Sunday, December 1, 2019
ლევან ლაღიძის “ბახის გაკვეთილები” და სრულფასოვანი სიზარმაცე
ნიუ იორკის ქვედა მანჰეტენზე, სოჰოში, რომელიც თავისი მდიდრული და არამდიდრული ბუტიკებით/მაღაზიებით, დიდი თუ პატარა არტსივრცეებით და ჯაზ-კლუბებითაა ცნობილი, ფრანგული Zurcher Gallery – ის ნიუ იორკულ ფილიალში (2009) ცნობილი ქართველი მხატვრის ლევან ლაღიძის (1958) გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელად – “ლევან ლაღიძე: ბახის გაკვეთილები” საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული ჩელისტის, ზლატომირ ფუნგის მიერ ბახის ჩელოსთვის დაწერილი მუსიკის შესრულებით დაიწყო.
გამოფენის აფიშა. ია მერკვილაძის ფოტო
გამოფენაზე – “ლევან ლაღიძე: ბახის გაკვეთილები”
ფერმწერისთვის ბახის მელოდიები, როგორც პროლოგი, გნებავთ, ფონი, შემთხვევით არ იყო შერჩეული, რადგანაც ლაღიძის ხელწერა ბახის მუსიკის არქიტექტურას ჰგავს, სადაც პატარა სამყაროების აურაცხელი რაოდენობა კვადრატებითა და სხვა გეომეტრიული ფიგურებით, ერთმანეთს ერთ დიდ კვადრატ – სიმფონიაში ხვდებიან და იგი სამყაროს გვაცნობს ისეთივე ფერადოვანი გამით თუ გეგმით, როგორითაც ბახი – ბგერით. ლაღიძის მიერ წაკითხული ლექცია, უფრო სწორედ, კითხვა–პასუხის საღამო, მის ნახატებზე არანაკლებ საინტერესო, ფერადოვანი და “კარგად ტემპერირებული კლავირი” იყო.
შეუძლებელია ლევან ლაღიძის საოცრად ცოცხალმა და დასამახსოვრებელმა ფერებმა თვითმფრინავის/კოსმოსური ხომალდით დაშვებისას ზევიდან, შორიდან დანახული ფორმის ნელ – ნელა “გადიდებული” შინაარსის ასოციაცია არ გაგიჩინოს. თავად მხატვარი ამბობს, რომ კომპოზიციის შექმნა ჰგავს გულმოდგინე ნაბიჯებით უსასრულობის გაზომვას, როცა ცარიელი ტილოები საგნის არსში ჩაძირვას ითხოვენ. კონცეფციის ამ მდგომარეობაში ისეთი ფენომენები, როგორიცაა მანძილი და დრო ერთმანეთში სრულად ითქვიფება.
ყველაზე მოსახერხებელია ლევან ლაღიძის ნახატის ყველა “კვადრატი” თვალთან ახლოს აიფონით (ან გამადიდებელი შუშით) მოიტანო, მისი “პიქსელები” დაათვალიერო ისე, როგორც ცალკე აღებული სამყარო და ამ ტერიტორიების გაცნობით დროსა და სივრცეში მართლაც დაიკარგო. ეს ფერები თავისი შინაგანი, სიღრმისკენ მიმართული სტრუქტურებით ძალიან ემოციურია, ისეთი, თვალი ერთი ნახვით რომ ვერ აღიქვამს, მაგრამ გული წამსვე ხედავს. ეს ფერადი ჰიპერრეალისტური “ცხაურები” დიდი ხნის მერეც ლამის ფოტოგრაფიულად გახსენდება. თვალი მათგან წამოსულ პირდაპირი ნაკადებსა და გზააბნეულ ფლუიდებს ნაწილ-ნაწილ იმახსოვრებს.
“ლევან ლაღიძე: ბახის გაკვეთილები”
როგორც კი გალერეის კარი შევაღე და დარბაზის მეორე მხარეს ლურჯის ათასგვარნაკვთებიანი, 12 ტილოსგან შემდგარი კომპოზიცია, დამაგიპნოზებელი “ლურჯი სივრცე” დავინახე. მაშინვე ჩემი და ლურჯი ფერის სიყვარულმა თავი შემახსენა და ტილოს მივეჯაჭვე. არადა მხატვარი ამბობს, რომ “არ უნდა ვინმე გააკვირვოს ან დაშოკოს. უბრალოდ უნდა გიწილადოს”…
ლევან ლაღიძის “ვენახი”, “იმერეთი”, “გზაში”, “მინდვრები”, “შემოდგომის ბაღები”, “სივრცე”, “დაბრუნება”, “ბახის გაკვეთილები”, “სოფელი მთაში”, “ზამთარი”, “ოქტომბერი”, “გაზაფხული. წვიმის შემდეგ”, “აპრილი”, “ზაფხულის დრო”, “ორიგინალური ქალაქი” აბსტრაქციაცაა და არააბსტრაქციაც, მოგონებაც და რეალობაც, ზოგადიც და დეტალიც… მაგალითად, “იმერეთში” შეიძლება მოგინდეს და იმწამს “შეძვრე” მშობლიურ “კვადრატში”, შენს სახლში, ეზოში დედა დაინახო, რომელსაც შენი ორი ძაღლი ეთამაშება…
„ბახის გაკვეთილები“
„დასაწყისი“
“სოფელი მთაში “– ფრაგმენტი
ლევან ლაღიძის ნახატები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია. მისი ყველაზე მეტი ნამუშევარი კი, ცხადია, მისსავე სამფლობელოში, თბილისში, როგორც თავად უწოდებს, “თავისუფალ სივრცეში” იგივე “ლაღიძის გალერეაში”, რომელიც 2011 წლიდან არსებობს. 2018-ის შემოდგომაზე ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა ლონდონში, Katrin Levin Galleies-ში გაიმართა.
„წარმატებით ჩაიარა ნიუ იორკულმა გამოფენამაც” – ამბობს ექსპოზიციის კურატორი კეტრინ ლევინი, „ – ნახატების უმეტესობა ლამის გახსნისთანავე გაიყიდა. ლევანმა ერთხელ მითხრა, რომ მისთვის არ არსებობს თანამედროვე ან არათანამედროვე ხელოვნება. რომ ყველა მხატვარი, რომელიც ხელოვნების სიღრმეში ჩაიძირა, აწმყოში იმყოფება”.
ლონდონში მოღვაწე, რუსეთში დაბადებული და აშშ–ში ემიგრირებული კეტრინ ლევინი პროფესიით იურისტი, ხელოვნებაში – მაგისტრის ხარისხის მქონეა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, შემთხვევით გახდა ლონდონში გალერეის მფლობელი. იგი წარადგენს ექსტრაორდინალურ ხელოვანებს იმ ადგილებიდან, რომელიც მსოფლიოს არტსცენაზე ნაკლებადაა წარმოდგენილი. ესაა, მაგალითად, სამხრეთ – დასავლეთ ჩინეთი და საქართველო. ლევინი ამბობს, რომ ძალიან მცირერიცხოვანი მხატვრების კურატორია, რადგანაც თვლის, რომ სხვაგვარად შეუძლებელია მათ ხელოვნებას რეალურად ჩაწვდე და სხვასაც გაუზიარო.
გამოფენა – “ლევან ლაღიძე: ბახის გაკვეთილები”
“– ლევან ლაღიძე სრულიად შემთხვევით გავიცანი. მანამდე მე უკვე წარვადგენდი შესანიშნავ ქართველ მხატვარს, მამუკა დიდებაშვილს, რომლის კურატორი დღესაც ვარ”, – მიყვება კეტრინი, ” – ერთხელ ჩემმა ლონდონელმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ჩემთვის ერთი ქართველი მხატვარი საკმარისი არაა. მან გამაცნო ნინო ჟვანია და მეც, ნიჭიერი, დამწყები მხატვრების მოსაძებნად საქართველოში გავემგზავრე. ნინო ჟვანიას მადლობელი ვარ, რადგანაც მან მთელი დღე ამ მხატვრის ძიებაში ჩემთან ერთად გაატარა. სამწუხაროდ, იმ დღეს დამწყებთაგან ჩემზე შთაბეჭდილება ვერავინ მოახდინა. უკვე დანებებას ვაპირებდი, როცა მან დღის ბოლოს ყავის დასალევად მის კარგ მეგობართან, ლევან ლაღიძესთან გასვლა შემომთავაზა. მაშინ ლევანზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ როცა მის სახელოსნოში შევედი და ნახატები დავინახე, დანაწევრებული წინადადებისა ან მისალმების მსგავსი ვერაფერი ვთქვი. Wow – ს გარდა. ვერ დავუჯერე ჩემ თვალებს და იმ სილამაზეს, რომელიც იმ ოთახში ჩემ გარშემო სუფევდა. სანამ ნინო ლევანთან საუბრობდა, მე ყველაფერი დამავიწყდა და მის ნახატებს უბრალოდ ვერ მოვშორდი. დღემდე ცხადად მახსოვს ეს მომენტი და ის პირველი შთაბეჭდილებები. მაშინ არც კი მიფიქრია, რომ ოდესმე ამ არაჩვეულებრივი მხატვრის წარმომადგენელი გავხდებოდი.
ლევან ლაღიძე და კეტრინ ლევინი
მანამდე არასოდეს მენახა ლევანის ხელოვნების მსგავსი რამ. მისი ნახატებში ულევი სიღრმეა, ფერების ენით გადმოცემული, აუწერელი სილამაზე. და რაც მეტად ეჩვევა მას თვალი, მით უფრო მეტად იხსნება ტილოს თითოეული მილიმეტრი. მისი აბსტრაქციები ნაწილობრივ ქალაქებისა და პეიზაჟების ემოციური აღწერაცაა. ამავე დროს ეს არის სამყაროს შუაგულში, საიდუმლოსა და მნიშვნელოვანში ჩახტომა. მის ტილოებში ყველა თავისას ხედავს. ლევანის შემოქმედების აღწერა თითქმის შეუძლებელია. ის უნდა დაინახო და იგრძნო.
რაც შეეხება ლევანის პიროვნულ თვისებებს. იგი ერთ-ერთი საუკეთესო, წესიერი, საინტერესო, ინტელექტუალური, ქარიზმატული, ძლიერი და კეთილი ადამიანია, რომელიც ოდესმე შემხვედრია. მას ასევე შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს. ერთი სიტყვით, მე ისევე, როგორც მთელი საქართველო, ახლა კი ლონდონი და ნიუ იორკი, ლევანის მიმართ გულგრილი არა ვარ… მადლობელი ვარ იმ ძველი და ახალი მეგობრების რომლებმაც ლევანი გამაცნეს. ცხადია, სამომავლო გეგმები გვაქვს, რომელსაც ჯერ არ ვახმოვანებთ.”
– როგორ გრძნობთ იმას, თუ რა გინდათ დახატოთ?– ვკითხე ლევან ლაღიძეს.
ხატვა თავისუფალი შემოქმედებაა, რომელიც პრინციპული, მეთოდური გზაა და მას ხატვის სურვილი ჰქვია. სურვილი გააჩერო, დააფიქსირო, მოიხელთო ის მშვენიერი წამი, რომელიც გარბის, ყოველდღიურობაში იკარგება. ამიტომ გინდა იგი სურათ–ხატად, მარადიულობად გადააქციო. ვფიქრობ, რომ ამგვარი რამ ყველა ადამიანს ემართება.
ათასი იდეა მაქვს ჩაფიქრებული, ათასი ნახატი თავში მიტრიალებს. პრობლემა კი იმაშია, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოვასწრო. რაც მეტს ვხატავ, უფრო მეტის შექმნის სურვილი მიჩნდება. კარგია, რომ ამის უზრუნველყოფის უნარი მაქვს და ამიტომაც ჩემ გალერისტთან, კეტრინ ლევინთან თანამშრომლობას ვაგრძელებ.
რაა თქვენთვის წარმატება?
ხანდახან ჯანმრთელობაც წარმატებაა და ნაკლები პრობლემებიც. ისეთი, რომელთა გადაწყვეტაც ადამიანს თავად შეუძლია.
წარმატებაა, როცა ხატავ და ამის გამო არავის შია…
პოეტური გამონათქვამია…
პოეტურიც შეიძლება იყოს ზუსტი.
თქვენი “კვადრატები” ფანჯრებს მაგონებს. რაა ხოლმე ამ ფანჯრების მიღმა?
ეს კონსტრუირებაა. რეალური ნიშნებით სამყაროს რეალური ლანდშაფტისა და პეიზაჟის განზოგადებული ინტერპრეტაცია. აბსტრაქციაზე მეტად ჩემი ნახატები აბსტრაგირებულ პეიზაჟებად შეიძლება ჩაითვალოს.
თქვენ თქვით, რომ ზარმაცი ადამიანი კარგი ადამიანია. მიდექ–მოდექი არ შეუძლია. ლუარსაბ–ობლომოვზე ირონიით თქვით?
არა, არანაირი ირონია. თუ ზარმაც ადამიანს მიდექ – მოდექი არ შეუძლია ე.ი. იგი სრულფასოვნად ზარმაცია. თუ ადამიანი მართლა ზარმაცია, მიზნის განსახორციელებლად ადეკვატურ და მოკლე გზას ადვილად მოძებნის … ოღონდ არა ვინმეს ხარჯზე. იგი არაა პარაზიტი. სიზარმაცე უპასუხისმგებლობას და სხვის ხარჯზე სიზარმაცეს არ ნიშნავს. ჩვენ ზარმაცი და პარაზიტი ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. რადგან მე ძალიან ზარმაცი ვარ, ამიტომ ბევრს ვხატავ. ზარმაცი რომ არ ვიყო, მივდექ–მოვდგებოდი და სხვაგვარად ვიცხოვრებდი. მაგრამ რახან ზარმაცი ვარ, ბევრს ვხატავ იმისთვის, რომ სხვა რამე არ დამავალონ.
მე ჩემ თავისუფლებას სწორედ ხატვით გამოვისყიდი. კეისარს კეისრისას თუ არ ვუხდით, მაშინ თავისუფლებას ვერ გამოვისყიდით. თუ არ გამოისყიდე თავისუფლება, მაშინ ეს თავისუფლება კი არა, პარაზიტიზმია. ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი თავისუფალი შემოქმედებაა. თავისუფლება კი, თავის მხრივ, იწყება პასუხისმგებლობებით და არა – უფლებებით. ეს ჩემთვის სრულიად ნათელია. არ მიყვარს ბენეფიტები და უფასო რაღაცები. მინდა, რომ დამსახურებულად და არა დაუმსახურებლად ზარმაცი ვიყო, შემოქმედებითად დატვირთული და თან ისე, რომ არავინ შევაწუხო.
თქვენ თქვით, რომ კამერული სიტუაცია გიყვართ. რატომ?
მეც, ისევე როგორც ყველას, კომფორტი მიყვარს. უბრალოდ, ადამიანები კომფორტს სხვადასხვა მდგომარეობას უწოდებენ. ჩემთვის კარგია, როცა შრომით დაღლილი ვარ და ვისვენებ. მშვენიერი მდგომარეობაა, როცა მთლიანად გასცემ, დაცარიელდები და ამდაგვარად თავს კარგად იგრძნობ. ესაა შენი შრომის ბონუსიც და ბენეფიტიც, რომელსაც სახელი არა აქვს. ამგვარი მდგომარეობა კი კამერულ სიტუაციასთან ასოცირდება.
რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედი კომფორტში (ყოფითს ვგულისხმობ) იყოს?
მე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია იყოს ჰარმონიაში. ცხადია, შემოქმედებითი და ყოფითი ტერიტორიები ერთნაირი არაა, მაგრამ ჯობს იგი შეთანხმებული იყოს ერთმანეთთან; შეძლებისდაგვარად შენი თავი ყოფასთან ჰარმონიაში უნდა მოიყვანო, ეცადო, რომ შენთვის რეალურობიდან შემოქმედებითში გადასვლა ძალიან დამაზიანებელი არ იყოს. მირჩევნია სხვადასხვა კონტექსტში ვარსებობდე და მხატვრის მანტია არსად გავიყოლიო, რაიმე უპირატესობა არ ვეძებო. როცა ვმოგზაურობ, მგზავრი ვარ; როცა ვყიდულობ – მყიდველი; როცა მოვიხმარ – მომხმარებელი. აი, ტილოსთან, მოლბერტთან მხატვარი ახირებული უნდა იყოს, ანუ იქ, სადაც სოციალური სივრცე არაა. მაგრამ ჩემთან, გალერეაში მოსული სტუმარი აუცილებლად უნდა გავითვალისწინო, რადგანაც უკვე სხვაგვარი პასუხიმგებლობა მეკისრება. როცა მუსიკოსი კომპოზიციას წერს, იგი ახირებულია. მაგრამ კონცერტზე ახირებული ვერ იქნება, რადგანაც მან მსმენელი უნდა გაითვალისწინოს.
მხატვარი შეიძლება იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი?
მომწონს, როცა ამომრჩეველი ვარ და ეს საკმარისია ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის. მხატვრობაში პოლიტიკა არ არსებობს. პრეტენზიები კი უპირველესად მხოლოდ ჩემ თავთან მაქვს. მე ვიცი, თუ რაზე ვარ პასუხისმგებელი, რადგანაც არჩევანი უკვე გავაკეთე. დელეგირების პრინციპი კი მნიშვნელოვანია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ – მეგობრობაშიც. და თუ მე კარგად ვერ ვცეკვავ, ვერ ვმღერი, ხოლო ჩემი მეგობარი კარგად ცეკვავს, მღერის, ეს იმის შეგრძნებას მიჩენს, რომ იგი ამას თითქოს ჩემ მაგივრადაც აკეთებს. ამიტომ ამისთვის მე სხვა ადამიანის მადლობელი ვარ.
სსრკ–ის დროს მხატვრები ხატვის საშუალებას კონფორმიზმით ყიდულობდნენ…
სსრკ სახელმწიფოს უაზრო, პრიმიტიული მდგომარეობა იყო. შეურაცხმყოფელი იყო, როცა მოქალაქეს არაფერი ეხებოდა, შესაბამისად არც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. მე მიყვარს, როცა ვიცი საზოგადოებაში რა მევალება. ჩემთვის სწორედ ესაა წესრიგისა და ნორმალური თანაცხოვრების წინაპირობა.
26.11.2019
netgazeti.ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment