Friday, May 16, 2014

კონგრესი, ემი უაინჰაუსი, არასწორი ხე და პატარძლების ბაზარი ებრაული კინოს ფესტივალზე.



ნიუ იორკში 1992 -დან ყოველ წელს ებრაული კინოს ფესტივალი (NYJFF) იმართება, რომლის დამფუძნებლები და ორგანიზატორები ლინკოლნ ცენტრის კინოსაზოგადოება და ნიუ იორკის ებრაული მუზეუმია. ამ ფესტივალის დაარსების იდეა ბერლინის კედლის დაცემასა და საბჭოთა კავშირის დანგრევასთანაა დაკავშირებული, ანუ იმ დროსთან, როცა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის აღმართული ბარიერი დაინგრა და კინოფილმებმა საზღვრების გადალახვა დაიწყო. ფესტივალი, რომელზეც პირველად გახლდით და რამდენიმე ფილმიც ვნახე, თავისი მისიით ჩვენთვის ჩვეული კინოფესტივალებისგან განსხვავებული მოდუსის მატარებელია. ამ კინოფორუმის ძირითადი მიზანია ებრაული გამოცდილებისა და ებრაული იდენტობის ასახვა – იდენტობის კინოენის განვითარება და წარდგენა. თუმცა ეს ენა არ ასოცირდება იმ "ტრადიციულ ღირებულებებთან", რომლებშიც "მართლმადიდებელი კონსერვატორი" ქართველის ფასეულობები მოიაზრება. ფესტივალში მონაწილე რეჟისორთა უმეტესობა კი არა, აბსოლუტური უმრავლესობა ჩემთვის უცნობი იყო, თუ არ ჩავთვლით ორ–სამ მათგანს, ასევე ავსტრიელ ებრაელ ოტო პრემინგერს თავისი სამი ფილმით ("მკვლელობის ანატომია", "გადასახლება", "კაცი ოქროს ხელით") და გერმანელ ვიმ ვენდერსს ცნობილი "პარიზი, ტეხასით", რომელთა რეტროსპექტივა ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ვენეციის შარშანდელი კინოფესტივალიდან ცნობილი ფილმის "ანა არაბია" ("მე, არაბი") რეჟოსორმა ამოს გიტაიმ კი მასტრკლასები ჩაატარა. ფილმი ერთი დუბლით გადაღებული მხატვრულ--დოკუმენტური სურათია,რომელიც ჰოლოკოსტზე, არაბ–ისრაელის დაპირისპირებასა და ამ ომის მსხვერპლთა შესახებ მოგვითხრობს. კინოფესტივალის პროგრამამ მოიცვა მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური და ექსპერიმანტული ფილმები 13 ქვეყნიდან. სიაში გახლდათ ისეთი წარმატებული ნამუშევარი, როგორიცაა არი ფოლმანის ანიმაციური "კონგრესი" (ხუთი ევროპული ქვეყნისა და ისრაელის ერთობლივი ნაწარმოები). იგი მწერალ – ფანტასტიკოსის სტანისლავ ლემის "ფუტუროლოგიური კონგრესის" მოტივებზე გადაიღეს. ფილმმა მაშინვე მომაგონა "ყვითელი წყალქვეშა ნავი", "პრინცესა მონონოკი" და "სიმონე". ამ უკანსაკნელში ადამიანის სკანირებული სხეული ძველი თუ ახალი ტექნოლოგიური გრაფიკის მეშვეობით ირეალურ სუბსტანციად გადიქცევა, რომლის არსებობაში ეჭვი არავის ეპარება."კონგრესში", რომლის პრემიერა შარშან კანის ფესტივალზე შედგა, პოპულარული სატელევიზიო სერიალის, პოლიტიკური ტრილერის "კარტის სახლის" მსახიობი რობინ რაითი და ჰარვი ქეიტელი თამაშობენ.


 2013 წელს ბერლინის კინოფესტივალზე სახელწოდებით „ევროპული ფილმების ჯილდო“ ჟიურის 2500-ზე მეტი წევრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ანიმაციური ფილმების გამარჯვებულად გამოცხადდა არი ფილმანის ფილმი, რომელზეც ავტორი ხუთი წელი მუშაობდა. ფილმი მოგვითხრობს მსახიობი ქალის გაციფრებული სხეულის თავგადასავალს. რობინ რაითი უსასრული ტელესერიალ "სანტა ბარბარათი", "ფორესტ გამპით" დამამახსოვრდა, ამ ანიმაციაში კი თავის თავს იდენტური სახელ–გვარით განასახიერებს (ფილმშიც ისევე, როგორც ცხოვრებაში, მას ორი შვილი ჰყავს იმავე სახელებით).იგი ავადმყოფი შვილის სამკურნალო თანხის შეგროვების მოტივით ერთ–ერთ მსხვილ ამერიკულ კინოკომპანიას თავისი სხეულის გაციფრებისა და მერე გადაღებებში მის დაუსწრებლად გამოყენების სრულ უფლებას აძლევს. ფილმში იგი მსახიობია, რომელიც კინოკომპანიებმა მიივიწყეს, როლებს არც ერთი რეჟისორი არ სთავაზობს, ამიტომაც რობინი ამგვარი სარგებლიანი შეთანხმების გაფორმებაზე თანხმდება. პირადად მე ფილმმა ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ ეს სიუჟეტი თითქოს ადრეც მინახავს, თუნდაც იმიტომ, რომ იგი ჰოლივუდში უკვე პოპულარული ეპიზოდით – დეპრესიაში მყოფი მსახიობის/რეჟოსორის ბინაში აგენტის ზარით/გამოჩენით იწყება. რაც შეეხება რობინ რაითს, იგი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ შონ პენის (ყოფილი) მეუღლის სტერეოტიპულ იმიჯს და ჯერჯერობით როლების ნაკლებობას არ უჩივის. თავიდან მთავარი გმირის როლზე ქეით ბლანშეტი ანდა კამერონ დიასი უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა რეჟისორმა შემთხვევით ერთ-ერთ შეხვედრაზე რობინს მოჰკრა თვალი და მაშინვე წინა ორ კანდიდატზე უარი თქვა. ფილმ "ვალსი ბაშირთან ერთად " (მსოფლიოში პირველი ანიმაციური ფილმია, რომელსაც ოსკარი უცხოური ფილმების კატეგორიაში გადასცეს) შემქნელმა ფუტუროლოგიური თხრობის სტილში შექმნა მსახიობის ხატი, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიით არსებობს და რეალური ადამიანი არაა. "კონგრესი" სიურეალისტური ქაოსის კინოტექსტია, მასში ვირტუალური სამყარო ლამის ისეთივე რეალობად გადაიქცევა, როგორც ის, რომელიც ვირტუალურის გამოგონებამდე არსებობდა. ფანტასტიკური დრამა ანტიუტოპიაა, იგი უკვე ათასჯერ განცდილ საეკრანო აპოკალიფსს "წინასწარმეტყველებს". თითქოს მორენოს ფსიქოდრამის თეატრივით წინასწარ ათამაშებს სიკვდილის შიშს, რომელიც დასაძლევია ისევე, როგორც საკუთარი სხეულის გაქირავების შიში. ფილმში რობინს მისი თვითობის გაციფრების ეშინია, მაგრამ ამ დროს ისმის ქეიტელის პათეტიკური სიტყვა იმის თაობაზე, თუ როგორ აკეთებენ ადამიანები (უპირველესად, იგი თავის თავსაც გულისმობს) ფულს სხვათა შიშებზე/ კომპლექსებზე და როგორი "მოქნილობა" და "აგენტობის ნიჭი" გამოავლინა მან ბავშვობაში, როცა თანაკლასელის ფიზიკურ ნაკლზე ფულის კეთება დაიწყო... და რობინიც ციფრდება. "კონგრესში" გაცვეთილი დიქოტომიაა წამყვანი – კინო და ფარმაკოლოგიური კორპორაციების მუხანათი, ცუდი ბიძები ანუ შოუ ბიზნესის ზვიგენები vs. კარგი ანუ მოწყვლადი, სუსტი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ უბრალო რამ უნდა – ბედნიერება, წარმატება, სიმდიდრე, მას იმის გარკვევა სურს რეალობაში ყოფნისას ირეალურ სივრცეში გადანაცვლებას რატომ ცდილობს და ირეალურში ყოფნისას რეალურში რატომ ბრუნდება. "თუ თქვენ ხედავთ სიბნელეს, ეს თქვენი არჩევნია და თუ თქვენ გინდათ იყოთ ჩუმად, ესეც არჩევანია", – ქადაგებს ჰარვი ქეიტელი. პოპულარული სიტყვა "არჩევანი" კი ლამის უნივერსალურ ქიმიურ ფორმულად გადაიქცა, რომელიც თავისუფალი არჩევანის ბაზარზე უმალ ჩნდება...ანიმაციაში აპოკალიფსური ეპიზოდებია, რომლებიც სწორედ თავისუფალ ბაზარზეა უკვე გატანილი, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის ჩემთვისაც – თუნდაც იმიტომ, რომ იგი კინოფესტივალზე ვიხილე. ფილმი ცნობიერების ნაკადივითაა; გრძნობ, საკმაოდ უნდა დაძაბო ყურადღება იმისთვის, რომ ლოგიკური თუ თუნდაც ალოგიკური "ჯაჭვის" რგოლების ურთიერთმიმართება დაინახო. რაღაც მომეტში ჩემი თავი იმაშიც დავიჭირე, თითქოს კინემატოგრაფიული რეალობაც "დაცურდა",რეჟისორს სათქმელის მწყობრად დალაგება გაუჭირდა და თვითონაც იმ ჰალუცინოგენის მოქმდების ქვეშაა, რომელსაც ფილმის გმირი ქალი იღებს. თუ სწორად გავიგე რეჟოსორის პირველი გზავნილი, ესაა შემდეგი: ანიმაციურ სამყაროში ყველაფერია შესაძლებელი, არაანიმაციურში კი შეუძლებელია ის, რაც ანიმაციურში ანდა ჰალუცინოგენურშია შესაძლებელი, რასაც წარმოსახვითი ამბოხი აუცილებლად მოჰყვება.თუმცა ამ მარტივი ჭეშმარიტების ცოდნას სრულწლოვანება არ სჭირდება, პატარებმაც იციან ის, რომ კომპიუტერულ ტექნიკასა და ანიმაციის სუპერთანამედროვე ტექნოლოგიას უფრო მეტი სიურეალიზმის შექმნა შეუძლია, ვიდრე რეალურ, თუნდაც სუპერთანამედროვე არაანიმაციურ კინოსატუდიებს. სრულყოფილი ვიზუალური ფსიქოდელია მხოლოდ "ორი სტუდიითა" შესაძლებელი – ადამიანის წარმოსახვითა და მისი პრაგმატული გონებით, რომელიც ტექნიკას ქმნის. და კიდევ ერთი წვრილმანი დეტალი, რომელსაც რობინ რაითის შვილი დედას ნახევრად ხუმრობით ახსენებს: მისნაირი მივიწყებული მსახიობებისთვის "წარმატებული კარიერის" სამი სფერო არსებობს – ფანტასტიკა, კომიქსი და ჰოლოკოსტი. ამ უკანასკნელში მესამეხარისხოვან მასხიობსაც აძლევენ პრიზსო. "კონგრესის" მიქსირებულ რეალობაში ერთდროულად ყველაფერია შესაძლებელი:დაბადება- სიკვდილი, დამონება-ამბოხი, ვარსკვლავობა და უჩინრობაც კი.

 ***

 ებრაული კინოს ფესტივალზე ასევე შედგა ნიუიორკული პრემიერა მორის ლინეინის საკონცერტო ფილმისა "ემი უაინჰაუსი: დღე, როდესაც იგი დინგლში ჩავიდა" (2012). დინგლი პატარა ირლანდიული ქალაქია, რომელიც თავს მეთევზეობით ირჩენს. იქ უკვე ათ წელზე მეტია, ევროპის ერთ–ერთი პრესტიჟული და საინტერესო სამუსიკო ფესტივალი ტარდება. როგორც ფილმის მონაწილეები ამბობენ, იმ დღეს, როცა ემი დინგლში (2006) ჩავიდა, რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა. დეკემბრის ერთ წვიმიან საღამოს უაინჰაუსი ირლანდიის სამხრეთ–დასავლეთ პროვინციაში ჩაფრინდა, სადაც ირლანდიურ სატელევიზიო სერია "სხვა ხმებს" ყოველ ზამთარს იღებენ. ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი წმინდა ჯეიმსის სახელობის პატარა ეკლესიის სცენაზე (დარბაზში 85 ადამიანი ეტევა) გამოვიდა და იქ მყოფნი თავისი ძლიერი კონტრალტოთი გააკვირვა. დინგლის სამუსიკო ფესტივალის თავისუბურება ისაა, რომ კონცერტები სოფლის მაღაზიებსა და ბარებში ტარდება. კონცერტის შემდეგ დასვენებული და ბედნიერი იგი თავის მუსიკასა და ხელოვნებაზე, საყვარელ მაჰალია ჯექსონზე, სარა ვოგანზე, თელონიუს მონკზე, რეი ჩარლზზე, სოვეტო კინჩსა და მათ გავლენაზე, ჯაზზე, ბლუზზე, ბავშვობაზე საუბრობს. ფილმს მცირედ ჩანართებად ამ მუსიკოსების კომპოზიციებიც ახლავს. ემის იხსენებს იმ ტაქსის მძღოლიც, რომელმაც იგი დანიშნულების ადგილზე მიიყვანა, ასევე პასტორი მაირტ ჰენლი და ის მუსიკოსები, რომლებიც საკონცერტო ღამეს მასთან ერთად სცენაზე იდგენენ.


დინგლის საფესტივალო საღამოს უაინჰაუსმა თავისი ცნობილი სევდიანი "რეჰაბი", "ცრემლები თავისით შრება", "სიყვარული წაგებული თამაშია", "მე და მისტერ ჯონსი" და " უკან შავისკენ" იმღერა. ემი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ გაიგონა პირველად რეი ჩარლზის ხმა ძმის ოთახიდან. რეი მღეროდა "გაათავისუფლე ჩემი გული"... და როგორ უსმენდა მხოლოდ ამ მომღერალს მთელი სამი თვის განმავლობაში. გაიხსენა ისიც, რომ, როცა შეყვარებულს დაშორდა, თავისი საყვარელი ამერიკული პოპ კვარტეტს -- "შენგრი–ლასს" საათობით უსმენდა. "მიყვარს დრამა, მიყვარს ატმოსფერო, მიყვარს ხმოვანი ეფეტქები. "შენგრი–ლას"–მა სიმღერა "მე ვერასოდეს დავბუნდები სახლში" დაწერა. როცა მე და ჩემმა ბოიფრენდმა ურთიერთობა დავასრულეთ, მე ჩვეულებისამებრ ჩემს სამზარეულოში იატაკზე მჯდომარე ვუსმენდი ამ სიმღერას, "ჯეკ დენიელსის" ბოთლით ხელში. მერე ვიღვიძებდი და ისევ ვუსმენდი. ჩემი მეწყვილე მოდიოდა, KFC–ის (კომპანია "კენტუკის შემწვარი ქათამი"–ი.მ.) სადილს იატაკზე მიტოვებდა, მეუბნებოდა, აგერაა შენი სადილი და მიდიოდა... ეს არის მსოფლიოში ყველაზე სევდიანი სიმღერა", – ამბობს უაინჰაუსი. მან ასევე გაიხსენა თავისი კარიერის დასაწყისში თუ როგორ მღეროდა რუსულ კლუბებსა და კაზინოებში. "მე ვმღეროდი რუსულ კლუბებში ისე, თითქოს რუსი ებრაელი ვიყავი, მსმენელს მოვწონდი, ამიტომ ისევ მეპატიჟებოდნენ"... ფილმი ძალიან სევდიანი გამოვიდა, რადგან იგი ყოველ წამს ემის ტრაგიკულ სიკვდილსა და " 27 წლისანთა კლუბს" გახსენებს.

***

 გურ ბენტვიჩის ფილმი "არასწორ ხეზე" (2013), როგორც ფილმის ნიუიორკული პრემიერის შემდეგ მთავარი გმირის -- ექს–გელფრენდის, ერთადერთი პროფესიონალი მსახიობის -- სარა ადლერის საუბრის შემდეგ გაირკვა, იმ მცირე კი არა, ძალიან მცირე ბიუჯეტიან ფილმებს მიეკუთვნება, რომელბმაც, მასზე დახარჯული თანხის მიუხედავად, დიდ წარმატებას მიაღწიეს.თუნდაც საკუთარ ქვეყანაში (ისრაელის კინოაკადემიის ჯილდოს "ოფირის" ხუთგზის ნომინანტი, მათ შორის საუკეთესო მსახიობისა და სცენარისთვის).მსახიობები კი, მათ შორის მთავარი გმირის--უსაქმური ნიცის როლის შემსრულებელი რეჟისირის ნაცნობი მუსიკოსი გალ ტორენია. დანარჩენები კი-- კინოგუნდის ან ოჯახის წევრები არიან, ან ნაცნობ–მეგობრები. ავსტრალიიდან დაბრუნებული ნიცი ყოფილი შეყვარებულის - კესემის დაბრუნებას ცდილობს. იმისთვის, რომ მასთან ახლოს იყოს, ქალის ბინის წინ ეზოში მდგარ მწვანე, დიდი და ძველი ხის ქვეშ პატარა კარავს შლის და იქ ცხოვრობს. ხანდახან კი – ხეზეც. მაგრამ ამაოა მისი მხცდელობები. ეს რომანტიკული ისტორია ერთ მშვენიერ დღეს უეცრად ხის მოჭრა-არმოჭრის ბრძოლის ეპიცენტრი ხდება – მანქანების პარკინგის გაფართოვების მსურველებსა და ეკოლოგებს შორის. ყალთაბანდი შეყვარებული უცებ პრინციპულ გარემოსდამცველად გადაიქცევა და თვითმკვლელობის მუქარით ხეს დროებით გადაარჩენს. თუმცა იგი ვერც ამგვარი თავგანწირული საქციელით იბრუნებს თავის საყვარელ ადამიანს. სარა ადლერი აღნიშნავს, რომ გადამღები ჯგუფის ჩანაფიქრი-- ქალაქის ცენტრში დიდი მწავნე ხის პოვნა და იქ გადაღება,უშედეგოდ დასრულდა. ხე, რომელზეც "ცხოვრება შეიძლება", მხოლოდ ქალაქის გარეუბანში აღმოაჩინეს. ბუნებრივია, ამ ფილმმა საქართველოში გუდიაშვილის მოედნის, ვაკის პარკის, იმელის შენობისა და საყდრისის გარშემო მიმდინარე ბატალიები და დამცველთა ძალისხმევა გამახსენა.

 ***

 კინოფესტივალზე წარდგენილ ორმოცამდე ფილმთაგან შევეცადე ამერჩია ისინი, რომლებიც გარკვეულწილად ქალთა თემას მიეძღვნა და რომლებიც ქალმა რეჟისორებმა გადაიღეს: ისრაელელი ნილი ტალის "უკრაინელი პატარძლები: 13 წლის შემდეგ" (2013), ფრანგი დაიან კურის "ქალის გამო" (2013), უნგრელი დაიან გრუს "რეგინა" (2013) და ისრაელელი მიხალ ავიადის "პიონერი ქალები" (2013).

 "უკრაინელი პატარძლები: 13 წლის შემდეგ", ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია იმ არაერთ სურათს შორის, რომლებიც აღწერს სხვადასხვა შინაარსისა და ფორმის გაცნობის ინტრენეტ – საიტებზე ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებში ქმრების მოძიების მიზნით დარეგისტრირებულ ქალთა ბედ –იღბალსა და ყოფას მომავალი ქმრის გაცნობამდე და დაოჯახების შემდეგ. ეს ქალები ყოფილი სსრკ–სა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნების "პატარძლები" არიან (ამ შემთხვევაში უკრაინელები), მათი დაოჯახების ერთადერთი მიზანი კი, როგორც წესი, სიდუხჭირისგან თავის დაღწევაა და, გამართლების შემთხვევაში, "ოცნების პრინცზე" სიზმრის ხორცშესხმაც. თუმცა ხშირად ოჯახური იდილიის მოლოდინი დიდი იმედგაცრუებად გადაიქცევა ხოლმე. პროფესიით ჟურნალისტი, რეჟისორი ნილი ტალი სოციალურ დოკუმენტალისტიკას იღებს, თუმცა მის ფილმებს მხოლოდ სოციალურს ვერ უწოდებ. როცა ტალის ფილმებს, რომლებიც მან უკრაინელ პატარძლებზე სხვადასხვა წლებში გადაიღო (2000, 2008, 2013) უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთის სინონიმებია. ის, ვინც მეტი ფინანსური შესაძლებლობების მფლობელია, ღარიბი ქვეყნების ქალების ბაზარზე მუსიკის დამკვეთიცა და არჩევანის უფლების მქონეც თვითონაა, თუნდაც 40-45 წლით უმცროსი გოგონების ბედსაც კი განაგებს. არც ისე იშვიათად, 40–60 წლის მამაკაცებს 20–25 წლის გოგონებს ახვედრებენ.უფრო სწორედ, სთავაზობენ და ეს მამაკაცების "გემოვნებაზეა" დამოკიდებული, უნდათ თუ არა ცოლად თავიანთ შვილებზე ათი ან მეტი ასაკით უმცროსი მეუღლეები. გაცნობის საიტები კი, რომლებიც ლეგალურია და კანონი მათ ვერ შეეეწინააღმდეგება, სექსიზმის კანონებით ოსტატურად მოქმედებს და "მორჩილი ეგზოტიკის" მოყვარული მამაკაცების სასიყვარულო "კარიერის" სულ უფრო და უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება. ტალის ბოლო ფილმში ისრაელელის ერთ–ერთი უკრაინელი პოტენციური საცოლე სახელდახელოდ დასწავლული ინგლისურით ამბობს: "მე მინდა შევხვდე კულტურულ მამაკაცს". რეჟისორი იმის შესახებ გვიყვება, თუ როგორ გაჰყვა იგი ოპერატორთან ერთად 2000 წელს ისრაელელ მამაკაცებს უკრაინის ქალაქ ხერსონში, სადაც მამრობითი სქესის ამ გუნდს "მუშტრის" მოსახიბლი უნარ–ჩვევებდასწავლული ახალგაზრდა პატარძლების არმია დახვდა. გაცნობის საიტის წესების მიხედვით, ქალებს თავინთი კუთვნილი ნომრები აქვთ და კლიენტიც შეხვედრის მომწყობთან ამ ნომრებით აპელირებს. მაგალითად, ლარას ნომერია 293, ხოლო სანამ ლარას შეხვდება, მამაკაცს შეხვედრა 16:00 საათზე ნომერ 264 –თან, ვერასთან აქვს დანიშნული. ერთ – ერთი მამაკაცის არჩევანთა სიაში ნატაშაცაა, რომელიც ამბობს: " ვერც კი დავიჯერე, რომ ვინმემ მე ამირჩია. სულ ერთია ვინაა, მთავარია მან მე ამირჩია". ნატაშა თავის პატარა შვილს ბანს, თმებს უმშრალებს და, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ მარტოხელა, ბავშვიანი ქალისთვის ეს "ღვთისგან", იმავე ინტერნეტ – საიტისგან შემოთავაზებული შანსია ... უკრაინიდან საზღვარგარეთ როგორმე გააღწიოს. ერთ – ერთი მამაკაცი თვითმფრინავშივე ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდება იმ წუთს, როცა თავის თითზე საქორწინო ბეჭედს დაინახავს. მეორე კი ასე გაეცნო თავის მომავალ უკრაინელ მეუღლეს: "მე მაქვს სახლი, მანქანა და ჩემი მაღაზია". ქალმაც იგი ერთ დღეში შეიყვარა, უფრო სწორედ, "ერთი ნახვით შეყვარება" გაითამაშეს, ხელი მოაწერეს და საქმროს სამშობლოში გაემგზავრნენ.

 "უკრაინელი პატარძლები: 13 წლის შემდეგ" ნილი ტალის უკრაინელ პატარძლებზე დაკვირვების მესამე ფილმია. პირველ ფილმში იგი მოგვითხობს იმაზეც, თუ როგორ მუშაობს გაცნობის ერთ–ერთი საიტის დამფუძნებელი, რომელსაც თავად ჰყავს უკრაინელი ცოლი და რომელმაც ფულიანი (არადა ფილმიდან ჩანს, რომ სასიძოები სულაც არ არიან ზღაპრულად მდიდრები კი არა, ასე თქვათ, "საშუალო შეძლებისანიც"კი) სასიძოების საშუალებით თავისი ბიზნესი მშვენივრად გამართა. როგორც წესი, მხოლოდ "მარტოობასთან მებრძოლი" მამაკაცები იხდიან საფასურს მომსახურებისთვის, ქალებს კი მხოლოდ ის ევალებათ, რომ იყვნენ სექსუალურები, მხიარულები და მამაკაცით აღფრთოვანებულნი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ ქორწინებამდე. მერე რა, რომ მომავალ მეუღლეებს ერთმანეთის ენა არ ესმით. ქორწინებამდე თარჯიმანის დახმარებაცაა შესაძლებელი.


 რვა წლის შემდეგ რეჟისორმა ისევ მოიძია "საერთაშორისო წყვილები" და მათზე ფილმი კვლავ გადაიღო. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისეთი ზღაპრულია, როგორსაც მათ თავიდან ჰპირდებოდათ ვირტუალური სივრცე. ერთი ქალი სახლიდან გამოაგდეს და ახლა უსახლკაროა. მეორე – უკან, უკრაინაში, დააბრუნეს... თუმცა ისეთებიც არიან, რომლებმაც მოახერხეს პრობლემების დაძლევა და კვლავ ერთად ცხოვრობენ. შეუღლებიდან ცამეტი წლის შემდეგ რეჟისრომა კვლავ მოძებნა თავისი პროტაგონისტები. ზოგმა ქმარი მიატოვა და უკან, ხერსონში დაბრუნდა; მეორე-- დაქვრივდა, ის და ბავშვი უზარმზარი ვალებით ერთ პატარა ბინაში დარჩნენ, საიდანაც გამოსახლება ელით; მესამემ კი ქმრისგან მიყენებულ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო და ინგლისში მყოფ დედასთან გაიქცა.

Pour Une Femme ("ქალის გამო") ფრანგული სუნამოს სახელოწდებაა, ფილმი კი ავტობიოგრაფიულია, რომელშიც რეჟისორი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავისივე მშობლების ცხოვრების ეპიზოდს აღწერს. სილვია, რეჟისორის ალტერ ეგო, დასთან ერთად მომაკვდავ მამასთან ჩადის და აღმოაჩენს მამის წერილებს, რომელთაც მერე ფილმის სცენარად აქცევს.ამ წერილებიდან შვილი უფრო მეტს იგებს მამასა და ახალხან გარდაცვლილ დედაზე (რომლებიც ერთმანეთს ნაცისტების ერთ–ერთ ტყვეთა ბანაკში შეხვდნენ), ვიდრე სოცოცხლეში იცოდა. ფილმში ორი პარალელური სიუჟეტი ვითარდება: პირველი, როცა მთავარი გმირის მშობლები-- მიშელი და ლენა ახალი ცხოვრების შენებას იწყებენ, კაცმა მომავალი მეუღლე საკონცენტრაციო ბანაკში სიკვდილისგან იხსნა და მეორე – დების ურთიერთობა მომაკვდავი მამის სახლში. გარდა ამისა, ერთი ძველი ფოტოგრაფია მთავარ გმირს უღვივებს ეჭვს, არიან თუ არა მიშელი და ლენა მისი ბიოლოგიური მშობლები.

 რეგინა იონასი მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც ოფიციალურად ხელდასმული რაბაი გახდა... ბერლინში 1935 წელს. ის ჯერ მასწავლებელი იყო, მერე სპეციალურად დაწერა დისერტაცია, რათა სამეცნიერო ხარისხის საშუალებით რაბაის ტიტული მოეპოვებინა. დისერტაციის თემა სათაურითურთ ერთობ საინტერსო იყო – " შეუძლია თუ არა ქალს, ჰალახას წყაროების მიხედვით, გახდეს რაბაი?". მან დაასკვნა, რომ –ეს შესაძლებელი იყო და გახდა კიდეც. შვიდი წლის შემდეგ გესტაპომ ის დააპატიმრა. მოგვიანებით რეგინა იონასი ოსვენციმის საკონცეტრაციო ბანაკში მოათავსეს, სადაც 42 წლის ასაკში მოკლეს. მანამდე კი იყო ტერეზინის საკონცენტრაცო ბანაკში, სადაც რეგინას ხელით დაწერილი ლექციების რვეული აღმოაჩინეს,რომელსაც ყდაზე ასეთი სათაური ჰქონდა: "ერთი და ერთადერთი ქალი რაბაის-- რეგინა იოანას ლექციები". ცნობილია, რომ ისტორიას რეგინა იონასის მხოლოდ ერთი–ორი ფოტო შემორჩა და მისი ლექციების ეს ხელნაწერი კურსი. დაიანა გრუ ფილმში "რეგინა" ოსტატურად იყენებს საარქივო მასალებს, რათა ნაცისტური გერმანიის პერიოდიც აღწეროს, ებრაული თემის ცხოვრების ეპიზოდებიც და ამ არაორდინალური ქალის ბოიგრაფიული მონაცემების მეშვეობით – იმ ეპოქის სულისკვეთებაც გადმოგვცეს.


 მიხალ ავიადის ფილმი "პიონერი ქალები"(2013) მოგვითხრობს ფემინიზმის იმ პირველ აქტივისტებზე, რომლებიც ერთი საუკუნის წინათ ევროპიდან პალესტინაში გადასახლდნენ. მათი ოცნება იყო გამოცარიელებულ მიწაზე აეშენებინათ ისეთი ქვეყანა, რომელშიც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალები იცხოვრებდნენ, საზოგადოება კი თანასწორობის პრინციპს დაემყარებოდა. დოკუმენტური კადრები ისრაელის კიბუცების მშენებლობის პერიოდს გვიჩვენებს; აღწერს ქალთა ყოვედღიურ რუტინას, მათ დისკუსიას სიყვარულსა და შრომის გადანაწილებაზე, პირადსა და საზოგადოებრივზე, იმედებსა და გაწბილებებაზე; მათ ოცნებას ქალსა და მამაკაცს შორის ყოველგვარი ტრადიციებისა და რელიგიისგან თავისუფალი ურთიერთობების არსებობის შესახებ. ფილმი არა მარტო ისრაელის, არამედ ფემინიზმის ისტორიისთვის უნიკალური მასალებით ფოტოებითა და კადრებითაა სავსე და, ცხადია, ისტორიკოსებსაც დააინტერსებთ, რადგანაც იგი, ფაქტობრივად, მეცნიერული შრომაა. გარდა ამისა, "პიონერმა ქალებმა" ცამეტი წლის წინათ ისრაელში,სწორედ ფემინისტური მოტივით, ჩემი ვიზიტი გამახსენა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმიც მოეწყო და სასწავლო კურსიც. ისრაელი თავისი ჩვეული რიტმით ცხოვრობდა – ტერაქტები, ჯარისკაცი ქალები საზოგადოებრივ ტრანსპორტში-- დიდი ავტომატებითა და წიგნებით, საექსკურსიო ტურების შეიარღებული დაცვა, ზოგიერთ უბნებში, აუტანელი სიცხის მიუხედავად, ქალებისთვის ღია ტანსამლით სერნობისგან თავშეკავების მკაცრი რეკომენდაცია, მეზობელ უბანში გეი ბარი და უამრავი აქტიური ქალი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც ამბობენ, "კონტრასტების ქვეყანაა", რომელიც უდაბნოში გაშენდა, მაგრამ მისი ყვავილები რეიტინგით ჰოლადიური ყვავილების შემდეგ მეორე ადგილზეა; სადაც წყალი ფიზიკურად არ არის, მაგრამ შეძლებისდაგვარად გადამწვანებულია, ონკანში წყალი ყოველთვის მოდის და შუქი – არასოდეს ქრება. სახელმწიფო, რომელიც XX საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ უამრავ წარმატებას დაუღალავი შრომითა და მიზანსწრაფულობით მიაღწია. და ისრაელის ყოფილი პრემიერ – მინისტრის, უკრაინაში დაბადებული გოლდა მეირის სიტყვები: "იმისთვის, რომ სამსახურში წარმატებული იყო, ქალს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე -- მამაკაცს. ყოფნა - არ ყოფნა კი კომპრომისის საკითხი არაა. თქვენ ან ხართ, ან არა ხართ"


















14 მაისი 2014
24 saati.ge

No comments:

Post a Comment