Tuesday, November 30, 2021

„ქველმოქმედება წარმატებული ადამიანების ცხოვრების წესია“ – ქართველი ბიზნესმენი აშშ-დან




ახალი წლის დადგომისთანავე, 2 იანვარს, ჩვენებურად ბედობა დღეს, ამერიკული ტელევიზიის მეცხრე არხზე (ABC Channel) სიუჟეტი გავიდა ქველმოქმედებაზე, მისი ერთ–ერთი გმირი კი იყო ჩვენი თანამემამულე და მის მიერ დაფუძნებული კომპანია.

„ხშირად გვესმის, რომ საახალწლო დღესასწაულები ქველმოქმედების სეზონის (Season of Giving/ გაჩუქების სეზონი) დადგომას გვახსენებენ. ერთი უძრავი ქონების კომპანია კი ამას რეალობად აქცევს ქველმოქმედებით, რომელიც არასდროს მთავრდება“– ასე წარადგინა დიქტორმა მასალა იმ ადამიანებზე, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ პირობებშიც კი სხვების უანგაროდ დახმარებას ახერხებენ.

21 წლის გიზო უჯარმელი საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო ფაკულტეტის მეოთხე კურსის (1991) დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა და როგორც ფიგურული მოსრიალე გერმანიის ფიგურული სრიალის ეროვნული ნაკრების წევრი გახდა.


მარჯვნივ – გიზო უჯარმელი

გიზო უჯარმელმა ჩასვლისთანავე ზედიზედ ორჯერ მოიპოვა გერმანიის ეროვნული თასი, გერმანიის ეროვნული ნაკრების წარმომადგენელის რანგში მრავალ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 1994-ში ტრავმის გამო ლილეჰამერის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზა, სპორტსმენის კარიერა დაასრულა და კიოლნის ფიგურული სრიალის კლუბში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. გერმანიაში მან ვუპერტალის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, მერე კი რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება, აშშ–ში გაემგზავრა და იქ უძრავი ქონების სააგენტო Amaximmo დაარსა.
როგორ დაიწყეთ თქვენი ბიზნესი აშშ–ში? – ვკითხე გიზო უჯარმელს.

ჩემი პირველი ბიზნესსაქმიანობა გერმანელ პარტნიორთან ერთად 1995 –ში, გერმანიაში დავიწყე. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელსაც საქართველოში გერმანიიდან ჰიგიენის პროდუქცია შეჰქონდა. მოგეხსენებათ, იმჟამად საქართველოში გარემო საკმაოდ არასტაბილური იყო და სწორედ ამის გამო რამდენიმე წლის შემდეგ ბიზნესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.

1999 წელს აშშ-ის ერთ-ერთი ფიგურული სრიალის კლუბის მოწვევით ვესტუმრე. ერთი წლის შემდეგ კი მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეფორმებინა კონტრაქტი საციგურაო სკოლასთან, ქალაქ უაუსაუში (უისკონსინის შტატი).

შემდეგ გავხდი ლიცენზირებული უძრავი ქონების აგენტი (რეალტორი), 2008 – 2009 ფინანსური კრიზისის შემდეგ კი გადავწყვიტე მიმეტოვებინა ფიგურული სრიალი, შემეცვალა პროფესია და უძრავი ქონების სფეროში გადავედი. მართალი გითხრათ, იმ დროს არც უძრავი ქონების სფერო იყო მიმზიდველი, კრიზისი მძვინვარებდა, ქუჩები სავსე იყო გასაყიდი სახლებით, მყიდველებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სანთლით ვეძებდით. ამ საქმიანობაში ვიცოდი ერთი რამ, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და არა გარემოზე და ადამიანებზე. სანამ ადამიანები არსებობენ, ყოველთვის დასჭირდებათ სახლი, მიწა ან კომერციული ფართი. ამიტომ მე მხოლოდ იმაზე უნდა მეზრუნა, რომ ვყოფილიყავი იქ, სადაც საჭირო ვიქნებოდი.


გიზო უჯარმელის კომპანია
ცხადია, მარტივი არ იქნებოდა…

რთულია უცხო ქვეყნის ქალაქში საქმიანობის ნულიდან დაწყება. მართალი გითხრათ, ის, რაც მაშინ ვისწავლე, ცხოვრებაში დღესაც მეხმარება. მე ყოველ დღეს ნულიდან ვიწყებ. როდესაც ვიღვიძებ, ვეუბნები ჩემს თავს, რომ ვიღვიძებ უმუშევარი, მაგრამ ვიძინებ სამუშაოთი დაღლილი. მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვეხმარები, რაც არ უნდა დატვირთული ვიყო. ადამიანებთან ურთიერთობა მე ენერგიას მმატებს.
კოვიდი და მცირე ბიზნესი – როგორი გამოწვევების დაძლევა მოგიწიათ?

კოვიდპანდემიამ ყველაფერი შეცვალა და სამყაროს ბევრ პრობლემას კიდევ ერთი დიდი თავსატეხი შემატა. როდესაც უძრავ ქონებას ფლობთ, გაქვთ კომერციული ფართები, საცხოვრებელი სივრცეები, ამგვარი ვითარებისას კი არ იცით, გადაგიხდიან თუ არა ქირას, ცხადია, ბიზნესისთვის გარემო არახელსაყრელი ხდება. სასწრაფოდ დავუკავშირდით მდგმურებს და შეღავათები შევთავაზეთ იმისთვის, რომ მათ საარსებო საშუალებები შეენარჩუნებინათ. ჩემი ფილოსოფია ასეთია: ამ პანდემიამ ჩვენ ყველას შეგვიტია, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ.
რატომ გადაწყვიტეთ ქველმოქმედება?

ილიას სიტყვები – „კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“ – ზედგამოჭრილია აქაური ნიადაგისთვის.

ქველმოქმედება ამერიკაში წარმატებული ბიზნესის და საერთოდ წარმატებული ადამიანების ცხოვრების წესია. ქველმოქმედების ცნებას ბავშვებს საბავშვო ბაღიდანვე ასწავლიან. ამ ქვეყანამ, ძალიან ბევრი მასწავლა. ხარ წარმატებული? მოგცა ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედი, რომ მიაღწიე იმ ნიშნულს, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდი? მაშინ იზრუნე იმაზე, რომ შენი მიღწევის დიდი ნაწილი გაუზიარო მათ, ვისაც დახმარება სჭირდება და ამით სიკეთის მაგალითი მომავალ თაობებს დაუტოვე.


გიზო უჯარმელი

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე არაფრით მოვდივართ და არაფრით მივდივართ. მარტივია ერთი რამ – სიკეთე უნივესალური ფასეულობაა.

მინდოდა შემექმნა კომპანია, რომელსაც გამჭვირვალე და პატიოსანი კორპორატიული კულტურა ექნებოდა. გადავწყვიტე, რომ დამეკანონებინა ჩვენი ნებისმიერი შემოსავლის ხუთი პროცენტის ქველმოქმედებისთვის გადაცემა. ეს თანხა ჩვენი ქალაქის საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერიცხებათ.

ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ ვმუშაობთ და ჩვენ გვინდა, რომ ეს ქალაქი, ეს ქუჩა და გარემო, სადაც ვართ უკეთესი იყოს.

სიკეთეს აქვე ვთესავთ. ჩვენ არ ვთხოვთ თანხებს ჩვენს აგენტებს, ან კლიენტებს, როგორც ამას ბევრი კომპანია აკეთებს. როგორ წესი კომპანიები ადამიანებს, რომელნიც ამ კომპანიაში მუშაობენ, სთხოვენ ქველმოქმედებაში მიიღონ მონაწილეობა, ზოგიერთ კომპანიაში ეს დაკისრებული ვალდებულებაც კი არის.

აშშ-ის კანონმდებლობაში არსებობს მრავალი შეღავათი, როდესაც კომპანიები შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავენ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი. ჩვენ, როგორც კომპანიამ, გადავწყვიტეთ, რომ არ აგვეკრიფა ეს თანხები ჩვენი წევრებისგან, არამედ კომპანიის უშუალო შემოსავლებიდან გამოგვეყო თანხა ქველმოქმედებისათვის. ანუ ეს ისეთივე ვალდებულებაა ჩვენთვის, როგორიც ის, რომ ვიხდით დენის, წყლის, ინტერნეტის ან მარკეტინგის ხარჯებს.
რა იყო პრიორიტეტული დასახმარებელი ჯგუფების შერჩევისას? როგორ ეხმარებით ქალებს?

როცა კლიენტი გვთხოვს კონკრეტულ ორგანიზაციას დავეხმაროთ, ჩვენ ვითვალისწინებთ მის თხოვნას და ორგანიზაციის გადამოწმების შემდეგ, თანხას ვურიცხავთ.

როდესაც კომპანია დავაარსეთ, მაშინ ჩვენი საქმიანობით შემოსავალი შედარებით უმნიშვნელო იყო, სამი წელი გავიდა მას შემდეგ. გაყიდვების რაოდენობამ ბევრად მოიმატა და უკვე საჭირო გახდა ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი თანხების კონსოლიდირება და ადმინისტრირება, ამიტომ ახლა ვცდილობთ წლის განმავლობაში რამდენიმე შედარებით დიდი თანხის შენაწირი გავაკეთოთ და იმ ორგანიზაციებს დავეხმაროთ, ვისაც ქველმოქმედებაში მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალეფექტიანობის ისტორია აქვს.

ჩვენს ქალაქში არის ორგანიზაცია „ქალთა თემის ფონდი“ (Women’s Community Foundation), რომელიც ეხმარება ქალებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსა და ქალებს, ვისაც ფსიქოლოგიური ან მატერიალური პრობლემები ცხოვრების ამ თუ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო აქვთ. არის შემთხვევები, როდესაც ქალებს უბრალოდ დასაძინებელი ადგილიც კი არა აქვთ ან უბრალოდ შინ ვერ ბრუნდებიან, რადგან იქ მათზე იძალადეს და ამიტომ დროებითი თავშესაფარი სჭირდებათ.

ჩვენ ასევე ვეხმარებით სამხედროებისა და პოლიციელების ოჯახებს, ვინც სიცოცხლე სამსახურეობრივი მოვალეობას შესრულებას შესწირა. ვეხმარებით სკოლებს, სპორტულ გუნდებსა და აგრეთვე ცხოველთა თავშესაფრებს.

პანდემიისას სკოლებს დასჭირდათ დამატებითი მატერიალური ბაზის გაფართოება, რათა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნათ. ჩვენ მათ დაუყოვნებლივ დავეხმარეთ, ცხადია, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

ვიცი, გაგიჩნდებათ შეკითხვა ვეხმარებით თუ არა საქართველოს? ამერიკული კომპანიისათვის ასე ადვილი არ არის უცხოეთში ქველმოქმედების გაცემა, რადგან ეს ბევრ ადმინისტრაციულ და დაბეგვრის ბარიერთანაა დაკავშირებული. ამჟამად მჭიდრო კავშირში ვარ „საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციასთან”, მხვდა დიდი პატივი წარმოვადგინო აშშ-ის ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია საქართველოში, მოლდოვასა და რუმინეთში. ჩემს ქართველ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ მსგავსი კორპორატიული პრაქტიკის საქართველოში დამკვიდრებაზეც.

ვფიქრობ, კარგი იქნებოდა თუ წარმატებული ქართული კომპანიები საკუთარი შემოსავლის მცირე ნაწილს მაინც, სოციალურად დაუცველ და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს მოახმარენ. ცხადია, ეს არ უნდა იყოს თავსმოხვეული აუცილებლობა, არამედ – პირადი არჩევანი. როგორც წესი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნები მაღალი ქველმოქმედების კულტურითა და ტრადიციით გამოირჩევიან. შეიძლება საქართველო ჯერ არაა წარმატებული ქვეყანა, მაგრამ წარმატებული ადამიანები საკმარისად ხომ გყვავს. ამიტომ ნუ დაველოდებით უკეთეს დროებას – ვაკეთოთ სიკეთე დღეს.
 
netgazeti.ge
23.01.2021






No comments:

Post a Comment