Tuesday, November 30, 2021

მადლიერების დღე ნიუ იორკში





ამერიკაში მადლიერების დღის აღნიშვნა ინგლისურ ტრადიციას უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ პროტესტანტული რეფორმაციასა და მოსავლის აღების წეს–ჩვეულებისგან იღებს სათავეს.

ცნობილია, რომ პირველად ეს დღე 1619 წელს ვირჯინიის შტატის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნეს, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ბრძანებით (1939) კი „მადლიერება“ დღესასწაულად ნოემბრის ბოლო ხუთშაბათისთვის დაიგეგმა და დადგინდა.

მანამდე კი, 1863 წელს, პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მადლიერების დღე ნაციონალურ დღესასწაულად გამოაცხადა, ინდაური კი სადილზე მისართმევი ყველაზე პოპულარული კერძი გახდა.

რატომ ინდაური? ველური ინდაური ჩრდილოეთ ამერიკის ფაუნის ორგანული ნაწილია და რუზველტიც იმ აზრს ემხრობოდა, რომ ინდაური უფროა ნაციონალური ფრინველი, ვიდრე ამერიკის სიმბოლო – თეთრთავა არწივი. მითუმეტეს ინდაური და ბატი–კვატი პირველი პილიგრიმების მთავარი ხორცეული საკვები იყო.

ამერიკელები მადლიერების დღეს მხოლოდ სუფრასთან არ აღნიშნავენ, არამედ – ქუჩებშიც.

ყველაზე ძველი (წელს იგი 95 წლის იუბილარია) და პოპულარული მაღაზიათა ქსელის Macy’s სადღესასწაულო აღლუმია, რომელიც ნიუ იორკში, მანჰეტენზე 34–ე ქუჩისა და ბროდვეის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება და თითქმის სამ კილომეტრზე გადაიჭიმება.

ასეთივე აღლუმები, ოღონდ სხვა კომპანიების მიერ ორგანიზებული, იმართება ფილადელფიაში, ფლიმოუტში, ჩიკაგოში, ნიუ ორლეანში.

ამერიკელებისთვის დღესასწაულების სეზონი რეალურად საშობაო ვაჭრობის დასაწყისად ითვლება და, ცხადია, მადლიერების დღე არა მარტო სამადლობელო სიტყვის თქმის ანდა ტონობით ინდაურის შესანსვლის შანსია, არამედ – ე.წ. „სეილებით“ ეკონომიკის კარგი სტიმულატორიც.

მართალია, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ამ დროს ფასდაკლებებზე ნაუცბადევად ნაყიდი ნივთების თითქმის ნახევარი მალევე უკან ბრუნდება, მაგრამ არდაბრუნებული საქონლის ჯამური რაოდენობაც საკმარისია ეკონომიკის მასშტაბური წახალისებისთვის.

2005 წლიდან ნიუ იორკის „სათენქსგივინგო“ (Thanksgiving) აღლუმს ყოველ წელს თუ არა, ყოველ მეორე წელს მეგობრებთან ერთად ვესწრები. კოვიდპანდემიამდე ერთმანეთთან ჩაპრესილ–მიპრესილი ადამიანები მხრებზე შემომსხდარ შვილებთან, ოჯახის წევრებთან, შეყვარებულებთან, მეზობლებთან და თანამშრომლებთან ერთად, გამამხნევებელი შეძახილებით, მოლოცვებით, სიმღერებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო, შარშან კი, დაავადების მძვინვარების გამო, ამერიკული ბრენდების უზარმაზარი, ჰაერში მოლივლივე ფიგურები მხოლოდ ტელევიზიით ვნახეთ.

ჩემ მეხსიერებას ჩემთვის ყველაზე ცივი აღლუმიც შემორჩა, 2018 წლის, როცა ხელი და ტელეფონი ისე იყინებოდა, რომ ფოტოს გადაღება შეუძლებელი იყო, ყველაზე მცივანები კი ახლო-მახლო მდებარე პატარა ყავა/ჩაის “შოპებს” შეკედლებულნი მსვლელობას მინის კედლებიდან აკვირდებოდნენ. უფრო სწორედ, ჰაერში მოძრავ გასაბერ სათამაშოებსა და ამერიკული პოპკულტურის რეზინის წარმომადგენლებს, რადგანაც ქუჩები ამ დროს გადაჭედილია (შესაბამისად ვერაფერს დაინახავ თუ წინა რიგებში არ დგახარ) არა მარტო უბრალო მოკვდავებით, ჩაცმული თუ ნახევრადშიშველი საპარადო სტატისტებით, არამედ პოლიცია – უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებით, შავი ჯიპებით, აქა–იქ დიდი სამხედრო მანქანებითა და მეძებარი ძაღლებით, რკინისა და ბეტონის ბარიერებით. ასე რომ ჰაერში და მიწაზე მოსეირნე მიკი-მაუსთან და ცისფერ ვირთან ერთად მზვერავი ვერტმფრენები და ბეტმენის თუ არა, ჯეიმს ბონდის ავტომობილებიც დასეირნობენ.

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

წელს გავრისკე, აცრილი, ორპირბადიანი, მზის სათვალეებით “შეიარაღებული” ხალხის უზარმაზარ ნაკადს შევერიე და ბავშვებიან ქალებთან “ახლო კონტაქტში” აღმოვჩნდი.

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ადამიანები ასე ახლოს დავინახე, ფიზიკურად ვიგრძენი, იძულებით ჩავეხუტე კიდეც; მეორე მხრივ, “სოციალური დისტანციის” დაცვის საჭიროების “განგაშის ზარები” მოსვენებას არ მაძლევდა.

თუმცა ეს ყველაფერი დამავიწყდა, როცა ჩემ წინ გიგანტურმა ბუშტებმა და ფიფქებმა, კლოუნებმა, კანფეტებმა, ცოცხალი მუსიკის არც მთლად გადასარევად შემსრულებელმა ორკესტრებმა; რაც მთავარია, სანტა–კლაუსმა, ბავშვობის დროინდელი ზღაპრების გმირებმა, მფრინავმა იისფერმა სპილომ, მოციგურავე პიკაჩი და ივიმ და არაამქვეყნიური სამყაროს სხვა მონატრებულმა ნაცნობ–მეგობარმა ჰაერში ხალისიანად, უდარდელად, თვალის ჩაპაჭუნებით ჩამიარეს.

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

 



ია მერკვილაძის ფოტო

აღლუმის ბოლოს ზევიდან თეთრი ქაღალდის ფიფქები წამოვიდა. ბავშვები ჟრიამულით ცდილობდნენ ხან პირით დაეჭირათ, ხანაც – ხელით.

მეტროსკენ გავწიე და მაშინვე თვალში მომხვდა ცხოვრებისეული რუტინა, დღევანდელი ყოფიერების მტანჯველი “სიმსუბუქე” – ქუჩებში მიმობნეული კოვიდტესტების თეთრი კარვები ლამის სკაფანდრებში ჩასმული პერსონალით, რომელიც ნოემბრის ბოლო ხუთშაბათის დილის მთავარ მოვლენას – მადლიერების აღლუმს ტელეფონში, სხვადასხვა ტელეარხების “აპებით” თუ “სტიმინგებით” უყურებდა.

 



ია მერკვილაძის ფოტო

ამ ჰაერით გაჯერებულ თოჯინებს, აუცრელებს, კოვიდგადარჩენილებს, სულაც არ ადარდებდათ, რომ ჰელიუმით გაბერილები, მალე ჩაიჩუტებოდნენ და მიწაზე დაეშვებოდნენ. გაისად, მომდევნო მადლიერების დღემდე.

 















netgazeti.ge
26.11.2021

No comments:

Post a Comment