Wednesday, November 18, 2020

„ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის” – სოლიდარობის აქცია ნიუ იორკში




მაშინვე, როგორც კი თბილისში არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ გამართულ მშვიდობიან აქციას ხელისუფლებამ ცივი წყლის ჭავლი დაუპირისპირა, ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.

ნიუ იორკში მცხოვრები ქართველები საქართველოს, აშშ–ის დროშებითა და ქართულ–ინგლისურენოვანი პოსტერებით ხელში მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლა დაუყონებლივ შეწყვიტოს, ცესკოს თავმჯდომარემ კი აღიაროს თავისი დანაშაული, გადადგეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

აქციის მონაწილე შორენა ლომთაძე ამბობს, რომ გენერალურ საკონსულოსთან ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, მომიტინგეების გასამხნევებლად მოვიდა:

„წარმოუდგენელია ის, რომ კორონაპანდემიის პირობებში, ნოემბრის სიცივეში ხელისუფლებამ მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლი დაუმიზნა და სასიკვდილოდ გაწირა. ასევე მოვითხოვთ ქართველი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ მთავრობას საკუთარ ხალხთან მხოლოდ ძალისმიერი ხერხებით შეუძლია ურთიერთობა და არა – საუბარი. ასეთი მთავრობა უნდა წავიდეს!”.



სოლიდარობის აქცია ნიუ იორკში

ზურა გოგიტიძე: „აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენი აღშფოთება გამოვხატოთ იმ არალეგიტიმური პროცესებისადმი, რომელმაც საქართველო კვლავ კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო. მთელი ცივილიზირებული სამყაროს თვალწინ “ქართული ოცნება” ძალაუფლების უზურპაციის გზას დაადგა. იგი ძალიან ცდილობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დამოკრატიულ პროცესად გაასაღოს. მაგრამ ეს მას არ გაუვა! რადგანაც ცხადზე ცხადია ერთი რამ – არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ამას არ შევეგუებით, რადგანაც საქართველო არაა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა. უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩვენი არჩევანი გაცხადებულია – გვინდა ვიყოთ თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლური ტიპის სახელმწიფო, სადაც დესპოტიის გამარჯვებას შანსი არა აქვს. ქართველები დღეს თბილისშიც და ნიუ იორკშიც ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად შევიკრიბეთ.”

მაგდა ფირჩხიძე: „ქვეყნის ბედის ამ გადამწყვეტ პროცესში საქართველოს ყოველი მოქალაქის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არჩევნების გაყალბებას ეგუები, ე.ი. ფაქტობრივად, მომავალზე უარს ამბობ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ”.

09.11.2020
netgazeti,ge

No comments:

Post a Comment