Thursday, September 22, 2011

არაკატატონიური კატატონია ანუ ერთი დღე მარინა აბრამოვიჩთან, @-სა და სხვებთან ერთად



როცა ვგრძნობ, რომ ჩემი ნიუ-იორკული დაღლილობა კატატონიის ზღვარს ნაზად კი არ უკაკუნებს, არამედ დასაპატიმრებლად მოსული ზომბიპოლიციელებივით, რომლებსაც არ უღებენ, ისინი კი კარის შემომტვრევამდე გამაფრთხილებლად ტეხენ ბრახუნს . . . აი, ისე ურახუნებენ ჩემს ყინულივით გაქვავებულ ტვინს, თავქუდმოგლეჯილი MoMA – ში (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) გავრბივარ. არასანირვანოდ. იმისთვის, რომ უკან, გულსა და უწესრიგობას დავუბრუნდე. თუ ჩემნაირი კატატონიკი ვიპოვე, ხომ კარგი - ავიყოლიებ, თუ არა და – მარტო, რათა მერე იქ სართულიდან სართულზე უთავბოლოდ ვიბორიალო/ვიბორიალოთ და კიდევ უფრო მეტად დავიქანცო/დავიქანცოთ და მერე ჩემი (სხვისას არ ვეხები) პოპცხოვრება ჩარჩოში ჩასმულ პოპ თუ არაპოპარტულ ცხოვრების სამუზეუმო ნაკუწებს შევადარო და ამის შედეგად ან უფრო დავკატატონიკდე ანდა განვკატატონიკდე.

ამ ქალაქში დაღლილობას პირში სულ სხვა გემო აქვს, ვიდრე, მაგალითად, ავსტრალიურ კვისლენდში ან ჩადურ ნჯამენაში. აქაურ გახევებას სუნიც სხვაგვარი აქვს. გაჭყლეტილი მწვანე პომიდვრის. ბრუკლინურ – მეხუთეავენიური, მაღალი ტენიანობითა და სისხლძარღვებში გაშეშებული თრომბიციტებით. სიზმარს სახლსა და იქაურ სველი მტვერის სუნზე სულაც არა ჰგავს. არც იქაური ინსტალაციაა. რაღაცნაირია, სინდრომულ - მემარცხენე – ბუმერანგულ – მზიან – უტოპიურ - მონოლოგურ – პროვინციულ – თუთიყუშურ - მტრედისფერი . . . ჰო, ეგოისტურიც. იმ დღესაც ნამეტანი მუქ მტრედისფრად მომეჩვენა და ამიტომაც დენდაკრულივით გარეთ გავვარდი. MoMA –ში შარშან სექტემბრის მერე ის ფილმები გადის, რომელსაც ვერც ტელევიზიით და ვერც კინოთეატრში იხილავ. მაგალითად, ჩინური “გაზაფხული პატარა ქალაქში” (1948), რომელიც არ მომეწონა; კანადური “მხოლოდ” (2008), რომელიც ასევე არ მომეწონა და ამერიკული კომედია “მიტოვებულ ზონა” (1982), რომელზეც ერთხელაც არ გამეცინა. მგონი, იმ დღეს სინემას ხასიათზე სულაც არ გახლდით, ამიტომ ბოლომდე ვერცერთს გავუძელი. ერთს - სიძველის ხათრითაც კი. ფილმებს შორის ენდი უორჰოლის Campbell’s Soup -ის 24 კონსერვს, თიმ ბარტონის დაკემსილ ხაზ-ფიგურებს, ჯასპერ ჯონსის, პიკასოს, რენე მაგრიტის, ჯექსონ პოლოკის სურათებსა და მერილინ მინთერის ვიდეოარტ “მწვანე ვარდისფერ ხიზილალას” შორის დავბორიალებდი. თან ვეძებდი ჩემს პერსონალურ In Presence--ს. წინასწარ გეტყვით, რომ ვერ ვიპოვე. 13 მარტს არც მეტროპილიტენ ოპერაში წავედი “ცხვირის” სანახავად – გერგიევი დირიჟორობდა და არც ხელოვნების მუზეუმში. ისე, MoMA - ში რომ წავსულიყავი – ამერიკულ ფილმს “მარსი უტევს” ვნახავდი, თანაც საღამოს რვა საათზე. მაგრამ იმ დღეს საქართველოცა და ამერიკაც ლამის დაინგრა. გუსტავ იუნგი ამგვარ საქმეთა ვითარებას სინქრონიზაციას მიაწერდა. ახლა ცოცხალი რომ იყოს, სტრატეგიული სინქრონიზაციის თეორიასაც ჩამოარაკრაკებდა. იმ შაბათს ნიუ-იორკში ისეთი უსაშველო ქარიშხალი ამოვარდა, ჰაერში მარსიანებზე მძიმეწონიანები – ფესვებამოდღლეზილი ხეები დაფრინავდნენ, ამიტომ გარეთ ცხვირს არავინ ჰყოფდა. აი, ნამდვილი ვიდეოარტი, ექშენი, ინსტალაცია, პერფორმანსი და მოჰიჩკოკო “ჩიტები". ამ უკანასკნელებმა მოკლეს კიდეც ხუთი ადამიანი. შაბათ-კვირა უშუქოდ და უინეტოდ გახლდით. მე - რა, ნახევარი მილიონი ამერიკელი. ზოგიერთი უფრო მეტ ხანსაც - ერთი კვირა. სახლში სადღაც ძველისძველი ტრანზისტორი მოვძებნე და გარე სამყაროს ამბებს ისე ვისმენდი, როგორც ფრონტის ხაზს მოშორებული პარტიზანი. ყოველ ათ წუთში უკანასკნელ მეტეოროლოგიურ “ნიუსებს” გვამცნობდნენ. მობილურის შესაძლო გათიშვის გამო დაპანიკებული, თითო-თითო წამი ვსაუბრობდი. უცნაური გრძნობაა – წინადადების, სიტყვისა და ლამის მარცვლების წამების დეკადებად გადანაწილება. გეგონება უდაბნოში ხარ და სალაშქრო მათარაში წყლის წვეთებს, როგორც სიცოცხლის გარანტებს, ისე ითვლი. ქარბორბალური ტრანსიდან გამოსვლისთვის ვუდი ალენის ფილმის “ნეფრიტის მორიელის შერისხულობა” გამოყენებულ ტრიგერ სიტყვებს - “მადაგასკარსა” და “კოსნტანტინეპოლს” ვიხსენებ. ვმარცვლავ. ძალიან ნელა. მა – და - გა – - ს – კა - რი. კონ – სტან – ტი – ნე – პო - ლი. ვგრძნობ, რომ ეს ხერხი ჩემზე არ მოქმედებს, ამიტომ საკუთარ თავს სიტყვა “უშგულს” ვეუბნები – რაც არ უნდა იყოს ზღვის დონიდან 2 200 მეტრშია. უშგულმა როგორ არ უნდა გამომაცხოცხლოს? არ მშველის. კიდევ ერთი განწირული მცდელობა: სადღაც ამოწერილ ბანგკოკის ნამდვილ ტაილანდურ, ამავე დროს მსოფლიოში ქალაქის ყველაზე დიდ ოფიციალურ სახელწოდებას ვპოულობ: “კრუნგ ტეპ მახა ნაკორნ ამონ რატანაკოსინ მახანინდრა აიუტაია მაჰადილოკ პოპ ნოპრარატ რიტჩატანი ბრურომ უდომრატნივეტ აბონპიმან ავატანსატიპ საპკაკატია ვისანუკამპასიტ”. ჩვენებურად ნიშნავს _ “ანგელოზების ქალაქი, დიდი ქალაქი, ზურმუხტოვანი ბუდის რეზიდენცია, დაუპყრობელი ქალაქი . . . ცხრა ძველებური ქვით მოპირკეთებული, მეფის უზარმაზარი სასახლეებით მდიდარი . . . სამოთხის საცხოვრებელს გაგონებს. . . ააშენა ვისანუკამმა”. ნეტავი “პოპ” რას ნიშნავს? არა, ნიუ-იორკი არაა სამეფო სასახლეების ქალაქი. მითუმეტეს - ანგელოზების. არც ლოს-ანჯელესი. ამერიკაში საერთოდ არ იციან რაა მეფე. ანგელოზები – სავსებით შესაძლებელია. ძველი სამყაროს ვინ რა არტეფაქტს გამოექცა - რა ჩამოთვლის - მათ შორის მშობლიურ მეფე-დედოფლებს. ამერიკაში კონტიტუციური კი არა რესპუბლიკურ – დემოკრატიულ - სუპერლიბერალული მონარქებიც კი არ უნდათ. ჰოდა, ჩემზე ტაილანდური “მანტრაც” ვერ მოქმედებს და ამიტომ გარეთ გავრბივარ. თან მაინც ვიმეორებ: გუ – ლი - უშ, უშ – გუ - ლი, უჰ – გუ - ლი, გუ – ლი - უჰ . . .
MoMA - ს პირველ სართულზე ენა, ტუჩები ღია მოვარდისფრო ხიზილალაში გემრიელად იკლაკნება. მერე ეკრანს ებჯინება - თევზის ვერცხლისწყლის ფერი, პატარა, კიკნა, დრეკადი, ორნავ მომჟავო ბურთულაკები – ქვირითი ზედაცაა და გარშემოც. მართლა ლალაა და თანაც - ხიზი . . . ვმარცვლავ. ხი – ზი – ლა - ლა. ისეთ მდგომარეობას ჰგავს დაცვარული ტვინი 42 გრადუს ტემპერატურის შესაბამისად რომ ხურს, ხოლო სხეული შეხებასა და ამოსვრას გულისრევამდე დანაყრებით გრძნობს. წესით, უნდა დასრულდეს, რახან დანაყრდი, გაძღი და თანაც ყინულივით წყალი გწყურია. მაგრამ - არა. სქელტუჩებიანი პირიდან ხორციანი, ნასუქი დვრილებიანი ღია მოვარდისფერო ენა გამოდის და ხიზილალაში კვლავ ითხვრება, იგრიხება. ვიდეოხიზილალა შავის ბრენდია. წითლის – არა. მინდა დავინახო, როგორ კეთდება ყლუპი, როგორ მოძრაობს ხიზიხორხი თუ ლალაყრონტი, როგორ ჩადის მასში ცხიმის შენადედი – ქვირითის არგახარებული ბურთულაკი. მაგრამ - არა. ეს ვამპირის ენის მოძრაობაა არაა. კატატონიკის კვალობაზე საკმაოდ მალე ვშორდები. ვერ ვუძლებ. 

მეორე სართულზე თიმ ბარტონთან გოთიკურად დაგვირისტებული ქალები წითელი თმებით, რქებიანი აქლემები, ბავშვებში ჩარჭობილი ნემსები და ქინძისთავები, ლურჯი სხეული, ჩონჩხები, ჩამომხრჩვალები, იმბეცილური, გამოთაყვანებული სახეები, დაჯღანული უცხოპლანეტელები, ზოლიანი წინდები და შავი კოსტუმები, ჯუჯა კაციჭამიები, სასაფლაოს გიგანტური ხვლიკები, ინფერნალური კომპლექსები, სუიციდალური იდეები, წვეტიანი და ხაზობრივი ფორმების ანიმაცია და მისთანანი. არა, ისევ ხიზილალა მირჩვენია. კიჩია ისიც და ესეც. მაგრამ იქ სისხლიანი კიდურები მაინც არაა. დროზე გავრბივარ.

აფრიკა. მესამე სართულზე. ხმაზე ვცნობ. ყოველთვის განწირული გაორებული ხმით ნამღერი წარეჩიტატივებული, შეკივლებებით, დატირებებით, სევდიანი და უსაშველო, ცივი ტემბრით. ყოველთვის მეგონა, რომ მონები სწორედ ასე მღეროდნენ ანუ თავის გაუყუჩებელ ტკივილს მუსიკალურად მოთქვამდნენ. ქალები თავზე ახორაგებული თავსაფრების კონსტრუქციებით, უკან გაზნექილი დუნდულოებით, თითქოს ზედ ჩამოჯდომა თავადვე უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ და ამიტომ “მოსასვნებელ” ადგილს სხვას სთავაზობენ. უკვე არქეტიპი. ქრონიკულად დაღლილის ფიგურა უკან ზურგჩანთასავით მიკრული დიდთავიანი ბავშვით. პატარა ნაბიჯებით მოსიარულე, წინ გამოწეული დიდი კბილებითა და სქელი ტუჩებით – ხიზილალაგაუსინჯავი ენებით, გრძელი, შავი ხელებით ბუზებს რომ უგერიებენ შვილებს, რომლებიც აუცილებლად ტიტვლიკანები დარბიან, არაბუნებრივად ჭიპგადმობრუნებულები, უსაშველოდ წვრილი ბარძაყებითა და წვივებით, სასირცხო ადგილებს ხმამაღლა რომ იფხანენ. დიდი რგოლი - საყურეები და მიწამდე ჩამოზნექილი ბიბილოები. შიმშილის დროს ბუზები საიდან ჩნდებიან – პატარაობაში ეს მიკვირდა. ნელსონ მანდელას თემა. კაცები – ნელსონ მანდელას თანამებრძოლები. ქალები – ნელსონ მანდელას თანამებრძოლების თანამეცხედრეები. ერთმანეთის თანაები. რაღაც მომენტში ქართული ჰანგები დავიჭირე – “ჰერიო ბოჭებო, ჰეერიოო” . . . აღმოჩენისგან გაოგნებულმა ლამის წამოვიყვირე კიდეც და ხმა ჩუმად ავაყოლე კიდეც. საგანგებოდ ამოვიწერე სამუსიკო გუნდი. ქართული არაა. ტიტრებში – South Caserne Choir. ისე, კატატონიამ ჰალუცინაციები იცის. იოჰანესბურგელი უილიამ კენტრიჯის ვიდეოინსტალაციები და კოლაჟები ჩაბნელებულ დარბაზში. სკამები არაა. ლოტოსის პოზაში ჩანთაზე ვჯდები. წყლის ბოთლს ვიღებ. მწყურია არანორმალურად, ჯერ კიდევ ხიზილალას მერე. უეკრანო კედელზე ჩრდილები დაბორიალობენ. აპარტეიდია აშკარად. კინემატოგრაფიულ გრაფიკაში. პოლიტიკა, გამოსვლები, უსამართლობა, ჩაგვრა, ხალხის აღშფოთება, ტალღისებრი მღელვარება, მოღებული პირები, სკანდირება, ლოზუნგები. იქვე იხატება ფიგურები, ნახშირით, მერე იქვე იშლება, “შავი კვარდატი”, მაგრამ არა - მალევიჩის. “ღარიბი ადამიანის ანიმაცია” – უილიამ კენტრიჯის საავტორო “კოპირაიტი”. ბავშვობაში მქონდა ამგვარი სახატავი ეკრანი. მეგონა, რომ მასში თეთრი, უწვრილესი სილა ეყარა, ორი სამართავით კი შავი ხაზი საიდანღაც ჩნდებოდა და ხატავდი რასაც გინდოდა. მერე – შეანჯღრევდი, წაიშლებოდა და “ტაბულა რასა” ხდებოდა. ტაბულა გამახსენდა. გამრავლების, მენდელეევის, სივცევის, ბრადისის, აპარტეიდის, სასოწარკვეთის, აფრიკის. მხატვარის მამა 1950 - იანებში ნელსონ მანდელას ადვოკატი გახლდათ. საბჭოთა კავშირიდან გაიქცენენ და აფრიკაის სამხრეთით აღმოჩნდნენ. აწი ტრიგერად “იოჰანესბურგს” ვცდი. არა, არ გამომივა. ეს “ბურგი” პეტერბურგს მაგონებს. პეტერბურგი - ლენინეგრადს, ლენინგრადი - გერგიევს, გერგიევი – ცხინვალს, ცხინვალი უჰაერობას და უიმედობის სპაზმებს. ტურბულენტულ კატატონიას. ეკრანზე ჩნდება ძველი, შტატივებიანი ვიდეოკამერა, რომელიც ცირკის ბაგირზე მისეირნობს და კაცს კლავს. ისიც ჩონჩხად იქცევა. ესეც აფრიკული მუსიკის ფონზე. კოლონიალიზმი, პოსტაპერტეიდი, იმპერიალიზმი, უსამართლობაიზმი. ბოროტი კაპიტალისტი წყალს ბაყბაყდვივით აზის, არავის აძლევს. მე კი აქეთა მხარეს წყლიანი ბოთლი მიჭირავს – აწერია Poland Spring (Poland Spring ადგილია მეინის შტატში). ნიუ-იორკში წყალს ვყიდულობთ, ონკანიდან არ ისმევა. მივიხედ - მოვიხედე და დავინახე, რომ აზიური გარეგნობის გოგონას ჩემსავით უჭირავს წყლიანი ბოთლი და აგემოვნებს. რით არაა ინსტალაცია? ეკრანზე ტანკები, ამბოხება, კაპიტალისტი, რევოლუცია. თოჯინების თეატრში. ანიმაცია - რევოლუცია. აჰა, დასრულდა, როგორც იქნა! ყველაფერი ფეთქდება, მძიმე ტექნიკა, ამანათები, ვიღაც თავს იკლავს, სახრჩობელას ბაწარი კონწიალობს, ტუალეტი, უნიტაზი. წყალი ონკანიდან და საშხაპეს “ტელეფონიდან” კი არა, აჯანყებული ხალხის სხეულიდანაც მოდის – ქალთა თანამეცხედრეთა მუცლიდან, პირიდან. სითხე მოდის . . . ყველაფერი იცვლება, წყალი ბევრია, ყველასათვის საკმარისი. მეც ვდგები ჩემი “სკამიდან” მანამ, სანამ ვიდეოაპარტეიდი ხელახლა დაიწყება. ეკრანზე კატები დასეირნობენ, იმპერიალისტი ზოლიან კოსტუმში (თიმ ბარტონის წინდებს ჰგავს) ხორცს ჭამს, ჭამს, ჭამს, ჭამს. აღარ დაამთავრა. ენა არ უჩანს. მას “სოჰო” ჰქვია. ბოროტია. რატომ დაარქვა ავტორმა “სოჰო”? სოჰო მანჰეტენის არტისტული უბანია. ბოლოს სოჰო ალოკილ ძვლებს ქვესკნელში ჩაყუდებულ მონებს ესვრის. ისინი კედელში გამოჭრილ უჯრებში არიან შელაგებულნი. “ჰერიო, ბიჭებო” მუდმივ რეჟიმშია ჩართული. “ეეი, უხნემ, ეეი უხნემ” - ს არ ჰგავს. სამუსიკო სკოლაში მასწვალიოდნენ. ვერ ვიტანდი ამ “უხნემ”- ს. ცუდ ხასიათზე მაყენებდა. აქ კი - ჰერიოო. ეს უარეს ხასიათზე მაყენებს. აპარტეიდული მუზა. სხვაგან გავდივარ. უცნაურია, მაგრამ ის გოგონაც ჩემთან ერთად დგება. ვა, ვფიქრობ – ისევ სინქრონიზაცია თუ ტელეპატია. იუნგს – 10 ქულა! ხომ არ მივიდე და ვკითხო მისი კატატონიის ისტორიის შესახებ? ვერ გამიგებს. თანაც ვგრძნობ, რომ აპარტეიდს და ნელსონ მანდელას თიმ ბარტონის დასერილი მოლანდებები მირჩევნია . . . გავდივარ როგორც იქნა.

მგონია დავემშვიდობე უილიამ კენტრიჯის ნახშირის აპარტეიდულ ვიდეოისნტალაციებს, მაგრამ – ნურას უკაცრავად. მესამე დარბაზში ვიდეონსტალაციაში კენრტიჯი თავის პორტრეტს ხევს, შლის, გადახაზავს. კიბეზე არბის - ჩამორბის . . . ლამის მეც ავყვე – ოღონდაც გაშეშება დამეხსნას. სასწრაფოდ მეხუთე დარბაზში გავდივარ, მაგრამ იქ მეტ ტრანსში ვვარდები (მიხარია, რახან კიდევ მაქვს სატრანსო ადგილი, ე.ი. მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიმიღწევია) “ოთახში” კი “სასამართლოს ექსპერტები”: სტალინი, ბუხარინი, კაგანოვიჩი, ბერია, კალინინი მხვდებიან, ოღონდ კედელზე ვიდეოპროექტორის საშუალებით. უფრო სწორედ, მათი სიტყვები. ინგლისურად. ამათი გვარს-სახელი თავადაა ინსტალაცია. ისევ დამკატატონებელ ტერორში ვარ. ლამის დარჩენილი წყალი ვიდეოპროექტორს შევასხა, რომ თავი დამანებოს. სტალინურ-კაგანოვიჩური არტი. კედელზე შავ-თეთრი ასოებიანი საბჭოური მარაზმის ორკესტრი. 1937 წლის ამ ელიტის საუბრის შიფრი: ბუხარინი, მგონი, ასე ამბობს - “ჩემთვის ძნელია სიკვდილი” თუ “ძნელია თავი მოვიკლა, რადგან ეს პარტიას ჩრდილს მიაყენებს”. სტალინი – “არაფერია სასაცილო”; ბუხარინი - “ძალიან სასაცილოა, ძალიან სასაცილოა”. შიგა და შიგ სხვა “ექსპერტების” რეპლიკებია. არა, ამას აპარტეიდი მირჩევია. . . ამავე დარბაზში ბალეტი და ცხენები. რუსული ბალეტი. იმ დროინდელი. ბალერინა ცეკვავს, თან ლაქა ადევს სახეზე. მიდი და გამოიცან, აბა, ვინაა? ცხენთან კი წარწერაა ““I Am Not Me, the Horse Is Not Mine”” (“Я не я и лошадь не моя”). მეცინება ინგლისურ თარგმანზე. მიხარია – მგონი, ტრიგერს მივაგენი. თანაც ანდაზურს. მეექვსე დარბაზში – იატაკიდან ჭერამდე რომელიღაც ენციკლოპედიიდან ამოხეული ფურცლების “ზეწარი”. დარბაზის კურატორი ახლოს მიახლოებულთ აფრთხილებს. რომელიღაც ასოზე ჩამოწიკწიკებულ სიტყვების განმარტებებს მექანიკურად ვკითხულობ. ცნობარი თუ ენციკლოპედია 1950 წელსაა დასტამბული. XX საუკუნის კაკალ გულში? ვანგარიშობ, საუკუნის კაკალი გული რომელი თვის რომელი რიცხვი, საათი, წუთი და წამია. იქვეა სურათი უილიამ კენტრიჯის “ცხვირიდან”. უფრო სწორედ “ცხვირი” გოგოლისა და შოსტაკოვიჩისაა. კენტრიჯმა გააფორმა და “მეტროპოლიტენ ოპერასთვის” დადგა. გაზეთის ნაგლეჯების კონსტრუქტივისტული კოლაჟი რუსულ და სხვა ენებზე – აგიტპროპი, აქეთ-იქეთ მოსეირნე ცხვირი. გერგიევი არ მშორდება. ზემოთ ავრბივარ. იქ ანეტ მესაჯერის სურათები: სხეულის დანაწევრებული ნაწილები, აკურატულად ჩასმული ჩარჩოებში და უორჰოლის “მერილინ მონრო”. 

მეოთხე სართულზე მიკროვატობუსში ვჯდები. ჩინელი ინ ჟენის პროექტს “კომუნალური ტაქსი” ჰქვია. მუხლუხოს მსგვასი “მარშრუტკის” კორპუსი გრძელია, შუაში ლილოს ბაზრობისა და “სექენდ ჰენდის” “შირპოტრების” ჭინჭებისგანაა. მწვანე გაპრიალებული ვერტმფრენიცაა, ჰაერშია გამოკიდებული. ვერ ჩაჯდები. ჰაერშია და იმიტომ. 1946 წლის ალუმინის, წითელი იტალიური ავტომობილი Cisitalia 202 GT. Do Not Touch – გაფრთხილებენ. რასაკვირევლია, წინ ზრდილობიანად უძღვის – Please. ფლ – იიიიიი – ზ. რით არაა ტრიგერი? შავი, პრიალა მოტოციკლეტი, ძველი კომპიუტერები, სარეცხის მანქანები, ავეჯი, ლარნაკები – ინსტალაციები. ჩემი წყლის ბოთლიც ინსტალაციაა. სავსე, ნახევრადსავსე და ცარიელიც. მაგრამ ამას მხოლოდ მე ვგრძნობ, თანაც გამძაფრებულად, როცა ალუმინის ჩაიდანს ვუყურებ (ელექტოჩაიდანის/ ყავადანს ვერსად ვამჩნევ). მუზეუმის მენეჯმენტი ჩემს ბოთლს სათანადოდ ვერ აღიქვამს, ამიტომაც არ აინტერესებს. მე კი კიკი სმითის წყლით სავსე მინის ბიდონების რიგს კი არ დავაყენებდი, არამედ Poland Spring - ის ცარიელი და სავსე ბოთლების ანარქიულ, მაგრამ უვულკანო მთას. შუაში კი ისე ჩავჯდებოდი, როგორც მარინა აბრამოვიჩი ხორციან, წითელ ძვლებში. დავარქმევდი “კავკასიური ბაროკო”. ოღონდ უსისხლოდ და ხორცის სუნის გარეშე. ვისაც მოსწყურდებოდა, ბოთლის აღების საშუალებას მივცემდი . . . 


MoMA-ში, ალბათ, ჯერ ვერ დაეტევა ბოინგი, Empire State Building და Golden Gate Bridge. თუმცა ესეც არაა პრობლემა. რაღაც ფორმით, რაკურსით, ჩრდილით, ნახშირით, გრაფიკით, ინსტალაციით – აუცილებლად. თუ Empire State -ში ლიფტი შესაცველელი გახდა, ძველს აქეთ გადმოიტანენ. გამიხარდება, რადგან რამდენჯერმე ვარ იქ ნამყოფი და იმ ლიფტებითაც “მისეირნია”. მის მწვერვალზეც და HRW - ის ოფისშიც. ეს ლიფტი “სათიმბარტონოცაა”, რადგან ამ “ბილდინგის” არსებობის განმავლობაში 30 ადამიანმა ცისკენ მხოლოდ ერთი მიმართულებით “იმოგზაურა”. მერე მისი მწვერვალიდან გადმოეშვა - თავი მოიკლა. ერთი თვის წინ უკანასკნელი თვითმკველელი დაფიქსირდა, მოგვიანებით კი “იმპერიის” “სახურავზე” ინსტალაციები გამოიფინა, მათ შორის ადამიანის დიდი ფიგურით. ზოგს თვითმკვლელი ეგონა. ამიტომ პოლიციას გამოუძახა. სულ ტყუილად გაისარჯნენ. კაცის საინსტალაციო ფიტული აღმოჩნდა. მაგრამ სან-ფრანცისკოს ცნობილ ოქროს ხიდს მაინც ვერაფერი შეედგრება. არაოფიციალური მონაცემებით - 1500 -მდე თვითმკვლელი. ერთი გოგონა გადაარჩინეს და მეორეჯერ მაინც გადახტა, თავისი გაიტანა. მიკვირს მარინა აბრამოვიჩი “ამ შანსს” რატომ არ იყენებს? თვითმკვლელთა ხიდზე სასწრაფო, კრიზისულ - ფსიქოლოგიური დახმარების ტელეფონი დგას. პოტენციურ თვითმკვლელს შეუძლია დარეკოს მას მერე, რაც მიხვდება, რომ იგი ცუდ და გამოუსწორებელ საქციელს სჩადის, თითქოს მანამადე გაყინულ, ზვიგენებით სავსე წყალში საათში 120 კმ-ით ვარდნას კომედიის გათამაშების მიზნით აპირებდეს. აი, საMoMAო ინსტალაცია. ტელეფონთან გაკრული “სიტყვიერი გრაფიკა” – კომპიუტერზე ამობეჭდილი. კარტრიჯისმიერი, უფრო სწორედ - “გრაფიკა ნახშირით”. ჩემი ნება რომ იყოს, მას ბუხარინის სენტენციის “ძნელია თავი მოვიკლა” გვერდით გამოვაკრავდი: "There is hope. Make the call. The consequences of jumping from this bridge are fatal and tragic”. ჩვენებურად: “იმედი არის. დარეკე. ამ ხიდიდან გადახტომის შედეგები ფატალურია და ტრაგიკული “ . . . თუმცა სუიციდის ამ საბრენდოდ გამოდებულმა ფრაზამ “ოქროს ხიდსა” და ფსიქოლოგების შესაბამის სამსახურს არავიდეოარტული ჩრდილი შეიძლება მიაყენოს. ბუხარინს პარტიის რეპუტაცია ტყუილად კი არ აშფოთებდა. სხვათა შორის, შარშან საMoMAო ობიექტი ჩვეულებრივ სუპერმარკეტ Wall Mart -Sic აღმოვაჩინე - სამზარეულოს დიზაინის საგნებსა და ათასგვარი ავეჯის განყოფილების გვერდით სხვადასხვა მასალის, ფერის, სტილის, ზომის, მოპირკეთებისა და ფასის კუბოები. მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიცაა შესაძლებელი. მათ შორის - პლასტმასის.


ამას წინათ MoMA –ს არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტმა საერთაშორისო სიმბოლო @ იყიდა და გამოფინა. იყიდა ხმამაღლაა ნათქვამი. უფრო - დაისაკუთრა. ისევ არ იშლიან თავისას. ალბათ, მალე მიაწერენ - Please, Do Not Touch. ჰაჰ, მეცინება. მსოფლიოში ნეტავ ყოველ წამს რამდენი ეხება ამ “შეუხებელს”? ამბობენ, ყოველ დღე 210 მლრ. @ -იანი წერილი იგზავნებაო. კატატონიკებიც აგზავნიან, როგორც ჩანს. ეს შენაძენი რასაკვირევლია, არ ნიშნავს იმას, რომ @ -ს ზოლებიანკოსტუმიანი მჩაგვრელმა დაესაკუთრა და ამიერიდან ინეტით წერილის გაგზავნა ისევე მოგვწყურდება, როგორც სოჰოს მიერ მიტაცებული წყალი. ამიტომ ამ ობიექტის სახალხო მფლობელობაში გადასვლისთვის ანუ მფლობელის განკულაკებისთვის კი რევოლუციის მოწყობა დაგვჭირდება. არა. უბრალოდ, ჩემი კატატონიური მოკლე ჭკუით, MoMA-ს ერთმა სართულმა უფრო სამრეწველო-ტექნიკური ანტიკვარიატის მაღაზია-გალერეის ფუნქცია შეითავსა. დახლი ინსტალაციაა, სუპერმარკეტიც საინსტალაციო მასალა, პოპ და ოპარტი, იდეა - მიგნება. თავად MoMA - ც ინსტალაციაა, უზომოდ პომპეზურ-გადამლაშეებული ატრაქციონი, უსაშველოდ საინტერესო, მოდერნიზმის სუპერძვირი ანკლავი, ისტერიკულად მოფუსფუსე, რომელიც ინფორმაციულ-აუდიოვიზუალური ნევროზს აგკიდებს თავისი თანამშრომლებით, წიგნებისა და სუვერინების მაღაზიებით, ლიფტებითა და ტუალეტებით, ესკალატორებით, ახალგაზრდა და მოხუცი დამთვალიერებლებით, მჩხავანა ბავშვებით, რომლებიც მარინა აბრამოვიჩის შიშველი მსახიობებისა და ოქროს კვეთის ვირტუვიანელი კაცის კი არა, ჩამოკიდებული ქალის დანახვაზე რომ ცივი ხმით აკივლ –აღრიალდებიან, დიდი მიხვედრა არ უნდა. ინსტალაციაა @ - ც. ამ “ჭია რომ დეიკლაკნებას” ქართულად რა ჰქვია, ნეტავ? არც ისე დიდი ხნის წინ “საბაჩკა” იყო. “ძაღლადაც” აგდებდნენ ანუ მოიხსენიებდნენ. მაგრამ არც მთლად მოდარაჯედ. თუმცა გააჩნია განწყობას. რადენჯერმე “ფინიად” და “ცუგად”-აც დამამახსოვრდა. მერე “At” უწოდეს, მერე – ინეტერნეტის ნიშანი . . . თუ – პირიქით. ამბობენ ეს ნიშანი პირველად 1539 წელს იტალიელმა ბუღალტერმა გამოიყენა რაღაცის რაღაცის მიმართ მიმართების აღსანიშნავად. 1884 წელს კი “ბეჭდვისა და წიგნის გამოცემის ამერიკული ცნობარი” C ასოზე განთავსებულ Comercial A –s (a –s Tavze d-s an t s “gadagrexva” = @-s) ანუ @-ს ისე განმარტავს, როგორც To an At თანდებულებს. 1885 წელს თავდაგრძელებული, ქოლგიანი a ამერიკული საბეჭდი მანქანების კლავიატურებზეც გაჩნდა. 1963 წელს @ კომპიუტერული კოდების სიაში ოფიციალურად მოხვდა. 8 წლის შემდეგ კი ელექტროინჟინერმა რეი თომლინსონმა “საბაჩკა” ელექტრონული ფოსტის გასაგზავნად პირველად გამოიყენა. MoMA თვლის, რომ ეს კაცი დიზაინერია, რადგან @ -ს ახალი ჟღერადობა შესძინა, ობიექტად გადააქცია, ჟარგონული სიმბოლოდან იგი “სხვებთან ურთიერთობასა და კომუნიკაციაში ჩვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახადა”. რა მეთქმის - MoMA ჩემზე კომპეტენტურია. მე კი კატეგორიულად არ ვეთანხმები. იმიტომ, რომ უსამართლობის სუნი მცემს. რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ იცის, მისი შეძენა რა დაუჯდა მუზეუმს. მგონი, არც არაფერი. თუმცა, მართალი გითხრათ, საუკუნეების განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით არაბულ ციფრებს, სასვენ ნიშნებს და კიდევ ერთ ათეულ ამგვარ საერთაშორისო სიმბოლოებს, @ - ზე მეტად გამაერთიანებელ - შემაკავშირებელი ჯერ არავის გამოუგონია. თუნდაც – ფორმალურად. MoMA ამაყობს, რომ @ ახლა მისი ობიექტია, მისი კოლექციის მშვენებაა და თანაც ინტრენაციონალური. ახალი სამყაროს გამოხატულებააო, რომელსაც სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა სახელწოდებები აქვსო: გერმანულად, პოლონურად, სამხრეთ აფრიკულად იგი მაიმუნის კუდს ნიშნავს, ჩინურად – პატარა თაგვს; იტალიელები, ფრანგები და ისრაელელები ლოკოკინას უწოდებენ, თურქები – ყურს, უნგრელები – ჭიაყელას, რუსები და ჩვენ, ყოველ შემთხვევაში აქობამდე - ძაღლს. უფრო სწორედ - ლეკვს.
***
ის, რაც მეორესა და სხვა სართულებზე ხდება - მეექვსე სართულის შოუს შესავალია. მეორეზე მარინა აბრამოვიჩი ზის – კვადრატული სოფიტებით თვალის მომჭრელად გაჩახჩახებულ თეთრ, სუფთა, პლასტიკატისგან შექნილ მოსაზღვრულ კვადრატში. ფეხის დადგმა მოგერიდება. მაგრამ ამ სითეთრის გაჭრა მოგინება. აი, ისე, “მეოცნებეებში” ლუვრის პარკეტზე რომ ტკაცა-ტკუცით გიჟებივით გარბიან. სინათლე სინათლის ფერის კი არაა, არამედ – თავხედურად და მტკივნეულად ქათქათა თეთრი. მარინა სკამზე ზის, ფაქტობრივად, არ ინძრევა, მგონი, არც სუნთქავს – გახევებულია, მაგრამ - არა ჩემსავით. იცის, რომ თამაშობს, თანაც შუქთან, ხალხთან, თოთოეულთან, მაგრამ თამაშობს კი? თან ყოველ დღე - 7 საათი. უწინ, 1970 - იანებიდან მოყოლებული თავის პერფორმანსებში ტიტველი დარბოდა; შიშველი სხეულით ბოძს ენარცხებოდა და თეთრ, მძიმე სვეტს გადაადგილებდა. მაყურებელი უძლებდა, ხანაც – ვერა. ზოგს გული უწუხდა, ზოგი მონუსხული უცქერდა. გულაღმა გაუნძრევლად შიშველიც იწვა - მძიმე ჩონჩხით ზემოდან; მარინასა და მის მეგობარ ულაის (გერმანელი ფოტოგრაფი - ულე ლეისიპენი) წარმოდგენა “ურთიერთობა სივცეში” სრულიად შიშვლებს ერთმანეთი უყვარდათ და სძულდათ – ეფერებოდნენ და აწამებდნენ; თავის არტპარტნიორთან თმებით მიმაგრებული, ზურგშექცევით საათობით გაუნძრევლად იჯდა; რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინური კედლისკენ, თავისი ულაის შესახვედრადაც გასწია (სიმბოლურად იქ უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ 8 წლის მოლოდინის შემდეგ, მას მერე, რაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისგან როგორც იქნა ამ მოგზაურობაზე ნებართვა მიიღეს, კაცს დაქორწინების სურვილი გაუქრა); სრულიად ტიტველი სკანდალურ პერფორმანსში Luminosity (სინათლის სიკაშკაშე) რბილ, შავ, მოკლე შტატივზე, როგორც ტოტზე თუ ველოსიპედის “უნაგირზე” შემომჯდარი, ჯერ 45 წუთის, შემდეგ კი 2,5 საათი ძლებდა. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, საყრდენის გარეშე. ზემოდან თუ საიდანღაც დანათებული სინათლე იატაკზე მისი სხეულის ორ ჩრდილს ქმნიდა. მარინა “კონწიალობდა”. ორი ჩრდილის გარემოცვაში. მესამე თავად იყო. მაგრამ ახლა უკვე - ვერა. ახლა მის კოლექციას მსახიობთა თუ მოხალისეთა გუნდი ასრულებს. მარინა თავის კოლექციას ეკუთვნის თუ კოლექცია ეკუთვნის მას. უკვე 63 - საა. პლასტიკური ოპრეაცია გაუკეთებია. მკერდი გაუდიდებია, თმები შეუღებავს. TheAArtist Is Present –ში სახე უზომოდ უპრიალებს. ძველად იტყოდნენ – ნელსაცხებლებისგან. ნეტავ, თავის მკერდში სილიკონის ჩადგმის ოპერაცია კამერით რატომ არ გადაიღო? იქნებ გადაიღო კიდეც და დამაგვირგვინებელ ნომრად ინახავს? უნიკალური ვიდეოპერფორმანსი იქნებოდა. აქაური პლასტიკური ქირურგის რუტინის დეტალიზირებულ პროცედურებს ჩვეულებრივი ტელევიზიითაც იხილავთ. მაგრამ განსხვავება დიდია. ეს გადაცემები ორდინალური თუ საკაბელო ტელევიზიებისაა, აბრამოვიჩის გადაცემა კი - ეპატაჟური პერფორმანსის. იქ აქაური პაციენტად აბრამოვიჩი არა ჰყავთ. ის აქ არის. კამერები ისედაცაა მარინას გარშემო. ის ცენტრშია. თანაც უწყვეტ რეჟიმში. აქ და ამჟამად. ანდა უფრო შორს რატომ არ წავიდა? ეს სილიკონპერფორმანსი MoMA -ში ან Guggenheim - ში მოეწყო. მაგრამ მას ხომ ანესთეზია არ უყვარს. არა, ჩანს, რომ დაბერდა. ადრე მისი ენერგია უფრო დიდი იყო. დამმაგნიტებელი. აშკარად ნერვიულობს უკვე. ამბობს კიდეც, რას დავტოვებ სიკვდილის მერეო. გერონტოლოგიური საუბრები. შეიძლება - ჩვეუელებრივიც. ცოტა შიშებიც. საუბრობს იმაზე, რომ სამყარო არა ადამიანის და ბირთვული ომის გამო, არამედ ბუნებრივი კატასტროფის გამო დაიღუპება. არ ვართ მზად ამ კატასტროფებისთვისო. ანუ სიკვდილისთვისო. ადრე თავად აწყობა სხეულებრივ “კატასტროფებს”. ახლა - ვერა. თუმცა სიკვდილზე და გაქრობაზე გამუდმებით ლაპარაკობს. თავადაც იქითკენ მიდის, ისევე როგორც - ყველა. თავისი არამკვრივი სხეულის სცხვენია. ადრე უფრო პათეტიკური, უშიშარი, რადიკალურ-ექსტრემისტული და გამხდარი იყო, ახლა – ნაკლებად. უცნაურად მეჩვენება ქართული სიტყვები “გამხდარი”, “გახდა”, “გაიხადა” . . ახლა ლექციებს კითხულობს თავის თავსა და მიმდევრებზე, მიკროფონის გადამყლაპავ იაპონელ მხატვარზე (ვერ გადაყლაპა, მაგრამ სცადა კი). მეორე სართულზე ზის, თავის და ვიზავის ცნობიერებას “აფიქსირებს”, თუმცა ამ დროს, შესაძლებელია, პარტნიორის პირსინგზე ფიქრობს, მაგალითად - ცხირში გაყრილზე. ვგრძნობ რომ მე და ის ორ, აბსოლუტურად განსახვავებულ პოლუსზე ვდგავართ. და არა მარტო ჩემი კატატონიის გამო. მახსენდება მისი ყველაზე სკანდალური “ექსპერიმენტი”. 1974 წელს ნეაპოლში გალერეაში უძრავად, თოჯინასავით იწვა. ხალხს შესთავაზეს რაც უნდოდათ ის გაეკეთებინათ მისი სხეულისთვის. საგანი ვარო, უსულოო – აკი თავად განაცხადა. 6 საათის განმავლობაში. არსენალში წამების საგნებიც იყო. ჯერ ეთამაშებოდნენ, მერე ტანსაცმელის შემოხევა - დაჭრაზე გადავიდნენ. მერე თამაშსა და ცოცხალი ადამინისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ზღვარი წაიშალა და მისი წამება დაიწყეს. ამაყობს, რომ ერთმა ვარდის ეკალით ლამის საძილე არტერია გაუხვრიტა. ზუსტად ასე არ უთქვამს. მაგრამ, ალბათ, საქმე იქითკენ მიდიოდა. ერთტყიანი რევოლვერიც იქვე იდო. თავის თავზე იღებდა პასუხიმგებლობას. თუ მოკლავდნენ (მართლა მოკლავდნენ) ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნებოდა. გალერეის დირექტორმა ეს “რუსული რულეტკა” მაშინვე აღკვეთა, თორემ რომელიღაცა დიდმა თანაპერფორმატორმა იარაღის ლულა მარინას პირში ჩაუდო. თავადაც ეს არ უნდოდა? ამისკენ არ უბუძგებდა? ხალხს მადა მოუვიდა. ესენი უნდოდა: თანამონაწილენი, თანამზრახველნი, თანხმოვანნი, თანამყოლნი. მომყოლნი. სასიკვდილოდ გასწირეს. აკი, თავად სთხოვა, თავად უნდოდა. გამწირეთო. ნება დართო. მან მათ. მიუშვა, ეს ხომ პერფორმანსია. იგი მნიშვნელოვანია. უფრო მინიშვნელოვანი, ვიდრე თავად მნიშვნელობა. ულაის რომ დაემიზნებინა? გარისკავდა? ენდობოდა? რევოლვერი უმტყუებდა? იმ დღეს გაჭაღარავდა. ეს ვერ გაითვალისწინა, თორემ თმის გათეთრების პროცესსაც აქცევდა სანახაობად. იქნებოდა ნელი და დაუსრულებელი პროცესი. როგორც იოკო ონოს ფილმში – შიშველ სხეულზე ბუზის მრავალსაათიანი სეირნობა. ადრე, შორეულ ბავშვობაში, “რუსული რულეტკის” მონაწილე ეული ტყვია “იდიოტს” მოხვდა. როცა მშობლები სახლში არ იყვნენ, მარინამ ეს თამაში თავის ამხანაგს შესთავაზა. ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. ერთმა რევოლვერი საფეთქელთან მიიდო, გამოჰკრა ჩახმახს – ცოცხალია. მეორემ გამოჰკრა – ცოცხალია. მესამე ჰერში შემთხვევით გავარდა. ტყვია, როგორც იქნა, განთავისუფდა. გამოვარდა. ბიბლითეკის ერთ-ერთ თაროზე დოსტოევსკის “იდიოტს” ჩაეჭედა. წიგნის გვერდები თავის დიამეტრზე გამოთუთქა. თამაშში იდიოტი მოკლეს. მერე კვლავ სცადა წაიდიოტება. შეაჩერეს. მის ერთ-ერთ პერფორმანსში მშვილდისარი ულაის უჭირავს. ისარი მარინას პირდაპირ გულში უმიზნებს. ულაის ერთი გაუფრთხილებელი მოძრაობა და მარინა გულში სასიკვდილო ჭრილობას მიიღებს. თეთრ პერანგზე ოდნავ მარცხნივ წითელი ლაქა ნელ ნელა გაფართოვდება. ლაქა იქნება, სოცოცხლე – არა. ნდობა და სიკვდილი ერთადაა. მარინას მკერდზე სენსიტიური მიკროფონი ჰქონდა დამგრებული. გულის ბაგაბუგის ჩამწერი. ადრენალინმა მოიმატა, შესაბამისად - გულის რიტმმაც და ბგერამაც. დაძაბულობისგან გული ლამის გაუჩერდა, კინაღამ წაუვიდა. ეს ექსპერიმენტი აღარასდროს გაუმეორებია. ერთხელ მაინც წაუვიდა. ცეცხლის სიმხურვალის გამო, როცა აგიზგიზებულ ვარკვლავში ჩაწვა, წელზე პითონშემორტყმული. მანამდე ფრჩხილები დაიჭრა და ცეცხლში ჩაყარა. გონზე რომ მოვიდა, საკუთარ თავზე გაბრაზდა - გონება დავკარგე, ჩემმა ფიზიკურმა, სამშვინველისეულმა ლიმიტმა მსძლიაო. იმ წამს ცნობიერების ნაკადს ვერ ვაკონტროლებდი, გამისხლტაო. . . სამაგიეროდ, სხვა აკონტროლება. Team ანუ ჯგუფი. ამიტომაც გადაარჩინეს. მისი სიცოცხლე არ დაუსხლტდათ. არ ვიცი, მადლობელი იყო თუ არა Team –ის. . . მაინც ეკუთვნის ვიღაცას. თავის Team –ს. 

მარინას მშობლები სამხედროები იყვნენ. ბროს ტიტოს დროს პატივსაცემი ხალხი. ვარსკვლავიანები, მარალჩინიანები. ულაის დაბადების მოწმობაში სვასტიკა აქვს, მარინას - ვარსკვლავი. სიკვდილისაში – ნეტავი რა ექნება? თავისუფლების ქანდაკება? არა. მერე რა, რომ ნიუ-იორკში ცხოვრობს. “ლიბერტი” მარინასათვის ზედმეტად ტრივიალურია. “ლუმინოსიტი”? არა მგონია. რაღაცას მოიფიქრებს. თავისი სიკვდილისგანაც პერფორმანსს გამართავს. ამერიკაში სიკვდილის სერთიფიკატის გასაფორმებლად დამკრძალავ ბიუროს ნებისმიერი დიზაინი შეგიძლია შეუკვეთო. გულს არ დაგწყვეტენ. მაგალითად, @ - ებით მოახატავენ. შენზეა დამოკიდებული.

მარინას მიზანია შესძრას მაყურებელი, ცეცხლს ეთამაშოს და თავადაც ითამაშოს; მაყურებლის შიში, შოკი, გაოგნება, ზიზღი, გახევება, გაფართოებული თვალები დაინახოს. მუცელზე ორჯერ დაისერა ვარსკვლავი. სამართებლით. სისხლით. სისხლს ფერი აქვს. წითელი. თვლის, რომ ტკივილს აზრი არა აქვს. მთავარია სიმბოლო. როგორ არა აქვს? ვეტყოდი, სწორედაც რომ მას აქვს თუ აქვს, განსაკუთრებით - აბრამოვიჩისთვის. ბავშვობაში ეგონათ, რომ ჰემოფილიის იშვიათი ფორმა ჰქონდა. გოგონას, წესით, არ უნდა დამართოდა. მაგრამ ის ხომ იშვიათია? განსაკუთრებული. მისი სისხლის თითო წვეთი აღნუსხული იყო. მერე აღმოჩნდა, რომ ჰემოფილია სულაც არა აქვს და ამიტომაა ახლა ასე “მშვიდად”. ვარსკვლავს ჭიპის გარშემო ისერს. ჯერ კონტურს იხატავს და მერე მასზე სამართებელს ამოძრავებს. სისხლი ვერტიკალურ ხაზებს ქმნის, სიმძიმის ძალის და არა პერფორმანსის გამო. ეს მარინას სხეულის დრამა და არა მარტო “ბოდი არტია”. კომუნისტურ – ბალკანურ - ფემინური დრამა. საკუთარი კანიდანაც ამოხტებოდა და შიშველი კუნთებით, მყესებითა და ძვლებით სეირნობას დაიწყებდა. სასახსრე სითხე რომ დაღვროდა? ანდა შიშველ კუნთებზე მწერი დაჯდომოდა? ოღონდ კანში უკან ჩახტომის გარანტიით. “ანდალუზიელი ძაღლის” ძროხის თვალს კი არა, თავისას გაჭრიდა, ოღონდ გარანტიით, რომ მხედველობას არ დაკარგავდა. მახსენდება სტუდენტობისას პათანატომიის პრაქტიკული მეცადიონეობის დროს გვამის გაკვეთას რომ დაგვასწრეს. მაშინ მულაჟები არ ჰქონდათ. პირველად და უკანასკნელად დავესწარი. ციროზით გარდაცვლილი ქალის სხეული, სითხისგან და ცხიმისგან გასივებულ-გარუმბული. დამთვალიერებლისთვის – გადახსინილი. მიტყეპებული მკერდი. პათანატომები ნიღაბაფარებულნი გვიხსინდნენ. თან სერავდნენ. რაღაცას დუდღუნებდნენ. პირველი სამი წუთის შემდეგ მე და რამდენიმე ჩემი თანაჯგუფელი გარეთ გამოვქანდით. ფიზიოლოგიის პრაქტიკულზე ბაყაყის გაჭრის პროცედურას არ ჰგავდა. გრადაციები აქაცაა. აბრამოვიჩის “ბოდი” - მანიპულაციის ხასიათზე არც მაშინ და არც დღეს ვარ. ბუნუელ - დალის “თვალი” უზომოდ სუსტია იმ ციროზიანის სცენის შემდეგ . . .
ეფექტი. ვნება. ვნება, როგორც ვნება და ვნება, როგორც ვნება. ”კომუნისტური სხეული,კაპიტალისტური სხეული”. ექსცენტრიული, რევოლუციური, პროვოკაციური, სპეკულატიური, ზღვრული, დისკომფორტული, დისსტრესული, დეკონტრუქციული, აბსურდული, ცოცხალი, არაკატატონიური, კატატონიური, ეროტიკული, ძალადობრივი, არაესთეტური, ამაღლვებელი, ცოცხალ-მკვდრული, სუიციდალური, ეთნოგრაფიულად პორნოგრაფიული, რაც შეიძლება მკვეთრი, მწვავე, ბასრი, მჭახე, გულისამრევი და გულისშემრევი. სხეული მისი ინვესტიციაა. არაფერი იმის იქეთ და იმის გარდა. ეგ და ულაი ერთ დღეს დაიბადნენ და ერთმანეთს დაბადების დღეზე შეხვდნენ. ერთად დრობით დარჩნენ. 12 წელი. იქ, ჩინეთის კედელზე მიხვდა, რომ სრულიად მარტოა. იტირა. თუმცა ეს დედის საშოშივე იცოდა. ამბობს, რომ ბალკანეთის კულტურაში სასქესო ორგანოებს სული თუ სულები აქვს/აქვთ (ფილმიც გადაიღო “ბალკანური ეროტიკული ეპოპეა”), რომელსაც/რომლებსაც ძალუძს/ძალუძთ ავადმყოფი მოარჩინოს/მოარჩინონ, ბოროტ ძალას სძლიოს/სძლიონ, მტერზე გაიმარჯვოს/გაიმარჯვონ, კოსმიურ ძალებს დაუკავშირდეს/დაუკავშირდნენ . . . სხვადასვა ასაკის ქალები, 80 წლისაც კი, წვიმაში დარბიან, საცვლები არ აცვიათ, მკერდს იზელენ. რაღაცის კულტი, მაგრამ არ ვიცი - რის. თავის ვაგინას ბუნებას, ვიდეოკამერასაც უჩვენებენ. შავი თავსაფრები, თეთრი პერანგები, შავი ქვედაწელები, სხეულზე მიტმასნილი სველი ტანსაცმელი, ბალკანური მუსიკა, არაველური, მაგრამ პირველყოფილი. ბუნებას აშინებენ, რათა წყალდიდობა შეწყვიტოს, მოსავალი არ დაღუპოს . . . ვაგინით აშინებენ. მწვანე ველზე კუტკალიებისა და ჭრიჭინების ზუზუნში მამაკაცები მუცელზე წვანან და მიწას ანაყოფიერებენ – მასტურბირებენ. ფილმი ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი, ანფასში, მწყობრში მდგომი მამაკაცების შარვლის ბარტყიდან გამოყოფილი ერაგირებული ფალოსების ჩვენებით სრულდება. გვერდით ფილმის ტიტრები ამოდის. თუ ჩადის. 

მეექვსე სართულის ერთ დაბაზში 1997 წლის ვენეციურ ბიენალაზე გამართული პერფორმანსის (აბრამოვიჩმა “ოქროს ლომი” დაიმსახურა) ასლია. მაშინ მარინა ძვლების მთაზე იჯდა და ხორცისგან ძვლებს ასუფთავებდა, რეცხდა. რბილს ძვალს აშორებდა. თუ ძვალს – რბილს. თუმცა არც მთლად ისე, დედამისი ბავშვობაში ყურძნის კაკლებს რომ ხეხავდა. ძვლებთან ვდგავარ. სისხლისა და ხორცისგან დაცლილია. იქვე ჰკიდია მარინას სისხლიანი თეთრი ხალათი. დარბაზში ხორცის სუნია. ვკითხულობ, ხომ არ მეჩვენება - თქო. არაო, მეუბნებიან. ნამდვილი ძვლებია, ოღონდ ხორცისგან გაწმენდილიo. სასაკლაოდან მოიტანეს. ისევ - თეთრი ფერი. პლასტიკატისას ჰგავს. ისიც კი გავიფიქრე – ჩინეთში ხომ არ შეუკვეთეს - თქო. “აუტსორსინგი” და სიიაფე. ხორციანები არ დაალაგებინეს. ამ დარბაზში ცოტა ხალხია. სუნის გამო დიდხანს ვერავინ ჩერდება. ჰქვია ”ბალკანური ბაროკო”. მანამდე კი - ძროხის კი არა კვლავ მისი სისხლი, ახლა მუცლიდან კი არა - თითებიდან. მარინას მაგიდაზე სხვადასხვა სიდიდის დანები უდევს. მარცხენა ხელის მაქსიმალურად გაშლილ თითებს შორის მეორე ხელით დანას ახტუნავებს. აჩქარებს. როგორც კი გაიჭრის, ახალ დანას იღებს. მაგიდაზე გადაფარებული თეთრი ნაჭერი სისხლის წვეთებით იფარება. “რუსსკაია რულეტკა” ცივი იარაღით. ერთი რუსული “ბლოკბასტერი” გამახსენდა. იქ, სისწრაფის მიუხედავად - თითები გადარჩნენ. პროფესიონალები იყვნენ. მარინა – სისხლის პროფესიონალია, რომელსაც პირველმა მენსტრუაციამ ოცნებები დაუნგრია. “1960 - ში თვითმკვლელობის სურვილი, შაკიკის შეტევები. 1987 – ყველაფერი არასწორად მიდის. 1988 - თმას ვიზრდი. . . “ ერთ პერფორმანსში თავის გრძელ თმას ინტენსიურად ივარცხნის. გავიფიქრე – ასეთი ტემპით თუ გააგრძლა, შეიძლება გამელოტდეს - თქო.… გაუჩერებლად 16 საათი ივარცხნიდა. ეს - უწინ.

მაყურებელი თანამონაწილე უნდა იყოს. თანაც უნებლიე. ეს “სასპენსი” არაა, როცა შფოთი ნელ - ნელა, საიდანღაც, კუჭიდან იწყება. ნელ-ნელა აქ არაფერი იწყება. თვლაზე ერთი – მიშტერება. თვლაზე ორი – იმის გარკვევის სურვილი – მულაჟია თუ ცოცხალი არსება. თვლაზე სამი – მატყუებენ! თვლაზე ოთხი – ტკივა/არ ტკივა. თვლაზე ხუთი – ერთი ადამიანის თეატრის ნებაყოფლობითი მაყურებლობა ან პარტერის თუ იარუსის დატოვება. ბოლო თვლაზე არც მთლად მიშტერება, მაგრამ თვალიერება და “ობიექტისადმი” საკუთარ გრძნობებში გარკვევის სურვილი. ბალკანელი შამანია. “კონტრავერსიულად” – იტყოდნენ ინგლიურის მცოდნენი და არმცოდნენი. მოდაშია ეს სიტყვა. უნდა, რომ მასზე ილაპარაკონ, იფიქრონ. და არა ერთჯერადად. ფსიქოლოგ- ფსიქიატრებმა – ისეტერიაზე და ბავშვობაში განცდილ ტრამვაზე, კათარსისის მუდმივ უშედეგო ძიებასა და პოსტრავმატულ სტრესულ დაავადებაზე, კატატონიაზე; ხელოვნებათმოცოდნეებმა – ექსპრესიონიზმ-იმპრესიონიზმის სხეულებრივ გაგრძელებაზე, ალტერნატიულ თუ ხელოვნების უკვე აღიარებულ მიმდინარეობაზე, ჟანრის კრიზის-უკრიზისობაზე; პუბერტატის თინეიჯერებმა მისი და მისი მიმდევრების სასქესო ორგანოზე ხშირ შავ თმაზე, მაშინ როცა ბიკინია მოდაში; ობივატელებმა – ყველაფერზე ერთად. არაობივატელებმა – იმაზე, რაზეც ობივატელებმა, ოღონდ უფრო ტერმილოგიზირებულად. MoMA -ს ბუღალტრებმა ცოტა-ცოტა ყველაფერზე და უმთავრესად შოუდან შემოსულ თანხაზე; სერიოზული სახის მქონე დარბაზის მოდარაჯე კურატორებმა – ამაზეც და კიდევ ათასგვარ სხვა რამეებზე. ამათ, განსაკუთრებით აქვთ პასუხისმგებლობის გამომხატველი ცხვი-პირი. ეს მათი ტერიტორიაა. ისინი ძვლებს და შიშველ ქალებს კურირებენ. შიგა და შიგ რაციით საუბრობენ. განსკუთრებით იძაბებიან, როცა საექსპონატო ძველი შიშვლების ახალი შიშვლებით შეცვლის დრო დგება. საინტერესო მომენტია. რაღაცით საპატიო ყარაულში მდგომ ჯარისკაცების ჰგვანან. გასასვლელში ტიტველი ქალი და კაცია. ცოტა გალურჯებულები, ბატის კანით. გასაგებია - რატომაც. ერთმანეთს თვალს არ აშორებენ. მათ შორის უნდა გაიარო, ხაზი გაწყვიტო, თვალებში ჩახედო. ან - ერთს, ან - მეორეს. გავიარე. ქალს ჩავხედე. თვალებით ეცინებოდა. ასე მომეჩვენა. იქვე თეთრი ხალათები ჰკიდია. კურატორები ცვლის მისაღებად ემზადებიან. ხალხს განმანძილებას სთხოვენ. ცვლა საპატიო ყარაულის ნელი ნაბიჯით პერფორმანსის ძველ მსახიობებს თეთრ ხალათებს აწვდის, იცვამენ. მიდიან. ისეთივე ნაბიჯით. ახლები ხალათებს იხდიან, კიდებენ. დგებიან. ამის დანმახავი ბავშვები – ტირიან. ზოგი - განწირულად. მშობლები ამშვიდებენ. .

იმ დღეს მარინას ლურჯი კაბა ეცვა. კაბა გრძელია, კეთოლიკე ბერის სამოსს ჰგავს, ყელამდე შეკრული, იატაკზე გაშლილი, სქელი ნაჭრის. ასეთივე კაბა, ოღონდ წითელი - დღეგამოშვებით. ინ (ქალი – მიწა - ლურჯი) და იანი (კაცი – ცეცხლი - წითელი). ბუდისტია, დალაი – ლამას მეგობარი. მუდმივად ჩართულ ტელევიზორში მისი საუბარია. ბალკანური აქცენტი – მესიანური ფრაზები, ორიგინალურობისა და შოკის მოგვრის სურვილი. არც დივაა, არც ქარიზმატული გრანდ დამა და არც ფემინისტი არტისტი. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ მის ქარიზმას. სულ ცოტას, სულ მცირედს. კეთილი, მცირედზე მეტს. შეიძლენა აბრამოვიჩს სხვა განწყობით უნდა მიადგე?განწყობა სჭირდება? მე კი ამჯერად იგი თან არა მაქვს. უფრო მეტად მოწყვადლობას და ნებისყოფის გამოცდის სურვილს ჰგავს. ტკივილის მართვის სურვილს. ამბობს, ერთმა რავინმა მითხრა, ახლა გაზის კამერაში ადამიანის დასაწვავად უფრო მეტი ტემპერატურაა საჭიროო, ვიდრე ჰოლოკოსტის დროსო. რაღაც ციფრი თქვა. 75 თუ 750 . . . ადამიანს ძალიან ბევრი ახალი ქიმიკალიები შეემატაო და ცეცხლი უფრო მეტად თუ არ გახურდა, არაფერი გამოსდისო. გაზის კამერები აღარ არსეობს, თორემ მარინა არტის ხათრით – ამასაც მოსინჯავდა. ოღონდ არა სახლში. სახლში გაზის კამერის რეპეტიცია – მკვდარი ნომერია. მას პუბლიკა სჭირდება და საკუთარი სხეულის ყოველწამიერი გამოცდა, მაყურებლის რეაქციის შეგრძნება. მხოლოდ ასე გრძნობს, რომ არის. არ ვიცი, სხვაგვარად თუ გრძნობს. “მე ვაკეთებ სიცოცხლეს” . . . ამბობს. თუ თავის კატატონიაში სხვის თვალებს გრძნობს, მაშინ ცოცხალია. ამიტომ არ მჯერა მისი სიტყვების. მგონია, რომ თავისი ნონფინიტო სიკვდილის გადათამაშებას ცდილობს. ფიზიკური ზიანი, სისხლი, სიშიშვლე და ისევ ძალადობა. ძალადობა - არტია. დალაილამას სიტყვებს იმეორებს - მტრებისადმი მალდიერების გრძნობის აუცილებლებლობის შესახებ. გრძელი ნაწნავი მარცხენა მხარზე აქვს გადადებული. არც რენესანსული და არც იმპრესიონისტულია. 7 საათი ყველაფერი ვიდეოკამერაზე უწყევტად იწერება. ოთხივე მხრიდან.ყოველ Dდღე. და ასე 14 მარტიდან – მაისის დასასრულამდე. მარინა სკამიდან არ დგება. თითქოს სკამი მისი სხეულია. როგორც აფრიკელი ქალების საჯდომი. ჭამს იმას, რაც მას ერთ პოზაში დაშეშების საშუალებას აძლევს. ხანდახან თუ აამოძრავებს ხელებს. სახლში საკვებს და უმზადებს. დასაძინებლად საღამოს 9 საათზე წვება. პერფორმანს – ექშენს The Artist Is Present ჰქვია. არტისტია. აჰა, გავიფიქრე, ვიპოვე კატატონიკი. აქ და ამჟამად. არტისტები აწმყო არისო. დროის გაშეშება უნდა. არაკატატონური კატატონიკი, ნიუ-იორკული გაშეშების თანამგრძნობი, საბჭოური ერის ბელგრადიდან. თანაც როგორი. ამერიკაში მცხოვრები სერბი. პერფორმანსის “ბებია”. კარგი კარიერით. ექშენ სტუპორი. პროფილში მისი უკან გადაწეული თმები და დიდი ცხვირი უცანურ პროპორციას ქმნის. ცხვირი, რომლის “გაკურნოსებას” – გაბრიჯიტბარდოებას ბავშვობაში დედა ჰპირდებოდა. მარინამ ერთხელაც გადაწყვიტა, თავად დაეჩქარებინა ეს პროცესი, დედ-მამის დიდი საწოლიდან გადმოხტა და ცხვირის მაგივრად ნიკაპი გაიტეხა. რის გამოც დედისგან სახეში გვარიანი ალიყური დაიმსახურა. დედა მას სახეში ხშირად ურტყამდა. მარჯვენაში და მარცხენაშიც. ერთგვარი სპორტის სახეობა ჰქონდა. ტკაც! ტკა - ც . . . ეს მარინას ვიდეოარტშიდაცაა. სახეზე გარტყმის – ცივი ტკაცუნის ხმა. მარტო ხმა არა. გასარტყმელად მოქნეული ხელი და . . ტკაც! ის და ულაი ერთმანეთს სახეში ურტყამენ. მეორე ეკრანზე – ერთმანეთს ხმის ჩახლეჩვამდე უყივიან (კომპოზიცია “ააა – ააა”). ულაის კისერზე ძარღვები ლამის დაუსკდეს. შავ-თეთრი გამოსახულებაა, მაგრამ გგონია, რომ სადაცაა გაიგლიჯება ლურჯი ძარღვი და სისხლს შეგასხამს. მარინა შეისუნთქავს და ისევ ამოჰყვირებს. პროფილში მაქსიმალურად გაღებული პირით მისი ცხვირი ნისკარტივითაა, უფრო წვეტიანდება. დაძაბულობისგან თვალები უწყლიანდება. ორივეს ხმა ნელ-ნელა ეკარგება. არადამიანური დაძაბულობაა. მერე ხავიან, “კარგად” ვერ ყვირიან. მესამე ვიდეოინსტალაციაზე: “პირში კოცნიან ერთმანეთს”. ჯერ კოცნა გეგონება, მაგრამ მერე ხვდები - ერთმანეთს ჟანგბადის ართმევენ, აცლიან, კლავენ. უჟანგბადოდ არიან. არ ვიცი, რამდენ ხანს ძლებენ. ძნელი საყურებელია. არაქარიზმატული. პერსონალური და ურთიერთშეთანხმებული ძალადობა. ვუძლებ. რადგან მეშვიდე სართულზე არაფერია, მგონი, არც არსებობს. სად გავიქცე? თან მაინტერესებს წიგნში ნანახი რეალურს შევადარო. სხეულზე მისი სისხლიან-ხორციანი მანიპულაციები – სადომაზოხიზმის ზღარზე. მისი სხეულია, მისი აქციაა, მისი ბრენდია, მისი უფლებაა, მასზე ბილეთები იყიდება, მისი ტკივილია და მისი გაუთავებელი, დაუსრულებელი მცდელობა დროში უკან დაბრუნდეს და დედის მუცლიდან პლაცენტის ნარჩენები თავად ამოიღოს. პლაცენტა - ინფექცია, ბაქტერიაა. ჩირქია. პერიტონიტია. ზიზღია. აბსცესია. სიკვდილია. როცა დედა მასზე იყო ფეხმძიმედ, დაესიზმრებია, რომ გველი გაუჩნდებოდა. მერე კი მშობიარობის დროს ნახევარი პლაცენტა მუცლის ღრუში ჩაუტოვეს. ქალი კვდებოდა. გადაარჩინეს, მაგრამ დედამ შვილი ვერ მიიღო. ამიტომ მარინა 6 წლამდე ბებიასთან იზრდებოდა. დედამისმა იგი მხოლოდ სასკოლო ასაკაში “მიიკარა”. მარინა “უკან” რომ დაბრუნდეს, მაინც არ უშველის. მშობლები ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ან ჩხუბობდნენ ან თვეობით ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ. ერთხელ მამა, იუგოსლავიელი სამხედრო მაღალჩინოსანი, თავისი ერთ-ერთი საყვარლისგან, როგორც სჩვეოდა, გვიან მოვიდა სახლში. დედამ ჰკითხა სუფი თუ გინდაო. კაცმა “კი” –ო. დედამ წვნიანი გააცხელა, მაგიდასთან მიიტანა და კაცს თავზე გადაასხა. . . როცა დედას მოახსენეს, რომ მარინამ გალერეაში წარმოდგენა შიშველმა მოაწყო, ქალმა შვილს ქორწინების იუბილეზე ნაჩუქარი ბროლის ლარნაკი გაუქანა. მარინამ აიცილა. თუმცა წამით უნდოდა კიდეც რომ მოხვედროდა. დედას ციხეში გაამწესებდნენ და იმიტომ. მოგვიანებით ერთ-ერთ თავის პერფორმანსში სახეზე მინის ნკუწ-ნატეხები დაიყარა. თვალდახუჭულია. თითქოს ვერ ხედავს, რომ ბროლის დიდი საყვავილე მისკენ მოექანება. 

მარინას ახლა არავინ ურტყამს. თავად ირტყამს შიშველ ზურგზე - მათრახს. მეორე სართულზე კი ნებისმიერს შეუძლია მის წინ დაჯდეს და თვალებში უყუროს. ბავშვობაში რომ თვალში თვალის გაყრას ვთამაშობდით პირველ დახამხამებამდე, მთლად ეს თამაში არაა. დახამხამება მოსულა. ლაპარაკი, სიცილი და მოძრაობა – არა. ამ ინსტუქციას ექსპოზიციის დარაჯი გაცნობს. იქვე პატარა წარწერაცაა, რომ თქვენ თუ ამ აქციაში მონაწილეობას მიიღებთ, სამუდაომოდ დარჩებით . . . ფირზე - არა (სიტყვა “ფირი” მოძველებულია), მგონი, CD – ზეო თუ რაღაც მაგდაგვარი. გარშემო უამრავი ადამიანია. ყველა მის გარშემო წრეზე კი არა, კვადრატზე დადის. მასთან თანაზიარება ანუ თვალებში ყურებისთვის რიგი ცოცხალია. გეუბნებიან გინდ 10 წუთი იჯექი, გინდ 5 საათი. რეფლექსიისთვის. თუ გაძლებ, რასაკვირევლია. მარინა 7 საათს ძლებს. ერთხელ “ინვალიდის ეტლში” მჯდომი დაჯდა მის წინაშე. ცრემლები წამოუვიდა. მარინაც ატირდა. სინქორონიზაცია, ემპათია . . . მის ცხოვრებაში ბევრი ცრემლი იყო: “ტკაცუნი”, პურიტანული იუგოსლავია, რუსული რულეტკა, სარეცხის მანქანაში ჩარჩენილი ხელი, ძმის დახრჩობის სურვილი, დასასრულის შეგრძნება. ასე მგონია, რომ ნებას თუ მისცემ, 7 საათი კი არა, 7 წელი გაძლებს სკამზე მის წინ მის მშობლებს თუ დაუჯენ, რომლებიც ცოცხალნი აღარ არიან. ერთ პერფორმანსში მას “მსუქანი” გველი ხელში უჭირავს და ასრიალებს. გორგონას ჰგავს, მაგრამ ეს არც ცირკია და არც მხატვრული ფილმი. “ხელოვნება სიცოხცლისთვის. უნდა ისუნთქო” – ამბობს იგი. მისი ხელოვნება, ხელობა, მედიუმი მისივე სხეულია. საკუთარ სხეულს ისევე მაზოხისტურად ექცევა, როგორც მას ადრე სადისტურად ექცეოდნენ. შიშველი წვება ყინულის ჯვარზე, მუცელზე ვარსკვლავამოტვიფრული. . .

ამასობაში მარინა აბრამოვიჩის ექსპოზიციის ქვედა სართულებზე განთავსებული “შესავალი” თავიდან სულ ამომივარდა. აბსტრაქციონისტ - ექსპრესიონისტი – მარკ როთკოს სურათი “ნამდვილი სამყაროს გარეთ” და მისი ფერების გრადაციები. ტილოები ჩარჩოების გარეშე. ფერები – მეწამული, შავი, თეთრი, ყვითელი, იასამინიფერი. . . ფერების ჰორიზონტალური სიცოცხლე. მათში ფერის გამუქებით თუ გაღიავენით შექმნილი გაბნეული ლაქები და ქაოტურ ფიგურებში კონტურის გარჩევის სურვილი. იგი აკადემიურად, ნახატით კი არა, არამედ ფერით იწყებს. ფორმა და არა გონება. ექსპრეციონისტ -აბსტრაქციონისტი უილიემ დე კუნინგის სურეალიტური ექშენ - ნახატები – ქალის დანაწევრებული, დამახინჯებული, საღებავმისხმული, ნაძალადევი, დაჩხაპნილი სხეულები, ასიმეტრიული სახეები და მისი - No Art Without Woman. ქალის სხეული “შესანიშნავი საშუალებაა”. ჰო, შესანიშნავი. ამბობენ კაცები, ასრულებენ ქალები. თუ პირიქით/პირაქეთ. თუ თანაზიარად. ეკრანზე მარინა და ულაი საგამოფენო დარბაზში ორ უზარმაზარ თიხის ქვაბს თუ ლარნაკს აყენებენ. ერთი უსხივოა, მუქი, სინათლის საიდუმლოების გარეშე. მისი ტყუპისცალი კი არილებს ათამაშებს. პერფორმირებს.
კედელზე ერთმანეთთან აზრობრივად დაკავშირებული სამი პერფორმანსია. ხმა – მაგიდაზე გადაწოლილი მარინა შავ კაბაშია, ხმის დაკარგვამდე ისევ ხავის. მეორეზე – ტიტველია, შავი თავსაფარი სახესა და თავზე მჭიდროდ აუკრავს. “ცეკვავს”. მესამეზე – აზროვნების ნაკადია. სიტყვები – ვენები, ფრჩხილები, ფეხსაცმელები, ქუსლი, კეთრი, გრიპი, სიცივე, სიარული, ოთახი, ლინოლიუმი, კარი, შავი, თეთრი, პლასტიკატი, თუთიყუში, წამი, ლითონი, ტკაცუნი, ელვა, მაინოზი, გამყოფი, საკმაზმი, ფრენა . . . მოცეკვავე მარინას წინ მიწუკებიან ბიჭს ვხედავ. გაშეშებულა. თავი წინ წაუწევია. ლამის ეკრანში შეძვრეს. მარინას მოთანთალე ძუძუებს მიშტერებია. მე კი მას ვაკვირდები. პერფორმანსულია.

კედლის შუაგულში, ისეთსავე გაჩახჩახებული სითეთრის ოთკუთხედში, როგორშიც მეორე სართულზე მარინა ზის, ახალგაზრდა შიშველი ქალია “გაკრული”, ხელებაწეული, ვაგინით ჰორიზონტალურ შტატივზე “წამომსხდარი” მარცხენა ხელზე დიდი წითელი ხალი აქვს. საოცრად თეთრია. თვალები უბრწყინავს, მგონი სიმწრისგან. იქვეა კიბეები. რათა ჩამოვიდეს და ცვლა სხვას გადააბაროს. კიბეები წამების იარაღი მგონია. მარინას არსენალიდან: ჯაჭვი, დანა, რევოლვერი, რკინის ჭანჭიკები, მათრახი, გამხმარი პური. ალბათ, ბალკანური. ამ პოზაში ორი ტრანსგენდერიც გაქვავდა. აბრამოვიჩისთვის უთხოვიათ, ჩვენც გვინადო. მანაც – რატომაც არაო. დასთანხმებულა. მამაკაცები პენისის გარეშე – ბალკანური ბაროკოც და რენესასნსიც. ის ქალი წელზევით თეთრი იყო, წელსქვევით ფეხები ოდნავ გალურჯებოდა. დიდხანს ერთ პოზაში დგომისგან, დაბალი ტემპერატურისგან. ყ ველაფერი - ნებაყოფლობით. შეიძლება მეჩვენება კიდეც მისი სილურჯე. შემსრულებლების სახლ - გვარები იქვეა ჩამოწერილი, მაგრამ ვერ გაიგებ, ვინ ვინაა. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ლაპარაკი, შეხება აკრძალულია. ტრანსგენდერი უქალისმკერდოა, მამაკაცურ მკერდზე გრძელი თმები აქვს ჩამოშვებული. ქალი თეთრია, ყოფილი კაცები კი ყავისფრად გარუჯულნი. თმები უბზინავთ. ერთი ინდიელს ჰგავს. მეორე – ვერავის მივამსგავსე. მას მკერდი აქვს. პატარა. არ ინძრევიან. გამხდრები, ნეკნებს დაითვლი. თეთრი ფერის ფონზე შავი თმების საოცარი კონტრასტი. მამაკაცური მენჯი. ერთ-ერთი მათგანი შტატივზე საყრდენის გარეშე “ზის”. როგორც მარინა, ერთ დროს. ერთს თმები დაუხვევია, მეორესი კი სწორია თუ გასწორებული. მამაკაცური ნიკაპი და უცრემლო თვალები. კაცებს თვლები არ უბრწინვთ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვამჩნევ. ასექსუალური სხეული. ისევე როგორც მარინასი და ულაის. უგენდერო. დარბაზში მარკ როთკოს ფერების სიჩუმეა. უცებ ბავშვი აკივლდა. მამამისს პირი დაუღია და ზევით, Luminosity -ს მიშტერებია. ბავშვს შეეშინდა. ბავშვი ისევ დაავიწყდათ. ჩარჩენილი პლაცენტა გამახსენდა. გავიფიქრე, პირველ სართულზე, სადაც ბილეთები იყიდება, მშობელს მეექვსე სართულის შესახებ რატომ არ აფრთხილებენ? თუ ესეც მარინას შოუს ნაწილია? გვერდით მოვიხედე და ნაცნობ სახეს წავაწყდი. უნებლიედ ვესალმები, ისიც მესალმება. ჰოლივუდელია, მეორეხარისხვანი როლის შემსრულებელი. აი, ის, სულ სასტუმროების პორტიეებს თუ მენეჯერების როლს რომ ასრულებს, მთავარ გმირებს რომ ეხმარება. განსაკუთრებით ქალებს. კერძოდ პერსპექტიულ დამლაგებლებს თუ მეძავეებს საქმიან რჩევებს რომ აძლევს და შესაბამისად ისინიც კარგად რომ თხოვდებიან. სახელი არ მახსოვს, სახე – კი. ხომ არ ვკითხავ. აბა, რატომ მივესალმე? თუმცა ამერიკაში უცნობებზეც მისალმება მოსულა. ურბანისტულად. მელოტია. თავი უბზინავს. გვერდით თმაწითურა ქალი უდგას, ფერად კაბაში. ხელი პირზე აუფარებია. შეშინებული ჩანს. მამას აღრილაბული ბავშვი დარბაზიდან გაჰყავს. ააააააა - კივის პატარა.ესენიც Luminosity -ის ჯგუფის წევრები მგონია. 
ობიექტს ხელები ეღლება და ნელ-ნელა ქვევით უშვებს. მახსენდება, რომ ქვევით მინდა ჩავიდე, იქნებ აბრამოვიჩის პირისპირ დავჯდე. შოუს დახურვამდე ზუსტად 53 წუთი და 13 წამია. გავრბივარ. კატატონია, რატომღაც ხელს არ მიშლის. ვიღაც ბიჭი უზის წინ. ვაკვირდები, ის ხომ არაა, მარინას ძუძუებს თვლალებდადმოკარკლული რომ ყლაპავდა ნერწყვთან ერთად? მგონი, არა. ახლა ის, ალბათ, Luminosity –სთანაა გაშეშებული ან ჩაცუცქული. ხვალაც მოვა.ზეგაც. ამას კი ზურგჩანთა ძირს დაუგდია, ტერფები იატაკს მთლიანად არ ეხება, მხოლოდ - თითებით. წელში მაქსიმალურად გასწორებულა. ჯარისკაცივით. აჰა, კიდევ ერთი კატატონიკი. ნეტავი, რამდენი ხანია რომ ზის? ვფიქრობ, დიდხანს ვერ გაძლებს. აბრამოვიჩი ნეტავი თავის ფეხებს რას უშვება? ვერავინ გაიგებს. გრძელი კაბა აცვია. ბიჭი მართლაც ვერ ძლებს, დგება. გამოდის. ძალიან სერიოზული სახე აქვს. მინდა რაღაც ვკითხო, მაგრამ დრო არაა. ინსტრუქტაჟის შემდეგ ჩემი ჯერიც დგება. მაფრთხილებენ, 33 წუთი დაგრჩათო. მადლობას ვუხდი და ვეუბნები, რომ შეიძლება 2 წუთიც ვერ გავძლო - თქო. არ მპასუხობს. ხელით მანიშნებს, რომ ჩემი ჯერია. გაჩახჩახებულ ოთხკუთხედში შევდივარ. ჩანთას ძირს ვდებ. ვჯდები. ვცდილობ მოვკალათდე. სკამი რბილი არაა. ვიხსენებ, რომ მობილური ვიბრატორზე მაქვს. ვმშვიდდები. მხოლოდ ამის შემდეგ “ვამჩნევ” მარინას. მას თვალები დახუჭული აქვს. ვუყურებ და მგონია, რომ ძალიან სწყურია. ჩანთაში წყლის მეორე ბოთლი მიდევს. როგორც იქნა თვალებს ახელს კი არა - აღებს და მიყურებს. საიდანღაც იქიდან. თვალები წითელია, ნახევრად გაღებული, უსაზღვროდ დაღლილი. აი, ადამიანს რომ ეძინება და არ იძინებს, ისეთი. არ უნდა გავინძრე, არ უნდა დაველაპარაკო, არ უნდა გავიცინო. სინქრონიზაცია. წყალი მეც მომწყურდა. აშკარად მასაც სწყურია! მისი “მაიონეზი” გამახსენდა – ცნობიერების ნაკადიდან. აზრობრივად მუზეუმის სურათებს შორის სითხეს ვეძებ, რომ დავალევინო. უილიამ კენტრიჯის წყალი არ გამოდგება, ნახშირითაა დახატული, არც ენდი უორჰოლის სუფები. ნეტავი დედამისმა მარინას მამას თავზე ეს სუფი გადაასხა? არა. იუგოსლავიაში ამერიკული კონსრევი Campbell’s – საიდან? ტუალეტების გვერდითაა სასმელი წყლის პატარა შადრევნები. სასმელი წყალია კი?უცებ მახსენდება ბორატის მიერ ყველაზე ხშირად ნახსენები სიტყვა “რესპექტ”. რე – ს – პექტ. კიდევ: ინ – ტე – ლი – გენ – ცია. ეს სიტყვა რაღამ გამახსენა? არა, ამას ბორატი არ ამბობს. ტრიგერია? აი, ნამდვილად რა მაკლია. რესპექტი. ნეტავი თუ გრძნობს მარინა ამას და საერთოდ, თუ ხედავს ამწუთას ჩემს თავში რა არააბრამოვიჩული თუ კონტრაბრამოვიჩული აზრები ტრიალებს? ვცდილობ პროაზრები მოვიკრიბო. არ გამომდის. მის ცხვირს ისე ვაკვირდები, როგორც ობიექტს. ჯობდა ჯერ ეს Is Present -ი “მომელია” და ზევით მერე ავსულიყავი. მგონი, ცხვირი ისეთი დიდი სულაც არა აქვს. ამასობაში ჩემი მეფხანება. როდემდე გავძლებ? თან ღიმილს ვერ ვიკავებ. ერთი რამ აღმოვაჩინე! კატატონია გაგივლის, თუ შენზე უარესი კატატონიკის აპრიალებულ ცხვირს დააკვირდები. მინდა ვკითხო, ციპროფლოქსაცინს ხომ არ სვამს? ერთი პერფორმანსის დროს კატატონიის გამომწვევი წამალი დაულევია. არ ვიცი, ზუსტად - რომელი. კუნთებს აშეშებს. ტვინს – არა. მერე ისეთიც დაულევია, ტვინს რომ აშეშებს, კუნთებს კი – არა. ვგრძნობ, რომ სადაცაა გავიღიმ-გავიცინებ. მინდა გადავყლაპო. პირის გაღების სურვილი. კუნთები არ მემორჩილება. ვერ ვუძლებ ამ ნულოვან წერტილს. ამიტომ ნელა ვდგები და გავდივარ. თვალს მაყოლებს. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი. ინსტრუქტორს არ ვეკითხები. კვარდატის იქით მარინას ერთხელ კიდევ შევავლე თვალი. თვალდახუჭული ზის. წინ სკამი ცარიელია.

azrebi.ge
24.04.10










No comments:

Post a Comment