Thursday, February 2, 2017

ლეონიდ კომაროვსკი: აშშ –მ გაეროს წევრობა უნდა შეწყვიტოს . . .


ამ ადამიანს რამდენიმე წლის წინათ საფარმურატ ატაევიჩ ნიაზოვის, იგივე “თურქმენბაში დიდებულის”, იგივე “სერდარის” (ბელადი) მკვლელობის ორგანიზებას აბრალებდნენ და ამ მნიშვნელოვანი კრიმინალური პუნქტის გარდა მისთვის წაყენებული ბრალდება სისხლის სამართლის კიდევ 13 სტატიას მოიცავდა. თურქმენეთში ორი დღის ჩასული იყო, მაგრამ 14 სახის “დანაშაულის” დამსახურება და 5 თვით იქაური KGB –ს ციხის ბინადრად გახდომაც “მოასწრო”. 1998 წლიდან თურქმენეთში ჟურნალისტური ვიზით აღარავის უშვებენ და დღესაც ამ ქვეყანაში არც ერთი აკრედიტირებული უცხოელი ჟურნალისტი არ მუშაობს. Aასე ვთქვათ, 1937 წელი - თურქმენულად. არ გაუსამართლებიათ, თორემ სამუდამო პატიმრობის კანდიდატი იყო ანდა სულაც უსახელოდ გაუჩინარდებოდა. აკი ამაყობდა კიდეც გამომძიებელი, რომ ყოველ დღე თურქმენეთის ციხეში ორი ადამიანი იღუპებაო. ჟურნალისტური ვიზის მაგივრად ბიზნესმენის ვიზა ჰქონდა, მაგრამ არც ამან უშველა. სხვა რამ არგუმენტმა უშველა. სამაგიეროდ, მოგვიანებით მისი საქმის მწარმოებელი გენერალური პროკურორი დაიჭირეს, არა ადამიანების უკანონო დაკავების მავნე ჩვევის გამო, არამედ თურქმენეთისთვის ტრივიალური ბრალდებით: საოჯახო ბიზნესი - ნარკოტიკებით ვაჭრობა. ეტყობა ვიღაცას - უფრო მეტად გენერალურს, გზა გადაუჭრა. სხვაგვარად ხელს ვერ ახლებდნენ. . .
ლეონიდ კომაროვსკი ცნობილი რუსი სცენარისტი (60 - მდე ფილმი), ფილოლოგი, დრამატურგი, ჟურნალისტი (ოთხი ჟურნალისტური პრემია), პუბლიცისტი, იურისტი, პოლიტიკური კომენტატორი ამერიკაში 14 წლის წინათ ჩამოვიდა, ამჟამად ამერიკის მოქალაქეა და იგი სამუდამო გაქრობისგან სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეობამ იხსნა. ამერიკა თავის მოქალაქეებზე ზრუნავს. კომაროვსკის 15 თანამგზავრსა და მეგობარს კი არ გაუმართლათ. ისინი ყველანი რუსეთის მოქალაქეები არიან ანუ რუსული პასპორტები აქვთ, თუმცა დღემდე რუსეთის ოფიცოზი, მათ შორის თურქმენეთში რუსეთის საელჩოც, თავისი ქვეყნის ქვეშევრდომების ბედით არ დაინეტრესებულა. ამას გარდა რუსეთს კასპიის ზღვიდან აშხაბადზე იერიში და ბადჰიზის ნაკრძალისთვის ცეცხლის წაკიდება თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით არ დაუგეგმავს. კომაროვსკის მეგობრები თურქმენეთის ციხეში სასჯელს დღესაც იხდიან. უფრო სწორედ, არავინ იცის, იხდიან თუ არა, რადგანაც არც ის იცის ვინმემ, ცოცხლები არიან თუ არა, ყოველ შემთხვევაში, 2002 წლის 27 წლის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს და ციხეში გაგზავნილ ამანათებსაც არავინ იღებს. უცნობია, ადრესატების სიკვდილის, თუ ციხის მსახურთა არაკეთილსინდისიერების გამო. როცა საერთაშორისო სკანდალი ატყდა, უფლებადამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციები, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” და სხვები (გაეროს გარდა) თურქმენბაშის საპროტესტო წერილებს უგზავნიდნენ, თურქმენეთში აშშ-ის საელჩო ყოველ Dდღე თურქმენეთის მთავრობას უკანონოდ დაპატიმრებული თავისი მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას სთხოვდა და ამ დაკავებას ყოველ სამუშაო და არასამუშაო დღეს აპროტესტებდა. ამგვარ წნეხს თურქმენბაშიმაც კი ვერ გაუძლო, აზიური ქვეყნის “აზიატი” პრეზიდენტი ამერიკელ ტუსაღს ციხეში ტელეფონით პირადად ესაუბრა და დაარიგა, ამ ჯერზე გარეთ კი გიშვებო, მაგრამ როცა შენს ქვეყანაში ჩახვალ, კარგად მოიქეცი, ჩემზე და ჩვენზე მხოლოდ სიმართლე დაწერეო. სიტყვა “სიმართლე” ყველას თავისებურად ესმის. კომაროვსკიმაც დაუყონებლივ შეჰფიცა, ასე ვიზამო და დანაპირები შეასრულა. ამერიკაში ჩასვლისთანავე თურქმენბაშის “უბიწო” რეჟიმის შესახებ სიმართლის აღმწერი სტატიებისა და წიგნების სერია გამოუშვა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას დაემუქრნენ, რომ თუ იგი ამ საქმიანობას კვლავაც განაგრძობდა, მის მეგობრებს თურქმენეთის ციხეში აწამებდნენ და მოკლავდნენ. Kკომაროვსკის ამ თემაზე წერა აღარ გაუგრძელებია. თუმცა გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი თურქმენეთის წინაარმდეგ სასამართლო პროცესს თითქოს “აწარმოებს”, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ფორმალურია, ხოლო მისი დაუსრულებლობის პროგნოზირება - ძალიან ადვილი. სხვადასხვა მონაცემებით, თურქმენეთში ათასამდე პოლიტპატიმარია. კომაროვსი ამბობს, რომ თუ ოდესმე ეს სასამართლო დასრულდა, იგი საკომპენსაციო თანხას თურქმენეთის პოლიტპატიმრების ოჯახებს გადასცემს. ამჟამად კი სულ სხვა საქმითაა დაკავებული. ბოსტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში მეგობრებთან ერთად თავისი რადიო სახელწოდებით “რადიო ლიონია” შექმნა, უშვებს ჟურნალსა და გეზეთებს და ახალ “ანტი” კამპანიასაც წამოიწყებს. იმედოვნებს, რომ მისი ინიციატივა საერთაშორისო გახდება. საქმე იმაშია, რომ საინტერნეტო სივრცეში ის და მისი თანამზრახველები მრავალენოვან პორტალს ქმნიან, სადაც ამერიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნიუ-იორკიდან, საერთოდაც ამერიკიდან გაეროს “გაბრძანების” მოთხოვნას მხარი აუბან. კომაროვსკი ამბობს, რომ აშშ-მ გაეროს წევრობა უნდა შეწყვიტოს. ვისაც ინტერნეტი არ უყვარს, მას “რადიო ლიონიაში” დარეკვა და თავისი ხმის დაფიქსირება შეუძლია.Kკომაროვსკი და არა მარტო ის, თვლის, რომ გაერო ფუჭი ორგანიზაციაა, რომ მას სარგებლობის მოტანა დიდი ხანია არ სურს და როგორც ჩანს, აღარც ძალუძს; რომ იგი გადასახადების გადამხდელების ფულს, რომელიც დიდი ხანია რვა თუ მეტ ციფრებიან რიცხვს აჭარბებს, არამიზანობრივად და მხოლოდ “ტკბილი ცხოვრებისთვის” ხარჯავს.
ჩვენი საუბარი, რომელიც ბარაკ ობამასაც გადაწვდა, იმით დაიწყო, რომ ბ-ნმა ვლადიმირმა სიამაყით მაცნობა: შარშან, აგვისტოს ომის დროს, ჩემმა შვილმა, რომელიც ამერიკის ჯარში მსახურობს, საქართველოში აშშ-დან დროულად გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და დევნილებს დაეხმარაო. დასძინა, რომ საქართველო ძალიან უყვარს, ქართულ ლიტარატურას კარგად იცნობს, არაერთხელ ყოფილა საქართველოში და იქ ბევრი მეგობარიც ჰყავს . . .
-Gჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი ინიციატივის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ. – ამბობს იგი. – ცნობილია, რომ აშშ არ შედის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში. Aამ კომიტეტის წევრებია: კუბა, რუსეთი და კიდევ რამდენიმე ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებების არსებობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ის, რომ ამერიკამ უარი თქვა ამ კომიტეტის წევრობაზე, მართლაც კარგი ნიშანია. ეს სტრუქტურა აბსოლუტურად პოლიტიზირებული და ბიუროკრატული ორგანოა. იქ მომუშავენი კი მოწოდებით ადამიანის უფლებების დამცველები კი არ არიან, არამედ ჩინოვნიკები, რომლებიც ამ კომიტეტში სამუშაოდ კი არ მიიწვიეს, არამედ დანიშნეს. Gგაეროს გენმდივანმა ნატალია ესტემიროვას მკვლელობის დროს შეშფოთება მხოლოდ დიპლომატიური ენით გამოხატა, მაგრამ მისი შეშფოთება არაფრის მაქნისია. რუსეთს მიუფურთხებია პ პან გი მუნის სიტყვებსა და ნებისმიერი სხვა ადამიანის მოთხოვნებსა და უფლებებისთვის. განსაკუთრებით, მას მერე, რაც ობამა კრემლს ესტუმრა და რევერანსები გაუმართა. რუსეთი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მას სრული უფლება აქვს აკეთოს ის, რაც სურს.
- გაეროს წევრობიდან ქვეყნის გარიცხვის პრეცენდენეტი არსებობს?
- არა. წესდებაში როგორც ქვეყის მიღების, ასევე გარიცხვის პირობებიცა დაფიქსირებული, მაგრამ არავინ გარიცხავს რუსეთს, მითუმეტეს, როცა იგი უშიშროების წევრი ქვეყანაა. Gამ კონტექსტში გაეროს ქმედითუნარიანობაზე საუბარი აბსოლუტრად ზედმეტია.
- გაეროს რომელიმე წარმატებულ პროექტს თუ გაიხსენებთ?
- 100 პროცენტით წარმატებული პროექტი არ არსებობს. მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო გაეროს პროექტი ერაყისთვის - “ნავთობი სურსათის სანაცვლოდ”. მაგრამ დეტალური შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქაც ძალიან ბევრი შეცდომა, გადაცდომა იყო დაშვებული და ამ, თითქოსდა, კარგმა პროექტმაც კი არც ისე სასიამოვნო ნალექი დატოვა. ეჭვის თვალითაა საცქერი ნებისმიერი ოპერაცია, სადაც რუსეთი მონაწილეობს. იქ საქმე მოპარვისა და კორუფციის შემთხვევების გარეშე არ ჩაივლის ხოლმე.
- ხომ არ გახდა გაერო მხოლოდ ჰუმანიტარული, სასურსათო დახმარების განმანაწილებელ სააგენტოდ? საშუალო და პატარა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ სურსათის, ტანსაცმლისა და მედიკამენტების დარიგება და, სხვათაშორის, არც თუ ურიგოდ . . .
- გაერო დიდი ხანია ვერ აგვარებს კონფლიქტურ სიტუაციებს, ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას კი “სოვეტსკი ჟეკის” დონეზე წყვეტს. თავად ჰუმანიტარული დახმარების პრინციპმაც თავისი თავი უკვე ამოწურა. სწორედ ამ ჰუმანიტარული დახმარების გამოა რომ გაერომ მთელი ერები ლამის “საშინაო ცხოველებად” გადააქცია: შინაურ კატად, რომელსაც აჭმევ, ინახავ და ისიც მარჩენალს ხანდახან თუ მიელაქუცება. ნამდვილი ჰუმანიტარული დახმარება კი ისაა, როცა დასახმარებელს წარმოებას უქმნი, ტექნოლოგიებს გადასცემ, რათა ადამიანებმა იმუშაონ და ფული თავად იშოვონ. გაერომ კი მავნე წესი დაამკვიდრა, როცა იგი აფრიკის მშიერ ხალხსა და პალესტინელებს მხოლოდ კვებავს და შრომას არ ასწვალის. გაერომ ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მუშაობა თავისი მისიის გასაუმჯობესებლად ეზარება. მას მთელი მსოფლიოდან საკვების შეგროვება უფრო ეადვილება, ვიდრე დასახმარებელ ქვეყანაში წარმოების სერიოზული ორგანიზება, რომელიც, ბუნებრივია, გაცილებით რთულ საქმეს წარმოადგენს.
- რა არის ამის მიზეზი?
- ის, რომ გაეროშო პროფესიული დიპლომატები მუშაობენ, რომლებიც ჩვენი დროის ერთგვარ არისტოკრატიას წარმოადგენენ, კაცობრიობის ყველა სიკეთეებით სარგებლობენ, ცხოვრობენ ფუფუნებაში, თვითმფრინავით მხოლოდ ბიზნეს - კლასით დაფრინავენ. ისინი სხვა არაფრით არიან მოტივირებული, გარდა იმისა, რომ ასეთი ცხოვრება ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნონ. პოზიციის შენარჩუნება კი მუშაობის მოჩვენებითობის შექმნითაა შესაძლებელი და ისინიც კარგად ქმნიან ამ მოჩვენებითობას. უბრალო მოკვდავები ამ ყველაფერს ეგუებიან. მე კი, როგორც გადასახადების გადამხდელს, ამგვარ უმსაგვსოებასათან შეგუების არანაირი სურვილი მაქვს.
- სასურსათო პროგრამების გარდა კონფლიქტების მოსაგვარებლად გაეროს პოლიციური შენაერთებიც ხომ ჰყავს?
- ამ პოლიციურმა შენაერთებმა არაერთხელ გაუწიეს თავის თავს გვარიანი დისკრედიტაცია, თანაც უკვე ტრადიციად იქცა გაეროში კორუფციული მხილებები. მე ბოლო შემთხვევასაც ვერ დაგისახელებთ, რადგან ამგვარი კორუფციული სკანდალები გაეროს რუტინად იქცა. რაც შეეხება პოლიციურ ძალებს: მედია სავსეა სამარცხვინო ფაქტებით: “პოლიციელებმა” ხან ქალები გააუპატიურეს, ხან რაღაც მოიპარეს, ხან ერთმანეთს დაერივნენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღევანდელ მსოფლიოში პოლიტკორექტულობა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ის, რის გამოც იგი არსებობს. ეს პოლიტკორექტულობა კი აიძულებს ამ პოლიციურ შენაერთში ადამიანები არა გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე შეირჩნენ, არამედ ეროვნული კვოტით. მაგალითად, 150 ადამიანი ზიმბაბვედან, 110 ალჟირიდან, 100 ახალი ზელანდიიდან, 170 რუსეთიდან და ა.შ. კონფლიქტის ტერიტორიაზე ისინი იგზავნებიან არა იმიტომ, რომ მათ ასწავლეს, გაწვრთნეს, იციან რა და როგორ უნდა აკეთონ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ დანიშნეს და თანაც ნაციონალური ნიშნით. პოლიციური ძალები უნდა იყოს არა მრავალნაციონალური, არამედ ზენაციონალური და მისი შემადგენლობა ისე უნდა შეირჩეს, როგორაც ადრე “ფრანგული ლეგიონისთვის” არჩევდნენ მებრძოლებს. ამიტომაცაა ამ ძალების ოპერაციები წარუმატებელი. “პოლიციელები” დანიშნულების ადგილას კი ჩადიან და როგორც კი იარაღს დაიკავებენ, უაზროდ ისვრიან. გამოდის, რომ Mმშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან, კლავენ უდანაშაულოებს და არა ბანდიტებს. ანუ თავის ფუნქციას არ და ვერ ასრულებენ.
- ეუთოს ოპერაციებიც დიდი სარგებლობის მომტანი არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში – ჩეჩნეთში მისი “მოღვაწეობის” კვალი არსად ჩანს, ამას საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობაც შეიძლება დავამატოთ. როგორ ფიქრობთ, თუ თქვენს ინიციატივას გაეროს “გაბრძანებასთან” დაკავშირებით დიდი რეზონანსი მოჰყვა, სავარაუდოა ეუთოსაც იგივე მოუწყონ?
- ეუთოს თავისი მისიის შესრულება კი არ ძალუძს, არამედ - არ უნდა. როცა თურქმენეთის ციხიდან გამათავისუფლეს, მე მთელს მსოფლიოში აქტიურად ვმოგზაურობდი, გამოვდიოდი და ვყვებოდი იმის შესახებ, თუ რა ხდება იქ. ეუთოში ორჯერ გამოვედი, რუსეთის დუმაშიც კი . . . მაგრამ უშედეგოდ, იმიტომ, რომ ეს არავის აინტერესებს. ეუთომ გამოქვეყნა ანგარიში თურქმენეთის შესახებ (იმ პერიოდის, როცა მე ციხეში ვიჯექი), იგი ფრანგმა პროფესორმა შეადგინა, რომელმაც თავისი ტექსტს შესანიშნავი ანალიზი დაურთო, მაგრამ მას არც არავინ უსმენდა, რადგან ეს თემა არავის აინტერესებდა. ეუთოს დიპლომატების მიზანია გადასახადების გადამხდელების ხარჯზე თავის პენსიამდე მშვიდობიანად მიაღწიონ. როგორც კი ხმის ამოღების შანსი ჩნდება, მაშინვე ჩნდება იმის საშიშროება, რომ ასეთ “მყვირალებს” ქვეყნიდან გააძევებენ. თურქმენეთში იყო ქალი დიპლომატი, რომელმაც აქტიური პოზიცია დაიკავა. ის ქვეყნიდან მაშინვე გაუშვეს და სხვა დანიშნეს. ასეთ მისიებში ცდილობენ, რომ მეტი თურქმენი და თანაც თურქმენბაშის ნათესავი ამუშაონ, რომლის მართვა ადგილობრივი KGB-დანGუფრო ადვილია, ვიდრე - უცხოელის. ამიტომ იმისთვის, რომ ცხოვრება არ გაირთულონ, უცხოელები ყველაფერზე თანახმა არიან. ვიმეორებ, რომ ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თავის ფუნქციას არ ასრულებენ, დასახურია. ამ სტრუქტურებში, როგორც წესი, უშვებენ იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ჩიხურ სიტუაციას ქმნიან და არ ასრულებენ იმას, რისთვისაც ისინი გადასახადების გადამხდელმა დაიქირავა. სამწუხაროდ, ამერიკაშიც იგივე სიტუაციაა. მაგრამ ამერიკაში, საბედნიეროდ, ამის საპირწონედ თავისუფალი მედია არსებობს. მედია, როგორც კი ასეთ ჩინოვნიკს “დაიჭერს”, პირდაპირი მნიშვნელობით ჩაწიხლავს ისე, როგორადაც კი შეუძლია. რუსეთში კი ასეთი რამ არ ხდება. რასაკვირველია, ამერიკული მედია სენსაციებს დასდევს, მაგრამ ამ სენსაციების საშუალებით, იგი, ფაქტობრივად, ჩინოვნიკს ან აიძულებს გააკეთოს რაც საჭიროა ანდა ღრმად ჩამარხავს. თავისუფალი მედიის დანიშნულება სწორედ ესაა.
-Mეუთოს ინიციატივით მოლოტოვ-რიბენტორპის პაქტის გაფორმების დღე, 23 აგვისტო, სტალინიზმისა და ფაშიზმის მსხვეპლთა ხსოვნის დღედ აღიარდა, რაც, ფაქტობრივად, ამ ორ ტოტალიტარულ რეჟიმს ერთმანეთთან ათანაბრებს. ევროპაში ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება კრიმინალურ ქმედებასთანაა გაიგივებული, Nნიუ-იორკში კი ტანსაცმლის მაღაზიაში არაერთხელ მინახავს საბჭოური სიმბოლიკის შემცველი საქონელი . . .
- მე არა ერთხელ მითქვამს იმის შესახებ, რომ მიკვირს ამ ორმა, ერთნაირმა ფაშისტმა, ჰიტლერმა და სტალინმა, ერთმანეთში როგორ ვერ მოელაპარაკეს? სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომ რუსეთში ამ უბედურების ფესვები ისევ არაა ამოძირკვილი, იგი თავის “მეზობლებს” ძველებურად აღიქვამს და ამომრჩევლის წინაშე კვლავ არაა ანგარიშვალდებული. რუსეთში სახელმწიფო სახელმწიფოსთვის არსებობს, აშშ - ში კი ამომრჩევლებისთვის, ხალხისთვის, რასაკვირველია, რიგი ხარვეზებით, მაგრამ - მაინც. სახელმწიფო ადამიანს თვითგამოხატვის საშუალებას უნდა აძლევდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება ტანდემი ადამიანი – სახელმწიფო. რაც შეეხება ნიუ-იორკში საბჭოური სიმბოლიკის საქონლით ვაჭრობას, მე, უბრალოდ, არ ვიყიდი და არ შევალ იქ, სადაც ამგვარი რამაა გამოფენილი. ეს ჩემი არჩევანია. რადგანაც ამერიკა სამართლებრივი სახელმწიფოა, ის რაც არაა აკრძალული, დაშვებულია. ფაშისტური სიმბოლიკა კი ამერიკაში აკრძალულია და თუ სადმე შენიშნავთ მას, პოლიციას უნდა გამოუძახოთ. საბჭოური ჯერ-ჯერობით არ აუკრძალავთ, თუმცა ვთვლი, რომ დღეს მისი გამოყენება ჩვეულებრივი ეპატაჟია. უცხოელი, რომელიც ნამგალ-ჩაქუჩიან მაისურს ატარებს, ასეთი სამოსით რუსეთში არ გაემგზავრება, მას იგი მხოლოდ აქ “სჭირდება” . . .
- ობამას რუსეთში ვიზიტამდე, მას მერეც და ახლაც რუსეთისადმი მის პოლიტიკას ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტს ხან საკუთარი კონგრესმენები, ხანაც ევროპელი ლიდერები ახსნებენ რუსეთის სახით რასთან გვაქვს საქმე. რატომ გახდა საჭირო ასეთი ეპისტოლარული ჟანრი?
- რადგან ცხადი გახდა, რომ ობამა არ ამართლებს იმ იმედებს, რომელსაც მას უკავშირებდნენ. მე საარჩევნო ხმა მისთვის არ მიმიცია, მხარი მაკქეინს დავუჭირე, რადგან ბარაკ ობამა, ფაქტობრივად, გამოუცდელი კანდიდატი გახლდათ. ამერიკაში რეკლამა ყველაზე აღქმადი ინსტრუმენტია და ამერიკელები ხშირად სწორედ რეკლამის ჩარჩოებში აზროვნებენ. ობამას კი, მართლაც, მშვენივრად აწყობილი სარეკლამო კამპანია ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. თუ თვალს გადავავლებთ მის საერთაშორისო პოლიტიკას, იგი ყველაზე მცირე წინააღმდეგობის გზით მიდის. ეს კი ეკონომიკური ურთიერთობებისა და კონტაქტების კორექციას გულისხმობს. მას ჰგონია, რომ თუ იგი რუსეთთან რაღაც სახის ეკონომიკურ შეთანხმებებს დადებს, ეს ამერიკისთვის მომგებიანი იქნება. მას არ ესმის ის, რაც მანამდე ამერიკის ყველა პრეზიდენტს ესმოდა: აშშ-ისთვის სასარგებლოა, როცა მსოფლიოში წესრიგია და მხოლოდ ამის საფუძველზეა შესაძლებელი ეკონომიკური შენობის აგება. იმ სამი დღის განმავლობაში, რაც ობამამ მოსკოვში დაჰყო, მედვედევთან მხოლოდ ავღანეთზე მოილაპარაკა; რომ რუსეთის ტერიტორიიდან თვითმფინავის 30 გაფრენა უფასო იქნება. Oამერიკის პრეზიდენტი არ გასაუბრებია ადამიანის უფლებების რუს დამცველებს. მითუმეტეს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა. საქართვლოში აგვიტოსშემდგომი სტატუს ქვო ძალიან დიდხან, თუ მეტსაც არ ვიტყვი - სამუდამოდ შენარჩუნდება. Gრამდენი ათწლეულია რაც კვიპროსი გამოყოფილია? ყველა გაჰყვირის, რომ ეს ნორმალური არ არის, ეს ცუდია, ცუდი, ძალიან ცუდი, მაგრამ განა ეს ყვირილი საქმეს რამენაირად შველის? რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება გარკვეულწილად ამერიკის შეცდომის დამსახურებაცაა. კოსოვოს აღიარებამდე ძალიან ბევრი შიშობდა, ამერიკასა და სხვა ქვეყნებს აფრთხილებდა, რომ ეს პრეცენდენტი “კარგად” იქნება გამოყენებული და სუვერენიტეტების აღლუმი გაიმართებაო. შედეგმა არ დააყოვნა: უკრაინას პრობლემა ყირიმში ექმნება, 27 მილიონი ქურთი კი ყველა გზაჯვარედინზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილის შესახებ გაიძახის. უცნაურია, რომ მილიონზე მეტ კოსოველს თავისი სახელმწიფოს შექმნის უფლება აქვს, 27 მილიონ ქურთს კი – არა. მსოფლიოში ნებისმიერი ქმედება ჯანსაღ აზრთან უნდა იყოს შეთანხმებული და არა ისტორიულ მომენტთან. სამწუხაროდ, ცნება “ჯანსაღი აზრი” პოლიტიკაში, მგონი, საიმედოდაა დავიწყებული. თუ თვალს მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედს გადავავლებთ, ევროპაში მხოლოდ ერთ საღ პოლიტიკოსს, ჩეხ ვაცლავ ჰაველს აღმოვაჩენთ. დანარჩენები კი ფლუგერივით არიან. რაც შეეხება სააკაშვილის ქმედებას შარშან აგვისტოში, ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის პუნქტებს ასრულებდა, მაგრამ ყოველნაირად თავი უნდა აერიდებინა ამ ომისთვის. მაგრამ მას ძალები არც ამისთვის ეყო და არც რუსი აგრესორებისთვის. ახლა ძალიან ადვილია ამ გადასახედიდან იმსჯელო იმაზე, თუ რა იყო სწორი და რა – არა . . . მითუმეტეს, როცა უცხო ქვეყნის ჯარმა უკვე გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი. რასაკვირველია, საქართველო, როგორი მოდერნიზირებული არმიაც არ უნდა ჰყავდეს, რუსეთის ყველაზე ჩამორჩენილ არმიას ომს მაინც ვერასოდეს მოუგებს. რუსები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ქართველები. ეს არასოდეს დაგავიწყდეთ! სტალინმა ერთ გერმანელ ჯარისკაცს ოთხი თავისიანი დააკლა. რუსეთის იმპერიისთვის დახოცილ თავისიანთა რაოდენობას არასოდეს ჰქონდა მნიშვნელობა და არც ახლა აქვს რაიმე ღირებულება, ისევე როგორც რუსეთს დიდად არ აინტერესებდა, არ აინტერესებს და არ დააინტერესებს აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთელების ბედი. თუმცა, როგორც ვატყობ, ეს არც ამ ხალხს ადარდებს დიდად.
სამწუხაროდ, ბარაკ ობამას პოლიტიკა არის ე.წ. “რეალ პოლიტიქ”, რომელიც, ფაქტობრივად, ეკონომიკურ კავშირებს ეფუძნება. მაგრამ ამერიკა მხოლოდ ასეთი პრინციპებით რომ ცხოვრობდეს, მე სსრკ-დან ვერ გავაღწევდი, ამერიკაში არ ვიქნებოდი. ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა არ მიიღებდა კანონებს, რომელიც საბჭოთა კავშირს ებრაელების გაშვებას აიძულებდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი დღევანდელი დემოკრატების ადმინისტრაცია თურქმენეთისა და უზბეკეთის მსგავს ქვეყნებთან ჟონგლირებს. ეს კი ქვეყნებია, სადაც ადამიანის უფლებები საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, თურქმენეთში ახალი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ორი ათეული ინტერნეტ - კაფე გახსნეს. მომხმარებელს კი შესვლისთანავე ჯერ საპასპორტო მონაცამებს ეკითხებიან, მერე კი, როცა ადამიანი კომპიუტერს მიუჯდება, კაფეს მფლობელი უთვალთვალებს თუ ვინ, სად, რაგვარ საიტზე შედის. თურქმენეთში მხოლოდ ერთი პროვაიდერია და მას, ბუნებრივია, არ გაუჭირდება საპასორტო მონაცემებითა და დროის განსაზღვრით გაიგოს ვინ, რომელ საიტებს ათვალიერებდა, მაგრამ ინტერნეტ-კაფე თავს იზღვევს და თავადაც ამოწმებს. ამერიკულ პრესაში კი სტატიების სერია დაიბეჭდა იმის შესახებ, თუ რა კარგია თურქმენეთში ინტერნეტი ყველასათვის ხელმისაწვდომი რომ გახდაო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადრეც იყო ასეთი სიბეცის შემთხვევები, ახლა კი ეს ლამის ნორმად გადაიქცა.
- ეს ასეა, ყველას საკუთარი ტკივილი უფრო აწუხებს, ვიდრე სხვისი ჭირი. აგერ, კონგრესმა აფრო-ამერიკელებს, რომელთა წინაპრები მონები იყვნენ, ოფიციალური დადგენილებით ბოდიში მოუხადა და იმასაც ამბობენ ხუმრობით, ყოველი წლის ივნისი ამ ბოდიშის თვედ გამოცხადდაო . . .
- აფრო-ამერიკელები აშშ-ის მოსახლეობის 13 პროცენტს წარმოადგენენ და ამავე დროს ყველაზე შეძლებულ ფენად ითვლებიან. ზანგები გუბერნატორები, კონგრესმენები, ძალიან წარმატებული და მდიდარი ხალხი არიან. ჩემს შტატ მასაჩუსეთში ზანგები უმცირესობა არიან, თუმცა გუბერნატორი აფრო-ამერიკელია და მე მას პატივს ვცემ. მაგრამ არა კანის ფერის, არამედ მისი პროფესიონალიზმისა და კარგი პროგრამის გამო. ობამასა და მისი მიმდევრების იდეა კი ის იყო, რომ ამერიკას ბოლოს და ბოლოს პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი უნდა ჰყოლოდა, თუმცა მე აქ დიდი სიამაყის საფუძველს ვერ ვხედავ. რომ ეთქვათ, რომ ის ყველაზე ჭკვიანია, აი, მაშინ ნამდვილად გამიხარდებოდა. რა აქვთ საამაყო აფრიკის იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, საიდანაც ევროპელებს მონები ჩამოჰყავდათ? არაფერი! აფრიკის ზოგიერთ სახელმწიფოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობდა 35 წელია. ობამას გამარჯვების გამოცანის გამოცნობა კი ძალიან მარტივი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამერიკას ამ ეტაპზე რაღაცის მძლავრი სიმბოლო სჭირდებოდა და მიიღო კიდეც . . .

"საქართველოს რესპუბლიკა"

No comments:

Post a Comment