Sunday, February 1, 2026

რუსუდან ფეტვიაშვილის ახალი ნამუშევრების გამოფენები ნიუ იორკში

 








1990-იან წლებში რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა საკრამენტოში (კალიფორნია) გაიმართა, მაგრამ მაშინ ნახატები ოკეანისგადაღმა წაიღო არტდილერმა, ავტორი კი ექსპოზიციას არ ახლდა, რადგანაც აშშ-ის საელჩო საქართველოში არ იყო, მხატვარმა კი მოსკოვში წასვლა ვერ მოახერხა.


ცუდი დრო იყო, არეულობა და განუკითხაობა.


2021-ში კი ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაში, ხელოვანის ნახატებიანი აბრეშუმის თავშლები, ოღონდ ჩარჩოში ჩასმულ-გადაჭიმული, გამოიფინა და თან მხატვარმა ეს ნამუშევრები ამერიკელ მწერლებსა და უნივერსიტეტის პროფესორებს პირადად აჩუქა. მათ შორის იყო საქართველოს დიდი მოყვარული, დარა გოლდსტინი. 





დარა გოლდსტინი და რუსუდან ფეტვიაშვილი აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში



2025-ის მაის-ივნისში, ნიუ იორკში, რუსუდან ფეტვიაშვილის ფერწერა და სხვა ნამუშევრები (ალბომები, თავსაფრები, ჭიქები) მანჰეტენზე, რამდენიმე დღის ინტერვალით, ორ გალერეაში გამოიფინა.


მხატვარი აქაც თავად იყო ნამუშევრების წარმდგენი.






რუსუდან ფეტვიაშვილი. ია მერკვილაძის ფოტო







რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა ნიუ იორკში. ია მერკვილაძის ფოტო








რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო








რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო






 

რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევარი. ია მერკვილაძის ფოტო











რუსუდან ფეტვიაშვილის მინიატურები სახარების ხელნაწერ წიგნში






ექსპოზიციის კურატორი, ხელოვნების პრომოუშენ კომპანიის – MadatArt ხელმძღვანელი მარიტა დამენია ამბობს, რომ „ფეტვიაშვილის გამოფენა 2024- ში მაშინ დაიგეგმა, როცა მხატვარი ნიუ იორკში იყო.


ქართელი ხელოვანი Kate Oh Gallery – ში სრულიად ახალი ნამუშევრებით წარსდგა, ნიუ იორკში მისი დებიუტი კი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მეორე გამოფენის თაობაზე მოლაპარაკება მაშინვე დაიწყო და გაიმართა კიდეც გალერეაში – Artifact Gallery.


ესაა მსოფლიოს დედაქალაქში რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი წარდგინება, რომლის დასრულების შემდეგაც მხატვრის ნახატები ამერიკაში რჩება და მათი შეძენა შესაძლებელია”.


რუსუდან ფეტვიაშვილი გვიამბობს:


გამოფენები და მშვიდობა

ნიუ იორკამდე არაერთი პერსონალური გამოფენა იყო: პირველი სოლო გამოფენა 6 წლის ასაკში და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში; 12 წლის ასაკში რამდენიმე მოსკოვში, შემდგომ კი ევროპაში: ბუდაპეშტი, მადრიდი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ჟენევა, მინდენი, ვერონა, ოდესა, კიევი… ამჟამად იგეგმება პორტუგალიაში და კვლავ ნიუ იორკში. 


ნიუ იორკის კოლექციისთვის ბოლო ექვსი თვე ვიმუშავე. ესაა 17 ტილო – გრაფიკა და ფერწერული ნახატი, ასევე: 6 გრაფიკული ტილო და 11 ფერწერული ტილო. აქაც, ისევე, როგორც ყველა ჩემს ნახატში, წამყვანია ხაზი. ექსპოზიციას კი დავარქვი „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი” (მათეს სახარება. თავი V). ამავე სახელწოდების გამოფენა 2009 წელს ჟენევაში, გაეროს შენობაში გაიმართა.






რუსუდან ფეტვიაშვილი. ია მერკვილაძის ფოტო






მშვიდობა კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი, სრულიად განზოგადებული და მრავალწახნაგოვანი თემაა. თითქმის ყველა ჩემი ნამუშევარი ამ ბიბლიური ციტატის გამოხატულებაა. მშვიდობა ბრძოლისუნარიანობაა, მოიცავს სწრაფვას სამართლიანობისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სიყვარულისკენ, თანადგომისკენ და გახლეჩილის გამთლიანებისკენ. ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოს მთავარი თემა სიყვარული, თავისუფლება და პატიებაა.


ძველქრისტიანული ქვეყანა საქართველო ევროპული ოჯახის ორგანული წევრია, რომელიც საუკუნეა ევროატლანტიკურ ერთობაში კუთვნილი ადგილის დასაკავებლად, საკუთარი ნიშის გასამყარებლად იბრძვის. ჩემი ნატვრაა, რომ საქართველომ ბეწვის ხიდზე გაიაროს, გააგრძელოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, რომელიც ღვთისა და საქართველოს სიყვარულს ემყარებოდა და გახდეს წარმატებული ქვეყანა.


როცა მშვიდობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კონსტრუქციულ, ადამიანთა უფლებებზე დამყარებულ მშვიდობას, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მუდმივად სჭირდება დაცვა. ამაზე ვსაუბრობ აწმყოშიც, ყველგან და ყოველთვის.




რუსუდან ფეტვიაშვილი და ტონინო გუერა





დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიო ცივილიზაციებთან მიმართებაში საქართველოს ღვაწლისა და მნიშვნელობის შესახებ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი  ამოტივტივდება, მათ შორის, ისეთიც, რომელიც აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია ტაბუდადებულია. 


საქართველოს მხარში დგომა სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი შესაძლებლობები ჯეროვნად წარმოაჩინოს და მისაბაძი ქვეყანა გახდეს. ჩემი სამშობლო ძალიან ფაქიზი და სათუთია და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს ჩვენ თავად უნდა ვიცოდეთ, ვიცხოვროთ სიყვარულით, ამავე დროს ფხიზლად და გვახსოვდეს, რომ სიყვარულის დამმარცხებელი ძალა არ არსებობს, არც არასდროს არსებობდა და არც იარსებებს.


 შთაგონება

ჩემი ნახატების უმეტესობა იგავური სტილისა და შინაარსისაა, ხოლო შთაგონება, უმეტეს შემთხვევაში, კლასიკოსების ციტატებია:


„ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი…”


„სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!”


„უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების“.


„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”.


“მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია!”


 „სიყვარული აღგვამაღლებს, – ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ”.


“მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული, 


 ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება”.


„აყვავებულა მდელო, აყვავებულან მთები;


 მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?”


დარწმუნებული ვარ, რომ XXI საუკუნე საქართველოსთვის, ქართველებისთვის საუკუნეების ნატვრისა და იმედების აღსრულების საუკუნე იქნება! დადგა დრო, როცა წარსულსა  და აწმყოზე აღარ ვიტირებთ. დაე, იყოს ასე!


ერთხელ, რუსთაველზე, ახალგაზრდა მომღერლების ჯგუფი იდგა და თავისთვის მშვიდად მღეროდა:


„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, 


აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი ჩვენია“.


მახსოვს გული მომეწურა და ცრემლები წამსკდა… 1989 წლის 9 აპრილს ქართველები ამას მღეროდნენ, მანამდეც და მერეც… და მოვიდა იმის დრო, რომ აწმყოც ჩვენი იყოს და მომავალიც! 


ფეტვიაშვილები

საქართველოს მსოფლიოში ბევრი ინოვატორი ჰყავს. ჩემი ოჯახის მაგალითზე მინდა ბიძაჩემი, ვლადიმერ ფეტვიაშვილი, პლაზმური ფიზიკის სპეციალისტი გავიხსენო. აკი არსებობს კიდეც ფეტვიაშვილის განტოლება.


ასევე ჩემი ბებია, ნინა კაციაშვილი, რომელიც თბილისის გეოფიზიკის ინსტიტუტში გეომაგნიტური განყოფილების გამგე იყო. დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობისას მისი უშუალოდ ხელმძღვანელობით შემოწმდა და დაიდო ამ შენობის თითოეული აგური. ამ ობსერვატორიის მთავარი ფუნქცია დედამიწის, მსოფლიოში მაგნიტური ველის ცვლილებების უწყვეტი რეგისტრაციაა.


ჩემი ბიძაშვილები კი აშშ-ში მუშაობენ და წარმატებული ფიზიკოსები არიან.


თავშლები და სამკაულები

თავშლებს მე და ჩემი უმცროსი და, მოდელიორ-დიზაინერი სალომე ფეტვიაშვილი, საზღვარგარეთ, ექსკლუზიურად ვაბეჭდინებთ. ესაა უმაღლესი ხარისხის აბრეშუმის შარფები, სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა ნახატით. რამდენიმეზე ქართული თემატიკაა, მაგალითად – „საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და აბრეშუმის გზის ქვეყანა“.


გარდა ამისა, ჩემი ესკიზების მიხედვით იქმნება ხელნაკეთი მომინანქრებული სამკაულები, რომელიც საქართველოში საკმაოდ ცნობილია. ეს ძვირფასი სამკაულები ბრენდ „ნიამორთან“ თანამშრომლობის პროდუქტია. მაქვს ბუტიკი – გალერეა „რუსუდან ფეტვიაშვილი“ სადაც ჩემს თავშლებთან ერთად აკვარელის ნამუშევრებიცაა წარმოდგენილი.


 Villeroy & Boch და Jaquet Droz

2018 წელს გერმანულმა კომპანიამ Villeroy & Boch-მა (1748) საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან ათი წლისთავის აღსანიშნავად სამი ჭიქის მოხატვა შემიკვეთა. ამას კი მოჰყვა თეფშებისა და სანამცხვრე ლანგრების მოხატვის დაკვეთა.


ამ ნიმუშებმა ევროპის Villeroy & Boch-ის მუზეუმსა და საქართველოში, კერძო კოლექციებში დაიდო ბინა. შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ისევ განახლდა, რადგანაც ფაიფურის ეს ნაკეთობები მოთხოვნადი გახდა და ბერნდმა ჩემთან ერთად სხვა ექსკლუზიური ნიმუშების შექმნაც დაგეგმა: სამი სანამცხვრე ლანგარი თემით ,,ჰარმონია „სიყვარული“ და „ძლიერება“. 


ამჟამად წელიწადის ოთხი დროის თემატიკის სანამცხვრე ლანგრის ესკიზებზე მუშაობა დავასრულე და მალე ისინი დასაბეჭდად ბრენდის საამქროში, გერმანიაში გაიგზავნება. სავარაუდოდ, Villeroy & Boch-ის მაღაზიებში ეს პროდუქცია შემოდგომაზე გაჩნდება.





რუსუდან ფეტვიაშვილის ესკიზი Vleroy & Boch-ის ლანგარზე




2022-ში შვეიცარული კომპანიის, „ლაქშერი“ საათების ბრენდთან Jaquet Droz (1738) თანამშრომლობით შეიქმნა ქალის მაჯის ექსკლუზიური საათი ციფერბლატზე ჩემი ნახატით – „ქალი ფრინველი“.






რუსუდან ფეტვიაშვილის ესკიზი Jaquet Droz-ის საათის ციფერბლატზე






ეს კოლაბორაცია, რომელიც საათების ციფერბლატისთვის ესკიზის შექმნას მოიაზრებს, 2024-ში განახლდა. ჩემი ილუსტრაციები შვეიცარიაში გაიგზავნა, საამქროს ოსტატებმა ისინი ციფერბლატში ჩახატეს. თითოეულის შექმნაზე ექვსი თვე მუშაობდნენ.


მაჯის სამ, განსხვავებულ, ექსკლუზიურ საათზე სხვადასხვა თემატიკის ნახატია: მამაკაცის საათზე – ,,ძლიერება’’, უნისექს საათზე – „მარადიულობა“ და ქალის მაჯის საათზე – „მთვარის შუქი“. მაჯის ოთხივე საათი უნიკალური ეგზემპლარია და თითოეული ჩემს ესკიზთან ერთად გაიყიდა.

07,13,2025 

netgazeti.ge 

No comments:

Post a Comment