Friday, May 16, 2014

ბექა ჯულიარდში




ამას წინათ ჯულიარდის სკოლის საკონცერტო დარბაზში ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის ტრიოს კონცერტი გაიმართა. სკოლაში სწავლის ხუთი წლის განმავლობაში ბექამ ჯულიარდში ოთხი კონცერტი გამართა. ერთი წლის "გამოტოვება" კი ჯულიარდის კედლებს გარეთ მისი საკონცერტო გადატვირთული გრაფიკით იყო განპირობებული.

ამჯერადაც ჯულიარდში გამართულ საღამოზე მასთან ერთად იმავე სკოლის სტუდნეტები, საუკეთესო ჯაზმენები უკრავდნენ: მარტინ ჯეფი – აკუსტიკური ბასი და დაგლას მერინერი – დასარტყამი ინტრუმენტები. ტრიომ შეასრულა ბენი ჰარისის Crazeology, ჯერომ კერნისა და ოტო ჰარბოქის "ნისლი შენს თვალებში", სონი როლინზის Valse Hot, ვეინ შორტერის "ბავშვური თვალები", ბად პაუელის Tampus Fugit და ბექა გოჩიაშვილის "ანამარია".

ბექას მიაჩნია, რომ კოლეჯში სწავლის გაგრძელება ამ ეტაპზე და, ალბათ, მომავალშიც მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს. მის ამ გადაწყვეტილებას ჯაზის პედაგოგი ფრენკ კიმბროც ეთანხმება, თუმცაღა გულისწყვეტით. მიუხედავად ამისა, ბექა აპირებს კლასიკური ფორტეპიანო კერძოდ იმეცადინოს პედაგოგ ვიქტორია მუშკატკოლთან. მიზეზი კი ერთია – ბექას გადატვირთული საკონცერტო მოღვაწეობა, რომელიც ერთი წლით უკვე გაწერილია. გარდა ამისა, ქართველი ჯაზმენი სწორედ კონცერტების, ჯაზის ოსტატებთან ერთად გამოსვლით იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც მუსიკოსს სჭირდება. ბექა გარდა ჯულიარდში არსებული ამ ტრიოსი, სხვა ჯაზ-ბენდებშიც უკრავს. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორისა და ჯაზმენის სტენლი კლარკის ბენდი, რომელიც ბექას დიდ გამოცდილებას მატებს და სახელს სწრაფად უთქვამს მსოფლიო მასშტაბით. ამ ბენდის უახლოესი კონცერტი 13 ივნისს ლას ვეგასშია დაგეგმილი. გარდა ამისა, ბექას ჰყავს თავისი ბენდი Beka & Logic Project, რომლის სტილი არის ელექტრონული მუსიკა ჯაზის, ჰიპ-ჰოპის და რეპის შერწყმით. გასულ წელს გამოვიდა ამ ბენდის პირველი ალბომი Chillin' in Batumi, რომლის პრეზენტაცია 5 ამა წლის 5 ივნისს Blue Note Jazz Festival-ზე გაიმართება.

სამომავალოდ ქართველი მუსიკოსი აპირებს შექმნას ტრიო, რომელშიც მასთან ერთად დაუკრავენ ბასისტი ბენ უილიამსი და დრამერი ჯასტინ ტაისონი. ეს ახალი ბენდი უმეტესად აკუსტიკურ, სთრეით ჯაზსა და ასევე ელექტრონულ მუსიკას შეასრულებს.

16 აპრილს ცნობილ ჯაზ-კლუბ მინტონსში, იქ, სადაც ლეგენდარული მუსიკოსები მაილს დევისი, დიზი გილესპი და სხვები რეგულარულად უკრავდნენ, ბექა წარმოდგენილი იქნება, როგორც ელექტონული მუსიკის ბენდის - The James Hurt Experience-ის წევრი.

აპრილის ბოლოს ბექა გოჩიაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და, ალბათ, ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ალბომის ჩაწერაა დაგეგმილი. ქართველ ჯაზმენთან ერთად დაუკრავენ გერი პიკოკი (ქით ჯარეთის ტრიოს ბასისტი) და ჯეფ ბალარდი (ბრედ მელდაუს ტრიოს დრამერი). ალბომში ჩაწერილი იქნება ბექას ხუთი და პიკოკისა და ბალარდის თითო-თითო კომპოზიცია.

"საქართველოს რესპუბლიკა"
2014 წლის 15 აპრილი

No comments:

Post a Comment