Sunday, February 1, 2026

საქართველოდან ამერიკაში – ბაკოს ინდი სოული და „ილია“








ნიუ იორკის ჯაზ კლუბებისა და ჯაზ-ბარების სცენებზე რამდენიმე წელია ქართველი მომღერლის კომპოზიციებს გაიგონებთ. ბარბარე (ბაკო) მჭედლიშვილის 15 ინგლისურენოვანი კომპოზიცია – “სახლი”, “ქართული სიმღერა”, “საბურთალო”, “რაც მომეცი”, შემობრუნდი” ივლისის სულ ბოლო დღეს თქეშ წვიმაში ერთის ორი რიტმი იყო – გარეთ თავსხმა და შიგნით – ნიუ იორკის „სოულ“ – ძილისპირული; გარეთ მბჟუტავი სველი ჰაერი და – შიგნით გიტარა, საქსოფონი, საყვირი და ხავერდოვანი ხმით კომპოზიცია “ბებო”; ტაში, მეგობრები, ბურბონისა და ვისკის არომატი და ვიღაცის კარამელ-ვანილის სუნამო.


ბავშვობა

აშშ-ში ექვსი წლის ასაკში ჩამოვედი. გიტარაზე დაკვრა კი 12 წლის ასაკში დავიწყე, მაშინ ნახევარი წელი საქართველოში ბებოსთან გავატარე. ერთ დღესაც მშობლებმა გიტარის პედაგოგი, თენგო რუხაძე ამიყვანეს. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ხელოვნების სკოლაში (CAPA) ვსწავლობდი და სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ მუსიკა, ჯაზი, სოული ჩემი თემა იყო. მერე მუსიკის წერა დავიწყე: ვსწავლობდი ქავერებს, ვმღეროდი, ვწერდი.


ადრეული ასაკში მოკლე ლექსების წერა დავიწყე. მახსოვს როგორ დავწერე ლექსი პატარა ჩიტზე, რომლის გადარჩენასაც დედა ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. 2009 – 2010 წლებში, თინეიჯერობისას, აშშ-ში, ქალაქ პიცბურგის (პენსილვანიის შტატი) სტუდიებში სიმღერების ჩაწერა დავიწყე. საქართველოდან ახალჩამოსულმა კი პირველი ჩემი სიმღერა სახელწოდებით – „შენ მე მომეცი სოული” ჩავწერე.


თანდათან ჩემი ლექსებიც უფრო სერიოზული გახდა. ზოგადად, საქართველოდან აშშ-ში ჩამოსვლა ჩემთვის დიდი ინსპირაციის წყარო იყო და ახლაც ასეა.


საქართველოშივე შემიყვარდა ამერიკული ჯაზი, რითმ ენდ ბლუზი, სოული. თავიდან დედის გემოვნებას ვენდობოდი: ბობ მარლეი, ელა ფიცჯერალდი, ნინა სიმოუნ, ბილი ჰოლოდეი. მერე ვუსმენდი ემი უაინჰაუსს, ლოურინ ჰილს, ერიკა ბადუს, დონი ჰეთევეის, მიშელ ნდეგეოჩელოს, ქორინ ბელის; ბოსა ნოვა კი ჩემით აღმოვაჩინე.






ბარბარე (ბაკო) მჭედლიშვილი













აფიშა




პირველი ალბომი

ჩემი პირველი ალბომი ამა წლის აპრილში გამოვიდა და მას ჰქვია „ისევ ვოცნებობ“ (Dreaming Again), რომელიც ჩაიწერა სტუდიო Pinch Records -ის (12 სიმღერა. პროდიუსერი ბრაზილიელი კაიო კარვალო) ლეიბლით. ეს ინდი-სოულის ჟანრია. ჩემი მიზანი იყო, რომ ეს მუსიკალური კომპოზიციები ერთ ისტორიად შემეკრა.


ჩაწერისას საოცარი მუსიკოსები გავიცანი. ჩემი სიმღერების უმეტესობაში ბევრი სიმებიანი ინსტრუმენტი ჟღერს. ალბომის ინტერლუდიად კი რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ციტატაა – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”. მინდოდა ჩემ ფესვებში ჩაძირვა, რომ ჩემი პირველი ალბომი ჩემი ავთენტურობის გამომხატველი ყოფილიყო. ამ ალბომში იმ ქვეყნის ნოტები და სენტიმენტებია, საიდანაც მე ვარ. აქაა ჩემ მუსიკაზე საქართველოსა და მონატრების გავლენა.








“ბებო”, “ილია” და სხვა…

ქართული მუსიკის შესწავლა 2020 – ში, პანდემიის დროს დავიწყე. როცა თითქოს ყველაფერი შენელდა და ჩაიკეტა, მაგრამ ამავე დროს უფრო კრეატიული გავხდი. სწორედ მაშინ დავწერე ქართული სიმღერები და, მათ შორის, “ბებო”. ჩემმა მეგობარმა, საოცარმა პროდიუსერმა რეი ენგრმა “ბებოსთვის” ინსტრუმენტული მუსიკა შექმნა. მე მას ჩემი ცისანა ბებოს ვიდეო გავუგზავნე. ესაა მისი ერთ-ერთი ბოლო ვიდეო, სადაც იგი თავისივე შეთხზულ კომპოზიციას აუწყობელ ფორტეპიანოზე უკრავს. ამ სიმღერაში ჩემი ბებოს აურა იგრძნობა. სიმღერა მისი გარდაცვალების შემდეგ დავწერე … “იმისთვის, რომ ჩემთან იყო, არ მჭირდება ვიცოდე, რომ ჩემთან ხარ… ”


2019 წელს “ქართული სიმღერა” დავწერე და გავუგზავნე ჩემს იტალიელ მეგობარს, ლოს ანჯელესში მცხოვრებ პაოლა გლადისს, რომელმაც იგი შესანიშნავად შეასრულა. სიმღერა იმაზეა, თუ როგორ შეიძლება გახადო ვინმე ისეთ მზედ, რომ დაგწვას.


სიმღერა „კარგი ბიჭი” (ასევე ჰქვია ინგლისურად – Kargi Bichi (2022) დავწერე ერთ ნაცნობზე, რომელიც ცუდი არაა, საერთო ჯამში კარგი ადამიანია, მაგრამ … სიყვარული არ შეუძლია. ამის ინსპირაცია კი ქართული ფილმი “ჩიორა” გახლდათ.


2025 – ის ზაფხულში სიმღერა “ილია” ილია ჭავჭავაძის “პოეტის” მოტივებზე დავწერე. ჩემი შთაგონება, ცხადია, საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი გახლდათ.





ბარბარე (ბაკო) მჭედლიშვილი






ჩემი ქვეყანა

ის, რაც საქართველოში ხდება უშუალოდ მეხება, ჩემზე ძალიან მოქმედებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები არიან. არამედ იმიტომ, რომ საქართველო ყველანაირად ჩემია, ჩემი სახლია. ეს არის ადგილი, რომელთანაც ყველაზე ბედნიერი მოგონებები მაკავშირებს.


სამწუხაროდ, არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიოშიც არაერთი ქვეყანა მძიმე პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ოლიგარქები ცდილობენ თავიანთი ძალაუფლება განამტკიცონ, მათ შორის, საქართველოშიც. იმასაც ვხედავ, რომ ამ ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება არა მარტო ახალგაზრდობა, არამედ ქართული საზოგადოების ყველა თაობა.


ეს პროტესტი, რომელიც ერთი წლის ხდება, თავისი უწყვეტი ენერგიით ძალიან ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა მტკივნეულია, ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანები სწორედ ამ ბრძოლასა და მოძრაობაში იზრდებიან. მე ოპტიმისტი ვარ და ამ პროცესსაც ოპტიმისტურად ვუყურებ.

No comments:

Post a Comment