Friday, May 16, 2014

ქართველები Le Poisson Rouge -ში




ნიუ იორკში გრინვიჩ ვილიჯში მდებარე კაბარე–კაფე სახელად Le Poisson Rouge (ფრანგულად – წითელი თევზი) მულტიმედიური პროექტებითა და ძალიან საინტერესო სახელოვნებო პერფორმანსებითაა ცნობილი. იგი ერთგვარი სიმბიოზური ადგილია, სადაც არაფორმალურ გარემოში – კერძებისა და კარგი სასმელის დაგემოვნებასთან ერთად შეგიძლია ხელოვნების ცნობილ თუ უცნობ წარმომადგენლებს შეხვდე, კონცერტებს, პერფორმანსებსა და გამოფენებს დაესწრო; სადაც სცენასა და "პარტერს" შორის მანძილი არ არსებობს. ამ ცოცხალი მუსიკის რესტორანში ისმის კლასიკური არიებიც, ჯაზური კომპოზიციებიც, ელექტრონული მუსიკაც; კითხულობენ ლექსებს, ცეკვავენ ფლამენკოს. არასაკონცერტო დარბაზის პირობაზე მას მართლაც იდეალური აკუსტიკური გარემო აქვს: ზიხართ, დგახართ თუ სადმე კუთხეში ხართ მიყუჟული, სმენადობა სულაც არ ჩამოუვარდება მეტროპოლიტენ ოპერის აუდიომოწყობას. ამაში დარწმუნება ძალიან ადავილია. "წითელი თევზი" ყოველ საღამო ხანს იღება და წინასწარ ინტერნეტით დაანონსებულ კონცერტებზე/პერფორმანსებზე გეპატიჟებათ. აქ ისეთ შემსრულებლებს შეხვდებით, რომელთა აკადემიურ სცენაზე სანახავად სათანადო თადარიგის დაჭერა დიდი ხნით ადრეა აუცილებელი, აქ კი ისინი ძალიან ახლოს არიან.

ამას წინათ Le Poisson Rouge –ში კომპანია "ბადაგონის" მხარდაჭერით გაიმართა ცნობილი ქართველი მეცო სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის (ფორტეპიანო, არანჟირება) მიერ ჩაფიქრებული კონცერტი, სადაც ანიტამ შეასრულა გია ყანჩელის ნაწარმოებები: ვალსი ოპერიდან "და არს მუსიკა", სიმღერა "მიმინოდან", "ტანგოს ნაცვლად"; ნიკოლოზ რაჭველის "ხორუმი"; ასევე ჯანო ბაგრატიონის "ყვავილების ქვეყანა"; არიები ჯორჯ ბიზეს "კარმენიდან", ჯორჯ გერშვინის "პორგი და ბესიდან", ჟიულ მასნეს "დონ კიხოტიდან"; კომპოზიტორ სტეფან სონდეიმის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და სხვა.

მუსიკალურ საღამოში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები და სოლისტები გიორგი ცაგარელი (ვიოლინო), დათო და გიორგი შამანაურები (საყვირი), ვადიმ შიშკინი (ვიბრაფონი) მონაწილეობდნენ, ამერიკელებიდან – ალექს ჯენკინსი (კონტრაბასი) და არტისტი ადამ ნაითი, რომელიც ანიტამ თავისი კონცერტში ლირიული ვერბალური ტექსტების წასაკითხად შეარჩია. წარმოდგენის დროს მსახიობსა და მომღერალ სოლისტს შორის მსუბუქი გასაუბრება/ფლირტი ჰარმონიულად მიესადაგა კონცერტს.

ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში ბოროდინის "თავადი იგორის" ძალიან წარმატებული როლის შემდეგ, სადაც (არა მგონია, ძალიან სუბიექტური ვიყო) ანიტა ყველაზე საუკეთესო და ეფექტური იყო მისი როლის (კონჩაკოვნა) ეპიზოდურობის მიუხედავად, "წითელ თევზში" გამართულმა კონცერტმა ოპერისგან მიღებული შთაბეჭდილება გამიათმაგა. ზღვრულად ექსპრესიული იყო ანიტას მიერ შესრულებული "ჰაბანერა", დულსინეას არია და პიაცოლას "Yo Soi Maria". როცა ანიტა ჩემს საყვარელ Maria de Buenos Aires –ს ასრულებდა, მივხვდი, რომ ამ კომპოზიციის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო შემსრულებელს ვუსმენ და თან სრულიად შემთხვევით სწორედ ტანგოს გენიალური კომპოზიტორის პიაცოლას დაბადების დღეს.

"საქართველოს რესპუბლიკა"
2014 წლის 30 მარტი.

No comments:

Post a Comment