მიხეილ ნებიერიძე ცხოვრობს გერმანიის ქალაქ აიხშტეტში და არის აიხშტეტ-ინგოლშტატის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი.
გერმანიაში როდის და როგორ მოხდა ეკლესიების დახურვა და, ასევე, როგორი იყო მორწმუნეების რეაქცია?
მარტის შუა რიცხვებში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Covid-19 ფართომასშტაბიანი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ყველა რელიგიური თავშეყრა ქრისტიანულ ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებში თუ სხვა სარწმუნოებათა გაერთიანებებში მკაცრად აიკრძალა. ამგვარი აკრძალვა სავაჭრო მარკეტებისა და სააფთიაქო ქსელის გარდა პარალელურად ყველა სხვა საჯარო დაწესებულებასაც შეეხო. გერმანიის კათოლიკურმა და ასევე სხვა ქრისტიანულ დენომინაციათა ეკლესიებმა ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და მთლიანად დაემორჩილნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებას.
ბავარიაში, სადაც მე 2015 წლიდან ვიმყოფები, მიუნხენის, ბამბერგის, აუგსბურგის და აიხშტეტის ეპარქიებმა სრულად გააუქმეს საჯარო ღვთისმსახურება. დაუზუსტებელი დროით გადაიდო ასევე აუგსბურგის ეპარქიის საეპისკოპოსო კანდიდატის, ბერტრამ მაიერის, მღვდელმთავრად ხელდასხმის საეკლესიო ცერემონია. ჩემი დაკვირვებით, ეკლესიის მრევლმა ზემოთ აღნიშნულ ეპარქიებში ეკლესიის ამგვარი გადაწყვეტილება საკმაოდ ადეკვატურად მიიღო და ამ კუთხით, რამდენადაც ვიცი, დღემდე მკვეთრი საჯარო პროტესტი არავის გამოუხატავს. გერმანიის ეპისკოპოსთა კრების მითითებით მომზადდა ინტერნეტგვერდი, რომელიც ყველა სხვა ეპარქიებში არსებულ სიტუაციებს აჯამებს, გვთავაზობს ღვთისმსახურების online ტრანსლაციას და დაინტერესებულ პირებს ვირუსისაგან თავის დაცვის სხვადასხვა მითითებებს აცნობს.
როგორ დაახასიათებდით საერო და რელიგიური ძალაუფლების ურთიერთმიმართებას გერმანიაში და როგორ ხდება მისი რეგულირება?
გერმანიაში საეკლესიო ხელისუფლება საეროს ჯერ კიდევ 1919 წელს, ქალაქ ვაიმარში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოეყო. ბარმენში 1934 წლის 31 მაისს შეკრებილმა სინოდმა კი მიიღო თეოლოგიური დადგენილება, რითაც ეკლესიის სახელმწიფო საქმეებში იმგვარი ჩარევა, რომლითაც ეკლესია შესაძლოა სახელმწიფოს რიგით ორგანოდ იქცეს, დაგმო.
თუმცა ეს მკაცრი სეკულარიზმი გერმანიაში არ გამორიცხავს ეკლესიისა და ხელისუფლების გონივრულ თანამშრომლობას, რაც მაგალითისათვის გამოიხატება იმაში, რომ ეკლესია მთავრობას სახელმწიფოში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში აქტიურად ეხმარება.
როგორ ფიქრობთ, რაზე იყო დამოკიდებული ეპიდემიაზე რეაქციის ოპერატიულობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საეკლესიო ელიტის, მრევლის განათლება?
გერმანიაში ეკლესიის მხრიდან პანდემიაზე ოპერატიული და ადეკვატური რეაქცია ზუსტად ეკლესიისა და სახელმწიფოს ჯანსაღმა სეკულარულმა ურთიერთობამ განაპირობა. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ რიგში საეკლესიო მაღალ იერარქებს საერო კანონმდებლობის უზენაესობა აქვთ გათავისებული, რაც თავის მხრივ ქვეყნის განურჩევლად ყველა მაცხოვრებლისა თუ ინსტიტუციის კანონთან თანასწორობას გულისხმობს და ყოველგვარ ცალკეულ გამონაკლისსა და პრივილეგიებს გამორიცხავს. ეს კი არის უმთავრესი (და არა ერთადერთი) წინაპირობა მორწმუნეთათვის, რათა მათაც ამგვარ სიტუაციებში მაღალი სამოქალაქო და რაციონალური თვითშეგნების გამოჩენა შეძლონ.
თქვენი დაკვირვებით, პრობლემაზე რეაგირების სიჯანსაღეზე ქვეყნის წყობას ჰქონდა მნიშვნელობა?
როგორ უკვე ეს ზემოთ ნაწილობრივ აღვნიშნე, პრობლემაზე პოზიტიურ რეაგირებაში ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა კურსმა და ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაბალანსებულმა, ჯანსაღმა სეკულარულმა ურთიერთობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მოცემულობა, გარდა ლიბერალური დემოკრატიისა, პრობლემის მოგვარების მაქსიმალურად ჯანსაღ შესაძლებლობას არ გვაძლევს, რისი მაგალითიც ამ შემთხვევაში საქართველოა. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჩიხში შეიძლება შევიდეს სახელმწიფო, როდესაც კონსტიტუცია ქვეყნის მოწყობის de jure სეკულარულ პრინციპს გვთავაზობს, ხოლო მისი de facto პოლიტიკური ნაბიჯები აშკარა თეოკრატიულ ნიშნებს შეიცავს.
როგორ ფიქრობთ, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან და როგორია თქვენთვის იდეალური ეკლესია?
გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დაფინანსება და ყოველგვარი მატერიალური სუფსიდირება ისტორიულ ჭრილში ყოველთვის ნეგატიური ნაყოფის მომტანი გახლდათ, მე მას არ მივიჩნევ მართებულად. გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარი ურთიერთობა ადრე თუ გვიან ყოველთვის დაფარული პოლიტიკური სპეკულაციების, კორუფციის და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ამორფული კავშირით მთავრდება, რაც თავის მხრივ ვნებს როგორც ამ ორივე ინსტიტუციას, ასევე ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად მათი მრწამსისა და რელიგიური მიკუთვნებულობისა.
იდეალური ეკლესიის მაგალითი 2016 წელს კრეტაზე შეკრებილი დიდი და წმინდა კრების დოკუმენტებში შეიძლება აღმოვაჩინოთ. კრების განჩინებებში ვკითხულობთ, რომ ეკლესია, რომელიც არსობრივად არაამქვეყნიურია, მკვიდრობს ამქვეყნად და ამქვეყნისათვის. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაა მთლიანი სამყაროს და უპირველესად ადამიანის მსახური.
ვართ რა ყოველდღიურად გარშემორტყმულნი უსამართლობით, გაჭირვებით და ყოველგვარი ადამიანური ტრაგედიით, ეკლესიას ევალება იყოს ის ურყევი კლდე, რომელიც ქრისტემ დაგვიდგინა და რომელსაც ყოველი ადამიანი შეიძლება დაეყრდნოს. ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით ქრისტეა ეკლესიის თავი და ჩვენ, ადამიანები ამ ეკლესიის მისტიურ სხეულს შევადგენთ. ქრისტემ ნებაყოფლობითი თავგანწირვით, რაც მის ჯვარცმაში და ადამიანთათვის თავდადებაში გამოიხატა, გვაჩვენა არა მარტო ის თუ რას ნიშნავს იყო ღმერთი, არამედ ისიც თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი. ღმერთმა საკუთარი თავის ადამიანისთვის მსხვერპლშეწირვით გვაჩვენა როგორც ღმერთობის, ასევე ადამიანობის მაგალითი. იდეალური ეკლესია კი, როგორც ქრისტეს მიმბაძველი, უნდა აგრძელებდეს მის გზას, ემსახურებოდეს ადამიანს და თავს დებდეს მისთვის.
17.04.2020
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment