Friday, May 16, 2014

პრელჟოკაჟის "ფიფქიას კომპლექსი" და გოტიეს წითლები



„არასოდეს ყოფილა მოწამლული ვაშლით სიკვდილი ასეთი შოკისმომგვრელი“, - ამგვარად შეაფასა ამერიკულმა კრიტიკამ ძმები გრიმების ზღაპარ „ფიფქიას“ მიხედვით შექმნილი საბალეტო სპექტაკლი, რომელიც ალბანური წარმოშობის ცნობილმა ფრანგმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ანჟელინ პრლეჟოკაჟმა დადგა. თავად ქორეოგრაფმა კი განაცხადა, რომ "ფიფქიას" ეს ვერსია არ იქნებოდა მითი, ლეგენდა, არამედ – რეალური ისტორია. ჯერ კიდევ ამ ბალეტის ნიუიორკულ პრემიერამდე (დეივიდ ჰ. კოხის დარბაზი) ცნობარები გვაფრთხილებდნენ, დადგმაში შიშველი სხეულის სიმრავლე იყო მოსალოდნელი, თუმცა არა ისეთი, როგორიც ამავე ხელოვანის მიერ სტრავინსკის მუსიკაზე შექმნილ "წმინდა გაზაფხულშია" (ამ სპექტაკლში ნაგისა შირაი, ფიფქიას როლის შემსრულებელი, სრულიად შიშვლდება). თან გგონია, რომ ქორეოგრაფმა სპეციალურად შეარჩია იაპონელი ხელოვანი, რადგანაც ამ ქვეყანასთან ქალის თავმდაბალი, უიმოციო, ცივი თავშეკავებისა და "თოჯინური" იმიჯია დაკავშირებული.სიშიშვლის ეს საბალეტო "ანონსი" ნატურალიზმის ზღვარზე მერყეობდა – ჟან პოლ გოტიეს კოსტუმები კი ისე იყო შეკერილი, რომ ადამიანს თითქოს აშიშვლებდა და თან ჩაცმულს წარმოგვიდგენდა. ფაქტია, ქალის ტანსაცმელი ისეთი მატერიისგან იყო შეკერილი,რომ მისი სიმძიმის ძალა აფრიალების ალბათობას გამორიცხავდა. გოტიესა და პრელჟოკაჟის ჩანაფიქრით, ამას "ფიფქიასთვის" არაფიფქიასებური სექსუალობა უნდა შეემატებინა. არც წითელი ფერის ელემენტები იყო მეორეხარისხოვანი: უფლისწულს (სერხიო დიასი) ნარინჯისფერი, ელვებით შემკული კოსტუმი ეცვა, შეყვარებულები გრძნობის გამოსახატავად წითელი ნაჭერს – დამაკავშირებელ ძაფს გადასცემდნენ ერთმანეთს; სისხლისფერი წითელი ვაშლი, რომელსაც თეთრი საღებავისაგან "დასვრილი" სამხედრო შინელში გამოწყობილი ბოროტი დედინაცალი თავისი ასაკის კონკურენტის – ფიფქიას მოსაწამვლად იყენებს და "ცხელი" წითელი ქოშები, რომლებსაც ბოროტ ქალს ჩააცვამენ – იგი კიდურების უწესრიგო ქნევით აგონიაში კვდება. "ფიფქიაში" ჟან პოლ გოტიეს დიზაინი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. იგი ადრე სხვა ქორეოგრაფებთან – მორის ბეჟარსა და ქეროლ არმიტეიჯთანაც მუშაობდა. სპექტაკლის პირველივე სცენებიდან ეპატაჟის ოსტატმა, ფრანგული მოდის ამ Infant Terrible–მ "ფიფქია" უფრო თვითამოხატვის კარგ საშუალებად გადააქცია, ვიდრე - ქორეოგრაფის ჩანაფიქრის რეალიზებად. გოტიეს აგრესიული სექსუალობა ფიფქიას ტანსაცმელში ოდნავ „მუხრუჭდება“, ხოლო დედინაცვლის სამოსი, რომელიც სადომაზოხისტური "რომანტიკის" ატრიბუტიკას უფრო ჰგავს, მთელი თავისი ხელწერით ჩანს.რაღაც მომენტში იმასაც კი ფიქრობ, რომ ბოროტი ქალი (ანა ტატაროვა) მადონას ცნობილი წვეტებიანი ბიუსჰალტერით გამოვა..."უმანკო" ფიფქრიას ტანსაცმელი მთელ სიგრძეზე მსახიობის ფეხს აშიშვლებს და მერე – ვიდრე წელამდე; ხორცისფერი მიტმასნილი "ელასტიკი" კი კაბის ქვეშ სხეულის სიშიშვლეს მალავს და არავულგარულობის, პიკანტურობის განცდას ბადებს.თუმცა ბალეტის ქორეოგრაფია განსაკუთრებით - სასიყვარულო სცენა იმდენად ეროტიკული და შთამბეჭდავია, ხოლო იაპონელი ბალერინა--ფეხშიშველი ნაგისა შირაი, თეთრ კაბაში გამოწყობილი, პლასტიკურობის ისეთ მაქსიმალურ ზღვართან დგას, რომ ტანსაცმლის ქონა-არქონა კი არა, მაყურებელს, სამედიცინო ტერმინი რომ ვიხმაროთ, მოცკვავის ძვლოვან–სახსროვანი სისტემის ფიზიკურ არსებობაში სერიოზულად ეპარება ეჭვი. მოძრაობის ზღვრული მოქნილობა განსაკუთრებულად უფლისწულის მკვდარ ფიფქრიასთან ცეკვაში გამოიხატა,როცა გრძნობ, რომ ფიფქია მართლაც უწონო და გამჭვირვალეა, როგორც – სული... ერთი შეხედვით, არასაბალეტო სასიყვარულო სცენამ, რომელიც ტყეში ყველაზე მეტად სწორედ სულგაცლილ ფიფქიასთან ცეკვით გამოვლინდა, ასოციაციურად რომეოს მიერ ჯულიეტას დატირებაც შეიძლება გაგახსენოს ("მძინარე მზეთუნახავთან" მიმსგავესების გარეშე).მე კი ნოდარ წულეისკირის "სისატურა" გამახსენა – დედა მკვდარი ბავშვით ტყეში... და სიყვრულისგან გაცოცხლებული უსულო სხეული. პირველად პრელჟოკაჟის "ფიფქია" 2008 წელს ლიონის საცეკვაო ბიენალეზე წარდგა და შემდგომ მოგზაურობა ევროპაში დაიწყო. 2009 წელს საფრანგეთის Globus de Cristal მოიგო და მერე ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში გაემგზავრა. ქორეოგრაფმა 1984 წელს აიქს–ან–პროვანსში დაარსებული საბალეტო კომპანიისთვის 47 ნამუშავარი შექმნა. ამჟამად მის გუნდში 25 მოცეკვავეა. სპექტაკლის განმავლობაში სოლოს შემსრულებელს შეუძლია კულისებს მიღმა კოსტუმი გამოიცვალოს, კორდებალეტში იცეკვოს და მერე ისევ სოლო პარტიას დაუბდუნდეს. 2006 წელს პრელჟოკაჟის დასის წევრებს რეპეტიციები ცნობილი არქიტექტორის -- რუდი რიჩიოტის მიერ შექმნილ ასევე სახელგანთქმულ შენობაში სახელად Pavillon Noir უტარდებათ. Pavillon Noir –ი სპეციალური საბალეტო ტერიტორიაა, სადაც გარდა სასწავლო დარბაზებისა, 378 ადგილიანი თეატრიცაა, რომელიც სწორედაც რომ საბალეტო წარმოდგენებისათვის აიგო. საფრანგეთის გარდა, პრელჟოკაჟის რამდენიმე დადგმა ნიუ იორკის სითი ბალეტისა და ლა სკალას საბალეტო დასის რეპერტუარშიც შევიდა. ნიუ იორკში "ფიფქიას" წარდგენა ჩელსიში მდებარე ჯოისის თეატრის (The Joyce Theater) ფონდის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ანჟელინ პრელჟოკაჟი თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშველოვანი ხელოვანია, რომლის რეპერტუარს,მათ შორის "ფიფქრიასაც" ასე ახასიათებენ: პიტერ ბრეიგელის, ანრი რუსოსა და კვენტინ ტარანტინოს ნაზავი...მალერის მოტივების ფონზე, რომელიც ეპოზიდურად ელექტრინული მუსიკითაა გაფორმებული. პრელჟოკაჟის საბალეტო ესთეტიკა შოუს ქორეოგრაფიული ფანტაზიის ნაყოფია. გამოირჩევა ფიზიკური გამოხატვის სიმდიდრით, დინამიკური ექსცენტრიკით, ფერადოვანი ეფექტებით, ვირტუოზული საბალეტო ტექნიკით, სასპენსითა და საოცარი დრამატიზმით. ფაქტობრივად, სცენაზე ლამაზი "კრიმინალური ტრილერის" წარმოდგენა გაიმართა, რომელმაც კლასიკური და თანამედროვე საბალეტო ხელოვნება ერთმანეთს ჰარმონიულად შეახამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ვერტიკალურ კედელზე/კლდეზე წელზე სპეციალური ბაწრებით მიმაგრებული შვიდი ჯუჯა–მეშახტის ცეკვა, რომელიც, პირადად ჩემთვის ინოვაციურსა და სპორტულ ქორეოგრაფიაზე უფრო მეტი პლასტიკურობის მატარებელი იყო. საოცარი სანახავი გახლდათ ჰორიზონტალურ სიბრტყეზე მოცეკვავე ბალერონების მოქნილობა, რომელიც გრავიტაციის კანონებს ეწინააღმდეგება. სპექტაკლი ფიფქიას დედის ტყეში მშობიარობით იწყება, სცენა სწორხაზოვანია და ისეთივე ბნელი, როგორიც ფიფქიას შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დედინაცვალი, რომელიც თავისი ორი შავი ვერაგი კატით ყველას შიშის ზარს სცემს.სპექტაკლში "ფიფქიას" ყველა ატრიბურტიკაა: სარკე, რომელშიც ბოროტი დედინაცვალი იყურება; მინის კუბო, რომელიც ზევიდან ეშვება და მასზე ფიფქიას დაასვენებენ; ფიფქიას დედის მფრინავი სული, რომელიც შვილს აიტაცებს; გამგმირავი ჭექა–ქუხილი, რომელიც უბედურებას მოასწავებს; შუასაკუნოვანი სასახლის დეკორაცია (მხატვარი ტერი ლეპროისტი), კარისკაცებისა და სეფექალების იმდროინდელი ჩაცმულობა; მოფარფატე ნიმფები და სატირები, ეგერები – ცისფერბერეტებიანი ყმაწვილები, (რომლებმაც ჩაცმულობით გაეროს ცისფერიჩაფხუტიანებს მივამსგავსე). სპექტაკლის დროს ფარდა რამდენჯერმე ეშვება და ჩნდება ოქროსჩარჩოიანი, ლამის მთელი ფარდის სიმაღლის სარკე, სინათლე ისე თამაშობს, რომ სარკის მინის კონგრუენტულ იმიტაციას ქმნის. მოცეკვავის დუბლიორი დედინაცვლის მოძრაობებს ისეთი სიზუსტით იმეორებს, რომ თავიდან თუ ამ სასცენო ატრიბუტს კარგად არ დააკვირდები, მართლა სარკის მინა გეგონება. ეს ყველაფერი ბერძნული ტრაგედიის, ჰელოუნის, ანტიდისნეისა და "ჰეფი ენდის" ნაზავია. თითქმის ორსაათიანი ვიზუალური ექსპრესია ანტრაქტის გარეშე მიმდინარეობს და, ფაქტობრივად, ყოველწამიერ სასპენსში გამყოფებს – ეჭვიანობა, პატივმოყვარეობა, სიძულვილი, ვერაგობა, სხვისი ახალგაზრდობისა და სიყვარულის მიმართ შური, სიკვდილი მოძალადისგან და სიყვარულით გაცოცხლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიფქიასა და უფლისწულის – დუეტის ხუთწუთიანი სცენა, როცა მუსიკა დუმდება. თავიდან ამგვარი "მშრალი" ცეკვა გეხამუშება, მერე, ჯონ ქეიჯის "4'33" –ის არ იყოს, ეჩვევი და იგი სივრცესთან-სცენასთან ჰარმონიულიც კი ხდება; ბოლოს კვლავ „შემოსწრებული“ მუსიკა ერთი წამით გეუცხოება კიდეც. ვისაც ბავშვობაში ორი ზღაპარი – "მძინარე მზეთუნახავი" და "კონკია" წაუკითხავს, "ფიფქიასთან" მათ მსგავსებას მაშინვე გაიხსენებს. ფარქტობრივად, სამივე ერთ ფაბულაზეა აგებული – ბოროტი დედინაცვალის სიძულვილით სავსე ხასიათზე, რომელსაც თავისი გერისა შურს. ბევრისთვის, განსაკუთრებით აშშ–ში, დისნეის გავლენის გამო ჰაეროვანი, უსქესო ფიფქია ინფანტილურად ნაზი და არარეალურია. ამგვარი იმიჯის შექმნის მიზეზი კი, ბუნებრივია, დისნეის სახელგანთმული ანიმაცია "ფიფქია და შვიდი ჯუჯაა" (1937), რომლის სიუჟეტში ძალადობის სცენებს იმდენი დრო არ ეთმობა, როგორც – პრელჟოკაჟის ქორეოგრაფიაში. პრელჟოკაჟისთვის უცხო არაა ძალადობის საბალეტო ენა. მაგალითად, ძალადობის კვიტენსენციაა მის მიერ ნიუ იორკ სითი ბალეტისთვის შექმნილი "მოჩვენებითი მტკიცებულება", რომელიც მან XVII საუკუნის ბოლოს მასაჩუსეთში კუდიანების სადამსჯელო სასამართლოების ისტორიის გავლენით დადგა. მაშინ ჯადოქრობის ბრალდებით ათობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მეტწილად – ქალი. შარშან კი ბრუკლინის სამუსიკო აკადემიაში პრელჟოკაჟმა ორი დადგმა წარადგინა, რომელთა წამყავნი თემა ისევ ძალადობა და ძალადობის აპოკალიპტურობა იყო."ფიფქიას" დადგმისას სცენაზე ძალადობის ბრუტალურობას თითქოს განგებ დაეთმო მეტი დრო და მიზანსცენები, მისი გამოხატვის საცეკვაო დრამატულობა გავკვირვებს და გთრგუნავს, მათ შორის, – დამარცხებული ძალადობისაც. დედინაცვალს თითქოს ტრადიციული ხერხით არავინ კლავს, უბრალოდ იგი თავისივე აგრესიულობით – ცეცხლოვანი მაკასინებით იხრჩობა. წითელი ფეხსაცმელების კონცეპტი პრელჟოკაჟმა ისესხა ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგისა და მწერლის ბრუნო ბეტელჰეიმის წიგნიდან: "ჯადოქრობის სარგებლობები: ზღაპრების აზრი და მნიშვნელობა". ზღაპრები ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცების "აგრესიული, ასოციალური, ეგოისტური წინასწრაგანწყობების, გაღიზიანებისა და შფოთის" გასაგებად. – წერს ფსიქოანალისტიკოსი. – ამ ზღაპრებიდან ჩვენ ვიღებთ პირველ გაკვეთილს იმ სიმახინჯის შესახებ, რომელიც ჩვენშია. დაუოკებელი გრძნობების წითელი ქაოსი. ის ჩვენი იდენტიფიკატორია". სპქეტაკლში კონკრეტიკა-- ნარატივიცა და სიმბოლიკაც უხვადაა. მაგალითად, როცა ტყეში ის სამი ეგერი – სამხედრო ცეკვავს, რომელებმაც დედინაცვლის დავალებით ფიფქია უნდა მოკლან, მაგრამ უცებ ირემი, ანტიკური ხანის არქეტიპი, ჩნდება. ცხოველს გოგონას მაგივრად კლავენ. ეგერები მსხვერპლს გულს ამოჭრიან და დედინაცვალს მიუტანენ. კატები – ეშმაკის ამალაა, რომლებიც პოდიუმის მოდელის ტანადობის დედინაცვალს ხან დაჰყვებიან, ხან – თავიანთი სურვილისამებრ მოქმედებენ. მშობიარობა ნატურალისტურადაა ნაჩვენები – არადა ზღაპარში ეს ამბავი სულ ერთი წინადადებითაა აღწერილი. სცენაზე გათამაშებული ზღაპრული შოუ სულაც არ ჰგავს საბავშვო თემას და ამას სცენის პირქუში განათებაც უსვამს ხაზს. რაც შეეხება წითელი ვაშლის სცენას, აქ პრელჟოკაჟი ძმებ გრიმებს ეწინააღმდეგება. ფიფქია ვაშლს თავად კი არა ჩაკბეჩს, არამედ დედინაცვალი მანამ, სანამ მოწამლულ ხილს გერს პირში ძალით ჩატენის, მას ზებუნებრივი ძალით აჰიპნოზებს და იმორჩილებს. მსახიობი, როგორც მე მივხვდი, დრეკად ვაშლს კბილებით უჭერს, დედიანაცვალი ამ ვაშლის საშუალებით კი მსხვერპლს სათამაშოსავით ატრიალებს. საბალეტო ტექსტის მიხედვით, მოცეკვავეს ხელები თავისუფალი აქვს, მაგრამ თავს ვერ იცავს. თუ ამ სცენაში ცოცხალი სხეულით მანიპულაცია ხდება, სასიყვარლო სცენაში – მკვდარით. ანჟელინ პრელჟოკაჟისთვის საყვარელისა და ძალადობის გარდა, დედობის ფენომენიც მნიშვნელოვანი თემაა. 1995 წელს მან ბალეტის "ხარება" დადგმის შემდეგ განაცხადა: "დედობა ეს არის სხეულის მეტამორფოზა". "ფიფქიაში" ორი დედაა. დედა, რომელიც ფიფქიას სიცოცხლეს სძენს და ამიტომაც კვდება; და მეორე, რომელიც ე.წ. ოფიციალური დედაა, იგი ფიფქრიას სიცოცხლეს ართმევს და ამიტომაც კვდება. განსხვავებით ფიფქიას ტრადიციული იმიჯისგან (თეთრი, როგორც თოვლი; ტუჩები წითელი, როგორც სისხლი; თმა შავი, როგორც, აბანოზის ხე), უმანკო, უხორცო, არასექსუალური, მორცხვი და პლატონური სიყვარულის პერსონაჟისა, პრელჟოკაჟის ფიფქია ძლიერი ვნებებითაა სავსე. ვაშლი, რომელიც მისი დროებითი ბედისწერის სიმბოლოა, გარვეულწილად ფიფქიას მადასაც ასახავს. ბეტელჰეიმი წერდა: "ვაშლი ეს არის იმის სიმბოლო, რაც დედასაც და ქალიშვილსაც, ორივეს ერთად აქვთ; იგი უფრო ღრმაა, ვიდრე ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობა. ესაა მათი ერთობლივი სექსუალური ვნება". კრიტიკოსების აზრით, ანჟელინ პრელჟოკაჟის დადგმა უდავო სახელოვნებო ღირებულების გარდა, ნარცისიზმზე ერთგვარი მედიტაციაცაა, სილამაზის ჩვენი გაუთავებელი ძიებისა და დასასრულის გარდაუვალობის განცდაც. იგი ერთგვარი დამაპირისპირებელი მასალაა, რომელიც ერთ თაობას მეორის წინააღმდეგ განაწყობს. პრელჟოკაჟი ამბობს: "ეს ძალიან ძველი და თანამედროვე წუხილია. ამავე დროს ჟურნალებში ტირაჟირებული ქალების ხატს უკავშირდება. დღესდღეობით ზოგი დედა ასაკის გავლენას კოსმეტიკური საშუალებებით ებრძვის; ამით ისინი თავიანთი ქალიშვილების კონკურენტები ხდებიან და ახალგაზრდის სილამაზის დაჩრდილვას ცდილობენ". "ფიფქრიას" ქორეოგრაფმა ამას "ფიფქიას კომლექსი" უწოდა. იგი ამბობს: "ძალიან მინდოდა ნარატივიანი ისტორიის მოყოლა, ახლახან აბსტრაქტული დადგმები – "ელდორადო" და "ცარიელი მოძაობები" შევქმენი და ამიტომ გადავწყვიტე მათგან ძალიან განსხვაევბული რამ წარმომედგინა– განსაკუთრებული და ჯადოსნური. "ფიფქია" თხრობითი ბალეტია თავისი დრამატურგიული კონცეპტით. ბეტელჰეიმი ფიფქიას პერსონაჟს ისევე აღწერდა, როგორც ოიდიპოსს, ოღონდაც – საპირისპიროდ. სიმბოლოების ახსნა ბავშვებსაც და უფროსებსაც შეუძლიათ. ის ყველასთვისაა და ამიტომაც მიყვარს ზღაპრები. მალერის მუსიკა ფაქიზი და რომანტიკულია, იგი მისდამი დელიკატურ მოპყრობასა და დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. რადგანაც ეს დიდ შემოქმედებით რისკთან იყო დაკავშირებული, ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზეზით გადავდგი".














































10 მაისი 2014
24saati.ge

No comments:

Post a Comment