ზაჰა ჰადიდმა, რალფ ლაურენმა, ოსკარ დე ლა რენტამ, კაროლინა ჰერერამ, ტონი ჰილფიგერმა, ტრეისი ემინმა, პეტერ ბირდმა, ჯულიან შნაბელმა, ბრიუს ვებერმა, დიანა ვონ ფურსტენბერგმა, ლეო ვილერილმა და სხვებმა. სამი ხელოვანის ხელწერა მაშინვე ვიცანი, მაგალითად, ნათან სავაიას ლეგოს აგურებისგან შექმნილი "დაბადება". მით უმეტეს, რომ შარშან, მანჰეტენზე, ამ ხელოვანის დიდ გამოფენას ვესტუმრე და ჩემი არასუბიექტური აზრით (და თუკი საგამოფენო პლასტმასის "ობიქტებზე" მნახველთა რეაქციას გავითვალისწინებთ), მიუხედავად იმისა, რომ იგი "სათამაშო მასალას" იყენებს, ამ არტისტის უეცარი წარმატება მოულოდნელობა არავისთვის ყოფილა. საადღგომო კვერცხები ჯერ ქალაქის სხვადასხვა ადგილას განათავსეს, მერე კი – როკფელერ პლაზაში მოუყარეს თავი. ფასები ასეთი იყო: 500 –დან 360 ათას დოლარამდე. ყველაზე ძვირიანი კუნსის კვერცხი გახლდათ. ამჟამად 35 კვერცხი სოთბის აუქციონზეა გატანილი, დანარჩენი კი ინტერნეტშია განთავსებული და მათი ყიდვა ნებისმიერ მსურველს ამ საიტზე http://paddle8.com/auctions/bigegghunt შეუძლია. აუქციონიდან შემოსული თანხა ორი კეთილშობილური მიზნისთვის დაიხარჯება: ერთი ნაწილი ნიუ იორკის კოლეჯების/უნივერსიტეტების ხელოვნების ფაკულტეტების სტუდენტებს მოხმარდება, მეორე კი არასამთავრობო ორგანიზაციის, "სპილოს ოჯახის" ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც გადაშენების პირას მყოფი აზიური სპილოს სახეობის შესანარჩუნებლად იღწვის. ამ გამოფენას ფაბერჟეს კომპანია აფინანსებს და მისი დამფუძნებლის საქველმოქმედო ტრადიციასაც აგრძელებს – დამწყებ მხატვრებს ფულად დახმარებას აძლევს. პირველი ამგვარი გამოფენა, ამავე სახელწოდებით – Big Egg Hunt (დიდი კვერცხის მოპოვება/ მოსაძებნად გამგზავრება) ლონდონში გაიმართა და ქველმოქმედებისთვის მილიონნახევარი დოლარი შეაგროვა. როკფელერის ცენტრში გამოფენილი კვერცხები ერთგვარი "ენერჯაიზერებია"; სახალისო, ექსტრავაგანტური სახელოვნებო ნიმუშები, რომლებმაც აკადემიურ "პლაზაში" არაორდინალურობის ინტრევენცია შესძლო. ამიტომაც გარშემო აღფრთოვანებისა და გაკვირვების შეძახილები გამუდმებით ისმოდა, ზოგს კი ფასების ნიხრიანი ბუკლეტი ეჭირა და ღირებულებისა და ავტორის პოპულარობის შესაბამისობას ხმამაღლა განიხილავდა. კვერცხები დიდულვაშებიანი კოვბოის დიდი ქუდითა (რალფ ლაურენი) და დოლარის კუპიურებისგან იყო შეკერილი; ასევე, ამერიკული დროშითა და პეპელ–ყვავილებით, ჩუქურთმ–მაქმანებით მორთული; ქუჩების გზამკვლები პატარა ტაბლოებისგან და ხის ასიმეტრიული ნაჭრებისგან შეჭედილიც (ხის ამ ნაფლეთებისგან შეკოწიწებულ კვერცხს სიამოვნებით ვიყიდდი); კოვზმიმაგრებული თუ დამსხვრეული ბოთლების "აყვავებული მცენარეებისგან" შემდგარიც; ცნობილ ბუნებისმეტყველთა პორტრეტებით დამშვენებულიც და ქეით მოსის ფოტოებისგან აწყობილიც; სტრაუსის თავ–კისრიანი და კოსმოსური ხომალდის ფორმის, რომლის ილუმინატორში მაიმუნი მოჩანს; თავისუფლების ქანდაკების "დიადემიანი" და შავცრემლიანი აფრო–ამერიკელი ქალის სახიანი; ნახვრეტიანი შავი კვერცხი და თეთრი კვერცხი ცენტრში შავი წერტილითა და მწვერვალზე წამოსკუპებული თეთრი თაგუნიათი; ქვიშის საათის ფორმის/ შიგთავისის და აფრიკულ ფონზე სპილოების გრძელი რიგით მოხატული. როკფელერ პლაზაში გამოფენილმა კვერცხებმა ახალგაზრდა ხელოვანების გაცნობის საშუალებაც მოგვცა: მოდის დიზაინერმა, მეგი ნორისმა, თავისი კვერცხის შექმნას (რომელიც ხავერდისა და სვარსოვსკის კრისტალებისგანაა აწყობილი) ექვსი თვე მოანდომა. დიზაინერმა ნაემ ჰანამ შექმნა უამრავი გამჭირვალე მინის თვლებით მოჭედილი კვერცხი, რომელიც მზეზე თვალისმომჭრელად ბრწყინავს. ოლივერ ჯეფრიმ კვერცხზე 1664 წელს შექმნილი თანავარსკლავედებისა და პლანეტების რუკა გადაიტანა; კვერცხი ირაკლავს სინათლეს და მასზე ნიუ იორკის ქუჩების დანახვაა შესაძლებელი. ჯო ფრეიზერმა ქალის პორტრეტი შავ ფონზე კლასიკურ სტილში შეასრულა. ასევე სიამოვნებით შევიძენდი სტუდია Echo Disigne –ის მოხატულ, ფერადი, "მოძრავი" პეპლებით დამშვენებულ კვერცხს, რომელმაც ალექსანდრე მაკქუინის მოფარფატე პეპლების ქუდი მომაგონა. დენის ტომპოლოსუსმა "სპილოების მარში" დახატა. სანდრა ბიონტონმა "ქათამი და კვერცხი". ემა ქლეგმა კვერცხი ყვავილების ბისკვიტებით მორთო. კარტერ ჯონსმა შექმნა შიკოლადის ფერის კვერცხი, გარშემორტყმული ნიუ იორკული სიმბოლიკით, სახელწოდებით "ჩვენ ვართ ნიუ-იორკი"; კრის კარნაბუკმა – "ფერტილობა"; მარი მატიმგლმა – "ჩვენ ვართ კვერცხი".























25 აპრილი 201424 saati.ge

No comments:

Post a Comment