Wednesday, August 28, 2013

ქართული „სოცრეალიზმის“ Pulp Fiction



XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი მკვლევარი უილიამ ბიბი გაიანას ჯუნგლებში ერთ უცნაურ მოვლენას აკვირდებოდა. უამრავი ჭიანჭველა – მეომარი 335 მეტრის დიამეტრის წრეზე გადაადგილდებოდა და ამ წრის დაძლევისთვის მათ ორსაათნახევარი სჭირდებოდათ. ჭიანჭველები ამ მარშრუტზე ორი დღის განმავლობაში „დააბიჯებდნენ“, მანამ, სანამ მათი უმრავლესობა გზაში არ დაეცემოდა. ოღონდ არა შესასვენებლად, დაღლილობის გამო, არამედ მოულოდნელი სიკვდილის გამო.

მეცნიერები აღწერილ მოვლენას „წრიულ წისქვილს“ უწოდებენ. ამ ამაოების გზაზე კი „დაუგეგმავი“ ლეტალური სვლა მაშინ იწყებოდა, როცა მეომრის ფუნქციის ჭიანჭველები თავის კოლონას ჩამორჩებოდნენ და სივრცეში ორიენტაციადაკარგულები გადარჩენის, სწორი მიმართულების მიგნების უმარტივეს გზას ირჩევდნენ. ისინი ბრმად უკან მისდევდნენ იმას, ვინც მათ წინ იდგა. ამ დროს წარმოქმნილი „წისქვილი“ მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს: თუ წინ მიმავალი ჭიანჭველა დაიღუპება, ანდა ამ წრიდან შემთხვევითობის გამო ამოვარდება. ჭიანჭველათა ჯგუფში (კოლონიაში) თითოეული, ცალ–ცალკე აღებული ერთეული არაფერს ნიშნავს, მაგრამ ერთად ისინი „თემს“ ქმნიან (შეგნებულად ვარიდებ თავს სიტყვას „ბრბო“, რომელიც 1990– იანებში იყო პოპულარული და რომელიც 2013 – ის 17 მაისის შემდეგ სიტყვა „ბნელთან“ ერთად ყველაზე მეტად ოპერირებადი ცნება გახდა).
რასაკვირველია, ადამიანები ჭიანჭველები არ არიან. ადამიანებს შეუძლიათ მეტნაკლებად ლოგიკურად, რაციონალურად და დამოუკიდებელად აზროვნება, დამოუკიდებელი გადაწვეტილებების მიღება და რაც მეტად არიან ისინი თავისუფალნი იდეოლოგიური, პარტიული, ჯგუფური, ავტორიტარული, ნეპოტისტური, „სასტავური“, „მეგობრულ–ფეისბუკფრენდული“, თუ დიდი, საშუალო და პატარა „იდეოლოგიური მენტორის“ ზეგავლენისგან, მით უფრო მეტადაა ეს მათი საკუთარი, თავისუფალი არჩევანი. მხოლოდ დამოუკიდებელ ადამიანებს, „Watchdog” –ებს შეუძლიათ ინფორმაციის, მონაცემების, ფაქტების, არგუმენტების, აზრების, თეზების, თეორიების, ინტერპრეტაციების მრავალმხრივ ჭრილში აღქმა, დანახვა, გაანალიზება, სინთეზირება. ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს ადამიანის, როგორც სოციალური არსების და გარემოს/სამყაროს აღქმის სუბიექტურ–ობიექტურ ფაქტორებს, მაგრამ რაც უფრო მეტნი იქნებიან განსხვავებულად და კრიტიკულად მოაზროვნენი, რაც უფრო მეტად ექნებათ მათ თავიანთი შეხედულებების ტრანსლირების უფლება–მოვალეობა, მით უფრო ფართე იქნება პრობლემის დანახვის თვალსაწიერი, ადამიანის არჩევანი კი იქნება მისი, აუთენტური და არა სხვისგან დაძალებულ–მოწოდებული; მით უფრო მეტად პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებისას ჭიანჭველებს არ დავემსგავსებით და მით უფრო მეტად არ იქნება უმრავლესობის არჩევანი (რომელსაც დემოკრატიას უწოდებენ) აღქმული ისე, როგორც უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტება ბონაპარტისეულად – „დიდი ბატალიონები ყოველთვის მართალნი არიან“.



სტრატეგია იმისა, რომ რაიმე ჯგუფს, მითუმეტეს, ძალიან მრავალრიცხოვანს, ეკუთვნოდე, მის ლიდერ(ებ)ს აზროვნებით ბაძავდე, ძალიან ბანალურ განცდას გაძლევს – გარანტირებული პროგრესულობის, „ხმა ღვთისას“, უსაფრთხოებისა და ძლიერის მფარველობის კომფორტულ შეგრძნებას. ამგვარი დაცულობის განცდა, ერთი მხრივ, საიმედო ფარია და, მაგალითად, ლოკალური თუ გლობალური საინფორმაციო კასკადების აღქმის თუ შეწინააღმდეგების, ეპოქის საფრთხე/უსაფრთხოების დიქოტომიის მძიმე წონისაგან თავდაცვის საშულებას გაძლევს; მეორე მხრივ კი, დიდ ხიფათს შეიცავს – რეალობის განცდას გაკარგვინებს, რადგანაც მსჯელობა ამგვარ ჯგუფებში ხდება არა ფაქტებისა და არგუმენტების დინამიზმით, არამედ ვიღაცის თუ რაღაცის (იდეოლოგიის) ავტორიტეტის/ღვაწლის საფუძველზე, რის გამოც ჯგუფი იმთავითვე სტატიკური ხდება და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი გეომეტრიული პროგრესიით ნულს უტოლდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო – უმრავლესობა(უმცირესობაც) დარწმუნებულია როგორც თავისი ლიდერის, აქედან გამომდინარე, თავისსავე სიბრძნეშიც, რადგან „ლიდერი ყოველთვის მართალია“. ამგვარი „ჯგუფური სიბრძნე“ ერთსულოვნების –კონსენსუსის იმიტაციას ქმნის და იგი იმავე რიგის ჭეშმარიტებაა, როგორადაც რუკაა ტერიტორია.
ნებისმიერი განსხვავებული აზრი ანდა ბელადის/ლიდერის სიბრძნეში ეჭვის შეტანა იმთავითვე უკუიგდება და დიდი შანსია იმისა, რომ განსხვავებულად მოაზროვნე, საუკეთესო შემთხვევაში, ფიზიკური ზიანის მიყენების გარეშე მოიშორონ, როგორც უცხო სხეული და მან ამ „ინტელექტუალთა კლუბს“ თავი უვნებლად დააღწიოს; უარეს შემთხვევაში – სასტიკი დევნა/ცილისწამება დაუწყონ ანდა სულაც ფანჯრიდან მოისროლონ არა როგორც ჩეხეთში დეფენისტრაციის ეპოქის „სამართლიანობისთვის მებრძოლეობის“ ეგიდით, არამედ ყოველგვარი ისტორიზმის განცდის გარეშე, როგორც „ზედმეტი ბალასტი“: შევარდნაძის დროს შსს-ს შენობიდან „გადმოგდებულების“ თუ მოგვიანებით ხანაში კიბეზე ფეხდაცურებულების მაგალითებით. „დევნის, თვალთვალისა და სხვათა ხმის „მოკეტვის“ კულტურა“ კი სავსებით შესაძლებელია უნარ–ჩვევად გადაიქცეს.
სხვადასხვა ისტორიული ფორმაციის დროს ამგვარი „განდევნის ცივილიზირებულობაზე“ სიღრმისეულ მსჯელობას რომ თავი ავარიდოთ, საკმარისი იქნება, მაგალითად, მხოლოდ XX საუკუნის ორი ბრუტალურად ტოტალიტარის – სტალინისა და ჰიტლერის იმპერიების ძალადობის მასშტაბისა და მათ მსხვერპლთა გახსენება. სტალინის დროს ხორბლის გეგმის შეუსრულებლობას ხელისუფლების მხრიდან „გოლოდომორი“ მოჰყვა უკრაინელი გლეხის მტრად გამოცხადების გამალებული პროპაგანდის ფონზე, მას კი – შემზარავი მოვლენა, ადამიანთა შორის აღმოცენებული კანიბალიზმი, როცა მშობლები შვილებს ჭამდნენ; ჰიტლერის დროს კი „არიული რასა“ არაარიულების შვილებს გაზის კამერებში წვავდა, მანამდე კი ნივთებს (სათვალეებს, სამკაულებს და ა.შ.) გარეთ ატოვებინებდა, რათა შემდეგ „საყოფაცხოვრებო“ საჭიროებისთვის გამოეყენებინა.


გაიგებენ თუ არა ჭიანჭველები სიმართლის არსს, თუ ამას მათ ენაზე აუხსნიან ანდა ვინმე მათთვის გასაგებ საკომუნიკაციო საშუალებით „სპეციალურ სიმართლეს“ დაწერს, მიაწოდებს, ტვინში ჩაუდებს და ამით მათ დამქანცველი „წრიულ წისქვილისგან“ დააღზვევს, ბუნებრივია, რიტორიკულ კითხვად რჩება. ანდა ვინ უნდა „შექმნას“ ეს სიმართლე?: მარადიულმა ძმამ, კომფორმისტმა რევოლუციონერმა, „ერის სულიერობის მამამ“, “მენტალური უმცირეოსობის“ შემწყნარებელმა დიდმა ქველმოქმედმა, ადგილობრივი მნიშვნელობის მთავარმა სნობმა თუ ცის ღრუბლებში მსუფევმა მესიამ? იმ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, სადაც გაზეთი „პრავდა“ წერდა „სიმართლეს“ და სსრკ–ის მოქალაქეების სააზროვნო ორგანოს კვებავდა, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან სულ რაღაც 6 თვეში ქართველმა პარაოსტაპბენდერებმა „ახალი“ ბოსი ინატრეს და, „სამწუხაროდ“, ოსტაპის კომბინატორულ–კრეატიულ–არაძალადობრივ–თეთრსაყელოიანი ნიჭის უქონლობის გამო ის 11 სკამი ომითა და ნგრევით მოიპოვეს, რომლის მემკვიდრეებად რატომღაც საკუთარ თავს მოიაზრებდნენ, თუმცა საბოლოოდ მეთორმეტე სკამში მიმალული განძი – ვალუტა მათ მაინც არ ერგოთ. „ხანგრძლივ პერსპექტივაში“ იგი მხოლოდ ერთს მიეკუთვნა. საქართველოს კათალიკოს – პატრიარქს ილია მეორეს. რაც შეეხება „ქვედა დონეს“, სწორედ ძველმა კომკავშირლებმა და პარტმუშაკებმა ბიზნესი „რაღაცნიარად მოახერხეს“ (პრემიერ–მინისტრ ბ. ივანიშვილის ტერმინი), გაძვრნენ–გამოძვნენ, მიდგნენ–მოდგნენ, შეძვრნენ–შემოძვრნენ და საკმარისზე მეტად „იყოჩაღეს“; კანონიერ თუ არაკანონიერ ქურდებთან, კაგებეს თუ ხაზინის, პოსტსაბჭოთა კოოპერატივ/ბიზნესის ინსაიდერებთან საერთო ენის გამონახვით „იჩალიჩეს“ და ანარქია–განუკითხაობაში სუვერენულ/ქართული მარიფათის ადეკვატურად იხეირეს კიდეც. ამგვარი „რაღაცნაირობისა“ და „მოხერხებულობის“ გამოხატულებაა იმ პერიოდის ქართველი ცნობილი და უცნობი ცეხავიკ/ცეხავშჩიკები, როცა ჟურნალი „ფორბსი“ საბჭოურ და პოსტსაბჭოურ ბაზარს სათანადოდ ვერ აკვირდებოდა. ამ „უნარიანი საქმოსნობის“ ყველაზე უბერებელი კლასიკური მაგალითებია: ექსპრეზიდენტი ე. შევარდნაძე და მისი ოჯახის სატელეფონო შპს; ექსდეპუტატი ვ. რჩეულიშვილი და მისი სამშენებლო შპს; ექსსპიკერ ნ. ბურჯანაძის მამა ა. ბურჯანაძე და მისი სასაცხობე შპს და ა.შ.
***

როცა საქართველოს ისტორიაზე ფიქრობ, კერძოდ კი, 1918–1921 წლიდან დღემდე, ძალაუნებურად ცდილობ ქვეყნის პერიოდები, ისტორიის განმეორებადობის კანონზომიერებაზე გაცვეთილი გამონათქვამის გვერდის ავლით, მხატვრული ჟანრით მონიშნო. დამოუკიდებლობის მოპოვება /დაკარგვის წლები – ოპტიმისტურ/პესიმისტური ტრაგედია: სტალინიზმი – სასტიკი ტრაგედია; პოსტსტალინიზმი – სასტიკი ტრაგიკომედია; დამოუკიდებლობის მოპოვება/დაკარგვა – ფარსი ტრაგედია; ვარდების რევოლუცია – პოსტოტალიტარული, პარაკონვულსიური დრამა; „სამართლიანობის აღდგენის ხანა“ – ფანტასმაგორიული კარიკატურა–აბსურდი, როცა გონება ტოტალიტარული გზავნილების აღქმას ცდილობს არა სრული რაციონალიზაციით – „ხუმრობაში“ ტრანსფორმირებით, არამედ რეალურად ტრაგედიის რემიქსიზაციით, როცა სცენარი ნახევრად პრეაპოკალიფსურ, პრიმიტიულ, კომიქსურ–სიურეალისტურ ქართულ ტრაგიზმისა და სოცრეალიზმის ტრადიციებს ეყრდნობა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო ომის სარდალი თ. კიტოვანი დღეს აცხადებს, რომ „პოლიტიკიდან არასოდეს წასულა“ და მკერდზედიდჯვარდაკიდებული ბორჯომელებზე და „ბორჯომზე“ ზრუნავს, ანდა ყბადაღებული ლუსტრაციის კანონის მიღებიდან ორი წლისთავზე ამ ქრისტეს პერანგად ქცეული „კაგებეს არქივების“ გასაიდუმლოების გამო ჩვენს ზოგიერთ „ქართველ ექსპერტს“ რუსული კაგებეს ენით თავისუფლად მეტყველებისა და ზეგავლენის უფლება მიეცა, ანდა „რუსეთთან დალაგების“ პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს საზღვრის გადმოწევის დროს ხალხის რჩეულ პროდასავლეთელად ცნობილ თავდაცვის მინისტრის მცირე რეპლიკასაც ვერ ვეღირსეთ; არამედ იმითაც, რომ სამოქალაქო ომის წამხალისებელი „ილია მეორის მმართველობის“ (ასურეთის ანუ თეთრი წყაროს რაიონის კულტურის სამსახურის უფროსის ტერმინოლოგია) დროს „კულტურის მართლამდიდებელი მუშაკი“ და „მართლმადიდებელი მღვდელი და მრევლი“ ოგანიზატორებს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარების უფლებას არ აძლევს. ამიტომაც სრულიად ლოგიკურია შემდეგი დასკვნა: სწორედ „ევროპული ქვეყნის“ სოცრეალისტური კულტურის ჩინოვნიკი მართავს სახელმწიფოს; ორგანიზატორები კი იმის მაგივრად, რომ სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციური და საერთაშორისო უფლების დასაცავად ამ „ერის ხმას“ სასამართლოში უჩივლონ და საპტროტესტო აქციები მოაწყონ, მშვიდად ეძებენ ღონისძიების სხვაგან ჩასატარებელ ადგილს, აი, ამერიკელების ცნობილი გამონათქვამის არ იყოს - Kick the Can Down the Road. ეს იმ არხეინ ადამიანზე ითქმის, გზაზე დაგდებულ კონსერვის ქილას ფეხს რომ ურტყამს, სტვენა–სტვენით წინ მიაგრიხინებს, თან ერთობა იმ იმედით, რომ რახან ახლა „არც ის და არც საზოგადოება“ მზად არაა, ამიტომ სამომავლოდ გამოჩნდება ვინმე სხვა, რომელიც დაიხრება, აიღებს ქილას, მიმოიხედავს, სანაგვეს იპოვის და იქ ჩააგდებს; ანუ ხვალ ვიღაც, რაღაცნაირად „მოახერხებს“, „იჩალიჩებს“ და გადაჭრის ნაგვის სანაგვეში ჩაგდების პრობლემას, რათა ცარიელმა კონსერვის ქილამ „ფეხბურთის“ სათამაშოდ არ გვაცდუნოს. არადა მენაგვის თუ მეეზოვის არსებობის პირობებშიც კი სრულიად არ უნდა გამოირიცხებოდეს საკუთარი პასუხმისგებლობის კონცეპტი – „ მე თუ არა, მაშ ვინ“. სხვათა შორის, ასურეთის ქუჩაში Campbell’s Soup–ის თუ სხვა ბრენდის ცარიელი ქილის ფეხის წაკვრის ეს კომპოზცია პოსტსაბჭოური ქართული პოლიტიკური „სოცრეალიზმ – პოსტმოდერნიზმის“, ჟანრების აღრევის მშვენიერ მაგალითად გამოდგებოდა. ორი საუკუნის წინ ცარიზმის რეჟიმმა ასურეთში, რომელიც აღმოსავლელი მტრების შემოსევების გამო სრულიად დაცარიელდა, გერმანელები ჩამოასახლა. ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონში გერმანული არქიტექტურის კვალი დღემდეა შემორჩენილი. XX საუკუნეში კი იმ გერმანელთა შთამომავალნი რუსეთის ოკუპაციურ მე–11 არმიას სიხარულით შეეგებნენ, 1941 წელს კი ისინი სტალინმა გაასახლა. XXI საკუნის 10 – იანებში კი სოფლის თავკაცი „გეიური“ მუსიკის არდაშვებისა და მართლამადიდებლობის დაცვის ლოზუნგით თავის მიზანს ღიად აცხადებს: მას „ქართველად უნდა მიწაში ჩასვლა“ (ციტირება).


საქართველოს მაგალითზე ერთი რამ ცხადია: ზოგადად ტირანიის (მათ შორის თეოკრატიის) ძველმა სოციალურმა წყობამ კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოების დისფუნქციური მდგომარეობა, გნებავთ, შექმნა სამოქალაქო საზოგადოების ერზაცი, რომელიც გაეჭედა ფირალების გვერდით ილია მეორის – ერის მამის ხატსა და ლინჩის წესის ადეპტი 17 მაისის „უზრდელი მღვდლის“ იმიჯს შორის, რომელსაც საკუთარი თავი ურჩხულის დამმარცხებელი წმინდა გიორგი ჰგონია; „ზვიადისტობასა“ და „ეძიკისტობას“ შორის; „მიშისტობასა“ და „ბიძინიტობას“ შორის (შუაშისტობა არაფერ შუაშია); დისიდენტ მ. კოსტავასა და დისიდენტ ლ. ბერძენიშვილს შორის; რუხ კადრინალ ზ. ადეიშვილსა და რუხ კარდინალ გ. ხუხაშვილს შორის; „მოქალაქეთა კავშირის“ გენდმდივან/“ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მ. მაჭავარიანსა და „ქართული ოცნების“ ლიდერ დ. საგანელიძეს შორის; სანდრო გირგვლიანის მწამებელ – მკვლელებსა და არაერთი პატიმრის მწამებელ–ვუაერისტ ვ. ბედუკაძეს შორის; შიმშილისაგან გარდაცვლილ გოგიტა აბაშიძისა და ახლადარჩეულ პარლამენტარების/ ახლადდანიშნული მინისტრების ხუთნიშნა ციფრებიან პრემიებს შორის; არასათანადო სამედიცინო მომსახურეობისა და უსასხსრობის გამო გარდაცვლილ მშობიარეთა და მახათას მთის მანია – გრანდიოზა ხალხის ფულით აშენებულ ტაძარს შორის; „დასტაევსკისა“ და საქართველოში პროფესიონალიზმის მასტერკლასების ჩასატარებლად ჩამოსულ იმ რუსული მედიისთვის ქართულ – ჯიგრულ – სტუმართმოყვარულ დახვედრას შორის, რომელიც წლების განმავლობაში სისხლიან კონფქლიტს აღვივებდა („შეხვედრა ელბაზე“ რუსი ჟურნალისტების თანდასწრებით არა ფეისბუკზე, არამედ რეალურად მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ლანა ღვინჯილიამ გააპროტესტა, თუმცა ეს არც ერთ ნაციონალურ არხზე არ გაშუქებულა); ქაშუეთის სახურავიდან მთავრობის სასახლისკენ/მთამწინდისკენ გასვრილ „მუხასა“ და ლენინის/თავისუფლების მოედანზე აღმართულ ვ. პუტინის ძმაკაც, სოცრეალიზმის კაშკაშა წარმომადგენლის ზ. წერეთლის ოქროსფერ „წმინდა გიორგის“ შორის; გორზე ჩამოყრილ „ერთმორწმუნე მართლმადიდებელ“ ყუმბარებსა და „ქალის კულტის“ ქვეყანაში, სამთაწყაროში „ქართველი ერის სიწმინდის დაცვის“ მიზნით არაერთმორწმუნე მუსლიმის, ჰოჯას ცოლის ცემას შორის; „მოქალაქეთა კავშირ“/“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაგამოვლილ“ ნ. ბურჯანაძესა (რომლის იმედი ზ. ჟვანიას ჰქონდა) და თანამედროვე, როგორც მას უწოდებენ, ქართველ პროგრესისტების იმედს – კომუნისტ/რესპუბლიკელ დ. უსუფაშვილს შორის, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში შევიდა; 1992 წლის 2 თებერვალსა და 2011– ის 26 მაისს „ძალის გადამმეტებლებს“ შორის; დასავლელ ს. ზურაბიშვილს, რომელმაც თავისი მინისტრობის დროს საზღვრგარეთ აკრედიტირებულ ელჩებს ჩოხაში სიარული უბრძანა და არც ისე დასავლელი ბ. გუჯაბიძის პარლამენტარებისთვის ძველ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობის კანონპროექტს შორის; „უფლებადამცველ“, ობსკურანტულ „ასავალ–დასავალსა“ და ყვითელ „პრაიმ ტაიმს“ შორის, როცა საჯარო/ცნობადი პირები ამ უკანასკნელის სარეკლამო ბანერის ფონზე განცხადებების გაკეთებას არ თაკილობენ; სამოქალაქო ომებში მოკლულთა დაგვიანებული ვაი – ვიშით გამოქვეყნებულ სიასა და ადამიანების შეურაცხყოფისა და პირადი ცხოვრების აღმნუსხველ ფაილთა კოლექციას შორის; სისტემის ენთუზიაზმით დამანგრეველთა ხმამაღლა მარშ–შეძახილებსა და მღვდლის მიერ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის „ბოროტი სულის“ ეგზორციზმისას სასოწარკვეთილ ღრიალს შორის („ლაივში“ გადაღებული ეს მტკიცებულება ადამიანის წამების მუხლით გასამართლების საფუძველი შეიძლება გახდეს); კორუფციულ მილიციასა და პოლიტიზებულ პოლიციას შორის; „სამართლიან ხალხს“/„შურისძიების ბუნებრიობასა“ და ადამიანის უფლებებს/კანონის უზენაესობას შორის; მხედრიონელ მღვდელებს/კულტურის მუშაკებს, მათ მფარველთა და ბიზნესმენ ლ. ვასაძე/ ხელოვან რ. სტურუასა და მათ ფანატთა შორის; სსრკ/დსთ/რუსეთ/ევრაზიულ კავშირსა და ნატო/ევროსაბჭო/ევროკავშირს შორის; 1990– იანებში აღმაშენებელზე დაგდებულ გაყინულ გვამებს, იქვე ჩაცუცქულ ბირჟავიკ–ნარკომანების უცენზურო შეძახილებსა და ბერას „ყველაფერი ჩემი შრომით ვიშოვე“/ „მიყვარხართ ყველანი“ რეპ– პოეზიას შორის; ბოლშევიკურ ათეიზმსა და მართლმადიდებლურ კერპთთყვანისმცემლობას შორის; ცრუმემარცხენეობა თუ ანარქიზმსა და კიდევ უფრო ცრუმემარჯვენეობა თუ ლიბერტარიანობას შორის; ცნებებს „იმედსა“ (ტელევიზია) და „ოცნებას“ (კოალიაცია) შორის; ქსენოფობია/სექსიზმ/ჰომოფობიასა და 15 წლით თუ სამუდამოდ საზღვარგარეთ სამუშაოდ გაშვებულ დედა/ცოლს შორის, რომელთა მოპოვებული ფულით ევროპაში „პაეზდკა“, ჯიპი/ევრორემონტინიანი ბინის შეძენაა შესაძლებელი; ჯერ დამოუკიდებლობა, მერე დემოკრატია თუ პირიქით, და ორივეს ერთად არჩევის შეუძლებლობას შორის; აფხაზეთიდან დევნილი, დროებითი საცხოვრებლიდანაც კი გამოგდებული თვითმკვლელი ნანა ფიფიას ტრაგედიასა და ქართველი თინეიჯერის სცენაზე საჯაროდ კოცნაში ენრიკე იგლესიასთვის მილიონის გადახდას შორის; დანგრეულ საბჭოურ „იმელის“ შენობასა და ბათუმში გაშენებულ ევროპის ერზაცს – ესპნეთიდან „წამოღებულ“, მაგალითად, გაუდის არქიტექტურის ასლს შორის; ლამის ტოტალური შიმშილობის დროს დეპუტატის ცოლის მიერ ნიანგის ტყავის ჩანთით ტრაბახსა და პრეზიდენტის მიერ „მოძმე რუსი ხალხის“ კულტურის წარმომადგენელ იმ რეჟისორ ნ. მიხალკოვის შვილის ქორწილში მიბრძანებას შორის, რომელიც ხოტბას მარტო ვ.პუტინს კი არა, ბატონ–ყმობასაც ასხამს, როგორც ყველაზე პროგრესულ ფორმაციას; გამსახურდიას ბრონირებულ „მერსედესსა“ და მრავალათეულ მილიონად შეფასებულ შსს–სა თუ საპატრიაქროს „მსუბუქ ავტომანქანებს“ შორის; ლეიკემიით დაავადებულ მირზა ცეცხლაძის გადასარჩენად ვერშეკრებილ 100 ათას ევროსა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თვეში 15 ათასლარიან სახელწოფო ხელფასს შორის; ამ ბიუროში სახელმწიფოს მიერ ქალიშვილობის 175/350 ლარის საფასურად გაცემულ მოწმობასა და „უძველესი ევროპელების“, დმანისელი მზიასა და ზეზვას სიყვარულს შორის; სიმღერებს „სამშობლო, სამშობლო“ /“გიხაროდენსა“ და „მიშა მაგარია“/ „ჰიპ – ჰოპ ვალსს“ შორის; სიმართლისთვის სასტიკად დასჯილ, პრინციპულ ჟურნალისტ ნაზი შამანაურსა და „პრინციპულ“ ჟურნალიტს შალვა რამიშვილს შორის, რომელიც ადვილად პოულობს საერთო ენას მის ცილისმწამებელ კ. ბექაურთან; სურვილიც კი არ უჩნდება, რომ უჩივლოს, რათა „სამართალი აღდგეს“, რადგანაც მთავარია, არა ვისთან ვმეგობრობთ და „განსაკუთრებულად ვთანამშრომლობთ“, არამედ – ვის წინააღმდეგ. მთავარია, ვინაა ჩვენი და ვინ იმათი „სუკინ სინ“. აი, როგორც რუსული სპცსამსახურების მიერ აგორებულ და „ინტელიგენციის“ მიერ სიხარულით ატაცებული „პროვინციული ფაშიზმის“ კლიშე და მისი „დაგმობის“ სტრატეგიაში: ფაშიზმს „ებრძვი“, მითუმეტეს, „პროვინციულს“, რადგანაც ფაშიზმი ქართულ –გლამურული, მაგალითად, სტალინური საამაყოა; პროვინციელს უნდა გაემიჯნო და ამ ფსევდოომში ძირს ადამიანი – ნაფოტებიც უნდა იყრებოდეს და ამიტომ კაგებეშნიკი „თეთრი მელას“ თბილისში ჩამოსვლა უნდა გიხაროდეს. მას ხომ „კინოს“ სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცებია და თანაც „რაღაცნაირად ყველაფერს ახერხებს“, რადგანაც ეშმაკია, „ჭკვიანი გაიძვერაა“, ისე მოგატყუებს, რომ აღფრთოვანდები. აი, გენშერსა და ბეიკერს ხომ დაუმეგობრდა, მამათიდან, ნახეთ, სად „გაიქაჩა“ და საერთოდაც: ნაცარქექია უფრო „მაგარია“, ვიდრე ივანუშაკა დურაჩოკი დევი.



ესაა ქართული სოცრეალიზმის მისტფიცირებული „ტიტანების“ კონცეპტუალური ლოგიკა, როცა აქ და ამჟამად ასეთი სპეციალური სიმართლე/ სპეციალური ლოგიკაა მომგებიანი: რახან „საქართველოს ხერხემალმა“ 2007 წლის 7 ნოემბერს პროტესტანტები დაარბია, ამიტომაც 2008 –ის აგვისტოს ომიც მ. სააკაშვილის დაწყებულია, რუსის ჯარი კი საერთოდაც, ჩვენს დასაცავად შემოიჭრა. ანდა რახან პრემიერი ბ. ივანიშვილი მილიარდერია და მისი ქონება საქართველოს ბიუჯეტს უტოლდება, ამიტომ საქართველო ეკონომიკური სასწაულს ვერ გადაურჩება. ანდა რახან რუსეთი დიდია, ჩვენ კი – პატარა, საქართველო თავისი არსებობით ამ დიდი ძმის ერთმორწმინე/მართლმადიდებელი ხახის დაღებას არ უნდა პროვოცირებდეს. მოკლედ, შნოიანი და ფულიანი „ალფა –ხვადი“ გვჭირდება. ოღონდ კისერზე პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ჯვრით. სასურველია ეს ჯვარი დიდი იყოს და თან ბაჯაღლო ოქროსი. თუ ბრილიანტებით მოჭედილი იქნება, ხომ მთლად უკეთესი.
ქართველ უფლებადამცველთა და იურისტთა ფრაზები: „ქვებით ჩაქოლვა ცუდია, მაგრამ ....“, „კანონი ყველასთვის ერთია, მაგრამ...“ ერთგვარი საფუძველი გახდა არა მხოლოდ ვირტუალური ძალადობისა თუ სიძულვილის ენისა, როცა ფეისბუკის ჯგუფს „50 ნაციონალი, რომელიც უნდა სცემო, სანამ ცოცხალი ხარ“ დაუპირისპირდა „50 ქოცი, რომელიც უნდა სცემო, სანამ ცოცხალი ხარ“, არამედ ქუჩაშიც გადაინაცვლა. ამ ძალადობას კი ზემოხსენებული „მაგრამ“–კონტენტიანი ფრაზების ავტორები, ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, წაახალისებენ. დისფუნქციური ცივილიზაციის არამეტაფორული სტლინურ/ტოტალიტარული იმიჯები კი გარშემო ტრიალებენ და ამ ფენომენის ასახსნელად ვერც ორმაგი სტანდარტი და ვერც შერჩევითი სამართლისა და ასეთივე მეხსიერების კატეგორიებით რეფლექსიაა საკმარისი და ვერც სტალინის ძეგლების მომრავლებასა და იმ საპრეზიდენტო კანდიდატზე ქირქილი, რომელიც აპირებს იყოს „კეთილთვისებიანი სტალინი“(ციტირება). თუმცაღა ერთი რამ ცხადია, პრობლემა სცდება ყბადაღებულ ქართულ „ჩვენი ხალხი/ იმათი ხალხის“ პარადიგმას და ერთობ ორდინარულ, საერთო ნიშნულებამდე მიდის: სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების ლამის გადაუწყვეტელ პრობლემამდე. მაგრამ არა ვერაგი მეზობლის ანდა მასზე ეკონომიკური დამოკიდებულების დისკურსით, არამედ იმ სავალალო „ეგზისტენციით“, როცა თავად საქართველომ ვერ და არ სცნო თავისივე დამოუკიდებლობა. ერთი შეხედვით, რამდენადაც პარადოქსალულად არ უნდა ჟღერდეს, ქართველი 22 წლის მერეც დგას იგივე არჩევანის წინაშე, რომელიც, როგორც ჩანს, ორი ათეული წლის წინ გააზრებულად არ გაუკეთებია, არამედ მხოლოდ 9 აპრილის ტრაგედიით სიტუაციურად მოზღვავებული ადრენალინის, უძლურებისა და სისუსტის მწვავე განცდების ფონზე, მაგრამ არა 200-წლოვანი გუბერნიობისა თუ 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიზმის გამო.
განზოგადების გარეშე, ბუნებრივია, უამრავი ადამიანია, ვისთვისაც საქართვეელოს დამოუკიდებლობა მისი პირადი, სრული სერიოზულობით გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მაინც, მავანთა ქცევა ძველი კაგებეშნიკების დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა – გადაბარგებას ძალიან ჰგავს, როცა ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, მათი (სპეცასამხურების მუშაკების) ეს ნაბიჯი სულაც არ იყო დასავლეთსა და თავისუფლებაზე მეოცნებე დისიდენტის გმირობა, არამედ სულ სხვა რამ: იმ ქვეყანაში გაქცევა და იმ ქვეყნის სიკეთეებით სარგებლობა, რომელსაც წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დისკრედიტირებდნენ, განპირობებული იყო იმით, რომ „უცებ“ ცუდ საბჭოეთს კრიზისისა და ქაოსის დასადურების გამო „კარგი ფული“ და მისი შოვნის ულიმიტო საშუალება ამოეწურა. ჰოდა, ისინიც გაიქცენენ იქ, სადაც ღია საზოგადოება ვერასოდეს გაიგებს, თუ ვინ და რა „სოციალური კაპიტალის“ ადამიანები, მათ შორის გულაგის წამრატებული იდეოლოგები, შეიკედლა. საქართველოს შემთხვევაში კი საკითხი ბედის ირონიით „უფრო მარტივად“ იდგა. სახელწმიფოებრიობის საწყის ეტაპისთვის კი სულ „მცირედი“ რამ იყო საჭირო. კაგებეს მხარეს „პერებეჟნიკობა“ მტკივნეული, მაგრამ საჭირო „ლუსტრაციით“ უნდა გამორიცხულიყო. მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა გამსახურდიას, მითუმეტეს, შევარდნაძის დროს, მაგრამ „გასაკვირია“, რატომ არა სააკაშვილის დროს და არაა გასაკვირი – რატომ არა ივანიშვილის დროს. ახლა კი პრობლემურ მდგომარეობას რუსეთთან ქართული „პერეგრუზკის“ გამოცხადებითა და ტერიტორიის მთლიანობის მცოცავი ოკუპაციითაც დაკარგვის პორობებში, ჟენევის ფორმატის გარდა, „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები კარასინი – აბაშიძე და ეკლესია „ალაგებს“, ამიტომაც შედეგი ასევე ადვილად პროგნოზირებადი ხდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი „უჩინარი“ დეტალი: როცა რუსული კომპარტიის/ომის/სპეცსამსახურების მუშაკები დასავლეთში გაქცევაზე ფიქრობდნენ და ამას „რაღაცნაირად ახერხებდნენ“, ჩვენებურებმა, როგორც იტყვიან, უბრალო მოკვდავებმა, რუსეთის „ადამიანური სახის“ დაბრუნება დაიწყეს და ისევ „ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსტის“ სტატუსის მოპოვება მოინდომეს: „ჩიტო – გვრიტოს“, „ქინძმარაულის“, „ნაშებში გულაობის“ ეშხითა და საბჭოური ინტელექტუალური „კუხნის“ კედელზე სქლად ნაქსოვ როლინგში გამოწყობილი ჰემინგუეის ჩარჩოინი პორტრეტის ქვეშ ჭიქის წაქცევით. იმ ამერიკელი მწერლის, რომელიც ასევე კაგებეს აგენტი ყოფილა.
აღმოჩნდა, რომ რუსი და ქართველი „ინტელიგენტები“ ამგვარ ძალადობრივ სივრცეში ერთმანეთს ისევ ეძებენ, მაგრამ არა ხელების „ცეცებ – ცეცებით“. უფრო სწორად, ქართული მხარე ეძებს. ამიტომაც არაა გასაკვირი რუსეთის მიერ ცალ კარში თამაშის წესების დაწესება, განსაკუთრებით, 1990–იანებში საქართველოდან საშოვარზე წასული ქართველების სამშობლოში კუბოებით დაბრუნება და ქართველებზე დღედაღამ „ზრუნვით“ „რეჟიმ ჩეინჯის“ არაერთი მცდელობა; ჩვენგან კი ილია II – ის „დიპლომატიური სვლა“ პუტინისა და პატრიარქ კირილეს ქებით და კვლავ ჩვენი პოლიტიკურ – სოციო – კულტურული ცხოვრების „აქტორი“ ქართული მინერალური წყლით, რომლის პრივატიზაცია/გასხვისებას ვინ დარდობს? რუსეთს შეფარებული „მართლმადიდებელი რევოლუციონერი“ თ. კიტოვანი.
თითქმის პარალელურად კი მიმდინარეობს კინორეჟისორისა და მსოფლიოს მშვიდობის ელჩის (ოფიციალური წოდება) რეზო ჩხეიძის რუსულენოვანი ფილმის „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ პრეზენტაცია, როგორც „ქართული ოცნების“ მტერზე გამმარჯვებელი ბრძოლის“ (ციტირება) მხარდამჭერი აქცია, რომელსაც მომავალი „არაანგაჟირებული“ გენპროკურორი ა. კბილაშვილი კონფერანსიედ უძღვება. რეჟისორის, რომლის კრეატივის დეტონაციების ამპლიტუდა ადვილად დაიმზირება: „რაიკომის მდივნიდან“, რომლისთვის აღებული „ლენინური პრემია“ მან 9 აპრილის შემდეგ უკან დააბრუნა, ვიდრე სსრკ–ის ფანი ნ. მიხალკივის ხელიდან „კინემატროგრაფიაში გამოჩენილი ღვაწლისთვის“ აღებული პრიზით ხელში, მოსკოვში რუსი ერთმოწრმუნეების წინაშე წარმოთქმულ სერვილურ სიტყვამდე, რომელშიც ჩხეიძე არაორაზროვნად საქართველოს დამოუკიდებლობის ნიველირებაზე მიუთითებს: „ვ სტრანე ნაშეი, ია იმეიუ ვ ვიდუ სეიჩას გრუზიუ“.
ჰოდა, რუსი ძმებისან ისევ генацвале – უკუკავშირს იღებს – „დარაგოი რეზო, გრუზინსკი ბრატ“. 17 მაისს კი ვიღებთ ამ „ბრატობის“ კულტივირების მაგალითს: რუსთაველის გამზირზე რუსეთში, ოფიციოზის სცენაზე „ერისიონის“ გასტროლებგამოვლილი ლოტბარის აღფრთოვანებულ მისალმებას „გმირ“ ჰომოფობებთა მსვლელობისადმი, რაც ჩვენ ჩვენს „პატრონ“ „ველიკაია რასიასთან“ კიდევ უფრო გვაახლოვებს. სამართლიანობა მოითხოვს, ამ ქართულ–რუსულ არქეტიპულ პორტრეტს ერთი–ორი შტრიხი დავუმატოთ. განა ყველა კანონიერმა ქურდმა ანდა ტოტალიტარისტმა ჩვენს ჩრდილოეთელ მეზობელს მიაკითხა? სულაც არა. ბევრმა ესპანეთ–საფრანგეთ–ავსტრიაში მოიკიდა ფეხი, „აღორძინების“ ერთ–ერთმა აქტიურმა წევრმა კი, აშშ–ში. და კიდევ: ქართული „სოცრეალისტური“ Pulp Fiction –ი (კ. ტარანტინოს ფილმი „ კრიმინალური საკითხავი“. მას „მაკულატურასაც“ უწოდებენ) „სულიერი გადარჩენის“ ტრაგიკომიკური სტრატეგიასაც მოიცავს. ესაა „ქრისტიანული სახის“ შენარჩუნების მცდელობა. სამარშრუტო ტაქსში ეკლესიის ახლო–მახლო ჩავლისას პირჯვრის ინტენსიური გადაწერა, როცა სალონში საჭესთან სტალინის ფოტოა გაკრული, ანდა მანგლისში კერპთაყვანისმეცმლური ფალოსის გვერდით მოთავსებული რელიგიური სიმბოლო ჯვარი. როგორც ჩანს, მასკულინური ქვის სასქესო ორგანოს გაქრიასტიანების აღსანიშნავად.
ქართულ საზოგადოებაში ფეხს იკიდებდა და იკიდებს ერთგვარი „თანამედროვე ეთიკა“, რომლის შემქმნელები ყოველთვის ზედაპირზე ტივტივებდნენ, იტივტივებენ და ნებისმიერი პოლიტიკური ფორმაციების დროს არასოდეს, არსად ჩაიძირებიან, რადგანაც მათ ხალხმა თავზე ყველა დროისა და სიტუაციის „ხელშეუხებლობის ნიმბა“ დაადო. უბრალოდ, სხვა “სანიმბე“ არა გვყავს არგუმეტით „სხვა უკეთესი რომელია“, ანდა „რაცაა, ესაა“, ბაზალეთი კი დუმს. მთელი არსი ამ სტალინიზმზე თუ ფსევდოჰუმანიზმებზე მიბმული 17 მაისის „ბროლის დღისა“ ერთმა საეკლესიო მაღალიერარქმა, შესაბამისად, „მაღალპასადკიანი“ ჯიპის მფლობელმა გამოხატა, რომელიც „მასკვა გოროდში“ პატრიარქს დაჰყვება და რომელმაც კვლავ გამახსენა ჭიანჭველების უმიზნო და ლეტალური სვლა: „როგორ გაბედეს ამ ადამიანებმა (გეიებმა, ჰომოფიბია/ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა) და ავტორიტეტებს შეეწინააღმდეგნენ. ეს გაუგონარი საქციელი და ღვთის გმობააო“. და ეს ფრაზა სრულიად ადეკვატურია არსებული ტოტალიტარული იდეოლოგიისა. ყოველგავრი ფროიდიზიმისა და მეტაფორიზმის გარეშე, საბჭოური იდეოლოგიის პატრიარქებს, რომლებიც განვითარების ინფანტილურ ფაზას მუდმივად პოსტულირებენ, დღეს ჰყავთ ზემამა (ილია II), რომელიც მათთვის უტილიტარისტული მიზნების ყველაზე მარტივი დამკმაყოფილებელია, და დედის (ქართლის დედა) ძუძუ, თუნდაც ქართული ხაზინის სახით. ამიტომაც სტალინის ხატების კურთხევა თუ მისდამი მადლიერება სცდება ტრაგედიას, როგორც წმინდა მხატვრულ ჟანრს და მას მყისვე აკარიკატურებს.


ამგვარი სცენარი კი მრავლადაა: მაგალითად, პრეზიდენტ მ. სააკაშვილის მიერ ეკლესიის ვითომდა კონკორდატის მუხლების შესრულება, სინამდვილეში კი მოსყიდვა, თუმცა ეს კორუფციული გარიგება მისდა სასაკეთოდ მაინც არ დამთავრდა. მოსყიდულმა ხელსაყრელ მომენტში ზურგი აქცია და სულ საპირისპირო მიმართულებით, უფრო სწორად, ჩვეული მიმართულებით უფრო ინტესნიურად დაწყო ცქერა, ვიდრე მანამდე. მაშინ, როცა ამ თანხის გამოყენება უფრო უპრიანად შეიძლებოდა. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების თავკაცის ე. კოკოითის მოსასყიდად თუ საყიდლად. ამის საშუალებას ეს კაცი იძლეოდა და ამაზე არაერთ რუს თუ უცხოელი ექსპერტს ჩვენთვის არაერთხელ მიუნიშნებია. გროტესკული კარიკატიურაა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი 300 მეტრით საზღვრის გადმოწევის გამო რუსულ მავთულხლართების ფონზე ეზო–ბაღ–სახლ–გაყოფილ, დაუცველ, უსუსურობისგან ატირებულ, ღმერთით მიტოვებული ქართველების სახეებს აჩვენებს და მომდევნო სიუჟეტში სენაკში ანტიკური ხანის ციხე–ქალაქ ნოქალაქევის (UNESCO–ს სიის კანდიდატი) მუზეუმ–ნაკრძალში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის მიერ „შავფაროსანთა“ პროექტის პრეზენტაციას აჩვენებს, სადაც იარაღმომარჯვებული ქართველები ერთმანეთთან ხმალაობენ, ხოლო სიუჟეტი ასეთი სიტყვებით სრულდება: „ქართველი ოდითგანვე ათასი ჯურის მტერს ებრძოდა“, მერე კი ტელევიზია უცხოეთის ამებებზე მდორედ გადადის, კერძოდ კი, აშშ–ის „ნიუსების“ ჩვენებაზე. კადრს მიღმა კი ისმის რუსი დიქტორის ხმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინასნებულ ტელევიზიას ისიც კი ეზარება, რომ ინფორმაცია ამერიკული არხებიდან თავად შეკრიბოს, დაიჯესტი გააკეთოს და საქმე (ამ შემთხვევაში ინფორმაცია) ისევ „ჩერეზ კრემლით“ არ „გაახერხოს“. თუმცა, თუ „საქმე–საქმეზე“ მიდგა, მავანს რომ ჰკითხო: „რაის რუსული!“, ქართული ენა ევროპული ენების პროტოენაა და განკითხვაც მხოლოდ ამ ენაზე იქნებაო. ანდა „იუნესკოს“ მიერ „ვეფხსიტყაოსნის“ გამოცემების უძველესი კოლექციის მსოფლიო დოკუმენტური მეხსიერების ნუსხაში შეტანის სასიხარულო ცნობის პარალელურად, როცა კადრს მიღმა ყველაზე დაზეპირებული ციტატა - „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ ისმის, თითქმის სინქრონულად მედია რუსეთში, სოჭის ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი სპორტსმენების მომზადებასა და ოლიმპიური კომიტეტის წევრთა საქმიან ფუსფუსს გვიჩვენებს. აი, კიდევ ერთი „კარიკატურაც“: 1776- სტროფიანი ძველი ქართულით ნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვა–შეყვარება, საჯაროდ ამ პოემის კითხვის დამკვიდრება, „რუსთაველი ჩვენი ყველაფერიას“ ძახილი და ქართველი პოლიტიკოსები/ საზმოღვაწეები, რომლებსაც ომბუდსმენის ანგარიშში 10 გვერდამდე თანამედროვე ქართული ენით დაწერილი ციხეში პატიმრებისადმი არაჰუმანური დამოკიდებულება რომ ვერ და არ წაიკითხეს და პასუხისმგებლობას პრინციპით „არცოდნა არცოდვააო“ იშორებენ. „წარმატებული რეფორმისა“ და „სამართლიანობის აღდენის“ დაძმაკაცება: როცა ქურდისთვის დანაშაულის შეკრებითობის პრინციპის მიხედვით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 6 ცალი საბურავის მოპარვისთვის შეიძლება მიესაჯათ. პროკურორის ლოგიკით, ავტოფარეხიდან იგი ერთ ჯერზე მხოლოდ 2 საბურავს გამოიტანდა (ვთქვათ, სასჯელი 2 საბურავზე 2 წელი), ანუ ბრალდებულმა სხვის ტერიროტორიაზე სხვისი ქონების დასაკუთრების მიზნით ერთხელ შეღწევის შემდეგ უკანონოდ კიდევ 2- ჯერ შეაღწია, რადგანაც 6 საბურავს ერთ ჯერზე ვერ გამოიტანდა და ამ დროს რეზო ჩხეიძის ფანი გენპროკურორი საკუთარი ინიციატივით წამებაში ეჭვმიტანილ და არაერთი პატიმირის მიერ სახალხოდ არაჰუმანურ მოპყრობაში შემჩნეულ ციხის თანამშრომელს ათავისუფლებს, ხოლო სამართლიანი და კანონმორჩილი სასამართლო პედოფილიაში ბრადლებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. კარგი იქნებოდა, ჩვენი დროის გმირების „არაჩვეულებრივ გამოფენას“ კიდევ ერთი შემატებოდა: „ქართული გულგრილობის“ საგამოფენო ექსპოზიციაზე ადვოკატების დიპლომებიც გამოიდოს, ოღონდ უორჰოლის Campbell’s Soup –ის რიგის მსგავსად, იმ „სამჯერ ორსაბურავებიანების“ დამცველი , რომლებსაც იურისტის დიპლომი აქვთ და მთელი მსოფლიოს გასაგონად არ იმაღლდნენ ხმას ციხეში პურის ქურდობისთვის გამწესებული ადამიანებისთვის დისპროპორციული სასჯელის შესამცირებლად. როგორც მინიმუმ, პიკეტს მაინც არ აწყობდნენ სასამართლოს ანდა პროკურატურის წინ ანდა ფეისბუკზე გვერდს მაინც არ ქმნიდნენ, რათა ადამიანებს სოცმედიის სივრცეში მაინც გაეგოთ, რეალურად რა ხდებოდა ჩვენსა და სხვის თავს. ამას კი სულაც არ სჭირდება სამოქალაქო აქტივიზმის დიდი ისტორიული ფესვები, პრეზიდენტად – ვაცლავ ჰაველი, ხოლო პატრიარქად – სერბეთის პატრიარქი პავლე და სამოქალაქო ღირებულებებზე „ბლა, ბლა, ბლა, ბლა“. ამას სჭირდება ელემენტარული პროფესიონალიზმი.
ქართული „სოცრეალიზმი“, ფაქტობრივად, ტარანტინოს ქართული Pulp Fiction– ია, რომლის ერთ–ერთ სიუჯეტში ორი ბანდიტი ადამიანის მოკვლამდე მის კართან ბიბლიას, უფრო სწორედ, იეზეკიელ წინასწარმეტყველს თავისი ინტრეპრეტაციით ციტირებენ და „ჭკვიანურ რაღაცეებზე“ საუბრისას ტარანტინოს მიერ გამოგონილი „ჰავაის სწრაფი კვების“ ქსელის ბრენდს უცნაური სახელით, „ბიგ კაჰუნა ბურგერს“ აგემოვნებენ. ეს „კაჰუნა“ იგივე მასობრივი მოხმარების „ჩიზბურგერ – ჰამბურგერია“. აი, როგორც ჩვენი გიგანტური ხაჭაპური, ოღონდ Junk Food–ი (ნაგავი საკვები) და ძალიან ჰგავს ჩვენს გაბერილ–გაფხორილ რეიტინგულ ღირებულებებს: ტრადიციულად, პოპულარობის ზენიტშია ეკლესია–პატრიარქი, რომლის კრედო სულ უფრო მეტად თალიბანის იდეოლოგიას ემსგავსება, „მრევლი“ კი თავს პუტინისეულ „უნიტაზში დასველების“ ღირსებად თვლის და მაინც რეიტინგშენარჩუნებული პოლიცია. ის სამართალდამცავი ორგანო, რომლის „კრიმინალური საკითხავი“ ქვეყანაში „სისტემის დანგრევის“ საბაბი გახდა. პრინციპით - „რა იცი, რა ხდება“ – ზევით ღმერთი/პატრიარქი და ქვევით კი ჩვენსავე ფულით დაფინასნებული „სარანგები“ არ გაგვიწყრნენ.

“სწორია, რომ შევედით სამეგრელოში. ეს ჩვენ ადრე უნდა გაგვეკეთებინა. ყველამ უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი, ჩვენ უნდა გავანადგუროთ პროვინციული ფაშიზმი და განვახორციელეთ კიდეც. როდესაც ბოროტ ძალას ებრძვი, ზედმეტია წუწუნი გაუპატიურებაზე და მსხვერპლზე. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო.“ – ამბობოდა ე. შევარდნაძე (სატელევიზიო ინტერვიუ. 24.06.1994 წ.). ტრადიცია გრძელდება: ბოლშევიკები მენშევიკებს უკრძალავდნენ ხმის ამოღებს, კომუნისტები – ანტიკომუნისტებს, „ზვიადისტები“ – კომუნისტებს, „ეძიკისტები“ – „ზვიადისტებს“, „მიშისტები“ – „ეძიკისტებს“, „ბიძინისტები“ – „მიშისტებს“ და ასე, დაუსრულებლად. ზოგადად, ისტორიული ბუნდოვანების პერიოდში სწორედ ნგრევის ვნების სრულიად ასოციალური და უსამართლო ენერგიაა ღირებული, საკრალური და არაა გასაკვირი, რომ იგი, ჩვენდა სამწუხაროდ, აკუმულირდა არა მარტო სეკულარულ ძველ, შუათანა თუ ახალ თაობაში, არამედ უპირვეველესად ყველაზე ძლიერ და დახურულ საბჭოური „სოცრეალიზმის“ რელიგიურ ინსტუტიციაში – „ეკლესიაში“, რომლის მანიპულატორულ–სპეკულატორული არსი დიდი ხანია გასცდა ყოველგვარ არსებულ და არარსებულ ზღვარს.
1992 წ 2 თებერვალს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა – „მხედრიონელმა“ თ. ხაჩიშვილმა (იგი უშიშროების მინისტრიც იყო, მოგვიანებით კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის არაერთხელ „აღნიშნა“), როცა მას ჰკითხეს, რატომ მოკალით უირაღო ადამიანებიო, განაცხადა: „დარბევის იარაღი ყველას თავისი აქვს. ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს – მღვდლის ცოლიო“. ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, ვფიქრობ, არავინ ელოდა იმას, რომ იგი კომუნისტურ პარტიას ასე ოპერატიულად ჩაანაცვლებდა. არადა, ახლანდელი გადასახედიდან ეს ხომ ასეთი აშკარა იყო. პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში, რომლის კონსტიტუციის მიხედვით (IX მუხლი) ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ხაზგასმითაა აღნიშნული, 1990 –იან წლებში „ბლატნოი სიმღერების კონცერტების“, პოლიციის გაკრიმინალიზირებების პირობებში თავადაც ეკლესია გახდა ნახევრად კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის ანაფორებს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებში ეჭვმიტანილები თავს აფარებდნენ და დღეს ეს საეკლესიო „ძველი ბიჭები“ სხვათა „სოდომ–გომორას ცოდვას“ განიკითხავენ. გარდა ამისა, საპატრიარქოს არც ის უნდა დავუკარგოთ, რომ სამოქალაქო ომების თავკაცებს განა ფარულად, არამედ ღიად, „პო ბრატსკი“ გაუმაგრა ზურგი, რითაც, ფაქტობრივად, საქართველოს სსრკ–ის წიაღში დაბრუნება, საკუთარი ავტოკეფალიის არსებობის ეჭვქვეშ დაყენება და ქვეყნის რეგიონების გასხვისება აკურთხა.
იმ დროს, როცა სამეგრელოს მიწაში ინკვიზიციის ვიდეოკადრების საბადოს მოპოვება დაიწყეს, რომლის კინოსეანსირება „კეთილმსახურმა“ საზოგადოებამ მოითხოვა, ქვეყნის ამ რეგიონის აოხრების ტრიგერ–პერსონები პარტიულ ყრილობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს და ისინიც წელგამართულნი ინტერვიუებს იძლეოდნენ; ერთი „ნამდვილი თბილისელი ვაჟკაცი“ კი ქართველი ცნობადი ინტელიგენტების გამოისობით მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიც კი გაამწესეს, ხოლო ცოცხლები დღეს ბიუჯეტიდან, მათ შორის, ბუნებრივია, სამეგრელოს რეგიონიდან შემოსული თანხით პენსიას იღებენ, როგორც ეს „სპეციალური სიმართლის/სამართლის“ კოდექსს და ადათ – წესს შეესაბამება.


სტალინიზმის ეპოქის გერმანელი მკვლევარი ჰანს გიუნტერი თავის წიგნში „ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც ხელოვნებათა სინთეზი. სოციალისტური კანონი“ წერდა, რომ სტალინიზმი გახლდათ „ცხოვრების ყველა სფეროს ძალადობრივი ჰარმონიზაციისა“ და „ხელოვნებისა და ცხოვრების უტოპიური შერწყმა“. სრული „ჰარმონიული“ სურათის შესაქმნელად სამოქალაქო ომის დროინდელი რუსთაველის, „კერასინკის“ ბოლისგან გაშავებული კედლების, სააკაშვილის ტურისტული იდეების და მართლმადიდებელ ტაძართმშენელობასთან ერთად დღეს საკვანძო სხვა რგოლიცაა: პრემიერ–მინისტრის ხელოვნების შედევრებიანი მინის ბიზნესცენტრი და მის მიერ შექმნილი ძალაუფლების ვერტიკალი ახალი „სოცრეალიზმის“ პარადიგმაა, როცა ჭორვილიდან – პარიზამდე, მოსკოვიდან – საქართველოს პრემიერ – მინისტრამდე თითქმის იგივე „ტრამპლინია“, როგორიც მამათიდან – საქართელოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივნამდე, სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრამდე და საქართველოს პრეზიდენტამდე. ეს სცენარი კი მხოლოდ ერთი შეხედვითაა ჰოლივუდურ/ ბოლივუდური „ჰეპი – ენდის“ ჟანრის: არაფრის მქონე „მეოცნებე“ უცებ „სელებრითი“ კი არა, მდიდარი, ძალაუფლებიანი ცნობადი სახე ხდება. ეს წმინდა წყლის „სოცრეალიზმია“, თავისი იმედ/ოცნება გარეული Pulp Fiction –ით. ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ „დიდი დემიურგების“ ნაფტალინის სუნიან მითოლოგიური აზროვნებას მეორე სუნთქვა გაეხსნა და სადაცაა „ქვედა დონის“ ჭიანჭველური სვლაც დაიწყება. მეომარ ჭიანჭველათა „წრიულმა წისქვილმა“ „ევროპისა და აზიის გზაჯავრედინზე“ დროისა და კონტექსტის გათვალისწინებით ეს მოძრაობა კომიკური, გამომფიტავი და ტოტალიტარული გახადა. უბრალოდ, ამ ჯერზე რუსეთის კი არა, ევროპის გაკვირვება გვინდა, მაგრამ არა დემოკრატიით, არამედ სულ სხვა ულტიმატუმ–დისკურსის მუდმივობით: სიმბოლურად თუ არასიმბოლურად ბელადს/ლიდერს ან კლავ, ან უჩოქებ, რომ არ წავიდეს/არ მოკვდეს. ამ მოჯადოებული წრიდან კატაპულტირებისთვის კი არც შესაბამისად გამართული ხელსაწყო გვაქვს, არც უნარ–ჩვევა და არც იმ შიშის დაძლევის გამბედაობა და უნარი, რომელიც გვაუძლურებს: თითოქოსდა მიწაზე დანარცხებისას საკუთარი თავითა და ხელებით ფეხზე წამოდგომას ვერ შევძლებთ.

08.01.2013
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment