Friday, May 16, 2014

პოლ ტეილორის ცეკვა წყალში

იმ დღეს ნამდვილად ღირდა ლინკოლნის ცენტრის დეივიდ ჰ. კოხის თეატრში პოლ ტეილორის საბალეტო დადგმების – "გახლეჩილი სამეფოს", "დანტეს ვარიაციებისა" და "სასაცილო ქაღალდების" ნახვა, თუნდაც იმიტომ, რომ წარმოდგენის ბოლოს (იგი ხელოვანის შემოქმედების 60 წელს მიეძღვნა), ამერიკის ცოცხალი ლეგენდა პოლ ტეილორი, რომელსაც წელს 84 წელი უსრულდება, სცენაზე თავის დასთან ერთად გამოვიდა და მაყურებელს მიესალმა.
 პოლ ტეილორი XX –XXI საუკუნის ამერიკის საბალეტო ხელოვნების ერთ–ერთი უმთავრესი ფიგურაა. ბალანჩინი მასზე ამბობდა: "ბალეტში დედამთილები არ არიან, სამაგიეროდ, ტეილორის ცეკვებში უბედური ოჯახები, გაწბილებული იდეალისტები, რელიგიის არასრულყოფილი ლიდერები, ანგელოზები და მწერებია". მართა გრეჰემი კი მას "ცეკვის ანც ბიჭს" უწოდებდა.
 მანამ, სანამ პოლ ტეილორი საცეკვაო სტუდიის კარს შეაღებდა, თავისუფალი სტილით მოცურავე სპორტსმენი გახლდათ; მაღალი, ტანადი, დიდი და ძლიერი კიდურებით, მოქნილი მხრებით; იმის უნარიც ჰქონდა, სხეულის ენის წყალობით გამოეხატა ის, რასაც გაიფიქრებდა. "მე ყოველთვის მიყვარდა წყალი, წყალში ყოფნა, იმის განცდა, რას გრძნობ წყალში; მიყვარდა ის ძალისხმევა, რომელიც ცურვისთვის გჭირდება. როცა ვცეკვავდი, წარმოვიდგენდი, რომ ჰაერი წყალი იყო". არაერთ მის კოლეგასა და მაყურებელს შეუდარებია ტეილორის ცეკვა კოსმოსში ცურვასთან, ხეზე ჩუქურთმის ამოტვიფვრასა და ზღვის ტალღების დაბადებასთან. არავისთვისვისაა საიდუმლო, რომ ტეილორის საბალეტო წარუმატებლობები (კრიტიკოსების აზრით) ლამის წარმატებათა რიცხვს უტოლდებოდა, მაგრამ ამჯერად, ბუნებრივია, კრიტიკოსები შემწყნარებელნი და დამდობნი იყვნენ, რადგან ნიუ იორკი და ამერიკის სხვა საბალეტო ქალაქები იმ ადამიანის სახელოვნებო იუბილეს აღნიშავდნენ, რომელიც აშშ–ის დიდი დერპესიის დროს დაიბადა, ჯიბეში ორიოდე გროში ედო და რამდენიმე ნაცნობ–მეგობრის წყალობით საბალეტო მიმდინარეობის შექმნა შესძლო. მით უმეტეს, რომ მისი შემოქმედება, რომელიც მოიცავდა როკის, რეგტაიმის, შუა საუკუნეების, რენესანსულ და ბაროკოს სტილის ცეკვებსა და სამეჯლისო "რევერანსებს", ხმოვანი (მოცეკვავეების შეძახილები) ელემენტებითა და თავისი მხატვრულობით იმდენად ფართო დიაპაზონის მომცველი იყო და არის, მის დადგმებში სიყვარულისა და სიძულვილის, სიცოცხლისა და სიკვდილის, სექსუალობისა და უგრძნობლობის, მამაკაცისა და ქალის თანამედროვე გენდერული კონცეპტები იმდენად გადახლართოდა ერთმანეთს, რომ შეუძლებელია, იგი XX საუკუნის ,,მოდერნ ბალეტის’’ პიონერად არ ეღიარებინათ. საინტერესო ისაა, რომ პოლ ტეილორმა ბალეტი მაშინ აღმოაჩინა, როცა ოციოდე წლის იყო, თან, არა სცენაზე, არამედ - იმ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წიგნში, სადაც სპორტისა და ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდა. ორი წლის შემდეგ ერთ–ერთ საცეკვაო ფესტივალზე გამოსვლისას საბალეტო/სასწავლო გრანტიც მოიპოვა.
1954 წელს პოლ ტეილორმა რამდენიმე ნაცნობი და უცნობი მოცეკვავე შეკრიბა. აი, ეს გახლდათ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული მისი კომპანიის, Paul Taylor Dance –ის შექმნის საწყისი ეტაპი. დღეს ეს დასი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი და სოლიდური რეპუტაციის კომპანიაა, რომელიც საგასტროლო მარშრუტებისთვის ირჩევს არა იმ ქვეყნებს/ადგილებს, სადაც თანამედროვე ბალეტს აფასებენ, არამედ იმ "ტერიტორიებსაც" სადაც ამგვარ მიმდინარეობას არც კი იცნობენ. წამყვანი პარტიების შესრულებასთან ერთად ტეილორმა ქორეოგრაფიული კარიერის განვითარებაც დაიწყო. მეორე წელს იგი მართა გრეჰემის საცეკვაო დასთან ერთად საბალეტო სეზონებში სოლისტის რანგში ჩაერთო. მანამდე კი, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, მერს კანინგჰემთან ცეკვავდა. 1959 წელს ბალანჩინმა ტეილორი ნიუ-იორკის ,,სითი ბალეტში’’ მიიწვია და თავის "ეპიზოდებში" სოლო როლიც შესთავაზა. მერს კანინგჰემის კონცეპტი თანამედროვე ბალეტის შესახებ ასეთი იყო: "ცეკვა ცეკვისთვის და არა - ანალიზისთვის", პოლ ტეილორისა კი ამგვარი: "ფიზიკური პრაქტიკა, ისევე, როგორც საიდუმლო ფიქრების სააშკარაოზე გამოტანა, ერთგვარი ვუაიერიზმი და პროვოკაციაა". ამავე დროს, პოლ ტეილორი არსოდეს მალავდა, რომ მთელი პროფესიული ცხოვრების მანძილზე იმ პერიოდის ცნობილი ამერიკელი მხატვრების, თეატრის სცენისა და კოსტუმების დეკორატორებისა და ფოტოგრაფების გავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მეგობრობა ჯასპერ ჯონსთან და რობერტ რაუშენბერგთან... და, ბუნებრივია, იგი ბალანჩინის გავლენას განიცდიდა, განსაკუთრებით კი ქართული წარმოშობის ქორეოგრაფის პედაგოგიური მეთოდით მოიხიბლა. ბალანჩინის მსგავსად, თავისი თავი უფრო შრომისმოყვარე მუშაკად წარმოედგინა, ვიდრე არტისტად, ანდა დიდი იდეების პრომოუტერად ანდა (როგორც თავად ამბობდა), ინტელექტუალური არტის შემქმნელად/ელიტურ ქორეოგრაფად.
 პოლ ტეილორს პირველი ქორეოგრაფიული წარმატება 1956 წელს, "შვიდი ახალი ცეკვის" შემდეგ ეწვია. ნამდვილი ტრიუმფი კი – 1962 წელს "გვირგვინის" პერფორმირებისას; ნოვატორული მოდერნი ორასი წლის წინანდელ მუსიკას დაუკავშირა და ერთი წლის შემდეგ, განსაწმენდლის სცენაში, "სკუდორამა", თანამედროვე მუსიკა, გამოიყენა. იგი აენთო ამერიკული საკულტო პატრიოტული სიმღერის ,,From Sea To Shining Sea’’ -ზე შექნილი სატირით და შექმნა ტრაგიკომედია "დიდი ბერტა" (1970), სადაც დადგმის ცენტრში ინცესტის თემა წამოსწია. 1974 წელს მოცეკვავის კარიერა დაასრულა, მერე კი შექმნა უდავო კლასიკა "ესპლანადა", რომელიც ტეილორისთვის დამახასიათებელ ხელწერას ყველაზე მეტად გამოხატავს. 1976 წელს დადგმულ "გახლეჩილ სამეფოში" იგი ამხელს ადამიანთა კარგად შენიღბულ, პრიმიტიულ, მატყუარა, ცბიერ ბუნებასა და კარგი მანერების გარეგნულ ბრწყინვალებას. ვიდრე აშშ–ში "არ იკითხო, არ უთხრა" პოლიტიკა (აშშ–ის სამხედრო სამსახურში ლგბტ ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულების ოფიციალური პოლიტიკა) შემუშავდებოდა, ტეილორმა დადგმაში "დაისი" (1983 წ.) ომის დროს მამაკაცების ინტიმური ურთიერთობა აჩვენა; 1985 წელს, "უკანასკნელ მზერაში", სრული არმაგედონი დახატა. "უაზრო საუბარში" (1988) მან თითქმის სწორხაზოვნად გაათანაბრა რელიგიური ფარისევლობა და ქორწინება, როგორც დაკანონებული გაუპატიურება. დადგმაში "კომპანია B" (1991) მან გამოიყენა "The Andrew SiSters" - ის (სვინგისა და ბუგი–ბუგის პერიოდის ტრიო) მუსიკა, რათა გაეერთიანებინა მეოცე საუკუნის ორმოციანი წლების ამერიკული აურა, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანებს ბევრი რამის დათმობა/თავგანწირვა უხდებოდათ. დადგმაში "სიტყვა" (1998) ტეილორმა გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება რელიგიური ფანატიზმისა და კერპებისადმი ბრმა მორჩილების მიმართ. "მტაცებელთა წვეულებაში" (2006) ანტიმილიტარისტული განწყობები ბუშის პოლიტიკას დაუკავშირა, "ოცნების გოგონებში" (2002) ფემინიზმი გააშარჟა, ხოლო "საყვარელ მოღალატეში" (2008) (უოლტ უიტმენით შთაგონებული დადგმა), როგორც ამბობენ, სიკვდილს ჩახედა თვალებში. " დანტეს ვარიაციები" (2004) დეკადანტური ნარატივია (თუმცაღა, პოსტმოდერნისტი ქორეოგრაფები ნარატივს არ სცნობდნენ), ძალადობა, გაუმაძღრობა, სიკვდილი, ერთგვარი ბოროტების კოლექცია, რომელიც გღლის და ემოციურად გფიტავს. "მოკლე შეხვედრებსა" (2011) და "გათავისუფლებულში" (2011) კი თანამედროვე საზოგადოებაში ქალებსა და მამაკაცებს შორის ღმააზროვანი, ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარების პრობლემა წარმოსახა. ბუნებრივია ე.წ. ,,სოციალური მოდუსის’’ გარდა, ტეილორის საბალეტო დადგმები ერთგვარი რომანტიკული, "სექსუალური სპორტულობით" გამოირჩევა. საბალეტო ხელოვნებაში სხვადასხვა "იდეური ჟანრის" (ეს ერთი შეხედვით) უწესრიგო ეკლექტიკა, ტეილორის საბალეტო ენას მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ეგზოტიკურ საცეკვაო სტილად ამკვიდრებს; კიდევ ერთი (არც თუ ისე მეორეხარისხოვანი) რამ უნდა გავითვალისწინოთ: ამერიკელებისათვის, ზოგიერთი პოპულარული კლასიკური, თუ თანამედროვე მუსიკა უკვე წარმოუდგენელია ტეილორის საცეკვაო დადგმების გარეშე. 1987 წელს, პოლ ტეილორმა ავტობიოგრაფიული წიგნი "პირადი სფერო" (ტელორის ამავე სახელწოდების საბალეტო დადგმაც არსებობს. 1969 წ) გამოსცა.
1987 წელს კრიტიკოსებმა მას საოცრად გამორჩეული ბიოგრაფიული ტექსტი უწოდეს. 1998 წელს, ცნობილმა ამეირკელმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა, მეთიუ დაიმონდმა, პოლ ტეილორზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ცეკვის შემქმნელი" დაასრულა, რომელმაც მომდევნო წელს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა. ტეილორმა, 1954 წლიდან დღემზე 140 –ზე მეტი ორიგინალური დადგმა შექმნა; ის გახლავთ თითქმის ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური პრიზებისა და საპატიო წოდებების მფლობელი, ხოლო მისი საცეკვაო კომპანია, რომელიც არაერთ სხვა საბალეტო პატარა თუ საშუალო კომპანიას აერთიანებს, 62 ქვეყანასა და 520 ქალაქს ესტუმრა.
 "ჩემი ერთ–ერთი მიზანია, უფრო მეტი კითხვა დავსვა, ვიდრე – პასუხი" – ამბობდა პოლ ტეილორი. როცა პატარა იყო, უამრავი თავისუფალი დრო ჰქონდა და საკუთარ თავთან მარტოდმარტო დარჩენაც შეეძლო, მაგრამ ეს საოცრად მორცხვი ბავშვი მთელ ამ დროს ადამიანებისა და ცხოველების ქცევას აკვირდებოდა. თინეიჯერობის ასაკში ცდილობდა, ეს გამოცდილება სხვებისთვის აეხსნა, ოღონდ სიტყვების გარეშე... მერე ხატვაც დაიწყო, მაგრამ არ მოეწონა, რადგან, როგორც თავად აღნიშნა: ,,ეს ძალიან სტატიკური საქმიანობა აღმოჩნდა და მოთმინება არ მეყო. ადამიანებთან ურთიერთობების დასამყარებლად ცეკვა იმიტომ დავიწყე, რომ ყოველთვის არ მჯეროდა ჩემი სიტყვების მნიშვნელობის". მას მერე ნახევარ საუკუნზე მეტი გავიდა და 80 წელს გადაბიჯებული მაესტრო წელიწადში კვლავ ორ–სამ ახალ საბალეტო დადგმას ქმნის და მათ შორის – კომედიურსაც. ტეილორი საკუთარი იუმორის გრძნობის სცენაზე გადატანას არაერთხელ შეეცადა, მაგალითად, "ქსელის ჯენტმენებში" (2011) და "სასაცილო ქაღალდებში" (1994). მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს იუმორისტული სტილი ყოველთვის იწვევდა სერიოზულ კრიტიკას, კრიტიკოები თანხმდებოდნენ, რომ ტეილორის ხელწერა ყველთვის ცნობადი იყო. მის დადგმებში სხეულის ენით გადმოცემული ინტელექტუალური საუბარი და ქუჩის ჟარგონი თანაბრად მხატვრული ენით გადმოიცემოდა; ცხოვრების სისავსეცა და გარიყულობის ტკივილიც, ნდობაც და გაურკვევლობის ტანჯვაც, პასუხისმგებლობაც და გაქცევაც, ფრენაც და დაცემაც, ცეკვის სილამაზეც და სიმკაცრეც... მან უბრალო, სასცენო, ყოფა-ცხოვრებით მოძრაობებს ხელოვნების სტატუსი მიანიჭა – იქნება ეს ავტობუსის გაჩერებაზე მომლოდინე ადამიანების მოძრაობა, თუ სასიყვარულო სცენა – ორივე მათგანი გენიალურმა ქორეოგრაფმა განუმეორებელ ყოველდღიურობად აქცია. "თუ ჩემს ცხოვრებაში ცეკვა არ იქნებოდა, მაშინ, ჩემი სიცოცხლეს აზრი დაეკარგებოდა." (პოლ ტეილორი).




























24saati.ge
4 მაისი 2014

No comments:

Post a Comment