Tuesday, November 30, 2021

ირაკლის, ანანასა და დეივიდ ოლნის „ჩურჩულები და ამოხვნეშები“ – ახალი ალბომი


ტენესის შტატის დედაქალაქ ნეშვილს „ქანთრის სახლს“ უწოდებენ. იგი აშშ–ში ნიუ იორკის შემდეგ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ინტენსივობის მიხედვით რიგით მეორეა.

ნეშვილი პოპის, როკის, ჯაზის, ბლუზის, სოულის, ამერიკანასა და ბლუგრასის სამოთხეა. ამ სამოთხის ხმა უფრო მკვეთრად ისმის საღამოობით, როცა ათობით კი არა ასობით კლუბებში, ბარებსა–რესტორნებში იწყება ის, რისი „ასტრალური კულტიცაა“ ამ არემარეში.

ცნობილ ამერიკელ მესაყვირესა და კომპოზიტორს დოკ ჩითამს (1905 – 1997) აქ ვეღარ შეხვდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ლეგენდარული მუსიკოსის, რომელიც 92 წლის ასაკშიც საყვირზე უკრავდა, ახალგაზრდა თუ არც ისე ახალგაზრდა კოლეგები დოკის რეკორდის მოხსნას აპირებენ. მათ შორის არიან ქართველებიც – ანანა კეი და ირაკლი გაბრიელიც, რომლებმაც 2017-ში, შემოდგომაზე მანქანაში ყველაფერი ჩააწყვეს და ნიუ იორკიდან ნეშვილისკენ გასწიეს.
ანანას და ირაკლის ბენდი ნიუ იორკში

ამა წლის მარტში ანანა კეის, ირაკლი გაბრიელისა და დეივიდ ოლნის თანამშრომლობით გამოვიდა ალბომი (15 კომპოზიცია) სახელწოდებით „ჩურჩულები და ამოხვნეშები“ და მაშინვე, ჩვეულებისამებრ, ჩემი საყვარელი ტექსტებიც და მელოდიებიც „ამომეჩემა“…

მაგალითად, ერთ–ერთი – „შენი ღიმილის მიღმა“ – საოცარი პოეტური მგრძნობელობის „დრაივი“ და დეივიდის ოდნავ უგერგილო, დაუვარცხნელი ხმა ღრმა, სევდიანი ლირიკის შემქმნელია; ისეთი ნოტების, რომელსაც წაიმღერებ, მაშინვე გაგახსენდება და იგრძნობ თუ როგორია შენი მარტო ღიმილის კი არა, გულის „სამიღმეთიც“.

„არ წახვიდე,

მე მინდა დავინახო სხივი იმისა,

თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს სამყარო,

სანამ ეს ძვირფასი წამი გაქრება.

საიდუმლო ისეთივე ძველია, როგორიც – დრო

და ჭეშმარიტება, რომელიც შენი ღიმილის მიღმა შემიძლია დავინახო…

ყველაფრის მერე, რაც ჩვენ ვთქვით და ჩავიდინეთ,

ჩვენ გვჭირდება მთვარე და გვჭირდება მზე.

და ჭეშშმარიტება ყოველთვის შენი ღიმილის მიღმაა…“

ეს ჩემი საყვარელი სიმღერის კლიპი თავისი საოცარი იავნანური მელოდიურობით შემოდგომის ფერების ჩარჩოშია „ჩასმული“, სადაც ტექსტი იწერება და იწყება ხელიხელჩაკიდებული წყვილის ნისლოვან შემაღლებაზე ასვლით… მარჯვენა მხარეს ჩნდება დეივიდ ოლნი, ხოლო მარცხნივ – ანანა კეი… მერე კი იწყება სევდიანი ფოტო/ვიდეო კოლაჟი, რომელზეც, ლამის პატარაობიდან უნებლიედ გულისამოჯდომამდე მეტირებოდა – ოჯახის ძველი ფოტო/ვიდეო არქივიდან ამოღებული ეპიზოდები ოჯახური დღესასწაულებიდან, არდადაგებიდან თუ რუტინიდან… რატომღაც მეგონა და დღესაც მგონია, რომ ასეთი კოლაჟების „გმირები“ ცოცხლები აღარ არიან და ყველანი უკლებლივ უიღბლონი იყვნენ…

ოცამდე ალბომის ავტორი დეივიდ ოლნი თავისი სიმღერების შემსრულებლებით იყო უფრო ცნობილი, ვიდრე – თავად. იგი არასდროს ყოფილა გრემის მფლობელი, მაგრამ მისი შვილობილები – კი.

ქანთრისა და ფოლკის მომღერალისა და კომპოზიტორის კომპოზიციებს ისეთი მუსიკოსები ასრულებდნენ, როგორებიც არიან ამ ჟანრის ვარსკვლავები ემილი ჰარისი (14 „გრემი“), სტივ ირლი (3 „გრემი“), ლინდა რონსდანდტი (10 „გრემი“), დელ მკკოური (ბლუგრასის საერთაშორისო მუსიკალური ასოცაციის 31 ჯილდო).

დევიდ ოლნი თავადაც პოეტურად წავიდა. კონცერტზე თავის სიმღერას უკრავდა, უცებ წაიჩურჩულა “მაპატიეთო” და წავიდა… გული გაჩერდა.

 



ირაკლი გაბრიელი და ანანა კეი

„მანამდე ნეშვილში რამდენჯერმე გასტროლებზე ვიყავი და ეს ქალაქი მომეწონა“ – მიყვება ირაკლი გაბრიელი, „ – მე და ანანაც ერთი წლით ადრე დაზვერვაზე ჩავედით და იქაურობა მასაც ძალიან მოეწონა.

ნიუ იორკში ოც წელიწადზე მეტი ვიცხოვრე, ვიმუშავე და საკმარისი იყო იმისთვის, რომ გადამეწყვიტა – ახალი თავგადასავლების დრო დადგა. ნეშვილი მუსიკის ქალაქია, არა მხოლოდ ტრადიციულად ქანთრი მუსიკის და აქ ახლაც იგრძნობა ეს ტრადიციები. იგი არტისტებისთვის, კომპოზიტორებისთვისაა შექმნილი.

ნიუ იორკი ნიუ იორკია, როგორც ამბობენ… იგი აბსოლუტურად სხვა ფენომენია, მართლა მსოფლიოს დედაქალაქივითაა, ნეშვილში კი ჩვენთვის სხვა სამყარო გაიხსნა, ასე ვთქვათ, სხვა ამერიკა. გეოგრაფიულად, ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში ვცხოვრობთ. დიდ მანძილებზე ხშირად დავდივართ მანქანით და ამგვარი მოგზაურობით სხვადასხვა შტატებში, ქალაქებში, სოფლებში და ფერმებშიც ადამიანების ცხოვრებას ვეცნობით. სულ სხვა მსოფლმხედველობა, სხვა პრობლემები, სხვა ცხოვრებაა. ეს აღმოჩენები ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, როგორც მოგზაურებისთვის და როგორც – მუსიკოსებისთვის.

ამერიკული მუსიკა ამ „რაიონიდან“ წამოვიდა – ქვევით, სამხრეთში გვაქვს ნიუ ორლეანი: ჯაზის, ლუი არმსტრონგის დაბადების ადგილი. დასავლეთით – მემფისი და მისისიპის დელტა – ბლუზის სამშობლო, რობერტ ჯონსონი, თინა თერნერი, ელვისი… აღმოსავლეთით კი „სმოუკი მოუნტეინს“ (მთები ტენესისა და ჩრ. კაროლინას საზღვარზე) – აპალაჩი, ქანთრი მუსიკა…ჯონი ქეშისა და როი ორბისონის სახლები ჩვენგან 15 წუთის სავალზეა…მუსიკოსისთვის ასეთი ადგილები, ასეთი „ჰავა“ შთაგონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის ჟანგბადია, რომელიც ყოველდღიურად სუნთქვის საშუალებას გაძლევს.

 



ირაკლი გაბრიელი
ნაცნობი გარემოსა და მეგობრებს მოშორება არ უნდა იყოს მარტივი…

ნიუ იორკთან შედარებით ნეშვილში ჩვენ გარშემო ნაცნობ-მეგობრების საკმაოდ ვიწრო წრეა, მაგრამ ასეთ გარემოში ადამიანებს უპირველესად ხომ ინტერესები და მუსიკალური მსოფლმხედველობა აერთიანებთ.

აქ სიმღერის შექმნის სული ნამდვილად ყველგან ტრიალებს. ჩვენც ამ წრეში ადვილად ჩავეწერეთ, ძალიან ბუნებრივად გავიცანით აქაურები და მეგობრები, კოლეგები გავიჩინეთ. ის საქმიანობა გავაგრძელეთ, რასაც სულ ვაკეთებდით – სიმღერის წერა, დაკვრა, ჩაწერა და ამავე დროს ვიდეო და ფოტოგრაფია. ჩვენი პატარა კომპანია გვაქვს, სხვადასხვა არტისტებისთვის ვიდეოკლიპებს ვიღებთ, ვამონტაჟებთ.
როგორ გადაიტანა ნეშვილმა კოვიდი და „Black Lives Matter“-ის გამოსვლები? შეიცვალა მუსიკის ქალაქი?

ჯერ კიდე გადატანის, დაძლევის პროცესში ვართ.

ქალაქის უდიდესი ნაწილი დაიკეტა. სანამ კოვიდპანდემია „ოფიციალურად“ დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე თავს ძლიერი ტორნადო დაგვატყდა, ჩვენი სახლი ბეწვზე გადარჩა, მაგრამ ახლოს, ჩვენს უბანში (აღმოსავლეთ ნეშვილ/მედისონი) ბევრი სახლი განადგურდა, დაწესებულებები, ბარები, რესტორნები დაინგრა. სამწუხაროდ, მსხვერპლიც იყო.

ეს იყო პირველი დარტყმა, მერე კი მეორე „წამოგვეწია“ – კოვიდპანდემია დაიწყო. ასე რომ ქალაქის უმეტესობა სრულიად დაიკეტა. ჩვენს გარშემო კლუბები და ცოცხალი მუსიკაც დამთავრდა. ქალაქის ცენტრი კი გახსნილი დარჩა, იქ ზოგადად ტურისტულ ადგილებმა (ჩვენ იქ მანამდეც არ დავდიოდით) ცხოვრება ძველებურად გააგრძელა. ამ გარემოებამ, ცხადია, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და იმ არეალში კოვიდი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ახლა სიტუაცია ნელ –ნელა თითქოს ნორმალიზაციისკენ მიდის, მაგრამ მაინც ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა. მოსახლეობის უმეტესობა ბარ/რესტორნებში არ დადის და კონცერტებიც არ ტარდება. ბუნებრივია, რომ ხალხი ისევ შიშში ცხოვრობს. გასტროლებზე ლაპარაკიც არ არის. არტისტები ძალიან დაზარალდნენ, ყველანაირად – ფინანსურად და ფსიქოლოგიურადაც.

ზაფხულში, რა თქმა უნდა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოსვლები აქაც იყო. უმეტესობა მშვიდობიანი, მაგრამ რამდენიმე ძალადობაშიც გადაიზარდა, დაწვეს შენობები. ზუსტად ვერ გეტყვით თუ ვინ იდგა ამ ძალადობის, პროვოკაციის უკან. ეს ქალაქის ცენტრში მოხდა, ჩვენთან ახლოს კი არაფერი გვიგრძნია, სამეზობლოში მშვიდობიანად ვართ. ჩვენი სახლის პირდაპირ მექსიკელი მეზობელია, მარცხნივ შოტლანდიელი და მარჯვნივ – ძირძველი ტენესელი აფრო-ამერიკელი. ყველა ვმეგობრობთ და მშვიდად ვართ. ისე, ხალხის უმეტესობა ნეშვილში გარეუბნებში ცხოვრობს, კერძო სახლებში, ცენტრში კი უმეტესწილად დაწესებულებებია განლაგებული.
ამ წელს რა იყო პრობლემური თქვენ ცხოვრებაში კოვიდის გარდა? რა – პოზიტიური?

2020 დიდი დარტყმით და გულის ტკივილით დაიწყო ჩვენთვის. გარდაიცვალა დეივიდ ოლნი, გამოჩენილი მუსიკოსი, არტისტი, რომელიც ჩვენი ახლო მეგობარი იყო.

ბოლო ორი წელი მასთან მუშაობაში გავატარეთ. დავწერეთ ბევრი სიმღერა, ჩავწერეთ ალბომი „ჩურჩულები და ამოხვნეშები“, რომელიც მისი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დავამთავრეთ.

უეცარი დარტყმა იყო, დეივიდი ფლორიდაში იყო, ფესტივალზე უკრავდა, და სცენაზე დაკვრის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა, მშვიდად… ორი დღის მერე ჩვენ მას ნიუ ორლეანში იმისთვის უნდა შევხვედროდით, რომ კონცერტებზე ერთად დაგვეკრა და ახალი ალბომის ცოცხალი პრემიერა გაგვეკეთებინა ფოლკ-ალიანსის დიდ კონფერენციაზე, ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე. ჩვენთვის მისი უეცარი წასვლა ნამდვილი შოკი იყო.

დეივიდი დიდი ადამიანი და მუსიკოსი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, დიდი სიყვარულით ეკიდებოდა ყველაფერს, რაც მუსიკას ეხებოდა. ჩვენთან მუშაობისას ერთხელ საქართველოს ისტორიის წიგნით მოვიდა, კითხულობდა ჩვენს შესახებ და ამბობდა, რომ საქართველოთი იმიტომ დაინტერესდა, რომ ასე უკეთესად გაგიგებთო.

სიმღერებზე მუშაობის თემები სერიოზული იყო – სამშობლოს დატოვება, უცხო გარემოში აღმოჩენა, ადაპტაცია, ემოციები, განცდები, ის ტკივილი, რაც ამას ახლავს.

 



დეივიდ ოლნი, ანანა კეი და ირაკლი გაბრიელი

მერე ტორნადო, მერე კოვიდი… რბილად რომ ვთქვათ, შარშან არ წავიდა ისე საქმეები, როგორც გვინდოდა. მაგრამ კარანტინში ძალები ნელ-ნელა მოვიკრიბეთ და მუშაობა გავაგრძელეთ: სახლში ჩაწერები, ვიდეოების გადაღება, ჩვეული რუტინა.

ალბომის გამოშვება შარშან, დროებით, რა თქმა უნდა, გადაიდო, რადგან ამ პროცესს დიდი მომზადება სჭირდებოდა, მაგრამ წლის ბოლოს ისევ შევუდექით საქმეს. ამ ალბომთან დაკავშირებით მუსიკალურ ბიზნესში კონტაქტების დამყარება დავიწყეთ და წელს იგი მარტში გამოვიდა.

ამ საქმეში გვერდით გვიდგას ლეიბლი Schoolkids Record-ი ჩრდილო კაროლინიდან და გამოხმაურებაც ძალიან კარგი გვქონდა, ევროპაშიც და სხვა კონტინენტებზეც. მაგალითად, ევროპაში/იტალიაში იგი ცალკე ლეიბლით გამოდის. სიმღერის ტექსტებიც გადათარგმნეს. გვიხარია, რომ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი დეივიდ ოლნისთან არ დაიკარგება. მუსიკის მოყვარულებს კი ალბომის შეძენა ოფიციალურად აქ შეუძლიათ.

აგრეთვე ბევრი ვიმუშავეთ ვიდეოკლიპების შესაქმნელად. განთქმულ ჯგუფ „უოტერბოის“ (The Waterboys – ბრიტანულ–ირლანდიული ფოლკ-როკ ჯგუფი. 1983) რამდენიმე კლიპიც გავუკეთეთ და ერთად მათი მომავალი ალბომისთვის ახალი სიმღერაც დავწერეთ.
რამდენად შეიძლება ეს საყოველთაო სტრესი მუსიკაში/კინოში/ხელოვნებაში აისახოს? ხომ ყოფილა ამის მაგალითები?

ხალხმა, არტისტებმა ჩვენ გარშემო სხვადასხვანაირად მიიღეს კოვიდგამოწვევა.

ფაქტობრივად, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდით, უცებ გაქრა. იგი გლოვის პროცესს დაემსგავსა.

ცხადია, უპირველესად ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი იყო. ზოგი იზოლაციაში შემოქმედებითად პარალიზდა, ზოგს პირიქით – შთაგონება გაუჩნდა…ადრე თუ გვიან ეს პროცესები, ეს მრავალფეროვანი ემოციები, რა თქმა უნდა, ხელოვნებაზე, სიმღერის ტექსტებზე, შესრულებაზე, კომპოზიციაზე აისახება.

აი, მარტივი მაგალითი: სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა, ბუნებრივი იყო ჩაწერის დროს ჯგუფთან ერთად ცოცხლად გვემუშავა…ახლა სახლის სტუდიაში უმეტეს საქმეს ჩვენ თვითონ ვაკეთებთ, ვწერთ…ვარიანტები უფრო ნაკლებია და შედეგიც სხვაგვარი, თუმცა ვერ ვიტყვი უკეთესი თუ უარესი – უბრალოდ განსხვავებული.

ამ შემთხვევაში ტექნოლოგია მართლად გამოგვადგა. შეგვიძლია ფაილი სიმღერით ვინმე მუსიკოსს გავუგზავნოთ; ის სახლში თავის პარტიას ჩაწერს და გამზადებულ ფაილს უკან გადმოგვიგზავნის. რამდენიმე სიმღერა მართლა ასე ჩავწერეთ.

მაგალითად, ტრომბონზე არც მე და არც ანანა ვუკრავთ, მაგრამ გავუგზავნეთ აქ ერთ გამოჩენილ ტრომბონისტს, როი აჯის (Roy Agee), რომელიც „პრინცის“ ჯგუფში უკრავდა და ერთ საათში მან თავისი პარტია უკვე უკან გამოგვიგზავნა.


 


სამომავალო გეგმები …

„ღმერთი თუ გინდა გააცინო, შენი გეგმები უთხარიო“, ეს გამახსენდა. ეს სიტყვები, მგონი, ვუდი ალენის ფილმიდანაა.

მახსოვს, 2001 წლის ზაფხულში სამსახურის ინტერვიუ მქონდა „მსოფლიო სავაჭრო ცენტრში”, მგონი, მე-80 სართულზე. „ხუთ წელიწადში სად ხედავ თავსო“,– მკითხეს. „აბა, მე რა ვიცი… იმედია, სადმე სცენაზე-მეთქი“ – გავუღიმე. ჰოდა, არ მიმიღეს, ეტყობა ჩემი პასუხით არ დაკმაყოფილდნენ. 11 სექტემბერს კი რაც მოხდა, ყველამ ვიცით. ახლოს ვიყავი იმ ადგილიდან, სრულიად შოკირებული ვუყურებდი თუ რა ხდებოდა გარშემო. მერე ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” პირველი თავი გამახსენდა.

ვცდილობთ, რომ ყოველი დღით ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ. იმედია, ზოგადი სიტუაცია გაუმჯობესდება, ჯანმრთელად ვიქნებით და ჩვენი საყვარელი საქმის გაგრძელებას შევძლებთ.

netgazeti.ge
12.04.2021


No comments:

Post a Comment