Sunday, May 26, 2019

კლასიკური საქსოფონი და ქართველი პიანისტები ნიუ იორკში





რა შეიძლება მეხსიერებამ ამოგიტივტივოს სიტყვა “საქსოფონის” გაგონებაზე? ალბათ, დებიუსის მრავალგზის “ნატანჯი”, შეკვეთილი “რაფსოდია”, რომლის ავტორი ისე გარდაიცვალა, რომ ნაწარმოები ვერ თუ არ დაასრულა. კიდევ მუსორგსკის “ნახატები გამოფენიდან”… და, ცხადია, კლასიკური მუსიკის ავტორებზე უფრო მეტნი, ჯაზ–საქსოფონისტები, ჯერ ლეგენდები და მერე ისინი, ვისაც ნიუ იორკის ჯაზ კლუბებში უსმენ. თან ისეთები, რომლებიც გაფიქრებინებენ – შენი მოწოდება სწორედ ეს სასულე ინსტრუმენტად წოდებული „არსებაა“ და ყოველ ჯერზე უცებ “ახალი ჰობით” გატაცების აზრი გაგიელვებს – იწყებ ფიქრს, თუ როგორ დაიწყო საქსოფონისტის, თუნდაც საშინაო “კარიერა”; რომ არასოდესაა გვიან, რატომაც არა, მთავარია მონდომება და ამდაგვარი ამერიკული რაღაცები. თან როცა იცი როგორ უკრავდნენ ქალი საქსოფონისტები: დაუნ ჰაპტონი და როზა კინგი, ცოცხლად მოგისმენია მელისა ალდანასთვის და ჯული ვუდისთვის. მოსმენის მეხუთე წუთზე ლამის უალდერის ფილმის,”ზოგიერთს ეს ცხელი უყვარს”, მერლინ მონროს გმირივით გიყვარდება ამ პარაბოლურ მილზე დამკვრელი. თუმცა იცი, რომ როგორც კი გახვალ ამ დარბაზიდან თუ “ბეისმენტში” განლაგებული ბარიდან, სასულე love იქვე დასრულდება ანდა უფრო “დიდხანს” გასტანს – შემდეგი დღის რუტინულ დილამდე.

მოკლედ, საშუალო და ახალი თაობის საქსოფინისტებს სახელ–გვარები არ იცი და რომც იცოდე, არაფერს გეუბნება, მაგრამ მაინც გიკვირს, რატომ არც შენ, არც სხვებმა და არც ვიკიპედიამ მათ შესახებ არაფერი იცით. ბუნებრივია, იხსენებ ამათ: კოლემან ჰაუკინსი, სონი როლინსი, ჯონ კოლტრეინი, ჩარლი პარკერი, ჯერი მალიგანი, ბენი გოლსონი, ჯონი გრიფინი და უყურებ ამ ბელგიურ–ფრანგული წარმოშობის, ოქროსფერ, ნისკარტისებურ მუნდშტუკიან ფორმას და ფიქრობ: მადლობა ევროპას ამ ექსპრესიული მოტკბო–მომჟავო ჟღერადობის სასწაულისთვის.



მერე ერთ მშვენიერ დღეს სოლო საქსოფონს და საქსოფონს ორკესტრთან ერთადაც და თან ქართველ პიანისტების მონაწილეობით ერთად ისმენ არა რომელიმე ჯაზ – კლუბში ანდა “ლინკოლნ ცენტრის” დარბაზში, არამედ ნიუ იორკის ცენტრში, ეკლესიაში (Christ and St. Stephen’s Church), ფერადვიტრაჟებიან კედლებსა და ფანჯრებს შიგნით, ხეში ჩასმული მინის “საიდუმლო სერობისა” და სხვა ბიბლიური შინაარსის “ტიფანის” ეპიზოდებიან გუმბათქვეშ. საქსოფონი ეკლესიაში მართლად ეგზოტიკური ესთეტიკაა…

იმ საღამოს ცნობილი ამერიკელი კლასიკური საქსოფონისტი ხავიერ ოვიედო ალფრედ დესენსლოს და ჯენიფერ ჰიდგონის ნაწარმოებებს უკრავდა (ფორტეპიანო – შორენა ცინცაბაძე). შორენა ცინცაბაძემ ბახის ნაწარმოებებიც დაუკრა, ხოლო მისმა კოლეგამ გიორგი რევიშვილმა – მოცარტისა და ფუსკოს, ბისზე კი თაქთაქიშვილის “ტოკატა” შეასრულა და დამსწრე ამერიკელებზე “ტოკატური” შთაბეჭდილება მოახდინა. აკი კონცერტის შემდეგ ეკითხებოდნენ, ვისი იყო ეს მუსიკაო…




პირველად ორკესტრირებაში საქსოფონი ჟორჟ ბიზემ ჩართო. სწორედ ფრანგული წარმოშობის ამერიკელი საქსოფონისტი ქალი ელის ჰოლი (რომელმაც საქსოფონზე დაკვრის სწავლა ლამის 50 წლის ასაკში დაიწყო) იყო, ასე ვთქვათ, საქსოფონის დიდი ქომაგი, პრომოუტერი და კომპოზიტორების “საქსოფონური მუზა”. მან არაერთი ფრანგი კომპოზიტორი “აიძულა”, რომ მათ თავიანთ მუსიკალურ ტექსტებში საქსოფონი, როგორც ინსტრუმენტი ჩაერთოთ და ისინიც ამ ნაწარმოებებს სწორედ ამ ქალს უძღვნიდნენ.“კლასიკური საქსოფონის პროექტი” საკონცერტო – საგანმანათლებლო არამომგებიანი ამერიკული ორგანიზაციაა, რომელიც 2007 – ში კლასიკური საქსოფონის არტისტის, ხავიერ ოვიედოსა და ფრანგულ – ამერიკული კამერული ორკესტრის დამფუძნებლის, დირიჟორ ჟან–პიერ შმიტის ინიციატივით დაარსდა და დღემდე მოღვაწეობას წარმატებული პროექტებით აგრძელებს. ცხადია, რომ საქსოფონი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ჯაზ – ინსტრუმენტი, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ XIX საუკუნის შუა ხანიდან არსებობს, ასე ვთქვათ, არც ისე მწირი საქსოფონური რეპერტუარი, რომელიც, ფაქტობრივად, ფართო აუდიტორიისთვის უცნობია.

ბოსტონის ბიბლიოთეკისთვის ელის ჰოლისადმი მიძღვნილი მუსიკალური ხელნაწერების გაცნობა “კლასიკური საქსოფონის პროექტის” დაწყების სტიმულატორი აღმოჩნდა. ოვიედო და შმიტი ათ წელზე მეტია კლასიკური საქსოფონური ნაწარმოებების პოპულარიზაციას ეწევიან. 2007 – ში მათ პარიზში ორკესტრ Pasdeloup-თან ერთად CD სახელწოდებით “კლასიკური საქსოფონი: ფრანგული სიყვარულის ისტორია” (MSR Classics –ის ლეიბლი) ჩაწერეს. ამ დისკმა კი მუსიკალურ წრეებში და არა მარტო, მოულოდნელი აჟიოტაჟი, მედიაში კი ძალიან დადებითი უკუკავშირი გამოიწვია.




ორგანიზაცია “კლასიკური საქსოფონის პროექტი” კლასიკური საქსოფონის აშშ–ში, ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და მოლდოვეთში პოპულარიზაციის გარდა საგანმანათლებლო პროექტებსაც ახორციელებს. ატარებს გაკვეთილებს, ლექციებს და მთელ აშშ–ში სტუდენტურ ორკესტრებთან ერთად კონცერტებს აწყობს. ორგანიზაციის წევრები მასტერკლასებს უძღვებიან როგორც უნივერსიტეტებში, ასევე არასრულწლოვანთა კოლონიებშიც; ხოლო გაკვეთილები, როგორც წესი, დაინტერესებული ადამიანებისთვის უფასოა ანდა მიზერული თანხა ღირს. სტუდენტები კი ყოველი წლის ექვს ნოემბერს საქსოფონის გამომგონებლის, ადოლფ საქსის დაბადების დღეს შესაბამისად, ანუ მუსიკალურად აღნიშნავენ.

– “კლასიკური საქსოფონის პროექტი” უნიკალურ მუსიკალურ მოვლენებს ქმნის, რომელიც ამდიდრებს ჩვენს გემოვნებას, ასევე თანამოაზრეებს გვაძებნინებს, შემოქმედებით პროცესში გვრთავს“, – მიყვება ჟან – პიერ შმიტი, – “ეს ეკლესია კონცერტის ჩასატარებლად იმიტომ ავარჩიეთ, რომ აქ დიდი სივრცე და შესანიშნავი აკუსტიკაა. თან “სცენა” და “აუდიტორია” ისეა განლაგებული, რომ ორივე ერთმანეთთან ახლო კავშირს გრძნობს. წელს ჩვენ საქართველოში ჩასვლას ვაპირებთ და გვინდა ახალგაზრდული ორკესტრი იმ მიზნით დავაარსოთ, რომ ახლადშექმნილი გაერთიანება ნიუ იორკში წარვადგინოთ.



წელს ჩვენ საქართველოში ჩასვლას ვაპირებთ და გვინდა ახალგაზრდული ორკესტრი დავაარსოთ იმ მიზნით, რომ ნიუ იორკში წარვადგინოთ. სეზონის დასასრულისთვის გვინდა, რომ ამ კონცერტებზე ქართული თემი და მისი მეგობრები მოვიწვიოთ. ღონისძიება კი ამა წლის 13 ივნისს “კარნეგი ჰოლში” გაიმართება”, – განაცხადა ჟან –პიერ შმიტმა.რამდენიმე წლის წინათ ჩვენ ნიუ იორკში პიანისტს შორენა ცინცაბაძეს შევხვდით. იგი იმ დროს მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტი იყო. გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია და მას უკვე რუსეთში შევხვდით. შარშან ზაფხულში კი ცინცაბაძემ დაგვპატიჟა ბათუმში გამართულ, მისი მიერ ორგანიზებული “მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში” (MISA). გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩვენ იგი ნიუ იორკში იმისთვის დავპატიჟეთ, რომ ჩვენი ერთ–ერთი კონცერტის მონაწილე გამხდარიყო. ჩვენი ერთობლივი გამოსვლა დიდი ხნის მუშაობის შედეგი იყო. გარდა ამისა, ამ კონცერტზე ბათუმში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულმა, გიორგი რეხვიაშვილმაც დაუკრა. კარგმა შედეგმა გადაგვაწყვეტინა, რომ ჩვენ თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ორი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა ამდაგვარად მივიღოთ.


“2018 – ის ზაფხულში მონაწილეობა მივიღე ბათუმში გამართულ “პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში”, სადაც გავიმარჯვე“, – ამბობს გიორგი რევიშვილი, „ჯილდოდ მერგო ნიუ იორკში კონცერტის გამართვა ნიუ იორკის კამერულ ორკესტრთან ერთად. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ეს კონცერტი თავისი არსითა და უამრავი მიზეზით. დავიწყოთ იმით, რომ ეს ჩემი პირველი კონცერტი იყო ამერიკაში და იოლი წარმოსადგენია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი. ასევე, ჩემთვის სიახლე იყო ეკლესიაში დაკვრაც, სადაც არასდროს დამიკრავს. მოკლედ, ეს კონცერტი ყველანაირად გამორჩეული და განსხვავებული იყო ჩემ კარიერაში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: ჩვენი აკადემიის დამფუძნებელმა, პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ მეორედ მოიწვია საქართველოში ჟან-პიერ შმიტი და ხავიერ ოვიედო. ისინი კი დაგვპირდნენ, რომ კვლავ გვესტუმრებიან. ასე რომ წინ მეტად საინტერესო ზაფხული გველის”




.არაერთი კონკურსის ლაურეატმა, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სტიპენდიის სტიპენდიანტმა, “საუკეთესო კონცერტმაისტერის” წოდების სამგზის მფლობელმა გოირგი რევიშვილმა, რომელიც თბილისის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, სტაჟირება ბოლონიაში (იტალია) გაიარა, მერე კი საქართველოში ჩავიდა და მუშაობა საქართველოს “მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში” ახალგაზრდული ორკესტრის დირიჟორად დაიწყო. პარალელურად იგი ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელში მუშაობს, როგორც კამერული ორკესტრის დირიჟორი და ასევე პიანისტი-კონცერტმაისტერი.



09.05.2019
netgazeti.ge



No comments:

Post a Comment