Sunday, December 1, 2019
რამ გამოიწვია ფინანსური კრიზისი გაეროში – ინტერვიუ გიორგი მიქელაძესთან
ოქტომბრის დასაწყისში, 74–ე გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გაეროში საგანგაშო ფინანსური მდგომარეობაა, რომ ორგანიზაცია 250 მილიონდოლარიანი დეფიციტის მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც 2019 –ში ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა სრული თანხის მხოლოდ 70 პროცენტი გადაიხადეს, ანუ საწევრო გადასახადი 193 ქვეყნიდან მხოლოდ 129–მ (მათ შორის, სირიამ) დაფარა. წერილში, რომლითაც გუტერეშმა გაეროს 37 000 თანამშრომელს მიმართა, გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადასახდელად იძულებულია დამატებით ზომებს მიმართოს. ცნობილია, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების მომენტიდან თეთრი სახლი გაეროში აშშ–ის ფინანსური შენატანის გადახედვას ითხოვს. გაერომ 2018–2019 წლებში მშვიდობის მხარდამჭერი ოპერაციებისთვის 5,4 მილიარდი დოლარი დახარჯა, აშშ–ის შენატანი კი მთელი თანხის თითქმის მეოთხედს შეადგენს.
გაეროში საქართველოს გაწევრიანების ისტორიაში პირველად ამ ორგანიზაციის გენასამბელის ადმინისტრაციული და საბიუჯეტო კომიტეტის (მეხუთე კომიტეტი. გენერალური ასამბლეა ჯამში ექვსი კომიტეტისგან შედგება) თავმჯდომარედ, ვიცე–პრეზიდენტის რანგში, ქართველი დიპლომატი გიორგი მიქელაძე გახდა. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში (მუშაობდა ნიდერლანდებსა და რუმინეთში) 2004 წლიდანაა. 2008 წლის ომის და შემდგომ პერიოდში კი ჰააგაში, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის პროცესზეც მუშაობდა. გიორგი მიქელაძე ამჟამად გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველია სამართლებრივ და საბიუჯეტო საკითხებში.
რა ფუნქციას ასრულებს გაეროს საბიუჯეტო კომიტეტი და რას ნიშნავს ამ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად?
კომიტეტი განსაზღვრავს და გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულარული, სამშვიდობო მისიებისა და სპეციალური პოლიტიკური მისიების, სპეციალური სასამართლოებისა და ტრიბუნალების ბიუჯეტის პროექტებს. ამჟამად კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზაციისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გენმდივნის მიერ ინიცირებული მენეჯმენტის რეფორმა და მოლაპარაკებები ორგანიზაციის რეგულარულ ბიუჯეტთან დაკავშირებით. გენასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად, 1970-წლის შემდეგ 2020 – ში გაერო ორწლიანი საბიუჯეტო ციკლიდან ერთწლიან საბიუჯეტო სისტემაზე პირველად გადადის. ამას გარდა, ფინანსური ლიკვიდურობის კრიზისის ფონზე, კომიტეტის ფარგლებში მოლაპარაკებებს წევრი სახელმწიფოთა უმრავლესობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სულ უფრო პრიორიტეტულია არსებული საფინანსო ასიგნებების, ეროვნული ან კოლექტიური ინტერესების შესაბამისად გადანაწილება, რაც, ბუნებრივია, მუშაობის დღის წესრიგს პოლიტიკურად დატვირთულს ხდის. ტრადიციული პოზიციონირება ხდება, როგორც ჯგუფების სახელით (G77 და ჩინეთი, ევროკავშირი), ასევე ინდივიდუალურად დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც (აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია, რუსეთი, კორეის რესპუბლიკა). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თანათავმჯდომარეობა ორგანიზაციის რეფორმირებისა და სამუშაო სისტემის ოპტიმიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში უწევს იმ ფონზე, როდესაც დაფინანსების სერიოზული შეზღუდვებია. ამ პირობებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დიპლომატის პირველად მეხუთე კომიტეტში ბიუროს წევრობა გაეროში ზოგადად და წევრ სახელმწიფოთა შორის უკეთ პოზიციონირების და მაღალის ხარისხის ხილვადობის მომცემია.
საქართველო გაეროში
ეს ფინანსური პრობლემა სწორედ ახლა რატომ გაჩნდა?
წელს გაერო აღმოჩნდა უმძიმეს ფინანსურ კრიზისში. უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, არის ის, რომ 193 ქვეყნიდან მხოლოდ 130-მდე სახელმწიფოს მიერ მოხერხდა კუთვნილი საწევრო შენატანის დროულად და სრულად გადახდა. ორგანიზაცია დადგა იმ საშიშროების წინაშე, რომ სისტემაში შემავალი ყველა თანამშრომლისთვის ხელფასების გადახდას ვერ მოახერხებს. ამას გარდა, ე.წ. „მევალეები“ რიგ შემთხვევაში დიდი სახელმწიფოები და ბიუჯეტის უმსხვილესი კონტრიბუტორები არიან.
არის თუ არა ეს დაკავშირებული ამერიკის პოზიციასთან? ვგულისხმობ რამდენიმე საერთაშორისო წარმომადგენლობებში ამერიკის წევრობისადმი ტრამპის სკეპტიკურ დამოკიდებულებას.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა. მათი საწევრო შეადგენს მთლიანი რეგულარული ბიუჯეტის 22 პროცენტს (5.4 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო სამშვიდობო მისიების საერთო ბიუჯეტის 28.5 პროცენტს (8.27 მილიარდი აშშ დოლარი).
ამას გარდა, აშშ-ი ტრადიციულად არის უმსხვილესი დონორი და ნებაყოფლობითი შენატანის სახით აფინანსებს გაეროს სისტემაში შემავალი ისეთი ორგანიზაციების საქმიანობას, როგორიცაა WFP, UNDP, UNICEF და ბევრი სხვა. ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შემცირდება დაფინანსება ყველა იმ მიმართულებით, რომელიც შესაბამისაბაში არ მოდის აშშ-სა და მისი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებთან. რაც შეეხება გაეროს რეგულარული ბიუჯეტის საწევროს ნაწილობრივ ან არასრული გადახდის საკითხს, ამ მომენტისთვის დავალიანება აშშ-ს გარდა აქვთ ისეთ მსხვილ სახელმწიფოებსაც, როგორიცაა არგენტინა, ბრაზილია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, მექსიკა, ისრაელი, კორეის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და სხვა. მიზეზთა შორის, გარდა ეროვნული ინტერესებისა, რასაკვირველია, სახელდება ორგანიზაციის ფინანსური პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხი, ორგანიზაციის წევრების მიერ დამტკიცებული მანდატის არაეფექტური განხორციელება და ხარვეზები მენეჯმენტის სისტემაში.]
ანუ ეს ქვეყნები თვლიან, რომ გაერო არ გამოხატავს მათ ეროვნულ ინტერესებს და შესაბამისად ამიტომ არც უნდა გადაიხადონ?
გაერო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, გახლავთ უფრო მეტად ფორუმი, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს საშუალება საკუთარი სუვერენული პოზიცია დააფიქსიროს და ასევე, ეროვნული წვლილი შეიტანოს კოლექტიურ, ორგანიზაციის სახელით, მოქმედებასა და პოლიტიკაში. ამ მხრივ, უზრუნველყოფილია ორგანიზაციის საქმიანობის ლეგიტიმურობა და დემოკრატიული გზით ყალიბდება ყველა, მსხვილი თუ მცირე სახელმწიფოთა პოზიციების ერთობლიობით, ორგანიზაციის მიზნები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ამგვარად, გაეროს შიგნითაც არის ფორუმები, თემატური შეხვედრები, სადაც ხდება ყველა სახელმწიფოს აზრის შეჯერება, რაც აისახება გენერალური ასამბლეის რეზოლუციებში. მეხუთე კომიტეტი კი არის ის ფორუმი, რომელშიც ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება გამოთქვას აზრი და აწარმოოს მოლაპარაკება, თუ რა მიმართულებით და რამდენი ფული უნდა დაიხარჯოს გაეროს ბიუჯეტიდან, მათ შორის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ნებისმიერი სხვა ფორმა ქარტიით დადგენილ პლატფორმასა და თამაშის წესებს სცდება.
გიორგი მიქელაძე გენმდივანთან და გაეროში სხვა ქვეყნების მისიების წარმომადგენლებთან ერთად
რამდენს იხდის საქართველო გაეროში წევრობისთვის და ამ თანხას ყოველთვის დროზე იხდის თუ არა?
საქართველოს საწევრომ 2019 წლის რეგულარულ ბიუჯეტში შეადგინა 223, 058 აშშ დოლარი, რომლის შენატანიც გაკეთდა წლის დასაწყისშივე და იმ 40 ქვეყნის რიცხვში ვართ, რომლებმაც თებერვალში საწევრო ფინანსური ვალდებულება მთლიანად დაფარეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2003 წელს, საწევრო შესატანის სახით შვიდ მილიონ დოლარამდე დავალიანება დაგროვდა და ქარტიის მე–19 მუხლის საფუძველზე საქართველოსთვის გენასამბლეაზე ხმის მიცემის უფლების შეჩერების საკითხიც დაისვა. თუმცა, შემდგომ პერიოდში, მოხერხდა დავალიანების რესტრუქტურზაცია და ის ყოველწლიურ შენატანთან ერთად 2013 წელს საბოლოოდ დაიფარა.
არსებობს კავშირი ქვეყნის მიერ გადახდილ და ამ ქვეყანაზე დახარჯულ თანხებს შორის? თუ იდეალურ შემთხვევაში, რაც ნაკლებს ხარჯავს გაერო ქვეყანაზე, მით უფრო, ასე ვთქვათ, კეთილმოწყობილია ქვეყანა?
რასაკვირველია, გაეროს ძირითადი დაფინანსების მიმართულებებია მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კრიზისების მართვა, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და განმტკიცება, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და კარგი მმართველობის განვითარებაა. შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევაში ამ ძალისხმევის სამიზნე არიან ქვეყნები, რომელშიც მიმდინარეობს ან მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი, მაღალია კრიმინალი, სუსტია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა, მშვიდობიანი მოსახლეობა დაუცველია, არ არსებობს სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა და ქვეყანა ეკონომიკურად გაუმართავია.
რაზეა დამოკიდებული გადასახადის რაოდენობა და რას ხმარდება ეს თანხა?
გაეროს ქარტიის მე-17 მუხლი ადგენს წევრი სახელმწიფოების მიერ საწევრო შენატანების სახით ორგანიზაციის საქმიანობისთვის აუცილებელი ბიუჯეტის დამტკიცებას. ამას გარდა გენასამბლეა რეზოლუციის სახით ადგენს მეთოდოლოგიასა და კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრას საწევროების ოდენობას, ე.წ. „Scales of Assessment”. ხსენებული მეთოდოლოგია ეყრდნობა ქვეყნების ეკონომიკურ და საფინანსო მაჩვენებლებს. კრიტერიუმებს შორის არის: GNI (მთლიანი ეროვნული შემოსავალი), ეროვნული ვალუტის მდგრადობა, საგარეო და შიდა ვალი, სამწლიანი პერიოდის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების ერთობლიობა. არ იგულისხმება ქვეყნის შიგნით კონფლიქტები, არამედ მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლები და სხვა. ასევე, დაადგინა საწევროს განსაზღვრისას მინიმალური და მაქსიმალური ზღვრული განაკვეთები, რაც ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ობიექტურად, როგორც მინიმალურად, ისე ზედმეტი გადაჭარბებით ორგანიზაციის კონტრიბუტორი იქნება.
რეგულარული ბიუჯეტის (რეგულარული და სამშვიდობო ოპერაციების ბიუჯეტები სხვადასხვაა) გამოყენების მიმართულებები 193 წევრი ქვეყნის მიერ თანაბრობითი პრინციპით განისაზღვრა. საბიუჯეტო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედეგება და ითვალისწინებს ბიუჯეტის პროექტის შეთანხმების, კონტროლისა და მონიტორინგის უამრავ მექანიზმს. გაეროს ყველა პრინციპული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მათ შორის დამატებითი მანდატები, ემსახურება ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნების დასახვას და ამოცანების შესრულებას. ამის საფუძველზე ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელით მზადდება საბიუჯეტო პროექტები ყველა შესაბამისი მიმართულებებით. საპროექტო დოკუმენტები პირველად პროგრამირებისა და დაგეგმარების კომიტეტს (CPC) წარედგინება. მისი რეკომენდაციით კი პროექტები ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხებზე საკონსულტაციო კომიტეტს (ACABQ) წარედგინება და მხოლოდ ამის მერე, შემოდის საბოლოო მოლაპარაკებებზე გენარალური ასამბლეის მეხუთე კომიტეტში, სადაც დელეგაციებს აქვთ დეტალური და ინტენსიური მოლაპარაკებები, რათა ბიუჯეტის დამტკიცება კონსენსუალური გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითისთვის, წლევანდელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განხილვის საკითხია ახალი სტრუქტურის, სირიის ტერიტორიაზე 2011 წლიდან ჩადენილი დანაშაულების (მათ შორის, ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თემა) გამოძიების დამოუკიდებელი მექანიზმის (IIIM for Syria) საქმიანობისთვის აუცილებელი დაფინანსების რეგულარულ ბიუჯეტში შეყვანა და დამტკიცება.
როგორია გაეროს სააგენტოებისთვის და ზოგადად, თანხის გადანაწილების პრინციპები, კრიტერიუმები, პრეფერენციები და ა.შ.?
როგორც აღვნიშნე, ორგანიზაციის სამდივნო ვალდებულია წარადგინოს დეტალური პროექტი, თუ რომელი პროგრამა, მისია, ღონისძიება თუ სხვა საქმიანობის მიმართულება, რა მოცულობის დაფინანსებას მოითხოვს მისი ეფექტიანად განხორციელებისთვის. პროექტებში არის დაწვრილებით გაწერილი დაფინანსების რა მოცულობაზე საუბარი, რას მოხმარდება და რა პერიოდით. ამ პროცესში, რასაკვირველია, ქვეყნები კომიტეტში განიხილავენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ისეთ დეტალებზეც, როგორიცაა კონკრეტული თანამდებობის გადანაწილება, პერსონალის მგზავრობა, საოფისე აღჭურვილობის რაოდენობა, უსაფრთხოების ზომები და ამასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენება და სპეციფიკა.
გაეროს რეფორმირების (როგორც წესი, ეს არის უშიშროების საბჭოს რეფორმირების თემა) და ბიუჯეტის საკითხის განხილვა თუ არის აქტუალური დღეს?
შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური გეგმა, 2016 წელს მისი თანამდებობაზე მოსვლის დღიდან, არის მისი მოწოდება ორგანიზაციის რეფორმირებისა და გაუმჯობესებისკენ. რეფორმის პროექტი წევრ–ქვეყნებს წარედგინა, მათ კი ნდობა გამოუცხადეს გენერალური მდივნის ხედვას. თუმცა გენმდივანი უფლებამოსილია წარადგინოს მხოლოდ ორგანიზაციის სამდივნოს საქმიანობის და მენეჯმენტის ორგანიზების საკითხებზე რეფორმის გეგმა, რათა ორგანიზაცია უფრო გამართული გახდეს.
რასაკვირველია, ბევრ საკითხთან მიმართებაში ორგანიზაციის უმოქმედობისა და მოუქნელობის მიზეზები უნდა ვეძიოთ თვითონ გაეროს ქარტიაში, რომელშიც 1945 წელს მიღების შემდეგ მხოლოდ ხუთი ცვლილება შევიდა, უკანასკნელი კი 1978 წელს განხორციელდა. შესაბამისად თანამედროვე რეალობა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ძალიან განსხვავდება ქარტიით შექმნილი სისტემისგან, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პრინციპებთან მიმართებაში. უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივმოქმედი წევრი, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს, 1945 წელთან შედარებით ექსკლუზიურ კლუბს აღარ წარმოადგენს. გაჩნდა ახალი დიდი, მძლავრი და გავლენიანი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც გათანაბრებულ სტატუსებზე მუშაობის დაწყებას ითხოვს. უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხი ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული განხილვის პროცესია, რომელიც ყოველ წელს სესიის მიმდინარეობისას 193 ქვეყნის ჩართულობით კონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პროცესშიც საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე როლი ეკავა, როდესაც 2017-2018 წლებში მოლაპარაკებებს თანა-ფასილიტატორის რანგში გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე უძღვებოდა. ამგვარი ჩართულობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვაში მონაწილეობა უდავოდ მიუთითებს გაეროსთან საქართველოს მისიის მიმართ ნდობას, პატივისცემას და გაეროს დიდ ოჯახში მისი დადებითი იმიჯის შექმნას ემსახურება.
15.11.2019
netgazeti,ge
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment