Sunday, December 1, 2019

ქართველები და ქართული ლიტურგია რალიში




აშშ–ში დასრულდა საქართველოს ბაპტისტურ–ევანგელისტური ეკლესიის დელეგაციის სტუმრობა ჩრდილოეთ კაროლაინას ქალაქ რალიში. ვიზიტი ქართული და ამერიკული ეკლესიის 30 წლის მეგობრობის აღნიშვნას მიეძღვნა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა მეუფე მალხაზ სონღულაშვილი. 6 ოქტომბერს რალის ფულენის მემორიალურ ეკლესიაში დიდი საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა, რომლის დროსაც ზიარება ქართული ლიტურგიით წარიმართა. მთავარი მწირველი იყო მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, ასევე მეუფე რუსუდან გოცირიძე, დიაკვანი ალა ქავთარაძე და ღირსი ნენსი პეტი.




მეუფე მალხაზ სონღულაშვილი ფულენის ეკლესიაში ქადაგებისას. ნანო სარალიშვილის ფოტო

„ყველაფერი 1989 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირი ჯერ ისევ ადგილზე იყო, მაგრამ მისი რკინის ფარდა აღარ იყო ისეთი გაუმჭვირვალე და შეუვალი” – მიყვება რუსუდან გოცირიძე, – “უცხოელები ევროპიდან და ამერიკიდან საბჭოთა რესპუბლიკებში უკვე უფრო ადვილად ჩამოდიოდნენ. მართალია, საქართველომდე ჩამოსასვლელად აუცილებლად მოსკოვში უნდა ჩასულიყვნენ და იქ სულ ცოტა, ორი ღამე სასტუმრო “ინტურისტში”უნდა გაეტარებინათ, მაგრამ ჩვენთან ჩამოსვლა უკვე შესაძლებელ ფაქტად ითვლებოდა. სწორედ მაშინ საქართველოს ეწვივნენ მერი რუთ და როჯერ კრუკები – ცოლ–ქმარი ჩრდილოეთ კაროლინადან, ქალაქ რალიში არსებული ფულენის მემორიალური ეკლესიიდან (Pullen Memorial Baptist Church, Raleigh, North Carolina). თავად როჯერი ცნობილი ბაპტისტი თეოლოგია და მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ასწავლის. კრუკები საქართველოში ამერიკელ ჟურნალისტთან ერთად ჩამოვიდნენ და ერთ–ერთი ქართველ ჟურნალისტს სტუმრობდნენ.




ზიარების ტაბლის კმევა. ნანო სარალიშვილის ფოტო

რაკი ინფორმაცია რკინის ფარდის აქეთ-იქიდან უკვე მეტ-ნაკლებად იოლად მიდი-მოდიოდა, როჯერ კრუკს ერთ–ერთ ჟურნალში სტატია ახალგაზრდა თეოლოგისა და მკვლევარის მალხაზ სონღულაშვილის შესახებ წაუკითხავს და თბილისში ყოფნისას მისი გაცნობა მოუნდომებია. ამერიკელმა სტუმრებმა კითხვა-კითხვით თბილისში ბაპტისტურ ეკლესიას მიაგნეს. იქ მხოლოდ ეკლესიის დარაჯები დაუხვდნენ და მათი წყალობით მალხაზ სონღულაშვილის მისამართი გაიგეს. როჯერ კრუკი დღესაც ღიმილით იხსენებს თუ როგორ მიდიოდნენ სოფელ დიღომში და მათი ქართველი მასპინძელი მანქანის ფანჯრიდან როგორ ეკითხებოდა გამვლელებს სონღულაშვილების სახლის ადგილმდებარეობას. იმ პირველი შეხვედრის შემდეგ ეს ორი ადამიანი, მოსწავლე-მასწავლებელი, განუყრელი მეგობარი გახდა.

პირველი ვიზიტის შემდგომ როჯერ და მერი რუთ კრუკებმა თბილისში კიდევ ხუთჯერ იმოგზაურეს. მათი მეგობრობა თბილისში მშვიდობის კათედრალთან ორივე ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ორი ეკლესია ძალიან ჰგავს ერთმანეთს თავისი სულისკვეთებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით, სოციალური უსამართლობისადმი დამოკიდებულებით, თანასწორობის იდეისადმი ერთგულებითა და დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლით.




მერი რუთ და როჯერ კრუკები
როგორც მივხვდი, ღირსი ნენსი პეტი ეკლესიის წინამძღვარია…

დიახ. ფულენის მემორიალური ეკლესიის წინამძღოლი ღირსი ნენსი პეტი არაერთგზის ყოფილა დაპატიმრებული დაუმორჩილებლობისათვის, კერძოდ კი პარლამენტის შენობაში საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობისას (ნებისმიერ მოქალაქეს შტატის კანონმდებლობით კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა გარანტირებული აქვს). ამ ეკლესიის საპროტესტო მუხტი განსაკუთრებით კარგად ჩანს დღეს, როცა ტრამპის ხელისუფლება უმცირესობების თემებისა და ემიგრანტებთან მიმართებაში ძალიან ბევრ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამით ეს ეკლესია ხელისუფლების მიმართ ევანგელიკალური ეკლესიების უმრავლესობის განწყობებისაგან ძალიან განსხვავდება.

ფულენის მემორიალური ეკლესია წინამძღოლიდან დაწყებული რიგითი მოხალისით დამთავრებული არის ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეის ქომაგი და აქტიური დამცველი. ამიტომაც, ჩვენი აქ ვიზიტის დროს, თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობდით. ფულენის ეკლესია აქტიურადაა ჩართული ინტერრელიგიურ დიალოგში და აქტიურად იბრძვის ისლამოფობიის წინააღმდეგ. ასევე იგი ერთ–ერთი პირველი ეკლესიაა, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ლგბტ თემის უფლებებზე თამამად დაიწყო საუბარი.
ამერიკულ ევანგელისტურ–ბაპტისტურ ეკლესიას საქართველოსთან რა სახის პროექტები აკავშირებს?

ქართული დელეგაციის რალიში სტუმრობას ორი (შეიძლება მეტიც) დიდი მიზეზი ჰქონდა. ჩვენ ვიდღესასწაულეთ თბილისის მშვიდობის კათედრალისა და ფულენის მემორიალური ეკლესიის თანამშრომლობის 30 წლისთავი. ასევე, ვიდღესასწაულეთ როჯერ კრუკის 98 წლის იუბილე. ქალბატონი მერი რუთი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო მისი დიდი ოცნების ასრულებას – მშვიდობის კათედრალის ხალხის ფულენში სტუმრობას.

როჯერ და მერი რუთ კრუკებს ექვსი ვაჟი ჰყავთ. მათ გადაწყვიტეს მამისთვის ყველაზე ლამაზი საჩუქარი გაეკეთებინათ. იცოდნენ, რომ ყველაზე მეტად მას საქართველოში სტუმრობა გაუხარდებოდა. მაგრამ, რაკი მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასეთი დიდი მოგზაურობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, ასე გადაწყვიტეს: რაკი მამა ვერ მიგვყავს საქართველოში, მოდი, რალიში საქართველო ჩამოვუყვანოთო.




როჯერ კრუკი.ნანო სარალიშვილის ფოტო










ხატმწერი მამუკა კაპანაძე

ქართულ დელეგაციაში 16 ადამიანი იყო. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ფულენის ეკლესიასთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტებში. დელეგაციაში გვყავს 20 წლის სტუდენტიც და 78 წლის ეკლესიის წინამძღოლიც, ხელდასხმული ღვთისმსახურებიც და რიგითი წევრებიც, ქრისტიანებიცა და მუსლიმებიც. მეგობრობის ეს ძაფები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოსათვის საქართველოს გაცნობის საქმეში. ამ კონკრეტული მეგობრობის წყალობით დურჰაიმში (ჩრდილოეთ კაროლაინა), დიუკის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების სკოლაში საქართველოს კუთხე არსებობს. იქ, უნივერსიტეტის ერთ–ერთ კედელზე ქართველი იკონოგრაფის მიერ დაწერილი ქრისტეს ხატია გამოფენილი.




















13.10.2019
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment