24 მაისს, ნიუ იორკში, იმ ფონზე, როცა გაეროს შტაბ–ბინაში ქართულმა დიპლომატიურმა ოფიციოზმა მიღება გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, გაეროს შენობის გარეთ ქართველი ემიგრანტები საქართველოს, უკრაინის, აშშ–ის, ევროკავშირის დროშებით, პოლიციის მიერ ნაცემი და ნაწამები ქართველი აქტივისტების ფოტოებითა და რუსული კანონის/მთავრობის გაუქმების მოთხოვნის ბანერებით შეიკრიბნენ.
აქციის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ფეისბუკზე გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგის მონაწილეები საზეიმო მიღების გამართვამდე შეიკრიბნენ და მოზეიმე „ქართული ოცნების“ დიპკორპუსს მიღების დასრულების ოფიციალურად გაცხადებულ საათამდეც ელოდნენ, გაეროს მთავარი შესასვლელთან არავინ გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წვეულების მონაწილეებმა თადარიგი დაიჭირეს და თანამემამულეებთან შეხვედრას თავი აარიდეს.
აქცია ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო
ნინუკა ბორჩხაძე (აქციის ორგანიზატორი): „ქართულ ოცნებას” მორალური და პოლიტიკური უფლება არა აქვს საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღე აღნიშნოს.
ეს ხელისუფლება თავისი კონცეფციითა და არსით იმის საწინააღმდეგოა, რაც საქართველოში 1918 წლის 26 მაისს მოხდა. იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებენ და საითკენ მიათრევენ ქვეყანას, დიახაც, ქართულ ოფიციოზს დისკომფორტი ყველგან უნდა შევუქმნათ, რათა იგრძნონ: ისინი არიან სულ სხვა განზომილებაში, საქართველო/ქართველი ხალხი კი – სხვა განზომილებაში.
საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია. მმართველი ძალა კი არის კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა, ამიტომ მათი ადგილი რუსეთშია, საუკეთესო შემთხვევაში კი – ციხეში. ამიტომ ყველა ნაბიჯზე, სადაც კი გადაადგილებიან, მათ დისკომფორტი უნდა შეექმნათ“.
მურმან დუმბაძე (პარტიის – „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი): „მეორე თვეა საქართველოში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და ჩვენ, აქ, ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინასთან შეკრებილები, რუსული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ თანამემამულეებს სრულ და უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ. მხარდაჭერას გვიცხადებს აშშ–ის მთავრობაც, რომელმაც უკვე განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირების შესახებ. ჩვენი მომავალი ევროპაა, ნატოა და არა – რუსეთი!
26 მაისი ჩვენი სამშობლოს რუსეთიდან დამოუკიდებლობის დღეა და კრემლის ფილიალს, „ქართული ოცნებას“ ამ დღის აღნიშვნის უფლება არა აქვს!“
ნათია კაპანაძე (ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ დირექტორი): „თავისუფალი ადამიანები, დამოუკიდებელი მედია, ქართველი ხალხი 26 მაისს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ. მაგრამ აი, აქ, გაეროსთან ვდგავართ და ვაპროტესტებთ რუსულ მთავრობას და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ არ ვეთანხმებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომელმაც „რუსული კანონი“ ხალხის თავისუფალი ნების დასასჯელად შეიმუშავა. ჩვენ რუსეთში არ დავბრუნდებით!“
თამარ ჟვანია: „მიუხედავად იმისა, თუ სად ვცხოვრობთ, საქართველოში თუ მის გარეთ, აუცილებელია ერთად დავდგეთ, გამოვხატოთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები და, ყველამ, უპირველესად კი მტერმა უნდა იცოდეს, რომ არაფრით დავთმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას!“
დავით ცქიფურიშვილი (ორგანიზაციის „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ დამფუძნებელი): „დღეს გაეროში რუსულმა მთავრობამ საზეიმო მიღება მოაწყო. ეს არის წმინდა წყლის რუსული ცინიზმი, თავხედობა, როცა რუსული მთავრობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და თანაც ისე, რომ თავისივე ხალხს, ემიგრანტებს ემალება და ჩუმად იპარება.
მოვედი აქ, რომ გავაპროტესტო ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის ფეხქვეშ გათელვა – როცა ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეშია, საქართველოს პატრიოტებს კი ქუჩებში დასდევენ, სცემენ, მოძველებულია მოთხოვნა – „არა რუსულ კანონს!”, რომელსაც ერთი წლის წინათაც ვსკანდირებდით. ამიტომაც დღევანდელი ლეგიტიმური მოთხოვნაა: „არა რუსულ მთავრობას!”
ნინო ფანჩულიძე: „საქართველოში თუ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის; იმისთვის, რომ ჩვენმა სამშობლომ თავის ცნობიერ არჩევანს – ევროპულ გზას არ გადაუხვიოს. რუსეთის მაგალითზე ცხადად ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ოლიგარქია და “რუსული კანონი” – სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები, მოქალაქეები იძულებული არიან ქვეყნიდან გაიქცნენ, ოპოზიციონერებს კლავენ. საქართველოსთვის ქვეყნის მოწყობის რუსული მოდელი დამღუპველია! საქართველო რუსეთს არ დანებდება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალი განმეორდეს!“
რუსუდან ჯანელიძე: „ახლახან დავამთავრე „ბარუხ კოლეჯი“ და მუშაობა ნიუ იორკში დავიწყე. მართალია, უკვე მერვე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველო სამუდამოდ ჩემ გულშია; ვერაფერი წაშლის იმ ფაქტს, რომ ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და ჩემ თანატოლებთან ერთად ძალიან მინდა ვხედავდე დამოუკიდებელ, ბედნიერ სამშობლოს, რომელიც ასე მენატრება და მიყვარს. ვიცი, რომ ვერავინ წაგვართმევს თავისუფლებას და ამიტომაც აქ ჩემ უმცროს დასთან ერთად მოვედი და ვამბობ – არა რუსულ მთავრობას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს!“
27.05.2024
netgazeti.ge
netgazeti.ge
No comments:
Post a Comment