Wednesday, August 28, 2013

სამოქალაქო ომი, როგორც ჰობი







ამ საუკუნის დასაწყისში ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და აშშ-ში ყოფნის დროს ერთი ჩემთვის საინტერესო, ასე ვთქვათ, საველე ფსიქოთერაპიული "ფენომენი" აღმოვაჩინე.

როგორც წესი, უცხოელი სტუდენტებისთვის შედგენილ სასწავლო პროგრამაში მასპინძელი ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერების ანუ ექსკურსიების სეგმენტიც შედის. ჰოდა, პროგრამის ეს მოცალეობის ჟამი გარდა ლოკალური სასახლეების, ტაძრების, ძეგლების, პარკების, მუზეუმების, პარლამენტის შენობებისა თუ ეროვნული კერძების საზდაგემოვნების ობიექტებისა, ჯარისკაც-ოფიცრების საუკუნის თუ უფრო მეტი ხნის, ნაფტალიანდაყრილ ფორმაში გამოწყობილი მოქალაქეების მიერ საომარი ბუტაფორიებით ომობანას თამაშის ხილვასაც მოიცავს. ადამიანები ყოველ წელს წარსულ ომებს იხსენებენ, სცენარს წერენ, თეატრებიდან და კინოსტუდიებიდან ტანსაცმელი და შესაბამისი ინვენტარი გამოაქვთ, მტერ-მოყვარის როლებს ინაწილებენ, დგამენ, თამაშობენ, გმირობასა და ღალატს სჩადიან, ყვიარიან, კვნესიან, იჭრებიან, კვდებიან, მარცხდებიან, იმარჯვებენ. ერთი სიტყვით, ისე იქცევიან, როგორც ოდესღაც ბავშვობაში საერთო ეზოში ომის სულს რომ ეთამაშებოდნენ, ბოლოსკენ კი მას (სულს) ზავის დადებით ათვინიერებდნენ და დედის დაძახებაზე - "ამოდი სახლში, დაღამდა უკვე!", საკუთარ ოჯახს უბრუნდებოდნენ. მოზრდილობისას კი ბატალური სცენების დადგმისას, აი, ისეთების, რომელიც დასავლეთში არა ერთხელ მინახავს, ხელახლა გაათამაშებენ აგრესიისა და სიკვდილის კარდებს. ანუ ერთი დღის განმავლობაში ადამიანი სხვადასხვა მოდალობაში იმყოფება. მათ შორის არქეტიპულშიც - ომის. საქართველოში ეს მოდალობა ბოლომდე, კომპლექსურად, პროფესიულად, თეატრალურად, თუნდაც ისე, როგორც პომპეზურ, ზარ-ზეიმა შოუს შეშვენის, გათამაშებულ-გააზრებული არაა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ჩვენებური სამოქალაქო ომების "დასრულების" შემდეგ არავის გადაუღია მასზე საკულტო თუ არასაკულტო ფილმი, არავის უთამაშია სამოქალაქო ომის ეპიკური პიესა. ჩვენ კვლავ "სამოქალაქო ომის" წინათგრძნობის რეჟიმში ვიმყოფებით, თითქოს ამგვარი ფილმისთვის ადგილი, დრო და სივრცე ჯერ არ არსებობდეს. არადა არსებობენ პროტაგონისტები, დამდგმელი რეჟისორებიც, ამგვარი პერსფორმანსის მენეჯერებიც, ომის მდელოებისა და ველების კურატორებიც.

ომისა და მათ შორის სამოქალაქო ომის არაჰოლივუდური, ადგილობრივი გათამაშება პიესის მიხედვით ჩაფიქრებული ფორმატის საზღვრებში რჩება, მის ჩარჩოებს არ სცდება. შემდეგ წელს კი კვლავ მეორდება. ლამის ყველა ქალაქსა და სოფელს წარსულში გადატანილი ომის დღეობა და მისი აღნიშვნა აქვს. ეს ტექნიკა, გარკვეულწილად, მორენოს ფსიქოდრამასაც შეიძლება შევადაროთ: ღია, "საოჯახო", სამოყვარულო თეატრში, წარსულ ტრამვას ბუტაფორულ სანახაობად, როლურ თამაშად, აუდიოვიზუალურ გამოცდილებად გადაიქცევა, ხოლო თავად ამ კონფლიქტის ფიზიკურ და შეძლებისდაგვარად ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოში მოთავსება. გარემოში, სადაც პასიური აგრესია ფიზიკური ზიანის მიყენების, რეალური ბასრი საგნების თუ ტყვიების გარეშე აქტიურ აგრესიაში გადაიზრდება; როცა თუნდაც წამიერად შესაძლებელია ერთგვარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კათარზისი, სადაც საჭიროა ცოტაოდენი ფანტაზია და სულაც არაა საჭირო მსახიობის ნიჭი. აქ ომის ბატალური სცენები "ჰეპი ენდით" მთავრდება. რადგანაც სინამდვილეში არავინ კვდება, არავინ ინვალიდდება. "პიესის" ჩანაფიქრის მიხედვით ადამიანები საუკუნეების თუ ათასწლეულების შემდეგ ყოველ წელს კვლავ უბრუნდებიან იმ დრამას, რომელიც ისტორიული ტრაგედიიდან აწმყოს ტრაგიკომედიაში, ნახევრად სატელევიზიო "რეალითი შოუში" ტრანსფორმირდება. მედია, მათ შორის, ბუნებრივია, ტელევიზიაც მოვლენათა ეპიცენტრიდან რეპორტაჟებს წარსულის, ისტორიული ქრონიკის მოდელირებაზე აკეთებს. ეს მოდელირებული ომია. ეს არაა სამხედრო სწავლება, ეს არის საომარ - კომუფლაჟური თეატრი. აქ მოზრდილები, ბავშვობაში თამაშ-თამაშ თუ რეალურომგადატანილები ერთ დღეს მთელს ისტორიულ პარიოდს გადიან. უფრო სწორედ ერთ დღეში (როგორც წესი, ეს არასამუშაო დღეებია: შაბათი და კვირა) ისტორიულ - ყოველდღიურობის ქრონოსი "ხდება": ძილი, დილის სექსი, საუზმე, ფეისბუკის შემოწმება, შვილების დატუქსვა, რომ სახლში და ეზოში ომობანა ძალიან ექსტრემისტულად არ ითამაშონ, ოჯახით ქალაქგარეთ, "ომში" წასვლა (საკუთარი ავტომობილით ან საზტრანსპორტით. შეიძლება ფეხითაც), თვით ამ ომის გათამაშება და მერე თითქმის ისევ ის, რაც დილას რუტინობდა. შვილებთან აღმზრდელობითი სამუშაო, სახლის საქმეები, ათასი წვრილმანი, ტელევიზორი, ფეისბუკი, ტელეფონი, ღამის სექსი, ძილი. აქ მხოლოდ ომია ჰობი. დანარჩენი კი ცხოვრებისეული პროფესიებია. თუ არ ჩავთვლით კოლექციონირებასა და თუ მისთანა "კლასგარეშე" გასართობებს. იმისთვის, რომ ერთი ადამიანის ერთი "ვიქენდი" შედგეს, ეს ყველაფერი სავსებით საკმარისია. სახელმწიფოს შემდგარობისთვის კი გაცილებით მეტი რუტინა და ძვირადღირებული ატრიბუტია საჭირო.

"დიდ ისტორიაზე", "დიდ მეფეებზე", "დიდ გამარჯვებებზე /დამარცხებებზე", "დიდ საზოგადოებაზე" გათამაშებული ასეთი პერფორმანსები წარსულის ერთგვარი მოკლემეტრაჟიანი სატირაა. გნებავთ, ანტისატირა. სასაკლაოდან განმანძილებისა და ჭეშმარიტების მომენტის "დაჭერის" სურვილით. აქ მკაცრი კასტინგი არ ტარდება. მხოლოდ მოხალისე მსახიობები თამაშობენ: ფილოლოგები და მძღოლები, სოფლისა და ქალაქის პროფესიონალი დონ-ჟუანები, სატელეფონო კომპანიების დისტრიბიუტორები, ადგილობრივი ორგანიზაცია "ანონუმური ალკოჰოლიკების" კლიენტები, ირიგაციის სპეციალისტები, პროგრამისტები, ლექტორები და პროქტოლოგები. როგორც წესი - მამაკაცები. როგორც წესი კი არა, მხოლოდ მამაკაცები. ეს მამაკაცების ომია. მამაკაცების ჰობი. სრული და ტოტალური პატრიარქატი. შეიძლება ითქვას - სუპერპატრიარქატი. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. ომის ამ ერზაცში პროფესიონალური ჯარი არ მონაწილეობს. ისევე როგორც - არაპროფესოინალურიც. პირადად მე ამგვარ ბატალურ სცენებზე დაკვირვებისას ომისადმი ერთგვარი პოპარტული მიდგომა მიყალიბდებოდა და, ალბათ, ეს სცენებიც, გარკვეულწილად, სწორედ ამგვარ პოსტმოდერნისტული აღქმის წარმოქმნას ისახავს მიზნად. ამ დადგმულ ომებს თავისებური "მაგნეტიზმი" ახასიათებს. ყოველ წელს არაპოფესიონალურ "თეატრს" მოხალისე მსახიობიცა და მაყურებელიც მრავლად ჰყავს. ისევე როგორც მოხალისე დამფინანსებელი.

2001 წელს ჩეხეთში ჩეხური ენის სწვლისას სტუდენტების ჯგუფი ქვეყნის დასავლეთში ერთ-ერთი პატარა ქალაქის სახელად დობრუშკას გარეუბანში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. ჩვენ რომელიღაც მეფის თუ თავადის სასახლეში მოვხვდით, სადაც ლამაზ, არავერსალური გაქანების მოკრძალებულ დარბაზებში კედლებზე იარაღის უნიკალურ კოლექციასთან ერთად ლამის ყველგან ნადირობის ნაალაფარი - ირმის რქები იყო მიმაგრებული, ხოლო მაგიდებზე მოოქროვილი მუსიკალური ზარდახშები და მაღალი ლარნაკები. როგორც კი გარეთ გამოვედით და მწვანედ აბიბინეულ ველზე მოვხვდით, უცებ იქვე მდგომი ძველი ქვემეხებიდან და სხვა იარაღიდან ისეთი ბათქა-ბუთქი ატყდა, უეცრად საიდანღაც გამოვარდნილი ჯარისკაცები ხიშტიანი თოფებით ისეთი ყიჟინით შეესივნენ, ისეთი "აკუსტიკით" დასცხეს და "ტომატ-პასტა" ისეთი ჭავლით ასხურეს ერთმანეთს, რომ რამდენიმე სტუდენტს მეორე დღეს ოტოლარინგოლოგის კონსულტაციაც კი დაგვჭირდა. "ომის" დამთავრების შემდეგ კი მტრულად განწყობილმა გამარჯვებულმა და დამარცხებულმა, მკვდრეთით აღმდგარმა, დაჭრილმა, გაოფლიანებულმა ცოცხალმა რაინდებმა საომარი ტანსაცმელი სასწრაფოს გაიძვრეს, იქვე დაყარეს, ჯინსები და მაისურები ჩაიცვეს, მზის სათვალები გაიკეთეს, "კოკა-კოლასა" თუ ჩეხეთის დროშებიანი კეპები დაიხურეს; სეირის საყურებლად და საგულშემატკივროდ მოსულ თავიანთ დედებს, ცოლებს, საყვარლებს, შვილებს ისე ჩაეხუტნენ და გადაკოცნეს, თითქოს მართლაც ბრძოლის ველიდან დაბრუნდნენ; მათთან ერთად "საბრძოლო ველზე" იქვე წამოწვნენ და დადუმებული იარაღის გვერდით ჩეხური ლუდის დაგემოვნება დაიწყეს. გაიმართა პიკნიკი. ომი დამთავრდა. გაუმარჯოს პიკნიკს. ზოგს ხის ქვეშ, ჩეროში "გერლფენდის" კალთაში ჩიტების ჟღურტულით მინანავებულს იქვე მიეძინა; ზოგიერთმა კი ისეთი მაღალრეგისტრიანი ხვრინვა ამოუშვა, რომ ლამის ძლივს მიწყნარებულ "ომობანისტებს" მეორე სუნთქვა გაუხსნა და ბატალიის მეორე სერია დააწყებინა.

მახსოვს ვიგრძენი, რომ ამგვარი სცენების შემდეგ კიდევ უფრო გამიმწვავდა ომის აბსურდულობისა და მისი აბსოლუტურად ზღვრული მიზანტოპულ-მარაზმატკულობის განცდა. ჩემთვის ომის ერთი და მეტი საათით იმ "ეპიკურ" ველზე ერთმანეთის ჟუჟვა-აკუწვის, გასრესვა - სასალახო სპექტაკლის კალაპოტში მოთავსება და გათამაშება ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იყო იმისა, რაც ჰუმანურობის თუ ცივილიზირებულობის გამო, წესით, არ უნდა შედგეს. უკვე აღარ უნდა შედგეს, რადგანაც ტრაფარეტულ აწმყო XXI საუკუნეს რომ თავი დავანებოთ, მართლაც - საკმარისია. უბრალოდ - საკმარისია. პირადად, მე იმ წელს დობრუშკასთან გათამაშებული ამ კარნავალის შემყურე ჩვენებური ტრაგიკული "პერფორმანსი" გამახსენდა. გამახსენდა 1991-92 წლის რუსთაველის გამზირი და არამიანცის საავადმოყოფოს პროზექტურაში ერთმანეთზე გორებად დაწყობილი ზვიადისტების, ანტიზვიდისტებისა და არცერთისტების გვამები. ასევე 1990-იანებში მუხათგვერდის სასაფლაოს საფლავები. ცუდ ხასიათზე დავდექი. უფრო ცუდზე, ვიდრე ბავშვობაში ბასტილიის აღებად წოდებულ საფრანგეთის რევოლუციის დროს ერთი ჯალათის (პროფესია) მიერ დაწერილი დღიურიდან ამონაწერებისა და ჰემინგუეის მიერ "მშვიდობით, იარაღოში" სიკვდილის კოცნის დეტალური აღწერის წაკითხვის დროს. პაციფიზმი ანდა განდის არაძალადობრივი წინააღმდეგობის ფოლოსოფია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ ფიზიკურად შემზიზღდა ცოცხალი სხეულის სისხლიანი საზელი საამქრო - ომი, რევოლუციაც, კონტრრევოლუციაც, ამ კონტრრევოლუციის კონტრრევოლუციაც, ამ უკანასკნელის კონტრრევოლუციაც და ამ უკანასკნელის კონტრრევოლუციაც. დობრუშკაში, ამ კეთილ, კოპწია და წყნარ ქალაქში, რომელსაც თავისი კეთილი სახელიც კი მოფერებით ერქვა, ფანტაზია დიდად უნდა დაგეძაბა, რომ წარმოგედგინა საუკუნეების წინ გაჩაღებული სისხლიანი სცენები. კიდევ ჩეხურ ჯარიანობაზე ფანტაზიის განავარდებას ხელს ისიც უშლიდა, რომ წინა დღეებში ჩეხური ენის სწავლების პროგრამით თეატრალური დადგმაშიც კი გვათამაშეს (ხილისა და ბოსტნეულის იუმორისტული გასაუბრება. მე დიდყუნწიანი ვაშლის როლს ვასრულებდი), სადაც ჩემს სასცენო სამწინადადებიან ფრაზას წარმატებით გავართვი თავი, ჩვენი "დასის" ფოტო კი ადგილობრივ მედიაშიც კი მოხვდა. ანუ ენას აქაც თამაშ-თამაშითა და სიმღერ-სიმღერით გვასწავლიდნენ. ჰოდა, დობრუშკას ომის პერფორმანსმა ჯალათის დღიურები და ამაზრზენი კოცნა ცხადად წამომიდგენინა. მაშინ საქართველოს უახლოესი ისტორიის სამოქალაქო ომიდან 10 წელი იყო გასული. იმ ზაფხულს, სანამ ჩეხეთში წავიდოდი, მანამდე ისრაელში გახლდით. ბუნებრივია, იქაურ სასწავლო პროგრამაც წმინდა მიწის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას მოიცავდა. იქ ომი, უფრო სწორად, ტერორისტული აქტები წამდაუწუმ ხდებოდა, ამიტომ ჩვენს სასწავლო ჯგუფს შეიარაღებული დაცვა ყველგან დაჰყვებოდა. ჩემი ჩასვლის დღე ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს დაემთხვა. იმ საღამოს თელ-ავივში ღამის კლუბ "დოლფიში" შესასვლელთან 22 წლის არაბმა თავი აიფეთქა. სიცოცხლეს 17 თინეიჯერი გამოასალმა, 60 კი დააშავა. იქაური რუსულენოვანი პრესა გადავქექე. დაღუპულთა სიაში ერთი ქართული გვარიც აღმოვაჩინე. ქართველი ებრაელის. საკუთარი სახელმწიფოს შექმნიდან ვიდრე დღემდე ისრაელს ომის წარმოდგენის დადგმა არ სჭირდება. ომი იქ 1948 წლიდანაა. იგი წარსულისა და აწმყო დროის ლიბრეტოა. ერთგვარი სამამულო - სამოქალაქო ომი. დამთავრდება? დადგამენ და იპიკნიკებენ. ალბათ.

ამერიკაში ომის პერფორმანსების მოწყობის დიდი ხნის ტრადიცია არსებობს. წელს, აპრილის თვეში აშშ-ის პატარა და დიდ ქალაქებში სამოქალაქო ომის დაწყების 150 წლისთავი ქვემეხების ბათქა-ბუთქითა და აბრაამ ლინკოლნის წვერსა და "სმოკინგში" გამოწყობილი პრეზიდენტების ქალაქში სეირნობით გაიმართა. პრინციპში ყველას ეძლევა იმის საშუალება, რომ პრეზიდენტი გახდეს. ვიცე-პრეზიდენტიც, გენერალიცა და ჯარისკაციც. მარტო ამ დღეს კი არა, შეგიძლია ნებისმიერი პრეზიდენტის (ამერიკას მეფეები არ ჰყოლია) სახიანი ნიღაბი, მისი დროის შესაბამისი სამოსი მოირგო, მთელი წელი ამგვარი "აუტფიტით" იარო და კონფედერანტების დროშაც აფრიალო. გამოხატვის წმინდათა წმინდა უფლებას აშშ-ის დალოცვილი კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს. ეგ შესწორებაც დალოცვილია. ქალებს პრეზიდენტის ცოლობაც შეუძლიათ. ადგილობრივ მუზეუმში აუცილებლად მოიპოვება მერი თოდ ლინკოლნის დროინდელი კაბა. ჯეკი კენედის "კოსტუმის" მსგავსი რამ კი საკუთარ კარადაშიც მოქექავ. ამერიკელები განსკუთრებული მოწიწებით ეპყრობიან თავიანთ ისტორიას, თუმცაღა ახალჩამოსული ემიგრამტებისთვის იგი ნაკლებად საინტერესოა. თუნდაც საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გამო. ამერიკა ისევ რჩება ეკონომიკური ემიგრაციის სუპერსახლმწიფოდ. ქალაქებში შორეული სამოქალაქო ომის ხატებს ქვაში გაქვავებულ ქანდაკებებად იპოვით. ამ ძეგლებზე ყოველთვისაა ცოცხალი ყვავილები და ახალი დროშა. როცა დროშა ხუნდება, მას არ აგდებენ სანაგვეზე. ან წვავენ ან მარხავენ. ჩრდილოეთ ამერიკაში 1861 წლის 12 აპრილს დაწყებული სამოქალაქო ომი 1865 წლის 9 აპრილს დასრულდა. ესეც ერთგვარი "ამერიკული გაზაფხული". 620 000 დაღუპული ჯარისკაცი და ვინ მოთვლის რამდენი სამოქალაქო პირი.

"პრაღის გაზაფხულის" შემდეგ ისტორიას ბევრი გაზაფხული ახსოვს. მათ შორის სულ ცინცხალი - არაბული და აფრიკული გაზაფხულების წყება, რომლის ტურბულენტური ხასიათი არავის აძლევს იმის ნათელ პასუხს, თუ რას უნდა ველოდოთ ამგვარი "ხავერდოვანი რევოლუციებისგან". საქართველოში კი აღმოსავლური ამბოხებებისგან განსხვავებით "პროგრესული გაზაფხულების" მოყვანის მცდელობამ უკვე ქრონიკული ხასიათი მიიღო. საქართველოში 20 წლის დაძველების დამოუკიდებლობის იუბილეზეც კი ხელისუფლებისა და ოპოზიციის "არაფილოლოგიური რომანი" ომის უკანასკნელ ხუმრობას ჯიუტად არ ემსგავსა. ჩვენი დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის კბილაა. სამოქალაქო ომი კი ჩემი დაკარგული თაობის განცდის კბილაა. თაობის, რომელსაც ვერაფრით გადაუტანია სამოქალაქო ომი დობრუშკელების უცნაური, უწყინარი ჰობის რეგისტრში. ისაა ჩვენი ფელინისეული მარადიული "8?"-იცა და შეუძლებლოების ეროსი, ლიბიდო, სალოკავი თითი. არა, აშკარად მძიმე პორნოა, ვიდრე ეროტიკა. ნეკროფილია. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, როგორც ჩანს, ადამიანებს ორგანიზმში რაღაც განსაკუთრებული ჯირკვალი აქვთ, რომელიც სამოქალაქო ომის ადრენალინს პროდუცირებს. სამოაქალაქო ომი უფრო მეტია, ვიდრე ჰობი. ადამიანები გიპნოზდებიან, იხიბლებიან, ჯადოვდებიან, ეშხში ვარდებიან, მასტურბირებენ, როცა ამ "ექსკლუზიურ" სანახობას უყურებენ. სანახაობას სახელწოდებით "ქართველები ქართველების წინააღმდეგ". როგორც კაშპიროვსკის გიპნოზის სეანსები. საფეხბურთო მოედნებს რომ ავსებდა. თავისებური მასობრივი დეტექტივი - ტრანსი. ლიდერი გამოდის და ხალხში რაიმე ტრიავიალურ, პათეტიკურ, ამავე დროს ყველასათვის ცნობილ "აფორიზმს" გაისვრის. თუ წინადადება ეროვნული შეფერილობის იქნება, მთლად უკეთესი. მაგალითად, "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!". რასაკვირველია, ფრაზა ქვეცნობიერად გულისმობს: მე გამომყევით! მე ვარ, რაც ვარ, მე მირჩევნია კარგი სიკვდილი ცუდ სიცოცხელეს! ვისაც ელოდით, სწორედ ის ვარ მე! მე ვარ თქვენი გოდო! "გოდო", ბუნებრივია, არ დაიყვირებს: "იყავით ის, ვინც ხართ!". მთავარია ხშირად უნდა გაისროლოს ზოგადი სახის ლოზუნგები: "სამართლიანობა ჯობს უსამართლობას!" ანდა "ძალაუფლება ხალხს!", "ხალხო, ჩვენი წინაპრები ამ დღეს ელოდნენ!", "ჩვენ მონები არა ვართ!" მერე თუ პირველად გახმოვანებულ "მესიჯზე" სათანადო რეაქცია არაა, საჭიროა მისი ჯერადობის გაზრდა, თანაც სხვადასხვა რეგისტრში. თუ ამას მერე მუსიკალური გაფორმებაც ახლავს, მერე კი ამ ყველაფერს წვიმაში თუ მზეში საპიკნიკო განწყობა კი არა საქეიფოც მოჰყვება, ხომ მთლად კარგი და გადასარევი. რადგან "ჩვენ გვჭირდება გამარჯვების მომტანი პატარა ომი!", ერთ სახელმწიფოში ორი ან უკეთეს შემთხვევაში მეტი სისტემის მშენებლობა და შესაბამისი "დეველოპერული კომპანიებიც". რადგან ერთის შენება, მითუმეტეს ერთად უბრალოდ არ ძალგვიძს. არა და მორჩა! მაგრამ მანამ, სანამ ურემს გადავბუნებთ, რათა გზა გამოჩნდეს, "თავისუფლების მომტანებს" სახელები უნდა ვუწოდოთ: არა აქვს მნიშვნელობა მათ "ბოლშევიკებს" დავარქმევთ თუ "წითელი ქიმერებს" . . . ჯგუფს სახელი უნდა ჰქონდეს. "უსახელო გმირი/გმირთა ჯგუფი" არავის ახსოვს, შვილმკვდარი მშობლების, დაქვრივებული ცოლისა და დაობლებული შვილების გარდა.

20 წლის წინათ, როცა ქართველები სამოქალაქო ომის მაგისტრალებზე, ბილიკებსა და სადარბაზოებში დარბოდნენ, ქვეყანა ნელ-ნელა "ერს სივრცის გარეშე" ემსგავსებოდა, გარეთ კი მეოცე ათასწლეულის შუა საკუნეები დგებოდა. ამ შუა საუკუნეების შემოდგომა კი საკმაოდ ძნელი მოსაყვანიც იყო და ამავე დროს არც იყო. 19 წლის წინ პარლამენტთან ყველაზე მეტი ამბოხებული კიტოვანის "გვარდიის" ტყიბულის ბატალიონის "რევოლუციონრები" დაიღუპნენ. მათი ღვაწლი ახალმოსულმა მთავრობამ სათანადოდ "დააფასა"... საწყლების ოჯახებს პური ენატრებოდათ, დაღუპულების გასვენებაზე, ორმოცებზე, დაბადების დღეებზე და წლისთავებზე ძმაკაცები თანაქალაქელებსა და თანასოფლელებს ანუ იმათ, ვისთვისაც იბრძოდნენ, აყაჩაღებდნენ, ფულს აწერდნენ, რათა ძმაკაცის სასაფლაოზე პური ეჭამათ, ჭიქა წაექციათ. ერთი წლის თავზე შევარდნაძის მთავრობამ ამ ეროვნული რევოლუციის დაღუპული ჩეგევარების ოჯახებს პატარა ცელოფნებში ჩაწყობილი ერთი "პლიტკა შოკოლადი" და გულაბი მსხლის რამდენიმე კამფეტი აჩუქა. ყოველგვარი შამპანურის, თუნდაც "სოვეტსკაიას", გარეშე. მაშინაც და ახლაც ქართული სოციალური ინჟინერია საკმაოდ პრიმიტიულად იგებოდა; ქართული ნონსტოპ "გავრილიადას" პორველხარისოვანი და მეორეხარისხოვანი გმირები კი "გრაჟდანე, იგივე გოსპოდა ალილუიშჩიკებით" ერთი თიხისგან მოზელილნი აღმოჩდნენ...

სწორედ თბილისის ომის ზამთარში ალექსანდრ კაბაკოვის ანტიუტოპია "არდაბრუნებული" (1988) წავიკითხე, რომელიც თავისი შავი ფანტასმაგორიებით ჩვენი "ნაციონალური ნადირობის თავისუბურების" რუსული ანალოგი აღმოჩნდა. კარლოს კასტანედას ტექსტებმა კი სულზე მომისწრო. დღესაც, როცა ერთი ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმად კვლავ ძალადობა რჩება, როცა საქართველოში რევოლუციური ნევროზის საგაზაფხული გამწვავების პერიოდი დგას, კასტანედას სამყაროს მოწყობის ენერგეტიკული მოდელი კვლავ ძალაშია. აი, თითქმის ისეთი, მას "ძალის ზღაპრებში" რომ აქვს აღწერილი: "როგორიც არ უნდა იყოს "ინსაიტი", მას არსაით მივყავართ... "კაბაკოვის ანტიუპიტოპიის 10 წლის თავზე გაჩნდა ვიქტორ პელევინის "თაობა P" (Pepsi), სადაც უკვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით (ალბათ, სოცქსელებით - ფეისბუკითაც), სატელევიზიო და სხვა მედიაილეთებით განსხვავებული რეალობა შეიქმნა და იქმნება. ისევე როგორც კაშპიროვსკის მეგასეანსების დროს, როცა იგი ღრძილების ანთებასაც და სკოლიოზსაც ერთნაირად მკურნალობს, იქმნება ენერგია (მას კასტანედასეულ ენერგეტიკასთან არანაირი კავშირი აქვს), რომელიც სამართავია და "გურუს" ხელშია. პელევინის ცინიკოსი გმირი ტატარსკიც იმას ფიქრობს, თუ როგორ მართოს სატელავიზიო ეკრანიდან მისივე მანიპულაციებით შექმნილი სახალხო ენერგია. ენერგია, რომელიც თავის მშველელ მომწესიგებელს ელის და ამ ლოდინში ავტომატით კი არ დარბის, არამედ "ლანჩს" პლასტიკატის ბოთლებში ჩამოსხმულ სხვადასხვანაირ "კოლებს" მიაყოლებს. მოსაძებნია ხატი, რომელიც ხალხს დააჯერებს ამგვარი ძალის არსებობაში და მისი მოსვლის აუცილებლობაში. ჰოდა, იქმნება ასეთი კლიპი: მოსკოვში ქრისტე მხსნელის ტაძრის ფონზე გრძელი თეთრი ლიმუზინი ჩერდება. მისი უკანა კარი იღება და იქიდან სინათლე გამოდის. ჯერ ჩანს ფეხსაცმელი, რომელიც ასფალტს ოდნავ ეხება და მერე ხელი, რომელიც კარის სახელურზე დევს. მხოლოდ სინათლე, მანქანა, ხელი და ფეხი. სახე არ ჩანს. ...საქართველო კვლავ დროის ხლართებში გაკავებული გოდოს მოლოდინშია გატრუნული, რომელმაც სამოქალაქო ომის აღლუმი უნდა ჩაიბაროს. ქართული ანტიუტოპია და ქართული აბსურდი ჯერ არ დაწერილა, არ გადაღებულა და თუ შეიქმნება ისიც, ალბათ, ჟანრობრივად ერთი ცნობილი იტალიელის სიტყვების გარშემო იტრიალებს: "ყველაფერი უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს..."

24 საათი 05.06.11

No comments:

Post a Comment