„ოდნავ დამშვიდდეს სიტუაცია და აუცილებლად ვუჩივლებ ნიუ იორკში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მარინა ტაბატაძეს“ – განაცხადა ჩემთან საუბრისას ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ არჩევნებზე მოსულმა ნათია ჩლაიძემ.
„ოც წელზე მეტია ამერიკაში ვცხოვრობ, საქართველოში სახლი არა მაქვს, მაგრამ რატომღაც მთელი ჩემი ოჯახი (მეუღლე და ორი შვილი) თბილისში არიან ჩაწერილი. არჩევნებზე მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი მოვედით. მე და ჩემმა შვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ რატომღაც 2020 –ში ამომრჩეველთა სიაში არ აღმოვჩნდით. ცხადია, აღვშფოთდით. საჩივარი დავწერე, მაგრამ კომისიის თავჯდომარე ფურცელზე ბეჭედს არ გვირტყამდა. როცა ეს გავაპროტესტე, მარინა ტაბატაძემ დაცვას მოუხმო. თავი საშინლად შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მოვიდა ცესკოს წარმომადგენელი მაია დოლიძე და მარინა ტაბატაძეს უთხრა – ამ მოქალაქეს საჩივარზე ეკუთვნის ბეჭდის დარტყმაო. ეს თქვა და წავიდა. თითქოს ლუკმა გადმომიგდო. არც კი დაიცადა იმის შესამოწმებლად, აღასრულებდა თუ არა ეს ქალი მის მითითებას. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამ არჩევნებზე ბევრი დამკვირვებელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ დამიცვა…
არჩევნებზე კი იმისთვის მივედი, რომ ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი მინდა, ცვლილებები აუცილებელია, თორემ მე, ალბათ, სამშობლოში არ და ვერ დავბრუნდები. როცა ასე შორს ხარ, უფრო მეტად გიყვარდება სამშობლო, გული უფრო მეტად გწყდება და გტკივა. ყველას და ყველაფრის ნდობა დავკარგე. ქვეყანა კი არა, განუკითხაობაა!“ – მითხრა ნათია ჩლაიძემ.
არჩევნები ნიუ იორკში. ფოტო: ია მერკვილაძე
არჩევნები ნიუ იორკში. ფოტო: ია მერკვილაძე
ნიუ იორკში ორი საარჩევნო უბანია – მერვე და მეცხრე. მერვე საარჩევნო უბანზე კომისიაში ცესკოდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნანა ნიქაბაძე იყო.
ნანა ნიქაბაძე ამბობს, რომ ცესკომ 19 ოქტომბერს მიიღო უსამართლო დადგენილება იმის თაობაზე, რომ კომისიის წევრების საქმიანობა (მარკირება, ბიულეტენების რეგისტრაცია და ა.შ.), ფაქტობრივად, წილისყრით კი არა, როგორც ეს ადრე ხდებოდა, თავმჯდომარის პრეფერენციებით განისაზღვრება. ამ დადგენილების გასაჩივრება ერთი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი, მაგრამ არავის გაუსაჩივრებია.
„როგორც წესი, კომისიის თავმჯდომარეა პასუხისმგებელი არჩევნებამდე კომისიის შეკრებებზე” – ამბობს ნანა ნიქაბაძე, – „პირველი შეკრებისთვის არც კი დამირეკეს. მეორე შეკრებისთვის მარინა ტაბატაძემ გვიან დამირეკა და განმიცხადა, რომ შეხვედრა საღამოს 9 –ზე იყო. ეს ნიუ იორკია, მანძილები დიდია და ცხადია, აღვშფოთდი, რაზეც მიპასუხა, რომ მას სხვა დროს არ ეცალა, რადგანაც მუშაობდა. გამოდის, რომ წევრები კომისიის თავმჯდომარის სხვა სამსახურის განრიგს უნდა მოერგონ. თან საარჩევნო უბანზე მეორე დღის დილის 5 საათზე უნდა ვყოფილიყავი, რადგანაც 8 საათზე უბანი იხსნებოდა. ტაბატაძემ დაამატა, რომ თურმე შემიძლია მეგობრებთან დავრჩე, რაზეც ასევე აღვშფოთდი და ვუპასუხე, რომ ყველას არა ჰყავს საარჩევნო უბანთან ახლოს მცხოვრები მეგობარი. მითხრა – 5-ზე თუ არ შეგიძლია, 8-ზე მოდიო. 8-ზე უკვე არჩევნები იწყება – მეთქი! ტაბატაძის გადაწყვეტილებით მე მარკირებისა და რიგის განმწესებლის ადგილი შემხვდა. არ მუშაობდა ფანარი, ამიტომ იძულებული ვიყავი ახლობლისთვის მეთხოვა. იგი გაიქცა, იყიდა და მომიტანა. თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისევ მე მადანაშაულებდნენ – არჩევნების ჩაშლა გინდაო…
ასევე გავასაჯაროვეთ კომისიის წევრის, მარინა ღვთისიაშვილის მიერ კანონის დარღვევა, რომელიც დავაფიქსირეთ და მედიას ვაცნობეთ. იგი არჩევნების დღეს დემონსტრაციულად ტელეფონით ამომრჩეველს (თუ ვის, უცნობია) მოუწოდებდა “ქართული ოცნებისთვის” ხმა მიეცათ”. ქართული ოცნების” არც ერთი გაცხადებულ მხარდამჭერს სიების გამო პრობლემა არ შექმნია. “რატომღაც” პრობლემური ენმ–ს მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. მაგალითად, ამომრჩეველი ნანა კიკნაძე, რომელიც ასაკოვანი მამით მოვიდა, უკან გაუშვეს და კომისიის თავჯდომარე მის საჩივარს ხელს არც კი აწერდა.
არჩევნები ნიუ იორკში. ფოტო: ია მერკვილაძე
მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავჯდომარე მარინა ტაბატაძე, რომელიც ცესკომ კომისიის თავმჯდომარედ 31 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე დანიშნა, ამბობს, რომ კანონის თანახმად საჩივრებზე ხელის მოწერა და ბეჭდის დარტყმა არ იყო მისი მოვალეობა.
„საჩივარს სპეციალურ ჟურნალში მდივანი ატარებს, მერე ეს ჟურნალი ილუქება და ცესკოს ეგზავნება. რაც შეეხება ცესკოს ამა წლის 19 ოქტომბრის დადგენილებას, მისი მეხუთე პუნქტი აღნიშნავს, რომ კომისიის წევრების ფუნქციები განისაზღვრება არა წილისყრით, არამედ კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის წევრებს თავად უნდა სცოდნოდათ ამ დადგენილების არსებობისა და შინაარსის შესახებ, ან კრებაზე მოსულიყვნენ და იქ გაეგოთ. არჩევნების დღეს ზოგმა ერთი ამბავი რომ ატეხა ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, აღშფოთება უსაფუძვლო იყო, რადგანაც ისინი ვალდებულნი იყვნენ ცესკოს ახალი დადგენილების თაობაზე სცოდნოდათ“ – ამბობს მარინა ტაბატაძე.
ჰო, მაგრამ თქვენს უბანზე კომისიის წევრი ამბობს, რომ თქვენ მას არ აცნობეთ კრების თარიღის შესახებ. ეს თქვენ გევალებოდათ, არა?
არა, ეს ჩემ მოვალეობაში არ შედიოდა. კრების ჩატარების თაობაზე მისი პარტიის წარმომადგენელს უნდა ეზრუნა.
იყო შემთხვევები, როცა ადამიანებმა რეგისტრაცია გაიარეს და სიაში არ აღმოჩნდნენ.
იყო 5–6 ადამიანი, რომლებსაც გადავადებული პასპორტი აღმოაჩნდათ, ამიტომაც მათ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივაღებინებდით.
კომისიის არაერთმა წევრმა აღნიშნა, რომ თქვენი უბანი ხმაურიანი იყო… რა ხდებოდა და რატომ?
ზოგადი გარემო იყო ქაოტური და მიუხედავად წივილ–კივილისა, არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდა. არ იყო გაყალბება და გაყალბებასთან დაკავშირებით, ცხადია, პრეტენზია არავის დაუფიქსირებია. აღმაშფოთებელი იყო ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შეურაცხყოფას მაყენებდნენ. არადა ვფიქრობ, რომ “ნაცი” თუ “ქოცი” არაფერ შუაშია. ყველანი ქართველები ვართ. ისეთი გამოცდილება მივიღე, ტყუილად გავილანძღე, რომ შემდეგ არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიაში მონაწილეობაზე უარს ვიტყვი.
მანანა ჩიტაური ნიუ იორკში საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების” წარმომადგენელი უკვე მესამედაა. იგი ამბობს, რომ არჩევნები მეცხრე უბანზე მშვიდად, ყველა წესის დაცვით ჩატარდა.
„მე რეგიტრაციაში გამამწესეს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები ან გადავადებული პასპორტით მოვიდნენ, ანდა საქართველოში აღებული მართვის მოწმობით. ცხადია, მათ არჩევნებში მონაწილეობას ვერაფრით მივაღებინებდით, ამიტომ უკან გავაბრუნეთ. რაც შეეხება სიებს, როგორც გავიგე, მერვე უბანზე „ქართული ოცნების“ ერთი მხარდამჭერი იყო რეგისტრირებული, მაგრამ სიაში რატომღაც არ აღმოჩნდა. უბანი ზუსტად საღამოს რვაზე დაიხურა, მანამდე კი ყველა ის, ვინც გარეთ იცდიდა, მეოთხე სართულზე ამოვიყვანეთ, რადგანაც გარეთ ყინავდა, ხალხი კი საათობით ელოდებოდა თავის რიგს. არავინ გაგვიშვია ხმის უფლების რეალიზების გარეშე. ეს არჩევნები კი იმით იყო გამორჩეული, რომ უპრეცენდენტო აქტივობა დაფიქსირდა” – ამბობს მანანა ჩიტაური.
ნინუკა ბორჩხაძე საარჩევნო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო, მას მარკირება ევალებოდა. იგი ამბობს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დაძაბულობის ფონზე: „ბევრი დარღვევით, “ქართული ოცნების” თავგასულობით, მაგრამ რახან “ქართულ ოცნებას” უბნებზე მათი საპირწონე მებრძოლი და გამოცდილი ადამიანები დახვდათ, ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხეს“.
საბოლოო ჯამში მერვე უბანზე ასე გადანაწილდა ხმები:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 348
ქართული ოცნება– 201
გირჩი” – 71
„ევროპული საქართველო” –18.
მეცხრე უბნის მონაცემები:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 400
„ქართული ოცნება” – 237
„გირჩი”– 76
„ევროპული საქართველო” – 20.
გაუქმდა 8 ბიულეტენი.
სულ საკონსულოში 5 000-მდე ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მერვე უბანზე 527 ადამიანი მოვიდა, მეცხრეზე – 820.
***
პირველად მოხდა, როცა აშშ–ში ჰელოუინი და საქართველოში არჩევნები ერთ დღეს გაიმართა. ნიუ იორკში ძალიან ციოდა, ალაგ–ალაგ სადარბაზოების კარებზე ქარი დიდი შავ ობებებსა და თავის ქალებს აფრიალებდა, ქართული რესტორნის, “პეპელას” შესასვლელზე ჩონჩხების დასტა ეკიდა, ხოლო მდიდრული და არც ისე მდიდრული მაღაზიები ამერიკის პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებოდნენ – ვიტრინებზე ფიცრებს აკრავდნენ.
ნიუ იორკი, 31 ოქტომბერი. ფოტო: ია მერკვილაძე
შეფიცრული მაღაზია ნიუ იორკში. 31 ოქტომბერი. ფოტო: ია მერკვილაძე
დილის რვიდანვე კი არა, უფრო ადრეც საქართველოს მოქალაქეები თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად რიგში მოთმინებით იდგნენ, სიებში თავის გვარს ეძებდნენ და ელოდნენ – ზოგი ცვლილებებს, ზოგი – სტატუს ქვოს შენარჩუნებას, ზოგიც… სულ ტყულად, რადგანაც სიაში არ აღმოჩნდნენ.
აჩიკო მამისაშვილი: „პირველად ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში ამერიკაში. ორი საათია ვდგავარ. სხვები თურმე უკვე მეოთხე საათია ამ ყინვაში რიგში დგანან. მეტიც რომ დამჭირვებოდა, მაინც ვიდგებოდი. მინდა, რომ საქართველოში ცლილებების დრო დადგეს“.
ნ. ს.: საქართველო ნელ – ნელა წინ მიიწევს. პროგრესი სახეზეა. მთავრობა კორონავირუსსაც გაუმკლავდა და სხვა პრობლემებსაც ასევე წარმატებით გადაწყვეტს. ძველი დრო არ დაბრუნდება, მთავარია გვქონდეს ამის რწმენა.
მერაბ ებრალიძე: „დიდი ხანია ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა ახლა გადავწყვიტე. აქ იმიტომ მოვედი, რომ იმედი მაქვს – საქართველოს აქვს შანსი, რომ ნათელმა ძალამ გაიმარჯვოს“.
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment