Monday, September 19, 2011

შავ - თეთრი და ფერადი ვუდსტოკი




ეს კაცი რომ არ ყოფილიყო, ნეტავი, რა გვეშველობოდა? ალბათ, გამოვიგონებდით. ანდა უვუდსტოკოდ დავრჩებოდით. ვუდსტოკი მის არქივშია, მის წიგნში სახელად "ნდობა" და ყველგან. მე და ვუდსტოკი თითქმის ერთი ხნისა ვართ. მერე იყო საბჭოური რუსულენოვანი ჟურნალი "როვესნიკი", რომლის ქართული გვარის მქონე რედაქტორს წერილებს გამუდმებით ვწერდით. მახსოვს ჟურნალის შუაგულში როკ-მუსიკის ამბები იყო გამოჭიმული. საფოსტო ყუთთანვე პირდაპირ შუაგულში გადავშლიდი-ხოლმე. "როკ-ენციკლოპედია!". გვეგონა, რომ შემდეგ თუ არა, შემდეგის შემდეგ ნომერში ჩვენს თხოვნას აუცილებლად გაითვალისწინებდა ქართველი რედაქტორი, მგონი, ალექსეი ნოდია. მამის სახელიც მახსოვს - არსენის ძე. ვკამათობდით კიდეც. არსენას ძე ხომ არა? "მუზიკალნაია ჟიზნშიც" იყო რაღაცეები, მაგრამ ისე არა, როგორადაც - "როვესნიკში". "ჟიზნი" კაპიტალიზმის მუსიკალურ სიმახინჯეებზე წერდა. ო, რომ სცოდნოდათ, თვიდან თვემდე როგორ ველოდით ამ სიმახინჯეებს! შიგა და შიგ როკ - მუსიკაზე თხელ-თხელი წიგნებიც გამოდიოდა. მაგალითად, ამ სტილში - "მალადიოჟნაია მუზიკა". მაგრამ "როვესნიკი" სულ სხვა რამ იყო. ილუსტრაციები, დისკოგრაფიები, ალბომები. სიმღერების, უკაცრავად, სინგლების ტექსტები. ყველა ნომერი შენახული მაქვს. იქ ჯიმ მარშალის ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს. შეუძლებელია, რომ არ იყოს.

ლეს პოლის შემდეგ ესეც წავიდა. ძილში გაიპარა. 24 მარტს. 74 წლის. თითქმის რეი ჩარლზის ასაკში. ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში. სიკვდილის მიზეზი არ გამოუცხადებიათ. ჯიმ მარშალი, როკ - ფოტოგრაფი. ვუდსტოკელი. შავ-თეთრ ფერებში. უფრო სწორედ - ორ ფერში. ესენი უფრო მიყვარს, ვიდრე მისი ფერადი ფოტოები. ჯიმი ჰენდრიქსი ვუდსტოკზე ინსტრუმენტს "ეფერება" და მონტერეი პოპის კონცერტზე გიტარას წვავს. ასე, უბრალოდ ზის, ჩაცუცქულა, ბუჩქი - თავი ოდნავ ძირს დაუხრია და აალებულ გიტარას აკვირდება.


ჯენის ჯოპლინი ისვენებს. მოკლე კაბა აცვია. ეტყობა დაღლილია. სიამოვნებით მივუჯდებოდი გვერდით იმ ამოდღლეზილ, ძველ, იაფფასიან დივანზე, რომლის ადგილი დიდი ხანია - სანაგვეზეა, გვერდით მივუჯდებოდი და ჩვენებურ ამბებს მოვუყვებოდი. ის სასმელს წრუპავს, ალბათ, მეც შემომთავაზებდა.უარს არ ვეტყოდი. სულ ცოტას, ოდნავ. ანდა სულაც მხოლოდ ვკითხავდი, სიტყვის მასალად დავინტერესდებოდი - რას სვამ? ან - რას სვამთ? არადა, ეს კორექტული you "შენ"- სა და "თქვენ" - ს ერთმანეთისგან არ არჩევს. აქვეა გრეის სლიქისა და ჯენისას ცხვირები - ერთმანეთზე მიუდევთ. ჯენისას ცხვირი არავის ცხვირში შეგეშლება. ერთმანეთი უყვართ - "კალიფორნიული ამბებია", სან-ფრანცისკული. 



გამხდარი ბილ ევანსი სიგარეტით პირში, ინსტრუმენტთან. ძალიან სერიოზული და სევდიანი. აჩრდილს ჰგავს. რობერტ პლანტი. პირმოკუმული. თავისი ქერა კულულებით, ხმაზე არანაკლებად რომ გვაგიჟებდა შტერ-შტერ თინეიჯერ გოგონებს. თმების გარდა - ნიკაპი და ქვედა ქუთუთოს შესამჩნევი წამწამები. ხუმრობით ვკამათობდით კიდეც - ტუში ხომ არ აქვს წასმული - თქო. ცისფერთვალება ბიჭები არ მომწონდა, მაგრამ პლანტის და კიდევ ერთი - ორი მსახიობის ხათრით ვიკადრე და მოვიწონე. მეტი სხვა რა საქმე და გზა მქონდა? 

ვუდი ალენი ხომ პატარაა, მაგრამ დივანზე ჩანასახის პოზაში ისე მოკუნტულა, საქმეთა ვითარებაში კარგად ჩაუხედავს ეგონება, რომ დიდია და ვერ ეტევაო. სურათზე - თეთრი აბაჟური, თეთრი შუქი და ვუდის თეთრი "კეტები" თუ რაღაც მაგდაგვარი ფეხსაცმელი. 



არეთა ფრანკლინი, ფხაჭებიან თეთრ კაბაში, სცენაზე სკამზე ზის, მიკროფონი თაიგულივით აუქნევია, თითქოს მისკენ გაშვერილ ხელებს უნდა, რომ შეეგებოს. სიბნელეში ეს ხელები ხუთთითა სქელი სხივებივითაა. 
თვალებზე ტუშჩამოდღაბნილი, გიჟი ელის კუპერი თავის საფირმო მტაცებლურ "პლატფორმაწვივბარძაყებში" გრძელ მაგიდაზე ზის. კედელს მიყრდნობია. ამ კაცის ჯერ კიდევ "როვესნიკიდან" მეშინოდა. ცოტა - ახლაც. გველებს ეთამაშებოდა. მის ერთ კონცერტს, პლანტის ინფარქტისდამმართავი რულადების ასჯერ მოსმენა მერჩივნა. მაგრამ "ალისა" ამ სურათში ნამეტანი დაღლილი და ნამტირალევი კლოუნივითაა. უნებლიედ მოფერება და სასმელის შეთავაზება მოგინდება.
"მეტალიკა" ციხის საკანში. მოუწყენიათ. თავის თავს არ ჰგვანან. თეთრი ლეიბები, თეთრი შუქი და ერთი თეთრი "კეტი" თუ მისდვარი ფეხსაცმელი. 

ჯონი ქეში სან - კვენტინის კონცერტზე გემრიელად გვაგინებს. შუა თითი აუწევია, ქვედა ტუჩი "სიამოვნებისგან" ჩაუკბიჩავს. ესეც თქვენო, თქვენი . . .! 

ჯიმ მარშალი "ბითლების" უკანასკნელ კონცერტსა და მათ კულისებს მიღმა სამყაროშიც დაუშვეს. განა მარტო "ბითლების"? მარშალი ერთადერთი ოფიციალური ფოტოგრაფი იყო ვუდსტოკზე. ამ გაზაფხულზე კი ლეგენდა წავიდა. იქ, სადაც მისი ასევე ლეგენდა გმირები დიდი ხანია სუფავენ. ყველა -არა. სიტყვა "ლეგენდა" ტრივიალურია. მაგრამ მართალა ასეა. ჯიმ მარშალი მართლაც ლეგენდა იყო. ისინიც, ვინც მასზე ადრე წავიდნენ. ხუთი ასეული ალბომი და CD მარშალის ფოტობით . . . გაფორმებული. "გაფორმებული" ცუდი სიტყვაა. უკეთესია - ფოტოების მუსიკალური ალბომი. ვინ მოთვლის წიგნებს, ჟურნალებსა და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილ ხატებს? უკვე ვუდსტოკურს თუ გავუდსტოკებულს. ჯიმ მარშალი ამბობდა - მე მუსიკას ვხედავ . . . 

ბროდვეიზე, სოჰოში უნიკლაური Staley - Wise გელერეაა. აქ ძალიან ცნობილი, საშუალოდ ცნობილი და არც ისე ცნობილი ფოტოგრაფები იფინებიან. სასწაულია, მაგრამ სწორედ 26 მარტს, ჯიმ მარშალის სიკვდილიდან მესამე დღესვე Staley-Wise - ში ორფეროვან-მრავალფეროვანი გამოფენა გაიხსნა. გამოფენა - დიალოგი. დიალოგი - თანხმოვნება. ჯიმ მარშალის შავ - თეთრ და მისი დიდი ხნის მეგობრის, ტიმოთი უაითის ფერად ფოტოებს შორის. მათ ბოლო ოცი წელი აკავშირებდათ, ახლო მეგობრები იყვნენ. სცენასა და მასზე ამოძრავებულ, აცეკვებულ, ამღერებულ ადამიანებს იღებდნენ. და არა მარტო - სცენაზე. გალერეის კედლებზე ჯიმისა და ტიმოთის მიერ გადაღებული ფოტოებიც დამეგობრებულან. უაითი ჰოლივუდის ვარსკვლავებს, თანამედროვე მომღერლებს იღებს. მისი შექმნილია პოსტერები ცნობილი ფილმებისთვის.მსოფლიო ვარსკვლავებს სწორედ მისი "იმიჯებით" ვიცნობთ. ხანდახან ამ ორი ოსტატის ფოტოებიც "ემთხვევიან" ერთმანეთს. ნარატიულად. სხვადასხვა ასკაში კეით რიჩარდსი ორივეს გადაუღია. აგერ სარკეში შელი უინთერი იყურება (მარშალი, 1963). ასეთსავე მრგვალ სარკეში - შირლი მაკკლეინი (უაითი, 1991). ოღონდ უინთერი წარბშეჭმუხნულია, სურათი - შავ-თეთრი. მაკკლეინი კი იღიმის. ფერი - ყავისფერსა და თეთრს შორის მოძრაობს.



ანდა დიზი გილესპისა და კარმენ მირეის შავ-თეთრი წყვილი (მარშალი, 1976) და იგი პოპისა და დებორა ჰარის თეთრ-ყავისფერი ფიგურები (უაითი, 1990). უცებ რობერტ პლანტის გვერდით ნიკოლ კიდმანის ფერადი სურათი აღმოვაჩინე. ეტყობა თმების, თვალის ფერისა და გრძელი წამწამების მსგავსების გამო ამ შედარობანამ ბავშვობაში ორ სურათს შორის განსახვავებებს რომ ვეძებდით, აი, ის თამაში გამახსენდა. 




ჯიმ მორისონი სიგარეტს ეწევა (მარშალი, 1968), რობერტ მიტჩუმიც (უაითი, 1988). მორისონი ახალგაზრდაა, ისე ეწევა, გეგონება დიდად არც სიამოვნებს, ამიტომ სწრაფად უნდა, რომ მორჩეს და თავის მეგობრებს მიუბრუნდეს. ლოყები შევარდნია. სიგარეტს ლამის ნაწლავები ამოუსრუტოს. მხოლოდ ერთი წამით შებრუნდა. თითქოს შემთხვევით გადაეყარა მარშალს. კამერას არც მიესალმა. უკმაყოფილოა, მაგრამ ამ ჩასაფრებულობანას ჯიმის პატიობს. ჯიმი ხომ პაპარაცი არაა. არც ტიმოთია პაპარაცების გვარიდან თუ თემიდან. მორისონს საჩვენებელი თითი ლოყაზე აქვს მიბჯენილი. უნდობლობაა თვალებში. ნეტავ სად წაიღებს ნამწვავს? სად ჩააფერფლავს? საფერფლე ახლო - მახლო არ უნდა იყოს. თიხის ან მუყაოს ერთჯერადი მაინც.

უაითის რობერტ მიტჩუმი კი დაბერებულა. მოხუცებულის დაუვარცხნელი წარბები, რესპექტაბელური კოსტუმი. დაღლილი, სიგარეტის მოქაჩვის გამო ოდნავ დავიწროვებული თვალები, ქვედა ქუთუთოებზე დაკიდებული ტომრები, ბატის გრძელი თათები თვალის გარეთა კუთხეებთან, "მოხარშული ხმა", . . . საფერფლე, ალბათ, ახლოს უდევს, თანაც - ბროლის. 

არეთა ფრანკლინის ფერადი სურათი. იღონდ დადგმული სცენითა და გლამურით. მწვანე ბაღი, ხეები, ქოთნის ვარდები, როიალი. არეთა დიდ, ფაშფაშა, ატლასის ყვითელ კაბაში, აქაც ხელები აუქნევია. მგონი, მღერის. 

რეი ჩარლზი. მოწყენილი, თავჩანქინდული, შავი სათვალეებით, 1960 - იანების დასაწყისი, კანთრი, სოული, ჯორჯია. 

უათისთან კი 1990 - იანებია, რეი წითელ პერანგში, ხალისიანია, განათებული სარკეების გვერდით დგას. იქით მისი ზურგის წითელი ანარეკლია. იცინის. ალბათ, გემრიელად, ხმამაღლა. ნეტავი, რა უთხრეს? ან თავად რა წამოისროლა? უბრალოდ, მე არ მესმის. ისევე, როგორც მისი თვალები ვერ ხედავს ვერც ჯიმს, ვერც ტიმოთის და ვერც იმ ფოტოებს, სადაც თავად შავ-თეთრსა თუ წითელშია. ვერც ამ ფერებს. სამაგიეროდ - ესმის. 

shokoladi.ge 
26.04.10

No comments:

Post a Comment