Sunday, February 1, 2026

დაიან არბუსის 454 ფოტო და სან რემოს ფანჯრები


 









„თინეიჯერი დაიან არბუსი ცენტრალ პარკ ვესტის ზემოთ მდებარე სან რემოს შენობის მეთერთმეტე სართულზე მშობლების ბინის ფანჯრის რაფაზე იდგა. ის იქ იმდენ ხანს იდგა, რამდენ ხანსაც შეეძლო, უყურებდა ხეებსა და ცათამბჯენებს მანამ, სანამ დედამისმა არ ჩამოსვა. წლების შემდეგ მან თქვა: „მინდოდა გამეგო, ამას თუ შევძლებდი” და დასძინა – „მე ჩემი სამეფო მემკვიდრეობით დიდი ხნით არ მერგო”.


საერთო ჯამში, მან თავისი სამეფო თავისი ფოტოაპარატით აღმოაჩინა. მისი ოცნება იყო გადაეღო ამ სამყაროს თითოეული ადამიანი. ეს ნიშნავდა შეუპოვრობას, რისკზე წასვლას.


დაიანა ყოველთვის იყო ძალიან, ძალიან გამბედავი, ზოგი მას „უგუნურსაც“ კი უწოდებდა, მაგრამ ეს მისთვის ბუნებრივი იყო, რადგანაც იგი თავისი წარმოსახვით იყო “არისტოკრატი ებრაელების ოჯახის” შთამომავალი, არისტოკრატობა კი ეგზისტენციალური სიმამაცის აღმნიშვნელია. მისი აზრით, არისტოკრატიას არაფერი ჰქონდა საერთო ფულთან ან სოციალურ მდგომარეობასთან. არისტოკრატია უკავშირდებოდა გონების კეთილშობილებას, სულის სიწმინდეს, ისევე როგორც – უშრეტ სიმამაცეს. დაიან არბუსს სჯეროდა, რომ ეს თვისებები სიცოცხლის ამოუწურავ მნიშვნელობას აღნიშნავდა”.


ასე იწყება პატრიშია ბოსუორთის წიგნი – „დაიან არბუსი, ბიოგრაფია” (1984), რომელიც მოგვითხრობს წარმოშობით პოლონელ ებრაელ დაიან ნემეროვზე (1923-1971), რომლის ფოტოები: ქონდრისკაცები/ქალები, გიგანტები, ტრანსვესტიტები, ნუდისტები, სტრიპტიზიორები, ცირკის მსახიობები, საავადმყოფოების პაციენტები, შშმ პირები, ოჯახები, შეყვარებულები, ტყუპები, ბავშვები, მოხუცები, ადამიანები პატარა და დიდი სვირინგებით, ყველა კლასის წარმომადგენლები – მარგინალები და არამარგინალები, უცნობები და ცნობილები, შოკისმომგვრელები და შოკისარმომგვრელები, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური “სიშიშვლით” იდგნენ მისი კამერის წინ. შავ-თეთრ, მკაცრი სტილის, მართკუთხა ფოტოების “ბინადრები” თვალს თვალში უყრიან მაყურებელს და არა მხოლოდ თავად ფოტოგრაფს… თითქოს გეუბნებიან: აი, შეხედე, როგორი ვარ; შემომხედე, ესაა ჩემი იდენტობა… იქნებ შენი ბრალიცაა ასეთი რომ ვარ ან შენც ასეთი ხარ, უბრალოდ “გარემოებათა გამო” შენ ახლა მე მიყურებ, მაგრამ მაყურებელი მეც შემიძლია ვიყო…






დაიან არბუსი






ცნობილი ამერიკელი ფოტოხელოვანი – ნოვატორი დაიან არბუსი, რომლის სტილმა თაობების ფოტოარტზე დიდი გავლენა იქონია, მანამდე გახდა ლეგენდა, სანამ ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ნიუ იორკის არტისტების სათემო შენობის Westbeth Artists Housing ერთ-ერთ აბაზანაში დეპრესიის მწვავე შეტევისას თავს მოიკლავდა და იქვე კართან დატოვებდა თავის დღიურს უკანასკნელი სიტყვებით – „საიდუმლო სერობა”. თუმცა ამგვარმა სიკვდილმა უფრო მეტი მითოლოგია შესძინა მის ექსტრავაგანტურ და სევდიან ფოტოებს. დაიანს არ მოერიდებოდა, უკანასკნელი ამოსუნთქვისას თავის თავსაც გადაუღებდა…


არბუსის ფოტოლიტერატურა მოუხეშავი, ზოგჯერ სპეციალურად ტლანქი, არამარტივი გადმოცემის უნარია, რომელიც ადამიანების პორტრეტებით სიმარტოვის დროსა და ადგილს აერთიანებს; მერე ეპატაჟით ანაწევრებს, მიმოიხილავს, თან ბლარავს და თან ფოკუსს ამკვეთრებს, კონიუნქტურის საზღვრებს უკანმოუხედავად კვეთს და “ანორმალურებს” იმათ, ვინც შავი ფარდის მიღმაა და თან არა მხოლოდ სათითაოდ, არამედ – ჯგუფებად…


საკმარისია ნიუ იორკის მეტროში ერთი თვე იმგზავრო, განსაკუთრებით შაბათ – კვირას, ძალიან ადრე ან ძალიან გვიან და მიხვდები, რომ ახლა, აი, ამ ზანტად მოჩაქჩაქე ვაგონებში დაიან არბუსის გმირები სხედან, დგანან, წვანან, იხდიან, იცვამენ, ეწევიან, ყვირიან, ჩურჩულებენ ანდა არც არსად წასულან. ასე რომ, თითქოს სულაც არ გჭირდება არბუსის კონფრონტაციული, გნებავთ, ნონკონფორმისტული ხელოვნება.


აი, აგერ არიან ისინი… ჩემი ტელეფონით შემიძლია გადავიღო. მაგალითად, 31 დეკემბრის წვიმიან ღამეს “ბალენსიაგას” ვიტრინებთან მიწვენილი წლობით დაუბანელი და კილომენტრიანწვერებიანი ქალები და კაცები, უსახლკაროები უცნაური მეტყველებით, “ჩაცმულობითა” და აიფონებით. ისინი აქ ცხოვრობენ. ნიუ იორკის მეტროს მგზავრობის ოცწლიანი სტაჟის მქონე ადამიანს დამეჯერება… ყველაზე ფანტასმაგორიული იმიჯები, სხეულისა და სამოსის ხაზები, სვირინგები, ხმები და მოძრაობები…


1950-60-იან წლებში ამერიკულ ფოტოგრაფიაში დომინირებდა გლამური, მოდა და ოჯახური იდილიის/სამზარეულოს სცენები. დაიან არბუსი თავად იყო, ასე ვთქვათ, ამერიკული საშუალო კლასის ოჯახიდან – დედის მამამ, პოლონელმა ებრაელმა ფრენკ რასიკმა ძმასთან ერთად “მილიონერების გამზირზე” ანუ მეხუთე ავენიუზე ქალის ბეწვეულის მაღაზია Russeks გახსნა. ოჯახი იღბლიანი იყო – ამერიკულ დიდ დეპრესიას (1929-1941) გადაურჩა.


14 წლის დაიანმა მეუღლე, ხუთი წლით უფროსი ალან არბუსი (მომავალი მსახიობი და ფოტოგრაფი, რომელიც Russeks-ის სარეკლამო განყოფილებაში მუშაობდა) სწორედ ბაბუამისის მაღაზიაში გაიცნო, 18 წლის ასაკში კი მასზე დაქორწინდა და გვარი შეიცვალა. სწორედ მეუღლემ აჩუქა დაიანს მისი პირველი ფოტოარაპარი Graflex. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცოლ-ქმარმა არბუსებმა კომპანია “დაიან და ალან არბუსები” დააარსეს და ძირითადად ამერიკული გლამურის პერსონებს იღებდნენ, ამ კომერციულ პროდუქტს კი ბეჭდავდნენ მოდის ჟურნალებში: Glamour, Seventeen, Vogue. ცხადია, ეს ვერ და არ იქნებოდა დაიან არბუსის პროფესიული თუ “არისტოკრატიული სიმამაცის” ნიშა. მხოლოდ მას მერე, რაც მან “ფრიკების”, იგივე უცნაური ადამიანების, გნებავთ, ე.წ. “ქალაქის/სოფლის გიჟების” გადაღება დაიწყო, არბუსის ფოტოები გაჩნდა ჟურნალებში: Esquire, Harper’s Bazaar, London’s Sunday, Times Magazine და Artforum.


არბუსის ფოტოენა თვალს არ უხარია, იგი მზერას აღიზიანებს, არაეთიკურობის განცდას/მგრძნობელობას “წიწკნის”. მისი პორტრეტებიდან შიში და შფოთი, სირცხვილი და რაღაცნაირი ქრონიკული მოწყვლადობა “ასხივებს”. არა, “ასხივებს” არბუსის ხელოვნებისთვის არასწორი სიტყვაა. პირიქით, აქ რაღაც ჩაქრა, თითქოს, სამუდამოდ და უიმედოდ. დაიანის ფოტოებიდან გადმოსული “არამახლობელი ეგზოტიკა”, მარტოსულობა, სასოწარკვეთილება, სინანული და ამ მოწყვლადობის/სისუსტის დემონსტრირება, გულგრილს არ გტოვებს, გაღელვებს, გნუსხავს.


2025 წლის ზაფხულში Park Avenue Armory-მ წარადგინა დაიან არბუსის 454 ფოტოპრინტი (1945-1971. LUMA Foundation) და მისი ფოტოგმირების გადიდებული თვალების ვიდეოინსტალაცია სახელწოდებით – “დაიან არბუსი: თანავარსკვლავედი” (კურატორი მეთიუ ჰუმერი).






დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო


არბუსი თავისი კამერით ყოველთვის თვალებში „უყურებდა“ თავის მოდელებს და ამგვარად განუმეორებელ მაგნეტიზმს ქმნიდა. ეს ექსპოზიცია გახლდათ ხელოვანის ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა, რომელმაც, პირადად მე, დეზორიენტირების ველზე გადამაგდო.


გამოფენა ინსპირირებულია ნიუ იორკის მეტროს რუკით – ლიანდაგების ანალოგ ცხაურებზე, იგივე შავ, მართკუთხა რკინის ჩარჩოებში დიანა არბუსის აუტსაიდერი ფოტოგმირები ოდნავ მოსაღამოებულის სინათლეზე კიდევ უფრო ბუნდოვანდებოდნენ, დარბაზის გამყოფი სარკისებრი კედელი კი მთელს ამ ლაბირინთს ირეკლავდა და მოსაზღვრულ სივრცეს ორჯერ უფრო მეტი ზომისას ხდიდა, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო.


ფოტოები კონტექსტისა და სახელწოდებების გარეშე ჰაერში ლითონის ხაზებზე “ეკიდა”, ხოლო დიდ ფურცელზე, რომელსაც ბილეთთან ერთად გაძლევდნენ, ფოტოს სახელწოდება, ადგილი და თარიღი ნუმერაციით უნდა მოგეძებნა. ისეთი განცდა გეუფლებოდა, თითქოს თავი უცნობ ქალაქში ამოყავი და სავალი გზა თავად უნდა გაგეკვლია.


საბალეტო მოცეკვავეების ერიკ ბრუნისა და რუდოლფ ნურიევის ერთობლივ ფოტოსთან სადღაც სამეზობლოში “იდენტური ტყუპები” იყო, ნორმან მეიერთან კი – “ხმლის მყლაპავი”. ჩემთვის საბალეტო არტისტები ამ გამოფენის ყველაზე ნათელი და მონათესავე წერტილი იყო. ფოტოკოლექცია – უიღბლობის, დაჩაგრულობის, ტრავმისა და დეპრესიულობის იმერსიული გამოცდილების ტერიტორიას ჰგავდა და, მართალი გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე, როცა მზეზე გავედი, თითქოს თავი რაღაც მიღმიერს დავაღწიე.






დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა – ფოტოკოლაჟი. ია მერკვილაძის ფოტო


ამ ფოტოკოლექციიდან ზოგიერთი პირველად გამოიფინა. ეს ანაბეჭდები/პრინტები კი არბუსის მოსწავლემ და ცნობილმა ფოტოგრაფმა ნილ სელკერკმა წარადგინა.


დაიანს ანდერძი არ დაუტოვებია. არბუსის შვილის დუნ არბუსის გადაწყვეტილებით, სელკერკი დედამისის ნდობით აღჭურვილი პირი იმიტომ გახდა, რომ არბუსის ყოფილმა მოსწავლემ კარგად იცოდა, ფოტოლაბორატორიაში ანუ ბნელ ოთახში დაიანი გამჟღავნების რა მეთოდებს იყენებდა.


არბუსის ფოტო გამჟღავნების მეთოდები ძალიან თავისებური იყო, ამიტომ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო ფოტოები ავტორის ხედვასთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო.


რაც მთავარი, ალბათ, არბუსისთვისაც სწორედ ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი: გამოფენის ყველა სტუმარს თავისი ზომის ანარეკლი და ფოტოანაბეჭდი გადაეღო ანდა გადაეღო თუ როგორ იღებდა/ათვალიერებდა სხვა მის პრინტებს. ექსპოზიციის დინამიკაც, ალბათ, ამაზე იყო გათვლილი. სადაც არ გაიხედავ არეკლილი, წამით აღბეჭდილი ხარ შენც და დაიანის “სამიზნეებიც”. ერთი შეხედვით, ლითონის ფორმები არქიტექტურულად თითქოს ერთმანეთთან იყო დაკავშირებული, თითოეული ფოტო კი, როგორც ინდივიდი, ამ ქსელში გაშეშებულ-დამაგრებულს ჰგავდა და ამას თითქოს არბუსის ფოტოხაზის მთლიანობა არ უნდა დაერღვია, მაგრამ მაინც – ხისტი ეკლექტიზმისა და დაბნეულობის განცდა არ მტოვებდა – შინაგანი ქაოსი, უგერგილობა და რკინის ჩარჩოებით, იგივე მარწუხებით დაჭერილი ვითომ წესრიგი.







დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა – ფოტოკოლაჟი. ია მერკვილაძის ფოტო









დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა – ფოტოკოლაჟი. ია მერკვილაძის ფოტო











დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო


არბუსი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს მისი ტრანსგრესიები არა რომელიმე პრესტიჟულ-ძვირიანი ფოტოაპარატით, არამედ – მასკულტურის/მას-ტექნიკის პროდუქტით – ტელეფონის ციფრული კამერით გადაიღებოდა და სხვათა შორის, არც ისე ურიგოდ, “ავტოპორტრეტს” მარტივად “სელფი” ეწოდებოდა და ყოველგვარი ფოტოქიმიის გარეშე სოციალურ ქსელში ინტერნეტსივრცეს სამუდამოდ დაიკავებდა.


XX საუკუნის თვითმყოფადი და გავლენიანი ფოტოგრაფი, რომელიც პირქუში დოკუმენტური სტილითაა ცნობილი იმ ადამიანებს გვაცნობს, რომლებსაც სატელევიზიო ეთერში არ იწვევენ, სარეკლამო ინდუსტრია არ სცნობს და რიტა ჰეიუორთივით ანდა ჯეიმს დინივით “პინ აფ” გოგონები/ ბიჭუნები არ ხდებიან.


არბუსის მოდელები უჩინარი ადამიანები არიან, რომლებიც “კამერავუმენმა” “არცნობიდან”, მივიწყებიდან გამოიყვანა და ნორმისა და უნორმობის ზღვარზე დააყენა. ათწლეულების განმავლობაში არბუსის ფოტოები საკულტო ხატებად იქცა, ხელოვნურობისა და ნატურალიზმის ნაკრებად, ისეთივე ემოციური იზოლაციის პროდუქტებად, როგორიც თავად იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან.


***


„დაიანი იყო ყველაზე მგზნებარე მაყურებელი, რომელსაც ფრიკები იზიდავდნენ, თუმცა მათ იგი ეზიზღებოდათ და ზოგიერთი მას რეალურად აშინებდა კიდეც. ეს იყო მისი მოტივაცია – “ჰუბერტში” (1920-დან 1960-მდე ნიუ იორკის თაიმს სკვერზე არსებობდა ცირკის ტიპის მუზეუმ-თეატრი, სადაც სცენაზე ინტერმედიუმები, კლოუნები, “უცნაური გარეგნობის” ადამიანები გამოდიოდნენ – ი.მ.), მას უნდოდა ისე შეშინებოდა, რომ გულისცემა აჩქარებოდა, შუბლი ოფლს დაეფარა, მას უნდა დაემარცხებინა შიში და საათების განმავლობაში იქ გაჩერებულიყო, რათა დაჰკვირვებოდა მსუქანი, სუნიანი ქალის ბატისფეხება სიარულს; უხელო კაცის მოხერხებულობას, თუ როგორ უკიდებდა იგი სიგარეტს ასანთიდან, რომელსაც ტერფებით იჭერდა.


როცა დაიანი სცენის მიღმა თავისი კამერით პირველად შეხვდა ამ ფრიკებს, ისინი მას უემოციოდ უყურებდნენ. ისინი მასთან თავს კარგად არ გრძნობდნენ. მაგრამ დაიანი იყო ამტანი და მომთმენი, ყოველ დღე იქ მიდიოდა და ესაუბრებოდა მანამდე, სანამ ისინი მას არ მიეჩვივნენ და სანამ ის “ლამის მათი ბანდის” წევრი არ გახდა“ – ყვებოდა პრესტო, რომელიც “ჰუბერტში” ცეცხლის გადაყლაპვის პერფორმანსს აჩვენებდა.


როგორც კი იგრძნო, რომ ფრიკები მას უკვე ენდობოდნენ, დაიანამ მათ პოზირება სთხოვა.


“ჰუბერტი” დაიანისთვის ნიუ იორკში მთავარი თავშეყრის ადგილი გახდა. იგი კვლავ იღებდა ჯუჯებს, სამფეხიან კაცს, ქალს გველით, ცდილობდა შეეღწია მათ საიდუმლოებებში და იმ ხიბლშიც, რომელმაც იგი მოიცვა. ხშირად მას მოჰყავდა მეგობრები – ფოტოგრაფი ჯოელ მეიროვიჩი, პოეტი მარვინ კოენი, უმეტესად კი მისი ქალიშვილი ემი, რომელსაც არ ესმოდა, ამ ფრიკებს დედამისი ფოტოებს რატომ უღებდა” – წერს პატრიშია ბოსუორთი, რომელიც ადრე დაიანის მოდელიც იყო.


მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ “დაიანს გულითადად უნდოდა ამ შავბნელი სამყაროს შესწავლა. უნდოდა Russeks მაღაზიის (სადაც გაიზარდა) პრივილიგრებული რეალობისგან განსხვავებული სხვა რეალობები ეკვლია. მას უნდოდა იმ სამყაროს გამოყოფოდა. ის მას ღლიდა, გონებას ურევდა და აბრაზებდა. ის გრძნობდა, რომ მშობლები მას აკონტროლებდნენ. ვფიქრობ, მამას მისი უკეთ ესმოდა. დედა კი დაიანს საერთოდ ვერ უგებდა და ვერ ხედავდა თუ როგორი გენიალური და ორიგინალური შვილი ჰყავდა“.






დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო









დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო










დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო


***






დაიან არბუსის სიკვდილის შემდეგ მალევე, 1972 წელს, MoMA – ში მისი ნამუშევრების დიდი რეტროსპექტივა გამართა – ახლახან გარდაცვლილი ხელოვანის ფოტოებმა იმ დროისთვის “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს” ყველაზე ბევრი მნახველი მოუზიდა. პრესტიჟული გამოცემები აღფრთოვანებით წერდნენ ქალი არტისტის ფოტოაღმოჩენებზე, თუმცა იყვნენ მწვავე კრიტიკოსებიც.


მაგალითად, ცნობილი ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი სიუზენ ზონტაგი ამ სიტყვებით გამოეხმაურა ექსპოზიციას: „ფოტოფრაფიაში სიმახინჯის მიმღებლობა მოიაზრებს მიამიტობას, რომელიც ერთდროულად მორცხვიცაა და ბოროტიც, რადგან ის მთლიანად დაფუძნებულია დისტანციაზე, პრივილეგიაზე, იმ განცდაზე, რომ ის, რისი დანახვაც მნახველს სთხოვენ, სინამდვილეში სხვაა”.






„ბლეიზ სტარი თავის სასტუმრო ოთახში“ – დაიან არბუსის ნამუშევრების გამოფენა. ია მერკვილაძის ფოტო


***




Park Avenie Armory-ში შესვლისთანავე დაიანის ავტოპორტრეტს ვეძებდი, მალევე ვიპოვე – “ფეხმძიმეს ავტოპორტრეტი, ნიუ იორკი, 1945”.


ნახევრად შიშველი, იგი თავის თავს კარადის გრძელ სარკეში უღებს და თან ხელში ფოტოკამერის შტატივი უჭირავს. ცხადია, ადრეც იყვნენ ქალი ფოტოგრაფი – ავანგარდისტები, ვინც ნუდისტურ “სელფებს” იღებდნენ, თუმცა ფეხმძიმეს – ვერ ვიხსენებ. არბუსის ამ ფოტოს ისეთი წინააღმდეგობრივი რეზონანსი არ მოჰყოლია, როგორც Vanity Fair- ის ყდაზე შიშველმა ფეხმძიმე დემი მურმა გამოიწვია და, ცხადია, რატომაც.


და …. რასაკვირველია,






“იდენტური ტყუპები“


როუზლი, ნიუ ჯერსი, 1967″. ეს ფოტო დაიან არბუსის ბავშვების ფოტოებით გატაცების პერიოდის ყველაზე ცნობილი იმიჯია – 7 წლის ქეთლინ და ქეროლაინ უაიდები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ თუ რა ფარულ აზრს, ჰერმენევტიკას იტევდა მათი ერთნაირი ტანსაცმელი, მაგრამ – განსხვავებული გამომეტყველება ანუ განსხვავებული იდენტობა. ფოტო პოპკულტურული მოვლენა გახდა, მისი ანაბეჭდი “სოთბის” აუქციონზე თითქმის ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა.


“ტყუპების” ალუზიაა სტივენ კუბრიკის “ნათებაში” და ჰარმონი კორინის “გუმოში”. სტივენ შეინბერგის “ბეწვი” მხატვრული ფილმია არბუსსა და ჩუმ ეპატაჟს შორის გაჩაღებული რომანის, ყველა კანონის დაცვით – საკუჭნაო (როგორც ქვეცნობიერი), “მზეთუნახავი და ურჩხული”, რომანტიკული სამკუთხედი, სექსი…


განსაკუთრებულია ფოტო – “რუსი ჯუჯა მეგობრები სასტუმრო ოთახში, მე-100 ქუჩაზე, ნიუ იორკი, 1963”. ეს ქუჩა დიდი ვაშლის ქალაქში ათწლეულებია სოციალური, რასობრივი და ეკონომიკური სტატუსების გამყოფი ზოლი იყო, აქ იყო ჰარლემის ცნობილი ჯაზ კლუბები, აქ მოღვაწეობდა ჯორჯ გერშვინი, აქ ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ ევროპიდან გამოქცეული რუსი ებრაელები და, არბუსის ეს სამეული, ალბათ, „გონჯების“ ცირკში მუშაობით ირჩენდა თავს… ფოტოგრაფმა ისტორიას სამუდამოდ შემოუნახა ამ ადამიანების დანაოჭებული სახეები და მაშინდელ, როგორც ახლა პოლიტკორექტულად ამბობენ, “დაბალშემოსავლიანთა” ბინების არასიმპათიური შიდა ანტურაჟი.






“რუსი ჯუჯა მეგობრები სასტუმრო ოთახში“


დიან არბუსის საკულტო ფოტო “გოგონა სიგარეტით ვაშინგტონ სკვერის პარკში. ნიუ იორკი, 1961.” – გოგონა ეწევა მამაკაცის ტრადიციულ აქსესუარს – სიგარეტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ყველას დასანახად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს “გრინვიჩ- ვილიჯია”, რომელიც 1960 – იანების დასაწყისში იყო ახალგაზრდული კულტურის, ჯანყის, თვითგამოხატვისა და ნონკონფორმიზმის ცენტრი. და დღესაც ასეა. არბუსის ამ ფოტომ აჩვენა, რომ ფოტოგრაფიის მისია არაა მხოლოდ კონტრკულტურის აღწერა, არამედ იგი თავადაა კონტრკულტურა.


„ახალგაზრდა კაცი და მისი მეგობარი გოგონა ჰოთ-დოგებით პარკში, ნიუ იორკი. 1971″ – ორი ადამიანის ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი ნიუ იორკული დღეა. არაფერი ისეთი, ურბანული ეპიზოდია, მაგრამ ამ ჩვეულებრიობის მიზანსცენაში არის რაღაც არაჩვეულებრივი. თითქოს ორივეს დაძაბული გამომეტყველება აქვთ, ან უხერხულობის განცდა, როცა კამერა დაინახეს ან სულაც არ მოეწონათ საკვები ან სულაც არ უნდოდათ, რომ ერთად ვინმეს დაენახა, მითუმეტეს, გადაეღო ან არ უნდოდათ ვინმეს ჰოთ-დოგების ჭამისას წაესწროთ…


***


ებრაელები: დაიან არბუსი და მისი კოლეგა რიჩარდ ავედონი ერთ წელს დაბადებული პროფესიონალები იყვნენ, რომლებსაც ფოტოგრაფიას ერთი პედაგოგი, ებრაელი ალექსეი ბროდოვიჩი ასწავლიდათ. ავედონი ელიტას, ცნობილებსა და პოპულარულებს უღებდა. მისი ფოტოები წარმატებულებისაა, თეატრალურია, თავდაჯერებული. დაიან არბუსი კი ფოტოებს უღებდა უცნობებსა და უჩვეულოებს, ინტროვერტულად, ემოციურად დაძაბულად. ეს ორი ხელოვანი ერთმანეთს პატივს სცემდა, მაგრამ არ მეგობრობდნენ. მაგრამ არის რაღაც, რაც მათ პროფესიის გარდა, კიდევ უფრო მეტად აერთიანებთ – ორივეს კარიერა მაშინ დაიწყო, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი, ჰოლოკოსტი მძვინვარებდა; საკონცენტრაციო ბანაკებში ადამიანებს გაზით ახრჩობდნენ ანდა კეფაში დამიზნებით კლავდნენ.


ნიუ იორკის სან რემო (1930) ნეორენესანსის არქიტექტურის 27-სართულიანი ტყუპი შენობაა, რომელიც თავის აპარტამენტებში XX საუკუნის ამერიკულ ისტორიას იტევს. აქ ბინა სტივ ჯობსმა იყიდა და მერე ისე, რომ კარი არც შეუღია, ბონოს მიჰყიდა. ამ ფანჯრებიდან სტივენ სპილბერგი, მიკ ჯაგერი, დიანა კიტონი, დასტინ ჰოფმანი, დემი მური იყურებიან ან იყურებოდნენ… და, ახლა, შესაძლებელია, სხვაგან ცხოვრობენ. აქ ბინის ყიდვა ძალიან სარგებლიანი ინვესტიციაა და ისტორიაში შესვლის გარანტიაც.


2016 წელს “მეტროპოლიტენ მუზეუმში” არბუსის გამოფენისა და მისი ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ ჩემთვის სან რემო მხოლოდ დიან არბუსის სახლად გადაიქცა.






ნიუ იორკის სან რემო


რამდენჯერაც თვალს მოვკრავ ხოლმე ამ სპილენძისსახურავიან შენობას, რომელიც ტაძარს ძალიან ჰგავს, იმდენჯერ დიან არბუსს “ვხედავ” მეთერთმეტე სართულის ფანჯრის რაფაზე.


მაგრამ ამ ფანჯრებიდან შეიძლება სხვა გოგონებსაც და მათ დედებს გადმოეხედათ – ანა ფრანკს, მის დას მარგოსა და დედას ედითს; ალმა როზის, ავსტრიელ ებრაელ მევიოლინეს; ეთი ჰილესუმს – ნორვეგიელ ებრაელ მწერალს; შარლოტა სალომონს, გერმანელ ებრაელ მხატვარს; იანუშ კორჩაკსაც, ვიქტორ ულმანსაც, ბრუნო შულცსაც, იულიუს ფუჩიკსაც… უბრალოდ, მათ არ გაუმართლათ, “არასწორ” ტერიტორიაზე დაიბადნენ…


15.09.2025
netgazeti.ge





No comments:

Post a Comment