Saturday, February 7, 2026

ბათუმელი რეჟისორის ფილმი 13 ბოდიშით – „ვაზომოტორული რინიტის“ მოგზაურობა აშშ-ში









დღევანდელ საქართველოში ისეთი სავალალო მდგომარეობაა, რომ პოლიტიკური სატირის ტრანსლირებისთვის აუცილებელი ეზოპეს ენის გარდა, ალბათ, არისტოფანე-ვოლტერ-გოგოლის, “ჯაყოს ხიზნების” ავტორისა და “ღამის/შაბათის შოუების” სცენარისტების ერთობლივი რესურსი შეიძლება გახდეს საჭირო. ბათუმელი შემოქმედისა და კინორეჟოსორის, მიხეილ გაბაიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) აღმოჩნდა სწორედ ის სატირული სარკე, რომელშიც არა მარტო ქართველის პირადი თუ საზოგადო პრობლემები აირეკლა, არამედ – საერთაშორისოც.


„ვაზომოტირული რინიტი“ ანტონ ჩეხოვის ძალიან ცნობილ პატარა სატირული ჩანახატის, უფრო სწორედ, ტრაგიკომედიის – „ჩინოვნიკის სიკვდილი“ საფუძველზეა გადაღებული. ჩეხოვის “მინიატურაში” მოქმედება ხდება XIX საუკუნის ცარისტულ – ბიუროკრატიულ რუსეთში, სადაც ადამიანს ხელისუფლების/მაღალჩინოსნის უფრო მეტად ეშინია, ვიდრე – სიკვდილის.


ჩეხოვთან მთავარი გმირი “ჩერვიაკოვია” ანუ, ასე ვთქვათ, ქართულად – “ჭიაძე/ჭიაშვილი”, ფილმში კი მოქმედი გმირები ტიტრებში ასეთი თანმიმდევრობით არიან დალაგებული:


“წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებული”;

“მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე N69”;

“წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებულის მეუღლე”;

“მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის N69 – ის მარცხენა ხელი”;

„აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსი“;

„ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს წევრი“;

 „მდივანი“ …

ადამიანის ტოტალური მორჩილებისთვის მისი “ქვეშევრდომობა” ყოველთვის პანიკურ შიშში უნდა იმყოფებოდეს, რადგანაც მას უმიზეზოდ, ყოველ წამს, ყველგან “უმფროსის” რისხვა შეიძლება დაატყდეს და ამიტომაც არსებობს “გამოსავალი” – მეგაპირმოთნეობა, მეგაპირფერობა, მეგამლიქვნელობა და, რაც მთავარია, გაუთავებელი სირცხვილის გრძნობა, “უპატიებელი ცოდვა” იმისა, რომ უბრალოდ არსებობ და დაცემინება შეგიძლია.




მსახიობ დავით ჯაყელის გმირი მიხეილ გაბაიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან -„ვაზომოტორული რინიტი“


საბოლოოდ, ეს ყველაფერი “უჩინარი კაცის” არა მარტო მორალურ, არამედ ფიზიკურ სიკვდილსაც იწვევს. და ეს სიკვდილი მისთვის განა სასჯელია, არამედ ამ გაუთავებელი, მტანჯველი შფოთვისგან ხსნა, რადგანაც უკვე დიდი ხანია ადამიანი კი არაა, არამედ მწერი, ჭია, რომელსაც გასრესის, ბუზის საკლავის დარტყმის ეშინია.


თუ ჩეხოვთან ჩერვიაკოვის სახლი მხოლოდ მისი ტახტია, სადაც შიშისგან ცახცახებს, გაბაიძის ფილმის გმირი (მსახიობი დავით ჯაყელი) მშვენიერ, თანამედროვე, გარემონტებულ, ნათელ ბინაში ცხოვრობს; ჰყავს ცოლი, რომელიც სექსის დროსაც კი ქმარს რიტმში უკიჟინებს, რომ ბოდიში აუცილებლად მოსახდელია. ისიც იმავე რიტმში, ეთანხმება. კედლებზე რენესანსის ეპოქისა და აბსტრაქციონისტების ნახატებია, სახლში – თანამედროვე ტექნიკა. ჰოდა, დარბის ეს “პატიოსანი” კაცი, დასდევს იმ “დიდს”, ვისთვისაც არავინაა და რომელმაც, სხვათა შორის, პირველ ჯერზე აპატია. უფრო სწორედ, არც დაინტერესებულა, თუ ვინ “დაუშავა” მის მოტვლეპილ თავს. და საერთოდაც, ეს მაღალჩინოსანი მისი უშუალო ბოსიც არ უნდა იყოს, უბრალოდ “ვიდზე” ეტყობა, რომ “ნაჩალნიკია”.


“პატარა კაცში” დაბუდებული მორჩილება და “მონური ღირსება”, რაც მის ფეხებსაც მოსვენებას არ აძლევს, დასდევს ამ თავისი “დანაშაულის” “მსხვერპლს”, თავს აბეზრებს და ერთხელაც ბუზის სპილოდ გადაქცევას სავალალო შედეგი მოსდევს. კაცი შიშისგან კვდება, ლუჩანო პავაროტის მიერ შესრულებული ნეაპოლიტანური სიმღერის – “დაბრუნდი სორენტოს” ფონზე. თან ვერ ხვდები, ეს მუსიკა ამ ჩინოვნიკის სახლში “იუტუბიდან” ჟღერს და იგი მართლა უსმენდა კლასიკურ მუსიკას თუ ფინალის მუსიკალური აკორდები უბრალოდ რეჟისორის “კრეშჩენდოა”.


ფილმის გროტესკული “ჰეფი ენდისთვის” შემონახულია სიმღერის ბოლო – Torna a Surriento, Famme Campà! (დაბრუნდი სორენტოში, მაცოცხლე”) და რენე მაგრიტის სიურეალისტური ნახატის კედელზე ერთ ლურსმანზე ჩამოკონწიალება. ფილმის დასაწყისშიც საბედისწერო დაცემინებაც იმ ოპერაში ხდება, სადაც ეს მაღალჩინოსნები თავისი მარცხენა და მარჯვენა ხელებით მხოლოდ “სამარიაჟოდ” დადიან.


ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მიხეილ გაბაიძე პირველი პროფესიით არტმენეჯერია. 2022 წელს, როგორც თავად ამბობს, სიჭარმაგისას, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში კინორეჟისურაზე ჩააბარა. “ვაზომოტორული რინიტი” (პროდიუსერი რეჟისორის მეუღლე, სოფო კომახიძე) მისი სამაგისტრო ნაშრომია. იგი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოქმედებითი გადაცემა “ეთნოფორის” პროდიუსერი და წამყვანია. რამდენიმე წლის წინათ გაბაიძემ მეგობრებთან ერთად სასკოლო, საყმაწვილო თეატრალური დასების ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი” დააარსა. იგი ამ ფესტივალის დირექტორი და სხვა ფესტივალების, მათ შორის, ბათუმის კინოფესტივალის, BIAFF-ის, გუნდის წევრია.






მიხეილ გაბაიძე და სოფო კომახიძე





„- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ბათუმში ბოლო 15 წლის განმავლობაში მგალობელ-მომღერალთა გუნდის დირექტორიც ვიყავი, თავადაც ვგალობდი და ვმღეროდი“ – მიყვება მიხეილ გაბაიძე, „- მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე ღირებული რაც გამიკეთებია მეგობრებთან ერთად, არის საქართველოს რეგიონებში კარდაკარ სიარული და ფოლკლორული სიმღერების შეგროვება – ჩაწერა. ასე შევაგროვეთ 2 200 ნიმუში და მათ პოპულარიზაციას ჩვენი გადაცემებით (უკვე 322 გადაცემას ვითვლი) ვეწევით. ამ სიმღერების 80 პროცენტი საქართველოს ოქროს ფონდია და ის მოიცავს საქართველოს ყველა კუთხეს, დაბა-სოფელს, გარდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი. ვიწერთ იმ საგანძურს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ერთმანეთს “ყელიდან ყელში” გადასცეს და ეს ჩვენი, ქართული ცივილიზაციის სიძველის გამოხატულებაც და დასტურიცაა.


კინორეჟისურის ფაკულტეტზე ჩვენი ხელმძღვანელი იყო კინორეჟიროსი, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, აწ გარდაცვლილი გიორგი გოგიბერიძე.


სადიპლომო ნამუშევრისთვის მან ჩვენ ჯგუფს შესთავაზა გადაგვეღო ჩეხოვის “ქალი ძაღლით”, ცხადია, სხვადასხვა ინტერპრეტაციით. “არსენალში” ასევე იყო ჩეხოვის “ჩინოვნიკის სიკვდილი”, რომელსაც ჩემ მეგობართან, კინორეჟისორ შოთა გუჯაბიძესთან განვიხილავდი და მანაც “ჩინოვნიკის სიკვდილი” მირჩია. ვიფიქრე, რომ ეს სიუჟეტი, ასე ვთქვათ, ფინანსურად და ტექნიკურად უფრო მარტივი გადასაღები იქნებოდა. სიმარტივეს კი იმიტომ ვეძებდი, რომ ფილმის გადასაღებად ბევრი პრობლემა უნდა დამეძლია: მეშოვა ფული, ტექნიკური მხარდაჭერა და ა.შ.


იმ მომენტში, გარდა პროფესიული კამერისა, რომელიც ხელოვნების უნივერსიტეტს ეკუთვნის, არაფერი მქონდა. საბოლოოდ ფილმი ჩემთან სახლში და ბათუმის დრამატულ თეატრში ექვს დღეში გადავიღეთ; ქუჩაში მხოლოდ ორი კადრია გადაღებული. ვინც კი ფილმზე იმუშავა: ოპერატორი, მსახიობი, მონტაჟის სპეციალისტი, გრაფიკოსი თუ მხატვარი – ერთი სიტყვით, ყველანი, ჩემი მეგობრები არიან და უსასყიდლოდ დამეხმარნენ ისე, როგორც მეგობრებს და განსაკუთრებით, ბათუმელ მეგობრებს სჩვევიათ.


ინსპირაცია? ფაქტია, რომ რაც ფილმში ხდება, ცხოვრებაში ყველაფერი ნანახი მაქვს.


ასლან აბაშიძის პერიოდში არსებობდა “ბავშვთა ოპერა”, სადაც მე გუნდის მსახიობი ვიყავი. მახსოვს, თუ რა კატეგორიის ხალხი/საზოგადოება ესწრებოდა საოპერო დადგმებს. მათ ოპერის მიმართ საერთოდ არავითარი ინტერესი ჰქონდათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მაგრამ თუ სპექტაკლს “ბატონი ასლანი” ესწრებოდა, ოპერაში ვიზიტი სავალდებულოც კი იყო, ზუსტად ისე, როგორადაც ფილმის გმირი – “წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებული” აკეთებს.


აი, მაგალითად, ფილმში ბოლოს “მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე N69” ტელევიზიით ამბობს ამგვარ ტექსტს:


„თორმეტსართულიანში ჩემი მეგობარი ცხოვრობს და როცა ის ლიფტით ადის, მე მას ზევით ასვლას ფეხით ვასწრებ“. ეს აბსურდი მე ნამდვილად მოვისმინე, თუ როგორ უთხრა რაღაც შეხვედრაზე ერთ-ერთმა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ ჩემს მეგობარს, ყოველგვარი იუმორის გარეშე და იმის საჩვენებლად, რომ ლიფტით მოსარგებლეზე “ერთი თავით” ან მეტით ძლიერი და მოქნილია.


ფილმში „ჭანჭიკი – ჩინოვნიკი“ 13-ჯერ იხდის ბოდიშს… რამდენჯერ ამბობს – “უკაცრავად“, ესეც დასათვლელია. ჩემი წუხილიც ესაა – ჩეხოვმა სად და როდის დაწერა თავისი სატირა, თუმცა ამგვარი “ჩინოვნიკური” ცხოვრება თავისი პატივმოყვარეობა/ პირმოთნეობით დღესაც იგივე სცენარით თამაშდება.


ფილმის კიდევ ჰყავს ერთი მოქმედი გმირი – კუ, რომლის უფლებების დაცვაზეც ტიტრებში მივუთითეთ. მისი სცენარში შემოყვანა ჩემი იდეა იყო. კუ ბაქანში ცხოვრობს და ძალიანაც რომ მოინდომოს ვერ ტოვებს/ ვერ გამოდის “კანიდან”. “ვაზომოტირული რინიტის” მთავარი გმირი პატარა, უსუსურ ცხოველს წყალში ეთამაშება, თვალებში უყურებს და, რაღაც მომენტში, თითს დააჭერს, თავად ხვდება ან ვერ… რომ ამგვარი დახურულ სივრცეში ცხოვრება სიკვდილის ტოლფასია. მერე რა, რომ კუს ბაქანი საიმედო დაცვაა. ის ჩაკეტილობის მძევალია, ჩიხის სიმბოლოა, სადაც მხოლოდ მორჩილება და შეგუებაა.


“ვაზომოტორული რინიტი” ყველა კონტინენტის 200-მდე ფესტივალზე აჩვენეს, მათ შორისაა: ისლანდია, ბრაზილია, გერმანია, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, ფინეთი, გვატემალა, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრალია, სერბეთი, შვედეთი, მოლდოვა, ტაილანდი, კანადა და მეტწილად აშშ-ში – თითქმის უმრავლესი შტატის სხვადასხვა ქალაქებში და მისი მოგზაურობა ახლაც გრძელდება.


ფილმს პრიზების შთამბეჭდავი მოსავალი აქვს – სხვადასხვა ნომინაციებში 50-ზე მეტი პრიზი, მათ შორის, საუკეთესო რეჟისურისთვის, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის, ქალისა და მამაკაცის საუკეთესო როლისთვის; საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, საუკეთესო სცენარისთვის, საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის, და სხვა ბევრი.


აშშ-შიკი ფილმი მონაწილეობდა შემდეგ კინოფესტივალებში: San Diego Short Film Festival (კალიფორნია); Best Shorts Competition (კალიფორნია); Raw Science Film (ნიუ ორკი); Sacramento Independent Film Festival (კაროლინა); Hollywood Blood Horror Festival (კალიფორნია), The Atlantis Awards (კალიფორნია); Spooky Empire’s International Horror Film Festival (ფლორიდა); Hollywood Shortfest (კალიფორნია); Columbia Maryland Film Festival (მერილენდი); Redingfilmfest (პენსილვანია); Bollywood Hollywood Film Festival Las Vegas (ლას ვეგასი); East Lansing Film Festival/Lake Michigan Film Festival (მიჩიგანი); Los Alamos Film & Culture Festival (კალიფორნია) და სხვა.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: იდეები მაქვს და იმის იმედიც, რომ გამოჩნდება კეთილისმყოფელი სპონსორი და კიდევ შევძლებს ფილმის გადაღებას. აქვე აუცილებლად მინდა მადლიერება გამოვხატო თითოეული ჩემი მეგობრის მიმართ, რომელთა გარეშეც ვერ შედგებოდა “ვაზომოტორული რინიტი” და, რა თქმა, მინდა ჩემს ფილმებში ისინი კვლავ ვიხილო“.





მსახიობი დავით ჯაყელი და რეჟისორი მიხეილ გაბაიძე







***

სენდი ჯონსი, ლოს ალამოსის კინოფესტივალის პრეზიდენტი: „კარგი კინოსიუჟეტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეკრანზე დავინახოთ საკუთარი თავი ჩვენი დადებითი მხარეებითა და სისუსტეებით. მიხეილ გაბაიძის მიერ გადაღებული “ვაზომოტორული რინიტი” ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან იგი აცოცხლებს არა მარტო ძველს, არამედ ფანტაზიის უნარზე დაყრდნობით აძლიერებს ცხოვრების აღქმის უნარს და ამიტომ კინოოსტატობის მაგალითია.


მისი ნამუშევარი მართლაც რომ დასაფასებელია და ეს ძალიან მკაცრმა ჟიურიმაც, რომელიც ყველა ფილმს კინოენის ათი კონკრეტული კრიტერიუმით აფასებს, შესაბამისად აღნიშნა. ფილმმა კონკურსში დამსახურებულად გაიმარჯვა.


„ვაზომოტორული რინიტი“ ჩვენი ფესტივალის ყველაზე მაღალი ქულის მქონე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო. ჩვენი არჩევანის სისწორე კი შემდგომ უფრო დიდ კინოფესტივალებზე მისი წარმატებით დადასტურდა“.












ჯეიმს კირბი, სან დიეგოს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის დირექტორი: „2024–2025 წლების ფესტივალის ფარგლებში სულ 212 განაცხადი მივიღეთ, რომელიც 27 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენდა. ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის განაცხადი იყო, საქართველოდან კი ერთადერთი იყო “ვაზომოტორული რინიტი”.


ფილმმა 2024 წლის ზაფხულის სეზონზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა და წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია მოიპოვა. მთავარ როლში მყოფმა დავით ჯაყელმა კი სპეციალური ჯილდო სამსახიობო ხელოვნებისთვისთვის მიიღო.


მე ქართულ კინოხელოვნებას, კინორეჟისორებს არ ვიცნობდი, ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა კი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! მახსოვს 2020-ში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის “დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუბეგაშვილი) საერთაშორისო აღიარება და ვიგრძენი, რომ “ვაზომოტორული რინიტი” მსგავს მხატვრულ სიღრმესა და ემოციურ ძალას ატარებდა.


მინდოდა, რომ ფილმს რაც შეიძლება ფართო აუდიტორია მოეპოვებინა, ამიტომ ასევე დავუკავშირდი სამხრეთ კალიფორნიის ადგილობრივ ქართული კულტურისა და განათლების ცენტრს, რათა ფესტივალის ჩვენებაზე უფასო ბილეთები შემეთავაზებინა. ჩვენ რჩეულ ფილმს კი დიდ წარმატებასა და დაფასებას ვუსურვებ.

02.04.2026

netgazeti.ge 


No comments:

Post a Comment