2 აპრილს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად [193 ქვეყანა] მიიღო რეზოლუცია [Global Solidarity to Fight the Coronavirus Disease 2019 (COVID-190], რომელიც აღიარებს კორონავირუსის პანდემიის „უპრეცედენტო შედეგებს“ და წევრ-სახელმწიფოებს COVID-19 – ით გამოწვეული დაავადების შეჩერების, შემცირებისა და ლიკვიდაციისთვის „საერთაშორისო თანამეგობრობის აქტივიზაციისკენ“ მოუწოდებს.
კორონაპანდემიის თემაზე გაეროს ეს პირველი რეზოლუცია მოიცავს მოწოდებას გლობალური სოლიდარობასა და კრიზისის დაძლევასკენ „ინფორმაციის გაცვლით, სამეცნიერო ცოდნითა და მეწინავე გამოცდილებით; ასევე შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენებით, რომელსაც გაეროს სააგენტო – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს“.
რეზოლუცია აღნიშნავს იმას, რომ COVID-19 -ის აფეთქება საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და იწვევს საზოგადოებისა და ეკონომიკის ნგრევას, ასევე ტურიზმის, ვაჭრობისა და ადამიანთა საარსებო წყაროების მოშლას, „პანდემიის შედეგად მოსახლეობის უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად ფენებს დიდი ზიანი მიადგებათ და კრიზისის შედეგები განვითარებისა და პროგრესის ასე ძნელად მოპოვებულ მიღწევებს უკან შეაბრუნებს”.
ნელსონ მანდელას ქანდაკება გაეროს შტაბ-ბინის შესასვლელში. ია მერკვილაძის ფოტო
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ პანდემიის დროს მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების სრული პატივისცემა. დაუშვებელია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა, რასიზმი და ქსენოფობია; ასევე, აღნიშნავს კრიზისის დაძლევაში ფრონტის წინა ხაზზე მდგომთა და მთავრობათა ძალისხმევის მნიშვნელობას.
რეზოლუცია გაეროს გენმდივანს მოუწოდებს სათავეში ჩაუდგეს პანდემიაზე გლობალური რეაგირების კოორდინაციასა და მობილიზაციას მისი ნეგატიური სოციალური, ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოსაფხვრელად.
„ცხადია, ჩვენ ამ ვირუსს მთელი მსოფლიოს გადასარჩენად უნდა ვებრძოლოთ და ყურადღება მივაქციოთ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით დაშავდნენ: ქალებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, დაბალი შემოსავლის ადამიანებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს, არაფორმალურ სექტორსა და მოწყვლად ჯგუფებს“ – განაცხადა გაეროს გენმდივანმა ანტონიო გუტერეშმა.
იმავე დღეს გენასამბლეაზე რუსეთმა ვენესუელის, კუბის, ნიკარაგუასა და ცენტრალური აფრიკის თანასპონსორობით შემოიტანა კორონავირუსის თემაზე მეორე რეზოლუციის პროექტი, რომელიც აშშ–მ, ევროკავშირის ქვეყნებმა, ბრიტანეთმა, საქართველომ და უკრაინამ ჩააგდეს.
კახა იმნაძე
რეზოლუციის პროექტი დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან, რომ არა ერთი „შეუმჩნეველი“ დეტალი. „რუსულ ვერსიაში“ ეწერა, რომ „ქვეყნებს თავი უნდა შეეკავებინათ სავაჭრო ბარიერების მომატებისგან, ექსპორტის ახალი შეზღუდვების დაწესებისგან ან პროტექციონიზმისგან და დისკრიმინაციული ზომებისგან, რომელიც მიუღებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისთვის; ანდა ისეთი ცალმხრივი, იძულებითი ზომებისგან, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს მანდანიტი არ ითვალისწინებს. მაგალითად, ასეთია კონფლიქტში მყოფ ქვეყნებს შორის ეკონომიკური სანქციები, რომელიც მთავრობების მიერ გაეროსა თუ ეუთოს თანხმობის გარეშეც წესდება.
ცნობილია, რომ აშშ–ს მხრიდან არსებობს ეკონომიკური და სხვა სახის სანქციები ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა რუსეთი, ვენესუელა, კუბა, სირია, ირანი, ნაურუ [აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო] და ჩრდილოეთ კორეა. ნორმალურ პირობებში რეზოლუციები კენჭისყრაზე დადგებოდა, მაგრამ გამომდინარე იმ განსაკუთრებული ზომებიდან, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის გამოა დაწესებული, გაეროს შენობაში სხდომები დროებით აღარ იმართება და ყველა ონლაინ/დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული, გაეროს სისტემაში ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში კენჭისყრის მექანიზმი კი არ არსებობს. ამიტომ ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რეზოლუციები მიიღება მხოლოდ ე.წ. დუმილის პროცედურით, ანუ კონსენსუსით.
6 აპრილს კი უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩებმა: უილიამ ტეილორმა, სტივენ პაიფერმა და ჯონ ჰერბსტმა წარადგინეს უკრაინაში ომის დასრულების თავიანთი გეგმა. მათი აზრით, რადგანაც კორონავირუსის პანდემია და ნავთობზე ფასების დაცემა კრემლზე უშუალოდ ზემოქმედებს, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის მიმართ სანქციები იმ შემთხვევაში უნდა გააუქმონ, თუ რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს.
„ტრამპმა და კონგრესმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რადგან ომი დიდ ზიანს აყენებს რუსეთის, ევროპის, დასავლეთის უსაფრთხოებასა და მსოფლიოს, რომელსაც კანონები მართავს და არა – იარაღის ძალა“ – აღნიშნულია სამი ავტორის მიმართვაში.
რა საშიშროებას შეიცავდა რუსეთის მიერ წარდგენილი პროექტი ზოგადად და კერძოდ, საქართველოსთვის? – ვკითხე გაეროში საქართველოს ელჩს კახა იმნაძეს.
კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვქონდა ერთი რეზოლუცია წარდგენილი – ე.წ. „სინგაპურის რეზოლუცია“, რომლის თანასპონსორები ანუ თანაავტორები ჩვენც ვიყავით. და ეს რეზოლუცია გავიდა – საბოლოოდ 188 ქვეყნის თანასპონსორობითა და 193 – ის მხარდაჭერით, რაც, მართლაც უპრეცედენტოდ დიდი რიცხვია. რაც შეეხება რუსეთის რეზოლუციას, გარდა იმისა, რომ იქ იყო უკვე ჩვენ მიერ დასმული საკითხების გარკვეული დუბლირება, ასევე აშკარად იკვეთებოდა მცდელობა ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირებისა და COVID–19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის საბაბით ვიწრო ეროვნული ინტერესების გატანის, რომელიც რუსეთის, სირიის, ვენესუელის წინააღმდეგ დღეს მოქმედ სანქციებს უკავშირდებოდა.
ბუნებრივია, ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამას ვერ დაეთანხმებოდნენ. შესაბამისად საქართველომ, უკრაინამ, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა დაარღვიეს სადღეისოდ რეზოლუციის მიღებისთვის აუცილებელი დუმილის პროცედურა და შესაბამისად რეზოლუციის ეს პროექტიც ვეღარ გავიდა.
რაა „დუმილის პროცედურა“ სარგებელი და ნეგატიური მხარე? როდის გამოიყენება ის? ამგვარი მეთოდი მხოლოდ გაეროს აქვს თუ ეს სხვა დიდ ორგანიზაციებშიც აპრობირებულია?
ზოგადად „დუმილის პროცედურა“ გაეროს ფარგლებში მოლაპარაკებებისას აპრობირებული მეთოდია, ასევე სხვა საერთაშორისო სტრუქტურებშიც. ამ დროს ხდება ამა თუ იმ ტექსტის [დეკლარაციის, რეზოლუციის, განცხადების] შეთანხმება მოლაპარაკებების გზით, ბოლო ეტაპზე კი ტექსტის საბოლოო ვერსიაზე იწყება „დუმილის პროცედურა“, რომლის ხანგრძლივობასაც ტექსტის ძირითადი ავტორი ან მთავარი მომლაპარაკებელი განსაზღვრავს. თუკი დუმილი არ დაირღვა, ტექსტი შეთანხმებულად ითვლება, რის შემდეგაც იგი ფორმალურად კენჭისყრაზე გადის და კონსენსუსით ანუ ერთხმად [ანუ ფაქტობრივი კენჭისყრის გარეშე] მიიღება. თუკი დუმილი დაირღვა, ტექსტში შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს და იგივე პროცედურა ხელახლა დაიწყოს. და ასე მანამ, სანამ ტექსტი საბოლოოდ არ შეთანხმდება.
აქვე მნიშვნელოვანია, რომ „დუმილის პროცედურას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავთ ხოლმე, როდესაც მიზნად გვაქვს დოკუმენტის კონსენსუსით მიღება. სწორედ ამიტომაც გადის ტექსტი ამდენ ჩასწორებას, რომ იგი ყველასთვის მისაღები იყოს. სხვა შემთხვევაში, და ეს ეხება ყველა არაკონსენსუალურ რეზოლუციას, იგი უბრალოდ კენჭისყრაზე დგება და ხმათა უმრავლესობით მიიღება.
რადგანაც COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო ნიუ იორკში დროებით დახურულია ყველა დაწესებულება [გარდა სასიცოცხლოდ აუცილებლისა, ანუ საავადმყოფო, პოლიცია, ფოსტა, საკვები პროდუქტების მაღაზია და ა.შ.], დროებით, უსაფრთხოების მიზნით შეკრებები გაეროს შენობებში არ იმართება. ორგანიზაცია და იქ აკრედიტებული მისიები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ. ცხადია, ერთმანეთთან ელექტრონული კომუნიკაცია გვაქვს და მხოლოდ ვიდეო-ტელე-შეხვედრები. რადგან გაეროს გადაწყვეტილებები რეზოლუციებით მიიღება, ხოლო რეზოლუციის მიღების პროცედურა ითვალისწინებს კენჭისყრას [ანუ კონსენსუსს, რის გამოც კენჭისყრა აღარ ტარდება], შექმნილ ვითარებაში მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება, რომ სანამ მუშაობა ასეთი რეჟიმით გვიწევს, ყველა რეზოლუცია იყოს კონსენსუალური ანუ კენჭისყრის გარეშე ე.ი. ყველას თანხმობით. შესაბამისად გადაწყდა, რომ გამოვიყენებდით „დუმილის პროცედურას“, რომლის ხანგრძლივობაც განისაზღვრა მინიმუმ 72 საათით.
პროცესი იწყება იმით, რომ დაინტერესებული ქვეყანა ან ქვეყანათა ჯგუფი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც გვიგზავნის ყველას, გადის ჩვენთან კონსულტაციებს ტექსტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ტექსტის შეთანხმება – ეს ჩვეულებრივი პროცესია, ოღონდ იმ „სიახლით“, რომ ყველაფერს ელექტრონულად და ტელე-კონფერენციებით ვაკეთებთ და არა დარბაზში მოლაპარაკებებით. ამის შემდეგ კი ტექსტი დგება „დუმილის პროცედურაზე“ და თუ დუმილი არავინ დაარღვია, მიღებულად ითვლება. დუმილი თანხმობის ნიშანია. თუკი დუმილი ერთმა ქვეყანამაც მაინც დაარღვია, ითვლება, რომ რეზოლუცია ჩავარდა.
კორონას პანდემიისას როგორ მუშაობს გაერო? არსებობს თუ არა პრეცენდენტი და ქმნის თუ არა ამგვარი საგანგებო მდგომარეობა გადაწყვეტილებების მიღებისას რაიმე პრობლემას?
როგორც უკვე აღვნიშნე, გაერო და აკრედიტებული მისიები დისტანციურ მუშაობაზე ვართ გადასულნი. გადაწყვეტილებები მიიღება, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი უფრო გართულებულია ტექნიკური თვალსაზრისით და უფრო ხანგრძლივიც ხდება. ასეთი პრეცედენტი ადრე არ ყოფილა და ეს ზომაც დროებითია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, როცა პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოვალთ, გარკვეული კორექტივები მუშაობის ფორმატსა და მეთოდებში შეიძლება შევიდეს კიდეც
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment