ნიუ იორკში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 101 წლისა და დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღნიშვნა მაისის დასაწყისშივე დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ თარიღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ყველაზე ადრე, სწორედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან აიღო სტარტი. ორ მაისს მანჰეტენზე მდებარე Bohemian National Hall –ში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ მეგობარი ქვეყნების ელჩებს, უცხოელ სტუმრებსა და ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლა. მათ შორის, ცხადია, იყო საქართველოს დიდი ხნის ერთგული გულშემატკივარი, ქართველოლოგი პიტერ სკინერი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის თავისი უნიკალური წიგნების არქივის გადაცემას აპირებს.
საქართველოს გენერალური კონსულის, დიანა ჟღენტის ინიციტივით წელს დიასპორის წარმომადგენლები და საკონსულოში გამართული სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებების სტუმრები ერთად შეიკრიბნენ და ტრადიციულად, საქართველოსა და აშშ–ის ჰიმნებისა და ქართული და ამერიკული სიმღერების ცოცხალი შესრულება (მომღერალი ნინი წიკლაური, აკომპანიატორი ირაკლი შარაძე) მოისმინეს, საქართველოს შესახებ გადაღებული სარეკლამო კლიპები ნახეს და ქართული ღვინო და კერძები (რესტორანი Guest House) დააგემოვნეს.
დიანა ჟღენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამ მიღებას უნდა დასწრებოდა, ნიუ იორკში მყოფთ თბილისიდან მიმართა და დამსწრეთ უწყების ახალი ინიციატივის თაობაზე აცნობა. დავით ზალკალიანი ვიდეომიმართვაში შეეხო “ახლო მომავალში დაგეგმილ უპრეცენდენტო პროგრამას, რომლის მიზანია დიასპორის წიაღში დაბადებული იდეებისა და ინიციატივების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა”. მან აღნიშნა, რომ საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნების, თანამემამულეთა ინტერესების, უფლებების დაცვა და დასძინა, რომ ამ პროგრამისთვის სახელმწიფომ ნახევარი მილიონი ლარი გამოჰყო.
დავით ზალკალიანი ვიდეომიმართვა
დარბაზის ერთ კუთხეში კი “სრული ნატურალიზმით” წარმოდგენილი იყო საქართველოს ორი რეგიონი – იმერეთი და სამეგრელო. კერძოდ კი დიდი ვაშლის ქალაქიდან იქ გადანაცვლება ვირტუალური 3D სათვალეების საშუალებით იყო შესაძლებელი. ეს გახლდათ გენსაკონსულოს თანამშრომლის ზურა ხუციანიძის პროექტი, როგორც ტურიზმის ერთგვარი სახალისო და, ამავდროულად, ქმედითი პიარი. ავტორი ამბობს, რომ მას “ეს იდეა გაუჩნდა ნიუ იორკში გენერალურ საკონსულოში გამართულ იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეხებოდა.
"საკონსულოში მოსულ უცხოელ სტუმრებთან ხშირად გვიხსენებია, რომ ნათქვამს, საკუთარი თვალით ნანახი ნამდვილად სჯობს. სწორედ ამ ფრაზამ შემიქმნა იმის მოტივაცია, რომ მსურველებისთვის საქართველოს მართლაც უნიკალური ბუნების, ულამაზესი რეგიონების საკუთარი თვალით ნახვის პროცესი გამეადვილებინა. ამისათვის კი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია გამოვიყენე. კერძოდ კი, ვირტუალური რეალობის სათვალეები, რომლის მეშვეობით მსურველს შეუძლია საკუთარი თვალით დაინახოს ტურისტული ადგილები და, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე გამოსცადოს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა. ამისათვის საქართველოს გენერალურ საკონსულოში სპეციალური კუთხეც შევქმენით” – ამბობს ზუკა ხუციანიძე.
ზურა ხუციანიძე
მიღების მეორე დღეს კი გენერალური კონსული და ვიცე-კონსული კალიფორნიაში გაემგზავრნენ, სადაც სან ფრანცისკოში, ლოს ანჯელესსა და სან დიეგოში მცხოვრებ ასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში საკონსულო მომსახურეობა გაუწიეს, მათ შორის, მოქალაქეობის შენარჩუნების/აღდგენის. ცნობისთვის, ამა წლის პირველი მაისიდან ვიდრე პირველ ივნისამდე საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე ბიომეტრიული პასპორტები უფასოდ გაიცემა.
***
კახა იმნაძე და მარია ფერდინანდა ესპინოზა გარსესი
23 მაისს, როცა ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, კონგრესმენების ჯერი კონოლისა (დ-ვირჯინია) და ადამ კინზინგერის (რ-ილინოისი) მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი საგარეო საქმეთა კომიტეტში დამტკიცდა, ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს მისიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი მიღება გაიმართა, რომელსაც, ფაქტობრივად, გაეროს ლამის ყველა წევრი – ქვეყნების წარმომადგენლები, ელჩები, მათი მოადგილეები, ექსპერტები, სამდივნოების თანამშრომლები, სამხედრო ატაშეები, ბიზნესმენები/ბიზნესვუმენები დაესწრნენ. მათ შორის იყო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესი, რომელიც პროტოკოლის მიხედვით ორგანიზაციის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია.
მიღება, რომელსაც გაერთიანებულ ერებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ და მისმა ოჯახმა უმასპინძლა, ერთგვარად ქართული ღვინის დიდი პრეზენტაციის საღამოდაც გადაიქცა. ინფორმაცია გაეროში ღვინის წარდგინების შესაძლებლობის თაობაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაერთიანებული ერების შტაბ – ბინაში ორმოცდაათზე მეტი სახეობის ქართული ღვინო წარმოადგინეს: 7–8 ქართული მწარმოებლის გარდა პრეზენტაციაში ორმა დიდმა ამერიკულმა სადისტრიბუციო კომპანიამ (Corus Imports და Giuuani) საუკეთესო ქართული ღვინოები წარადგინა; ვაშინგტონში მოქმედი რესტორნის, “სუფრას” შეფ–მზარეულმა მალხაზ მაისაშვილმა კი ტრადიციული ქართული კერძების გარდა სტუმრებს არატრადიციული, მისეული ინტერპრეტაციით მომზადებული ფელამუში შესთავაზა – კარამელითა და შოკოლადით, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა.
ქართული ღვინო გაეროში
ჩვენთან საუბარში მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესმა განაცხადა, რომ “საქართველო მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე. საქართველო მხარს უჭერს გაეროს მრავალმხრივ შეთანხმებებს, მხარს უჭერს გაეროს გენასამბლეის პრეზიდენტს, მის ოფისს და იგი ქვეყანაა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, აქტიური წევრი, პარტნიორია და ძალიან დასაფასებელი ქვეყანაა.”
ქართული ღვინო გაეროში
„მე ბოლო 73 წლის განმავლობაში გენასამბლეის მხოლოდ მეოთხე ქალი პრეზიდენტი ვარ“ – მითხრა მარია გარსესმა, როცა შანსი არ გავუშვი და მას გაეროში გენდერულ დისბალანსზე ვკითხე, – „ეს, რასაკვირველია, საკმარისი სულაც არაა და ამიტომ ჩვენ ამ ასიმეტრიის აღმოფხვრას ვცდილობთ. 193 ელჩს შორის მხოლოდ 43 ქალია. ჩვენ, ქალებს, შემოგვაქვს ხარისხი, განსხვავებული ხედვები, ვამდიდრებთ მრავალმხრივ შეთანხმებებს. გენდერული თანასწორობა ჩემი და ჩემი ოფისის სამუშაოს პრიორიტეტია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სხვებს ჩვენი მაგალითი. ჩემს კაბინეტში, მაგალითად, 60 პროცენტი ქალია და 40 – კაცი და ღონისძიების ჩატარებისას თუ სხვა რამ აქტივობისას ჩვენ გენდერული თანასწორობის დაცვას ვცდილობთ. ასე რომ იცვლება გაერო, მასში იცვლება დამოკიდებულებები და კულტურა.
– თქვენ ქართულ წითელ ღვინოს სვამთ, მგონი, "ქინძმარაულს". როგორ მოგწონთ?
– საერთოდ არ ვსვამ ალკოჰოლს. ადრე მაჩუქეს ქართული ღვინო, მაგრამ არ გამისინჯავს, დღეს გადავწყვიტე და ძალიან მომეწონა. ოდნავ ტკბილია და ძალიან გემრიელი. ხომ ხედავთ თქვენს დამოუკიდებლობის დღეზე ქართული ღვინო პირველად გავსინჯე".
გაეროში უკრაინის ელჩის მოადგილესთან იური ვიტენკოსთან საუბარი, ცხადია, რუსეთით დაიწყო.
„– საქართველო და უკრაინა ერთი და იგივე სიტუაციაში იმყოფება. საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი და უკრაინის ტერიტორიის შვიდი პროცენტი ოკუპირებულია, რუსეთი კი ორივე ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან საქართველო და უკრაინა ერთმანეთთან ახლოს ვიყავით ჩვენი პრიორიტეტებით, საგარეო პოლიტიკითა და ინტეგრაციის ტენდენციით. ცხადია, რთულია რაიმე რადიკალურად შეცვალო მაშინ, როცა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია და ვეტოს უფლებას ყოველთვის გამოიყენებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ახლაც, ქართველ „დევნილთა რეზოლუციის“ მხარდაჭერაში უკრაინა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გაეროს ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეტი რეზოლუციის ინიცირება. რაც შეეხება ქართულ ღვინოს. იგი ძალიან მომწონს, უკრაინაში იგი დიდი ხანია უყვართ, თქვენი ღვინო ხომ უნიკალურია და ქართულ სულს გამოხატავს.“
ფილადელფია
***
24 მაისს, პირველად ფილადელფიის მერიის ეზო სავსე იყო ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებითა და ქართული ნაციონალურსამოსიანი გოგო–ბიჭებით. 26 მაისს კი ნიუ იორკში, უოლ სთრითზე ტრადიციისამებრ ქართული დროშა აღიმართა.
ქართული დროშა ფილადელფიაში
27.05.2019
NETGAZETI.GE
No comments:
Post a Comment