Wednesday, February 8, 2017

ქართველები ამერიკაში (ქართული ენა და მუსიკა ამერიკულ FM –ზე)



“წინწყარო ჩამოვიარე,
წინ შემხვდა ქალი ლამაზი, წინ შემხვდა . . .
სიტყვა უთხარ და იწყინა, სიტყვა უთხარ . . . “
***
”ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს
და აყრის ფიფქებად შენს სახლის კარს.
გეძახი არავინ არა მცემს ხმას.
ყვითელი ფითლები სიჩუმეს ჰგავს . . .”
***
პირველად ამერიკული რადიოს ისტორიაში, ზედიზედ ორჯერ, კვირას, გვიან საღამოს სამ-სამი საათის განმავლობაში მხოლოდ ქართული მუსიკა და ქართული სიტყვა ჟღერდა . . . ინგლისურთან ერთად, რასაკვირველია. დაიწყო “ასა ფართით” და ირაკლი ჩარკვიანისა და “რეაქტიული კლუბის” მოგონებით დასრულდა: პირდაპირ ეთერში პარიზიდან რადიოს სატელეფონო ჩართვით “რეაქტიული კლუბელი” პაატა ქურდაძეც მოვისმინეთ. თანაც – მხოლოდ ქართულად, ინგლისური სინქრონის გარეშე. ესეც პირველად ამერიკაში, როცა ღია ეთერში საუბარი “ახალ ამერიკასა” და “ბებერ ევროპას” შორის ოკეანის გადაღმა-გადმოღმა, თარჯიმნის გარეშე, მხოლოდ ქართულ ენაზე, მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის, “ქართველი ფრანგი” ემიგრანტის მოგონებებით, მხოლოდ ისეთ თემაზე წარიმართა, რომელიც მხოლოდ ქართველისთვისაა ნაცნობ - ახლობელი. ალბათ, უცნაური დამთხვევაა ის, რომ საუკუნეების მიჯნაზე საფრანგეთში სწორედ პაატა ქურდაძემ “აალაპარაკა” პირველად ქართველები ქართულად, ოღონდ არა რადიოს ეთერში, არამედ - ფრანგულ ტელევიზიაში.
იმერული, აჭარული, მეგრული, ოსური, ყაზბეგური, “ჩარირამა”, “იადო ნანა”, “სისატურა”, “არულალო”, “განდაგანა”, “გელიან”, “ჩაკრულო”, “ბასიანი”, “შავლეგო”, “ზედაშე”, ნიაზ დიასამიძე და “33ა”, “შინ”, ქართული რეგგეი, გია ყანჩელი, ჰამლეტ გონაშვილი, ნინო ქათამაძე, სოფო ასლანიშვილი (პოსტპანკი) . . . ; უამრავი ხალხური, საცეკვაო, ქალაქური, თანამედროვე და არც ისე თანამედორვე მუსიკა, ქართული ფილმების “საუნდთრეკები” ამერიკულ FM 89,9 - ზე (www.wkcr.org, ანუ King’s Crown Radio – “სამეფო ამალის რადიო” ) . . . მსემენელს კი პირდაპირ ეთერში დარეკვა, თავისი აზრის გამოხატვა და მუსიკის “შეკვეთაც” შეეძლოთ . . . ჰოდა, მსმენელები, ბუნებრივია, ძირითადად ამერიკაში მცხოვრები ქართველები გახლდნენ. რადიოს სტუდიაში მსხდომი ქართველები კი თითქმის ყოველ მელოდიასა თუ სიმღერას ინგლისურად მოკლე ისტორიულ-ფოლკლორულ ანოტაციასა და ტექსტის შინაარის განმარტებას ურთავდნენ.
ქართული მუსიკის გაFM –ების ინიციატორები კი კოლუმბიის უნივერისტეტის ქართველი სტუდენტები გახლდნენ. უფრო კონკრეტულად კი - ამ უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული და მოქმედი ორგანიზაცია “ქართველ სტუდენტთა ასოციაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში” (GeoSA), რომელიც 15 სტუდენტს აერთიანებს. თითქმის 75 წლის წინათ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ედვინ ამსთრონგის მიერ დაარსებული არაკომერციული, სტუდენტური რადიო FM 89,9 ამერიკის პირველი FM რადიოა. თუმცა იგი XX საუკუნის 30-იანებში ჯერ AM ტალღაზე არსებობდა და ძირითადად უნივერსიტეტის ლექციებს, ასევე სხვადასხვა სახის შოუებს, მათ შორის – კომედიურსაც, გადმოსცემდა. დღეს კი WKCR 24 საათის განმავლობაში ტრადიციულ და არატრადიციულ მუსიკას “ატრიალებს”. აქ კლასიკას, ოპერასა და ჯაზს ყოველთვის მოუსმენთ.
WKCR რადიო 1939 წლის 18 ივლისს ნიუ-ჯერსის შტატში პირველი რადიოგადაცემის 122 მეტრიანი ანძის მემკვიდრეა. სამი წლით ადრე კი თავად უნივერსიტეტში “რადიო კლუბი” ამოქმედდა, რომლის მიზანი მაუწყებლობა კი არა, არამედ რადიოტექნოლოგიებისა და კომუნიკაცების შესწავლა გახლდათ. მოგვიანებით კი იგი საუნივერსიტეტო რადიოდ გარდაიქმნა. 1959 წელს ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობის სახურავიდან WKCR-ის პირველი FM რადიოსიგნალი გაიგზავნა, რომელიც მაშინ მხოლოდ საუნივერსიტეტო დასახლებას ფარავდა. რადიო არა მარტო საუნივერსიტეტო, არამედ ზოგადად პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურის, სპორტისა და სხვა აქტუალურ საკითხებს აშუქებდა. უნივერსიტეტის პროფესორ-სტუდენტების გარდა მისი სტუდიის სტუმრები გახლდნენ მართინ ლუთერ კინგი, ცნობილი კომენტატორი და ჟურნალ National Review –ს დამაარსებელი უილიამ ბაკლეი, სკანდალურად ცნობილი ბიზნესმენი ჯეიმს ჰოფა და სხვა უამრავი საინტერესო ადამიანი. შემდგომ წლებში რადიო ნელ-ნელა მუსიკალურ არხად ტრანსფორმირდა, რომლის სლოგანი ცნება და სიტყვა “ალტერნატივა” გახდა. ბლუზისა და ქანთრი - მუსიკის გარდა რადიო დიდ დროს ექსპერიმენტალურ მუსიკას უთმობდა, მათ შორის - კარჰეინც შტოკჰაუზენს, ჯონ ქეიჯს, ზინა პარკინსს, ჯონ ზორნს. 1985 - დან ვიდრე 2001 –ის 11 სექტემბრამდე რადიოს ანძა “ტყუპების” ჩრდილოეთ კოშკის სახურავზე იდგა და ამერიკის სამ შტატზე მაუწყებლობდა, თან 12 მლნ. მსმენელიც ჰყავდა. ტერაქტის შემდეგ რადიოს მაუწყებლობას პრობლემები შეექმნა, ხოლო ახალი ანტენა “თაიმს სქვერზე” მხოლოდ 2003 - ში დაიდგა. დღეს კი რადიოს თაყვანისმცემლებს მისი მოსმენა ინტერნეტითაც შეუძლიათ.
2009 –ის მიწურულს ამ ისტორიული, “კოლუმბიური” რადიოს წამყვანი და ქართული მუსიკის სამსაათიანი “ნონსტოპის” იდეის ავტორი საქართველოში, თბილისში დაბადებული ანრი ვართანოვია, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტზე სწავლობს, პარალელურად ქართულ ენასაც ეუფლება და FM 89,9 - ის მასპინძელიცაა. ანრი სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების მუსიკას იკვლევს. განსაკუთრებით დიდ დროს - ბრაზილიურს უთმობს. ოთხშაბათობით მიჰყავს კიდეც ბრაზილიური მუსიკის ორსაათიანი პროგრამა. ამ ბოლო დროს კი ქართული, სომხური და რუსული მუსიკის ისტორიით დაინტერესდა. ქართული მუსიკის მარათონის საინტერესოდ და შინაარსიანად წარმართვა ანრისა და მისი “კოლუმბიელი” ქართველი მეგობრების ერთობლივი დამსახურებაა, ისევე როგორც უნივერსიტეტში გამართული სხვა ღონისძიებები. მაგალითად, ქართული სიმღერისა და ცეკვის საღამო; “მაგნუმის” წიგნისა და ქართული ინტერნეტ - ჟურნალის Beat Mag -ის სურათების სლაიდ -შოუ, რომელსაც ქართველების გარდა სხვა “კოლუმბიელებიც” დაესწრნენ.წარმოდგენას ფონად ქართული მუსიკა გასდევდა. დარბაზი სავსე იყო და ხუთსაათიანმა შოუმ დიდი წარმატებით ჩაიარა. სამომავლოდ ანრი და მისი მეგობრები უნივერსიტეტში ქართული ფილმების ჩვენების მოწყობასაც გეგმავენ.




- ქართული და სომხური მუსიკით თბილისური მოგონებების გამო დაინტერესდი? – ვკითხე მეორე კურსის სტუდენტს, 20 წლის ანრი ვართანოვს.







- ერთი წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად საქართველოდან ამერიკაში წამოვედით, ასე რომ დიდად არაფერი მახსოვს. უბრალოდ ვიცი, რომ თბილისში დავიბადე, ვცხოვრობდი ვაჟა-ფშაველაზე. კავკასიური, ქართული და სომხური კულტურა ჩემი ფესვებია და ამ მუსიკით აიმიტომაც დავინტერესდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე თუ საიდან მოვედი, რათა გავიგო, თუ სად მივდივარ. ამ ეტაპზე პოლიტიკაც მაინტერესებს. შარშან აგვისტოს ომის დროს ძალიან ვინერვიულე, ღრმა გრძობები ამეშალა, დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეფიქრა: ერთის მხრივ, რუსული ენა ჩემი პირველი ენაა. მეორეს მხრივ, ქართული ფესვები მაქვს, მაგრამ ქართული არ ვიცი და ამიტომ ქართულად შესაბამის ინფორმაციას ვერ ვფლობდი.
ჩემი ოცნება კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა ოყო და ამიხდა კიდეც. ვსაწვლობ ფილმის რეჟისურის ფაკულტეტზე, სადაც აკადემიურად კინოკრიტიკას, მუსიკის ისტორიას, კლასიკურ ფილმებს, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის კინემატოგრაფს, ფილმების მიმართ ანთროპოლოგიურ მიდგომას გვასწავლიან. ჩემი მომავალი პროფესია კინოკრიტიკაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ფილმის გადაღება არ შემეძლება. ქართულ ენას კი ნულიდან ვსწავლობ. ადრე ქართულს დოდონა კიზირია და რუსუდან ამირეჯიბი მასწავლიდნენ. ამჟამად ჩემი პედაგოგი ეთნომუსიკის სპეციალისტი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტი ლორენ ნინოშვილია, რომელიც საქართველოში დიდხანს ცხოვრობდა და ქართულს კარგად ფლობს. ლორენს ქართული მუსიკის საკმაოდ მდიდარი კოლექცია აქვს და ბევრი რამ ამ რადიო პროგრამის დროს სწორედ მისი კოლექციიდან გამოვიყენეთ. კოლუმბიის უნივერსიტეტის რადიოსადგურში 50 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის მეც. ვმუშაობ მოხალისედ.



- ვიცი, რომ ბრაზილიური მუსიკა განსაკუთრებით გიყვარს . . .



- ზოგადად მუსიკა ძალიან მიყვარს და საკმაოდ დიდი ხანი ბრაზილიური მუსიკით ვიყავი გართული. იგი ახლაც ძალიან მაინტერესებს. ვცდილობ სხვადასხვა ქვეყნის მუსიკა შევისწავლო და ამას საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ.



- როგორ გაჩნდა ამერიკულ FM- ზე ქართული მუსიკის აჟღერების იდეა?


- ორგანიზაციის “ქართველ სტუდენტთა ასოციაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში” ახლანდელი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი ვალერი სიხუაშვილი პირველ კურსზე გავიცანი. მას ჩემი იდეა რადიოში ქართული მუსიკის საღამოს მოწყობის თაობაზე გავანდე და ამ პროექტის განხორციელებასაც ერთად შევუდექით. რაც მთავარია, პროგრამის მსვლელობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ იგი კვირას, ღამის 11 საათიდან სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მსმენელებისგან ძალიან კარგი და აქტიური უკუკავშირი გქვონდა, ყველა სატელეფონო ხაზი მუდმივად გადატვირთული იყო, რაც პროექტის წარმატებულობაზე მეტყველებს. მე თავს უფრო კარგად თანამედროვე და ულტრათანამედროვე მუსიკაზე მსჯელობისას ვგრძნობ. თუმცა, სამწუხაროდ, ქართველები თავადაც არ იცნობენ ქართულ ულტრათანამედროვე, ელექტრონულ მუსიკას, რომელთა ავტორები, ფაქტობრივად, საქართველოში არ ცხოვრობენ. მაგალითად, ჯეროვნად არ იცნობენ გერმანიაში მოღვაწე გოგი ძოძუაშვილს (ჯგუფი Goslab), თუნდაც მისსა და ირაკლი კაკაბაძისPost Industrial Boys-ს. რახან ჩემი სპეციალობა ტრადიციული მუსიკა არაა, ამიტომაც რადიოს სტუდიაში ქართული ასოციაციის წევრები მოვიწვიე, რათა მათ მშობლიური მუსიკისთვის ინგლისურენოვანი განმარტებები დაერთოთ. ქართველი სტუდენტების საშუალებით გადაცემა ძალიან საინტერესო გამოვიდა. მე მათი დიდად მადლობელი ვარ. ამგვარად ინგლისურენოვანი მსმენელისთვის პროგრამა უფრო საინტერესო და გასაგები გახდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი მოვალეობაა უცხოელებისთვის საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება. სხვათა შორის, ჩვენს მიერ მოწყობილ საღამოებზე რუსი სტუდენტებიც მოდიან.




- ქართული ფილმების ჩვენებისთვის რომელი ფილმები გაქვთ შერჩეული?






- გვინდოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში ორ ან სამ კვირაში ერთხელ ქართული ფილმების, მაგალითად, თენგიზ აბულაძის, ჩვენება მოგვეწყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმისთვის, რომ DVD - ზე გადატანილი ინგლისურენოვანსუბტიტრებიანი ქართული ფილმების ჩვენების უფლება მივიღოთ, ამისთვის RCC-ის (რუსეთის კინემატოგრაფიული საბჭო) თანხმობაა საჭირო (ამგვარ პროდუქციას ეს ორგანიზაცია ამზადებს) და ამიტომ ამ მხრივ საკმაო სიძნელეებსაც წავაწყდით. ქართული, ისევე როგორც სომხური ფილმების ორიგინალები დღესაც რუსეთის არქივებში ინახება და მათი გადმოცემა პრობლემატურია იმის გამო, რომ ოდესღაც “გრუზია ფილმი” და, ბუნებრივია, “არმენ ფილმიც” საბჭოთა კინემატოგრაფის შემადგენელი იყო. თუმცა კოლუმბიაში შეგვიძლია ვაჩვენოთ ჯონ ფილიფსის დოკუმენტური ფილმი “მიშა მოსკოვის წინააღმდეგ. ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის გრძელდება”, ზაზა რუსაძის “ბანდიტები” (თვითმფრინავის ბიჭებზე), დიტო ცინცაძის “ადამიანი საელჩოდან”, ლევან კოღუაშვილის “ქალები საქართველოდან”. უკვე აშკარაა ქართული კულტურითა და რეალობით დაინტერესება და არა მარტო - კოლუმბიის უნივერსიტეტში.

 2010 წელი

No comments:

Post a Comment