Friday, September 23, 2011

გაჭედილთა წუწუნი და ბინძურ საცვლებში ქექვის უფლება


მახსოვს სკოლაში რომელიღაცა კლასში ჩემმა თანაკლასელმა ისტორიის გაკვეთილზე უაპელაციო ორიანი მხოლოდ იმის გამო დაიმსახურა, რომ მასწავლებლის კითხვაზე რამდენი კლასი-ჰეგემონი არსებობს სსრკ-ში, შემდეგნაირად უპასუხა: „სამი, მასწ. მუშათა, გლეხთა და ინტელიგენციის". თავად პედაგოგების შვილს დაბალი ნიშანი ძალიან გაუკვირდა და ეწყინა, რადგან ის, რაც მისთვის ხილული იყო, აღმოჩნდა, რომ უვიცობის გამოვლენა ყოფილა. საბჭოთა მოსწავლეს იმის გასაგებად თუ ვინ და რანი იყვნენ ინტელიგენტები ტვინის დაძაბვა არ სჭირდებოდა, აი, ნაბოკოვი კი საათების განმავლობაში უხსნიდა კორნელის უნივერსიტეტის ამერიკელ და უცხოელ სტუდენტების, თუ რას ნიშნავს სიტყვა „ინტელიგენტი". საბჭოეთმა და ზოგადად ინტელიგენციის, როგორც ერის „არიული" ნაწილის არსებობამ საბჭოური „ინტელექტუალური ცხოვრების" მითი შექმნა. მთელი XX საუკუნის განმავლობაში საბჭოთა ისტორიოგრაფია „მოაზროვნე ადამიანის" ერთგვარ მორალურ სტატუსს ქმნიდა, არადა ინტელიგენცია მრავალმხრივ ჭრელი იყო, შესაბამისად - მორალითაც და მოდუსითაც: დახვრეტილ-დაპატიმრებულები და ამ დახვრეტა-დაპატიმრებების ფორმალურად თუ არაფორმალურად ჩამდენნი, თეთრები და წითლები, აქაურები და იქაურები (ემიგრანტები), მდიდრები და ღარიბები, კაკებეშნიკები და დისიდენტები, არისტოკრატები (მეფე - თავად -ა ზნაურობა) და არაარისტოკრატები, ნომენკლატურულები და არანომენკლატურულები, სნობები და არასნობები, ნიჭიერები და უნიჭოები, კავშირის წევრები და „უკავშიროები", ცნობილები და უცნობები, კონფორმისტები და ნონკონფომისტები, პრივილეგირებულები და არაპრივილეგირებულები, ჰუმანისტები და არაჰუმანისტები, პატრონიანები და უპატრონოები, პარტიულები და უპარტიოები, აღიარებულები და არაღირებულები, „პლაგიატ-გრაფომანები" და „ნატურალები", შემოქმედებითები და არაშემოქმედებითები და ა.შ. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებდათ, ეს იყო უბრალოდ და ბრალიან მოკვდავთ წარმოდგენა, რომ ინტელიგენტი რაღაც მისტიურ ცოდნას ფლობდა, განსაკუთრებული აზროვნების უნარი ჰქონდა და ამ განსაკუთრებულობას რაიმე სახით ჯილდო უნდა დაემსახურებინა. ეს ჯილდო უნდა ყოფილიყო თუნდაც ლოკალური ან საკავშირო. ისე კი, გლობალურად, „იდეაში" - ნობელის პრემიის ღირსი. ჩვენი არანობელიანტობა (რას ვიზამთ, არანობიალიანტი ერი ვართ ჯერ-ჯერობით, თუმცა უკვე „გინესისწიგნისტები") ინტელიგენციისთვის წუწუნის საბაბი კიდევ დიდხანს იქნება. როგორც კი თუნდაც ერთ ნობელს მოვიპოვებთ, ეს კომპლექსიც „მოგვეხსნება". ქართული ინტელიგენცია თავის „იდეალისტურ წარმოდგენებში" ორ სამყაროს შორის გაეჩხირა და ახლა იმის გარკვევაშია თუ რა ჰქვია იმას, რის შორისაც ასე გაეჭედა. პირადად მე ამ „გამჩხერ კონტუქციებს" „დისნეილენდსა" და „ანტიდისნეილენდს" დავარქმევდი. ქართველების თვითიდენტიფიკაციისთვის, რომელიც, ბუნებრივად სასურველია პოზიტიური იყოს, ამ ორივე კონსტრუქტს ლამის თანაბარი მნიშვნელობა აქვს. თუმცა დავამატებდი, რომ საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი კლასი, რომელიც მატერიალურისა და სულიერის კვინტენსენციად გამოცხადდა. ესაა სამღვდელოება. 1980 - იანებში მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა ვიცოდით, რომ ჩემმა „ოროსანმა" თანაკლასელმა, ინტელიგენტთა სიაში სამღვდელოებაც იგულისხმა, რადგან ბაბუამისის მამა მართლმადიდებელი მღვდლის მზარეული იყო და მერე თავადაც მღვდელი გახდა. ჩემი თანაკლასელი კი არა, მისი ბაბუის მშობელი. კიდევ კარგი, რომ იმ გაკვეთილზე კლასობრივი შემადგენლობის საეკლესიო ელემენტს არ ჩაუღრმავდა, თორემ, დამიჯერეთ, მასწი ორიანს არ დასჯერდებოდა. რადგანაც იგი (მასწავლებელი) იდეურად, შესაბამისად, ინტელიგენტურად გამოწრთობილი იყო.


სსრკ - ის არსებობისას, პოსტსაბჭოურ პერიოდშიც სწორედ ინტელიგენცია მიგვითითებდა: აი, ეს და ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება („რევოლუცია, პარტია, კომუნიზმი, მშვიდობა, ნოემბერი, მაისი", „ენა, მამული, სარწმუნოება", „დემოკრატია, თავისუფლება, მართლმადიდებლობა, სახელმწიფო", ა.შ.), რის გამოც დამკვიდრდა ე.წ. რიტუალური ენა ანუ ის, რა ლექსიკითაც ამ ყბადაღებული ინტელიგენტობის გამოხატვა იყო შესაძლებელი. უკიდურესად იდეოლოგიზირებულ სახელმწიფოში წარმოუდგენელი იყო არაიდეოლოგიზირებული ინტელიგენტთა აგარაფობი „კლასი", რომელსაც თავის მხრივ საკუთარი ფეტიში და ფეტიშიკები ჰყავდა თუ ჰქონდა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ვერ გაიგებდი ინტელიგენცია იყენებდა დანარჩენ ორ კლასს თუ პირიქით, „მეგობრობდნენ" თუ „სძაგდათ" ერთმანეთი. ერთი სიტყვით, რომელი - რომელს. წესით, ისტორიულად დეკოლონიზაციის პროცესის შემდეგი ეტაპი კოლონიების სწრაფი ემანსიპაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ 1991 წლის 9 აპრილს ეს არ მოჰყოლია. საქართველოში არ მოხდა იმის მსგავსი აქციები, როგორიცაა ამერიკაში „ბოსტონის ჩაის სმა" ანდა ინდოელების მიერ ბრიტანულ მარილზე უარის თქმა. უბრალო ბანალური პროტესტის, ტრივიალურად მარტივი პრინციპის ნიშნად. პირიქით, საქართველომ ისევ ჩრდილოეთისკენ გაიხედა, იქედან „მესიაც" კი ჩამოიყვანა, რომელმაც ინტელიგენციას უთხრა: იარაღის ხელში აღების დამსახურებას არ დაგივიწყებთო, თუმცა მას მერე მოსკოვიდან ნასუფრალმა მოსალოდნელი ინტენსივობით მაინც არ იხუვლა. ისე კი დღესაც საქართველოში რუსული პროდუქტი მშვენიერ გუნებაზეა და „კაი თვალზე იყურება". ჩვენი პროტესტი ინტელიგენტურია. რბილი, ასე ვთქვათ, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციული". ეკლესიამ კი დაგვმოძღვრა: ვინც და რაც არ უნდა იყოს, რუსები ერთმორწმუნენი არიანო. ჩვენი ძმები და ... „რუს დებთან" ქართველთა დობის საკითხის განსჯა სხვა დროისთვის შემოვინახოთ. 
ხალხში არსებული ბოლშევიკურ - პიონერულ - კომკავშირულ - კომუნისტური ინტელიგენტური ენის შემდეგ მეტყველება ცოტა ხნით ეროვნულ - პატრიოტულ „ლირიკაზე" გადავიდა, მერე „ბლატნოიზე" და მერე „ენჯიოშნიკურზე". აქა-იქ გაისმა „საეკლესიო ენაც", რომელიც თანდათან უფრო მაღალ ტონალობაში ამეტყველდა. ვარდების რევოლუციამ „უცხო სიტყვათა" ლექსიკონის ან „ვიკიპედიის" მომარჯვების აუცილებლობა გააჩინა და სამეტყველო რეპერტუარს - „ევროპის (ამერიკის) ფანჯრიდან" შემოფრენილ სიტყვებს - მილიტარისტული როტორიკაც შეჰმატა. სამართლიანობა მოითხოვს, რომ აქვე აღინიშნოს: დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში ქვეყნის ისტორიის ენის ყველაზე ერთგული თანმდევი იყო წუწუნის ენა (აქ, ბუნებრივია, წინა საუკუნეებს არ და ვერ განვიხილავ), რომელმაც ლამის ჩვენი თაობის მსოფლმხედველობრივი სტატუსი განსაზღვრა. წუწუნი იყო ყოვლისმომცველი და ეპიდემიური ხასიათის. რეალური და მითიური მტრის ხატის დამკვიდრება-შექმნის ფონზე დაიწყო ცუდად ყოფნის მანიფესტაცია - მისტიფიკაცია, რომელმაც, ფაქტობრივად, პოლიტიკურ-რელიგიური წუწუნის მასშტაბები მიიღო. საქართველოს პრეეგზისტენციურ ყოფა/ყოფნას უცხო ენების კათედრის ინტელიგენტი კადრები დასჭირდა, წუწუნი ინგლისურად და სხვა დასავლურ ენებზე გადაითარგმნა, თარგმანში არ დაიკარგა და ჩვენს ქვეყანას ამ საერთაშორისო და სხვა ენებზე შედარებით ნაკლებად მოწუწუნე და საერთოდ არმოწუწუნე სახელმწიფოები დაეხმარნენ. წუწუნი ხან ჯადოსნურად სჭრიდა, ხანაც - ვერა, ხანაც - საშუალოდ. ინტელექტუალური ელიტა ჰუმანიტარული დახმარების ნემსზე შეჯდა. სააკაშვილმა რა დროის წუწუნიაო, ყველაზე მაგრები ჩვენ ვართო და აწუწუნდა ისე, როგორც მაგარი არმოწუწუნე იწუწუნებს. მამაოებმა კი მესიანური წუწუნის მასტერკლასები ჩაატარეს და გვითხრეს, ვინც არ იწუწუნებსო, ის „უწუწუნარი" ანუ უზიარებელი წავაო. იქ, სადაც, ჩემის მოკრძალებული ოცნებითა და იმედით, არავინ არასდროს წუწუნებს.


შავი იუმორი, პოლიტიკური თუ სადომაზოხისტური ანეკდოტები, ბუნებრივია, სსრკ-შიც არსებობდა, მაგრამ ჩემის დაკვირვებით, ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი წუწუნის ტექნიკა ისევ „არაინტელიგენტ" ჭიჭიკია-ბიჭიკიას, მიხო - მაროს, სვანების პუბერტატის პრობლემებზე გაიჭედა. სამწუხაროდ, ანეკდოტებს ვერ ვიმახსოვრებ, შეიძლება ამიტომაც არაფრი მახსენდება, მაგრამ დამერწმუნეთ, ბეჯითად გავიკითხ-გამოვიკითხე და ანეკდოტები, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ყოფას ისე ნათლად ასახავდა, როგორც ეს ჩემს ადრეულ ბავშვობაში - ბრეჟნევის დროს იყო, ვერ აღმოვაჩინე. როგორც ჩანს ისე დავწუწუნდით, რომ ხეირიანი ანეგდოტსაც კი ვერ მოვიწუწუნებთ.


ჟანრის კანონის დაცვით ქართველი საბჭოთა ინტელიგენტი ადამიანი მისტიურად ღარიბი უნდა ყოფილოყო, ნატანჯი, მესიანური იდეებით შეპყრობილი და ქრისტეს გოლგოთაგავლილი თუ არა, ისეთი მაინც, რომ მისაბაძი, სამაგალითო ყოფილიყო მომავალი თაობებისთვის. მამაკაცი, როგორც წესი, სვამდა, ეწეოდა, იჩხირავდა, სამზარეულოში ყოფიერების მუხანათობაზე ხან ინფანტილურად, ხანაც აჟიტირებულად (გინება აუცილებელი რეფრენი იყო) კამათობდა, ხან წერდა, ხატავდა, ასწავლიდა და როგორც თითქმის ყველას, საყვარელი ჰყავდა. ქალი კი ან კარგი დიასახლისი იყო ან დისერტაციის დაცვის შემდეგ რომელიმე საკონსტრუქტორო ბიუროში სიგარეტით პირში ქმრის საყვარლის თმის ვარცხნილობას აკრიტიკებდა. ჩემი და ჩემი თაობის წარმომადგენლების ასოციაციებს ბრეჟნევის პერიოდის ინტელიგენტი ამგვარად კლიშირებულად შემორჩა. მოგვიანებით ინტელექტუალურ საუბრებს საზღვარგარეთ წასვლის ორგანიზების „ჩალიჩიც" შეემატა ანუ „პაეზდკა"; შემდგომ - „პაეზდკა" ფულის საშოვნელად ანუ მეორე ან მესამე სახლის საყიდლად. ნაკლებად ცხოვრების წესის შესაცვლელად ან დაკარგული დროის მოსაძიებლად. და კიდევ პრესტიჟული მამაოს (პარალელურად - ფსიქოთერაპევტის) მოძიების, გაკითხვ-გამოკითხვის თემაც. ქვეყანა წუწუნიზმში გაეხვია. საქართველოს თანამედროვე ისტორიული ფორმაციის ტრანზიტოლოგია, ფაქტობრივად, წუწუნის (გინებითურთ) ენით საუბრობდა. „პერესტროიკის" მერე, როცა რეალური/ სიმბოლური გულაგის შესახებ გახდა ცნობილი, „ერის საუკეთესო შვილების" მოშთობამ, რაც არა მარტო თავადაზნაურობის ამოწყვეტას გულისხმობდა, ინტელიგენციას კიდევ უფრო მეტი კულტურული, გნებავთ საკრალური ტანჯულობის ეკლიანი ნიმბა დაადგა თავზე. ტანჯულს კი უნდა ეპატიოს, მიეტევოს, დაეთმოს. მახსოვს სკოლაში, ვინც ცუდად სწავლობდა, მასწავლებლები და მშობლები „პეტეუ"- თი (პროფტექნიკური სასწავლებელი) ემუქრებოდნენ. ანუ იმით, რომ ასეთი ატესტატით ინსტიტუტში ვერ ჩააბარებდნენ, შესაბამისად უმაღლესის დიპლომიც არ ექნებოდათ და ამიტომ მუშათა და გლეხთა „პრიმიტიულ" კლასში ჩარჩებოდნენ. დიპლომი არა მარტო ინტელიგენტთა კლასში მოხვედრის ერთგვარი „ბილეთი" გახლდათ, არამედ ღირებულება, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური, მენტალური სტატუსის მომნიჭებელიც იყო. ანუ სოციალური განშრევების პროცესს დიპლომი განსაზღვრავდა და არა იმდენად - მატერიალური სტატუსი. მთავარი იყო დიპლომიანი ყოფილიყავი და თუნდაც „ჯიბაცარიელი" (ჩემი მეორე, ასევე ისტორიის მასწავლებლის ტერმინი, რომელიც უფრო „კაპიტალისტურად" აზროვნებდა), რომელსაც მიღებული განათლება არაფერში გადგებოდა, მათ შორის არც საკუთარი თავის რჩენაში.


1980 - იანებში თვითმფრინავის გამტაცებლების საქმემ საზოგადოების ინტელიგენტური მენტალიტეტი ერთგვარი კულტურული შოკის არა, მაგრამ ტრანსის მდგომარეობაში ჩააგდო. შეჩქვიფდა ჩვენი ინტელიგენცია პარტიითურთ, დანარჩენი კლასებიც შეშოფოთდნენ. აღმოჩნდა, რომ ქართველ ინტელიგენტებს „ტერორისტული" საწყისიც ჰქონიათ და გარდა თავისუფალი იდეისკენ ფსევდობუნტარული გზით სვლისა, ფულიც ნდომებიათ - ანუ „კაი ცხოვრება". როგორც ამბობენ, ერთ ერთ გამტაცებელს თავისუფლებისკენ „გადაფრენის დროს" ერთდოლარიანი კუპიურა ედო ჯიბეშიო, როგორც თავისუფლების სიმბოლო. . . ამერიკა, როგორც ინტელიგენტის დაკმაყოფილების მითოლოგემა. ჩემს დროს სამედიცინო ინსტიტუტი იყო ყველაზე პრესტიჟულ-ინტელიგენტური, ხოლო „დოხტური" რძალი (სიძე იმდენად - არა) საოცნებო მონაპოვარი. მართალი გითხრათ, მიკვირს, საქართველოში მღვდლები რატომ არ არიან სასურველი სასიძოები. ჰო, ქუთაისში პედიატრები განსაკუთრებით ფასობდნენ. ამერიკაშიც ფასობს ექიმის პროფესია, ისევე როგორც კონსრვატორია დამთავრებული ან ოჯახი, სადაც როიალი ან პიანინო დგას. უფრო - როიალი. ოღონ ზედ პატრონი აუცილებლად უნდა უკრავდეს. ისე, არ ითვლება...


გულაგის „აღმოჩენის" შემდეგ ინტელიგენციამ ტანჯულის სამოსელი უკვე ლეგიტიმურად მოირგო, რადგან „სისხლის სუნი" უკვე დოკუმეტირებულად იგრძნობოდა. დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი. დიდები პატარებმა დაჩაგრეს, ჭკვიანები უჭკუოებმა განდევნეს, საუკეთესოები უვარგისებმა მოაშთეს, კარგები ცუდებმა მოსპეს, კეთილები ბოროტებმა დახვრიტეს. გარდა წმინდა მერკანტილური ინტერესისა (ბინა, აგარაკი, საგზური ბორჯომში, ავტომანქანა, ცეკას პირველი მდივნის ქალიშვილის/ვაჟიშვილის თუ არა მისი ბიძაშვილის ცოლად, ქმრად „მოყვანა") ქართველი და ზოგადად საბჭოელი ინტელიგენტი თვლიდა, რომ, წესით, სწორედ მას უფრო მეტი ეკუთვნის, ვიდრე არაინტელიგენტს. რადგან იგი ნიჭიერია, ინტელექტუალურ დოვლათს ქმნის, მაგრამ ზარმაცია. ერთგვარი თანამედროვე ობლომივია . . . მეტს შექმნიდა, უკეთესი პირობები რომ ჰქონდეს. თუმცა მისი ცხოვრების წესი საშუალოდ სტატისტიკურისგან, კოლექტიურისგან არ განსხვავდება. სსრკ-ის დროს „შმოტკებს" „ებრაელებში" ყიდულობდნენ, „ბერიოზკაში" ჩეკებზე ნაყიდი კი მოსკოვის „გუმსა" და „ცუმში" შეძენილს სჯობდა. ახლა „გალიანო", ჩინეთში გადატენილი „ლევისი" და ბრაზილიური ჩექმებია კარგი. მაგრამ უკვე ყველა (არა, ვცდები, ყველა -არა) ერთნაირად ყვირის პურის გაძვირებაზე. მათ შორის ამერიკაშიც. პური ერთგვარ მეტაფიზიკურ სუბსტანციად გადაიქცა. ახლა ამის გამო აწუწუნდნენ. ადრე ინტელიგენცია დამმოძღვრულად სამღვდელობის (ესენი ხმამაღლა გაიძახოდნენ) ანუ ბიბლიური ტექსტის მიხედვით ამბობდა „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი". მაგრამ ახლა უკვე არაო, უკვე უნდა მორჩეს ეს „პურის მეორეხარისხოვნების ნარატივიო", პური ჩვენი ფოლკლორი, მომავალი და არსობისა არიო. აი, როგორც „ამერიკული ოცნება". ამ შემთხვევაში ფოლკლორში არ ვგულისხმობ მხოლოდ 1990 - იანების პურის გრძელ რიგებს და იქ გატარებულ ცხოვრების საუკეთესო წლებს თუ არა, თვეებს მაინც. დაუკვირდით სიტყვათშეთანხმებას. არა - „რიგი პურის საყიდლად" ან „რიგი პურზე". არამედ „პურის რიგი". ჩვენთან ტაქსის მძღოლი, რომელაც სარკეზე ჯვარი უკონწიალებს და რომელიც ასევე პური არსობისთვის მგზნებარე მებრძოლია, თანაც უმაღლესდიპლომიანი (ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლთა 17 პროცენტს კოლეჯი აქვს დამთავრებული, სადაც ისინი ე.წ. „ლიბერალ არტს" სწავლობენ) აეროპორტიდან ვიდრე თბილისამდე საქართველოს ოსტორიას მოკლე კურსს და ცნობარის „ვინ ვინ არის" მოკლე შინაარსს მოგითხობთ. თანაც ისე, რომ ხანდახან გეგონება: ეს მომსახურების საფასურში, იგივე პაკეტში შედის და ბოლოს აუცილებლად წაიწუწუნებს იმაზე, რომ არავინაა გარშემო ვინც „ჭეშმარიტ ინტელიგენტ" ქრისტე ნაზარეველივით 5 პურითა და 2 თევზით ხალხს ინტელიგენტურად, გულუხვად დააპურებს. მაგრამ განა მარტო ინტელიგენტებს? არამედ დანარჩენ ორ კლასსაც. ამ ჩვენს „ფოლკლორს" კონკრეტიკა დიდად არასოდეს უყვარდა. ამიტომ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩა - ღვთის შვილმა 5 ათასი დააპურა ოდენ.


ქართული და ზოგადად საბჭოური ინტელიგენციის ინტელექტუალური წუწუნი ჩვენი ისტორიის ისეთივე ნიშან - შტამპია, როგორიც „ინტელიგენტურად" არაკონფრონტაციული პარადიგმა: გარეთ - ქართული ბინძური სადარბაზოები; უტუალეტისქაღალდო კლოაკა - მოსასქმებელები და შიგნით - დაბალჭერიან ოთახებში არადეკვატურად დიდი, აბზინვარებული ჩეხური ჭაღები. ეს ჭაღები განსაკუთრებით „დისნეილენდურად" 1990 - იანების სიბნელის დროს გამოიყურებოდა. ინტელიგენტთა ინტელექტუალური საუბარი, მოგვიანებით ხატებით მოჭედილ ოთახებში მსხვერპლზე ორინტირებული დისკურსითა და დისკუსიით მიმდინარეობდა, სადაც სუფევდა და სუფევს პასუხიმგებლობის მუდმივად სხვაზე გადაბრალება, ფატალურობა, წარსულზე ორიენტაცია, ნაციის განდიდება - თვითგვემა და ბოლოს და ბოლოს, ასე ვთქვათ, კოლექტიური უკმაყოფილების გამოხატვა რეალური თუ მითიური დანაკარგების გამო. ვინც ასე თუ ისე გრანტისა და პროექტის „ამბებში" ჩახედული იყო, ამგვარი „პოსიძელკები" საგრანტოდ რაიმე პროექტის (ოღონდ არა კომუნისტური პროექტის, რადგან ფონდები, როგორც წესი, დასავლეთიდანაა) დაწერის იდეის წამოძახებით მთავრდებოდა... სამზარეულოში შემდეგი შეხვედრის იმედით. იმავე ადგილზე, დაახლოებით - იმავე საათზე. თუმცა უკეთესი იქნებოდა იმასთან, ვისაც „დვიჟოკი" და კომპიუტერი ჰქონდა. კომპთან კი - კაქტუსი და წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი. ანდა სულაც შეკრების ადგილად საზკვების რომელიმე „ინტელიგენტური" ან „არაინტელიგენტური" ობიექტი სახელდებოდა. საუბარი კი, როგორც წესი, მეორედ მოსვლის გამალებული მოლოდინის - ჩვენი ეკლესიის მიერ მოწოდებული „ოპტიმისტური ტრაგედიის" - აღნიშვნით სრულდებოდა და ახლაც ასე სრულდება. მახსოვს თბილისში ერთი ძალიან ცნობილი მწერლისა და კულტურული მოღვაწის, მუდამჟამს ინტელიგეტურად მოწუწუნის ახლად გარემონტებული სახლის წინ არასამშენებლო ნაგავი ეყარა. ეს ნაგავი ეყარა მაშინაც, როცა რამდენიმე დღის შემდეგ იქ ჩავიარე და ეყარა - ორი კვირის თავზეც. იმ დღეს იგი ტელევიზიით ვიხილე. საუბრობდა საქართველოს პრობლემებზე და იმაზე, თუ რატომ ვართ ასეთ დღეში. წუწუნებდა. ინტელექტუალურად. არ ვიცი, რატომ და რა პრინციპის გამო იმ გაგანია ზაფხულში ნაგავს არ იღებდა, მაგრამ, ალბათ, თვლიდა, რომ მისი „სრულფასოვნების კოპლექსის" გამო, მას სახელმწიფო უნდა მომსახურებოდა ანდა ნერვების თამაშის, „გამოფიტვის ომის" (ისრალ-ეგვიპტის დაპირისპირება) ყველა წესის დაცვით, ელოდებოდა, პირველს ვის უმტყუნებდა მოთმინება. სახელმწოფოს, მას თუ ვინმე უბრალოდ მოკვდავ ასთმიან ან ალერგიან „სტრეინჯერს", რომელიც აზროვნების ბრძწყინვალების სახლისკენ მიმავალ გზას მოხალისურად დაასუფთავებდა. ეს ნაგავი კი მის მხიარულ ფერებში შეღებილ სახლთან ისეთ კონტრასტს ქმნიდა, უნებლიედ გაიფიქრებდი, რომ სწორედაც სპეციალურად არ იღებს, რომ თანამემამულეთა ტვინის ვიზუალურმა ფუნქციამ კონტრასტი უკეთესად შეიგრძნოს ანუ სოციალური იდენტიფიკაცია თუ სტრატიფიკაცია მარტივ სქემად წარსდგეს: ეს ნაგავია. ეს კი - მე ვარ. მე. იგრძენით განსხავება, ანუ არაქართულად Make Difference... ამასთან დაკავშირებით სულ მახსენდება ჩემი მეგობრის, აი, იმის, რომელმაც 1980 - იანებში ორად ორი კლასი - ჰეგემონის არსებობის შესახებ არ იცოდა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წუწუნებს იმის თაობაზე, რომ თბილისში არც ისე ღარიბი ინტელიგენტი მეზობლების გარემოცვაში, პირდაპირი მნიშვნელობით ქრისტესავით არაინტელიგენტურად ჯვარს ჯერ „დომოფონის" დადგმის თანხის, მერე კი თვეში თითო ოჯახიდან 2-2 ლარის შეგროვებისთვის აცვეს, რათა კორპუსის სადარბაზოს კარი ჩაიკეტოს და შარდის სუნით არ აყროლდეს;, სადარბაზოს დამლაგებელს კი ფული გადაეხადოს. ამ ინიციატევის საპასუხოდ რამდენიმე მეზობელმა „ინტელიგენტურად" მიუთითა: მდიდარ ამერიკაში ცხოვრობდი და წესით, მთელი კორპუსი უნდა „დაგვპატიჟოო". ქართველობა აშშ-ში სულ დაგავიწყდა, ქალოო? . . . ადრე ეს ჩემი მეგობარი სადარბაზოში ნათურების დამონტაჟებაზეც კი ოცნებობდა. საღამოობითა და ღამით ოღროჩოღრო სადარბაზოში მეზობლები კისერსა და კინჩხს იტეხდნენ და ისევ მათზე ზრუნვისა გამო. საერთო საქმისთვის ოქროს გული შესტკიოდა. ნამდვილი ჰუმანისტი. ახლა კი ამ აუსრულებელ ოცნებას კაპიტულანტურად თავი დაანება. და მხოლოდ დამლაგებლისთვის გადასხდელი თანხის შეუგროვებლობაზე წუწუნებს. თუმცა ვატყობ, აშკარად ნაკლები ინტრენსივობით. მგონი, დაზავდა. 
1980 - იანი წლების დასაწისში ნიუ იორკი და ამჟამად მისი ყველაზე ფეშენებელური და გლამურული მანჰეტენი ქურდების, მკვლელების (დღეში 5-6 მკვლელობა), მეძავეების, ლოთების, ნარკომანებისა და ასოციალურთა სარბიელი იყო. 1982 წელს ამერიკელმა სწავლულმა კრიმინალისტებმა, ჩვენებურად ინტელიგენტებმა ჯეიმს უილსონმა და ჯორჯ კელინგმა საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი თეორია წამოაყენეს, რომელსაც „ჩამტვრეული ფანჯრების თეორია" ეწოდა. ამ უკანასკნელის თანახმად თუ შენობაში ვინმემ ფანჯარა ჩაამსხვრია, მინა კი მალევე არავინ ჩასვა, უახლოეს მომავლაში ამ სახლში არც ერთი ჩაუმტვრეველი ფანჯარა არ დარჩება და მარადიორობაც დაიწყება. ანუ არაინტელიგენტურობის სენი გადამდებია და ჯაჭვური რეაქციისა გამო „ინტელიგენტური უბანი" ნაგვისა და კრიმინალის ანკლავად გადაიქცევა. შესაბამისად ინტელიგენტებს დაცვის დაქირავება დასჭირდებათ. დაცვის დაქირავება კი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ერთ ფანჯარაში მინის ჩასმა. ამ თეორიაზე ბევრი რამ დაიწერა, ბევრი ექსპერიმენტიც ჩატარდა, თეორიამ ზოგან იმუშავა, ზოგან - არა. ამას წინათ გამოვიდა კანადელი სოციოლოგის მალკომ გლაუდელის წიგნი „გარდამტეხი მომენტი", სადაც ნიუ იორკის თვალსა და ხელს შუა ხელახლა დაბადების მაგალითზე ამ „ჩამტვრეული ფანჯრების თეორიის" პრაქტიკაში გატარების ისტორიაზე დაწვრილებითაა მოთხრობილი. ავტორმა მსოფლიო დედაქალაქის ბინძურ მეტროებთან და გრაფიტისთან ბრძოლის მაგალითზე აჩვენა, რომ სოციალური ნეგატიური ეპიდემიის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. და შესაძლებელია არა კარგი აღზრდით, განათლებით, პროფესიონალიზმის პროპაგანდით ან ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომის იღლიის ქვეშ ამოჩრით, არამედ კონტექსტის, გარემოს, თუნდაც ფორმალური შეცვლით. ნიდერლანდებში ამ თეორიის რელევანტურობის დამადასტურებელი არა ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ შორის ასეთიც: გარეგნულად სუფთა საფოსტი ყუთიდან ვითომ შემთხვევით ჩანდა კონვერტი, რომლის განჭირვალე კვადრატში 5 ევრო „იჭვრიტებოდა". სუფთა ყუთიდან სხვისი ქონება გამვლელ-გამომვლელთა მხოლოდ 13 -მა პროცენტმა მოიპარა, გრაფიტით დათხუპნული ყუთიდან - 27- მა, ხოლო იმ ყუთიდან, რომლის ქვეშ ნაგავი ეყარა -25 მა პროცენტმა. რატომ გამახსენდა ეს ქართველ ინტელიგენთებთან დაკავშირებით? იმიტომ, რომ სასტუმროსა თუ სამზარეულო ოთახში ძალიან ხშირად ინტელექტუალური აზრების გაცვლა, როგორც წესი, სუფრის მომსახურე აქეთ-იქეთ მორბენალი ქანცგაწვეტილი დედის, ცოლის ან საყვარლის ფონზე მიმდინარეობს; საქართველოს ლოკალულ - გლობალურ ჭირ-ვარამზე, თანასწორობაზე, დემოკრატიაზე, ბედნიერებაზე, კულტურის აყვავება - კრიზისზე და ძველ ევროპელობაზე დამწუხრებულები სიგარეტს პირში შემოგაბოლებენ; აივანზე გავლენ და ნამწვავს ცოდვიან მიწაზე ან თანამოქალაქის თუ უცხოელის თავზე გადაუძახებენ ანდა საშარდე ბუშტს მარმარილოს სწორედ იმ სასიქადულო მამულიშვილის ძეგლს დააცლიან, 5 წუთის წინ სევდიანი სახით რომ ციტირებდნენ ზეპირად და წარბშეჭმუხვნით. სხვათა შორის, ნიუ-იორკში ამგვარ ფიზიოლოგიური თვითგამოხატვის თავისუფლებაზე ციხე იყო.


ქართველი ინტელიგენციის ანტისაბჭოთა, უფრო სწორედ, პოსტსაბჭოთა იდენტობის მშენებლობა სამოქალაქო ომით დაიწყო. ცოტა ხნით ადრე ისინი კოლექტიურად კომპარტიიდან გამოვიდნენ, არ დაიბნენ და მწყობრი ნაბიჯით ეკლესიისკენ გაემართნენ ანუ იქ, სადაც წუწუნი, ფაქტობრივად, უფრო საკრალიზირებული, ნაკურთხი და რიტუალიზირებული იქნებოდა. ინტელიგენცია უკვე პარტიას კი არ ეკითხებოდა, არამედ პერსონალურ მამაოებს. ასე იქნა გაგებული თავისუფლება, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა „პატრიარქატის თავისუფლება". ამავე დროს გზად პარტიიდან ეკლესიამდე მრავალნაციონალური ერთობის საბჭოთა იდეოლოგიამაც ცვლილება განიცადა. იგი ქვეყნისთვის ეროვნული იდენტობის პრიორიტეტმა ჩაანაცვლა, რომელიც, მართლმადიდებლობასთან, რეალურად კი, როგორც აღმოჩნდა, ობსკურანტიზმთან აღმოჩნდა შეჭიდული. რუსეთში „ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსწი" „გაჩდნენ", დაიწყო ქსენოფობური ხასიათის დარბევები, ანტისემიტური გამონათქვამების ტრანსლირება, მართლმადიდებელი მამაოების მიერ ჩეჩენი ხალხის შემმუსრავი იარაღის დემონსტრატიული კურთხევა. როგორც კი იმპერია „ჩამოიშალა", საბჭოთა ინტერნაციონალიზმი, საბჭოთა ინტელიგენტობის ღერძული თვისება „შიშველი მეფე" აღმოჩნდა; საბჭოთა ინტელიგენტის „პატიოსანი ინტელიგენტობა" პოპულისტური მითი; ქართველი ინტელიგენტი კი რუსოფილ - არაფრისფილს შორის გაეჭედა. დასავლური მეტ-ნაკლებად მხოლოდ იმ თაობისთავის აღმოჩნდა ახლობელი, რომელმაც რუსული არ იცის ან რომელიც ქალაქ ნიუ იორკის მერის რუდი ჯულიანის მიერ „ჩამტვრეული ფანჯრების თეორიის" პრაქტიკაში ამოქმედების კბილაა. სსრკ-ის გაქრობის შემდეგ ჩვენმა „წილხვედრობამ" (სამოთხის პროტოტიპი) ნაციოლნალურს + რელიგიურის დომინანტა წარმოქმნა, სადაც სწორედ ქართველები არიან ამ მესიანურის მატარებლები, სხვანი კი - არა VS. ამერიკის იდეისა, სადაც ლექსიკაში, ასე ვთქვათ, მეტაფორულად თავად ქვეყანაა ღმერთისგან ნაკურთხი და არა რომელიმე ერი ან ეთნოსი, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. შეიძლება ამიტომაც ამ ქვეყანაში არასოდეს ყოფილა ეთნიკურ ნიადაგზე გაჩაღებული ომები.


ახლა რომ ვინმე უცხოელი მოგზაური საქართველოზე „ეთნოგრაფიულ ჩანაწერებს" წერდეს, ალბათ, აუცილებლად აღნიშნავდა, თუ რა ეპოქები გამოტოვა ქართველმა ინტელიგენტმა და დანარჩენმა ორმა კლასმა. ბევრი რამ გამოტოვა, მაგრამ მაინც: გამოტოვა სიმონა დე ბოვუარის „მეორე სქესი", სან -ფრანცისკოელი პოლიტიკოსის, გეი ჰარვი მილკის მკვლელობა და, ფაქტობრივად, გამოტოვა პერიოდი - განცდა, რომელსაც თეოდორ ადორნო „ოსვენციმის შემდგომ ფილოსოფიად" ახასიათებს. თუმცა, ცხადია, მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველომ გაიღო, ქართული გულაგიც არსებობდა, ხოლო უახლოეს ისტორიაში საქართველომ ორი ეთნოკონფლიქტის, იგივე სამოქალაქო ომის (მხოლოდ თბილისის ომი არ გახლდათ სამოქალაქო ომი) შედეგად ორივე ტერიტორია დაკარგა. ამას წინათ რობერტ სტურუამ თავის პირველ, არმენოფობურ გახმაურებულ ინტრევიუს უკვე აფრო-ამერიკულფობურიც მიამატა. აშშ-ში ბროდვეის რომელიმე თეატრის ხელმძღვანელს აზრადაც არ მოუვა ამგვარი რამ ინტრევიუში კი არა, ვიწრო წრეში თქვას, რადგანაც იცის, რომ მას, როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელს, მითუმეტეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფს, გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე მომუშავეს, სხვათა ბედისა და კარიერის განმსაზღვრელს უპირველესად საზოგადოებრივი აზრი დაუპირისპირდება და სავარძელს დააკარგვინებს, სწორედაც რომ გამოხატვის (მათ შორის ქვეცნობიერის) თავისუფლების კულტის ქვეყანაში. თუმცაღა, ბუნებრივია, მას დადგმების განხორციელების უფლებას არავინ ჩამოართმევს. ალბათ, მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ თეატრის, რომელიც „ვეფხისტყაოსნის" ავტორის სახელობისაა სამხატვრო ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ამბობდეს, რომ „ვეფხისტყაოსანი" იდიოტიზმია. ანუ იდიოტიზმის ავტორის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობა იდიოტიზმად არ ითვლება. ერთგვარი ქართული ინტელიგენტური ოქსიმორონი თუ ორაზროვნება.


რადენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ჩემმა მოკრძალებულმა შენიშვნამ (სიტყვა სიტყვით ასეთმა: „ხალხო, რას სჭირს სტურუას. რა გავრილიადა დაემართა") ფესბუკელი რობერტ სტურუასა და მისი ახლობლის მხრიდან შეურაცხყოფების ქსენოფობურ ტალღას გზაში დაწეული სექსისტური და ჰომოფობური მოტივები მიემატა. ინტერნეტი საჯარო სივრცეა და აქ გამოთქმულმა ნებისმიერმა სიძულვილის ენა, რომელითაც „დიდი ადამიანი" მეტყველებს, როგორც წესი, ნორმალურ საზოგადოებაში უკვალოდ არ ჩაივლის. ყოველ შემთხვევაში „აღთქმულ დასავლეთში", მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური საუბრების ფინალი ხომ ასეთია: ბრეხტი ბრეხტის გარეშე, ტოლერანტობა ტოლერანტობის გარეშე, თანასწორობა თანასწორობის გარეშე, ევროპელობა ევროპელობის გარეშე... ევრორემონტულად. სტურუას „ინტელექტუალურ - ფეისბუკწუწუნი" ძალიან ადვილი გასაშიფრია, ისევე როგორც ნებისმიერი მაჩოისტური, „ნაციონალ-პატრიოტული პლაკატი", რომელიც ეთნიკურ -სქესობრივ „სხვას" სტერეოტიპიზირებს, თავის კომლექსებს აფერთხავს და ამით მკვიდრდება. გერმანელი ჯარისკაცები „სხვებს" იმიტომ კლავდნენ, რომ ჯერ ეს ერთი, მათ ამისთვის ფულს უხიდნენ (მოხალისეები სულაც არ იყვნენ), მეორეც - სჯეროდათ, რომ ებრაელების, ბოშების, პოლონელი კომუნისტების, ლატვიელი და ესტონელი ნაციონალისტების, გერმანელი ჰომოსექუალებისა და არაარიული წარმომავლობის ქალებთან „საქმის არ დაჭერით" ისინი გერმანიის პრესტიჟს აამაღლებდნენ; იმ პრესტიჟს, რომელიც პირველმა მსოფლიო ომმა დასცა. ესეც ერთგვარი წუწუნის ენა იყო, მაგრამ უფრო სხვა ჟანრის, სიმძიმისა და რეგისტრის.
არსებობს უამრავი სამეცნიერო თუ „პოპკვლევა", რომელიც ყველაზე ბედნიერ/უბედურ, მდიდარ/ღარიბ, ხალიასიან/დეპრესიულ, გულთბილ/გულცივ, რელიგიურ/არარელიგიურ ქვეყნებსა და კულტურებს აღმოაჩენს. მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კვლევა, ერთგვარი ტესტი ინტელიგენტობაზე, თუნდაც „ტილიანობაზე" გახლდათ კვლევა, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ქუჩაში გამვლელები ხედავდნენ, რომ ადამიანს საფულე დაუვარდა და „დაზარელებულს" ამაზე ან მიუთითებდნენ ან - არა. 1960 -იანებში ამერიკელი ანთროპოლოგი პეტრი ჯეი პელტომ ტრადიციული საზოგოდოებების შესწავლის საფუძველზე „მკაცრი" და „თავისუფალი" კულტურების არსებობის თეორია შეიმუშავა. ამ თეორიის თანახმად, "მკაცრი" კულტურა ქცევის მკაცრ ნორმებსა და დევიატიური (ნორმისგან გადახრა) ქცევის დაბალ ამტანიანობით ხასიათდება, მაშინ, როცა „თავისუფალი" კულტურა - რბილი ნორმების არსებობითა და გადახრების მაღალი ამტანიანობით. „მკაცრი" ის კულტურებია, რომელსაც უარავი საფრთხე ემუქრება, მათ შორის ბუნებრივი (მიწისძვრა, წყალდიდობა) და ადამიანური (აგრესიული მეზობელი, თავდაცვის უუნარობა), შესაბამისად მას უფრო მკაცრი სოციალური მობილიზაცია და კონტროლის მექანიზმების შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ ასეთი კულტურები რელიგიურობით ხასითდება, მედია არაა მაქსიმალურად თავისუფალი, ხოლო ავტორიტარიზმის ტენდენციები თვალსაჩინოა. „კომფორტულ" კულტურებს მკაცრი თვითშეზღუდვები არ სჭირდებათ, ამიტომაც ისინი მაღალი ამტანიანობითა და სხვაგვარობისადი შემწყნარებლბით ხასიათდებიან, შესაბამისად ნაკლებად არიან რელიგიურად ფანატიკურები. ბუნებრივია, ეს „იარლიყებიც" სტერეოტიპულია, მაგრამ თავად კვლევის თემატიკა და მისი შედეგები, როგორც მინიმუმ, სიმპტომატურია. იგი 33 ქვეყანაში ჩატარდა. საქართველოსა და რუსეთში - არა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე თავისუფალი უკრაინის კულტურა ყოფილა. მას ესტონელები, უნგრელები და აღმოსავლეთვროპელები მოსდევენ; მერე ისრაელი, ბრაზილია, ამერიკა. ყველაზე მკაცრ კულტურად დასახელდნენ აზიურები: პაკისტანი, მალაიზია, ინდოეთი, სინგაპური და სამხრეთ კორეა. ამგვარი კვლევები ყოველთვის ცალი თვალითაა საყურებელია, რადგანაც აშკარა მექანიკურობით სცოდავენ. ჩემის აზრით, საქართველო აქაც ორ კონტსრუქტს შორის გაეჭედა. მაგრამ მე პირადად მაინც „თავისუფალთა" კატეგორიაში გავიყვანდი და, აი, რატომ. ნებისმიერი საზოგადოების ცივილურობა მხოლოდ იმით კი არ განისაზღვრება თუ როგორი მთავრობის ღირსია ან როგორი სოციალური სისტემა აქვს, არამედ - საზოგადოებრივი რეაგირების ხარისხით ანუ დროის გამოწვევაზე პასუხით. სწორედ ესაა პოლიტიკური კულტურა და არა მხოლოდ პრეზიდენტის ან მისი პრეს-სამსახურის „სფიჩი" ანდა „ჰუმან რაითს ვოტჩის" ანგარიშის ყურადღება. საქართველომ მძიმე წლები გადაიტანა, ქვეყანაში ადამიანთა თვითრეალიზაციის პრობლემა მწვავედ დგას, ჩვენ ცოტანი ვართ, რობერტ სტურუები თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტეს არანობელიანტობის პირობებში და კიდევ სხვა ათასი მსხვილმანი და წვრილმანი პრობლემა გვაწუხებს, ამიტომ უკვე გვარიანი წუწუნის კი არა, მხოლოდ წაწუწუნების თავი გვაქვს მხოლოდ. ჩვენ საზოგადოებრივი პატიების ადამიანები ვართ ანუ პატიების თავისუფლების. აქ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ საპატრიარქოს ხათრით „გაწეულ" კომპრომისებს, როცა ეჭვმიტანილებს ათავისუფლებენ. პირადად მე ამგვარი თავისუფლების წინააღდეგი ვარ. თავისუფლების, რომელიც პასუხიმგებლობისგანაა თავისუფალი. ეს მხოლოდ აფრიკელი და აზიელი ცუდი პრეზიდენტები არიან სასამართლოში მიბრძანების, მხოლოდ გალიანოა ქრისტიან დიორის სახლის არტ-დირექტორის კაბინეტიდან გაბრძანების ღირსი. ჩვენ კი ჩვენსას ხელიდან ხელში ვაგოგმანებთ, აგარაკზე ვამყოფებთ და შიგა და შიგ აზრსაც ვეკითხებით. ჩვენი დიდი ხელოვანი დამწვარს მდუღარეს ამატებს და ბოდიშის მოხდის მაგივრად, ფობიას ფობიას ამატებს. ჩვენთან თავისუფლება უპასუხისმგებლობის ტოლფასია, რადაგან, ლამის ისევე ვფიქრობთ ან ვმოქმედებთ, როგორადაც ის, ვისაც, წესით, პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ან ვგმობდეთ (აქ მე პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ იუსტიციის სამინიტროს ქმედებას არ ვგულისხმობ). მე შენ არ შეგიშლი ხელს, შენ - მე არ შემიშალო. ანუ თუ შენ ჩემს თავისუფლებას არ შეხები, მე - შენსას დავტოვებ ხელუხლებელს და ასე ჩვენ ორივენი ხელშეუხებელნი ვიქნებით. როგორც ხელშეუხებელთა კასტა. ჩვენი თავისუფლებასთან დადებული კონტრაქტი თვალხუჭობანას უფრო ჰგავს. კუკუდამალობანას. ჭიტა-ჭიტას ძახილს. უფრო სწორედ, მე - შენ, შენ - მე და ორივე ერთად კი არა, არამედ ცალ-ცალკე. ყოველგავრი ცივილური დიალოგის გარეშე: ხან „მხედრიონით", მერე „შეფიცულებით", ხან ლეგალურად თავში რახუნით, ხან პატრიარქის სპიკერად წამოყენების იდეით. და ეს ყველაფერი - ინტელიგენტურად. ერთგვარი უტილიტარისტული, კორუმპირებული, სირაქლემის ცხოვრების წესიანი თავისუფლება. თავისუფლება იყო ჰომოფობი, მაგრამ სნობურად ჯონ გალიანოს ქუდისთვის უკანასკნელი თეთრები გადაიხადო (დიდი ბებიის საგვარეულო ბეჭედი გაყიდო), ერთი თვე იშიმშილო და ბოლო -ბოლო დაიხურო. ქუდი.


ჩვენ ულტრა-ნაციონალისტური სახელმწიფო ფეტიშად ვერ და არ გადავაქციეთ, მაგრამ ვერც დემოკრატიულნი, დამოუკიდებელნი, ლიბერალურნი, თავისუფალნი გავხდით, რადგან ვერ დავძლიეთ საბჭოური პროვინციალიზმი, საბჭოური შოვინიზმი, გნებავთ საბჭოური სექსიზმი, თუ არქეტიპებითა და გენდრული დისკურსით ვიმსჯელებთ. გავხდით პოსტსაბჭოთა, მაგრამ არა - თანამედროვე; პოსტნაციონალური, მაგრამ - არა თანამედროვე. ამიტომ ისევ გავეჭედეთ და კვლავ ავწუწუნდით.


***


ბოლო ერთი თვის განმავლობაში აშშ-ში სწორედ საზოგადოებრივმა სკანდალმა, საზოგადოების, მედიის მწვავე რეაგირებამ, მკაცრი ტონით აწუწუნებამ კი არა აყაყანებამ აიძულა ამერიკელი კონგრესმენი-დემოკრატი, პარტიის იმედი, პერსპექტიული ენტონი უინერი გადამდგარიყო. თუმცა, მას, ფაქტობრივად, კლასიკური გაგებით კრიმინალი არ ჩაუდენია. შეიძლება ითქვას, ცოლისთვის არ უღალატია. იგი „უბრალოდ" სოციალური ქსელების საშუალებით ვირტუალურად უამრავ ქალს ეკონტაქტებოდა, ქალ- ამომრჩევლებს თავისი მამაკაცური შარმის არსებობას დაბეჯითებით უდასტურებდა და იდასტურებდა. განა მარტო პოლიტიკაში ვარ მაგარიო, სხვა უფრო საინტერესო რაღაცეებიც მეხერხებაო. აბა, შემომხედეთო. ამ გაგზავნა - გამოგზავაში კი ეს ზედმეტად სოციალური ქსელი უინერის „არაპოლიტიკურ" იარაღს ბოროტად გაეხუმრა. მისი აღგზნებული „ღირსების" ფოტო „ტვიტერის" მეშვეობით მიიღეს იმათ, ვისაც არ უნდა მიეღოთ. ანუ ერთზე მეტმა ადამიანმა. ატყდა საშინელი აურზაური. მაგრამ უინერი ჯიუტად ებღაუჭებოდა სავარძელს. რაც უფრო მეტად ებღაუჭებოდა, მით უფრო ღრმად დაიწყო მედიამ ქექვა; რაც უფრო მეტად იცავდა თავს, მით უფრო მეტი ნაგავი ამოვიდა ზედაპირზე. ლამის პრეზიდენტმა და სახელწოფო მდივანმაც მიუთითეს - გადადექიო (უინერის ცოლი პაკისტანურ-ინდური წარმოშობის ჰუმა აბედინი გახლავთ. იგი ჰილარი კლინტონის უახლოესი მრჩეველია. ამჟამად ბავშვს ელოდება.). უინერმა - არა და არაო. არ გადავდგებიო. ბოლოს თავად ქალები ალაპარაკდნენ. მერე ვიღაც არასრულწლოვანმა გოგონამაც ამოიღო ხმა და უინერს მარტო კონგრესის ეთიკის კომიტეტი კი არ „დაემუქრა", არამედ სისხლის სამართლის კოდექსიც. ჰოდა, გადადგა. რასაკვირველია, ყველამ გაიხსენა ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკის, ნიუ იორკის შტატის გუბერნატორ ელიოტ სპიცერისა და „ექსკორტ სერვისის" მეძავის ეშლი დიუპრეს „სიყვარულის ამბავი". წელს ამერიკის წარმომადგენელთა პალატას კიდევ ორი კონგრესმენი გამოაკლდა. რესპუბლიკელები კრის ლი (ესეც ინტერნეტფლირტის გამო) და ჯონ ენსაინი (არავირტუალური საყვარელი ჰყავდა), რომელიც საყვარლის ქმარს ლობისტის ადგილის მიღებაში დაეხმარა. ანუ სახეზე იყო კორუფციის „ქეისი". „სასაცილო" ისაა, რომ ენსაინი ბილის სკანდალის დროს მექალთანე პრეზიდენტის საქციელით აღშოთებული იყო და გადადგომისკენ მოუწოდებდა. საყვარლომანიამ დემოკრატი სენატორი, ვიცე-პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ ედვარდის პოლიტიკური კარიერაც დაღუპა. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო იმან დაამძიმა, რომ ედვარდსის მეუღლეს სიმსივნე ჰქონდა, კაცი კი იმის მაგივრად, რომ ცოლი გაემხნევებინა, ამ დროს განზე დადიოდა. სკანდალი XVIII საუკუნეშიც ატყდა, როცა აღმოჩნდა, რომ აშშ-ის ფინანსთან პირველ მინისტრს ალექსნდერე ჰამილტონს, რომლის პორტრეტი ათდოლარიან კუპიურაზეა გამოსახული, ცოლის გარდა კიდევ ჰყავდა ვიღაც... და ა.შ. ამერიკა პურიტანების აშენებული ქვეყანაა, მაგრამ ამერიკა პურიტანული არაა. უბრალოდ, ამ ქვეყანაში ტყუილი დასჯადია და მის მოქალაქეებს ხალხის რჩეულად, კანონმდებლად, ადამიანად, რომელიც ქვეყნისა და ადამიანების ბედს წყვეტს, არ უნდათ იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს და თავად გაება საკუთარი მანიპულაციების ხლართებში. ის, ვინც თავის „სფიჩებში" პატიოსნებაზე, თანასწორობაზე და სამართლიანობაზე, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი ინტერესების მნიშვნელობაზე საუბრობს, ვინც ზოგადსაკაცობრიო ღირებულბებებზე აპელირებით პოლიტიკურ სპექტაკლებს, თუნდაც ვერბალურად დგამს, ცხოვრებაში არ უნდა იქცეოდეს სწორედ იმის საპირისპიროდ, რასაც ქადაგებს. საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს უნდა იყოს დარწმუნებული, რომ როცა მის მიერ არჩეული პრეზიდენტი თავისუფლებისა და სხვა ერების გადარჩენის მიზეზით რომელიმე ქვეყნის თავზე კონკრეტულად მისგან, ამომრჩევლისგან აღებული გადასახადებით შექმნილი ბომბების ჩამოყრის გადაწყვეტილებას იღებს, თეთრ სახლში კი მაგიდასთან მიმჯდარი მორიგი სამხედრო იერიშის დაწყების გადაწყვეტილებას ხელს აწერს, ამ დროს მაგიდის ქვეშ არავინ ასტიმულირებს მის პოლიტიკურად ბრძნულ გადაწყვეტილებას. თორემ თანამდებობიდან ვერავინ გადააყენებს მსახიობებს ჰიუ გრანტს ან ჩარლი შინს იმის გამო, რომ ამ ჯეელებმა სასტუმროში მეძავეები აიყვანეს; ვერც ამერიკის სიამაყე, ცნობილ გოლფისტ, ცოლ-შვილიან თაიგერ ვუდს, რომელიც გოლფიდან თავისუფალ დროს თურმე ვის აღარ უმესიჯებდა. თუმცა მსახიობთა და სპორტსმენთა თავს დამტყდარმა სკანდალებმა შეიძლება სულ სხვა შედეგი გამოიღოს. ფილმში არ მიიწვიონ ან რეკლამიდან „ამოაგდონ" ანდა შეჯიბრების კონტრაქტი გაუუქმონ ანდა სულაც პირიქით. სკანდალმა ისინი უფრო პოპულარულნი გახადოს. მედიას უყვარს ცუდი ბიჭები და გოგონები. მაგრამ პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ პრეტენზიები სულ სხვა რეგისტრისაა. მითუმეტეს, როცა ადამიანები - სანიმუშო მოდელები იმათი ფულით არსებობენ, ვისაც მორალს უკითხავენ და ჭკუას ასწვლიან ხან პოლიტიკური ტრიბუნიდან, ხანაც თეატრალური სცენიდან. მაყურებელი პირველებს უფრო მეტი ჰყავს. ამიტომ მოქალაქეები ბინძურ საცვლებში ქექვის უფლებას იტოვებენ. ბინძური საცვალი კი მხოლოდ ტრიკოტაჟის ან აბრეშუმის პროდუქციას არ გულისმობს. არამედ იმას, რასაც ტელეჟურნალისტი ენდვარდ მაროუ აკეთებდა ან უდიპლომო ერინ ბროკოვიჩი. ინტელიგენტურად..

azrebi.ge
16.07.2011

No comments:

Post a Comment