Thursday, July 18, 2024

„შავი ზღვა“ – ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ნიუ იორკის ბოჰემურ უბანში

  

 

„იყავი უნიკალური! მოირგე უნიკალური! იგრძენი უნიკალური!“ – ესაა აშშ–ში მცხოვრები ორი ქართველის, ნია ნეილსონისა (მხეიძე) და ნინო უოლტონის (ლაზიშვილი) მიერ დაარსებული კომპანიის GEO in Style-ის სლოგანები. ნია საერთაშორისო ბიზნეს-მენეჯმენტის სპეციალისტია და ქალაქ შარლოტში (ჩრდილოეთ კაროლინას შტატი) ცხოვრობს, ნინო კი – ეკონომისტია და დენვერშია (კოლორადოს შტატი).


საქართველოში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი, რუსული კანონის მიღების გამო გამოწვეული საპროტესტო აქციების გამოძახილი იყო ნიუ იორკის, როგორც მას ახლა უწოდებენ, „ისტორიულად ბოჰემური“ უბნის, ვესტ ვილიჯის ერთ–ერთ გამორჩეულ „ატრიუმში“, ვიქტორიანული სტილის სამსართულიან სასახლეში Ideal Glass-ის პოდიუმზე არა მარტო ქართველი დიზაინერების დეფილე, არამედ ქართული დროშები, მუსიკა, სიმღერა და ორენოვანი შეძახილი – მანტრა: “ჩვენ არ ვართ რუსეთი! ჩვენ ვართ საქართველო!”.

ორგანიზატორებმა „აიდეალ გლასი“ გუგლით იპოვეს და ესეც ქართული თემის ერთგვარ სინქრონიზაციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ეს კომპანია ადრე ქართველ არტისტებთან, მათ შორის, დიზაინერ უტა ბექაიასთან თანამშრომლობდა.

ყველაფერი კი ჰობით დაიწყო. ჰობი ტანსაცმლის ქართველი დიზაინერების გულშემატკივრობა და მათი ნამუშევრების მორგება იყო, მერე აღმოჩნდა, რომ ნაცნობ–უცნობებსაც აინტერესებდათ – რა, სად, როდის, რამდენად, ამიტომ გაგანია კოვიდის დროს ანუ 2020 – ში მეგობრებმა კომპანია Geo in Style – www.GEOinStyle.com დააარსეს და ონლაინ მაღაზიაც შექმნეს. ამ ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გაცნობა და შეძენა, არამედ ქართველი ხელოვანების ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და ყიდვაც.

ეს პლატფორმა ქართული კულტურის ეფექტიანი პოპულარიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია. და რაც დღეისთვის არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, საიტზე წარმოდგენილი სამოსი ე.წ. ბიუჯეტურია. ჩვენების, სახელად „შავი ზღვა“, შემდეგ ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი სახელდახელოდ გაიყიდა. მყიდველები მხოლოდ ქართველები არ იყვნენ, არამედ უცხოელებიც, რომლებიც ქართველ დიზაინერებსა და მათ ნამუშევრებს სწორედ იმ დღეს გაეცნენ და… ერთი დღით ადრეც – როცა თაიმს სკვერზე ერთ–ერთი ცათამბჯენის ფასადზე ქართველი დიზაინერების სარეკლამო რგოლი დატრიალდა.

ნია ნეილსონი ამბობს, რომ ონლაინ მაღაზიის გახსნის შემდეგ, ერთმა ნაცნობმა ქალაქ შარლოტში მოქმედი ორგანიზაციის, Charlotteseen-ის (www.Charlotteseen.com) მეშვეობით ქართველი დიზაინერების აშშ–ში მიწვევა შესთავაზა და ცხადია, ისიც სიხარულით დასთანხმდა.


„თავიდან თითო-თითო დიზაინერი ჩამოგვყავდა,“ – ამბობს ნია, – „მას ჩვენ რეკლამირებისა და ფინანსური მხარდაჭერის სრულ პაკეტს ვთავაზობდით. დროთა განმავლობაში დაინტერესებულთა სია ნელ–ნელა გაიზარდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ერთი საღამო მხოლოდ ქართველი დიზაინერების ჩვენებას დათმობოდა. ამისთვის დენვერის მოდის კვირეული ავირჩიეთ, სადაც ორგანიზატორები უკვე გვიცნობდნენ და გვენდობოდნენ.

როცა დენვერის ღონისძიება დაიგეგმა, მერე ნიუ იორკში ქართული მოდის ჩვენების გამართვის იდეაც დაგვებადა. ცაიტნოტის მიუხედავად, მეგობრებისა და სპონსორების დახმარებით, ჩვენ ქართველი ტანსაცმლის დიზაინერების ნიუ იორკული მასშტაბის პრეზენტაციის გამართვა მაინც მოვახერხეთ. „აიდეალ გლასში“ ჩვენებაზე წარვადგინეთ დიზაინერები: მეგი გაბუნია (M.G.), სალომე ამანათიშვილი (Salle De Mode), მაია სირაძე (SMAkI), ხათუნა კილაძე (Scorpions), სოფო ბაკურიძე (Sophie). აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენებზე დიზაინერი ლაშა ჯოხაძეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ თვითმფრინავის რეისთან დაკავშირებული პრობლემის გამო მან მიუნხენის აეროპორტიდან ნიუ იორკში ვერ ჩამოგვისწრო.

როცა ამერიკულ პროგრამას ვადგენდით, ყველაფერი ამერიკელ მომხმარებელზე იყო გათვლილი, მაგრამ, ცხადია, ჩვენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი გულგრილი ვერ დავრჩებოდით, სწორედ ამიტომ მაშინვე გადავწყვიტეთ შოუსთვის ჩვენი პირადი, ანუ ქართული თემა დაგვემატებინა და არა მარტო ქართული დროშებით, ქართველი მომღერლებით, არამედ მარტივი და მკაფიო გზავნილით, რომ საქართველო რუსეთი არაა და არც არასდროს იქნება!”

  





















ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიზაინერი მეგი გაბუნია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტის (ბაკალავრი, მაგისტრატურა) კურსდამთავრებულია, მუშაობის ოცწლიანი გამოცდილებით.

მისი სტილი ძალიან ინდივიდუალურია: შავი ფერი, ტექსტილი, ტყავი, თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკიდან გადმოსული ელეგანტური უცხოპლანეტელები და მათი აურა – სადა, კონცეპტუალური და დასამახსოვრებელი. მეგი გაბუნია ისტორიულ ფილმებზე კოსტიუმების მხატვრადაც მუშაობდა, საკუთარი ხელით საომარ აღჭურვილობასა და შუა საუკუნეების ყოველდღიურ სამოსს ამზადებდა.

„ჩემი ბრენდი – M.G. უკვე 7 წლისაა” – მიყვება მეგი, – “ამ პერიოდში უამრავ გამოფენასა და მოდის კვირეულზე მიმიღია მონაწილეობა. გეოგრაფია ასეთია – საქართველო, იტალია, გერმანია, ნიუ იორკი, კალიფორნია, ჩრდილოეთ კაროლინა. ამერიკაში მცხოვრები ქართველები ნია ნეილსონი და ნინო უოლტონი ქართველი დიზაინერების დიდი ქომაგები არიან. მადლობა მათ, რომ საქართველოს პოპულარიზაციაზე ასე ზრუნავენ. ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და თუ აქ ხარისხიან ღონისძიებას ჩაატარებ, მას საინტერესო შემოთავაზებები აუცილებლად მოჰყვება. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც და მე ახლა არაერთი ამერიკული გამოფენა – შოუსთვის ვემზადები“.

***

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული (მოდელირების ფაკულტეტი – განხრა ტყავ–გალანტერია. ბაკალავრი, მაგისტრი) სალომე ამანათიშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ წარდგენილი ქართველი დიზაინერების ნაშრომები ქართული ესთეტიკით უნდა იყოს გაჯერებული, რადგანაც საქართველოს, ქართველების, მათი თვითმყოფადობისა და ნიჭის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ისევ საქართველოს სასიკეთოდ მუშაობს.

„2007 წელს შევქმენი ბრენდი Salle de Mode, რომელიც ფეხსაცმლის, ჩანთისა და სამოსის წარმოებაა (ქალის ხაზი)“, – ამბობს სალომე, „– თბილისში ორი და ბათუმში ერთი მაღაზია გვაქვს, გარდა ამისა, ვებ-პლატფორმების მეშვეობით ონლაინ გაყიდვებს მსოფლიოს მასშტაბით ვაწარმოებთ და, იმედია, მყიდველთა სიას მალე ნიუ იორკიც დაემატება”.

***

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა მაია სირაძემ ბრენდი (SMAkI) 2011 წელს დააარსა, თუმცა მისი ტანსაცმლის ხაზი მხოლოდ ხუთი წელია აქტიურადაა ბაზარზე.

„ჩემი ნამუშევრებსა და თითოეულ მის დეტალს თავისი ფსიქოლოგიური დატვირთვა და ძალა აქვს. არც ერთი დეტალი არ არის გაუაზრებლად შესრულებული, ყოველთვის თავის სათქმელს ამბობს. იგი, გნებავთ, ერთგვარი მესიჯბოქსია.

ჩვენს პატარა ქვეყანას, რომელმაც ამდენი განსაცდელი გადაიტანა, ახლაც რთულ პერიოდს გადის და სადაც ამდენი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს, დახმარება სჭირდება. დახმარება კი პოპულარიზაციაა, ჩვენი ქვეყნის უნიკალურობის დანახვაა. ჩვენ რუსეთის გუბერნია არასდროს გავხდებით და ყოველთვის ვიქნებით დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი“ – ამბობს მაია.

***

თბილისის სამხატვრო აკადემიის ნატიფი ხელოვნებისა და მოდელირების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ხათუნა კილაძე ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის პარალელურად, როგორც იტყვიან, თავისთვის ხატავდა და დიზაინერის კარიერაზე არც ფიქრობდა.

„გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა – უნდა დამეტოვებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი” – მიყვება ხათუნა კილაძე, “– მაგრამ ჩემმა შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ ამ სფეროშიც უნდა მესინჯა ძალები და ამიტომ ჩემი ცხოვრებისეული სლოგანი რადიკალურად შევცვალე და ახლა იგი ასეთია – „გახადე მოდა შენი მეგზური”.

ინსპირაცია კი გახლდათ სამყაროს იდუმალება და ემოციები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხატოს ქაღალდზე და მერე… ქსოვილზეც.

მონახაზს ჯერ საკუთარ ფიქრებში ვქმნი, შემდეგ იგი ფორმატზე გადამაქვს, ვაგებ სილუეტს, გონებიდან წამოსულ მონახაზს წარმოსახვით ფიგურას ვაცმევ. ესკიზის დამტკიცების შემდეგ კი იგება თარგი, მულაჟი; მულაჟს ვარგებთ ზუსტად ისე, როგორც ესკიზზეა. ამის შემდეგ იჭრება მაღალი ხარისხის ქსოვილი და იწყება ტანსაცმლის დამზადება.

მოდა ჩემთვის არის ზომიერება, წესები და უნარების აღმოჩენა. სტილი, რომელიც ჩემს ნამუშევრებს ახასიათებს, ჩემ ხასიათს ზუსტად გამოკვეთს: ზოგჯერ სექსუალური, ზოგჯერ ბობოქარი, ზოგჯერ ცეცხლოვანი და ამავე დროს – ძალიან ელეგანტური. ამიტომ დაერქვა ჩემს კომპანიას Scorpions_Kiladze, რადგან თავად ზოდიაქოთი მორიელი ვარ.

Geo in Style-ი უნიკალური პლატფორმაა, რომელიც აშშ-ში ქართველი დიზაინერების ცნობადობის გაზრდას ემსახურება. ნია და ნინო ეძებენ რაღაც სხვას, ახალს, განსხვავებულს, რომელიც მხოლოდ საქართველოში უნდა იყოს დამზადებული.

როცა ჩვენი ქვეყანა საფრთხეშია, რადგან რუსეთს კვლავ სურს საბჭოური წყობის აღდგენა, ცხადია, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ თავისუფლების მოყვარული ერი ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით.

ამიტომ არა რუსეთს! არა რუსულს!“

***

სოფო ბაკურიძე ფინანსისტია, საბანკო საქმის პროფესიონალი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს დიზაინერობა გადაწყვიტა, ისწავლა, თავისი ბრენდი – სეხნია Sophie შექმნა და მალევე ტანსაცმლის ინდივიდუალური ხაზიც წარადგინა. იგი მონაწილეობს არა მარტო თბილისში „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“, არამედ – ოკეანის გადაღმაც.

„ჩემი ხაზია ელეგანტური ქალბატონი, რომელსაც სილუეტის რკალები და დახვეწილი დეტალები უყვარს“ – ამბობს სოფო, „- აუცილებელია გამოკვეთილი მხრები და წელი. ჩემი ინსპირაცია იტალიელი მოქანდაკისა და არქიტექტორის ჯან ლორენცო ბერნინის სკულპტურებია. ჰოდა, ხელოვნების მოყვარულები Sophie – ს სამოსში ბაროკოს სტილს აღმოაჩენენ.

იმედია, ნიასა და ნინოს მიერ ორგანიზებული მოდის ჩვენება – „შავი ზღვა“ მხოლოდ დასაწყისია და ქართველი დიზაინერების გუნდი ნიუ იორკს, ამერიკას, კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს დაამახსოვრებინებს“.



ქართველი დიზაინერები. ია მერკვილაძის ფოტო



















10.07.2024
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment