არ ვიცი, თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ მსახიობი ეთან ჰაუკი ჩემთვის, მგონი, სამუდამოდ ორ – სამ კინოსამსახიობო იმიჯზე იქნება მიჯაჭვული. თეატრში ნანახმა მისმა "მაკბეტმა" ეს აზრი არ შემაცვლევინა. ვაღიარებ, რომ სპექტაკლის სანახავად სწორედ მისი ჰოლივუდური C. V. _ის გამო წავედი. თუმცაღა, ჰაუკი კინოინდუსტრიამ სწორედ ბროდვეიზე დადგმული ჩეხოვის "თოლიიდან" აიტაცა, რომელშიც 22 წლის მსახიობი თამაშობდა. "თეატრი ჩემი პირველი სიყვარულია" - განაცხადა ეთანმა და სამსახიობო კარიერის განვითარების გარდა, ნიუ იორკში ერთ–ერთი თეატრის დამაარსებელიც კი გახდა და ჰოლივუდში მოპოვებული წარმატების მიუხედავად, არასოდეს მიუტოვებია სცენა, პარალელურად კი თეატრალური განათლების ერთ–ერთი დიდ ენთუზიასტადაც იქცა. არადა, კინოფილმებში მას შემდეგ იღებდნენ, რაც 15 წელი შეუსრულდა. რაც შეეხება ფილმებს, რომლებითაც იგი დამამახსოვრდა: „წვრთნის დღე" (2001), სადაც ეთანი დენზელ ვაშინგტონთან ერთად კორუმპირებული პოლიციელის მეწყვილეს და მის ანტიპოდს თამაშობს; "სიცოცხლის წამღები" (2004) – ერთ – ერთი მაღალი შეფასების მქონე ფსიქოლოგიურ–კრიმინლაური ტრილერი, სადაც იგი ანჯელინა ჯოლისთან ერთად თამაშობს და რიჩარდ ლიკლაითის პოპულარული ფილმი, "შუაღამემდე" (2013) – რომანტიკული ისტორია, რომლის სცენარმა (ეთან ჰაუკის მონაწილეობით) ათასგვარი პრემია დაიმსახურა, ოსკარზეც იყო ნომინირებული და კინომატოგრაფისტებმა ჰაუკი უცვლელ პარტნიორთან, ჯული დეფლისთან ერთად უკვე მესამედ ათამაშეს. ლინკოლნ ცენტრის თეატრების ღია სცენების (Lincoln Center Theater's Open Stages) საგანმანათლებლო პროგრამა ნიუ-იორკის მრავალი საჯარო სკოლისათვის იმ "ცოცხალი თეატრის" პროექტს ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებისათვის სპექტაკლების უფასო ბილეთებს, უფასო თეატრალურ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს უზრუნველყოფს; განსაკუთრებით იმ სკოლებს ეხმარებიან, რომელთა რესურსები შეზღუდულია. ეთან ჰაუკმა ლინკოლნ ცენტრის სწორედ ასეთ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, როცა ტონის პრიზიორი რეჟისორის, ჯექ ო ბრაიანის "მაკბეტში" მთავარი როლი შეასრულა: "მე უფრო მოუთმენლად ველი საჯარო სკოლის ამ აუდიტორიას, ვიდრე - პრემიერის საღამოს. წარსულმა დიდი გამოცდილება მომიტანა; შემიძლია, ვთქვა, რომ სტუდენტებისთანა (ამერიკაში სკოლის მოსწავლეებსაც სტუდენტებს უწოდებენ – ი.მ.) კარგი აუდიტორია ცხოვრებაში არ მყოლია; ისინი საზრიანი, მომზადებული და კარგი შოუს მოყვარული მაყურებლები არიან" – განაცხადა მან. ბოლო წლების განმავლობაში, არტისტები შექსპირის "მაკბეტს" დიდად არ სწყალობდნენ, ხოლო თეატრალურ წრეებში იგი ერთგვარი Bete Noire გახლდათ; და უეცრად, სულ რაღაც ათი წლის წინ, "მაკბეტი" სასცენო/ საფესტივალო ფავორიტი გახდა, ძალიან ცნობილი მსახიობები მიიზიდა არა მარტო ბროდვეიზე, არამედ - სხვა ქვეყნების წარმატებულ თეატრებსა და კინოსამყაროშიც. მაკბეტის როლის ერთ–ერთი ცნობილი შემსრულებელი, პატრიკ სტიუარტი, "მაკბეტის" პოპულარობის დაბრუნებას ასე ხსნის: "ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ გაზეთებში მთელ მსოფლიოში მომხდარ საშინელებებს. მოკლულები, როგორც წესი, უდანაშაულონი არიან, ბავშვები... ვკითხულობ ახალ ამბებს სირიიდან ქიმიური შეტევების შესახებ". ამიტომაც, ის თვლის, რომ შექსპირის ამ ტრაგედიის რეინკარნაციის მიზეზად სწორედ პოლიტიკური კოშმარების არსებობა უნდა მივიჩნიოთ. მაკბეტის როლი თეატრალურ სცენებზე სხვა კინოვარსკვლავებსაც აქვთ განსახიერებული: ანალ ქიუმინგს, კენეთ ბრანას, ნიკოლას ბრუდეს. როგორც კი ეთან ჰაუკისეული მაკბეტი შესრულდა, იგი მაშინვე კინუ რივზის მიერ ჰამლეტის როლის შესრულებას შეადარეს. "მაკბეტი" ეთან ჰაუკის შესრულებით ვივიენ ბიუმონტის თეტრის (ლინკოლნ ცენტრში შემადგენელი თეატრი) ვიხილე. იგი ამავე თეატრში ჯეკ ო ბრაიანის "ჰენრიხ IV"– სა და "უტოპიის სანაპიროში" თამაშობდა, თუმცაღა, მართალი გითხრათ, რეჟისორისგან უფრო მეტ გამომსახველობით ეფექტებს ველოდი; მეგონა მაკბეტის ცოლის, ქალბატონი მაკბეტის როლს უფრო კარგი მსახიობი ითამაშებდა, ვიდრე - ბრიტანელი მსახიობი ანა–მარია დუფი. ალბათ, იმიტომ, რომ ამ სპექტაკლში დრამატურგიულმა ტემპერატურამ დუღილის ტემპერატურას ვერ მიაღწია. სამი ალქაჯი (მათ როლს მამაკაცები ასრულებენ) ოკულტისტური მანერებით მაკბეტს სიკვდილს უწინასწარმეტყველებენ, ხან სცენაზე კულისებიდან ჩნდებიან, ხან –აუდიტორიიდან. ისეთი შთაბეჭდილება გეუფლება, თითქოს, სწორედ მათი ოკულტური მანიპულაცების ბრალია ეს მკვლელობები და სისხლის გუბეები და არა - ცოლ–ქმარი მაკბეტების. სასცენო დეკორაციების, ტანსაცმლების ორფერადოვნება და შესრულების აკადამიურობა ცოტათი მოსაწყენს ხდის წარმოდგენას, არადა რეჟისორი გვიპრდებოდა, რომ სცენაზე "ღვთაებრივ ჯაზს" მოვისმენდით. როგორც ჯეკ ო ბრაიენი ამბობს, იგი უფრო სასცენო ხატებისა და რეალობის შერწყმას ცდილობდა. მთელი დადგმა, პირველი სცენიდან (როცა საშინელი ჭექა–ქუხილი ისმის და სამეფო კარის ამალა სცენაზე შემოვარდება) ბოლო სცენამდე (როცა სისხლის უჩინარი გუბეები ყველგანაა და მეკბეტს კლავენ), ერთი დიდი შავ–თეთრი კი არა, შავ–შავი უარყოფითი ნაკადია, სადაც ძალაუფლება, ეგო, პროვილეგიები, ბოროტება, შავი ინსტინქტები მძლავრობს და რომელიც მოგვიანებით, სპექტაკლის გახსენებისას, ერთ დიდ შავ ხვრელს ემსგავსება. სპექტაკლს არცთუ ისე სახარბიელო კრიტიკა არ მოჰკლებია, მაგრამ ყველამ აღნიშნა, რომ ჰაუკმა კარგად აითვისა "კელტური მანერები" და მეტ-ნაკლებად, მაკბეტურ ტიპაჟად იქცა. არადა სცენაზე იგი ეშმას განსახიერებას კი არა, ნევროსთენიკ ვუდი ალენს ჰგავდა, ოღონდ ბოროტს, რომლესაც ვუდის საბრენდო სათვალეებიღა აკლია. ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი. თუმცაღა თავად მსახიობს სულ სხვაგვარი ემოციები გასჩენია ამ როლთან დაკავშირებით. როგორც თავად განაცხადა: "ეს იყო როლი, რომელიც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ჰგავდა". ნახევრად ხურობით, ცოტა უცნაურია ევროკავშირის ჰიმნის, იგივე "სიხარულის ოდის" ჰანგები გესმოდეს შოტლანდიის დემორალიზირებული მხედართმთავრის ვნებების დროს, როცა მაკბეტი ნიჰილისტურ სიტყვას "ხვალ, ხვალ, ხვალ" წარმოთქვამს, მაგრამ დღეს "მაკბეტიც" და "ბეთჰოვენის მეცხრეც" იმდენად არქეტიპული ცნებებია, რომ ალბათ, ერთმანეთს ადვილად გაუგებენ.
29 აპრილი 2014
24 saati.ge
No comments:
Post a Comment