Wednesday, February 8, 2017

ქართველები ამერიკაში (დათო ალადაშვილის “კარნეგული” რონდო . . .)

მალე ამერიკული ჯორჯიის დედაქალაქ ატლანტაში, მოგვიანებით კი უკვე მშობლიურ თბილისში ჯულიარდის პირველი ქართველი სტუდენტის დათო ალადაშვილის კონცერტები გაიმართება. მანამდე კი 19 წლის პიანისტს საკმაოდ სერიოზული “მოთელვა” ჰქონდა – სოლო კონცერტი ლეგენდარულ “კარნეგი ჰოლში”, სადაც იგი მისი ყველზე საყვარელი კომპოზიტორების: ბახის, შუმანისა და შოპენის ნაწარმოებებს ასრულებდა. “მგონი, კონცერტმა კარგად ჩაიარა – ამბობს დათო. - ამის თქმის უფლებას ჩემი პედაგოგების შეფასებები და მსმენელთა რეაქცია მაძლევს. დარბაზში ამერიკელების გარდა აქ მცხოვრები ქართველებიც ისხდნენ, ამიტომ ბისზე რევაზ ლაღიძის “რონდო ტოკატა” შევასრულე” . . .
დათო “არამუსიკალურ” ოჯახში დაიბადა: დედ-მამა ექიმები არიან, დაც მშობლების პროფესიას ირჩევს. ვინ იცის, იქნებ ისიც მედიცინის შესწავლას შესდგომოდა, რომ არა პატარაობაში დედის მიერ ნასწავლი ნოტები. როცა მოგვიანებით დათო სასწავლებლად კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის მე-7 სამუსიკო სკოლაში მიიყვანეს, პირველში კი არა - პირდაპირ მეოთხე კლასში დასვეს. შვიდწლედის დამთავრების შემდეგ კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქართულ სამუსიკო გიმნაზიაში ჩაირიცხა, პედაგოგ დოდო ცინცაძის კლასში; შემდგომ თბილისის კონსერვატორიაში, პარალელუარად - ნიუ-იორკის ჯულიარდის სკოლაშიც და ამიტომაც აღმოჩნდა ამერიკაში. მანამდე კი არაერთი კონცერტი და კონკურსი - თბილისში სწავლის დროს იგი რამდენჯერმე რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი გახდა; პარიზში _ ნიკოლაი რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა მე-8 საერთაშორისო კონსურსის გრან-პრის მფლობელი. ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, საფრანგეთსა და რუსეთში გამართულ კონცერტებში. არის ვლადიმერ სპივაკოვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის სამგზის მონაწილე. ახლა კი ნიუ-იორკშია. თანაც უკვე მარტო არაა. აქ მასთან ერთად, ოღონდ პრეკოლეჯში მისი მეგობარი – ჯაზის უნიჭიერესი შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილი სწავლობს. დათოს არ უყვარს როცა ეკითხებიან, დღეში რამდენ საათს მეცადინეობო. თუმცა დასძენს: “რომ შემეძლოს 24-ე საათს 25-ესა და 26-ესაც თავისუფლად მივახატავდიო” . . .
_ 2007-08 წლებში აშშ-ის სამ წამყვან კონსერვატორიაში ჩავაბარე: ბოსტონში, კლივლენდსა და ნიუ-იორკში. არჩევანი ნიუ-იორკზე შევაჩერე. - მიყვება იგი. - თავდაპირველად დისკის სახით ჩემი საფორტეპიანო ჩანაწერი გაიგზავნა. მან პირველადი შერჩევა გაიარა, მიმიწვიეს და შემდგომი მოსმენისთვის (Audition) უკვე ნიუ-იორკში გახლდით. ჩავირიცხე პრეკოლეჯში, ვიქტორია მუშკატკოლის კლასში, რომლისგან რჩევებს დღემდე დიდის მადლიერებით ვიღებ. პირველი წელი ვცხოვრობდი ნონა და გია შენგელაიების ოჯახში. ნონა შენგელაია ჯუილიარდის კონსერვატორიის უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის ადმინისტრაციული დირექტორია. მათთან ისე ვიყავი, როგორც საკუთარ ოჯახში და დღემდე ვგრძნობ ამ ადამიანების დიდ მხარდაჭერას. ამჯერად ჯულიარდის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტი გახლავართ. ჩემი პედაგოგი კი მსოფლიოში ცნობილი პიანისტი და მუსიკოსი, პროფესორი ჯერომ ლოუენთალია, რომელთანაც მოხვედრა ბევრი პიანისტის ოცნებაა.
- დათო, ჯულიარდში სწავლა ძალიან ძვირი ღირს . . .
- დიახ. ჯულიარდში, როგორც მსოფლიოში ყველა პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა, მართლაც რომ ძვირადღირებულია. მე ვარ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიის ორგზის სტიპენდიანტია. აქ ასევე მაქვს საკმაოდ მაღალი სტიპენდია, დანარჩენ ხარჯებს კი საქართველოს განვითარებისა და რეფორმების ეროვნული ფონდი მიფარავს. სტიპენდია პაატა ბურჭულაძემაც დამინიშნა. ნიუ-იორკშიც სასწავლებლად სწორედ ფონდ “იავნანას” ხელშეწყობით ჩამოვედი. . .
- როცა ჯულიარდისგან უკვე შორს კი აღარა ხარ, არამედ უკვე ხარ ჯულიარდელი, როგორი ხდება იგი?
- ჩემთვის უპირველესად ჯულიარდი მსოფლიოში უმაღლესი დონის სამუსიკო სკოლაა, სადაც სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი მუსიკოსები სწავლობდნენ, როგორებიც არიან ვან კლაიბერნი, რენე ფლემინგი, ემანურლ ექსი და სხვები. ჯულიარდში დღემდე მსოფლიო დონის მუსიკოსები მოღვაწეობენ. ჩემმა ყოფილმა პედაგოგმა ვიქტორია მუშკატკოლმა ვლადიმერ ნილსენის სახელობის ფესტივალი დაარსა და მეც ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ფესტივალში აქტიურად ვმონაწილეობ. იგი ყოველ აგვისტოს ნიუ-იორკში საგ-ჰარბორზე იმართება.
სწავლის დროს არა-ერთი სოლო კონცერტი გამიმართავს ნიუ-იორკში _ თავად ჯულიარდში, “მერკინ ჰოლში”, ბოლოს – “კარნეგი ჰოლში”; ვაშინგტონშიც ამერიკაში საქართველოს საელჩოს მიწვევით. საქართველოს სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც ხშირად ვმონაწილეობ.
უმაღლესი პროფესიონალიზმის გარდა, აქ ჩემთვის დაუვიწყარი და განსაკუთრებით შთამბეჭდავია სტუდენტსა და პროფესორებს შორის არსებული თბილი ურთიერთობა, გასაოცარი სუბორდინაცია და ამავდროულად სტუდენტის ინდივიდუალიზმის მაქსიმალურად გამოვლენის მხარდაჭერა. თბილისის კონსერვატორიაში ჯულიარდის პროფესორთა მასტერკლასებს დიდი სიამოვნებით მოვაწყობდი. ეს ქართველ სტუდენტებს დიდად წაადგებოდათ.

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

No comments:

Post a Comment