თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად უკვე ერთი თვეა ნიუ იორკში „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქციები იმართება საკონსულოსთან, თაიმს სქვერსა და ბრაიტონ ბიჩზე.
11 მაისს, საქართველოში „ევროპის დღის” აღნიშვნის პარალელურად ქართველი ემიგრანტები, „წინაპრებიცა“ და „ჯენ–ზიკებიც“ თაიმს სკვერზე იმისთვის შეიკრიბნენ, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინათ თავიანთი პროდასავლური პოზიცია და ამჯერად არა მხოლოდ რუსული კანონის გაწვევის, არამედ რუსული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც სამშობლოში საპროტესტო აქციების მონაწილეებს გარდა მორალურისა, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს, დიდი ალბათობითა და 1937 წლის საუკეთესო ტრადიციით ე.წ. პაპუაშვილის სიებში „აგენტის“ იგივე „ხალხის მტრების“ იარლიყით უკვე არიან ჩაწერილნი.
11 მაისს, თაიმს სქვერის ისტორიაში პირველად, ერთ–ერთ ყველაზე დიდ სარეკლამო ტაბლოზე ერთი წუთის განმავლობაში საქართველოსა და ევროპის დროშა „ფრიალებდა“ და… ასევე პირველად ქართველმა მანჰეტენის გულის გულში, წითელ კიბეებთან, ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე თავისი დაბადების დღე აღნიშნა.
რეზი ჭეშმარიტაშვილი (პედაგოგი): „ფილადელფიაში ვცხოვრობ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. 29-ის გავხდი. ჰოდა, ოჯახმა და მეგობრებმა გადავწყვიტეთ ნიუ იორკში წამოვსულიყავით და ასე, ქართველ პატრიოტებთან ერთად ჩემი დაბადების დღე სწორედ აქ აღგვენიშნა.
სიტუაციის სირთულის მიუხედავად ის მახარებს, რომ ადამიანების აზროვნებაში გარდატეხა მოხდა. სწორედ ეს რუსული კანონი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს, საქართველოსთვის სასიკეთო ცვლილებების ტრიგერი გახდება. რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოსთვის, თორემ რატომ არ უნდა გვქონოდა კარგი ურთიერთობა მეზობელთან? მაგრამ არა! რუსეთი არ გვცნობს, როგორც სახელმწიფოს. დამოუკიდებლობის მიღებიდან, ლამის 35 წელია ლუსტრაციის კანონის მიღება–ამოქმედებაზე ვწუწუნებთ და აი, ყველაფერი ბუნებრივად დალაგდა. დღეს ვინ სად დგას, ძალიან კარგად წარმოაჩენს იმას, თუ ვინ ვინაა“.
სიტუაციის სირთულის მიუხედავად ის მახარებს, რომ ადამიანების აზროვნებაში გარდატეხა მოხდა. სწორედ ეს რუსული კანონი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს, საქართველოსთვის სასიკეთო ცვლილებების ტრიგერი გახდება. რუსეთი ეგზისტენციალური საფრთხეა საქართველოსთვის, თორემ რატომ არ უნდა გვქონოდა კარგი ურთიერთობა მეზობელთან? მაგრამ არა! რუსეთი არ გვცნობს, როგორც სახელმწიფოს. დამოუკიდებლობის მიღებიდან, ლამის 35 წელია ლუსტრაციის კანონის მიღება–ამოქმედებაზე ვწუწუნებთ და აი, ყველაფერი ბუნებრივად დალაგდა. დღეს ვინ სად დგას, ძალიან კარგად წარმოაჩენს იმას, თუ ვინ ვინაა“.
მარი გიგინეიშვილი (სტუდენტი): „ქართულად ვერ ვლაპარაკობ, რუსეთიდან ვარ, იქ გავიზარდე. აქ დგომით მე მინდა ვაჩვენო, თუ როგორი მადლობელი ვარ საქართველოსი, რომ დამანახა თუ რატომ არ უნდა ვიყო რუსული კრიმინალური წყობის ნაწილი. საქართველო დასავლეთის განუყოფელი ნაწილია, რადგანაც ქართველებს უნდათ იყვნენ დემოკრატიულები და თავისუფლები. ამიტომ, გაუმარჯოს საქართველოს!“
ზაზა ინაკავიძე (ექიმი): „ღამის ორი საათი იყო, როცა პლაკატების არა ამობეჭდვა, არამედ დახატვა გადავწყვიტე. ხატვით უფრო მეტი გული და სიბრაზე ჩავაქსოვე. „ქართული ოცნება“ ქვეყანას „ნამგალ/უროსკენ“, საბჭოეთისკენ მიაქანებს, მაგრამ ჩვენ საქართველოს ორჯონიკიძეებს არ დავანებებთ! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“
დავით ჯოხაძე: „ქართული ოცნება“ თავისი დიქტატორული მეთოდებით ხალხში შიშის, ტერორის განცდის დანერგვას ცდილობს; ზუსტად ისეთის, როგორიც პუტინის რუსეთშია. პუტინმა საქართველოს თავისი “ნამესტნიკი” გაუგზავნა და შედეგად საქართველოში ოლიგარქმა ძალაუფლება მიიტაცა. მაგრამ დროა ხელისუფლება ქართველ ხალხს გადაეცეს და ეს მთავრობა პოლიტიკურ სანაგვეზე გავამწესოთ!“
აქცია ნიუ იორკში
რევაზ ხვედელიძე, (ინტერნეტ დიზაინერი): „რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის ხალხის აბუჩად აგდების ცხადზე უცხადესი მაგალითი. ჰოდა, მინდა ვუთხრა მათ – ძალიან ნუ გაგვაბრაზებენ! მათი შვილები დასავლეთში სწავლობენ, ჩვენი შვილები კი პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებზე დგანან. ოპოზიციას კი მინდა მივმართო – გაერთიანდით! დროებით მაინც! ხალხი, ახალგაზრდობა ისედაც ერთად ვართ! დაგვანახეთ, რომ ამ ბრძოლაში ივანიშვილს ჩვენი დაქსაქსვის, დაყოფის უფლებას არ მისცემთ!“
ნატალი ხუჭუა: „ერთი წლის წინათ ნიუ – ჯერისში რამაპო კოლეჯი დავამთავრე და ახლა ნიუ იორკში ვმუშაობ. მინდა, რომ საქართველოშიც იყოს განათლების ის დონე, როგორიც – დასავლეთშია; ქართველს არ მოუწიოს ემიგრირება საუკეთესო განათლების, მკურნალობის მისაღებად და კარგი მომავლის შანსისთვის. მე ჩემი მშობლებისა და ბებია – ბაბუის მონაყოლიდან ვიცი, თუ რას ნიშნავდა საბჭოთა კავშირი და მისი “სიკეთეები”. აქ იმიტომ მოვედი, რომ ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, არ მინდა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში დაბრუნდეს“.
გიორგი ბერიშვილი, (საქსოფონისტი): „ძალიან გავბრაზდი და ამიტომ აქ ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მოვედი. ეს პრორუსული მთავრობა ჯოჯოხეთში უნდა გავისტუმროთ! მაიმედებს ის, რომ კარგი ადამიანები შევიკრიბეთ, ერთნაირად ვფიქრობთ და ამ ორჯონიკიძეებს სწორედ ჩვენი ერთობით დავამარცხებთ“.
მარიამ ძაძამია (სტუდენტი): „ვსწავლობ ადალჰაიმის უნივერსიტეტში. აქ იმისთვის მოვედი, რომ ის აბსურდი გავაპროტესტო, რაც საქართველოში მმართველმა ძალამ დაატრიალა. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ და აქ სწორი ეროვნული პოზიციის ხალხი შევიკრიბეთ. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპულ, ანუ ჩვენ ოჯახში“.
ნინო ყურაშიძე: „ქვეყნის დატოვება არ მინდოდა, მაგრამ იძულებული გავხდით. ერთი კვირის წინ მე და ჩემი მეუღლე მექსიკით წამოვედით. იქ კი დავტოვეთ 23–ის, 18–ის და 10 წლის ჩვენი გოგონები, რომლებიც ახლა აქციებზე დადიან.
ჩემ ახალგაზრდობას კარგი რა ახსოვს? რუსული ტანკები, რუსული ბომბები. რამდენი ოდნავ წინ წავედით, იმდენი უკან გადაგვაგდეს, უკან გვექაჩებიან. ერთ დღესაც გავიღვიძეთ და 2012 –ის რეალობაში აღმოვჩნდით, ანუ რუსეთში დაბრუნების გზაზე.
ჩემი მეუღლე ძალოვნებში მუშაობდა, გავრილოვის ღამეს მას მომიტინგეების დარბევა დაავალეს და არ დაარბია. 2020–ში კი სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა. განცხადება დაწერა. არც ერთ განცხადებაზე რეზოლუცია არ დაადეს და ამიტომ ადგა და თავად წამოვიდა. მამაჩემი ამერიკაში უკვე 27 წელია ცხოვრობს. მე ჩემი შვილების წამოყვანაც მინდა. ჩემ შვილებს საქართველოში ვერ დავტოვებ!“
გია ხუროშვილი (იურისტი): „დღეს ბრუკლინში ჩემი საყვარელი ქართველი მუსიკოსების კონცერტზე ბილეთები მქონდა ნაყიდი, მაგრამ აქ წამოვედი. აქ დგომა ვარჩიე.
ცხოვრების ორმოცდაათი წელი უკვე ის ასაკია, როცა გამოცდილებას აჯამებ. 1978 – ში სამი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი ქართული ენის დასაცავად გამოვიდა. 1989 წელს 9 აპრილს პარლამენტის წინ ვიდექი… და ახლა დე – ჟავიუ მაქვს! რუსეთი მორიგ მსხვერპლს ითხოვს. მაგრამ, არა! ახლა სხვა რეალობაა. ახლა ქართველი ახალგაზრდები გამოვიდნენ ქვეყნის დასაცავად და როცა ვხედავ, დღე და ღამ როგორ დგანან თბილისის ქუჩებში თინეიჯერები, სტუდენტები ჩემი პასუხისმგებლობა ორმაგდება. თვალის დახუჭვის დრო არაა. ხომ ვხედავთ უკვე ვინ ვინაა – ვინაა მოღალატე და ვინ – ქვეყნის ერთგული. ახლა არაა პოლიტიკური გემოვნების ანდა პირადი დამოკიდებულებების გამომჟღავნების დრო. არჩევანი მარტივია. უნდა დავდგეთ საქართველოს მხარეს. არა რუსულ მთავრობას!“
აქცია ნიუ იურკში. ბრაიტონ ბიჩზე, გაიმართება დღესაც, 13 მაისს.
13.05.2024
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment