Sunday, May 26, 2019

„კავშირები“ – ემიგრანტი დედა-შვილის შემოქმედებითი საღამო ნიუ იორკში




ამას წინათ ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში ორი ქართველი ქალი ხელოვანის, დედა – შვილის, ბელა რომელაშვილისა და ნუცი ნებიერიძის შემოქმედებითი საღამო, სახელად – „კავშირები“, გაიმართა.

ბელა რომელაშვილი ქართველი მხატვარია, რომელიც 2004 წლიდან ლონდონში ცხოვრობს, ხოლო მისი შვილი, ნუცი ნებიერიძე ნიუ-იორკში მოღვაწე მუსიკოსი/მომღერალია.

ბელა რომელაშვილის “კავშირები” პორტრეტული ხასიათის ნამუშევრების სერიაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მისი ქალთა პორტრეტები: ფიგურული კომპოზიციები ემიგრანტ ქალებზე, ოჯახებზე, ურთიერთობებზე, მისწრაფებებზე; ნამუშევრები: „ქალბატონები“, „მარტოობა“, „მოლოდინი“ და „სინათლისკენ“, სადაც მოძრავი ფიგურები ერთ სიბრტყეში ერთმანეთს გადაკვეთენ და ისეთი განცდა იბადება, რომ დროსა და სივრცეს მნიშვნელობა ეკარგება. ასევე წარმოდგენილი იყო სერია ადამიანთა ურთიერთიბებზე ნამუშევრებით – „ორი თაობა“, „ორი მე“, „საუბარი“ და სერია ვირტუალურ კომუნიკაციებზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ კონცეფციას მოიცავს და გამოიხატება ნამუშევრებით სახელად – „ჩეთი“, „ემიგრანტები“, „სახე“ და სხვა. ბელა რომელაშვილის ბოლო ნამუშევრები გამოიფინა ლონდონში, 5th Base Gallery-ში (2016), უფრო ადრე კი სოლო და ასევე ჯგუფურ გამოფენებზე სხვადასხვა არტსივცეებში: Gallery Cossachok (Glasgow); Luke & A Gallery (London); Old Gallery (Tbilisi); Vital Spark (Aberdeen) და ა.შ.







ამ ორი ხელოვანის „შეხვედრა“ ემიგრაციის მიწაზე, ორი სხვადასხვა ხელოვნების სფეროს, ორი სხვადასხვა არტისტის ხედვითი და კონცეფციური იდეების ურთიერთკავშირების ერთად ყოფნა, ერთგვარი სიმბოლური მესიჯის მატარებელი იყო. ის, რომ მხატვარი თავად არ იმყოფებოდა გამოფენაზე, ესეც „კავშირების“ არსებობის, ოღონდ არააბსტრაქტული დასტური გახლდათ.







– როდის შეიქმნა ეს ნამუშევრები და რა დატვირთვის მატარებელია ისინი? – ვკითხე მხატვარს.

ბელა რომელაშვილი: ამ თემაზე ჯერ კიდევ ჩემი ემიგრაციაში წასვლამდე ვმუშაობდი. ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ჩვენი ქვეყნიდან მოდის, შენი სულის სიმებზე გადის. ხატვის დროს ხელი თავისით მოძრაობს და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება.

განსაკუთრებით მტკივნეული ქალთა ემიგრაციის თემაა. უყურებ შვილების სურათებს და თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობ. ერთ სიცოცხლეს მორჩი და ფიზიკურად სხვაგან აგრძელებ არსებობას. იმედს იტოვებ, რომ ეს დასასრული არ არის.






ეს თემა მხატვრისთვის რატომაა აქტუალური?

ყველა განსხვავებულ მდგომარეობაში ყოფნა მხატვრისთვის ახალი გამოწვევაა. შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაცია სასარგებლოც კია, რადგან პირადად ეხები და განიცდი ყველა თემას, იგივე გზას გადიხარ, რასაც ყველა. დეპრესია, მონატრება, ტკივილი, პრობლემებთან განმკლავება… მხატვარიც ხომ თავისი დროის ანარეკლია.
რა პრობლემებთან გამკლავება უწევს ემიგრანტ მხატვარს?

ზოგჯერ ვფიქრობ, ხელოვანისთვის სასურველია, რომ რაღაც პერიოდი შენი ქვეყნიდან შორს იყო და ყველაფერს დისტანციიდან აკვირდებოდე. პრობლემებს უკეთესად ხედავ არა მარტო საკუთარ თავში, არამედ – ზოგადადაც. საშუალება გაქვს ახლოდან გაეცნო სხვა ქვეყნების კულტურას. შემდეგ დგები დიდი გამოწვევების წინაშე, რათა ახალ რეალობაში ცხოვრება, ბრძოლა ისწავლო, კარიერული წინსვლა კი ნელ–ნელა, ნაბიჯ – ნაბიჯაა. გალერეების კარი ძნელად იღება. საგამოფენო სივრცე რთულად ასაღებია. გარდა იმისა, რომ ნამუშევრები დროსთან შესაბამისობაში უნდა შექმნა, მეორე პრობლემაა მატერიალური შესაძლებლობები, რომელიც ემიგრანტისთვის პრობლემური საკითხთა სიაშია.







სერია “ვირტუალური კომუნიკაციები“ ისევ ემიგრანტულია, არა?

ჩემისთანა ადამიანისთვის ვირტუალური კომუნიკაცია ერთგვარი შვებაა. საშუალება გაქვს ახალი შემოქმედებითი იმპულსები მიიღო. ამის ნიადაგზე შეიქმნა ჩემი და ჩემი შვილის ერთობლივი გამოფენა – პროექტი „კავშირები“; საკომუნოკაციო ყოველდღიურობა ახალი იდეების აღმოჩენაში გეხმარება, ამის ნიადაგზე იბადება კომპოზიციები, სადაც დროსა და სივრცეში ადამიანები გადაიკვეთებიან, სადაც დროის ერთ მონაკვეთში შენი მდგომარეობა გარკვეულ სიბრტყეში აღიბეჭდება და მოცემულ ფორმასა და მასალაში შემოქმედებითად გარდაიქმნება. ვირტუალური სივრცე იმის საშუალებაცაა, რომ უსასრულობაში შენი ქვეყნის შესახებ გზავნილი გაუშვა.






***

ნუცი ნებიერიძე ამბობს, რომ დედის შემოქმედება ჯერ კიდევ ბავშვობიდან მისთვის ყოველთვის დიდი შთაგონების წყარო იყო. ის უკვე აშშ–ში მეორედ უძღვება ბელა რომელაშვილის გამოფენას დაუსწრებლად. პირველი გამოფენა 2018 წლის იანვარში სტამფორდში (კონექტიკუტი) გაიმართა.

გასაკუთრებული ინსპირაციის წყარო შვილისთვის არის დედის აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრები, სტრუქტურები, ფერთა ჰარმონიები და ის კომპლექსური კომპოზიციური იდეები, რომელსაც მუსიკოსი ეძიებს, ცდილობს მისდიოს და თავის მუსიკაში განახორციელოს.


ნუციმ ამ გამოფენაზე წარადგინა თავის საავტორო კომპოზიციები: „ქალაქის ხმები“ და „ღმერთი შენ თვალებში“. ეს კომპოზიციები თავისი დინამიკითა და ფორმით ბელა რომელაშვილის ზემოხსენებული ნამუშევრების მოდუსთან ყველაზე ახლოსაა. იმ საღამოს შესრულდა ნუცის მიერ არანჟირებული მეგრული ნანა “ვეენგარა” და “შენ ხარ ვენახი” ქართველ ქალთა გუნდთან ერთად.














01.04.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment