Wednesday, November 18, 2020

ანდეგრაუნდის „პარიზი, ტეხასი“




ვისაც ნიუ იორკში დილას, ძალიან ადრე და ღამე, ძალიან გვიან მიწისქვეშა და მიწისზედა სადგურებზე დაყოვნებული ან სამუშაო საათებში ლამის კოსმოსური სიჩქარით გაფრენილი, კონდიციონერით დათრგუნული, ძლივს შესამჩნევი, ცივი, მოტკბო არომატით ან ჰემინგუეისეული სიკვდილის გემოს „კრიტერიუმებით“ გაჯერებული მეტროს ვაგონებში არ უჯაყჯაყია, უკაცრიელ გვირაბთან მატარებლის წინა ფარების ნათელის დასალანდად ბაქანზე ლოდინისგან დაღლილი ყოველ წუთს “კანიონისკენ” არ გადახრილა ან ამ გვირაბის ბოლოს შუქის დანახვისას – “მადლობა ღმერთს!” ან “სად ჯანდაბაში იყავი, შენი… !?” – არ გაუფიქრია, მოვარდნილი მატარებლის თანმხლები თბილი ან ცხელი მტვრიანი ჰაერის ნაკადისგან სახე არ დაუცავს, თმები არ აშლია და გაფრენის საშიშროების გამო თავსაბურავი ცალი ხელით არ დაუკავებია, ანდა ამ თითქმის 150 წლის “ანდეგრაუნდის” სიბერისგან დანაოჭებული და წვიმისა და გრუნტის წყლებისგან დალაქავებულ ჭერზე გრძელ, სქელ და წვრილ ზოლებად განათებული, მოციმციმე ხაზებისთვის თვალი არ გაუყოლებია, ოდნავ მოგუდულად მობუზღუნე, ცარიელი, შავი ესკალატორების დანახვაზე „პარიზი, ტეხასი“ (1984) არ გახსენებია, ის თავს მწარედ იტყუებს. ამგვარი მეტრო ნიუ იორკის “საბვეი” არაა. მგზავრი კი ზღვრულად უიმედოა, რადგან ვიმ ვენდერსის ამ ფილმის საუნდთრეკის ავტორის, რაი კუდერის არაამქვეყნიური სლაიდ გიტარის შესახებ არაფერი სმენია.



ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძის ფოტო

ციცაბო, დამრეცი, გრძელი ესკალატორები და ჭერზე ხან კაშკაშა, ხან დაბურული შუქდიოდების პარალელები შავ – თეთრი მზის სხივებივითაა, რომლის აის–დაისი იმისდა მიხედვითაა, თუ სად დგახარ, ესკალატორის ქვევით თუ ზევით. სადგურებიც გიტარის, საყვირის, ვიოლინოს, არფის, პიანინოსა და სხვა მათი მეგობრებივითაა – მიწაში ღრმად წასულები და ცაში ძალიან ზევით აზიდულები, ზოგი – მისუსტებული, ზოგი – მოღონიერებული, ზოგი – პომპეზური, ზოგი – მინიმალისტური, ზოგი – მაჟორული და ზოგიც – მინორული, ზოგი – ჰომოფონიური, ზოგი – პოლიფონიური, ზოგი – ახალბედა, ზოგი – შესაკეთებელი, ზოგიც – “პლასტიკური ოპერაციებით” გაახალგაზრდავებული, ზოგი – დაბალი შემოსავლის, ზოგი – საშუალოსი, ზოგი – გლამურული… გააჩნია უბანს, მგზავრთა ჩაცმულობას; ხელში ქოლგების, მზის სათვალეების, ტელეფონების სიძვირესა და ცხოველთა ბადიან ჩანთებში მყოფი ძაღლებისა და კატების ჯიშს/უჯიშობას; ხელში ჟურნალებს – New Yorker-ს, Rolling Stones-ს, Metro-ს ან Time Out-ს. პირველი ორი, მაგალითად, თაიმ სკვერის სადგურის ბაქნებზე ჯიხურებში ლატარეასთან, კოკა-კოლის ლითონის ბოთლებთან, თხილის პაკეტებთან, საღეჭ რეზინასთან და კარდაშიანების “ქავერიან” მედიასთან ერთად იყიდება. აქ პანდემიამდე ყოველ დღე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელები თავიანთ ლიტერატურას ჰყიდიან ანდა ქადაგებენ: ზოგი რეჩიტატივით ერთ ადგილზე ძეგლივით დგომით, ზოგიც – წამღერებითა და წინ და უკან სირბილით. “მეტრო”, “თაიმ აუტი” და კიდევ ათასგვარი ბუკლეტები მეტროს სადგურების შესასვლელებთან უფასოდ რიგდება. ასე იყო აქამდე, ახლა კი – აღარ, კორონობა-ჟამიანობის გამო.



ია მერკვილაძის ფოტო

ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. სადგურების “მხარეთმცოდნეობისთვის” აუცილებელია თქვენი ემოციური ტონუსი. დამეჯერება, ვიცი, რაზეც ვსაუბრობ, რადგანაც, შეიძლება ითქვას, რომ ნიუ იორკში ცხოვრების მეოთხედი მიწისქვეშ გავატარე, ისევე როგორც დიდ ვაშლის ძველმა და ახალმა მუშათა კლასმა. ერთი პერიოდი სტატიებს, ბლოგებს მეტროში ვწერდი, ცოტა გამოძინებასაც ვასწრებდი, ტელეფონზე საუბარსაც, მუსიკის მოსმენას, ახალი ამბებისა და ფილმის ყურებასაც…

ნიუ იორკის შტატის საკუთრება მეტრო (რომელსაც კორპორაცია MTA – “მეტროპოლიტენის სატრანსპორტო მმართველობა” განაგებს) უფრო მეტია ვიდრე შაბლონური ფრაზა – ქალაქის მიკროპანო/მიკროსაგა ანდა ბაბილონის (სხვათა შორის, ქალაქი ბაბილონი ნიუ იორკის შტატშია) კონტრასტებისა და აბსურდის მიწისქვეშა ასლი, ოღონდ უფრო შემჭიდროვებულ დროსა და სივრცეში. იგი ქალაქის მიწის სემიოტიკაა და მე თუ მკითხავთ – ამ პლანეტისაც, სადაც ერთ ვიწრო კვადრატურაზე, ქუჩაში მზეზე ჯდომისგან გახუნებულსახიან, დადღლეზილფეხსაცმლიან, ძონძებში “გამოწყობილთან” ერთად შეიძლება მილიონერი ან სულაც მილიარდერი ან ცუკერბერგი II ან ჰოლივუდის ვარსკვლავი იჯდეს. პოლიტიკოსს, კი, დამერწმუნეთ, აქ ვერ ნახავთ, თუ ეს მეტროს ახალი სადგურის ლენტის გაჭრის ცერემონია არაა ან წინასაარჩევნოდ კანდიდატს ისე გაუჭირდება, რომ თავისი პერსონის გასაპიარებლად ოპერატორთან ერთად ნიუ იორკის მეტროს “ჩააკითხავს”.



ია მერკვილაძის ფოტო

“ბაღნარის შტატიდან” – ნიუ ჯერსიდან ნიუ იორკის უოლ სთრითისკენ 300-ათასიანი ჯიპით წამოსულმა თეთრსაყელოიანმა ამ ფინანსურ უბანში შესაძლებელია მანქანა უბრალოდ ვერ დააყენოს პარკინგზე, ამიტომ ავტომობილს დანიშნულების ადგილიდან მეტროს სამი–ოთხი სადგურის მოშორებით აჩერებს და მერე მეტროთი უვნებლად მიდის, თავის ნიანგისტყავიან ან სულაც ეკოქსოვილიან ჩანთაში ჩალაგებული ასი კილოგრამი ოქროს ზოდების ღირებულების დოკუმენტებით, “გუჩის” ხუთი ათასდოლარიანი შარვალ-კოსტიუმით და სახეზე ფლორიდული, კერძოდ კი “მაიამი ბიჩის” რუჯით. ბრუკლინის „ბრაიტონ ბიჩის” მზის რუჯს რახან ვცნობ ე.ი. განსხვავების დაჭერა შემიძლია. დამერწმუნეთ, ნამდვილად განსხვავდება. სქელჯიბიან წარმატებულებსა და შეძლებულ „სელფ მეიდებს“ ამ სიძვირეების გარეშეც ვცნობ და სულაც არაა აუცილებელი “ეირ ჯორდანები” ეცვათ ანდა გაზეთ “ფაინენშელ თაიმსის” მოვარდისფრო, დიდი ფურცლები აშრიალონ. წესით, ჩემთვის ამ გაზეთის მფურცლავებიც ეგზოტიკა და “ძველი სკოლაა”. ტოტალური გაციფრების პირობებში ვინღა ყიდულობს ქაღალდის ზეწრებს, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან ასეთი ფრიკები. ანტიკვარული კულტურული “გადმონაშთის” – ქაღალდის მედიის ტრადიციის სარანგობის გარდა, ისინი ფოტოგრაფისთვის ყველაზე კარგი ობიექტები არიან. მათთვის ფოტოს გადაღება მარტივია. ვერ გხედავენ და მათ სახესაც ვერ ხედავ…. ერთგვარი ლაბუტინისფეხსაცმლებიანი მედია, უფრო სწორედ, ფეხი ფეხზე გადადებული.

ნიუ იორკის მეტრო უფრო მეტია, ვიდრე ქალაქის მიწისქვეშა მოდელი. იგი დემოკრატიის იდეაა, ერთგვარი დემო–კონცეფცია, რომელსაც ვერავინ ვერასდროს მიბაძავს და ვერც გაბედავს. უფრო სწორედ, იგი პერპენტუმ მობილე კონცეპტუალური არტია თავისი არასიტყვიერი ტექსტის კულტითა და პიროვნების “გაყოფით”. მე თვითონ, მაგალითად, სრულიად სხვა ვარ მატარებლის მანჰეტენის სადგურებზე და სულ სხვა – ბრუკლინისაზე, განსაკუთრებით თუ მატარებელი “ბრაიტონ ბიჩს” – ამერიკულ საბჭოეთს, სახელმწიფოს სახელმწიფოში უახლოვდება.


კონი აილენდის ლუნა პარკი მატროს ვაგონიდან. ია მერკვილაძის ფოტო

რით არაა უნიკალური პერფორმანსი მანჰეტენიდან კონი აილენდისკენ, მაგალითად, Q მატარებლის ხაზის სადგურზე “პროსპექტ პარკი” ვაგონში გეორგიევსკის ლენტით “დამშვენებული”, იღლიებშიდამარილებული, კისერთან გაცრეცილპიჯაკიანი ასაკოვანი კაცი (სავარაუდოდ ავღანეთის ომის ვეტერანი) გაღეღილ გულმკერდზე დიდი რკინის ჯვრით, ფეხებს რომ გაჩაჩხავს, რკინის ბოძს ზურგით მიეყრდნობა, აკორდეონს გადაწელავს და სიგარეტისგან და სმისგან ჩახრინწული ხმით რუსულებს იწყებს: “ბუგალწერ, მილი მოი ბუალწერ, ვოტ ონ ტაკოი, ტაკოი პროსტოი” ანდა “ნა ვერნისაჟე კაკ ტო რაზ, სლუჩაინა ვსტრეწილა ია ვას“… ეს გულისშემაღონებელი გზავნილი წარსულიდან ყურსასმენებში დაბუდებულ, ჩემ საყვარელ ნინა სიმონეს ეგრევე, ერთი სნაიპერული გასროლით “კლავს” და ვგრძნობ, როგორ მეწყება სუსტი სპაზმი მიზანთროპიის შეტევით, საბჭოური ანთროპოლიგიური უაზრობის განცდის “ფლეშბექით”, სისტემის სიდამპლის მძაღე გემო–სუნის აუტანელი შეგრძნებით…

ჩანთაში საზამთროს საღეჭ რეზინს ვეძებ და ყურებს თითებით ვიცობ, რომ ასე მაინც გავავლო ზღვარი – თავი დავიცვა ამ ვერასდროს მოშორებული დემორალიზირებული პრიმიტიულობისგან, გულისამრევი ვულგარიზმისგან, რომელსაც ამ “უპრეტენზიო” გარმონიკის გადღაბნილი, უხეში, გალოთებული ხმების “იდეოლოგიური შემოჭრის” მუდმივი თანმდევია. მაგრამ ზომები დაგვიანებულია. ხასიათი კი – გაფუჭებული. კარი იხურება და ქალის/ კაცისტემბრიანი ავტომატის ხმა იმ დღეს მეორმოცედ თუ მესამოცედ დაუღლელად იმეორებს: Stand Clear of the Closing Doors, Please… მანამდე კი ორი ნოტის მონაცვლეობის “სტოკატო” – ლა, სოლ ისმის და ისევ გზაში ხარ ამ საბჭოეთის თეორია – პრაქტიკების ალუზიებთან, როგორც ბედისწერასთან, ისე ჩაკეტილი.

ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მანჰეტენის სადგურების სტილისტიკა და აურა ცხოვრების დინამიზმს, ადინამიურობასაც და ქალაქის ამინდს/უამინდობას მყისიერად მაგრძნობინებს. იგი ერთგვარი მაცოცხლებელი, მოკლეხნიანი ელექსირივითაა, რომელიც საქართველოში ანდა სხვა ევროპულ ქვეყნებში მეტროს რემინისცენციებს არაფრით მაგონებს. არა ვაგონში შანელის სურნელის, ანდა რომელიმე ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა ოდნავი შეგრძნებით, ანდა სნობი “თეთრსაყლოებიანების” გამო, არა. უბრალოდ, რაღაც ნიუანსებში ჩახლართული ინტონაციასავით, არეტა ფრანკლინის ნამღერის I Say a Little Prayer დრაივივითაა, რომელითაც ჰაერი ყოვლისმომცველად იჟღინთება. ორ სამყაროს (ეს სამყაროები იმდენია, რამდენი სამეზობლო რაიონიცაა ქალაქში, მაგრამ მე მხოლოდ ბრუკლინ – მანჰეტენის “სპეცილისტად” გამოვდგები). ერთგვარი ცენტრიდანულ–ცენტრისკენული განცდა მაშინვე მიჩნდება, როგორც კი სადგურებს: “დეკალბსა” და “კანალ სთრითს” შორის აღმოვჩნდები. ეს ადგილი ჩემთვის ორი პლანეტის დამაკავშირებელ/გამყოფი ხიდია. აქ მატარებელი მდინარე “ისტ რივერის” თავზე, მანჰეტენის ხიდზე (Manhattan Bridge) გადადის და ორი და მეტი კლასის თანაარსებობა ირვინ შოუს “მდიდარი, ღარიბის” პროლოგ–ეპილოგს ემსგავსება. ამ თითქმის ხუთწუთიან შუალედში, როცა ხიდის რკინის მორბენალ ვეებერთელაჭანჭიკიან “ტიხრებს” შორის შეგიძლია წყალი, მზე, მთვარე, გემები, ნავები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, მინაზე წვიმის წვეთები, მოყინული “იისფერი თოვლი” და ცათამნჯენებზე მაღალი ამწე კრანები დაინახო, პიროვნების გაორება გეწყება ამ ორ “უნივერსის” – მანჰეტენისა და ბრუკლინის არსებობის გამო.


ამ შეგრძნებას კი ტვინი ასე ხსნის: მანჰეტენზე იმას ფიქრობ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყავი და შეიძლება გახდე, ანუ კიდევ გაქვს შანსი, ხოლო ბრუკლინში – ვინ შეიძლება ყოფილიყავი და ვინ ვერ გახდები ვეღარასოდეს ანუ შანსი არა გაქვს… ამ რეალიზმის განცდას კი ყოველ ჯერზე ჯიმ მორისონის The End-ის ჟღერადობა აქვს და ამ ასოციაციას უკვე წლებია ვერაფრით ვიშორებ.



ია მერკვილაძის ფოტო

მანჰეტენზე გამოუყენებელი ოცნებების გამოყენების გჯერა. ბრუკლინში – არ. ეს ხიდი ერთგვარი არაანტაგონისტური კლასობრივი გამყოფიცაა… ბრუკლინში უმეტესად არათეთთრსაყელოიანები, ძალიან არათეთრსაყელოიანები, ლურჯსაყელოიანები ცხოვრობენ, სუფთა და საღებავებით დალაქავებული ჯინსიანები და კიდევ ძალიან არალურჯსაყელოანებიც, მაგრამ არა თეთრთეთრსაყელოანები. ეს უკანასკნელები კი განსხავდებიან მხოლოდ ერთხელ “თეთრებისგან”. კი, რთულია ამ განმარტებებში და “კლასობრივ განშტოებებში” გარკვევა და თუ გინდათ ნიუ იორკული საზოგადოების ანატომიას სრულად ჩაწვდეთ, ჩამოდით და აქ იცხოვრეთ. სიტყვიერად ამ ჩახლართული სისტემის ახსნა შეუძლებელია. ამ განსხვავებების დაჭერა გამოცდილებითა და ინტუიციით მოდის და დაკვირვებით – სად, როდის და რატომ ირჩევენ ადამიანები საცხოვრებელ სივრცეს, თუმცა არსებობს საშუალო კლასის, ექსტრავაგანტული მილიონრების ბრუკლინიც – ქალაქში, რომელიც ჩემთვის „ხრუშოვკებში“ ჩაპრესილი “ადამიანთა სისტემაა” ძალიან ძველი წყლის მილებით, საფოსტო ყუთების გაქურდვებით, ნარკობარიგების სამოთხით, ათასგვარი ეთნიკური მაფიის საოპერაციო ველით, ულიფტობით, საიდანაც ონკანებში “ქვიშა” მოდის და სადაც ღია და დახურულ ფანჯრებში გვირაბიდან გამოსული მეტროს მატარებლის შორეული თუ ახლობელი უბოდიშო გრიხინი ისეთივე კონსტანტაა, როგორც წუწუნი ნიუ იორკის ტენიანობაზე და დასაქირავებელი ბინის ძებნისას კითხვა – ხომაა “აპარტამენტი” მეტროსთან ახლოს, მატარებლის ხმაური ძალიან შემაწუხებელი ხომ არაა და ლიფტიც თუა… ბრუკლინში მატარებლების აბსოლუტური უმრავლესობა მიწისზევითაა. დიდი ნაწილი კი, პირდაპირი მნიშვნელობით – “ლევიტაციით” – ჰაერში.



ია მერკვილაძის ფოტო




ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძის ფოტო

“დეკალბზე” ხიდისკენ ან საპირისპირო მიმართულებით, როგორც წესი, ქუჩის აფრო–ამერიკელი მოცეკვავეები შემორბიან არანორმატიულ დეციბელებზე აყვირებული ანტიკვარით – “მაგნიტაფონებით” ან სულაც ახალ აიფონს დინამიკებს უერთებენ და იწყება… რიხიანი მისალმება, სასიამოვნო დღის/ საღამოს სურვილი და რეპი ისე ხმამაღლა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის ყურებს უახლოესი წუთების განმავლობაში რა გამოცდა ელის, დიდიან–პატარიანად ყველა ერთდროულად კრთება… მერე ვაგონის სქელ და წვრილ ბოძებზე აკრობატული ილეთები, ჭერზე სირბილი და სხეულის შესაძლებლობებისა და ელასტიურობის გაკვეთილები. მათ დანახვაზე მგზავრები თითქოს შეთანხმებით სახელოვნებო სცენისთვის სივრცეს ვათავისუფლებთ და ისედაც პერფორმანსის ტერიტორიისთვის შეუსაბამო ალაგას, მოქანავე ვაგონის თაღქვეშ ცოცხალი შოუ იწყება და თან ისეთი, როცა ყველა, ფაქტობრივად, პირველ რიგში ზის.

დაფრინავენ ადამიანების ხელები, ფეხები, ქუდები, ბენდენები, მომძვრალი სამაჯურები, ფეხსაცმელები. მოცეკვავის კიდური ჩემ სასუნთქ ორგანოს ზუსტად მილიმეტრის დაშორებით უახლოვდება და ამ დროს რატომღაც ყოველთვის მახსენდება, რომ ჩემი ცხვირის უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი ფეხის ცერა თითის ბოლო იწყება…. როცა ერთ–ერთი გიმნასტი იხრება, ყველამ იცის, რომ მეორე შორიდან უნდა გამოექანოს, ჰაერში სალტო–მორტალე გააკეთოს და პირველს გადაახტეს. ამიტომ ყველა თავის ადგილს ტკიპასავით ეკრობა და წარმატებული ილეთს ტაშით აჯილდოებს. აპლოდისმენტები განსაკუთრებით იმ ადგილიდან ისმის, ვინც იმ მოხრილის სამეზობლოში ზის. წარმატებული ილეთი იმას ნიშნავს, რომ მფრინავი შენ კალთაში არ აღმოჩნდება ანდა უიღბლო მგზავრთა ნაწილი – საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში. სულ ვფიქრობ, დავუშვათ, ამ მეორის ჰაერში ფრენის დროს მატარებელმა დაამუხრუჭა ანდა ვინმე ხულიგანმა საავარიო წითელი სახელური ჩამოქაჩა, მერე რა მოხდება? ცხადია, კარგი არაფერი. ასეთი ექსტრიმის მოწმე არ ვყოფილვარ, რაც მეტროპოლიტენის რაღაც ხარისხით “კარნეგი ჰოლობაზე” შეიძლება არა, მაგრამ ჯაზ/დისკო ბარობაზე კი მეტყველებს.





ია მერკვილაძის ფოტო





ია მერკვილაძის ფოტო

ნიუ იორკის მუსიკალურ კლუბებში მაგიდების ერთმანეთთან დგომის სიმჭიდროვესა და ნახევარმეტრიანი კვადრატის მაგიდასთან ლამის ათი ადამიანის ჯდომის კი არა – ჩაკვეხების “ილეთსა” და კლუბის ჩაბნელებას და დაბინდული პატარა სანთლების ამარა დარჩენილობას თუ გავითვალისწინებთ, მიმტანები ამ მოცეკვავეებზე არანაკლები აკრობატები კი არა, დეივიდ კოპერფილდები არიან. კორონაპანდემიამ კი საჯარო ადგილებში ადამიანთა პირადი/სოციალური სივრცის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც თანაარსებობის, ჩემი აზრით, ცივილიზებულ სანიტარულ ნორმებს მოიაზრებს, მაგრამ ადამიანების “დაშორიშორების” ეს ფორმა მხოლოდ ამ სიმჭიდროვის რეკორდსმენ ქალაქში კი არა, ზოგადადაც, უტოპიას ჰგავს.

როგორც წესი, ამ ბიჭებს შარვალი სძვრებათ, სხვადასხვა ფერის ტრუსები უჩანთ რეზინზე წაწერილი ბრენდის ანდა უბრენდობის მინიშნებით და ხშირად მთლად კარგ სპორტულ ფორმაშიც ვერ არიან, ოფლის ანდა ზედმეტი “ოდეკოლონის” მკვეთრი სუნით. არაა გასაკვირი, მთელი დღე “ფრედ ასტერი” ვერ იქნები. მართალი გითხრათ, ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი–ორჯერ ვნახე “ჯინჯერ როჯერსი” და იმასაც ცეკვისას ბიჭებთან შედარებით დრო გენდერულად არათანაბრად ჰქონდა მინიჭებული… შემოწირულობის ქუდით მოგროევება ამ ბოლო დროს პრობლემური გახდა ტოტალური დებიტ/კრედიტბარათიანობის (ახლა კი კოვიდ-19-ის ქაღალდით გადაცემის რისკის გამო ქაღალდის ფული არასასურველია) გამო. ეს მოხეტიალე არტისტები ხანდახან ვაგონიდან მხოლოდ ერთ დოლარს მოიპოვებენ და ყოველთვის მაინტერესებდა: ნეტა, ერთმანეთში ამ თანხას როგორ ინაწილებენ? ამ პოსტკორონა თუ ისევ პრემეორეტალღაკორონაპანდემიის პირობებში, როცა გვაფრთხილებენ – სოცდისტანცირება და პირბადე ცხოვრების მუდმივი თანმდევი იქნებაო, ქუჩის მოცეკვავეები პიცის ფულს როგორ მოიპოვებენ? რით დასაქმდებიან? ახლა რას აკეთებენ?



ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძის ფოტო

მანჰეტენზე ვაგონში ხანდახან ჯაზმომღერლები, ინსტრუმენტალისტები და სხვადასხვა თემის მქადაგებელ–ტრიბუნები შემოდიან და ისეთი შოუებს აწყობენ, რომ შეიძლება მართლაც დაიჯერო – ლუი, დიზი, ლუთერ კინგი არსად წასულან…

ერთხელ, დიდი ხნის წინათ, სადგურზე “ლექსინგტონ ავენიუ” ასაკოვანი აფრო–ამერიკელი ძმები შემოვიდნენ. ერთი ბრმა იყო, გამხდარი, პიჯაკი აშკარად ერთი ზომით დიდი ჰქონდა, “გაღუნული” ფეხები “ჩაგარმოშკებულ” შარვალში… მეორე კი – გვარიანად ჩაპუტკუნებული კეპით თავზე და უსაყელო მაისურზე შავი, თეთრკოპლებიანი ჰალსტუხით. პირველი შეიძლება არც იყო ბრმა, მაგრამ რაც შემოვიდა, თვალი არ გაუხელია და მატარებლის მოხვევისას მეორე მას ხელით იკავებდა, ამიტომ ვიფიქრე, რომ მხედველობის პრობლემა ჰქონდა. არ ვიცი, ისინი შეიძლება ძმები სულაც არ იყვნენ, უბრალოდ, ძალიან ჰგვანდნენ ერთმანეთს… ჰოდა, მახსოვს როგორ გავშეშდი(თ), როცა თვალდახუჭულმა (და მერე მეორეც აჰყვა) დაიწყო ბრუკლინელი კომპოზიტორის ირვინგ გორდონის და ნატ კინგ კოულის მიერ შესრულებული Unforgettable (დაუვიწყარი. 1951). მახსოვს, რომ მანჰეტენ ბრიჯზე გვირაბიდან გასვლისას ძლივს გამოვერკვიე, რომ მათ აღარ ვუსმენდი და ისე გავშეშდი, რომ ვიდეოს გადაღებაც დამავიწყდა და ფულის ამოღებაც… ისიც ვერ გავიგე რომელ გაჩერებაზე ჩავიდნენ. მას მერე ლამის ათი წელი გავიდა და არსად შემხვდნენ.



ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძის ფოტო

შარშან, თოვლიან ზამთარში, შაბათს, ძალიან ადრე, როცა, ფაქტობრივად, მთელ ქალაქს ახალდაბადებული ბავშვივით სძინავს და მეც, ისევე როგორც იქ სხვა მსხდომნი, მონოტონურად მოძრავ ვაგონში ძილის გაგრძელებას ვაპირებდი, ბრუკლინის ერთ–ერთ გაჩერებაზე თავზე მრავალსართულიან ვარცხნილობაზე უზარმაზარ შარფშემოხვეული, წელგაკავებულივით მოსიარულე, ამინდისთვის შეუსაბამო ფართხუნა, ყვავილებიანი, ნეილონის ქვედაწელიანი ასაკოვანი აფრო – ამერიკელი ქალი შემოვიდა, ფეხზე აშკარად მისთვის ძალიან დიდი ზომის სნიკერსები ეცვა, ორივე მხარზე ნაჭრის ჩანთები ჰქონდა ჩამოკიდებული, უცებ შეჰკივლა და დაიწყო ქადაგება მეორედ მოსვლისა და ცეცხლის გეენაში დაწვის უტყუარ პერსპექტივაზე… პატივს ვცემ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ, მართალი გითხრათ, იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ანდა აშშ –ის კონსტიტუცია არსებობის შეხსენება მჭირდებოდა…


“თუ გვიყვარს ღმერთი უნდა მივიდეთ მასთან!”, “თუ არა და ახლავე სულს განუტევებთ!” – ისეთი ხმით დასჭექა, რომ დარწმუნებული ვარ, თოვლის გამო გვირაბებში, ლიანდაგებზე თავმოყრილი, ზანტად მოხეტიალე ვირთხებიც კი ერთი წამით გაშეშდნენ.

ქალი კი სხეულის ენით ჩვენგან ბოროტის განდევნას რაღაც უცნაური მოძრაობით ცდილობდა… კიდევ კარგი შუბლზე ნახშირით ჯვარი არ წაგვისვა და მერე სააზროვნო ორგანოზე ხელის კვრით არ დაგვაგორა, როგორც საშინელებათა ფილმებშია… აი, მჩხიბავები თვალებუკანგადატანილ მონა/მხევლებს ამ მეთოდით რომ განკურნავენ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ვაგონში ვისაც კი რაიმე სადარდებელი ჰქონდა, ამ ქალმა მაშინვე დაგვავიწყა… მერე ბოძის გარშემო სირბილი დაიწყო, წინ და უკან ქანაობდა და თან ისე, რომ მხრებზე გადაკიდებული ჩანთები აფრებივით იშლებოდნენ. ისტერიულ “ფაზაში” შესული გვამცნობდა, რომ ამ “ტრეინით” ყველანი იესოსთან პირდაპირ მივემგზავრებოდით. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა, მეორე ვაგონში ხომ არ გადავბარგებულიყავი, თუმცა იმის არანაირი გარანტია არ იყო, რომ ეს ქალი თავისი სიტყვის თავისუფლების მონაპოვარს იქაც არ გამოიყენებდა … მერე კი ისეთი “ულტრამემარცხენე“ და ანტიჩიპური ტექსტები გაუშვა, ჯერ ლენინის რეინკარნაცია მეგონა, მერე “ასავალ–დასავლის” გადაცმული რედაქტორი, მერე ნაომ ჩომსკის (რომელთანაც წლების წინ ინტერვიუზე მოლაპარაკება მქონდა. ის მიმოწერაც შენახული მაქვს) ფანატიკოსი, ბოლოს სადღაც მილიონრების, ანუ მეხუთე ავენიუს გაჩერებაზე ქონების გადანაწილების აუცილებლობაზე, 11 სექტემბერზე, როგორც სასჯელზე და ბაშარ ასადისა და პუტინის დასჯაზე ისაუბრა, უფრო სწორედ, იყვირა… რა ლექციაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ამგვარი პათეტიკით ანტიისტორიის ასეთი შემჭიდროვებული კურსი არსად მომისმენია და ვერც ვერასდროს მოვისმენ. ჩემ წინ ახალგაზრდა გოგო–ბიჭი ერთმანეთში ცხვირჩარგულები სიცილით კვდებოდნენ. მე ჩავედი, მატარებელმა კი თავისი მგზავრებით – ერთ ადგილზე მხტუნავი, დილის კასანდრათი და მოგუდულად მოკისკისე წყვილით გვერდით ჩამიქროლა…



ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძე

ნიუ იორკის მეტრო – ცხოვრების ეს სოციალური გეოგრაფია უფრო ვერ მიყვარს, ვიდრე – არ. ალბათ, უფრო “ნეიტრალური” გრძნობით ვარ, მაგრამ ახლა, ამ თითქმის სამთვიანი იძულებითი განშორების გამო, მის გადამლაშებული, საშინლად არარომანტიულ, არამხატვრულ უწესრიგობას სევდიანი ნოსტალგიით ვიხსენებ. განა თავად მატარებლები მომენატრა, ცხადია არა, არამედ – ადამიანები, წიგნის, ოპერის, ბროდვეის შოუს და კინოს პერსონაჟები, ნორმალურები, ფსიქოპათები და ეს უფასო ჯაზ/დანს ფესტივალები. ნეტა “საბვეი” თავის ჩვეულ სახელოვნებო ცხოვრებას დაუბრუნდება? თუ უკვე ის დრო დადგა, როცა მხოლოდ ჩემ მიერ გადაღებულ ფოტო/ვიდეო არქივი უნდა ვათვალიერო, როგორც უნიკალური არტეფაქტების ალბომი?!

ადრე ქუჩის მოცეკვავეებს ბაქანზე თუ ვაგონში თვალებდაჭყეტილი, გახარებული ვუყურებდი, ვიდეოს, ფოტოს ვუღებდი და ტაშსაც, მგონი, ყველაზე ხმამაღლა ვუკრავდი. ახლა კი, არც გავხედავ, უბრალოდ სკამის ზურგს ავეკრობი ხოლმე, რომ მოქნეული ჟაკეტის ღილი თვალში არ მომხვდეს და “პირველი განყოფილების” დასასრულს თუ საფულეში დოლარიანი მოვიქექე, ქუდში ჩავუგდებ, მისალმებისთვის გაწვდილ მუშტს ჩემი მუშტს დავუხვედრებ (ალბათ, ამგვარი მისალმების ეპოქა დასრულდა), ტაშს კი მექანიკურად, მოვალეობის მოხდის მიზნით, ზანტად ვუკრავ. მივეჩვიე ვაგონებში ეგზოტიკურ და არაეგზოტიკურ არტისტებს, უფასო მექსიკურ ესტრადას, ლეონარდ კოენის “ჰალილუიას” მილიონნაირ ჟღერადობას (ერთი კოენისტი მომღერალი ფეისბუკზეც კი დავიმეგობრე და გამიხარდა, რომ მასთან ორი საერთო ქართველიც აღმოვაჩინე), მსოფლიო კლასიკისა და როკ–ჯაზჰიტების წესიერ და უსინდისო ინტერპრეტაციებს, ადამიან–ორკესტრებსა და ადამიან – კარაოკებარებს. ინტერესი დავკარგე. ალბათ, წლებისა და გადაღლის ბრალია. ძირითადად ბრუკლინისკენ ჩემთან ერთად ჩამსავით მისავათებულები სხედან და თუ ვინმე საჯარო ხელოვნების ამ მუშაკებს ტელეფონის კამერას მიუშვერს, 99-პროცენტიანი დარწმუნებით გეტყვით, რომ ტურისტია ანდა ტელეფონში თავისუფალი ადგილი ბევრი აქვს და “მემორისაც” და თავისუფალ დროსაც ასე ავსებს…



ია მერკვილაძის ფოტო



ია მერკვილაძის ფოტო

ერთადერთნი, ვინც ტელეფონის ეკრანს მწყვეტს, არიან რეპერ–ბრეიკდანსერების ხმაურიანი წარდგინებისგან ძალიან განსხვავებულები, როგორც წესი, ვაგონში უჩუმრად, მოკრძალებით შემოსული ინკების შთამომავლნი. მკაცრი, სევდიანი, თითქოს უგრძნობნაკვთებიანი სახით; ისინი შუაზე გაყოფილი გრძელი, მბზინვარე შავი თმებით, გრძელი ნაწნავებით, ეთნიკური ორნამენტების პანჩოებით აბორიგენების მოსიარულე მუზეუმის ექსპონატებს ჰგვანან. მათ მხოლოდ მაშინ აქცევ ყურადღებას, როცა “ბამბუკის მელოდიის” პირველ ჰანგებს ყურს მოჰკრავ. გულთან მიხუტებული პან ფლეიტის, იგივე სოინარის მილებში “ჩაბერვით” ვაგონში ტროპიკული წვიმების სიგრილე; გორაკებზე შეყოვნებული, ძილბურანში მყოფი მზე; ცვრიან ბალახებში მორიგეობით მოხმაურე კალიების სოლო; ბრაზილიური ყავის მქრქალი სურნელი იფრქვევა და პირში ალაგ – ალაგ დანახშირებული, დამარილებულ–დამდნარ კარაქიანი შემწვარი სიმინდის გემოს გრძნობ. რეპერტუარი კი აუცილებლად იწყება პერუანული ზამზუელათი El Condor Pasa (“კონდორის ფრენა” 1913), რომლის ავტორია პერუანელი კომპოზიტორი დანიელ ალომია რობლესი. ბევრს ეს სიმღერა დიდი ხნის განმავლობაში ხალხური ეგონა. მათ შორის, პოლ საიმონსა და არტ გარფუნკელსაც. არც ისე დიდი ხნის წინათ კი ეს კომპოზიცია ქვეყნის ეროვნული კულტურული ძეგლი გახდა.


თმებში ფრინველის ფერად ბუმბულებდამაგრებული ალუზია – მუსიკოსები ხის კონუსისებრი თუ მრგვალი მილებით ჰაერის ისეთ ნაკადს ქმნიან, თითქოს ამ მეგაპოლისის მიწისქვეშეთიდან ძალიან შორს ანდების თავზე მოლივლივე, უზარმაზარფრთებიან “ჩიტს”, ანდების კონდორს მაგიურად ეხმარებიან, საჭირო ენერგიით ამარაგებენ, რომ ამ თითქმის სამმეტრიანმა გიგანტმა თავისი შავი იალქნებივით ფართე ფრთები რაც შეიძლება დიდხანს არ გაანძრიოს და გავარვარებული დისკის ოქროსფერ სხივებში ინებივროს – ილიცლიცოს…

ამ დროს ვგრძნობ, რომ მეტყველებას გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესის ენაზე ვიწყებ…. რეალურად კი მეხსიერებაში ვეძებ სიტყვებს, რომელითაც მას მივესალმებოდი და დავემშვიდობებოდი. მაგალითად, Hola (გამარჯობა) და Ciao, Adios (ნახვამდის, მშვიდობით). მაგრამ ეს სიტყვები ძალიან ინტერნაციონალურია. აი, რამე ისეთი მინდა, ძალიან მკვეთრი, დაკორძებული და ხიხინა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს სიტყვა “სანტა”… სანტა მარია დელ რაღაც–რაღაც. მაგალითად, “სანტა კრუზ დელა სიერა” ანდა “სან იგნასიო დე ველასკო”. თუ არ ვცდები, ანდების სარტყლის ქალაქებია, მაგრამ ისე ჟღერს, როგორც ჯიბრიანი, სასიკვდილო სიყვარული და მტანჯველი, ვენდეტას ჩამფიქრებელი ეჭვიანობა. და კიდევ “ელ კრისტო დე ლა კონკორდია” – ბოლივიაში ქრისტეს ძეგლის სახელი. იგი ქართულად “მშვიდობის ქრისტეს” ნიშნავს, ისეთი ცნობილი არაა, როგორც მასზე მაღალი, რიო დე ჟანეიორელი “ქრისტე რედანტორი” (ქრისტე მხსნელი), მაგრამ ჩემ მეხსიერებას პირველის, ბოლივიელის სახელი უფრო ადრე ახსენდება, ვიდრე – ბრაზილიელის. ალბათ, რახან პირველი ასეთი მჟღერია… მარკესი ძალიან შორსაა, ამიტომ შეიძლება ეს სიტყვები მარიო ვარგას ლიოსამ უფრო გაიგონოს და თუ ამ თანხმოვნებს მკვეთრად, დამარცვლით გამოთქვამ, ავტოპილოტით ეგრევე პერუს რომელიღაც მაღალმთიან სოფელში აღმოჩნდები… პრინციპში დალაპარაკება ქართულადაც შეიძლება, ჩვენი ენაც ხომ ხიხინაა. უბრალოდ, ლიოსა ჩვენსას ვერ გაიგებს. “კონდორის ფრენამ” და ესპანურენოვანობის შეტევამ პერუს მერე ევროპაში მომისროლა, სადაც (ისევე, როგორც ამერიკაში) ანდების მუსიკას “რელაქს” გარემოს შესაქმნელად იყენებენ სხვადასხვა ტიპის თავის მოვლის/სილამაზის კაბინეტებში… შორეულ ბავშვობაში ლიონ ფეიხთვანგერის “გოიაში” წაკითხული ესპანელი კაეტანა ალბას ლამის ნახევარგვერდიანი სახელი წამომიტივტივდა. მახსოვს როგორ მომწონდა ეს სახელები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ერქვა და მიკვირდა, რატომ არ გვერქვა ჩვენ ერთზე მეტი, თუმცა ახლა აზრი შევიცვალე. ერთიც სავსებით საკმარისია. მახსოვს კაეტანას სრული სახელი რამდენჯერმეც კი წავიკითხე და რამდენიმე დავიმახსოვრე კიდეც… მარია დელ პილარ ტერეზა კაეტანა დე სილვა ალვარეზ დე ტოლედო….



ია მერკვილაძის ფოტო

ნიუ იორკის მეტროს თაიმს სკვერის გაჩერებაზე, როცა მიწისქვეშა მაღაზიები იკეტება, საღამოს ხანს ინკების იმპერიის “სულები” ძეგლებივით ამოისვეტებიან ხოლმე, ანდური მუსიკის CD-ს ჰყიდიან, კალათაში კი შეგიძლია ფული ჩაუჩხრიალო. ეს კონცერტები ლეგალურია – მომღერლების უკან გადაჭიმულ ბანერზე წარწერა იმას გამცნობს, რომ აქ მუსიკალური ადგილის დაკავება “საბვეის” ადმინისტრაციასთანაა შეთანხმებული. ნეტა რა წერია ხელშეკრულებაში? აბა, სადაც ასეთი სერიოზული ბანერია, იქ ვერბალურ შეთანმებას ვინ დაჯერდება? სამაგიეროდ, მე შემიძლია მათ მხოლოდ სიტყვიერად, თან ესპანურად ვუთხრა რამდენიმე სიტყვა ჩემი სუპერმწირი ლექსიკონიდან – Bella, Grande, Bella, Grande, Excelenete! პასუხად კი “უკანასკნელმა მოჰიკანებმა” ღიმილის გარეშე წაიჩურჩულონ Gracias და თავი დამიკრან… ღმერთმა უწყის რამდენჯერ გავჩერებულვარ და “ანდების ჰიმნზე” საიმონისა და გარფუნკელის სიტყვები წამიმღერია – “ვისურვებდი ვიყო ბეღურა, ვიდრე ლოკოკინა…ჰო, რომ შემეძლოს, რომ შემეძლოს…”…



ია მერკვილაძის ფოტო

ზაფხულის თაიმს სკვერის სადგური (42 ქუჩისა და მერვე ავენიუს გადაკვეთა) “სიკვდილ–სიცოცხლის” ადგილია, რადგანაც ამ სეზონზე აქ ნატურალური ჯოჯოხეთის კუპრი თუხთუხებს, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა ჩაიარო ამ ბამბუკის სალამურებთან, ყოველთვის ცივ, ყინულიან წყალს, ჟანგბადის ღვარს გრძნობ. აი, გავარვარებული გაყინული წყლის კუბიკების მასაში რომ ჩახტე, თავისი ხმოვანი ეფექტით. ის შეგრძნებაა, ეგვიპტის მუმიასაც რომ გააცოცხლებს… ყოველთვის მიკვირს ასეთ ხვატში არტისტები ამ თავის აბორიგენულ ორნამენტიან, ცხვრის რომელიღაც ჯიშის შალის პანჩოებში და ჭილის გრძელკალთებიანი ქუდებში როგორ სუნთქავენ? ალბათ, მათთვისაც იმიჯია ყველაფერი, ანდა, როგორც პერუანელები მათი დიქტატორის, ალბერტო ფუხიმორის დროს იტანჯებოდნენ, ისე უნდა დაიტანჯონ ანდა სულაც შეიძლება სიცხე/სიცივის შეგრძნების სხვაგვარი აღქმა აქვთ ვიდრე მე. ხომ გითხარით, ეს მეტრო ნორმის გადაბიჯების ტერიტორიაა. ამ სადგურის ოხშივარით ვგრძნობ, რომ სწორედ აქაა ნიუ იორკის “საბვეის” ძველი, ცხელი გული, რომელიც პერიფერიისკენ სისხლძარღვოვანი, ასობით კილომენტრიანი ქსელის დასაბამია… ზოგი კანთან ახლოს, ზოგი უფრო ღრმად იტოტება და ერთი შეხედვით დაუკავშირებელ ორგანოებს, ნერვებსა და კუნთებს ერთ სხეულად აქცევს. მისი 424–ვე სადგური კი “უძღები შვილებია”, რომლებიც ვერსად მიდიან და არც დაბრუნება უნდათ…

29.05.2020
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment