Sunday, May 26, 2019

ედიშერ სავიცკის კონცერტი მანჰეტენზე




ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე Yamaha–ს ცენტრში (Yamaha Artist Services) გაიმართა კონცერტი, რომელიც ქართველმა პიანისტმა თავის მასწავლებელს მიუძღვნა. ედიშერ სავიცკი 14 მარტს, მისი ყოფილი პედაგოგის, ნანა ხუბუტიას დაბადების დღეზე Yamaha -ს როიალზე შუბერტსა და მუსორგსკის უკრავდა. ამ ინსტრუმენტის სახელია Yamaha Disklavier Piano, რომელმაც კონცერტის დასრულების შემდეგ პიანისტის გარეშე მისი დაკრული გაიმეორა.

“სავიცკის თითოეული კონვულსიური ვიბრაცია და მრისხანე აკორდები ჰაერში ეკიდება და ცხადი ხდება, რომ გარშემო რაღაც განსაკუთრებული ხდება. ჩვენ ძალიან გაგვიმართლებს, თუ მალე მის მიერ დაკრულ სკრიაბინს მოვისმენთ” – დაწერა ამერიკულმა გაზეთმა South Bend Tribune-მა, “ედიშერ სავიცკის როიალი ლოცულობს, გლოვობს და ამავე დროს ხალისიან ბგერებს გამოსცემს. საოცარი ქართველი უბრალოდ ცაში მიფრინავს” (ხანუხ რონი, ისრაელელი კრიტიკოსი).

ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი მინესოტას, იუტას ორკესტრების და Pacific Sympony –ის სოლისტია. იგი ისეთი სცენებზე გამოდის, როგორებიცაა Carnegie Hall (ნიუ იორკი), Wigmore Hall (ლონდონი), Great Hall of Mozarteum (ზალცბურგი), Teatro alla Scala (მილანი); მას ასევე კონცერტები ჰქონდა ესპანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ისრაელში, მაროკოში, იაპონიასა და ახალ ზელანდიაში. იგი პირველი ქართველი გამარჯვებულია ისეთი კონკურსების, როგორიცაა Hilton Head International Piano Competition (2001) და Piano-E-Competition (2006). 2007 – ში კი სავიცკი გახდა პირველი პიანისტი, რომელმაც თავისი სახლიდან (ინდიანას შტატის ქალაქი სოუთ ბენდი) დაუკრა Yamaha-ს დისკლავირზე, რომელიც ნიუ იორკში დარბაზში მდგომ “იამაჰას” ინსტრუმენტთან იყო დაკავშირებული. 11 წლის წინ ეს ამბავი მსოფლიოში პირველად მოხდა – უპრეცენდენტო ლაივ პერფორმანსი/პრესკონფერენცია, რომელიც ორ საათს გაგრძელდა. იმავე წელს გამოვიდა სავიცკის CD (ჩამწერი სტუდია Schubert Club’s Ten Thousand Lakes), რომელშიც შევიდა მოცარტის, ვაგნერის, ლისტის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. 2013 – ში იგი სამუსიკო ხელოვნების დოქტორი გახდა და დღეისთვის ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორია.

ედიშერ სავიცკი ხუთი წლის იყო, როცა თბილისში გერმანულ სკოლაშიც და ნიჭიერთა ათწლედშიც დაიწყო სწავლა (პედაგოგი მაია ბერიძე.) გარდა ამისა, თხილამურებზეც სრიალებდა და, როგორც თავად ამბობს, როცა 15 წლის ასაკში ხელის თითი მეორედ მოიტეხა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფორტეპიანოზე სერიოზული მეცადინეობა და კონსერვატორიაშიც ჩააბარა (ნანა ხუბუტიას კლასი).

„1998 წელს ლექსო თორაძის მოწევით აშშ–ში ჩამოვედი და მას მერე, ცხადია, ჩემი მოღვაწეობა ამერიკას უკავშირდება, თუმცა საქართველოში ყოველწლიურად ჩავდივარ, სადაც ვმართავ კონცერტებს და ვატარებ მასტერკლასებს“ – ამბობს პიანისტი.

საქართველოში ბევრი ხელოვანი 1990 – იანებს ვერ გადაურჩა.

ისე აღმოჩნდა, რომ მუსიკა გახდა ერთადერთი შემაკავებელი ბერკეტი იმისთვის, რომ 1990 – იანებს არ ავყოლოდი. იგი ჩემ ძლიერ დამცავ მექანიზმად გადაიქცა. ამავე დროს იმ პერიოდში ძალიან რთული იყო საზღვარგარეთ კონკურსზე ან ფესტივალზე გამგზავრება. წასვლა გამორიცხული იყო და თან მე საკონკურსო გამოცდილება არ მქონდა. თუმცა როგორც კი ამერიკაში აღმოვჩნდი, რამოდენიმე თვეში წავედი მიჩიგანში კონკურსზე, რომელზეც მეორე პრემია ავიღე. მას მერე არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და თან წარმატებითაც.

გერმანულის ცოდნა, ცხადია, აშშ–ში არ გამოგადგებოდათ…

რასაკვირველია, ინგლისურის არცოდნა პრობლემა იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში ეს პრობლემაც დავძლიეთ და მასტერზეც ჩავაბარე.

ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი კონკურსი ან ფესტივალი იყო?

2001 წელს ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის საზაფხულო ფესტივალ-აკადემიაში, Ravinia’s Steans Music Institute-ში მხოლოდ ექვს პიანისტს იღებდნენ, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული პედაგოგები და პროფესორები ასწავლიან, კერძოდ კი საფორტეპიანო ხელოვნების ისეთი კორიფეები, როგორებიცაა კლოდ ფრანკი, ლეონ ფლაიშერი, მენაჰემ პრესლერი, ფერენც რადოში. გარდა ამისა, ლექსო თორაძის სტუდიის წევრი ვიყავი და მასთან ერთად დავიწყე მუსიკალურ კონცერტ-მარათონებში მონაწილეობა. ლექსო თორაძის სტუდია საშუალოდ ათი პიანისტის შემადგენლობით მოგზაურობდა. ეს მარათონები ამერიკის და ევროპის მრავალ ქალაქში იმართებოდა და მათი ხანგრძლივობა ექვსი – შვიდი საათი იყო. მაგალითად, რახმანინოვის ნაწარმოებების კონცერტი რვასაათნახევარი მიმდინარეობდა. გვქონდა მარათონები ბახის, დვორჟაკის, სტრავინსკის მუსიკით. აშშ–ის არაერთ შტატსა და ქალაქში ვიმოგზაურეთ, დიდი გამოცდილება მივიღეთ და ამისთვის ლექსო თორაძის დიდი მადლობელი ვარ.






Yamaha –ს არტისტი როგორ გახდით?

2006 წელს მინესოტას კონკურსი მოვიგე, რომლის ერთ-ერთი სპონსორიც Yamaha იყო. 2007 – ში გავხდი Yamaha-ს არტისტი და იმავე წელს განვახორციელეთ პირველი დისტანციური კონცერტი/პრესკონფერენცია დისკლავირის მეშვეობით. ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. ათი წლის შემდეგ დისტანციური კონცერტი კვლავ განმეორდა, ამჯერად მასტერკლასი ნიუ იორკიდან უკვე ალაბამას უნივერსიტეტში, სადაც პროკოფიევის სონატა შევასრულე და ღია გაკვეთილიც ჩავატარე.

თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

ჩემი სტუდენტები სემესტრს ამთავრებენ და მინდა ეს სემესტრიც მათთვის წარმატებული იყოს. ჩვეულებრისამებრ, აშშ–სა და ევროპაში გასამართი კონცერტებისთვის ვემზადები. თბილისში ჩასვლას ზუსტად როდის მოვახერხებ არ ვიცი, მაგრამ საქართველო ჩემ გეგმებში ყოველთვისაა. ზაფხულში კი კონცერტების გასამართად და მასტერკლასების ჩასატარებლად ჩინეთში მივემგზავრები.

10.05.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment